ცნობისმოყვარეობისა და თვითკონტროლის კავშირი ურთიერთობის სიახლოვესა და კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიებთან

ავტორი: ანა ტუხაშვილი
<< ნაშრომი შეფასებულია უმაღლესი ქულით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წყაროდ >>
აბსტრაქტი
მიმდინარე კვლევა ეხება ცნობისმოყვარეობისა და თვითკონტროლის კავშირის დადგენას ურთიერთობის სიახლოვესა და კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიებთან. პრედიქტორი ცვლადებია თვითკონტროლი და ცნობისმოყვარეობა, რომელიც მოიცავს სასიამოვნო ძიებას, სტრესისადმი ტოლერანტობას, დეპრივაციულ მგრძნობელობას, მღელვარების ძიებასა და სოციალურ ცნობისმოყვარეობას. შედეგის ცვლადებია: ურთიერთობის სიახლოვე და კონფლიქტის გადაჭრის ისეთი სტრატეგიები, როგორებიცაა: კომპრომისი, არიდება, განშორება, მორჩილება, დომინანტობა და ინტერაქციული რეაქტიულობა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20დან 60 წლამდე 102-მა ადამიანმა. მონაცემების რეგრესიული ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ სტრესისადმი ტოლერანტობა, სოციალური ცნობისმოყვარება და თვითკონტროლი დადებითად წინასწარმეტყველებს სიახლოვეს სასიყვარულო ურთიერთობაში. კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიებთან დაფიქსირდა განსხვავებული შედეგები. კერძოდ, ცნობისმოყვარეობის ტიპებიდან მხოლოდ სასიამოვნო კვლევამ იწინასწარმეტყველა დადებითად კომპრომისი, ხოლო სტრესისადმი ტოლერანტობამ უარყოფითად იწინასწარმეტყველა არიდება და მორჩილება. სოციალურმა ცნობისმოყვარეობამ უარყოფითად იწინასწარმეტყველა განშორება. მღელვარების ძიებამ დადებითად იწინასწარმეტყველა დომინანტობა, ხოლო ინტერაქციულ რეაქტიულობასთან კავშირი არ აღმოჩნდა. თვითკონტროლმა კი დადებითად იწინასწარმეტყველა კომპრომისი, ხოლო უარყოფითად რეაქტიული მგრძნობელობა.
საკვანძო სიტყვები: ცნობისმოყვარეობა, თვითკონტროლი, თვითკონტროლის სტრატეგიები, ურთიერთობის სიახლოვე, პარტნიორი, კონფლიქტი, კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიები.
Abstract
The current study examines the relationship between curiosity and self-control with relationship closeness and conflict resolution strategies. The predictor variables are selfcontrol and curiosity, which includes joyous exploration, stress tolerance, deprivation sensitivity, thrill seeking, and social curiosity. Outcome variables are relationship closeness and conflict resolution strategies such as compromise, avoidance, disengagement, submission, dominance, and interactional reactivity. 102 people aged 20-60 participated in the research. As a result of regression analysis of the data, it was found that stress tolerance, social curiosity and self-control positively predict closeness in a romantic relationship. Different results were observed with conflict resolution strategies. Specifically, of the curiosity types, only joyous exploration positively predicted compromise, while stress tolerance negatively predicted avoidance and disengagement. Social curiosity negatively predicted separation. Thrill-seeking positively predicted dominance, while no relationship was found with interactional reactivity. Self-control positively predicted compromise and negatively predicted reactive sensitivity.
Key words: Curiosity, self-control, self-control strategies, partnerts, relationship closeness, conflict, conflict resolution strategies.
****************
ადამიანი სოციალური ცხოველია და ის გაჩენის დღიდან ურთიერთობს სხვასთან. ნებისმიერი ურთიერთობის ძირითად თვისებას წარმოადგენს ის, რომ ორი ადამიანი ერთმანეთზე ურთიერთდამოკიდებულია. წარმატებული სასიყვარული ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია პარტნიორთან სიახლოვე, რომელიც წარმოადგენს ორ ადამიანს შორის აფექტური, კოგნიტური და ქცევითი ურთიერთდამოკიდებულების ხარისხს (Dibble et al., 2012). სასიყვარულო ურთიერთობა ჩვეულებრივ მოიცავს სხვადასხვა აქტივობასა ან მოვლენას, ხასიათდება ხშირი და ხანგძლივი კონტაქტით, ძლიერი ურთიერთდამოკიდებულებით და კონფლიქტებით.
კონფლიქტი ბუნებრივი მოვლენაა და მისი ალბათობა იზრდება, როდესაც ორი ინდივიდი სულ უფრო დამოკიდებული ხდება ერთმანეთზე. იგი წარმოადგენს პროცესს, რომლის დროსაც ერთის ქმედებები ხელს უშლის მეორის ქმედებებს (Peterson,1983). კონფლიქტი, ჩვეულებრივ, მცირეა ზედაპირული სასიყვარულო ურთიერთობებისას, მაგრამ იზრდება სერიოზული ურთიერთობების დროს (Braiker & Kelley, 1979). ხშირად, ურთიერთობის ხარისხზე გავლენას ახდენს არა კოფნლიქტების სიხშირე, არამედ ის, თუ როგორ ახერხებენ წყვილები მათ გადაჭრას. განასხვავებენ კონფლიქტის გადაჭრის დესტრუქციულ მეთოდებს, როგორებიცაა დომინირება, სიტყვიერი ან ფიზიკური აგრესია და კონსტრუქციულ გზებს, რომელთა შორისაცაა კომპრომისი და თანამშრომლობა. ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი იმ მნიშვნელოვან თვისებათაგანია, რომლებიც გავლენას ახდენენ ურთიერთობაში სიახლოვის განცდასა და კონფლიქტის გადაჭრის ამა თუ იმ სტრატეგიის გამოყენებაზე (Kashdan & Roberts, 2004; Kashdan et al., 2011, 2013; Hebert, 2022; Cheung et al, 2022).
შესაძლებელია ითქვას, რომ ცნობისმოყვარეობა დასაბამიდან ახასიათებს ადამიანს. მაგალითად, ადამი და ევა დაექვემდებარა გველის ცდუნებას და შეჭამეს სამოთხის ვაშლი. პირველყოფილი ადამიანი კი მუდმივად ეძებდა ახალ საშუალებებს გადარჩენისთვის. მათი ქმედებების მამოძრავებელი შესაძლებელია ყოფილიყო სწორედ ცნობისმოყვარეობა, იგივე ცოდნის სურვილი, სამყაროსთან ახალი და კომპლექსური ურთიერთობის ძიება (Kashdan & Steger, 2007; Litman, 2005; Loewenstein, 1994). ცნობისმოყვარეობა ადამიანის ცენტრალური მოტივაცია (Maslow, 1943), უნივერსალური ძალა და საყრდენია, რომელსაც ინდივიდი მიჰყავს მიღწევამდე (Peterson & Seligman, 2004). ცნობისმოყვარეობის უფრო ხშირად, ადვილად და ინტენსიურად განცდა იძლევა საკუთარი ცოდნის, უნარებისა და სოციალური რესურსების გაფართოების შესაძლებლობას (Fredrickson, 1998; Kashdan et al. ., 2004). იგი ეხმარება ადამიანებს შეეგუონ ცვალებად გარემოებებს. ცნობისმოყვარეობა ხელს უწყობს უცნობ ინფორმაციაში ჩართულობას (Silvia, 2008), მაშინაც კი, თუ ეს ინფორმაცია ეჭვქვეშ აყენებს არსებულ რწმენას და იწვევს გაურკველობას (Kashdan et al., 2009). ის მოიცავს აქტიურ ამოცნობას, ძიებასა და თვითკონტროლს გამომწვევი სიტუაციის საპასუხოდ (Kashdan, 2004).
თვითკონტროლის უნარი, რომელიც ადამიანის ფუნქციონირების ერთ-ერთ ძირითად ასპექტს წარმოადგენს და გულისხმობს საკუთარი ემოციების, ქცევებისა და აზრების ცლილებას პირადი მიზნების წარმატებით განსახორციელებლად, ჩვენი წინაპრების გადარჩენისა და განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო. თვითკონტროლის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება დადებითადაა დაკავშირებული ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასთან (Schulz et al., 2016), სწავლასთან (Richards, Litman, & Roberts, 2013), კრიმინალური ქმედების ნაკლებობასა (Hirschi, 2004) და დამაკმაყოფილებელ პირად ურთიერთობებთან (Baumeister et al, 2014).
მიმდინარე კვლევის ფარგლებში მსურს დავადგინო, წინასწარმეტყველებს თუ არა, და თუ კი, როგორ, ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი სასიყვარული ურთიერთობაში სიახლოვესა და კონფლიქტის გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას.
ლიტერატურის მიმოხილვა
1. ურთიერთობა
ურთიერთობა არსებობს იმდენად, რამდენადაც ორი ადამიანი ზემოქმედებს ერთმანეთზე ძლიერად, ხშირად და მრავალფეროვნად დიდი ხნის განმავლობაში (Kelley et al., 1983). ლიტერატურაში არსებული განსხვავებული განმარტებების მიუხედავად, ურთიერთობების უმეტესობა მოიცავს შემდეგ სამ ასპექტს: ურთიერთდამოკიდებულებას, მოთხოვნილების დაკმაყოფილებასა და ემოციურ მიჯაჭვულობას.
ახლო ურთიერთობის სხვადასხვა ტიპებს შორისაა ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან. რომანტიული ურთიერთობა, რომელიც განისაზღვრება როგორც ორმხრივი, მუდმივი და ნებაყოფლობითი ურთიერთქმედება ორ პარტნიორს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ახლო ურთიეთიერთობებისგან ემოციების ინტენსიურობითა და ცვლილებებით, ხასიათდება სიყვარულისა და სიახლოვის სპეციფიკური გამოხატულებით (Collins et al., 2009)
ურთიერთობაში ჩართული ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან აზრებით, შეხედულებებით, სურვილებით და ა.შ, შესაბამისად ნებისმიერი სახის, განსაკუთრებით კი ახლო ურთიერთობებისთვის გარდაუვალი და მნიშვნელოვანი მახასიათებელია კონფლიქტები (Lulofs & Cahn, 2000). რაც უფრო ახლოს არიან პარტნიორები ერთმანეთთან და რაც უფრო ურთიერთდამოკიდებულნი არიან მით უფრო მეტი შეიძლება იყოს კონფლიქტის ალბათობა და მით უფრო მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეს მცირე ჩივილები, რომლებიც უფრო მძაფრ გრძნობებს მოიცავენ.
1.1. კონფლიქტი
პეტერსონის (1983) მიხედვით, ორი ადამიანის აქტივობა ხდება კონფლიქტი როდესაც ერთის ქმედება ერევა მეორის ქმედებებში. ეს განმარტება ტიპიურია ქცევითი დეფინიციებისთვის, თუმცა არსებობს კონფლიქტის სხვადასხვაგვარი განმარტება. მაგალითად, სოციალური გაცვლის თეორიის (Kelley & Thibaut, 1978, ციტირებულია Zachilli et al., 2009) თანახმად, კონფლიქტი წარმოიქმნება ნებისმიერი იმგვარი ურთიერთქმედებისას, როდესაც ჯილდოები და დანახარჯები არათანაბარია პარტნიორებს შორის. სისტემური თეორია (Ruben, 1978, ციტირებულია Zachilli etl al., 2009) კონფლიქტს განიხილავს, როგორც კომუნიკაციის დარღვევას და აუცილებელ გამოსავალს წარმოადგენს კარგი კომუნიკაციის აღდგენა. ექსპლიციტური ქცევითი თეორიებიც კი ჩვეულებრივ ფოკუსირებულია ცუდ კომუნიკაციაზე, როგორც კონფლიქტის მიზეზზე (Christensen & Shenk, 1991, ციტირებულია Zachilli et al., 2009).
კონფლიქტი შეიძლება ფოკუსირებული იყოს კონტექსტსა ან ურთიერთობაზე. კონტექსტის კონფლიქტი ორიენტირებულია საგნებზე, მოვლენებსა და პიროვნებებზე, რომელებიც ჩვეულებრივ ექსტერნალურია კონფლიქტში ჩართულ ადამიანებთან მიმართებაში. ეს მოიცავს ისეთ ყოველდღიურ საკითხებზე კამათს, როგორებიცაა: რას უყუროთ ტელევიზორში, დანაზოგის დახარჯვის გზები, დასვენება და ა.შ (DeVito & DeVito, 2007).
ურთიერთობაზე ორიენტირებული კოფლიქტი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: თანასწორობა ან მისი ნაკლებობა ურთიერთობაში, ვის აქვს უფლება განსაზღვროს ქცევა და ვინაა პასუხისმგებელი. ურთიერთობის კონფლიქტები ხშირად შენიღბულია როგორც კონტექსტური კონფლიქტი. დასასვენებელი ადგილის არჩევისას წარმოქმნილი კონფლიქტის შემთხვევაში, კონტექსტის დონეზე ყურადღება მახვილდება თავად ადგილის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ურთიერთობის დონეზე, კი იმაზე თუ ვის აქვს მეტი უფლება აირჩიოს დასვენების ადგილი, ვინ მოიგებს კამათს ან ვინ არის გადაწყვეტილების საბოლოოდ მიმღები ურთიერთობაში (DeVito & DeVito 2007).
ითვლება, რომ კონფლიქტი ნაკლებად გვხდება ურთიერთობის ადრეულ ეტაპებზე და ის უფრო მეტად თავს იჩენს 1 წლის შემდეგ (Christensen & Walczynski, 1997, ციტირებულია Zacchilli & Hendrick, 2009). თავდაპირველად, ურთიერთობის საწყის ეტაპზე ფაქტორები, რომლებიც იზიდავს ორ ადამიანს ერთმანეთისკენ და სიამოვნება, რომელსაც ისინი იღებენ ერთმანეთისგან, ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე კონფლიქტი. კრისტენსენი და ვალჩინსკი (1997) ამტკიცებენ, რომ ურთიერთობის კარგად ჩამოყალიბების შემდეგ, კონფლიქტის ბუნება და დონე ყველაზე მნიშვნელოვანი პროქსიმალური ფაქტორებია, რომლებიც ზემოქმედებენ კმაყოფილებასა და ურთიერთობის მიმდინარეობაზე.
კონფლიქტი ბუნებით შეიძლება იყოს მუდმივი ან მოგვარებადი. გოტმანმა და სილვერმა (1999) აღმოაჩინეს, რომ ყველა ოჯახური კონფლიქტი მიეკუთვნება ამ ორი კატეგორიიდან ერთ-ერთს. მუდმივი პრობლემები არის ის, რაც წყვილის ქორწინებაში მრავალი წლის განმავლობაში იყო და, როგორც წესი, დაკავშირებულია მათ პიროვნულ განსხვავებებთან ან საჭიროებებთან. მოგვარებადი პრობლემები კი ნაკლებად მტკივნეული ან ინტენსიური ჩანს, ვიდრე მუდმივი, რადგან აქცენტი კეთდება მხოლოდ კონკრეტულ დილემასა ან სიტუაციაზე (Gottman & Silver, 1999). აღმოჩნდა, რომ ოჯახური კონფლიქტების უმრავლესობა (69%) მიეკუთვნება მოუგვარებელი მუდმივი პრობლემების კატეგორიას (Gottman & Silver, 1999). მაშასადამე, მუდმივი კონფლიქტის გადაჭრის ნაცვლად, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია ის, შეუძლია თუ არა წყვილს დიალოგის დამყარება და ადაპტაცია მუდმივ პრობლემასთან. არასტაბილურ ქორწინებაში მუდმივი პრობლემები საბოლოოდ ანგრევს ურთიერთობას. ასეთ შემხვევაში, პრობლემასთან გამკლავების ნაცვლად წყვილი „იკეტება“, რაც გულისხმობს იმას, რომ პარტნიორები საკითხზე მუდმივად საუბრობენ, მაგრამ წინსვლა არ მიიღწევა და საკითხის განხილვისას თითოეული იმედგაცრუბასა და ტკივილს გრძნობს (Gottman & Silver, 1999).
ახლო ურთიერთობებში კონფლიქტი შეიძლება წარმოიშვას არაერთი საკითხის გარშემო. როგორც აღმოჩნდა, კომუნიკაცია იყო ყველაზე ხშირი კონფლიქტის თემა წყვილებისთვის, ხოლო მშობლობა – მშობლებისთვის. სხვა ხშირად მოხსენებული საკითხები მოიცავდა: პირად/პარტნიორთა ჩვევებს, საყოფაცხოვრებო საქმიანობას, ფინანსებს, გადაწყვეტილების მიღებას, ხარისხიანი დროის გატარებას ერთმანეთთან, სექსს, ეკრანთან გატარებულ დროს, მოლოდინებს როლებთან დაკავშირებით და დროის მენეჯმენტს (Meyer & Sledge, 2022).
