თბილისის განვითარების თავისებურებები, ეკოლოგიური პრობლემების დიფერენციაცია და გარემოს ეკოლოგიური ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტორები
გამოჩენილი ხელოვნებისა და არქიტექტურის თეორეტიკოსი, ინჟინერი და არქიტექტორი მარკუს ვიტრუვიუსი ჯერ კიდევ ჩვ.წ აღ-მდე I საუკუნის II ნახევარში ეხება ქალაქთმშენებლობის საკითხებს. იგი თავის ტრაქტატში აყალიბებს იმ ძირითად მოთხოვნებს, რაც საფუძვლად უნდა ედოს ნებისმიერი ქალაქის დაარსებასა და განვითარებას, ესენია:
კეთილმყოფელი კლიმატი;
სუფთა სასმელი წყლის არსებობა;
სახმელეთო და საწყალოსნო გზების სისტემა;
ნაყოფიერი სასოფლო მიწების სიახლოვე.
საქართველოში, ისტორიულად, ქალაქის მშენებლობას უპირატესობა ენიჭებოდა პლატოს, ბორცვებს ან მთის კალთებს. ასეთი მდებარეობა თავდაცვის საკიტყხებთან ერთად, უზრუნველყოფდა წვიმის წყლის ბუნებრივ ჩადინებას. ამავე დროს, ქალაქიდან ლამაზი ხედები იშლებოდა. ქალაქისთვის ადგილის შერჩევისას მნიშვნელობა ენიჭებოდა წლის მომარაგებას. ამიტომ, ქალაქები შენდებოდა მდინარის პირას, ან იმ მთებზე, სადაც მთის წყაროები იყო.ყველა ქალაქი მდებარეობდა გაბატონებულ მაღლობზე, რომელთაც ჰქონდათ ბუნებრივი ზღუდეები მდინარეებისა ან ღრმა ხევების სახით.
თბილისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია; თბილისმა გაიარა განვითარების ხანგრძლივი და რთული გზა ენეოლითის ეპოქის დასახლებიდან თანამედროვე მსხვილ ადმინისტრაციულ, კულტურულ და სამრეწველო ცენტრამდე. პირველი მსხვილი ქალაქთმშენებლობითი მოსამზადებელი სამუშაოები მცხეთიდან დედაქალაქის გადმოტანასთანაა დაკავშირებულია. პირველი ცნობები თბილისის შესახებ IV საუკუნეს ეკუთვნის. ადრე შუა საუკუნეებში მას ჰქონდა ციხე-სიმაგრის სტატუსი და შედგებოდა ორი ძირითადი ნაწილისაგან: უძველესი დასახლებისა, კერძოდ თბილისის, და გამაგრებული ტერიტორიისგან – კალასაგან. კალას ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი და ამჟამად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ძველი თბილისის სილუეტში.
VI საუკუნეში ქალაქის უკვე არსებულ ორ ნაწილს, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – კალასა და თბილისის უძველეს დასახლებას, დაემატა მესამე, მარცხენა სანაპიროზე მდებარე ნაწილი – სოღდებილი (ისანი). ამასთან, ერთად გაიზარდა კალაუბანი. მისი ტერიტორია გასცდა ძველი ციხე-სიმაგრის კედლების ფარგლებს და გაფართოვდა მდინარის ზემოწელის მიმართულებით ამჟამინდელ ბარათაშვილის ქუჩამდე. ამ განივ კომპოზიციურ ღერძზე აშენდა მეტეხი (სოღდებილი) – ციხე-სიმაგრე კალას ხაზზე, გრძივი კი, რომელიც შემდგომ გახდა ქალაქური განაშენიანების ძირითადი ღერძი, – განვითარდა მტკვრის გასწვრივ.
VII საუკუნეში იმ ადგილას, სადაც მტკვრის კალაპოტი ყველაზე მეტად ვიწროვდება, უკვე გადებული იყო უძველესი ხიდი, რომელიც კალას ისანთან აკავშირებდა (დღევანდელი ავლაბარი). VIII საუკუნეში ქალაქის დომინანტი კვლავ კალაა, ციტადელი, რომელიც გადაჰყურებს მთელ ქალაქს. ქალაქის ნაწილი კი, მდინარის მარჯვენა ნაპირის გაყოლებით ვაკეზე იყო განლაგებული. მეორე ნაპირზე, კლდის პირას, ახლანდელი მეტეხის ადგილას, სასაფლაო და “სადილეგო” . ამ სქემით თბილისი გვიან შუა საუკუნემდე არსებობდა (XIV-XV).
