შვეიცარიის საბანკო სისტემა

შვეიცარიის საბანკო სისტემა
შვეიცარიის საბანკო სისტემა

ავტორი: მარიამ სიხარულიძე

     შვეიცარია ჩემთვის ასოცირდება გონივრულ, პრეფესიონალურ, უსაფრთხო ქვეყანასთან, რომლის ეროვნული სუვერენიტეტი აღიარებულია უცხოელი სახელმწიფოების მიერ, მან მოახერხა და შეინარჩუნა ნეიტრალიტეტი ორივე მსოფლიო ომში, საინტერესოა ისიც, რომ არ არის ევროკავშირის წევრი და გაეროშიც მხოლოდ 2002 წელს გაწევრიანდა. შვეიცარია გამოირჩევა ძლიერი, სტაბილური და მოქნილი ეკონომიკით ,ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შვეიცარიული ფრანკი სხვა ვალუტებთან შედარებით ყველაზე სტაბილურად მოვიდა დღემდე. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპრობა ქვეყანაში უსაფრთხო და მიმზიდველი საბანკო სისტემის შექმნა. რეფერატის თემადაც ამიტომ ავირჩიე შვეიცარიის მრავალფეროვანი საბანკო სისტემა. თემის ირგვლივ მიმოვიხილავ შვეიცარიის საბანკო სისტემის შექმნის ისტორიას, საბანკო სისტემის კატეგორიებს, რამაც განაპირობა მსოფლიოში მისი ეკონომიური და სოციალური მდგომარეობის მაღალი დონე.  მოკლედ განვიხილავ ფინანსური ცენტრის მნიშვნელობასა და მის მახასიათებლებს.   შვეიცარიის საბანკო ანგარიშების კონფიდენციალურობას, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მისი სანდოობისა და მოთხოვნადობის, რაც ვფიქრობ რომ მას ხდის უკონკურენტოს სხვა ქვეყნების ბანკებთან მიმართებაში და რამდენადაა შენარჩუნებული ეს მდგომარეობა დღეს. ასევე   რასახისურთიერთობააქვსსხვადასხვაქვეყნებთან , რომელიც ნათლად დაგვანახებს მის თანამშრომლობას ფინანსურ ინსტიტუტებთან.

შვეიცარიის საბანკო სისტემის შექმნის ისტორია

  შვეიცარიის საბანკო სისტემა ყველა მომხმარებლისთვის თავიდანვე ასოცირდებოდა უსაფრთხოების გარანტად, და საერთაშორისო ბანკებში ლიდერი იყო ათწლეულების განმავლობაში. ამის მიზეზად შვეიცარიის დახვეწილი კანონმდებლობა და რეგულაციები შეიძლება დავასახელოთ, ამასთან ერთად პროფესიონალიზმის უმაღლეს ხარისხს აჩვენებენ. შვეიცარიამ შეძლო შეექმნა სტაბილური საბანკო გარემო, რაც თავისთავად იწვევს მომხმარებლის ნდობას და მხარდაჭერას. შვეიცარიის საბანკო სისტემა ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით მოგვიანებით მე-19 საუკუნის დასაწყისში განვითარდა. თავდაპირველად საბანკო ოპერაციების განხორციელება დაკავშირებული იყო ვაჭრობასთან, მეწარმეობასთან, ტრანსპორტთან, ამ პრაქტიკის ერთადერთი გამონაკლისი იყო უძველესი შვეიცარული ბანკი ე.წ „ საპროცენტო კომისია“, რომელიც 1755 წელს შეიქმნა და ფუნქციონირებდა, როგორც ციურიხის სახელმწიფო ბანკი.  (ქოქოსაძე, 2009)  შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს ე.წ კანტონალური ბანკების დაფუძნება, პირველი ასეთი ბანკი შეიქმნა ბერნში 1834 წელს. ხოლო რაც შეეხება შვეიცარიის ცენტრალურ ბანკს ის შეიქმნა 1906 წელს და ის პირველი იყო, რომელმაც ისარგებლა ბანკნოტების გამოშვებისა და მიღების განსაკუთრებული უფლებით. შვეიცარიის საბანკო სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ნაციონალურ ბანკს, რომელსაც ჰყავს 40 წევრიანი სამეთვალყურეო საბჭო, 25-ს ნიშნავს ფედერალური საბჭო, ხოლო 15-ს აქციონერები ირჩევენ.  შვეიცარიის ბანკის ყველაზე მნიშვნელოვანი თავისებურებაა , რომ მას აქვს ორი სათაო ოფისი, ერთი დედაქალაქ ბერნში, ხოლო მეორე ციურიხში, რომელიც ნიუ-იურკსა და ლონდონთან ერთად ითვლება თანამედროვე მსოფლიოს ფინანსურ ცენტრად.  (ქოქოსაძე, 2009)