კონფლიქტის აღქმა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პრობლემის პოზიტიურად გადაწყვეტის შესაძლებლობას (Mayer, 2000). კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიები განსხვავდება ინდივიდისა და სიტუაციის მიხედვით. ზოგადად გამოიყოფა კონფლიქტის გადაჭრის კონსტრუქციული და დესტრუქციული მეთოდები. სილარსმა (1980) აღწერა კონფლიქტის გადაჭრის სამი სტრატეგია: 1. ინტეგრაციული სტრატეგიები, როგირებიცაა კოოპერაცია და კოლაბორაცია, კონფლიქტის გადაჭრის კონსტურქციული მეთოდებს წარმოადგენენ. 2.დისტრიბუციული სტრატეგიები, როგორებიცაა სარკაზმი და კრიტიკა, კონფლიქტის გადაჭრის დესტრუქციული გზებია. ხოლო, 3. პასიურ-ირიბი ფორმა, იგივე აცილების სტრატეგიები კი არც აშკარად დესტრუქციულია და არც კონსტრუქციულია. პეტერსონმა (1983) კი აღწერა ხუთი სტრატეგია: სეპარაცია, დომინირება, კომპრომისი, ინტეგრაციული შეთანხმება და სტრუქტურული გაუმჯობესება. ინტეგრაციული შეთანხმება გულისხმობს ორივე მხარის მეტ-ნაკლებად დაკმაყოფილებას. სტრუქტურული გაუმჯობესება კი გავლენას ახდენს იმაზე, თუ ზოგადად როგორ ექცევიან პარტნიორები ერთმანეთს. მაგალითად, იმის მაგივრად, რომ ცდილობდნენ მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებას კონკრეტულ საკითხზე, წყვილი შეიძლება შეეცადოს გამოიყენონ უფრო ღია კომუნიკაცია ზოგადად ან უფრო მეტი სიახლოვე უზრუნველყონ ერთმანეთთან. მესამე, ლულოფსმა და ქანმა (2000) ასევე შემოგვთავაზეს ხუთი სტრატეგია: თავიდან აცილება, აკომოდაცია, კონკურენცია, კომპრომისი და თანამშრომლობა. აკომოდაცია გულისხმობს პარტნიორთან დათანხმებას კონფლიქტის დასრულებისთვის (Zachilli et al., 2009).
ამ ადრეულ კვლევებსა და კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიების სხვადასხვა საზომ ინტრუმენტებზე დაყრდნობით შემუშავდა წყვილებს შორის კონფლიქტის გადაჭრის კითხვარი (Zachilli et al., 2009), რომელშიც გამოიყოფა შემდეგი ხუთი სტრატეგია: კომპრომისი, გულისხმობს თანამშრომლობას და მისი მიზანია ორივე პარტნიორის ინტერესის გათვალისწინება. აცილება, რომლის შემთხვევაში, პარტნიორმა შეიძლება თავი აარიდოს საკითხის განხილვას ან უარყოს კონფლიქტის არსებობა. განშორება წარმოადგენს „გაგრილების“ პერიოდს, რომლის შემდეგაც წყვილები უბრუნდებიან საკითხის განხილვას. დომინირებასას ერთი პარტნიორი ლიდერობს მეორეზე და ცდილობს კონფლიქტში თვითონ გაიმარჯვოს. მორჩილება გულისხმობს ერთ-ერთი პარტნიორის სურვილებისადმი დაქვემდებარებას, ხოლო რეაქტიული მგრძნობელობა მოიცავს ბრაზს და ვერბალურ აგრესიას.
გრეფმა და დებრუინმა (2000) გამოიკვლიეს კმაყოფილება კონფლიქტის მართვის სამი სტილის მიხედვით. აღმოჩნდა, რომ მეუღლეები ყველაზე მეტად კმაყოფილნი იყვნენ თავიანთი ქორწინებით, როდესაც ისინი იყენებდნენ თანამშრომლობით სტილს, როგორიცაა უთანხმოებასთან დაპირისპირება და პრობლემის გადაჭრისთვის გზების მოძიება. მეორე მხრივ, კონფლიქტის თავიდან აცილება, პასიური და არათანამშრომლობითი ქცევით, როგორიცაა უკან დახევა, დაკავშირებული აღმოჩნდა დაბალ ოჯახურ კმაყოფილებასთან. ბოლოს, წყვილებში, რომელთაგან ერთ-ერთი ან ორივე იყენებდა კონფლიქტის მართვის კონკურენტულ სტილს, თავდაჯერებული და არათანამშრომლობითი ქცევებით, როგორიცაა იძულება და მოგება-წაგების კამათი, დაფიქსირდა ყველაზე დაბალი ოჯახური კმაყოფილება.
კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიების განხილვისას მნიშვნელოვანია კულტურული განსხვავებების გათვალისწინებაც. ინტერპერსონალური კონფლიქტის კროსკულტურული კვლევები მიუთითებს, რომ კონფლიქტის გადაჭრის კონკურენტულ სტილს უფრო მეტად ემხრობიან ინდივიდუალისტური კულტურის წარმომადგენლები (შეერთებული შტატები), ვიდრე კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლები (სამხრეთ კორეა, ჩინეთი). ხოლო, საპირისპირო შედეგები აღინიშნება აცილების და ადაპტაციის სტილისთვის (Elsayed-Ekhouly & Buda, 1996; Holt & DeVore, 2005, ციტირებულია Kim-Jo, Benet-Martínez, & Ozer, 2010). კომპრომისის და კოლაბორაციული სტილების შესახებ შედეგები კი არაერთგვაროვანია (TingToomey et al., 2000, ციტირებულია Kim-Jo, Benet-Martínez, & Ozer, 2010 ).
აღნიშნული კვლევებიდან გამომდინარე სავარაუდოა, რომ კონფლიქტის გადაჭრისას დესტრუქციული მეთოდებისგან განსხვავებით, თანამშრომლობა და კომპრომისი ხელს შეუწყობს ურთიერთობაში სიახლოვის განცდას.
1.2. ურთიერთობის სიახლოვე
ბერშაიდი და სხვ (1989) ვარაუდობენ, რომ სიახლოვე დაკავშირებულია ორ ადამიანს შორის ურთიერთდამოკიდებულების ხარისხთან. რაც უფრო ხშირი, მრავალფეროვანი და ძლიერია ერთი ადამიანის აზრების, ემოციებისა და ქცევების გავლენა მეორეზე და რაც უფრო ხანგძლივია ურთიერთობა, მით უფრო დიდია სიახლოვის განცდა. სხვა მიდგომა ავლებს პარალელს სიახლოვესა და ინტიმურობას შორის, რომელიც წარმოადგენს ხარისხს, რომლითაც ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე, უგებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს (Rels & Patrick, 1996). კლარკი და ლემეი (2010) ხაზს უსვამენ ურთიერთობაში სიახლოვის ფუნქციებს. მაგალითად, ის უზრუნველყოფს ორივე წევრის უსაფრთხოების განცდას, იმასთან დაკავშირებით, რომ პარტნიორი იცავს და აუმჯობესებს მათ კეთილდღეობას და სამომავლოდაც ასე გაგრძელდება.
თვითგახსნა, რომელიც პიროვნული ინფორმაციის გაზიარებას გულისხმობს მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისია სიახლოვის ფსიქოლოგიური განცდის შესაქმნელად. სიახლოვის გრძნობა ყალიბდება მაშინ, როცა მეორე ადამიანს აღვიქვამთ, როგორც მგრძნობიარეს, გამგებიანს, ყურადღებიანს, მზრუნველსა და მხარდამჭერს (Reias, Clark, & Holmes, 2004). პარტნორებისთვის საკუთარი აზრებისა და გრძნობების გაზიარების შესაძლებლობა დაკავშირებული იყო სიახლოვის მაღალ მაჩვენებელთან როგორც ჰეტერო, ისე ჰომოსექსუალ წყვილებში (Mackey, Diemer, & O’Brien, 2000).
ურთიერთობის სიახლოვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი შეიძლება იყოს დრო, რომელსაც პარტნიორები ერთად ატარებენ. წყვილები, რომლებმაც თავიანთი ურთიერთობა 50 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს, სავარაუდოდ განსხვავებულად აღიქვამენ თავიანთ პარტნიორს და ურთიერთობას, ვიდრე ისინი, ვინც ერთად არიან 2-3 წელი. ანალოგიურად, მათ, ვინც ყოველდღიურად დიდ დროს ატარებს ერთმანეთთან, ალბათ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ, ვიდრე მათ, ვინც ძალიან ცოტა დროს ატარებს ერთად. ერთი მხრივ, წყვილთა ურთიერთობის ხანგრძლივობა განიხილება, როგორც ურთიერთობის სტაბილურობის საზომი, მეორე მხრივ კი იგი იძლევა შეზღუდულ ინფორმაციას ურთიერთობის ხარისხის შესახებ. ურთიერთობები შეიძლება სტაბილური ხანგრძლივობის თვალსაზრისით, მაგრამ საკმაოდ არასტაბილური პარტნიორების ერთმანეთის მიმართ გრძნობების თვალსაზრისით (Bradbury, Fincham, & Beach, 2000). მაშასადამე, ერთად გატარებული დიდი დრო ავტომატურად არ გულისხმობს უფრო მეტ სიახლოვეს პარტნიორებს შორის( Vangelisti, 2002).
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს პარტნიორთან აღქმულ სიახლოვეზე არის აქტივობები, რომლებშიც ისინი არიან ჩართულნი. პარტნიორები, რომლებიც უფრო მეტად არიან ჩართული ურთიერთობაში, მიდრეკილნი არიან უფრო მეტი საერთო აქტივობების განხორციელებისკენ (Surra, 1985, ციტირებულია Vangelisti, 2002). კვლევებმა აჩვენეს დადებითი კავშირი ოჯახურ ბედნიერებასა და პარტნიორების ურთიერთქმედების სიხშირესა (Johnson, Amoloza, & Booth, 1992, ციტირებულია Vangelisti, 2002) და იმ დროს შორის, რომელსაც პარტნიორები ატარებენ ერთმანეთთან საუბარში (Dickson-Markman & Markman, 1988, ციტირებული Vangelisti, 2002).
კულტურული განსხვავების არსებობის მიუხედავად, როგორც ჩანს, ადამიანები, რომლებიც ბედნიერები არიან თავიანთი ურთიერთობით, არა მხოლოდ ატარებენ მეტ დროს ერთად, არამედ ერთად ისეთ აქტივობებშიც მონაწილეობენ, რომლებიც განსაკუთრებით დამაჯილდოვებელია (Wong & Goodwin, 2009).
პარტნიორთან სიახლოვის აღქმაზე გავლენას ახდენს პიროვნების მახასიათებლებიც, რომელთა შორის ერთ-ერთია ცნობისმოყვარეობის თვისება, რომელიც გამოკვლეულია ინტერპერსონალურ კონტექსტში (Kashdan & Roberts, 2004, Hebert, 2022). ცნობისმოყვარე პირები განიცდიან უფრო მეტად სიახლოვეს პარტნიორებთან, რაც გამოიხატება პარტნიორისთვის ყურადღების მიქცევით, მისი დადებითი თვისების გამოყენებით, ინტერესის თვითგენერირებით და ურთიერთობისას სიამოვნების განცდით.
2. ცნობისმოყვარეობა
ცნობისმოყვარეობა ბუნებით არც შინაგანი და არც ინტერპერსონალური პროცესი არ არის. ის რელევანტურია ნებისმიერ კონტექსტში, სადაც არის სიახლის, გაურკვევლობის, სირთულის, გაკვირვებისა და სტიმულებთან მიახლოების ან თავიდან აცილების სურვილებს შორის კონფლიქტის პოტენციალი (Berlyne, 1954). ესაა პოზიტიური ემოციურ-მოტივაციური სისტემა, რომელიც მიისწრაფვის ახალი და რთული ინფორმაციისა თუ გამოცდილებისკენ. იგი აფართოებს ინდივიდის „აზროვნება-მოქმედების რეპერტუარს“, რასაც, თავის მხრივ, შეუძლია შექმნას ინტრაპერსონალური და ინტერპერსონალური რესურსები (Fredrickson, 2001).
თავდაპირველად, ცნობისმოყვარეობა განიხილებოდა, როგორც ინფორმაციის მიღების შინაგანი მოტივი. არისტოტელე, ამბობდა, რომ ადამიანები სწავლობენ მეცნიერებას შინაგანი მიზეზების და „არა რაიმე უტილიტარული მიზნის გამო“ (Posnock, 1991, გვ. 40). ასევე, ცნობისმოყვარეობა განიმარტებოდა როგორც გატაცება (passion), რომელიც თავის თავში მოიაზრებდა მოტივაციის ინტენსივობას. ციცერონმა მოიხსენია ის, როგორც “სწავლით გატაცება” და ამტკიცებდა, რომ ულისესა და სირენების ამბავი ნამდვილად იყო იგავი ცნობისმოყვარეობის შესახებ.
ფროიდი ცნობისმოყვარეობას მოიაზრებდა, როგორც “ცოდნის წყურვილს” ( Freud, 1915, გვ. 153), უილიამ ჯეიმსმა (1890) კი ყურადღება გაამახვილა „მორალურ, ინტელექტუალურ და ესთეტიკურ გრძნობებზე“ (James, გვ. 458), რომლებიც ავტომატურ სიამოვნებას წარმოადგენს ახალი სტიმულის საპასუხოდ. მან განასხვავა ცნობისმოყვარეობის ორი ტიპი. პირველი მოიცავდა მღელვარებასა და შფოთვას სიახლის შესწავლასა და სიამოვნებასთან ერთად. მეორე იყო მეცნიერული ცნობისმოყვარეობა, იგივე მეტაფიზიკური დაინტერესება, რომელიც გამოწვეული იყო ცოდნაში არსებული ჩავარდნებით ან არათანმიმდევრულობით. ეს ორგანზომილებიანი მოდელი, სიახლის ძიება და სპეციფიკური ცნობისმოყვარეობა, მეორდება თანამედროვე ლიტერატურაში. დარვინის გავლენით, ჯეიმსმა შენიშნა, რომ ყურადღება შეზღუდული რესურსია და რომ ინდივიდები მიდრეკილნი არიან ფოკუსირდნენ სტიმულებზე, რომლებიც პიროვნულად მნიშვნელოვანია ან ხელს უწყობენ აღგზნებას. ევოლუციური თვალსაზრისით, ახალი სტიმულისადმი მიზიდულობა, ისევე როგორც სიახლის შიში ადაპტაციურია, რადგან, ერთი მხრივ, იზრდება ცოდნა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი და უცნობი შეიძლება იყოს საშიში. ამრიგად, ცნობისმოყვარეობა განუყოფლად არის დაკავშირებული შფოთვასთან და მიახლოება-აცილების კონფლიქტებთან (Peterson & Seligman, 2004).
თანამედროვე ლიტერატურაში განასხვავებენ ცნობისმოყვარეობას, როგორც მდგომარეობას და როგორც თვისებას. ცნობისმოყვარეობა, როგორც მდგომარეობა არის ცნობისმოყვარეობის წამიერი გამოცდილება, რომელიც ჩნდება მოულოდნელი ახალი სტიმულის არსებობისას; სხვა სიტყვებით, ესაა შიდა, მიღწევაზე ორიენტირებული მოტივაციური მდგომარეობა ახალი ცოდნისა და ახალი გამოცდილების მისაღებად, რომელიც შეიძლება გააქტიურდეს ქვემოდან ზევით და ზემოდან ქვევით პროცესების მეშვეობით. მაგალითად, როდესაც ვინმეს ესმის ხმამაღალი კაკუნი კარზე ღამით, ცნობისმოყვარეობის უნებლიე ზემოქმედების შედეგად აღიძრება კვლევის სპონტანური მოტივაცია, რაც ქვემოდან ზემოთ პროცესს წარმოადგენს (Loewenstein, 1994). მეორე მხრივ, ზემოდან ქვევით პროცესი არის საინტერესო სტიმულის მიზანმიმართული ძიება. მაშასადამე, მდგომარეობა ცნობისმოყვარეობა შეიძლება გააქტიურდეს მოულოდნელ ახალ სტიმულებთან დაპირისპირებით ან ისეთი სიტუაციების შექმნით, რომლებიც წარმოქმნიან ახალ სტიმულებს. ხოლო, თვისება ცნობისმოყვარეობა განისაზღვრება, როგორც მიდრეკილება განიცადო მდგომარეობა ცნობისმოყვარეობა უფრო მეტ გარემოებაში, უფრო ხშირად და ხანგრძლივად (Day, 1971). ინდივიდუალური განსხვავებები გამომდინარეობს სწორედ ცნობისმოყვარეობის, როგორც თვისების გაგებიდან.
ადრეული კვლევებიდან მოყოლებული ცნობისმოყვარეობის გამომწვევი მიზეზი ის ძირითადი საკითხია, რომლისკენაც მიმართულია მკვლევარებისა და თეორეტიკოსების ყურადღება.
მე-20 საუკუნის შუა ხანებში გავრცელდა დრაივის თეორიები იმის ასახსნელად, თუ რა იწვევს ცნობისმოყვარეობას. ვირთხებზე ჩატარებული კვლევების (Krechevsky 1937, ციტირებულია Peterson & Seligman, 2004). შედეგად, ცნობისმოყვარეობა განიმარტა, როგორც ჰომეოსტატიკური დრაივი, ისეთივე, როგორიც შიმშილი, წყურვილი და სექსია. ეს თეორია გაკრიტიკებულ იქნა გამომდინარე იქედან, რომ ყოველთვის არსებობს სხვა მოტივაციური თუ კოგნიტური პროცესი, რომელიც სიახლის ძიებას, გამოკვლევას ახლავს თან. ჰომეოსტატიკური დრაივის მიდგომის კრიტიკამ გამოიწვია ხანგრძლივი თეორიული დებატები იმის შესახებ, ცნობისმოყვარეობა და გამოკვლევა მოწყენილობისა და ერთფეროვნების თავიდან აცილების შინაგანი სურვილით (Fowler, 1965) იყო მოტივირებული თუ გარეგანი სტიმულის სიახლით, კომპლექსურობითა და ორაზროვნებით (Berlyne, 1967). ამ მოდელებს შორის თეორიულმა კონფლიქტმა წარმოქმნა ჩიხი, რამაც ხელი შეუშალა სამომავლო კვლევებს. თუ დავუშვებთ, რომ ცნობისმოყვარეობის გამოწვევისა და დაკმაყოფილების არაერთი გზა არსებობს, მაშინ დავინახავთ, რომ ორივე პოზიციას აქვს გარკვეული ძლიერი მხარე. თუმცა, ამგვარი მიდგომა ნაკლებად ხსნის იმას, თუ როგორ წარმოიქმნება ცნობისმოყვარეობა და ასევე, ინდივიდუალურ განსხვავებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება ერთი და იგივე აქტივობამ გამოიწვიოს ძლიერი ცნობისმოყვარეობა ზოგიერთში, მაგრამ არა სხვებში. მოტივაციის თეორიებში ასევე არ არის გათვალისწინებული წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ცნობისმოყვარეობა გარკვეულწილად დამოკიდებულია შედეგის მოლოდინზე, როგორიცაა რისკების შეფასება და ცოდნის სიღრმე (Peterson & Seligman, 2004).
