ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები აფრიკაში

ავტორი: სანდრო გოგოლაძე
- შესავალი
2.1. არჩევანის მოტივი და საკითხის აქტუალობა
დღესდღეობით, მსოფლიოში, ჩინეთის საკითხი აქტიურად დგას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში. მისი ყოველდღიურად მზარდი ეკონომიკა, მისი როლისა და მნიშვნელობის ზრდა მსოფლიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სავაჭრო ურთიერთობებში, იწვევს დიდ ინტერესს აღნიშნული საკითხის მიმართ. ყველასთვის ნათელია, რომ ჩინეთს აქვს ძალიან მზარდი პოტენციალი და შეუძლია ახლო მომავალში უდიდესი როლი შეასრულოს მსოფლიო ეკონომიკაში, რისი ნიშნებიც, ამჟამად, აშკარად იკვეთება. ამ ყველაფერს ადასტურებს ის ფაქტებიც, რომ ჩინეთი არის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიო ბაზარზე და ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. ცნობილია, რომ 2009 წელს, როცა სახელმწიფოთა უმრავლესობა კრიზისის დაძლევას ცდილობდა, ჩინეთის ეკონომიკამ თითქმის 9 %-იანი ზრდა აჩვენა. სწორედ კრიზისის პერიოდში იყო ჩინეთი მთავარი კრედიტორი ქვეყანა აშშ-სთვის, ხოლო 2010 წლის მაჩვენებლებით, მან გადაინაცვლა მსოფლიოში მეორე ადგილზე ეკონომიკური განვითარების მხრივ და უკან ჩამოიტოვა იაპონია.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტე რეფერატის თემად ამერჩია ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები აფრიკის რეგიონში, პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ პირადად ჩემთვის, ჩინეთი არის ყოველმხრივ საინტერესო ქვეყანა. მას გააჩნია უდიდესი და მრავალფეროვანი ისტორია, დღესდღეობით, იგი არის ყველაზე მზარდი ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით, ჩინეთში დღესაც კომუნისტური მმართველობაა დამყარებული (1949 წლიდან), რაც მის ეკონომიკას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ჩინეთის მიზანია მსოფლიოში ლიდერობის მოპოვება და ამ მიზნის განსახორციელებლად იგი ჯერ ცდილობს რეგიონულ ლიდერობას, რათა შემდეგ მთელი გავლენა გაავრცელოს მსოფლიოზე. ამასთან, აღნიშნულ საკითხზე საკმაოდ ბევრი მასალა არსებობს, რაზეც ადვილად მიმიწვდებოდა ხელი და ლექტორის რეკომენდაციით, გადავწყვიტე რეფერატის თემად ამერჩია: „ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები აფრიკაში“.
2.2. კვლევის მიზანი და ამოცანები
აღნიშნული კვლევის მთავარ მიზანს წარმოადგენს გამოავლინოს ჩინეთის ძირითადი ინტერესები და მიზნები აფრიკის რეგიონში, მოყვანილი მაგალითებით და საილუსტრაციო მასალით მოვახდინოთ აღნიშნული თემის გამრავალფეროვნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თემის ძირითადი აზრის დასაბუთება. რამდენად აქვს ჩინეთს აფრიკაში ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნები? რა მიზნების მიღწევას ცდილობს ჩინეთი „შავ კონტინენტზე“? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემაა აღნიშნული ნაშრომის მთავარი ამოცანა.
- ჩინეთის გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური
მდებარეობა
ამა თუ იმ სახელმწიფოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ქვეყნის გეოგრა-ფიული, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდებარეობა. ჩინეთი ამ მხრივ გა-მორჩეული ქვეყანაა. ქვემოთ მოკლედ განვიხილავ ჩინეთის გეოგრაფიულ, გეოპოლი-ტიკურ და გეოეკონომიკურ მდებარეობას.
ჩინეთი, ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში. მისი ფართობია 9 596 961 კმ². ჩინეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებია: რუსე-თი, ავღანეთი, პაკისტანი, ბუტანი, ნეპალი, ბირმა (მიანმა), ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, მონღოლეთი, ვიეტნამი, ლაოსი და ჩრდილოეთ კორეა. აღმოსავლეთიდან ჩინეთს ესაზღვრება ყვითელი, აღმოსავლეთ ჩინეთის და სამხრეთ ჩინეთის ზღვები, რომლებიც მიეკუთვნებიან წყნარი ოკეანის აუზს. ჩინეთის დედა-ქალაქია ბეიჯინგი (პეკინი).