ვახუშტი ბატონიშვილის (ბაგრატიონის) გეგმის მიხედვით (1735 წ.), ქალაქი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა. ეს იყო: კალა, აბანოთუბანი და სეიდაბადი. სწორედ ძველი ქალაქის ტერიტორიას ამ დროს საკუთრივ “თბილისი” ერქვა. ისანი – მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა და დანარჩენ ქალაქს ერთადერთი ხიდით უკავშირდებოდა (ისანს ავლაბარი XIV საუკუნიდან შეერქვა).
თბილისი დაარსებიდან ხაზოვნად ვითარდებოდა. მტკვრის გასწვრივ, რომლის მთავარი ღერძი ცენტრალური ზონა, დღევანდელი ლესელიძის ქუჩაა. ამ ქუჩას სავაჭრო რიგებით, რომელსაც შუა ბაზარს ეძახდნენ, უერთდებოდა ფერდობებზე შეფენილი, ვიწრო, ხვეული ქუჩები. თავდაპირველი სტრუქტურული სქემა და ქუჩების ქსელი დღემდე შემორჩა ქალაქს და როგორც ისტორიული ქალქთმშენებლობითი ფენომენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული.
საქართველოს რუსეთთან მიერთების ფაქტმა, 1801 წელს, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ძვრების ფონზე XIX საუკუნის თბილისი – იმ დროინდელი ამიერკავკასიის ცენტრი, მიიყვანა ქალაქთმშენებლობითი ხარისხის და მასშტაბის ძირეულ ცვლილებამდე. პირველად თბილისში, მშენებლობამ მიიღო გეგმიური, წინასწარ განსაზღვრული ხასიათი, თუმცა ამ ვითარებამ არ გამორიცხა ქალაქის დიდი რაიონების განაშენიანების სტიქიური წარმოშობის ქაოტური პრაქტიკა.
XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოისპო ქალაქის ზღუდეები და კარები. გაჩნდა ახალი უბნები: სოლოლაკის ბაღებისა და დღევანდელი რუსთაველის გამზირის ტერიტორიაზე; ქალაქს დაემატა სოფლები ჩუღურეთი და კუკია, ცოტა მოგვიანებით კი, ვერე და დიდუბის მხარე, ნავთლუღი და სხვა. კუკიის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენდა მის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე გერმანელების კოლონია “ალექსანდერდორფი” (ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირის მიდამოები), რომელიც 1819 წელს შეიქმნა.
შენდება მრავალი სამრეწველო დანიშნულების ნაგებობა – რკინიგზის სადგური, ფაბრიკები და სახელოსნოები, ძველი ქარვასლების განახლება ხდება და დიდი სავაჭრო შენობებიც იგება, ეწყობა დიდი მასშტაბის სამრეწველო გამოფენები. არსდება სამეცნიერო დაწესებულებები – ობსერვატორია, ბოტანიკური ბაღი, სხვადასხვა სახის სასწავლებლები – გიმნაზიები, ინსტიტუტები, ლიცეუმები, სამხატვრო საზოგადოებები. ყალიბდება კავკასიური მუზეუმი. აღმავლობას განიცდის ქართული ტრადიციული თეატრი. თანდათან თბილისში იყრის თავს მთელი საქართველოს კულტურული ძალები.
XIX საუკუნის თბილისის არქიტექტურა სტილისტური თვალსაზრისით ამავე პერიოდის რუსეთისა და ევროპის ქალაქების მაგალითს მისდევს. XIX საუკუნის დასაწყისიდანვე თბილისში ფეხს იკიდებს რუსული კლასიციზმი და ამ სტილის მნიშვნელოვანი ნიმუშები შენდება. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან კი თბილისის არქიტექტურა რუსეთისა და ავროპულის კვალდაკვალ სტილისტური მრავალფეროვნების გზას ადგება. კლასიციზმი გზას უთმობს ყველა ცნობილი ეპოქის არქიტექტურული სტილების მოშველიებას. ამ პერიოდის თბილისი ერთნაირად ითავსებს კლასიცისტურ, რენესანსულ, ბაროკულ ფორმებს. ამავე პერიოდში ხვდებით გოთურ თუ ისლამურ სტილიზაციას. საუკუნეთა მიჯნაზე კი თავს იჩენს ნეორომანტიზმისა და ისტორიზმის ნიშნები.
განაშენიანების მხრივ, ძველი თბილისის გეგმარებისგან განსხვავებით, რომელიც ქუჩების, შესახვევებისა და ჩიხების ჩახლართული, ქაოტური ქსელისგან შედგებოდა, XIX საუკუნის მშენებლობა გარკვეულ წესებს დაუმორჩილეს.