ცნობისმოყვარეობა შეუძლებელია განაცალკევო იმისგან, რასაც ვიმახსოვრებთ. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე აღმოცენდნენ კოგნიტური მოდელები, რომელთა თანახმად, ინდივიდები მოტივირებულნი არიან გადაჭრან შეუსაბამობა მოლოდინსა და აღქმას შორის ოპტიმალური შესაბამისობის მოძიების გზით (Hebb, 1949, ციტირებულია Peterson & Seligman, 2004). კოგნიტური პროცესის თეორია ამტკიცებს, რომ ცნობისმოყვარეობა არის საკუთარი თავის და სამყაროს შესახებ არსებულ სქემაში ახალი სტიმულის ასიმილაცია და ადაპტაცია (Beswick, 1971, ციტირებულია Peterson & Seligman, 2004). უფრო დიდი ცნობისმოყვარეობა წარმოიქმნება არსებულ სქემაში ინფორმაციის ინტეგრირების სირთულეების გამო, ასევე, გარემოში არსებული შეუსაბამობებისადმი მგრძნობელობისა და კონცეპტუალური კონფლიქტების დროს გამოწვეული შფოთვის გამო.
სპილბერგერის და სტარის (1994) ოპტიმალური სტიმულაციის/ორმაგი პროცესის თეორია ამტკიცებს, რომ ოპტიმალური სუბიექტური გამოცდილების ძიება იწვევს ცნობისმოყვარეობას და შფოთვას. როდესაც ცნობისმოყვარეობა უფრო ძლიერია, ვიდრე შფოთვა, ინდივიდები იკვლევენ თავიანთ გარემოს (დივერსიული ცნობისმოყვარეობა). როდესაც შფოთვა უფრო ძლიერია, ვიდრე ცნობისმოყვარეობა, ინდივიდები ჩამოშორდებიან საკუთარ მიზნებს, რათა შეამცირონ სტიმულირება უფრო მართვად დონემდე. ოპტიმალური სტიმულაცია, სავარაუდოდ, შედგება სუბიექტური სიამოვნებისგან, რომელსაც თან ახლავს მცირე შფოთვა. ინფორმაციის ძიების ქცევები (სპეციფიკური ცნობისმოყვარეობა) აქტიურდებიან ახალი აქტივობების შედეგად წარმოქმნილი საწყისი გაურკვევლობის შესამცირებლად, სტიმულირების უფრო ოპტიმალური დონის შესანარჩუნებლად (Peterson & Seligman, 2004).
კოგნიტურ მოდელს ჰყავს ბევრი მხარდამჭერი, თუმცა იგი არ ითვალისწინებს ფაქტს, რომ ცოდნა აძლიერებს და არ ახშობს ცნობისმოყვარეობას. ისინი, ასევე, ვერ ახერხებენ ინტელექტსა და ცნობისმოყვარეობას შორის კავშირის ახსნას. დაბოლოს, კოგნიტური მოდელების უმეტესობა ამტკიცებს, რომ ინდივიდებს სურთ ცნობისმოყვარეობის გადაჭრა (to resolve curiosity), რაც გულისხმობს, რომ ის გარკვეულწილად ავერსიულია, ვარაუდი, რომელიც ეწინააღმდეგება ნებისმიერი წიგნში ჩაფლული მკითხველის, კინომოყვარულის, მეცნიერის ან მშობლისა და ჩვილის ყოველდღიურ გამოცდილებას – ყველას შეუძლია აჩვენოს, რომ ცნობისმოყვარეობა არის დადებითი, დამაჯილდოვებელი მდგომარეობა.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კულტურული წესი, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს მის გამოვლინებაზე, ცნობისმოყვარეობის ნიშნები ჩვილობის ასაკში ჩნდება (Izard, 1977). ინტერესი-აღგზნება არის თანდაყოლილი, ტრანსკულტურული ემოციური ფენომენი (Silvia, In press) ახალი ან გამორჩეული სტიმულის გამოჩენის შემდეგ, შესაბამისი პასუხები მოიცავს ფიზიოლოგიურ აღგზნებას, სუბიექტურ სიამოვნებას და გარემოს ქცევით გამოკვლევას. ჩვილებში ცნობისმოყვარეობა ვლინდება როგორც სიახლის ვიზუალური ძიება და სასურველ სტიმულებთან მიახლოება. არსებითად, ცნობისმოყვარეობა აქტიურდება პიროვნება-გარემოს ურთიერთქმედების შედეგად. ჩვილის ტემპერამენტი და გარემოს მიერ გამოწვეული ცნობისმოყვარეობა და შიში საფუძველს ქმნის იმისა, რომ ახალი სტიმული კატეგორიზდება ან როგორც სახიფათო ან როგორც განმამტკიცებელი (Schulman, 2002, ციტირებულია Peterson & Seligman, 2004 ). ქცევითი ინჰიბირების მახასიათებლები, მიდრეკილება შიშისადმი და ახალი გარემოდან, საგნებისა და ადამიანებისგან თავის დაღწევისკენ, ვლინდება და ძლიერდება უკვე 21 თვის ასაკიდან (Kagan, 1989, ციტირებულია Peterson & Seligman, 2004 ). სოციალური სიტუაციები, რომლებიც არსებითად ორაზროვანი და რთულია, წარმოადგენს მნიშვნელოვან კონტექსტს ცნობისმოყვარეობის აღძვრისთვის. მიღწევაზე ორიენტირებული თანატოლებისგან განსხვავებით, ბავშვებმა, რომელთა ქცევაც დათრგუნულია, შეიძლება განიცადონ არა მხოლოდ უფრო დიდი დისტრესი, არამედ ნაკლები პოზიტიური ემოციები და თვითგანვითარების შესაძლებლობები, რაც გულისხმობს უცნობი ადმიანებისა და ობიექტების კვლევას, გაგებას და მათთან კავშირის გაძლიერებას (Kagan et al., 1984; Reznick et al., 1986, ციტირებულია Peterson & Seligman, 2004). ბავშვები, რომლებიც საკუთარ აღმზრდელს უფრო მზრუნველებად და ავტონომიის მიმნიჭებლად აღიქვამენ, უფრო კარგად უმკლავდებიან სიახლის მიერ გამოწვეულ შფოთვას, რაც მათ ხდის უფრო ღიას ახალი გამოცდილებისადმი და ეხმარება განვითარების ამოცანების გადალახვაში (McCrae & Costa, 1988, ციტირებულია Peterson & Seligman, 2004). მიჯაჭვულობის თანამედროვე მოდელებმა აჩვენეს, რომ ზრდასრულების მიერ ახლო ურთიერთობებში აღქმული უსაფრთხოება დაკავშირებულია ცნობისმოყვარეობის გაზრდასთან (Mikulincer, 1997, ციტირებულია Peterson & Seligman, 2004).
უახლესი თეორიები განიხილავს ცნობისმოყვარეობას, როგორც მრავალმხრივ სისტემას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ინდივიდის ემოციების, შემეცნებისა და ქცევების ფართო სპექტრი (Boyle, 1989; Langevin, 1971, ციტირებულია Peterson & Seligman, 2004).
დანიელ ბერლინმა (1950) შემოგვთავაზა ცნობისმოყვარეობის ყოვლისმომცველი მოდელი. ის ამტკიცებდა, რომ ჩვენ ყველანი ვეძებთ „ტკბილ წერტილს“ ორ ღრმად არასასიამოვნო მდგომარეობას, კერძოდ ნაკლებ და ზედმეტ სტიმულირებას შორის. ამ მიზნით ჩვენ ვიყენებთ, ერთი მხრივ, „დივერსიულ ცნობისმოყვარეობას“ იგივე სიახლის ძიებას, ესაა ემოციურ მოტივაციური მდგომარეობა, რომელიც ხელს უწყობს ახალი, კომპლექსური, გაურკვეველი, კონფლიქტური სტიმულების ძიებას, კონკრეტული კითხვებისა და სირთულეების მიუხედავად. მეორე მხრივ, კი ვიყენებთ „სპეციფიკურ ცნობისმოყვარეობას“, კონკრეტული ობიექტების, მოვლენების და პრობლემების გამოკვლევას, რათა უკეთ იქნას გაგებული ის. ცნობისმოყვარეობის ეს ორი ასპექტი, როგორც ჩანს, ავსებს ერთმანეთს, რამდენადაც სიახლის ძიებას მივყავართ სტიმულებამდე, რომლებიც იწვევენ კონკრეტულ პრობლემებს და აძლიერებენ სპეციფიკურ ცნობისმოყვარეობასთან დაკავშირებულ ქცევებს. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან იმით დაკავებულები არიან თუ არა რთული კოგნიტური აქტივობებით და იღებენ თუ არა ამისგან სიმოვნებას. ისინი, ვისაც მოსწონთ რთულად შესაცნობი აქტივობები, განიცდიან პოზიტიური სუბიექტური გამოცდილების ფართო სპექტრს და გამოხატავენ დადებით თვისებებს (Cacioppo et al., 1996, ციტირებულია Kashdan et al., 2011 ).
ჯორჯ ლოვენშტეინმა (1994) კი შემოგვთავაზა ინფორმაციული ხარვეზის თეორია, რომლის თანახმადაც, ადამიანები ცნობისმოყვარეები ხდებიან მაშინ, როცა ხვდებიან, რომ მათ არ აქვთ სასურველი ცოდნა; ეს ქმნის გაურკვევლობის ავერსიულ განცდას, რაც აიძულებს მათ შეივსონ ინფორმაციის ნაკლებობა. თუმცა ეს თეორიები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან დაძაბულობის შემცირების თანდაყოლილ სურვილზე, არ ხსნიან ცნობისმოყვარეობის ისეთ გამოვლინებას როგორიცაა, მაგალითად ტურისტების მიერ მუზეუმების მონახულება. ედვარდ დეცი (1970) ამტკიცებდა, რომ ცნობისმოყვარეობა ასევე ასახავს სიახლისკენ სწრაფვის ჩვენს შინაგან მოტივაციას და მას ვიყენებთ არა მხოლოდ დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, არამედ პოზიტიური გამოცდილების შესაქმნელადაც.
ამ ადრეული კვლევების საფუძველზე კაშდანმა და მისმა კოლეგებმა (2019) შექმნეს ცნობისმოყვარების ხუთგანზომილებიანი მოდელი, რომელიც განასხვავებს ცნობისმოყვარეობას ემოციური ვალენტობის მიხედვით. პირველი განზომილებაა დამაინტრიგებელი სამყაროს წვდომის სასიამოვნო გამოცდილებაა (Kashdan & Silvia, 2009), რომელსაც ეწოდება სასიამოვნო კვლევა. ადამიანები ამ დროს გრძნობენ სწავლის სიყვარულს, აღფრთოვანებას და კარგად ყოფნის მაღალ დონეს (Peterson, & Seligman, 2004; Schutte & Malouff, 2019). ამის საპირისპიროდ, არსებობს დეპრივაციისადმი მგრძნობელობა – ინფორმაციის არქონით გამოწვეული შფოთვა და იმედგაცრუება (Loewenstein, 1994). დეპრივაციის მგრძნობელობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანები განიცდიან დისკომფორტს და გაღიზიანებას, სანამ არ შეივსებენ ინფორმაციულ ხარვეზებს (Litman, 2005).
გარდა ემოციური ვალენტობისა, ცნობისმოყვარეობის ხარისხი დამოკიდებულია ორი სახის კოგნიტურ შეფასებაზე. თავდაპირველად, ადამიანმა უნდა აღიაროს, რომ მოვლენა საინტერესოა და იმსახურებს ყურადღებას. იდუმალი, ახალი, რთული, გაურკვეველი და/ან ორაზროვანი მოვლენები ინტერესს იწვევს (Berlin, 1960; Silvia, 2008). თუ ადამიანი შეამჩნევს, რომ მოვლენას აქვს სიახლის პოტენციალი, ცნობისმოყვარეობა ღვივდება. მეორე სახის შეფასება გულისხმობს, რომ ინდივიდს სჯერა, რომ მას შეუძლია საკმარისად გაუმკლავდეს ახალ სიტუაციასთან და მის შესწავლასთან დაკავშირებულ დისტრესს (Silvia, 2008). თუ სიტუაცია შეფასებულია როგორც ახალი და ინდივიდი თვლის რომ აქვს მასთან გაკლავების უნარი, იგი ცნობისმოყვარეა იმ კონკრეტულ მომენტში, განიცდის ცნობისმოყვარეობის მდგომარეობას (Silvia, 2008). ზემოაღნიშნულის საფუძველზე გამოიყო ცნობისმოყვარეობის მესამე განზომილება, სტრესისადმი ტოლერანტობა – ინდივიდის დისპოზიციური ტენდენცია, გაუმკლავდეს შფოთვას, რომელიც წარმოიქმნება ახალთან შეხვედრისას, დაპირისპირებისას. სხვა სიტყვებით, ესაა ინდივიდის მზადყოფნა მიიღოს და თუნდაც გამოიყენოს სიახლესთან დაკავშირებული შფოთვა თუ დაძაბულობა. ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ ეს უნარი, ხედავენ ინფორმაციის ხარვეზებს, განიცდიან აღფრთოვანებას და ინტერესდებიან სხვებით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ წინ წავლენ და უფრო მეტად გამოიკვლევენ მათ.
თუმცა, ზოგიერთი ადამიანი უფრო შორს მიდის, ვიდრე უბრალოდ სტრესის მოთმენაა და ნებით მიდის სოციალურ, ფიზიკურ, ფინანსურ და იურიდიულ რისკებზე ახალი გამოცდილების მისაღებად (Zuckerman, 1994). მღელვარების ძიება არის ცნობისმოყვარეობის მეოთხე განზომილება, სადაც აღგზნება არ არის შემცირებული, არამედ ის მოვლენებს არსებითად სასურველს ხდის (Kashdan et al., 2019).
ხუთგანზომილებიანი მოდელის მეხუთე განზომილებაა სოციალური ცნობისმოყვარეობა, ის თუ როგორ ინტერსდებიან ადამიანები ერთმანეთით. ახალი ინფორმაციის მოპოვების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა სხვაზე დაკვირვება და მასთან კომუნიკაცია (Aaron, Aaron & Norman, 2001). ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენეს, რომ სხვათა გრძნობებით, აზრებითა და ქცევით დაინტერესება განსხვავდება ფარულად?? დაკვირვებისგან ახალი ინფორმაციის მისაღებად (Litman & Pezzo, 2007; Renner, 2006). ფარული სოციალური ცნობისმოყვარეობა ხაზს უსვამს სხვა ადამიანების შესახებ დეტალების შესწავლას არაპირდაპირი საშუალებებით, მაგალითად ჭორაობით, ხოლო ღია სოციალური ცნობისმოყვარეობა უფრო ზოგადი ინტერესია მეორე ინდივიდის ქცევის, აზრებისა და გრძნობების მიმართ და როგორც აღმოჩნდა, სოციალური ინფორმაცია უფრო მეტად გროვდება უშუალო საუბრებით, მაგალითად კითხვების დასმით, ვიდრე ფარული გზებით (Litman & Pezzo, 2007). მღელვარების ძიება და ფარული სოციალური ცნობისმოყვარეობა ხშირად დაკავშირებულია არახელსაყრელ შედეგებთან, როგორებიცაა: არასასურველი ნეგატიური ემოციური გამოცდილება და იმპულსური გადაწყვეტილების მიღება (Renner, 2006; Zuckerman, 1994, ციტირებულია Kashdan et al., 2019).
ზოგადად ცნობისმოყვარეობას აქვს არაერთი სარგებელი, მაგალითად ის შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური კეთილდღეობის და ცხოვრებით კმაყოფილების მნიშვნელოვანი წყარო (Denneson et al., 2017; Garrosa et al., 2017; Peterson et al., 2007). ცნობისმოყვარე ადამიანები აღნიშნავენ დეპრესიის სიმპტომების (Denneson et al., 2017) და შფოთვის (Kashdan et al., 2011) სიმცირეს. იგი დადებითად არის დაკავშირებული კოგნიტურ განვითარებასთან (Sakaki et al., 2018, Van Schijndel et al., 2018, Padulo et al., 2022) კრეატიულობასთან (Schutte & Mallouf, 2020), სწავლის მოტივაციასთან, იდეების გენერირებასთან (Kashdan et al., 2019), მიჯაჭვულობასთან (Silvia & Christensen, 2020) იდენტობის ფორმირებასთან, პიროვნულ ზრდასთან (Ben-Ze’ev, 2023) და ინტრერპერსონალურ ურთიერთობებთან (Hebert, 2022; Kashdan et al., 2011) ცნობისმოყვარე ინდივიდები ნაკლებად ემორჩილებიან თავდაპირველ რწმენებსა და წინასწარ წარმოდგენებს (Kruglansky, et al., 1996, ციტირებულია Kashdan & Roberts ), რაც იწვევს რომანტიკულ პარტნიორებში ნაკლებად შფოთვასა და თავდაცვით ქცევას (Kashdan, et al., 2011).