რაც შეეხება გეოპოლიტიკურ მდებარეობას, ჩინეთს ამ მხრივ გარკვეული პრობლე-მები აქვს. მას შედარებით ძლიერ არცერთ მეზობელ ქვეყანასთან არ აქვს კარგი ურ-თიერთობა. მაგალითად, ჩინეთს ინდოეთთან გააჩნია სასაზღვრო კონფლიქტი აკსაი ჩინის (Aksai Chin) რეგიონთან დაკავშირებით, რომელსაც ინდოეთი მიიჩნევს საკუთარი პროვინციის, ქაშმირის (Kashmir) შემადგენლობაში, ჩინეთს კი აკსაი ჩინი საკუთარი, სინძიანის პროვინციის ნაწილად მიაჩნია. შესაბამისად, 1962 წელს მოხ-და შეიარაღებული კონფლიქტი ჩინეთსა და ინდოეთს შორის. ამ კონფლიქტმა, სა-ბოლოოდ მაინც, ვერ მოაგვარა აღნიშნული საკითხი და ეს პრობლემა დღესაც დაღს ასვამს რეგიონის ორი უდიდესი ქვეყნის ურთიერთობას, რომელთა მოსახლეობა ჯამში მთელი დედამიწის მოსახლეობის ერთ მესამედზე მეტს შეადგენს.
ასევე ჩინეთს სერიოზული პრობლემები აქვს რუსეთთან დაკავშირებით. კერძოდ, ჩინეთის მოსახლეობის სწრაფი ზრდის გამო, ჩინელები მასობრივად სახლდებიან რუსეთის ჩინეთთან ახლომდებარე რეგიონებში. 1969 წელს ამის ნიადაგზე მოხდა კოფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის. აგრეთვე რუსეთი და ჩინეთი ვერ თანხმდებიან ნავთობსადენების შესახებ, რუსეთს სურს თავად იყოს ჩინეთისათვის ნავთობის ექსკლუზიური მიმწოდებელი, ჩინეთს კი სურს, რომ მოახდინოს ენერგო-იმპორტის დივერსიფიკაცია და ნავთობი და გაზი მიიღოს ყაზახეთიდანაც.
ჩინეთს აგრეთვე გააჩნია სხვა პრობლემები თავის მეზობელ სახელმწიფოებთან. 1979 წელს ჩინეთსა და ვიეტნამს შორის მოხდა კონფლიქტი, რომელიც ინდოჩინეთის მესამე ომის სახელითაა ცნობილი. კონფლიქტის მიზეზი გახდა ვიეტნამის მიერ კამ-ბოჯაში შეჭრა და ამ უკანასკნელში „წითელი ქხმერების“ რეჟიმის განადგურება. გარ-და ამისა, ჩინეთი და ვიეტნამი ერთმანეთს ედავებიან ნანშას (Nansha) (მეორენაირად სპრატლის) (Spratly) კუნძულების გამო. ამ კუნძულებზე განლაგებულია რამდენიმე სახელმწიფოს (ჩინეთის, ტაივანის, მალაიზიის, ვიეტნამისა და ფილიპინების) შეიარაღებული ძალები. ნანშას კუნძულები მდიდარია უნიკალური ფლორითა და სარეწი თევზის უამრავი სახეობით, რაც ინტერესის მთავარ საგანს წარმოადგენს ზემოთ აღნიშნული სახელმწიფოებისთვის.
ჩინეთს ასევე გარვეული პრობლემები აქვს მეზობელი ცენტრალური აზიის სახელმ-წიფოებთან, განსაკუთრებით ყირგიზეთთან. მართალია ჩინეთმა გააფართოვა ეკონო-მიკური გავლენა ცენტრალურ აზიაში და ამით ძლიერ სახელმწიფოდ წარმოჩინდა, თუმცა ბოლოდროინდელმა მღელვარებამ ყირგიზეთში აჩვენა, რომ ჩინეთი ჯერ კიდევ არ არის მზად წამყვანი რეგიონული ზესახელმწიფო გახდეს.