თბილისის მშენებლობაში პირველად ჩნდება გეგმიურობა, სავალდებულო წესები და ნორმები. ახალი უბნები წინასწარ იგეგმებოდა, წესდებოდა ქუჩების მიმართულება, სიგანე. ეს ყველაზე კარგათ გამოვლინდა სოლოლაკის და რუსთაველის (გოლოვინის) პროსპექტის უბნების განაშენიანებაზე.
1950 – იანი წლების შუა ნაწილში რადიკალურად იცვლება, პოლიტიკური ძვრების ფონზე, ქალაქთმშენებლობის იდეოლოგია. იწყება საცხოვრებელი ფონდის მასიური მშენებლობა ტერიტორიების ექსტენსიური ათვისებით, რაც ტიპიური სახლების პროექტირებით და მშენებლობით ხორციელდებოდა. მაგრამ ქალაქის განვითარების ტემპები უსწრებდნენ გენგეგმაში აღნიშნულ პერიოდს. ტერიტორიული განვითარება მიემართებოდა დიღომის, ავჭალა- გლდანის და ლილოს მიმართულებით. ვითარდებოდა საბურთალოს, დიღომის, ავჭალის, ღრმა-ღელეს, 26 კომისრების ტერიტორიების ათვისება.
ევროპის ქვეყნების ქალაქებში, ასევე როგორც საბჭოთა თბილისში 50 – 80-იანი წლების პერიოდში მიმდინარეობდა მსხვილი საცხოვრებელი რაიონების პროექტირება და მშენებლობა. ქალაქთმშენებლები ცდილობდნენ შეექმნათ ქალაქში მცხოვრებთათვის ფუნქციური და „ჰუმანური“ გარემო, მაგრამ მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ვერ გაექცნენ ტიპობრივ პროექტირებას და უღიმღამო არქიტექტურის ტირაჟირებას. დაგეგმარების პრინციპების თვალსაზრისით თბილისის პირველი საცხოვრებელი რაიონები „საბურთალო“ და „ მესამე მასივი“ გამოირჩევა სქემატურობით, საცხოვრებელი სახლების მექანიკური განთავსებით. საცხოვრებელ სახლებს არ გააჩნია მყუდრო შიდა ეზოები, რაიონებს ასევე არ აქვს გამოკვეთილი საზოგადსოებრივი ცენტრი.
1970-1990 წლებში თბილისში პროექტირდება და შენდება უამრავი ახალი საცხოვრებელი მასივები, ხშირ შემთხვევაში მშენებლობა მიმდინარეობს საპროექტო წინადადებების ნაწილობრივ გაუთვალისწინებლობით, რამაც მიყვანა ეს რაიონები არქიტექტურული და ფუნქციური თვალსაზრისით დაუსრულებელ ორგანიზმებამდე. დღეს საჭიროა მათი გაკეთილშობილება: ახალი სარეკრიაციო ზონების შექმნა, საბავშვო და სპორტული ზონების კეთილმოწყობა და მოწესრიგება, ახალი საზოგადოებრი და სავაჭრო ცენტრების შექმნა, საცხოვრებელი სახლების რეკონსტრუქცია.
1992 – 2003 წლებში, მოსახლეობისათვის განკუთვნილი საზოგადოებრივი სივრცის ფართი თბილისში დრამატულად მცირდება, როგორც შეფარდებით, ასევე აბსოლუტური მნიშვნელობით. პარკების, სკვერების, საფეხმავლო გზების, ბავშთა სათამაშო და ღია სპორტული მოედნების რიცხვი დაეცა, ხოლო დარჩენილების ზომა შეიკვეცა და მადგან ბევრს ფართობი მოეჭრა ახალ კერძო მეპატრონეთა სასარგებლოდ.
საგულისხმოა, რომ მდგრადი ურბანული განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე, თბილისის განვითარების გენერალური გეგმის მომზადებისას, ქალაქგეგმარებისა და ლანდშაფტური გეგმარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან როლს შემდეგი ვარაუდები თამაშობდნენ: შიდა განვითარების უპირატესობა გარე განვითარებასთან შედარებით; თვალსაჩინო საზღვრების გავლება, სასოფლო- სამეურნეო სავარგულების სამშენებლო მიზნებით ათვისების თავიდან აცილების მიზნით; არსებული ტერიტორიების სიმჭიდროვის გაზრდა; დღემდე არსებული ინდუსტრიული (საწარმოო ფუნქციის მატარებელი) ტერიტორიების გამოყენების ხელახალი გააზრება; წყლის დაცვა და რენატურირება; გამწვანებული სტრუქტურების შენარჩუნება და განშტოება.