2.1. ცნობისმოყვარეობა და ურთიერთობის სიახლოვე
ცნობისმოყვარე ადამიანები მიზანმიმართულად უახლოვდებიან ახალ და საინტერესო სტიმულებს, რამაც იგი აქტუალური გახადა ურთიერთობების კვლევის კონტექსტში. თვისება ცნობისმოყვარეობა წინასწარმეტყველებს პოზიტიურ შედეგებს ხანგძლივ ურთიერთობებში, კერძოდ, ის დაკავშირებულია გრძელვადიანი ინტიმური
ურთიერთობებით კმაყოფილებასთან (Boiman-Meshita & Littman-Vadia, 2021; Jamea, 2020). გარდა ამისა, დაქორწინებულ პირებში ცნობისმოყვარეობა ხელს უწყობს ინტერპერსონალურ სიახლოვეს, რაც სოციალური რესურსების გაფართოების წინაპირობაა (Sahar et al., 2016, ციტირებულია Hebert, 2022). ცნობისმოყვარეობის თვისება პროგნოზირებს პოზიტიურ სუბიექტურ გამოცდილებას და ინტერპერსონალურ სიახლოვეს, იმ შემთხვევაშიც კი როცა აფექტისა და მოტივაციური ცვლადები გაკონტროლებულია (Kashdan et al., 2002).
ურთიერთობის ჩამოყალიბების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანი დაძაბულობა იჩენს თავს, რადგან პარტნიორები სიახლისა და გაურკვევლობის წინაშე დგანან, ცნობისმოყვარე ადამიანებს კი შეუძლიათ ამ დატვირთვასთან გამკლავება. სოციალურ ინტერაქციაში ცნობისმოყვარეობის გამოვლენა ზრდის ჩვენს ყურადღებას მოსაუბრისა და სასაუბრო საკითხების მიმართ, რამაც შესაძლებელია აღძრას აღნიშნული პირის განმეორებით ნახვის სურვილი. ურთიერთობის დაგროვება ერთსა და იმავე ადამიანთან, რომელიც გამუდმებით იწვევს ფლოუს მსგავს მდგომარეობას და მისი პერსპექტივებისა თუ გამოცდილების შესახებ მეტის შესწავლის სურვილი, მოსალოდნელია, რომ გამოიწვევს გრძელვადიან ინტიმურ ურთიერთობას. მართლაც, აღმოჩნდა, რომ ცნობისმოყვარეობის დაბალი დონე აფერხებს ახლო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით შთაბეჭდილების ფორმირების საწყის ეტაპებზე (Kashdan & Roberts, 2004) . ამის საპირისპიროდ, ადამიანები, რომლებსაც ჰყავთ ცნობისმოყვარე პარტნიორი უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობენ და უფრო მიმზიდველად თვლიან მას (Kashdan & Roberts, 2004; Hebert, 2022), რაც შესაძლებელია განპირობებული იყოს იმით, რომ ცნობისმოყვარე ადამიანები ავლენენ ინტერესს მათი პარტნიორის მიმართ და შესაბამისად, ეს უკანასკნელი გრძნობს პატივისცემასა და მნიშვნელოვნებას.
რომანტიკული ურთიერთობების ადრეული ეტაპი მოიცავს ინფორმაციის, გამოცდილების და რესურსების ინტენსიურ გაზიარებას პარტნიორებთან (Aron, Paris, & Aron, 1995; Reis & Shaver, 1988, ციტირებულია Hebert, 2022). დროთა განმავლობაში კი დამაკმაყოფილებელ გრძელვადიან რომანტიკულ ურთიერთობებს საფრთხე შეიძლება შეუქმნას ურთიერთობაში უინტერესობამ, პარტნიორის დაღლილობამ და მოწყენილობამ (Aron & Aron, 1986, ციტირებულია Hebert, 2022 ). ერთ-ერთი გზა, რომელიც ხელს უწყობს ურთიერთობების განვითარებას და მოწყენილობის დაძლევას არის პარტნიორთან ერთად ახალ და საინტერესო აქტივობებში ჩართვა, რაც იძლევა სამყაროს უფრო ფართო ხედვას (Aron et al., 2013 Coulter & Malouff, 2013, Harasimchuk et al., 2020, ციტირებულია Hebert, 2022). აღმოჩნდა რომ, როგორც მაღალი, ისე დაბალი აღგზნების აქტივობებმა, როგორიცაა მაგალითად საინტერესო საუბრების წარმართვა პარტნიორთან შესაძლებელია ხელი შეუწყოს თვითგაფართოებას (Tomlinson et al., 2019, Coulter & Malouff, 2013). თუმცა, ყოველთვის არ არის შესაძლებელი ამ ტიპის აქტივობების კოორდინაცია და წყვილებს შეიძლება დასჭირდეთ ალტერნატიული საშუალებების პოვნა თვითგანვითარებისთვის (Carswell et al., 2021).
თვითგაფართოების მოდელი (Aron & Aron, 1986) გვთავაზობს ჩარჩოს ახლო ურთიერთობების მახასიათებლების გასაგებად. მოდელის მიხედვით, ინდივიდები ცდილობენ გააფართოვონ საკუთარი მეს შეგრძნება, გაზარდონ პერსპექტივები და კომპეტენცია, რათა საბოლოო ჯამში ხელი შეუწყონ თავიანთი შესაძლებლობების განვითარებას თავიანთ გარემოში. მოდელი მოიცავს მოტივაციურ პრინციპს, რომლის თანახმად ინდივიდს აქვს საკუთარი თვითეფექტურობის, ადაპტაციის, გადარჩენისა და გარემოში ინტეგრირების თანდაყოლილი მოტივაცია. საკუთარ თავში სხვების ჩართვის პრინციპი კი გულისხმობს, რომ ახლო ურთიერთობები იძლევა საკუთარი მეს შეგრძნების გაფართოებას. რომანტიკული ურთიერთობები კი გვთავაზობს როგორც საკუთარი, ისე პარტნიორების თვითშეფასების გაფართოების შესაძლებლობებს (Aron & Aron, 1986, ციტირებულია Hebert, 2022). ეს კი მიიღწევა რომანტიკული პარტნიორის იდენტობის, გამოცდილების, მატერიალური და სოციალური რესურსებისა და პერსპექტივების გაზიარებისა და ინკორპორაციის გზით (Agnew et al., 1998, ციტირებულია Hebert, 2022), რასაც აქვს ძლიერი დამხმარე ეფექტი როგორც პიროვნებისთვის, ასევე ურთიერთობისთვის. ცნობისმოყვარე ადამიანები ავლენენ ძლიერ ტენდენციას ჩაერთონ სიტუაციებში, რომლებიც გვთავაზობენ თვითგაფართოების შესაძლებლობებს (Silvia, 2006). ურთიერთობის თვითგაფართოებას სარგებელი მოაქვს წყვილებისთვის, რადგან ის ასოცირდება უფრო მეტ კმაყოფილებასთან, ერთგულებასთან და აღქმულ სიახლოვესთან (Mattingly et al., 2014; Coulter & Malouff, 2013).
ურთიერთობაში სიახლოვის განცდას შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას იმან, თუ როგორ გადაჭრიან კონფლიქტებს წყვილები. როგორც აღმოჩნდა, ინდივიდები ცნობისმოყვარეობის მაღალი მაჩვენებლით არა მხოლოდ გრძნობენ ბუნებრივ მიზიდულობას ახლისა და უცნობის მიმართ, არამედ უფრო მეტად არიან მზად განიხილონ მოსაზრებები, რომლებიც ეწინააღმდეგება მათს პირად მოსაზრებებს (Kahan et al., 2017), ისინი მიდრეკილნი არიან განიხილონ სხვები ნაკლებად განსჯით (Kashdan et al., 2013, Hartung & Renner, 2011) და უფრო ემპათიურად პასუხობენ კონფლიქტს (Kashdan et al., 2013).
2.2. ცნობისმოყვარეობა და კონფლიქტები რომანტიულ ურთიერთობაში
დესტრუქციული მეთოდებით კონფლიქტების გადაჭრა ეწინააღმდეგება მოქნილ კოგნიტურ პროცესებს, ქცევის ტენდენციებსა და არათავდაცვით რეაქციას, რომელიც თან ახლავს ცნობისმოყვარე ადამიანის აზროვნებას (Kashdan & Rottenberg, 2010). ისინი რეაგირებენ ნაკლები ნეგატიური ემოციებით ორაზროვან ან რთულ სიტუაციებში, გარდა ამისა, მათ აქვთ მაღალი თვითეფექტურობა და თვლიან რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ახალ სიტუაციასთან დაკავშირებულ დისტრესს (Silvia, 2005, 2008), ამიტომ დაძაბულობის თავიდან აცილების ან გაქცევის ნაცვლად, ისინი ავლენენ მიდრეკილებას აქტიური კვლევისკენ, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებას. უფრო მეტად ცნობისმოყვარე პირები კონფლიქტს აღიქვამენ არა როგორც საფრთხეს, არამედ, როგორც გამოწვევასა და შესაძლებლობას (Kashdan & Steger, 2007; Loewenstein, 1994), ისინი ახერხებენ ეჭვებისა და დაძაბულობის ეფექტურად მართვას (Spielberger & Starr, 1994; Trudewind, 2000) და გამოწვევის პირისპირ ყოფნისას არ მიმართავენ აგრესიას, არამედ, იყენებენ სხვადასხვა სტრატეგიებს პრობლების გადასაჭრელად (Kruglanski, 2004; McCrae & Sutin, 2009, ციტირებულია Kashdan et al., 2013).
როგორც აღმოჩნდა, კონფლიქტის გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგია განსხვავებულად უკავშირდება ცნობისმოყვარეობას. მაგალითად, სოციალური კონფლიქტისას თანამშრომლობითი სტრატეგია დაკავშირებული იყო ცნობისმოყვარეობის მაღალ დონესთან, ხოლო აცილება – ცნობისმოყვარეობის დაბალ მაჩვენებელთან. რაც უფრო მაღალია ცნობისმოყვარეობის დონე, როგორც ნებისმიერ ცვლილებაზე და ინოვაციებზე რეაგირების მიდრეკილება, მით უფრო ძლიერია პარტნიორთან კომუნიკაციის მოთხოვნილება, რათა იპოვონ ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტა კონფლიქტის დროს.
ცნობისმოყვარე ადამიანები მგრძნობიარენი არიან უშუალო კონტექსტის მიმართ და ნაკლებად მოქმედებენ წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით (Langer, 1992). ამ თვალსაზრისით, ლოგიკურია, რომ ცნობისმოყვარეობა დაკავშირებულია ნაკლებ აგრესიასთან, განსაკუთრებით მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების მიმართ (Hayes et al., 2011; Kashdan & Rottenberg, 2010). ასევე, აგრესიული იმპულსების განცდისთანავე მის შესაჩერებლად აქტიურდება თვითკონტროლის პროცესი, რომელიც საშუალებას აძლებს ადამიანს შეზღუდოს ერთი საპასუხო რეაქცია და მოახდინოს განსხვავებული რეაგირება.
3. თვითკონტროლი
თვითკონტროლი იძლევა მნიშვნელოვან გასაღებს საკუთარი თავის ბუნებისა და ფუნქციების გასაგებად. არაერთი ფსიქოლოგი თვითკონტროლსა და თვითრეგულირებას იყენებს, როგორც სინონიმებს, მაგრამ ისინი, ვინც განასხვავებენ, როგორც წესი, თვითკონტროლს მიიჩნევენ თვითრეგულირების ქვეჯგუფად. ამის საპირისპიროდ, ჰომეოსტატურ პროცესებს, როგორიცაა სხეულის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება, შეიძლება ეწოდოს თვითრეგულირება, მაგრამ არა თვითკონტროლი (Baumaister et al.,2007) .
თვითკონტროლი გულისხმობს, როგორც რაიმე არასასურველის დათრგუნვას, ისე რაიმე სასურველის განხორციელებას და მოიცავს ძალისხმევას (Gillebaart & de Ridder 2015), რეაქტიულ ინჰიბირებას და კონფლიქტის მოგვარების უფრო პროაქტიულ ფორმებს (Duckworth et al. 2016). იგი ეხება არა მხოლოდ კოგნიტური რესურსების მონიტორინგსა და კონტროლს, არამედ საკუთარი მიზნების მიღწევასთან და ცლილებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკების შეფასებასა და მართვას (De Haan et al., 2011) და იმის შეფასებას, თუ რამდენად სასარგებლო იქნება ახალი ცოდნის მიღება ან ცვლილება (Carver, 2006).
თვითკონტროლი ციკლური ხასიათისაა, რადგან წარსული გამოცდილების საფუძველზე შეიძლება შეიცვალოს რეგულირების მეთოდები. თვითმონიტორინგი და კორექტირება აუცილებელია, რადგან პირადი, ქცევითი და გარემო ფაქტორები ცვალებადია. ქცევითი თვითკონტროლი მოიცავს თვითდაკვირვებას და შესრულების პროცესების სტრატეგიულ კორექტირებას, ხოლო გარემოს კონტროლი გულისხმობს გარემო პირობებსა ან შედეგებზე დაკვირვებასა და მათ კორექტირებას. ფარული თვითკონტროლი კი მოიცავს კოგნიტური და აფექტური მდგომარეობის მონიტორინგსა და შეცვლას (Boekaerts et al., 2000).
შეიძლება ჩანდეს, რომ არაფერია ისეთი, რაც კარგ თვითკონტროლს არ შეუძლია. თუმცა, ადამიანები განსხვავდებიან იმით, თუ რამდენად კარგად აკონტროლებენ საკუთარ თავს. თვისება, რომელიც აღწერს ამ ინდივიდუალურ განსხვავებებს, შეიძლება განისაზღვროს, როგორც ინდივიდის უნარი, გადალახოს გარკვეული მიმართულებით მოქმედების იმპულსები (Carver, 2019). თუმცა, შედარებით ცოტაა ცნობილი კონკრეტული პროცესების შესახებ, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ უნარს (Hampson, 2012).
დიდი ხნის განმავლობაში, ინჰიბიტორული კონტროლი განიხილებოდა, როგორც თვითკონტროლის ძირითადი პროცესი (Baumeister & Heatherton, 1996; Hofmann, Friese, & Strack, 2009). სხვა სიტყვებით, მიიჩნეოდა, რომ უფრო მაღალი თვითკონტროლის მქონე ადამიანები უფრო უკეთესად აკონტროლებდნენ მიმდინარე იმპულსებს ნებისყოფის, ძალისხმევის და რესურსების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებით (Baumeister, Vohs, & Tice, 2007). თუმცა, ბოლოდროინდელი მტკიცებულებები ვარაუდობენ, რომ ძალისხმევის დათრგუნვა შეიძლება არ იყოს თვითკონტროლის მიღმა არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი. აღმოჩნდა, რომ თვითკონტროლი არც ისე ძლიერადაა დაკავშირებული ლაბორატორიული ამოცანების შესრულებასთან, რომლებიც საჭიროებენ ინჰიბიტორულ კონტროლს (Duckworth & Kern, 2011; Inzlicht et al, 2018) და არც იმ სიხშირით, რომლითაც ადამიანები ძალისხმევით აკონტროლებენ თავიანთ სურვილებს ყოველდღიურ ცხოვრებაში (Grund & Carstens, 2019). უფრო მეტიც, სიხშირე, რომლითაც ადამიანები გრძნობენ, რომ ძალისხმევით აკონტროლებენ თავიანთ სურვილებს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არ არის დაკავშირებული მიზნის მიღწევასთან (Milyavskaya & Inzlicht, 2017). საერთო ჯამში, თვითკონტროლის თვისება ეხმარება მიზნის მიღწევისთვის თანმიმდევრული ქცევების განხორციელებას, ვიდრე იმპულსების ძალისხმევით დათრგუნვას.
კონკრეტული მოქმედების შესრულების შემდეგ, ადამიანები, როგორც წესი, ექვემდებარებიან მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედების ტენდენციას. მაგალითად, ინდივიდს, რომელმაც გადაწყვიტა მეტი დრო გაატაროს პარტნიორთან, ამავდროულად, სურს გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, რეგულარულად ივარჯიშოს, ისწავლოს უცხო ენა და ზეგანაკვეთურად იმუშაოს ხელფასის გაზრდის მიზნით. მსგავს სიტუაციებში, ადამიანი აწყდება ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედების ტენდენციებს, რომლებიც განხორციელებადი და სასურველია. თუმცა ხშირად მიზანშეწონილობისა და სასურველობის შესახებ მოსაზრებები არასაკმარისია სხვადასხვა მოქმედების ტენდენციებს შორის კონფლიქტის გადასაჭრელად (Atkinson & Birch, 1970, ციტირებულია Jostmann et al., 2005). ამიტომ, ადამიანებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოქმედების არჩეული კურსის შენარჩუნებას. ინდივიდები განსხვავდებიან იმ ხარისხით, თუ რამდენად არიან ისინი ორიენტირებულნი მოქმედების კონტროლზე (Jostmann et al., 2005).
ქმედების კონტროლი, როგორც წესი, ხელს უწყობს მიზნის მიღწევას და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში ადაპტურია. თუმცა, მას ზოგჯერ შეუძლია არასასურველი შედეგების მოტანაც (Jostmann et al., 2005). მაგალითად, მყისიერი საფრთხისას, როგორიცაა თავდასხმა ან მოახლოებული მეწყერი, შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს საკმარისი დრო ყველაზე სწრაფი გაქცევის მარშრუტის დასაგეგმად. ამ გარემოებებში გადარჩენის ერთადერთი გზა შეიძლება იყოს პირველი იმპულსებით მოქმედება, წინასწარ განზრახვის გარეშე. კვლევა აჩვენებს, რომ უკონტროლო სიტუაციაში ყოფნისას ადამიანების უმეტესობა ირჩევს ქცევის კონტროლის უფრო პრიმიტიულ ფორმებს, ხოლო უფრო ზომიერ სიტუაციებში თავს იჩენს ინდივიდუალური განსხვავებები (Maier & Seligman, 1976; ციტირებულია Jostmann et al., 2005).