ჩინეთის მთავარ თავსატეხს წარმოადგენს შიდა პრობლემები, განსაკუთრებით ტაივანის პრობლემა. 1940-იანი წლების ბოლოს სამოქალაქო ომის შემდეგ ჩინეთში გაიმარჯვეს კომუნისტებმა, ნაციონალისტებმა კი გადაინაცვლეს კუნძულ ტაივანზე. ტაივანი საკუთარ თავს აცხადებს მთელი ჩინური ტერიტორიების ერთადერთ ლეგი-ტიმურ წარმომადგენლად და 1972 წლამდე გაეროში სწორედ ტაივანი იყო ჩინეთის წარმომადგენელი. მიუხედავად ტაივანთან არსებული პრობლემებისა, ჩინეთის გაძ-ლიერების პარალელურად, სუსტდება საერთაშორისო მხარდაჭერა ტაივანისადმი.
ასევე უნდა აღინიშნოს ჩინეთის არც თუ ისე კარგი ურთიერთობა ამერიკის შეერთე-ბულ შტატებთან. აშშ-ს ინდოეთის ოკეანეში, კუნძულ დიეგო გარსიაზე, გააჩნია სამხედრო-საზღვაო ბაზა, შესაბამისად ჩინეთიც ცდილობს გაზარდოს თავის სამხედ-რო-საზღვაო პოტენციალი, ეს კი იწვევს აშშ-სთან ურთიერთობების დაძაბვას. ჩი-ნეთისთვის კი აშშ-ს მხარდაჭერა ტაივანის საკითხთან დაკავშირებით უმნიშვნე-ლოვანესია.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჩინეთის ორი უმნიშვნელოვანესი შიდა პრობ-ლემა: სინძიანის და ტიბეტის ავტონომიური რაიონების საკითხი.
სინძიანის ავტონომიურ რაიონში, რომელიც მდებარეობს ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ცხოვრობენ უიღურები, რომლებიც განსხვავებულნი არიან ეთნიკურადაც და რელიგიურადაც. უიღურები არიან თურქული წარმოშობის ეთნი-კური ჯგუფი და მათი რელიგია არის ისლამი. უიღურები ითხოვენ ფართო პოლიტი-კურ ავტონომიას, რასაც ჩინეთის მთავრობა ეწინააღმდეგება. მიუხედავად რეგიონში ჩინური პოლიციური ძალების დიდი ნაწილის ყოფნისა, სინძიანში ხშირად ხდება ფართომასშტაბიანი არეულობა და ძალადობა. მაგალითად, 2009 წელს არეულობას შეეწირა რამდენიმე ასეული ადამიანი. ამასთან, ჩინეთის მთავრობა ხელს უწყობს შიდა მიგრაციებს მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან სინძიანის პროვინციაში, თუმცა ჯერჯერობით სასურველ ეთნიკურ ბალანსს მაინც ვერ მიაღწია. გარდა ამისა, სინძიანში ჩასულ ახალმოსახლე ჰან-ჩინელებს (ჰან-ი არის ჩინეთის ძირითადი ეთნი-კური ჯგუფი, რომელთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს) არასასურველი ატმოსფე-რო ხვდებათ უიღურებისგან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთს საკმაოდ დიდი ნავ-თობისა და ბუნებრივი გაზის რესურსები გააჩნია, თუმცა საკუთარ მოთხოვნილებას მაინც ვერ იკმაყოფილებს და ახდენს აღნიშნული რესურსების იმპორტს. საინტერე-სოა, რომ იმპორტირებული სათბობი რესურსების ¾ ჩინეთში შედის არა მილსადენე-
ბით, არამედ საზღვაო გზით. შესაბამისად, თუ ჩინეთი და ყაზახეთი გადაწყვეტენ ნავთობსადენის და გაზსადენის გაყვანას, რომლითაც ჩინეთი მიიღებს კასპიის ზღვის ნავთობსა და გაზს, მილსადენმა აუცილებლად უნდა გაიაროს სინძიანის ავტონომი-ური რაიონის ტერიტორია, რაც დამატებით პრობლემებს შეუქმნის ჩინეთს.
რაც შეეხება ტიბეტს, აქ ცოტა სხვაგვარი ვითარებაა. ტიბეტელები ითხოვენ დამოუ-კიდებლობას. მათი ლიდერი დალაი ლამა, უკვე 20 წელზე მეტია რაც ემიგრაციაში იმყოფება (პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ინდოეთმა) და თუ იგი ჩინეთში დაბრუნდება, დააპატიმრებენ.