      თუ მოვიშველიებთ სტატისტიკურ მონაცემებს ვნახავთ, რომ შვეიცარიის ყოველ 1200 მცხოვრებს ერთი საბანკო ფილიალი ემსახურება, ეს უქმნის მას მსოფლიოში ყველაზე მაღალი საბანკო სიმჭიდროვის იმიჯს და მოსახლეობა ამ მხრივ კომფორტულ  მდგომარეობაშია, და ეს ფაქტორიც შეიძლება იყოს განმაპირობებელი იმისა რომ  უდაოდ ინარჩუნებს სტაბილურ, საიმედო გარემოს მომხმარებლებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  შვეიცარიის ბანკების საბალანსო თანხების ნახევარზე მეტი შემოდის საზღვარგარეთული ოპერაციებიდან, ეს განპირობებულია იმით, რომ შვეიცარიაში მხარს უჭერენ უნივერსალურობის პრინციპს, ეს ხდება მაშინ , როდესაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის (1929-1932) წლებში, მრავალმა ქვეყანამ შეცვალა, თავისი საბანკო ოპერაციების სტრუქტურა, რაც გულისხმობს დეპოზიტური სასესხო ოპერაციების გამოყოფას  ინვესტიციურისაგან. (ქოქოსაძე, 2009)

      ამ ყველაფრის მიუხედავად შვეიცარია ისევ განაგრძობს უნივერსალურობის შენარჩუნებას, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება ერთგავარად ასოცირდება მაღალი რისკისა და პრინციპულობის გამოხატულებად, რადგან დარჩე იგივე პლადფორმაზე რომელიც იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი და მიუღებელი იყო დანარჩენი ფინანსური ინსტიტუტებისთვის.  ის კლიენტებს შეუზღუდავად აწოდებდა საბანკო მომსახურებას, ხოლო ბანკებს უზრუნველყოფდა შემოქმედებითი სივრცით, კრედიტების მიცემით, საგადასახადო ბრუნვის ყოვლისმომცველი მომსახურებით.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარიამ შეძლო უზარმაზარი ფულადი სახსრების რეზერვის შექმნა ყველა საბანკო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის.

საბანკო სისტემის კატეგორიები

      აღსანიშნავია შვეიცარიის საბანკო სექტორის სტრუქტურის მრავალფეროვნება, თითოეული ბანკის კატეგორია განსხვავდება კომპანიის ხედვის, სიდიდით, საქმიანობის გეოგრაფიული მასშტაბით და იურიდიული ფორმით. ამ მახასიათებლების მიხედვით საბანკო სისტემა იყოფა ხუთ კატეგორიად.ესენია :  (ქოქოსაძე, 2009)

       კანტონალური ბანკები –  სამართლებრივი კუთხით ითვლება სახელმწიფო ბანკებად , არასოდეს ყოფილა კერძო. იქმნება ფედერაციის ან კანტონების მიერ. ამ ბანკებზე შვეიცარული ბანკების საერთო საბალანსო თანხის 18-20 % მოდის.  ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მათ აკრძალული აქვთ საზღვარგარეთული ოპერაციები, ხოლო მთავარ საქმიანობად ითვლება შემნახველი ოპერაციები. ისინი ემსახურებიან სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის დაკრედიტებას.