მკვლევარები (Converse et al., 2019; Fujita, 2011; Berkman et al., 2019) აღნიშნავენ, რომ თვითკონტროლს საფუძვლად შეიძლება ედოს თვითრეგულირების სტრატეგიები. ადამიანებს შეუძლიათ განზრახ გამოიყენონ სხვადასხვა სტრატეგია საკუთარი მიზნის მისაღწევად და მათი ეფექტურობა წარმატებული თვითკონტროლის ერთ-ერთი გასაღებია. სტრატეგიები შეიძლება განისაზღვროს როგორც მიზნის მისაღწევად ინდივიდის მიერ კოგნიტური, მოტივაციური, აფექტური ან ქცევითი რეაქციების ცვლილება (Hennecke, Czikmantori, & Brandstätter, 2019).
სტრატეგია შეიძლება იყოს წინასწარ მოსალოდნელი (anticipatory ) ან პრევენციული, როდესაც ისინი გამოიყენება თვითკონტროლის მოსალოდნელი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად. ვინმეს, ვისაც სურს გაზარდოს ფიზიკური მომზადება, შეიძლება, მაგალითად, აირჩიოს ვარჯიშის ფორმა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ყველაზე ეფექტური, სახალისოა. ამის საპირისპიროდ, ინტერვენციული სტრატეგიები გამოიყენება, როდესაც უკვე სახეზეა თვითკონტროლის კონფლიქტი (Hofmann & Kotabe, 2012; Fujita, 2011). მაგალითად, ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს, მაგრამ სურს შეწყვეტა, შეიძლება დაჟინებით დაფიქრდეს იმ პოზიტიურ შედეგებზე, რომელთაც იმედოვნებს, რომ მიაღწევს ვარჯიშით. მსგავსი განსხვავება ახასიათებს სიტუაციურ სტრატეგიებს, რომლებიც მიზნად ისახავს გარემოების შერჩევას და შეცვლას თვითკონტროლირებული ქცევის სასარგებლოდ და ინტრაფსიქიკურ სტრატეგიებს, რომლებიც ეხება იმას, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს გამოიყენონ თავიანთი ყურადღება, შეცვალონ მოცემული სიტუაციის კოგნიტური ინტერპრეტაცია ან უშუალოდ ქცევა (Duckworth et al., 2006). ისეთი სავარჯიშოს არჩევა, რომელიც სახალისოა და რომლისთვისაც მცირე ან საერთოდ არ არის საჭირო თვითკონტროლი, კვალიფიცირდება როგორც სიტუაციური სტრატეგია. საკუთარი თავისთვის მისი სარგებლის შეხსენება კი ინტრაფსიქიკური სტრატეგიაა. ნებისმიერი ტიპის სტრატეგიის მიზანმიმართული გამოყენება, სავარაუდოდ, შემოიფარგლება იმ სიტუაციებით, როდესაც ადამიანი სწორად განსაზღვრავს თვითკონტროლის კონფლიქტს, სტრატეგიული ჩარევის აუცილებლობას და შესაძლებლობას.
კვლევამ (Mischel et al., 1989) აჩვენა, რომ ხელახალი შეფასება, განსხვავებულად ფიქრი ცდუნებაზე და ყურადღების გადატანა ეფექტური თვითკონტროლის სტრატეგიებია ცდუნებასთან გამკლავებისას. კულმა (1983) შემოგვთავაზა ე.წ მოქმედების კონტროლის სტრატეგიები: ყურადღების კონტროლი (მხოლოდ მიზნის მისაღწევად ინფორმაციის მიწოდება), კოდირების კონტროლი (მხოლოდ მიზნის შესაბამისი ინფორმაციის კოდირება), ემოციების კონტროლი (საკუთარი თავის მიზნის მიღწევისთვის საჭირო ემოციურ მდგომარეობაში მოქცევა), მოტივაციის კონტროლი (მიზნის პოზიტიური სტიმულის გათვალისწინება) და გარემოს კონტროლი (გარემოდან ყურადღების გადამტანი სტიმულის მოცილება).
პიროვნებებს, რომლებსაც აქვთ მაღალი თვითკონტროლი, ასევე უნდა ჰქონდეთ მიდრეკილება გამოიყენონ განსაკუთრებით ეფექტური სტრატეგიები. მართლაც, უფრო მაღალი თვისების თვითკონტროლის მქონე მონაწილეები უფრო ხშირად ამახვილებენ ყურადღებას აქტივობის დადებით შედეგებზე, ადგენენ მიზნებს და არეგულირებენ თავიანთ ემოციებს (Hennecke et al., 2019). მათ აქვთ უფრო ძლიერი ტენდენცია, რომ თავი აარიდონ ცდუნებებს, ვიდრე დაბალი თვითკონტროლის მქონე ინდივიდებს ( Baumeister, & Tice, 2015; Nielsen et al., 2019). ასევე, ისინი უფრო მეტად იყენებენ ყურადღების განაწილებას, ხელახალ შეფასებასა და შეუსაბამო ქცევებისა თუ ემოციების დათრგუნვას (Nielsen et al., 2019).
მარეგულირებელი მოქნილობა, უნარი მოქნილად გამოიყენო სტრატეგია სხვადასხვა კონტექსტში, შეიძლება იყოს წარმატებული თვითკონტროლის გასაღები. იგი შეიძლება მოიცავდეს კონტექსტის მიმართ მგრძნობელობას, რაც გულისხმობს, კონტექსტის მოსალოდნელი მოთხოვნებისა და შესაძლებლობების შეფასებას და მასზე მორგებული ყველაზე ეფექტური მარეგულირებელი სტრატეგიის არჩევას (Bonanno & Burton, 2013). კონტექსტური სენსიტიურობის გარდა, რეგულირების მოქნილობისთვის საჭიროა სტრატეგიების საკმარისად ფართო რეპერტუარი და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია გამოყენებული სტრატეგიის ეფექტურობის შესახებ უკუკავშირი, ასევე სტრატეგიის შენარჩუნება, დასრულება ან შეცვლა, რომელიც ეფუძნება თვითმონიტორინგის შედეგად შეგროვებულ ინფორმაციას. მართლაც, მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ თვითმონიტორინგი ასოცირდება მიზნისკენ წინსვლასთან (Harkin et al., 2016).
თვითკონტროლის სტრატეგიების ეფექტურობაზე საუბრისას მნიშვნელოვანია კონტექსტის გათვალისწინება და მისი მახასიათებლების განსაზღვრა, რამაც შეიძლება სტრატეგია მეტ-ნაკლებად ეფექტური გახადოს. სიტუაციურ მოთხოვნებთან ერთად გასათვალისწინებელია ინდივიდუალური და მიზნების მახასიათებლები, რამაც შეიძლება გაზარდონ ან შეამცირონ სტრატეგიის ეფექტურობა.
თვითკონტროლი გადამწყვეტი ფაქტორია კარგი ინტერპერსონალური ფუნქციონირებისთვის. მაღალი თვითკონტროლის მქონე ადამიანები მეტად ეხმარებიან უცხო ადამიანებს (DeWall et al., 2008, ციტირებულია Righetti & Finkenauer, 2011 ). რომანტიულ ურთიერთობებში თვითკონტროლის მაღალი მაჩვენებლის მქონე პარტნიორს შეუძლია ჩაერთოს ისეთ ურთიერთდამოკიდებულ ქცევებში, როგორიცაა აკომოდაცია (Finkel & Campbell, 2001) და პატიება (Pronk et al., 2010). ისინი უფრო მეტად ასრულებენ რომანტიული პარტნიორებისთვის მიცემული დაპირებებს (Peetz & Kammrath, 2010, ციტირებულია Righetti & Finkenauer, 2011 ). ხოლო, ქორწინებაში არსებული დაძაბულობისას გამკლავების სტრატეგიების უფრო დიდი რეპერტუარის არსებობა ასოცირდება ნაკლებ სტრესთან (Pearlin & Schooler, 1978) და დეპრესის დაბალ დონესთან (Lam & McBride-Chang, 2007).
3.1. თვითკონტროლი და ურთიერთობის სიახლოვე
მაღალმა თვითკონტროლმა უნდა გახადოს ადამიანი უფრო უკეთესი, უფრო სასურველი პარტნიორი და შეიძლება ხელი შეუწყოს წარმატებულ ურთიერთობას სხვადასხვა გზით. ერთი მხრივ, თვითკონტროლმა შეუძლია უშუალოდ შეუწყოს ხელი ჰარმონიულ ურთიერთქმედებას, მაგალითად, როდესაც ადამიანები თავს იკავებენ მავნე სიტყვების თქმისგან. ხოლო, მეორე მხრივ, ამის განხორციელება შესაძლებელია არაპირდაპირი გზითაც, მაგალითად, როდესაც ადამიანი უძლებს ღალატის ცდუნებას, რადგან ეს უკანასკნელი დაგმობილია საზოგადოების მიერ. რომანტიკულ ურთიერთობებში ჩართულ მაღალი თვითკონტროლის მქონე პირებს უკეთ შეუძლიათ ალტერნატიული პარტნიორებისადმი მიზიდულობის დათრგუნვა (Pronk et al., 2010; Ritter et al., 2010; Vohs & Baumeister, 2010 )
შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ცნობისმოყვარე ადამიანები მოწყენილობის თავიდან აცილების მიზნით თავს არიდებენ სიახლის დაბალი პოტენციალის მქონე სიტუაციებს. თუმცა, კიდევ ერთი შესაძლებლობაა აზრებისა და ქცევების ან სიტუაციის შეცვლა, რათა შეიქმნას ინტერესი, იქ, სადაც თავდაპირველად ის არ არსებობს. თვითკონტროლის ამ ჩარჩოს შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ ცნობისმოყვარე ადამიანები ურთიერთობაში სიახლოვისთვის და უინტერესო საუბრების საინტერსო საუბრებად გარდასაქმნელად ისეთ სტრატეგიების იყენებენ, როგორებიცაა: საუბრის შინაარსის ცლილება, იუმორის შეტანა (Kashdan et al., 2011), მხატვრული ან შემოქმედებითი კომპონენტის გაზრდა, გამოწვევის გაზრდა (Sansone et al., 1992, ციტირებულია Kashdan et al., 2011), ინფორმაციის ძიება, აზრებისა და ინფორმაციის გამოხატვა, ჰარმონიის შენარჩუნება (Isacc et al. , 1999, ციტირებულია Kashdan et al., 2011) თვითგახსნა (Kashdan et al., 2011) და სხვ. რაც შეეხება განსხვავებებს ცნობისმოყვარეობის ტიპების მიხედვით, ურთიერთობის სიახლოვის კვლევისას აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც მაღალი ქულა მიიღეს სასიამოვნო კვლევასა და მღელვარების ძიებაში იყენებდნენ თავიანთ პარტნიორთან ინტერესის თვითკონტროლის სტრატეგიებს. რაც შეეხება დეპრივაციისადმი მგრძნობელობას, გამომდინარე იქედან, რომ ის ასოცირდება ცოდნის, ახალი იდეების სწავლისა და ინტელექტუალური პრობლემების გადაჭრის სურვილთან არ იყო დაკავშირებული თვითკონტროლის სტრატეგიების გამოყენებასთან, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ისინი ვერ დააკმაყოფილებენ ცოდნის ზემოაღნიშნულ სურვილს (Hebert, 2022).
გარდა ამისა, მაღალი თვითკონტროლის მქონე ადამიანები განიცდიან უფრო დიდ ოჯახურ ერთიანობას და აქვთ ნაკლებად კონფლიქტური ურთიერთობები. მათ აქვთ უფრო უსაფრთხო მიჯაჭვულობის სტილი და აჩვენებენ მეტ თანაგრძნობას, ნაკლებ ბრაზსა და აგრესიას ურთიერთობებში (Tangney et al., 2004).
3.2. თვითკონტროლი და კონფლიქტის გადაჭრა
ემოციების რეგულირების მოდელში (Gross & Thompson, 2007), კავშირი აფექტურ აგზნებასა და აგრესიის სრულყოფილ გამოხატვას შორის შეიძლება შეწყდეს სხვადასხვა ეტაპზე შემდეგი ოთხი პროცესიდან ერთ-ერთის მეშვეობით: სიტუაციის შერჩევა, სიტუაციის შეცვლა, განლაგება და ხელახალი შეფასება. ეს პროცესები, როგორც წესი, ამოქმედდება აგრესიული იმპულსის გადალახვის მიზნით, როდესაც ის ეწინააღმდეგება უმაღლესი დონის ნორმებსა ან მიზნებს. ამ მიზეზით, ისინი კვალიფიცირდება როგორც თვითკონტროლის შემთხვევები.
აღმოჩნდა, რომ მაღალი თვითკონტროლის უნარის მქონე ადამიანები პარტნიორის მავნე ან საზიანო ქცევებს უფრო კონსტრუქციული გზით პასუხობენ (Finkel & Campbell, 2001). შედეგად, ინდივიდები, რომლებსაც მეტად აქვთ განვითარებული აღნიშნული უნარი, ნაკლებად განიცდიან ნეგატიურ ინტერპერსონალურ შედეგებს, განსაკუთრებით ისეთი სტრესული ან რთული ინტერპერსონალური გაცვლის დროს, როგორიცაა კონფლიქტი (Ayduk et al., 2001).
მიუხედავად იმისა, რომ მაღალი თვითკონტროლი შეიძლება იყოს დამცავი ფაქტორი ურთიერთობის სირთულეებისა და კონფლიქტების უარყოფითი გავლენის წინააღმდეგ (Pronk et al., 2019), დაბალი თვითკონტროლი, როგორც ჩანს, რისკფაქტორია პიროვნული და ინტერპერსონალური პრობლემების ფართო სპექტრისთვის (Tangney et al., 2004). მოგვარებული კონფლიქტი რომანტიკულ კავშირებში პარტნიორებს ერთმანეთის უფრო მეტად გაცნობის საშუალებას აძლევს და ხელს უწყობს ერთიანობისა და ერთგულების გრძნობას (Siegert & Stamp, 1994). ხოლო დაბალმა თვითკონტროლმა შეიძლება გამოიწვიოს ძალადობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური აგრესია (Cheung et al., 2014; Finkel et al., 2009; Kerley, Xu & Sirisunyaluck, 2008). მაღალი თვითკონტორლის მქონე ადმაინებისგან განსხვავებით დაბალი თვითკონტროლის მქონეთ ნაკლებად შეუძლიათ დათრგუნონ თავიანთი პარტნიორის კრიტიკის ან კონფლიქტისგან გარიდების სურვილი და ისინი აგრესიულად რეაგირებენ ურთიერთობაში წარმოქმნილი კონფლიქტებისას შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დაბალი თვითკონტროლის მქონე ადამიანები კომპრომისზე წავიდნენ, მოერგონ პარტნიორის ქცევას და პრიორიტეტად მიიჩნიონ ურთიერთობის გრძელვადიანი მიზნები (Bornstein et al., 2017; Finkel and Campbell, 2001).
განხილული ლიტერატურის საფუძველზე ჩემი კვლევის მიზანი და მთავარი საკვლევი კითხვაა წინასწარმეტყველებს თუ არა და თუ კი, როგორ ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი ურთიერთობაში სიახლოვესა და კონფლიქტების გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას. თვითგაფართოების მოდელზე (Aron & Aron, 1986) დაყრდნობით ვვარაუდობ, რომ სასიამოვნო კვლევა, რომელიც გულისხმობს სამყაროს და სიახლის კვლევას და სოციალური ცნობისმოყვარეობა, რომელიც მოიცავს სხვა პიროვნების შესახებ ინფორმაციის მიღებას, დადებითად იწინასწარმეტყველებენ ურთიერთობაში სიახლოვეს. სავარაუდოდ, პირები მაღალი მაჩვენებლით აღნიშნულ ორ განზომილებაში, ერთი მხრივ, გამოავლენენ მეტ ინტერესს პარტნიორის პიროვნების მიმართ, ხოლო მეორე მხრივ, მათთან ერთად ჩაერთვებიან მრავალფეროვან აქტივობაში, რაც პარტნიორს თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს და ხელს შეუწყობს თვითგაფართოებას. ურთიერთობაში სიახლოვეს, ასევე დადებითად იწინასწარმეტყველებს სტრესისადმი ტოლერანტობის მაღალი მაჩვენებელი, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანს აქვს თვითრწმენა და სჯერა, რომ შეუძლია გაუმკლავდეს გამოწვევეს. სასიყვარულო ურთიერთობებში კი წყვილები არაერთხელ დგებიან გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით ურთიერთობის საწყის ეტაპზე. სავარაუდოდ, გამოწვევებთან გამკლავება კი ურთიერთობაში სიახლოვეს შეუწყობს ხელს. მღელვარების ძიების მაღალი მაჩვენებელი კი უარყოფითად იწინასწარმეტყველებს ურთერთობაში სიახლოვეს, რადგან ინტენსიური ემოციები და რისკების აღება შესაძლებელია საფრთხის შემცველად იყოს აღქმული პარტნიორი მიერ.
ვვარაუდობ, რომ ცნობისმოყვარე პირები კონფლიქტის გადაჭრისას უფრო მეტად გამოიყენებენ კონსტრუქციულ სტრატეგიას, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანის ინტერესები და ემოციები და ისინი, კონფლიქტს აღიქვამენ, როგორც გამოწვევას და არა მუქარას. გარდა ამისა, მათ აქვთ თვითრწმენა, რომ შეუძლიათ გაუმკლავდნენ გაურკვევლობისა თუ რთული სიტუაციებისგან გამოწვეულ დაძაბულობას და ეძებენ ახალ ინფორმაციას ცოდნაში არსებული ხარვეზის შესავსებად. შესაბამისად, სასიამოვნო კვლევა, სტრესისადმი ტოლერანტობა, დეპრივაციული მგრძნობელობა და სოციალური ცნობისმოყვარეობა დადებითად იწინასწარმეტყველებს კომპრომისს, ხოლო უარყოფითად მორჩილებას, განშორებასა და არიდებას. აღნიშნული სტრატეგიები დაკავშირებულია დაბალ აგზნებასთან და ნაკლებად ინტენსიურ ემოციებთან, რაც არ იქნება საკმარისი ამაღელვებელი გამოცდილებისა და რისკებზე წასვლისკენ სწაფვის მქონე მღელვარების ძიების განზომილებისთვის, შესაბამისად იგი უარყოფითად იწინასწარმეტყველებს კომპრომისს, განშორებას, არიდებასა და მორჩილებას, ხოლო დადებითად – დომინირებასა და რეაქტიულობას.