სინძიანის და ტიბეტის გამო დასავლეთი გამუდმებით აკრიტიკებს ჩინეთს, ეს კი ზრდის ზეწოლას ჩინეთის მთავრობაზე. გარდა ამისა, დასავლეთი ახალისებს უიღუ-რულ და ტიბეტურ ორგანიზაციებს გააფართოვონ მუშაობა საკუთარი მიზნების მისაღწევად. საბოლოოდ, სინძიანისა და ტიბეტის პრობლემები ხელს უშლიან ჩინეთის საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებას.
რაც შეეხება ჩინეთის გეოეკონომიკურ მდებარეობას, იგი საკმაოდ მოსახერხებელია. ჩინეთი მდებარეობს აღმოსავლეთ აზიაში, მასთან ახლოს მდებარეობს იაპონია, რომელიც მაღალგანვითარებული სახელმწიფოა, ასევე ჩინეთის მეორე რიგის მეზო-ბელია სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე სამხრეთ კორეა, ჩინეთის ახლო მეზობლები არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ახალი ინდუსტრიული ქვეყნები: ინდონეზია, მალაიზია, ფილიპინები, ტაილანდი, სინგაპური, რომლებთანაც ჩინეთს მრავალმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები აქვს დამყარებული. ასევე, უნდა აღი-ნიშნოს, რომ ჩინეთი საკამოდ ახლოს მდებარეობს აშშ-სთან, რომელიც ეკონომიკური განვითარებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იმყოფება. აშშ-სგან ჩინეთს მხოლოდ წყნარი ოკეანე აშორებს. ამასთან, ჩინეთს აქვს საკმაოდ გრძელი საზღვაო საზღვარი აღმოსავლეთით, საიდანაც მას შეუძლია ზღვით დაუკავშირდეს მსოფლიოს ნების-მიერ წერტილს. თუმცა დადებით მხარეებთან ერთად, ჩინეთს გააჩნია უარყოფითი მხარეებიც. კერძოდ, მისი ტერიტორიის მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილია განვითარებული ეკონომიკურად, სადაც თავმოყრილია მთავარი სამრეწველო და ფინანსური ცენტრები. დასავლეთ ჩინეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უკავია უდაბნოებს, რომელთაგან უდიდესია გობის და ტაკლა-მაკანის უდაბნოები. ისინი პრაქტიკულად დაუსახლებელია მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო, შესაბამისად, ამ ტერიტორიების რაიმე ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარიც კი ზედმეტია. ასევე, ჩინეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი უკავია მაღალ მთებს, ეს ტერიტორიებიც არ არის განვითარებული ეკონომიკურად. ჩინეთის თითქმის მთელი სამრეწველო წარმოება მოდის მის აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, ასევე მოსახლეობის უდიდესი ნაწილიც სწორედ ქვეყნის აღნიშნულ ტერიტორიებზეა თავმოყრილი. რა თქმა უნდა, ტერიტორიის ასეთი არათანაბარი ათვისება და ეკონომიკური განვითარება, უარყოფითად მოქმედებს მთლაიანდ ქვეყანაზე, თუმცა, ბევრი უარყოფითი ფაქტორის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა ყველაზე სწრაფი ტემპებით იზრდება, 2010 წელს მან მეორე ადგილი დაიკავა აშშ-ს შემდეგ და გაუსწრო იაპონიას, რომელიც ათეული წლების მანძილზე ინარჩუნებდა აღნიშნულ პოზიციას.
„ჩინეთმა იაპონია დაჯაბნა და ახლა ის ძლიერი ეკონომიკის მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ახლახანს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთლი-ანმა შიდა პროდუქტმა 2010 წლის მეორე კვარტალში 1,337 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა“.*
*(წყარო: http://badri286.wordpress.com/2012/11/05/ჩინეთის-ეკონომიკა-მსოფლი/#more-1218)
ჩინეთის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იაფ მუშახელს, რომლის დიდი რაოდენობითაც გამოირჩევა იგი. ასევე, მას გააჩნია იაფი რესურსებიც, თუმცა სრულად ვერ იკმაყოფილებს მოთხოვნილებას საკუთარი რესურსებით და ცდილობს უფრო იაფ რესურსებს დაეპატრონოს სხვა რეგიონში, სწორედ ამის გამო დაიწყო ჩინეთმა აფრიკის კონტინენტის ათვისება.