მსხვილი ქალაქების, მათ შორის თბილისის, გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისას და ანალიზისას, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას ისეთი დარგების, საქმიანობებისა და ფაქტორების ზემოქმედება, როგორებიცაა: მრეწველობა, ტრანსპორტი, მშენებლობა, მიწათსარგებლობა, ენერგიისა და წყლის მოხმარება, აგრეთვე ქალაქებში წარმოქმნილი ჩამდინარე წყლები, მყარი ნარჩენები და სხვ.
ადრეული თუ დღევანდელი კვლევები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ქალაქის ცენტრალური რაიონების: ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორის რაიონების მნიშვნელოვანი მონაკვეთები განიცდიან აქტიურ ანთროპოგენულ ზემოქმედებას, რისი უმთავრესი მიზეზი და წყარო ქალაქში მოძრავი ავტოტრანსპორტია.
კვლევები დამყარებულია შემდეგ ეკოლოგიურ მონაცემებზე:
- ატმოსფერული ჰაერი
- ზედაპირული წყლების ხარისხი
- ხმაური
- გამწვანება
ქ. თბილისის დღევანდელ მდგომარეობას ახასიათებს მთელი რიგი პრობლემური საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტაც მკვეთრად გააუმჯობესებს დედაქალაქის გარემოს საერთო მდგომარეობას, თბილისელების საცხოვრებელი პირობების ხარისხსა და ბევრად უფრო მიმზიდველსა და უსაფრთხოს გახდის თბილისის საინვესტიციო გარემოს. ამგვარ პრობლემურ საკითხებს ზოგადად განეკუთვნება:
- ქ. თბილისში გამწვანებული ტერიტორიების მწვავე დეფიციტი, მათი ერთიანი სისტემისა და ქ. თბილისის გამწვანება-განაშენიანების ერთიანი კონცეფციისა და გეგმის არარსებობა;
- ქალაქის ატმოსფერული ჰაერის, მდ. მტკვრის, მცირე მდინარეებისა და ბუნებრივი წყალსატევების, დედაქალაქის ნიადაგების დაბინძურება;
- ქ. თბილისში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ქსელის პრაქტიკულად არარსებობა;
- სამრეწველო ზონებში, გარემოს დამაბინძურებელი საწარმოების უშუალო სიახლოვეს, საცხოვრებელი და შერეული ფუნქციის ზონების გაჩენა, მოქმედი კანონმდებლობით გაუქმებული სანიტარულ-დაცვითი ზონების გაუთვალისწინებლობის პირობებში;
- დედაქალაქში მყარი საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და სამშენებლო ნარჩენების სელექციისა და გადამუშავება-უტილიზაციის საკითხი და სხვ.
გარემოს ხარისხის მდგომარეობა ეკოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით, მკვეთრად უარყოფითია ძველი თბილისის რაიონის სამივე მუნიციპალიტეტში: მთაწმინდა, სოლოლაკი, ორთაჭალა(მუნიციპალიტეტი1); ვერა, თამარ მეფე, აღმაშენებელი(მუნიციპალიტეტი 2), ქვედა ჩუღურეტი, ავლაბარი(მუნიციპალიტეტი3). მძიმე მდომარეობაა ვაკე-საბურთალოს რაიონში- კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე (მუნიციპალიტეტი 9).
არსებული პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა ქვეყნის მთელი ტერიტორიის, მისი ნაწილების მოწესრიგება, ადამიანის საარსებო გარემოს ჰარმონიული განვითარება, ეკოლოგიური მსოფლმხედველობისა დანერგვა და ადამიანისა და გარემოს ურთიერთობის ჰარმონიზაცია
ვფიქრობთ, რომ არაეფექტიანი ინსტიტუციური მოწყობის აღმოფხვრა, თბილისის გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებში, შესაძლებელია მხოლოდ ძლიერი, ფუნქციურად გამართული და კომპეტენტური სამსახურის/ინსტიტუტის ჩამოყალიბების გზით, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, თავს მოიყრის ქალაქის გარემოს მონიტორინგისა და გეო-ეკოლოგიურ მონაცემთა ბაზის შემუშავებისა და მართვის ფუნქციები და რომელიც იფუნქციონირებს სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული მიდგომის – „ერთი ფანჯრის“ პრინციპების საფუძველზე. ამავე დროს, აუცილებელია გარემოს მონიტორინგსა და ანალიზში შესაბამისი პროფილის უნივერსიტეტების (უმაღლესი სასწავლებლებისა) და არასამთავრობო სექტორის ჩართვა. საქმიანობის საგრძნობი ნაწილი შეიძლება სწორედ მათი საშუალებით განხორციელდეს, აქტივობების ე.წ. „აუთსორსინგის“ გზით. ასეთი მიდგომა ბევრ წარმატებულ ქალაქშია დანერგილი.