ემოციების რეგულირების მოდელში (Gross & Thompson, 2007), აქცენტი კეთდება აგრესიული იმპულსების გადალახვაზე, რაშიც წამყვან როლს თვითკონტორლის სტრატეგიები ასრულებენ. ასევე, როგორც აღმოჩნდა, მაღალი თვითკონტროლის მქონე ადამიანები პარტნიორის საზიანო ქცევებს უფრო კონსტრუქციული გზით პასუხობენ (Finkel & Campbell, 2001). შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ მაღალი თვითკონტროლი დადებითად იწინასწარმეტყველებს კომპრომისს და უარყოფითად პასიურ და აგრესიულ ფორმებს. ხოლო საკუთარი ემოციების, ქცევებისა და თუ აზრების ეფექტურად კონტროლი დადებითად იწინასწარმეტყველებს ურთიერთობის სიახლოვეს.
საკვლევი კითხვები და ჰიპოთეზები
- როგორ წინასწარმეტყველებს ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი ურთიერთობებში სიახლოვეს?
Hა: სასიამოვნო ძიება, სტრესისადმი ტოლერანტობა, სოციალური ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი დადებითად წინასწარმეტყველებს ურთიერთობაში სიახლოვეს; ხოლო დეპრივაციისადმი მგრძნობელობა და მღელვარების ძიება უარყოფითად წინასწარმეტყველებს ურთიერთობაში სიახლოვეს;
- როგორ წინასწარმეტყველებს ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი კონფლიქტის გადაჭრის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებას?
Hბ: სასიამოვნო კვლევა, სტრესისადმი ტოლერანტობა, დეპრივაციისადმი მგრძნობელობა, სოციალური ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი დადებითად წინასწარმეტყველებს კომპრომისს. ხოლო, მღელვარების ძიება უარყოფითად წინასწარმეტყველებს კომპრომისს.
Hგ: სასიამოვნო კვლევა, სტრესისადმი ტოლერანტობა, დეპრივაცისადმი სენსიტიურობა, მღელვარების ძიება, სოციალური ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი უარყოფითად წინასწარმეტყველებს აცილებას, მორჩილებასა და განშორებას;
Hდ: სასიამოვნო კვლევა, სტრესისადმი ტოლერანტობა, დეპრივაციული მგრძნობელობა, სოციალური ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი უარყოფითად წინასწარმეტყველებს დომინანტობასა და ინტერაქციულ რეაქტიულობას, ხოლო მღელვარების ძიება დადებითად წინასწარმეტყველებს დომინანტობასა და ინტერაქციულ რეაქტიულობას.
მეთოდი
მონაწილეები
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18-დან 60 წლამდე მდედრობითი და მამრობითი სქესის 102-მა პირმა, რომლებსაც ჰყავთ შეყვარებული, პარტნიორი ან მეუღლე. შერჩევა შეიქმნა ხელმისაწვდომობის პრინციპით. მონაწილეთა შორის 79.4% (81) მდედრობითი, ხოლო 20.6% (21) მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო. მონაწილეთა უმრავლესობა 19.6% (20) იყო 23 წლის.
პროცედურა
ელექტრონული კითხვარები გაზიარდა სოციალურ პლატფორმებზე. დასაწყისში მოცემული იყო ინფორმაცია კვლევის მიზნის, ანონიმურობისა და კონფიდენციალობის შესახებ. ასევე, მითითებული იყო, რომ კვლევაში მონაწილეობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მეუღლის, პარტნიორის ან შეყვარებულის ყოლა. თითოეულ კითხვარს წინ უძღვოდა შესაბამისი ინსტრუქცია.
ინსტრუმენტები
ცნობისმოყვარეობის საკვლევად გამოყენებულ იქნა კაშდანის და კოლეგების (2011) მიერ შემუშავებულ ხუთგანზომილებიან ცნობისმოყვარეობის კითხვარის ქართულად ვალიდირებული და მოდიფიცირებული ვარიანტი (სხირტლაძე და სხვები, 2021). კითხვარში სულ მოცემულია 5 სკალა და 23 დებულება, რომლიდანაც თითოეული შეფასდა 1-7 ლაიკერტის ტიპის სკალაზე, სადაც 1 ნიშნავს „სრულიად არ ვეთანხმები“, ხოლო 7 – „სრულიად ვეხმარები“. სასიამოვნო კვლევის განზომილება მოიცავს 5 დებულებას („რთულ სიტუაციებს ზრდისა და სწავლის შესაძლობლობებად განვიხილავ“), დეპრივაციისადმი მგრძნობელობის სკალა შედგება 3 დებულებისგან („იმედგაცრუებას ვგრძნობ თუ ყველა საჭირო ინფორმაცია არ მაქვს“) სტრესისადმი ტოლერანტობის სკალა აერთიანებს 5 დებულებას („მიჭირს გაურკვეველი სიტუაციებისაგან გამოწვეულ სტრესტთან გამკლავება“) სოციალური ცნობისმოყვარეობა („მომწონს სხვისი ქცევის მიზეზების გაგება“) და მღელვარების ძიება („გარისკვა ჩემთვის სახალისოა“) ასევე შედგება 5-5 დებულებისგან.
თვითკონტროლის გასაზომად გამოყენებულ იქნა თვითკონტროლის მოკლე სკალა (Tangney, Baumeister & Boone., 2004), რომელიც შედგება 7 დებულებისგან („ ხანდახან სიამოვნება და გართობა ხელს მიშლის სამუშაოს შესრულებაში“) და თითოეული უნდა შეფასდა 1-5 ბალიან ლაიკერტის ტიპის სკალაზე, სადაც 1 ნიშნავს „სრულიად არ ვეთანხმები“, ხოლო 5 – „სრულიად ვეთანხმები“.
ურთიერთობაში სიახლოვის კითხვარი (Berscheid, Snyder & Omoto,1989) მოიცავდა 4 პუნქტს. პირველ სექციაში მოცემული იყო 4 კითხვა („გასული კვირის განმავლობაში, საშუალოდ დღეში რამდენი საათი გაატარეთ თქვენს პარტნიორთან/მეუღლესთან ერთად დილით?“) და მონაწილეებმა აღნიშნეს დაახლოებით რამდენი საათი გაატარეს მარტო თავიანთ პარტნიორთან დღის სხვადასხვა მონაკვეთში გასული კვირის განმავლობაში. მეორე პუნქტში ჩამოთვლილი 33 აქტივობიდან (წავედით რესტორანში; წავედით პროდუქტების საყიდლად; ვისეირნეთ) მათ აირჩიეს ისინი, რომლებიც განახორციელეს მარტო პარნიორთან ერთად გასული კვირის განმავლობაში. 27 დებულებისგან შემდგარ მესამე პუნქტში მონაწილეებმა 1-7 ბალიანი ლაიკერტის ტიპის სკალაზე (1 – „საერთოდ არ აქვს გავლენა“ 7 – „სრული გავლენა აქვს“) შეაფასეს პარტნიორს/მეუღლეს გავლენა მათ აზრებზე, გრძნობებსა და ქცევაზე. კითხვარის დასკვნითი ნაწილში, რომელიც მოიცავდა 6 დებულებას, 1-7 ბალიან ლაიკერტის ტიპის სკალაზე (1- „საერთოდ არ ზემოქმედებს“ 7 – „სრულიად ზემოქმედებს“) შეფასდა ის, თუ რამდენად ზემოქმედებს მეუღლე/პარტნიორი მონაწილის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე.
პარტნიორებს შორის კონფლიქტის კითხვარი (Zacchilli & S. Hendrick., 2009) შედგება 6 ქვესკალისა და 30 დებულებისგან, რომლებიც შეფასდა 1-5 ბალიან სკალაზე (1 – „სრულიად არ ვეთანხმები“ 5 – „სრულიად ვეთანხმები“) . კომპრომისი შედგება 14 დებულებისგან („ჩვენი კონფლიქტები, როგორც წესი, მთავრდება, როცა კომპრომისს მივაღწევთ“). დომინირების სკალა მოიცავს 6 დებულებას („როდესაც ჩვენ არ ვეთანხმებით, ჩემი მიზანია დავარწმუნო ჩემი პარტნიორი, რომ მართალი ვარ“) განშორება („როდესაც კონფლიქტი გვაქვს, ცოტა ხნით ვშორდებით ერთმანეთს „გაგრილების“ პერიოდისთვის“) და მორჩილება („როდესაც კონფლიქტი გვაქვს, მე ჩვეულებრივ ვემორჩილები ჩემს პარტნიორს“) აერთიანებს 5-5- დებულებას. 3 დებულებისგან შედგება აცილების ქვესკალა („პარტნიორთან უთანხმოებას ვერიდები“). დაბოლოს, რეაქტიული მგრძნობელობა 6 დებულებას მოიცავს („მე და ჩემს პარტნიორს ხშირი კონფლიქტები გვაქვს“).
თვითკონტროლის, ურთიერთობის სიახლოვისა და პარტნიორებს შორის კონფლიქტის კითხვარები ითარგმა ჩემ მიერ სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში. ხელმძღვანელთან, ნინო სხირტლაძესთან დისკუსიის შემდეგ კითხვარები გამოყენებულ იქნა კვლევის ინსტრუმენტებად.
მონაცემების დამუშავება
არსებული მონაცემები დამუშავდა სტატისტიკური პროგრამის SPSS-ის საშუალებით. პირველ ეტაპზე მიღებული მონაცემების ანალიზი განხორციელდა კითხვარების გასაღებების მიხედვით. ცნობისმოყვაროების შემთხვევაში თითოეული განზომილებისთვის გამოითვალა საშუალო ქულა, რომელიც გაანალიზდა დამოუკიდებლად. თვითკონტროლის შემთხვევაში კი გამოთვლილ იქნა თითოეული მონაწილის ქულათა ჯამი. რაც შეეხება ურთიერთობაში სიახლობეს, პირველი პუნქტის შემთხვევაში დაჯამდა დღის სამივე მონაკვეთში გატარებული საათების, მეორე პუნქტში კი ერთად გატარებული აქტივობების საერთო რაოდენობა. ბოლო ორი სკალის შემთხვევაში გამოითვალა ჯამური მაჩვენებელი. შემდეგ თითოეულ შედეგს მიენიჭა შესაბამისი ქულა (1-დან 10-მდე), რომელიც განისაზღვრება მკვლევართა მიერ შედგენილი ცხრილის მიხედვით. საბოლოოდ, გამოთვლილ იქნა სამივე სკალის ჯამური ქულა, მინიმალური მაჩვენებელი იყო 3, ხოლო მაქსიმალური 30. კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიების შემთხვევაში თითოეულ სკალისთვის ცალცალკე გამოითვალა ქულათა ჯამი.
მონაცემთა პირველადი დამუშავების შემდეგ გაკეთდა კორელაციური ანალიზი ცვლადებს შორის. შემდეგ ეტაპზე რეგრესიულ მოდელებში გააანალიზდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირის მქონდე პრედიქტორების (ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი) მიმართება შედეგის ცვლადებთან (ურთიერთობაში სიახლოვე, კომპრომისი, აცილება, განშორება, დომინირება, მორჩილება, რეაქტიული მგრძნობელობა).
შედეგები
პრედიქტორებს შორის მულტიკოლინეარობა არ აღინიშნა. სასიამოვნო ძიებასა და ურთიერთობაში სიახლოვეს შორის არ აღმოჩნდა კორელაცია. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა დეპრივაციისადმი მგრძნობელობისა და მღელვარების ძიების შემთხვევაში. ხოლო, სტრესისადმი ტოლერანტობა, სოციალურ ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი დადებით კორელაციაში აღმოჩნდა ურთიერთობაში სიახლოვესთან. შედეგის ცვლადთან სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კავშირის მქონე პრედიქტორები გაანალიზდა რეგრესიულ მოდელში.
სოციალური 5.13
ცნობისმოყვარეობა |
1.2 –
3 |
.139 | ||
მღელვარების ძიება 4.01 | 1.3 | – | .349*
* |
.112 |
თვითკონტროლი 21.8 | – | .120* | ||
ურთიერთობის სიახლოვე 16.9 | 3.2
6 |
ცხრილი 1.1. ცნობისმოყვარეობის და თვითკონტროლის კორელაცია ურთიერთობაში სიახლოვესთან
*p < .05, **p < 01; ***p < .001.
რეგრესიული დამუშავების შედეგად აღმოჩნდა, რომ სტრესისადმი ტოლერანტობა, სოციალური ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი ხსნის ურთიერთობაში სიახლოვის ქულებში ვარიაბილობის 28%-ს. რეგრესიის მოდელი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია (p<.001). სოციალურ ცნობისმოყვარეობას ჰქონდა ყველაზე მაღალი პრედიქტორული ღირებულება (B = .166, p = .000), შემდეგ თვითკონტროლს (B = .133, p = .000), ყველაზე მცირე კი სტრესისადმი ტოლერანტობას (B = .056, p = .011).
ცხრილი.1.2. რეგრესიული მოდელი ურთიერთობაში სიახლოვის შემთხვევაში.
ურთიერთობის სიახლოვე | |
სტრესისადმი ტოლერანტობა | .05* |
სოციალური ცნობისმოყვარეობა | .17*** |
თვითკონტროლი | .13*** |
*p < .05, **p < 01; ***p < .001.
კორელაციური ანალიზის შემდეგ თითოეული კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიის შემთხვევაში რეგრესიულ მოდელში შევიდა შედეგის ცვლადთან დაკავშირებული პრედიქტორები (იხ. ცხრილი 2.1)
ცხრილი 2.1. ცნობისმოყვარეობისა და თვითკონტროლის კორელაცია კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიებთან.
M | SD 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | |
სასია
მ.კვლ ევა |
5.3
9 |
.93 – | .070 | .22
4* |
.05
4 |
.346*
* |
.236
* |
.25 6** | .099 | .101 | .067 | –
.126 * |
–
.037 |
სტრე ს.ტო ლ | 3.6
6 |
1.3
1 |
– | .07
4 |
.13
3* |
.216*
.208* |
.033
.312 ** |
.10
8 |
–
.153 * |
–
.170 * |
–
.238 * |
–
.063 * |
–
.338 ** |
დეპრ ივ. მგრძ | 4.4
8 |
1.4
8 |
– | –
.146 |
–
.073 * |
–
.380 * |
–
.113 * |
–
.044 |
სოც.ც 5.1 1.2 – .139 .077 .15 .077 – – – –
ნ 3 3 8 .098 .101 .159 .142
მღელ 4.0 1.3 – .349 .10 .246 –
.ძიებ ა | 1 | 5 ** | 3 | * | .020 | * | * | |
თვი თკ. | 21.
8 |
3.4 –
9 |
.21
4* |
.343
** |
.154 | .146 | –
.055 |
–
.239 * |
*p < .05, **p < 01; ***p < .001.
კომპრომისის შემთხვევაში რეგრესიულ მოდელში შევიდა მხოლოდ ორი პრედიქტორი: სასიამოვნო კვლევა და თვითკონტროლი. პრედიქტორები კომპრომისში ვარიაბელობის 91%-ს ხსნის. რეგრესიის მოდელი აღმოჩნდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (p<.001). სასიამოვნო კვლევა კომპრომისი უფრო ძლიერი პრედიქტორია (B=.218, p = .000), ვიდრე თვითკონტროლი (B = .162, p = .001). არიდების შემთხვევაში მოდელში შევიდა ორი პრედიქტორი: დეპრივაციისადმი მგრძნობელობა და სტრესისადმი ტოლერანტობა. პრედიქტორები ხსნიან არიდების ქულებში ცვლილებათა 36%-ს და მაჩვენებელი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ცალკეულ ცვლადებს, სტრესისადმი ტოლერანტობა უარყოფითად წინასწარმეტყველებდა არიდებას (B = -.177, p = .007), ხოლო დეპრივაციისადმი მგრძნობელობა არ წინასწარმეტყველებდა (B = -.086, p = .386) კონფლიქტის გადაჭრის აღნიშნულ სტრატეგიას.
მორჩილების შემთხვევაში მოდელში შევიდა ოთხი პრედიქტორი: სტრესისადმი ტოლერანტობა, დეპრივაციული მგრძნობელობა, სოციალური ცნობისმოყვარეობა და მღელვარების ძიება. პრედიქტორები ხსნიან მორჩილების ქულებში ცვილებათა 60% – ს. სტრესისამდი ტოლერანტობას ყველაზე მაღალი პრედიქტორული ღირებულება ჰქონდა (B = -.305, p = .002 ). მღელვარების ძიების პრედიქტორული ღირებულება (B = .299 , p = .003) აღემატებოდა დეპრივაციული მგრძნობელობის (B = – .123, p = .014) მაჩვენებელს. ხოლო სოციალური ცნობისმოყვარეობას არ აღმოქჩნდა (B = – .103 p = 081) პრედიქტორული ღირებულება.
განშორების შემთხვევაში რეგრესიაში შევიდა ხუთი პრედიქტორი: სასიამოვნო ძიება, სტრესისადმი ტოლერანტობა, დეპრივაციული მგრძნობელობა, მღელვარების ძიება და სოციალური ცნობისმოყვარეობა. პრედიქტორები განშორების ქულებში ვარიაბელობის 81%-ს ხსნიან. რეგრესიული მოდელი აღწევს სტატისტიკურ მნიშვნელოვნებას (p<.01) ყველაზე მაღალი პრედიქტორული ღირებულება აღმოაჩნდა მღელვარების ძიებას (B = .325, p = .003), ხოლო შემდეგ სოციალურ ცნობისმოყვარეობასა (B = -.191 p = .005) და დეპრივაციული მგრძნობელობას (B = -139, p = 001). სტრესისადმი ტოლერანტობამ (B = – .176, p = .081) და სასიამოვნო ძიებამ კი ვერ იწინასწარმეტყველა განშორება (B = – 065, p = 532).