- ჩინეთ-აფრიკის ურთიერთობები
ჩინეთსა და აფრიკას ურთიერთობის დიდი ხნის ისტორია გააჩნიათ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი XX საუკუნის შუა პერიოდიდან იწყება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მჭიდრო სავაჭრო კავშირები დაამყარა აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთან. 2008 წლის მონაცემებით, ჩინეთში აფრიკის ქვეყნების ექსპორტის 85 % მოდიოდა აფრიკის ხუთ სახელმწიფოზე, ესენია: ანგოლა, ეკვატორული გვინეა, ნიგერია, კონგოს რესპუბლიკა და სუდანი.
ჩინეთსა და აფრიკას შორის, მჭიდრო კავშირების დამყარებისა და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, მუდმივად იმართება ჩინეთისა და აფრიკის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლების შეხვედრები. ამის კარგი მაგალითია ჩინეთ-აფრიკის თა-ნამშრომლობის ფორუმი, რომელიც შეიქმნა 2000 წელს. პირველ ფორუმზე მიღებულ იქნა ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი: პეკინის დეკლარაცია და ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის პროგრამა სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩინეთი აფრიკას ყოველთვის უწევდა და უწევს სხვადასხვა სახის დახმარებას, იქნება ეს, ფინანსური, ტექნიკური თუ სხვა.
დღესდღეობით, ჩინეთი კვლავ აგრძელებს თავის დასახულ სტრატეგიას აფრიკის კონტინენტზე სხვადასხვა ქვეყანაში, ცდილობს გააძლიეროს თავისი ეკონომიკური გავლენა რეგიონის მასშტაბით და მოიპოვოს მოკავშირეთა მაქსიმალური რაოდენობა აფრიკის კონტინენტზე, ეს ყველაფერი კი ჩინეთს სჭირდება თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში მძვინვარებდა ეკონომიკური კრიზისი და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ცდილობდნენ თავი დაეღწიათ მისთვის, ჩინეთი სულ უფრო და უფრო ზრდიდა სავაჭრო კავშირებს აფრიკაში. ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა აფრიკის კონტინენტზე ყოველწლიურად რამდენიმე მილიარდი დოლარით იზრდებოდა. ამის ნათელი დადასტურებაა ქვემოთ მოყვანი-ლი დიაგრამა:

ჩინეთის ვაჭრობა აფრიკაში
როგორც დიაგრამიდან ჩანს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის (2009 წელს) პერიოდში, ჩინეთ-აფრიკის სავაჭრო ურთიერთობები საკმაოდ ინტენსიური იყო.
ძალიან საინტერესოა აფრიკის იმ სახელმწიფოების ნუსხა, რომლებთანაც ჩინეთს აქვს ყველაზე ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობა. ამის საილუსტრაციოდ ქვემოთ მოყვანილია დიაგრამა. დიაგრამის მიხედვით, ჩინეთს ყველაზე მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვს: ანგოლასთან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან, სუდანთან და ლიბიასთან. ამ ქვეყნებზე მოდის აფრიკიდან ჩინეთის იმპორტის 71 %, ხოლო იმპორ-ტის დარჩენილი 29 % მოდის აფრიკის სხვა სახელმწიფოებზე (კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ზაირი), ზამბია და სხვა).

ჩინეთის იმპორტი აფრიკიდან
ჩინეთსა და აფრიკას შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად იზრდება, განსაკუთრებით XXI საუკუნეში. ამ ფაქტის საილუსტრაციოდ, ქვემოთ მოყვანილია სვეტოვანი დიაგრამა, სადაც კარგად ჩანს ჩინეთ-აფრიკას შორის ვაჭრობის ყოველ-წლიური ზრდის ტემპები 2001-2011 წლებში:

ჩინეთ აფრიკის ვაჭრობა 2001 – 2011 წლებში
- ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები აფრიკაში
რაც შეეხება ჩინეთის ინტერესებს აფრიკის რეგიონში, ეს საკმაოდ საინტერესო თემაა და ბევრი ავტორი წერს და მსჯელობს ამ საკითხის შესახებ, თუმცა ყველასათ-თვის ნათელია, რომ ჩინეთის ინტერესებიდან ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური დაინტერესება „შავი კონტინენტისადმი“.