       გროსბანკები  (უმსხვილესი ბანკები) – ისინი  გამოირჩევიან მაღალი აქტიურობით, როგორც ქვეყნის შიგნით , ასევე ქვეყნის გარეთ. სწორედ ამ ბანკებმა შეუწყო ხელი შვეიცარიას, რომ გადაქცეულიყო საერთაშორისო საფინანსო ცენტრად.

        რეგიონალური ბანკები – მათი საქმიანობა ხორციელდება კონკრეტული ტერიტორიის ფარგლებში, დაკავებული არიან იპოთეკური სესხების გაცემით, ეხმარებიან მცირე და საშუალო ბიზნესს და ეწევიან შემნახველ ოპერაციებს.

           სასესხო კავშირები და სასოფლო სამეურნეო საკრედიტო ამხანაგობები – ეს ფინანსური ორგანიზაცია გამოირჩევა იმით, რომ ისინი აგროვებენ მთელი ქვეყნის მასშტაბით  სოფლის მოსახლეობის დანაზოგებს და შემდეგ აძლევენ  კრედიტის სახით სასოფლო სამეურნეო საწარმოებს,  ასევე ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს და სხვადასხვა კორპორაციებს.

         სხვა ბანკები – ეს ბანკები ბოლო პერიოდში შვეიცარიის ბანკების საერთო საბალანსო თანხაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ისინი არაერთგვაროვანი ჯგუფია, მათი წარმატება განაპირობა უპირველეს ყოვლისა სამომხმარებლო კრედიტის ბანკებმა.

         ჩემი აზრით, როდესაც ქვეყანაში არსებობს ამდენი სხვადასხვა ტიპის ფინანსური ინსტიტუტი, ფაქტობრივად არა მარტო ქვეყნის, არამედ მსოფლიოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს მათი მომსახურეობით. ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელმა მიიღოს ფინანსური მომსახურეობა და მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს საბოლოო ჯამში როგორც თითოეული მოქალაქის, ასევე ქვეყნის ეკონომიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ალბათ ამიტომაც უკავია შვეიცარიას ადამიანების ცხოვრების დონის მიხედვით ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია მსოფლიო მასშტაბით.

ფინანსური ცენტრის მნიშვნელობა და მახასიათებლები

       შვეიცარიის ფინანსურ ცენტრს, როგორც წამყვან სეგმენტს უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს და პოზიციონირებს გლობალური ბაზრის ლიდერებს შორის. ფინანსურ ცენტრს დიდი წვლილი შეაქვს შვეიცარიაში მთლიანი დამატებული ღირებულების და ამით მთელი შვეიცარიის მოსახლეობის სიმდიდრისთვის.  ბანკები მნიშვნელოვანია შვეიცარიის ეკონომიკისთვის, ისინი გვთავაზობენ გამოცდილი სამუშაო ადგილების ფართო სპექტრს პოტენციური შემოსავლით, რომელიც საშუალოზე მაღალია; სახელმწიფო სექტორის დაფინანსების დიდი ნაწილი უზრუნველყოფილია მათ საგადასახადო შენატანზე და ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისინი ინოვაციების ცენტრები და დამატებითი ღირებულებების მამოძრავებლები არიან, რითაც იმპულსს აძლევენ მთელ ეკონომიკას. შვეიცარიის საბანკო სისტემა მაღალეფექტური და უსაფრთხოა, ბანკები ფუნქციონირებს კაპიტალის მაქსიმალური კოეფიციენტებით, ისინი ვალდებულნი არიან წესებითა და დებულებებით იხელმძღვანელონ თავიანთი გარიგებების განხორციელებისას. შვეიცარიის ძირითადი ბანკები მუდმივად აღწევენ მაღალ ნიშნულს საიმედოობისა და უსაფრთხოების კუთხით მთავარი საკრედიტო შემფასებელი ორგანიზაციებისგან. მიუხედავად საბანკო სექტორის უწყვეტი ცვლილებებისა შვეიცარულმა ბანკებმა დაიცვეს დადასტურებული ფუნდამენტური პრინციპები და ქცევის მკაცრი კოდექსები, რომლებიც განსაზღვრულია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიაა შვეიცარიის ბანკირთა ასოციაცია (SBA). ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებელია, რომ კანონის თანხმად ყველა შვეიცარიელი და უცხოელი მოქალაქე თანასწორუფლებიანად მიიჩნევა, ვინც შვეიცარიულ ბანკთან საქმიანოას აწარმოებს. (stolpmann, 2010)