სტრესისადმი ტოლერანტობა, მღელვარების ძიება და თვითკონტროლი შევიდა რეგრესიულ მოდელში დომინანტობის შემთხვევაში. პრედიქტორები ხსნიან დომინანტობის ქულებში ცვლილებათა 16%-ს. რეგრესიული მოდელი აღმოჩნდა სტატისტიკურად მნიშნელოვანი (p<.01). უფრო მაღალი პრედიქტორული ღირებულება აღმოჩნდა თვითკონტროლის შემთხვევაში (B =.270, p = .011 ), მღელვარების ძიება უფრო კარგად წინასწარმეტყველებს (B = .191, p = .002) დომინანტობას, ვიდრე სტრესისადმი ტოლერანტობა (B = – .185, p = 014).
რეაქტიულობის შემთხვევაში პრედიქტორები ხსნიან ცვლილებათა 52%-ს. რეგრესიული მოდელი ამ შეთხვევაშიც სტატისტიკურად სანდოა ( p<.01) მაღალი პრედიქტორული ღირებულება აღმოაჩნდა სტრესისადმი ტოლერანტობას (B =-.325, p = .001 ). თვითკონტროლის პრედიქტორული ღირებულება აღწევს სტატისტიკურად მნიშვნელოვან მაჩვენებელს (B = -.142 p = .001), განსხვავებით სოციალური ცნობისმოყვარეობისა (B=.095, p=.995)
ცხრილი.2.2. რეგრესიული მოდელი კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიების შემთხვევაში.
კომპრომისი განშორება არიდება მორჩილება დომინანტობა რეაქტიულობა
სასიამოვნო კვლევა | .218*** | -.065 | – | – | – | – |
სტრესისადმი ტოლერანტობა | – | -.176 | -.177* | -.305* | .-185* | .-325* |
დეპრივაციისადმი მგრძნობელობა | – | -.139* | -.086 | -.123* | – | – |
მღელვარების ძიება | – | -.191* | – | .299* | .191* | |
სოციალური
ცნობისმოყვარეობა |
.325* | – | – .103 | – | .095 | |
თვითკონტროლი .162* | – | – | – | .270* | .142* |
*p < .05, **p < 01; ***p < .001.
შედეგების ინტერპრეტაცია
მიღებული შედეგის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო მაღალია სოციალური ცნობისმოყვარეობა და სტრესისადმი ტოლერანტობა მით უფრო მაღალია პარტნიორთან აღქმული სიახლოვის მაჩვენებელი. როგორც აღმოჩნდა, სოციალური ცნობისმოყვარეობა ყველაზე კარგად წინასწარმეტყველებს სიახლოვეს ურთიერთობაში. ეს შედეგები მოსალოდნელი იყო, რადგან ცნობისმოყვარეობის აღნიშნული ტიპი გულისხმობს დაინტერესებას მეორე ადამიანის ქცევებით, ემოციებითა და აზრებით, რაც პარტნიორს თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს და ხელს უწყობს თვითგაფართოებას. სტრესისადმი ტოლერანტობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანს აქვს თვითრწმენა, რომ შეუძლია გაუმკლავდეს და უფრო მეტიც სასარგებლოდ გამოიყენოს დაძაბულობა თუ შფოთვა, რაც სავარაუდოდ შექმნის უსაფრთხოების და დაცულობის განცდას და გააჩენს იმედს, რომ პარტნიორი სამომავლოდაც გააგრძელებს მათი კეთილდღეობის დაცვას, რაც თავის მხრივ, ურთიერთობაში სიახლოვის ფუნქციას უკავშირდება. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ სტრესისადმი ტოლერანტობის მაღალმა მაჩვენებელმა დადებითად იწინასწარმეტყველა ურთიერთობაში სიახლოვე.
ჰიპოთეზის საწინააღმდეგოდ სასიამოვნო ძიება, დეპრივაციული მგრძნობელობა და ამაღელვებელი ძიება არ აღმოჩნდნენ დაკავშირებული ურთიერთობაში სიახლოვესთან. ვფიქრობ, სამყაროს შესწავლისკენ სწრაფვამ, რასაც მოიაზრებს სასიამოვნო ძიება, შესაძლებელია ადამიანის ფოკუსი მისი პარტნიორიდან და ურთიერთობიდან გადაიტანოს გარეგან მოვლენებზე, რაც პირადი მნიშნელოვნების განცდას, თვითგახსნისა და თვითგაფართოების ალბათობას შეამცირებს. სხვა მხრივ, სამყაროს წვდომის და ახლის შესწავლისკენ სწრაფვამ შესაძლებელია განაპირობოს ნაკლები დროის და საერთო აქტივობების განხორციელება პარტნიორთან ერთად. ეს ყველაფერი კი ურთიერთობის სიახლოვის მნისვნელოვანი კომპონენტებია. დეპრივაციისადმი მგრძნობელობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანები კი განიცდიან დისკომფორტს და გაღიზიანებას, სანამ არ შეივსებენ ინფორმაციულ ხარვეზებს (Litman, 2005). ხოლო, საკუთარი დისკომფორტის შემცირების მიზნით პარტნიორით დაინტერესებამ და მხოლოდ ინფორმაციის შევსებამ, შესაძლებელია ამ უკანასკნელს, ერთი მხრივ, არ აგრძნობინოს თავი მნიშვნელოვნად, მეორე მხრივ კი ხელს არ შეეწყობა თვითგაფართოებას. ურთიერთობის სიახლოვისთვის კი ორივე ასპექტის არსებობა მნიშვნელოვანია. მასლოუს თანახმად, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ, მეორე მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა როგორც ფიზიკური, ისე ემოციური უსაფრთხოებისა და დაცულობის განცდა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა ინტერპერსონალური, განსაკუთრებით კი ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობები. ამაღელვებელი ძიების შემთხვევაში სარისკო ქცევებისკენ მიდრეკილი ინდივიდი შეიძლება ჩაებას ისეთ საქმიანობაში, რომელიც მართლაც დამაზიანებელი იქნება ურთიერთობისთვის ანდა პარტნიორის მიერ აღიქმება როგორც საფრთხის შემცველი, შესაბამისად უსაფრთხოების და დაცულობის მოთხოვნილებას, ისევე როგორც ურთიერთობაში სიახლოვის აღქმას ადგება ზიანი. მეორე მხრივ, ურთიერთობებში ყოველთვის შესაძლებელი არაა მაღალი ინტენსივობის აქტივობებში ჩართვა და დაბალი აღგზნების აქტივობებმაც, როგორიცაა მაგალითად საინტერესო საუბრები პარტნიორთან შესაძლებელია ხელი შეუწყოს თვითგაფართოებას (Tomlinson et al.,2019, Coulter & Malouff, 2013). თუმცა, მღელვარების ძიების მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანისთვის, სავარაუდოდ დაბალი აღგზნების აქტივობები არ იქნება მისი იმპულსების ხანგძლივად დამაკმაყოფილებელი და მას ექნება სწრაფვა ურთიერთობის გარეთ ამაღელვებელი გამოცდილების მიღებისკენ.
ჰიპოთეზის შესაბამისად თვითკონტროლმა დადებითად იწინასწარმეტყველა ურთიერთობაში სიახლოვე. საკუთარი ქცევების, ემოციებისა და აზრების ცვლილება სხვადასხვა კონტექსტში, განსაკუთრებით კი დაძაბულობისა და კონფლიქტის დროს, ლოგიკურია რომ ხელს შეუწყობს ურთიერთობაში სიახლოვეს. გარდა ამისა, როგორც ურთიერთობაში სიახლოვის კვლევისას აღმოჩდა, ცნობისმოყვარე ადამიანები იყენებენ თვითკონტროლის სხვადასხვა სტრატეგიას, რათა უინტერესო საუბრები გარდაქმნან უფრო მეტად საინტერესოდ და ხელი შეუწყონ თვითგაფართოებას.
კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სასიამოვნო კვლევა და თვითკონტროლი წინასწარმეტყველებს კომპრომისს, ხოლო სოციალური ცნობისმოყვარეობა არ აღმოჩნდა დაკავშირებიული კომპრომისთან. ის ვინც აქტიურად იკვლევს სამყაროს და ფლობს მეტ ინფორმაციას, ხასიათდებიამ უფრო მეტი კოგნიტური მოქნილობით, რაც შესაძლებელია ხელს უწყობთ მათ მიერ კომპრომისზე წასვლას კონფლიქტებისას.
არიდებისა და მორჩილების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სტრესისადმი ტოლერანტობა წინასწარმეტყველებს მას უარყოფითად. სხვა სიტყვებით, ის, ვინც კარგად უმკლავდება კონფლიქტისგან გამოწვეულ დაძაბულობასა და სტრესს, მით უფრო ნაკლებად არიდებს თავს პარტნიორთან კონფლიქტს და უფრო ნაკლებად ემორჩილება მას. ჰიპოთეზის საწინააღმდეგოდ აღმოჩნდა, რომ მღელვარების ძიება დადებითად წინასწარმეტყველებს მორჩილებას. ვფიქრობ ამგავრი შედეგის მიზეზი შესაძლებელია იყოს ინდივიდუალური განსხვავებები, კერძოდ პარტნიორისადმი დაქვემდებარება შესაძლებელია იწვევდეს გარკვეულ ინტენსიურ ემოციებს ზოგიერთ ადამიანში, თუმცა ეს საკითხი საჭიროებს სამომავლო კვლევას.
მღელვარების ძიებამ ჰიპოთეზის საწინააღმდეგოდ, დადებითად იწინასწარმეტყველა განშორება მაღალი პრედიქტორული მაჩვენებლით. სავარაუდოდ, კონფლიქტური სიტუაციისგან გარეთ რისკისა და ინტენსიური ემოციების განცდისკენ სწრაფვა უფრო მეტად ზრდის, ვიდრე ამცირებს განშორების ალბათობას. ჰიპოთეზის სასარგებლოდ აღმოჩნდა, რომ სოციალური ცნობისმოყვარეობის მაღალი მაჩვენებელი ამცირებს განშორების ალბათობას ისევე, როგორც დეპრივაციული მგრძნობელობა. დროებითმა განშორებამ შესაძლებელია უფრო გაამწვავოს ის ნეგატირუი ემოციები, რომელიც ახასიათებს დეპრივაციისადმი მგრძნობელობის მაღალ მაჩვენებელის მქონე ადამიანი არასრული ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში და აქედან გამომდინარე ისინი სავარაუდოდ ამჯობინებენ კონფლიქტის პროცესში ყოფნას.
მღელვარების ძიების მაღალი მაჩვენებელი მართლაც წინასწარმეტყველებს დომინანტობას პარტნიორთად კონფლიქტისას, ხოლო ინტერაქციულ რეაქტიულობასთან კავშირი არ აღმოჩნდა. ჰიპოთეზის შესაბამისად, აღმოჩნდა, რომ რაც უფრო კარგად უმკლავდება ინდივიდი კონფლიქტური სიტუაციისგან გამოწვეულ სტრესს მით უფრო ნაკლებად ამოძრავებს მას პარტნიორზე დომინირებისა და გამარჯვების მოტივი და ნაკლებად იყენებს გადაჭრის დესტრუქციულ მეთოდებს.
განხილულ ლიტერატურისა და ჰიპოთეზის შესაბამისად თვითკონტროლმა დადებითად იწინასწარმეტყველა კონფლიქტის გადაჭრის კონსტრუქციული სტრატეგია, კომპრომისი, ხოლო უარყოფითად – დესტრუქციული მეთოდი, რეაქტიული მგრძნობელობა. რაც შეეხება დომინანტობას, აღმოჩნდა რომ რაც უფრო მეტად კარგად შეუძლია ადამიანს თვითკონტოროლი, მით უფრო მეტად შეუძლია პარტნიორზე ლიდერობა. როგორც აღმოჩნდა, თვითკონტროლი არ წარმოადგენს იმ ფაქტორს, რომელიც წინასწარმეტყველებს აცილების, განშორებისა და მორჩილების ტენდენციებს კონფლიქტისას. სავარაუდოდ, თვითკონტროლის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანი უფრო მეტად მიმართავს თანამშრომლობით სტრატეგიებს და იმგვარად ცვლის საპასუხო რეაქციას კონფლიქტისას, რომ საჭირო აღარ ხდება დროებითი განშორება. ასევე, ადამიანი რომელსაც სჯერა, რომ შეუძლია სიტუაციის მართვა და კონტროლი ნაკლებად აიცილებს კონფლიქტურ სიტუაციებს.
მიმდინარე კვლევას აქვს რამდენიმე შეზღუდვა. პირველი შეზღუდვა ეხება კითხვარების შევსების ონლაინ ფორმატს, რაც არ იძლევა დამატებითი ცვლადების კონტროლის საშუალებას. შედეგებზე შესაძლებელია ემოქმედა სოციალურ სასურველობასაც. საკვლევ ინსტრუმენტში არ შეიცავდა ინფორმაციას ურთიერთობის სტატუსისა და ხანგძლივობის შესახებ, რომელიც გარკვეულწილად გავლენას ახდენს ურთიერთობაში სიახლოვესა და კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიებზე. კვლევის კიდევ ერთ შეზღუდვას წარმოადგენს ის, რომ მონაწილეთა უმრავლესობა სავარაუდოდ წყვილიდან მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, რაც არ იძლევა სრულყოფილ სურათს. ურთიერთობაში სიახლოვის კითხვარის (Berscheid, Snyder, & Omoto.,1989) პირველი პუნქტის შედეგებს ქულები მიენიჭა მკვლევართა მიერ შემუშავებული რანჟირებით, რომელიც ვარირებდა 0 წუთიდან 1200 წუთამდე. შესაბამისად, ამოღებულ იქნა ის მონაცემები, რომელთა ჯამური მაჩვენებლი აჭარბებდა 20 საათს. სამომავლო კვლევისთვის უკეთესი იქნება ურთიერთობის სიახლოვის საკვლევად ქართულ პოპულაციაზე მორგებული კითხვარის გამოყენება.
სამომავლოდ ანალოგიური კვლევის განმეორება უფრო ფართო შერჩევაზე, ურთიერთობის ხანგძლივობისა და სტატუსის გამოყოფა, ასევე წყვილში ორივესგან ინფორმაციის მიღება უფრო მრავალფეროვან და სანდო შედეგებს მოგვცემს. როგორც აღმოჩნა, წყვილში თვითკონტროლის საერთო დონე ურთიერთობის ხარისხის საუკეთესო პრედიქტორი იყო (Vohs et al., 2011). სამომავლოდ შესაძლებელია ლონგიტუდური კვლევის ჩატარება ცნობისმოყვარეობისა და თვითკონტროლის შესახებ და იმის დადგენა, როგორც იცვლება ორივე მაჩვენებელი ურთიერთობის ხანგძლივობისა და სტატუსის ცვლილების შედეგად. აღმოჩნდა, რომ წყვილებში თვითკონტროლის დონე იზრდება დაოჯახების პირველ წლებში და ქორწინება შეიძლება იყოს თვითკონტროლის გამომუშავების საფუძველი (Pronk et al., 2019). ასევე, საინტერესო იქნება მედიაციური კვლევის ჩატარება და იმის დადგენა ასრულებს თუ არა თვითკონტროლი შუამავლის როლს ცნობისმოყვარეობასა და ურთიერთობის სიახლოვეს შორის.
დასკვნა
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ურთიერთობაში სიახლოვის განცდასა და კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიების გამოყენებაში. ცნობისმოყვარეობის ტიპები, ისევე როგორც თვითკონტროლი განსხვავებულ შედეგებს იძლევა სხვადასხვა სახის კონფლიქტის გადაჭრის სტრატეგიის შემთხვევაში. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ცნობისმოყვარეობა და თვითკონტროლი თავიანთი მახასიათებლებიდან გამომდინარე მეტწილად უზრუნველყოფენ სიახლოვეს პარტნიორებს შორის და ხელს უწყობენ კონფლიქტის კონსტრუქციულად გადაჭრას.
გამოყენებული ლიტერატურა:
Aron, A. P., Mashek, D. J., & Aron, E. N. (2004). Closeness as including other in the self. In Handbook of closeness and intimacy (pp. 37-52). Psychology Press.
Aron, A., & Aron, E. N. (2014). Self and self-expansion in relationships. In Knowledge structures in close relationships (pp. 325-344). Psychology Press.
Berscheid, E., Snyder, M., & Omoto, A. M. (1989). The Relationship Closeness Inventory: Assessing the closeness of interpersonal relationships. Journal of personality and Social Psychology, 57(5), 792.
Borecka-Biernat, D., & Čiuladienė, G. (2015). The role of anger, fear and curiosity in various conflict resolution strategies. Kultura i Edukacja, 110(4), 9-29.
Ben-Ze’ev, A. (2023). In Defense of Moderate Romantic Curiosity and Information Avoidance: A Conceptual Outlook of Balanced Curiosity. The Journal of Psychology, 1-
17.
Coulter, K. & Malouff, J.M. (2013) Effects of an Intervention Designed to Enhance Romantic Relationship Excitement: A Randomized-Control Trial. Couple and Family Psychology:
Research and Practice, 2, 34-44.
Cheung, A. K., Chiu, T. Y., & Choi, S. Y. (2022). Couples’ self-control and marital conflict:
Does similarity, complementarity, or totality matter more? Social Science Research, 102.
DeVito, J. A., & DeVito, J. (2007). Interpersonal Conflict and Conflict Management. In The interpersonal communication book (pp.291-310).
Duckworth, A. L., Gendler, T. S., & Gross, J. J. (2016). Situational strategies for self-control. Perspectives on Psychological Science, 11(1), 35-55.