ეკონომიკური ინტერესებიდან უნდა გამოვყოთ ჩინეთის დაინტერესება აფრიკული ბუნებრივი რესურსების მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, აფრიკას გააჩნია ბუნებრივი რესურსების უდიდესი მარაგი. აფრიკა არის უმდიდრესი რეგიონი სასარგებლო წია-ღისეულით. ქვანახშირი, რკინა, სპილენძი, ბოქსიტები, ოქრო, ალმასი და სხვა რესურ-
სები, აფრიკის მთავარი სიმდიდრეა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკა მდიდა-რია ნავთობის რესურსითაც. კერძოდ, ნიგერია, ლიბია, ეგვიპტე და ალჟირი ნავთო-ბის მოპოვების მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნების პირველ ოცეულში შედიან. მართალია ჩინეთი ბუნებრივი რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა, თუმცა მხოლოდ საკუთარი რესურსებით მოთხოვნილებებს ვერ იკმაყოფილებს, ამიტომაც ესაჭიროება მას რესურსებით მდიდარი აფრიკის კონტინენტი.
ჩინეთისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აფრიკას, როგორც ერთ-ერთ უდი-დეს გასაღების ბაზარს. აფრიკა თავისი მილიარდიანი მოსახლეობით უდიდესი პოტენციური ბაზარია, ამიტომაც დიდია დაინტერესება არა მარტო ჩინეთისგან, არამედ სხვა განვითარებული ქვეყნებისგანაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აფრიკა უღარიბესი კონტინენტია, შესაბამისად ევროპულ და ამერიკულ ძვირადღირებულ პროდუქციას ვერ ითვისებს, სამაგიეროდ, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში უკვე სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ჩინური ფაბრიკა-ქარხნები, რომლებიც თავისუფლად ასაღებენ იაფ ჩინურ პროდუქციას. ეკონომიკური მიზნების მიღწევას ჩინეთი ცდი-ლობს აფრიკის რამდენიმე ქვეყანასთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარებით. კერ-ძოდ, ჩინეთს ნავთობს აწვდის: ნიგერია, ანგოლა, კონგოს რესპუბლიკა, გაბონი და ჩადი, ხოლო მინერელურ რესურსებს – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სუდანი, განა, ზამბია, ზიმბაბვე და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (ზაირი). ( www.pmg.org )
ჩინეთს აფრიკის კონტინენტისადმი ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, პოლიტი-კური ინტერესებიც ამოძრავებს. კერძოდ, ჩინეთის მთავარი პოლიტიკური მიზანია გავლენა მოახდინოს განვითარებად სამყაროზე, რათა კიდევ უფრო გაზარდოს თავისი როლი და ძალა დანარჩენ მსოფლიოზე. ასევე, ჩინეთი ცდილობს დაამყაროს მეგობრული ურთიერთობები აფრიკის განვითარებად ქვეყნებთან, იმ მიზნით, რომ ისინი დაეხმარონ მას ტაივანის საკითხის მოგვარებაში. ჩინეთი აქტიურად და აგრე-სიულად ცდილობს ახალი მოკავშირეების მოძებნას, რადგან მას სჭირდება ხმები და მხარდამჭერები გაეროში და სხვა საერთაშორისო ფორუმებზე, რათა შეინარჩუნოს თავის საგარეო-პოლიტიკური კურსის სტაბილურობა. ასევე ჩინეთი ცდილობს ახალი
მოკავშირეების საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებში, როგორებიცაა გაერო და მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია.
ჩინეთის მთავარი ამოცანაა მოაგვაროს ტაივანის საკითხი და მსოფლიომ არ აღიაროს ტაივანი. სწორედ ამისთვის ესაჭიროება ჩინეთს ახალი მოკავშირეები. იგი დასახულ მიზანს წარმატებით ახორციელებს. ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ აფრი-კის მხოლოდ ოთხ ქვეყანას აქვს შემორჩენილი დიპლომატიური ურთიერთობა ტაივანთან. ეს აფრიკული ქვეყნებია: ბურკინა ფასო, გამბია, მალავი და სან ტომე და პრინსიპი.
ეკონომიკური და პოლიტიკური დაინტერესების გარდა, ასევე შეიძლება საუბარი იმაზეც, რომ ჩინეთი ცდილობს გაავრცელოს თავისი კულტურა და ფილოსოფია დანარჩენ მსოფლიოზე.
ამრიგად, ჩინეთს აქვს განზრახვა მოიპოვოს ზეგავლენა საერთაშორისო დონეზე, ამ მიზნის განხორციელება კი მან დაიწყო რეგიონული ზეგავლენის მოპოვებით, რაც აშკარად იკვეთება აფრიკასთან ურთიერთობაში.
- დასკვნა
აღნიშნული კვლევის მთავარი მიზანი იყო განგვეხილა ჩინეთის რეგიონული ზეგავლენის ზრდა აფრიკის კონტინეტზე. კვლევის დროს ეტაპობრივად განვიხილე აფრიკის გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდებარეობა, რამაც საფუძველი მომცა გამეკეთებინა გარკვეული დასკვნები. კვლევის პროცესში გამოიკ-ვეთა, რომ ჩინეთს აფრიკის რეგიონში ძირითადად ამოძრავებს ორი სახის ინტერესი: ეკონომიკური და პოლიტიკური. ამის შემდეგ, უშუალოდ გადავედი ჩინეთის ეკონო-მიკური და პოლიტიკური ინტერესების განხილვაზე აფრიკის რეგიონში.
ჩინეთის ეკონომიკური ინტერესებიდან აფრიკაში, აღსანიშნავია მისი დაინტერესე-ბა ბუნებრივი რესურსების მიმართ. აფრიკა, როგორც მოგეხსენებათ, უმდიდრესი რეგიონია ბუნებრივი რესურსების თვალსაზრისით, შესაბამისად, ჩინეთიც დაინტერესდა აფრიკის რესურსებით და დაიწყო რეგიონის ათვისება, ამისათვის მან დაამყარა ეკონომიკური კავშირები ბუნებრივი რესურსებით მდიდარ, აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოსთან, საიდანაც შედარებით იაფად იღებს რესურსებს.
ჩინეთის მეორე, მთავარი ინტერესი „შავ კონტინენტზე“ არის პოლიტიკური კავშირების დამყარება. ჩინეთის მიზანია მოიპოვოს დიპლომატიური და პოლიტიკუ-რი მხარდაჭერა, რომელიც შესაძლოა აღმოაჩინოს აფრიკის რეგიონში. ამ ყველაფერს კი გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დიდი წარმატების მოტანა შეუძლია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ჩინეთისთვის კონკრეტულად აფრიკის რეგიონს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მისი ქვეყნების მრავალრიცხოვნებიდან გამომდინარე. ჩინეთს სჭირდება მოკავშირეები, რომლებიც იქნებიან მისი პოლიტი-კის გამტარებლები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კავშირებში. მაგალითისთვის შეიძლება მოვიტანოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო), სადაც აფრიკის ქვეყნებს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აკისრია ხმის მიცემის პროცესში. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ნათელია, თუ რატომ იბრძვის ჩინეთი სხვადასხვა გზებით აფრიკაზე ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად. ამით ის ცდილობს საერთაშორისო არენაზე მოიპოვოს დომინანტის სტატუსი.
გამოყენებული ლიტერატურა:
- https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ch.html
- http://www.tabula.ge/ge/story/53305-chinetis-mudmivi-gadatvirtva
- http://www.amerikiskhma.com/content/china_africa_investment/1452872.html
- http://www.for.ge/view.php?for_id=16144&cat=1
- http://irdb.wordpress.com/2009/11/23/ჩინეთის-ჰეგემონობის-უპერ/
- http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00—off-0period–00-1–0-10-0–0-0—0prompt-10–..-4—-4—0-1l–11-en-10—10-preferences-50–00-3-1-00-0-00-11-1-0utfZz-8-00-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=period&cl=CL4.12&d=HASH0136ea515e82cb86416d3360.18
- http://ka.wikipedia.org/wiki/კატეგორია:ჩინეთის_ეკონომიკა
- http://badri286.wordpress.com/2012/11/05/ჩინეთის-ეკონომიკა-მსოფლი/#more-1218
- http://blogs.cfr.org/development-channel/2012/07/11/question-of-the-week-china-in-africa/
- http://blogs.cfr.org/development-channel/2012/07/18/question-of-the-week-china-in-africa-part-ii/
- http://blogs.cfr.org/development-channel/2012/07/25/question-of-the-week-china-in-africa-part-iii/
- http://www.cfr.org/china/chinas-rising-role-africa/p8436
- http://irdb.wordpress.com/tag/ჩინეთი/