Hebert, M. (2022). Curiosity and interesting conversations as factors that reduce relational boredom in intimate relationships (Doctoral dissertation, Carleton University).
Inzlicht, M., Werner, K. M., Briskin, J. L., & Roberts, B. W. (2021). Integrating models of self-regulation. Annual review of psychology, 72, 319-345.
Jackson-Dwyer, D. (2013). friendship and kinship. In Interpersonal relationships (pp. 83-84) Routledge.
Jostmann, N. B., Koole, S. L., Van Der Wulp, N. Y., & Fockenberg, D. A. (2005). Subliminal affect regulation: The moderating role of action vs. state orientation. European Psychologist, 10(3), 209-217.
Kashdan, T. B., & Roberts, J. E. (2004). Trait and state curiosity in the genesis of intimacy: Differentiation from related constructs. Journal of Social and Clinical Psychology, 23(6), 792-816.
Kim-Jo, T., Benet-Martínez, V., & Ozer, D. J. (2010). Culture and interpersonal conflict resolution styles: Role of acculturation. Journal of Cross-Cultural Psychology, 41(2), 264269.
Kashdan, T. B., McKnight, P. E., Fincham, F. D., & Rose, P. (2011). When curiosity breeds intimacy: Taking advantage of intimacy opportunities and transforming boring conversations. Journal of Personality, 79(6), 1369-1402.
Kashdan, T. B., DeWall, C. N., Pond, R. S., Silvia, P. J., Lambert, N. M., Fincham, F. D., & Keller, P. S. (2013). Curiosity protects against interpersonal aggression: Cross‐sectional, daily process, and behavioral evidence. Journal of Personality, 81(1), 87-102.
Kashdan, T. B., Sherman, R. A., Yarbro, J., & Funder, D. C. (2013). How are curious people viewed and how do they behave in social situations? From the perspectives of self, friends, parents, and unacquainted observers. Journal of personality, 81(2), 142-154.
Kashdan, T. B., Disabato, D., Goodman, F., & McKnight, P. (2019). The Five-Dimensional Curiosity Scale Revised (5DCR): Briefer subscales while separating general overt and covert social curiosity.
Kashdan, T.B., Stiksma, M.C., Disabato, D., McKnight, P.E., Bekier, J., Kaji, J., & Lazarus, R. (2018). The five-dimensional curiosity scale: Capturing the bandwidth of curiosity and identifying four unique subgroups of curious people. Journal of Research in Personality; Loewenstein, G. (1994). The psychology of curiosity: A review and reinterpretation. Psychological Bulletin, 116(1), 75–98
Lauriola, M., Litman, J. A., Mussel, P., De Santis, R., Crowson, H. M., & Hoffman, R. R.
(2015). Epistemic curiosity and self-regulation. Personality and Individual
Differences, 83, 202-207
Moland, M. (2011). Conflict and satisfaction in romantic relationships.
Morean, M. E., DeMartini, K. S., Leeman, R. F., Pearlson, G. D., Anticevic, A., Krishnan-
Sarin, S., … Krystal, J. H. (2014). Brief Self-Control Scale-Alternative Version
Meyer, D., & Sledge, R. (2022). The Relationship Between Conflict Topics and Romantic Relationship Dynamics. Journal of Family Issues, 43(2), 306-323.
Pronk, T. M., Finkenauer, C., & Kuijer, R. G. (2017). Self-regulation in close relationships. In Foundations for Couples’ Therapy (pp. 345-354). Routledge.
Righetti, F., & Finkenauer, C. (2011). If you are able to control yourself, I will trust you: the role of perceived self-control in interpersonal trust. Journal of personality and social
psychology, 100(5), 874.
Silvia, P. J. (2008). Appraisal components and emotion traits: Examining the appraisal basis of trait curiosity. Cognition and Emotion, 22(1), 94-113.
Silvia, P. J. (2019). Curiosity and motivation. In R. M. Ryan (Ed.), The Oxford handbook of human motivation (157–167). Oxford University Press.
Vangelisti, A. L. (2002). Interpersonal processes in romantic relationships. Handbook of interpersonal communication, 3, 643-679.
Vohs, K. D., Finkenauer, C., & Baumeister, R. F. (2011). The sum of friends’ and lovers’ selfcontrol scores predicts relationship quality. Social Psychological and Personality Science, 2(2), 138-145.
Wong, S., & Goodwin, R. (2009). Experiencing marital satisfaction across three cultures: A qualitative study. Journal of Social and Personal Relationships, 26(8), 1011-1028.
Zimmerman, B. (1999) Attaining a Self-Regulation. A Social Cognitive Perspective. In
Baumeister, Pintrich, Zeidner Handbook of Self-Regulation(13-17). Elsevier
Zacchilli, T. L., Hendrick, C., & Hendrick, S. S. (2009). The romantic partner conflict scale: A new scale to measure relationship conflict. Journal of Social and Personal Relationships, 26(8), 1073-1096.
დანართი
კითხვარები (თარგმნილი ჩემ მიერ სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში)
- მოკლე თვითკონტროლის სკალა (Tangney, Baumeister & Boone., 2004) ინსტრუქცია: გთხოვთ, სკალაზე, სადაც 1 – ნიშნავს სრულიად არ ვეთანხმები, ხოლო
5 – ვეთანხმები, მონიშნოთ თქვენთვის სასურველი პასუხი თითოეულ დებულებასთან მიმართებაში;
- კარგად ვეწინააღმდეგები ცდუნებას.
- ვაკეთებ რაღაცებს, რაც ჩემთვის ცუდია, თუმცა ამავდროულად სახალისოა.
- ხალხი იტყვის, რომ რკინის თვითდისციპლინა მაქვს.
- ხანდახან სიამოვნება და გართობა ხელს მიშლის სამუშაოს შესრულებაში;
- შემიძლია ეფექტურად ვიმუშაო გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.
- ზოგჯერ თავს ვერ ვიკავებ და ვაკეთებ ისეთ რამეს, რაც ვიცი, არასწორია.
- მე ხშირად ვმოქმედებ ყველა ალტერნატივაზე ფიქრის გარეშე.
- ურთიერთობაში სიახლოვის კითხვარი (Berscheid, Snyder, & Omoto.,1989) ინსტრუქცია: კითხვარი აფასებს დროს, რომელსაც ჩვეულებრივ ატარებთ მარტო თქვენს მეუღლესთან ან პარტნიორთან ერთად დღის განმავლობაში. გთხოვთ, მიუთითოთ საშუალო დრო, რომელიც გაატარეთ მარტო, სხვა ადამიანების გარეშე თქვენს პარტნიორთან ერთად გასული კვირის განმავლობაში. თუ არ გაგიტარებიათ მითითებულ მონაკვეთში გარკვეული დრო თქვენს პარტნიორთან ერთად დაწერეთ 0 საათი და 0 წუთი.
- გასული კვირის განმავლობაში, საშუალოდ დღეში რამდენი საათი გაატარეთ თქვენს პარტნიორთან/მეუღლესთან ერთად დილით (მაგ. გაღვიძებიდან შუადღის 12 საათამდე)? ______საათ(ები) ______ წუთი
- გასული კვირის განმავლობაში, საშუალოდ დღეში რამდენი საათი გაატარეთ მარტო თქვენს პარტნიორთან/მეუღლესთან ერთად შუადღეს? (მაგ. შუადღის 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე)? ______საათ(ები) ______ წუთი
- გასული კვირის განმავლობაში, საშუალოდ დღეში რამდენი საათი გაატარეთ მარტო თქვენს პარტნიორთან/მეუღლესთან ერთად საღამოს (მაგ. საღამოს 6 საათიდან დაძინებამდე)? ______საათ(ები) ______ წუთი
ინსტრუქცია: ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა აქტივობის ჩამონათვალი. გთხოვთ, მონიშნოთ ყველა ის აქტივობა, რომლებშიც ჩაერთეთ პარტნიორთან/მეუღლესთან ერთად გასულ კვირაში. მონიშნეთ მხოლოდ ის აქტივობები, რომლებიც განახორციელეთ თქვენს პარტნიორთან/მეუღლესთან ერთად მარტო და არა სხვებთან ერთად.
- ვისაუბრეთ ტელეფონზე;
- მოვამზადეთ საჭმელი;
- ვიყავით კინოში;
- ვუყურეთ ტელევიზორს;
- ვჭამეთ;
- მონაწილეობა მივიღეთ სპორტულ აქტივობებში;
- დავესწარით ლექციას ან პრეზენტაციას რაიმე თემაზე;
- წავედით რესტორანში;
- წავედით სათამაშოდ;
- წავედით პროდუქტების საყიდლად;
- წავედით ბარში;
- ვიყავით სასეირნოდ ფეხით/მანქანით;
- ვესტუმრეთ ჩვენს ოჯახებს;
- განვიხილეთ პირადი საკითხები;
- ვესტუმრეთ მეგობრებს;
- წავედით მუზეუმში/გამოფენაზე;
- წავედით წიგნების, ტექნიკის ან სხვა მაღაზიაში;
- დავგეგმეთ წვეულება/სოციალური ღონისძიება;
- ვითამაშეთ სამაგიდო თამაშები;
- დავესწარით სპორტულ ღონისძიებას;
- წავედით ქალაქგარეთ;
- ვივარჯიშეთ;
- დავალაგეთ სახლი;
- წავედით პიკნიკზე/სანაპიროზე/ზოოპარკში;
- ვიყავით ეკლესიაში;
- ვიყავით ლაშქრობაზე, ვინადირეთ ან ვითევზავეთ;
- წავედით კონცერტზე;
- გვქონდა სექსუალური ურთიერთობა;
- წავედით საცეკვაოდ;
- განვიხილეთ არაპირადული საკითხები;
- წავედით წვეულებაზე;
- წავედით საშოპინგოდ;
- დავუკარით/ვიმღერეთ
ინსტრუქცია: შემდეგი კითხვები ეხება პარტნიორის/მეუღლის გავლენას თქვენს აზრებზე, გრძნობებსა და ქცევაზე. გთხოვთ, მიუთითოთ რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით თითოეულ დებულებას ქვემოთ მოცემულ სკალაზე, სადაც 0 ნიშნავს რომ სრულიად არ ეთანხმებით, ხოლო 7 – სრულიად ეთანხმებით.
ჩემი პარტნიორი/მეუღლე….
- გავლენას მოახდენს ჩემს სამომავლო ფინანსურ კეთილდღეობაზე;
- არ ახდენს გავლენას ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე ყოველდღიურ მოვლენებზე;
- გავლენას ახდენს ჩემს ცხოვრებაში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე;
- გავლენას ახდენს იმაზე, თუ რომელ წვეულებას და სხვა სოციალურ ღონისძიებას დავესწრო;
- გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩვენს ურთიერთობაში
- არ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რამდენ დროს ვხარჯავ სახლის საქმიანობაზე;
- არ ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ ვხარჯავ ფულს;
- გავლენას ახდენს იმაზე, როგორ ვარ განწყობილი საკუთარი თავისადმი;
- არ ახდენს გავლენას ჩემს ხასიათებზე;
- ახდენს გავლენას ჩემს ძირითად ღირებულებებზე;
- არ ახდენს გავლენას სხვა მნიშვნელოვანი ადამიანის შესახებ არსებულ ჩემს აზრზე;
- არ ახდენს გავლენას იმაზე, თუ როდის ვნახავ და რა დროს ვატარებ ჩემს ოჯახთან ერთად;
- ახდენს გავლენას იმაზე თუ, როდის ვნახავ და რა დროს გავატარებ მეგობრებთან ერთად;
- არ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რომელ მეგობარს ვნახავ;
- არ ახდენს გავლენას ჩემს კარიერულ არჩევანზე;
- გავლენას ახდენს ან მოახდენს იმაზე, თუ რამდენ დროს ვუთმობ/დავუთმობ ჩემს კარიერას;
- არ მოახდენს გავლენას იმაზე, რომ გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობა დავსაქმდე კარგ სამსახურში;
- გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვარ განწყობილი მომავლისადმი;
- არ აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდიოს იმაზე, თუ როგორ მოვიქცე სხვადასხვა სიტუაციაში;
- გავლენას ახდენს ჩემს საერთო ბედნიერებაზე და ხელს უწყობს მას
- არ ახდენს გავლენას ჩემს მიმდინარე ფინანსურ კეთილდღეობაზე;
- გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გავატარო ჩემი თავისუფალი დრო;
- გავლენას ახდენს იმაზე,თუ როდის ვნახავ მას და რამდენ დროს გავატარებთ ერთად;
- არ ახდენს გავლენას ჩემს ჩაცმულობაზე;
- გავლენას ახდენს თუ როგორ მაქვს სახლი მოწყობილი;
- გავლენას არ ახდენს იმაზე, თუ სად ვცხოვრობ;
- გავლენას ახდენს იმაზე, თუ რას ვუყურებ ტელევიზორში.
ინსტრუქცია: გთხოვთ, შეაფასოთ, რამდენად ზემოქმედებს თქვენი მეუღლე/პარტნიორი თქვენს სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე. თითოეული დებულებისთვის მონიშნეთ შესაბამისი პასუხი სკალაზე, სადაც 1 ნიშნავს რომ საერთოდ არ ზემოქმედებს, ხოლო 7 -ძალიან ზემოქმედებს.
პარტნიორი/მეუღლე ზემოქმედებს ჩემს გეგმებზე, რომლებიც დაკავშირებულია:
- ჩემს ჩვებულებასთან;
- ბავშვების ყოლასთან;
- მნიშვნელოვანი ინვესტირებასთან (შენაძენების) შესახებ;
- რაიმე სოციალურ ორგანიზაციასა ან კლუბში გაწევრიანებასთან;
- სწავლასთან;
- გარკვეული სახის ფინანსური კეთილდღეობის მიღწევასთან
- პარტნიორებს შორის კონფლიქტის კითხვარი (Zacchilli & S. Hendrick., 2009) ინსტრუქცია: გთხოვთ, სკალაზე, სადაც 1 – ნიშნავს სრულიად არ ვეთანხმები, ხოლო 5 – სრულიად ვეთანხმები, მონიშნოთ პასუხი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენი და თქვენი პარტნიორის/მეუღლის ურთიერთობას.
- ჩვენ ვცდილობთ ვითანამშრომლოთ, რათა მივაღწიოთ კონფლიქტის ერთობლივ გადაწყვეტას.
- კონფლიქტის მოსაგვარებლად, ჩვენ ვცდილობთ კომპრომისის მიღწევას;
- როდესაც არ ვეთანხმებით ერთმანეთს , ისეთი გამოსავლის პოვნაზე ვმუშაობთ, რომელიც ორივეს გვაკმაყოფილებს;
- როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით, ჩემი მიზანია დავარწმუნო ჩემი პარტნიორი, რომ მართალი ვარ;
- ჩვენ ხშირად ვწყვეტთ კონფლიქტს პრობლემის შესახებ საუბრით;
- კომპრომისი არის საუკეთესო გზა ჩემსა და პარტნიორს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად;
- მე და ჩემი პარტნიორი მოლაპარაკების გზით ვაგვარებთ ჩვენს უთანხმოებებს;
- როდესაც ვკამათობთ, ვცდილობ მე ავიღო სიტუაციის სადავეები;
- როდესაც კონფლიქტი გვაქვს, ვცდილობ, ჩემს პარტნიორს ვუბიძგო, აირჩიოს საუკეთესო გამოსავალი, რომელიც ჩემი აზრით საუკეთესოა;
- პარტნიორთან უთანხმოებას ვერიდები;
- როდესაც მე და ჩემი პარტნიორი არ ვეთანხმებით, ჩვენ განვიხილავთ საკითხის ორივე მხარეს;
- მე იშვიათად ვუშვებ რომ ჩემმა პარტნიორმა კამათში მომიგოს;
- ჩვენი კონფლიქტები, როგორც წესი, მთავრდება, როცა კომპრომისს მივაღწევთ;
- როდესაც ვკამათობთ, ჩემს პარტნიორს ვახვედრებ რომ მე ვარ წამყვანი;
- როდესაც ვკამათობთ, მე ჩვეულებრივ ვცდილობ ჩემი პარტნიორის და არა ჩემი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას;
- როცა ვკამათობთ ან ვჩხუბობთ, ვცდილობ გავიმარჯვო;
- მე და ჩემი პარტნიორი ვცდილობთ თავი ავარიდოთ კამათს;
- ჩემსა და ჩემს პარტნიორს შორის კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზა შუალედის პოვნაა;
- როცა რაიმე საკითხზე არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მე ვემორჩილები ჩემს პარტნიორს;
- როდესაც კონფლიქტს განვიცდით, ვაძლევთ ერთმანეთს გაგრილებას, სანამ შემდგომ განვიხილავთ მას;
- გარკვეული პერიოდის განმავლობაში განცალკევებამ შეიძლება კარგად იმოქმედოს, რათა ჩვენი კონფლიქტები გაცივდეს;
- როდესაც კონფლიქტი გვაქვს, მე ჩვეულებრივ ჩემს პარტნიორს ვემორჩილები;
- პარტნიორთან კონფლიქტს ვერიდები;
- ზოგჯერ ჩემს პარტნიორს მხოლოდ იმიტომ ვეთანხმები, რომ კონფლიქტი დასრულდეს;
- მე და ჩემს პარტნიორს ხშირი კონფლიქტები გვაქვს;
- ჩვენი კონფლიქტები, როგორც წესი, საკმაოდ დიდხანს გრძელდება;
- როცა მე და ჩემი პარტნიორი არ ვეთანხმებით, ხმამაღლა ვკამათობთ;
- მე ძალიან განვიცდი ჩემს პარტნიორთან კონფლიქტს;
- სიტყვიერ შეურაცხყოფას ვაყენებ ჩემს პარტნიორს, როცა კონფლიქტი გვაქვს;
- მე და ჩემი პარტნიორი ხშირად ვკამათობთ, რადგან არ ვენდობი მას;