საბანკო ანგარიშების კონფიდენციალურობა ადრე და დღეს

     შვეიცარიის ბანკებს გრძელი ისტორია აქვთ, რომლის მიხედვითაც ანგარიშებზე ინფორმაცია კერძოა. 300 წელზე მეტია შვეიცარიის ბანკებს აქვთ საიდუმლოების კოდი, რომელიც მათ კლიენტებს ეხება.  თავდაპირველად ეს დაიწყო საფრანგეთის მეფეების მიერ , რომლებიც მკაცრად გასაიდუმლოებას მოითხოვდნენ, ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ მაღალი ფინანსური საჭიროების მოთხოვნილებით და ასევე ჰქონდათ იმის საშუალება ყოველთვის დაებრუნებინათ სესხები. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ 1713 წლის ჟენევის დიდი საბჭოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა წესი როგორ მომხდარიყო ბანკირებისა და მათი კლიენტების აღრიცხვა, მაგრამ ამასთან ერთად აკრძალა კლიენტის შესახებ ინფორმაციის გაცემა. (howstuffworks, History of Swiss Bank Accounts) 1934 წელს შვეიცარიამ მიიღო საბანკო აქტი, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემოდნენ ბანკირები, რომლებიც კერძო კლიენტებზე გაავრცელებდნენ ინფორმაციას.  ამ კანონის გამო ხშირად იყენებდნენ შვეიცარიის ბანკებს ნაცისტები, თავიანთი სიმდიდრის გასაზრდელად. დევნილები ქონების დასაცავად, და ასევე უამრავი სხვა ადამიანი მიმართავდა მათ დასახმარებლად. ბანკის ნებისმიერ კლიენტს მინიჭებული ქონდა გარკვეული რიცხვითი კოდი ან რაიმე სახის კომბინაცია, სწორედ ამის საშუალებით ხდებოდა ფულის მოხსნა და დარიცხვა ანგარიშზე. ამ კანონის მიღება გააძლიერა კიდევ ერთმა საკითხმა, ჰიტლერის ეპოქაში გერმანიის კანონის მიხედვით უცხოური კაპიტალის მქონე გერმანელი სიკვდილით ისჯებოდა, ამიტომ გერმანული გესტაპო ყურადღებით ადევნებდა თვალს შვეიცარიის ბანკებს და როცა გერმანელებმა სიკვდილით დასაჯეს მათი ქვეყნის მოქალაქეები შვეიცარიის ბანკებში მათი ანგარიშის შენახვისთვის ამ ფაქტმა უფრო დაარწმუნა შვეიცარიის მთავრობა ბანკის საიდუმლოების საჭიროებაში. 1984 წელს კი შვეიცარიის მოსახლეობის 73% -მა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საბანკო საიდუმლოების შენარჩუნებას.   თუმცა აქვე მინდა  აღვნიშნო, რომ ბევრმა ევროპელმა იუდეველმა მეორე მსოფლიო ომის დროს თანხები დააგროვეს შვეიცარიის ბანკებში და ომის შემდეგ ბევრ მათგანს არ მიეცა მათი გამოყენების შესაძლებლობა, რადგან დამადასტურებელი დოკუმენტაცია გაურკვეული მიზეზების გამო გაქრა. (howstuffworks, History of Swiss Bank Accounts) ასევე ცნობილია, რომ შვეიცარიული ბანკები სკანდალში გაეხვა UBS- ის გადასახადებისგან თავის არიდების გამო, რის გამოც 1934 წლის საბანკო  კანონში 2009 წელს შეიტანეს ცვლილებები, რაც ითვალისწინებდა რომ  შვეიცარიულ ბანკებს არ შეეფარებინათ კლიენტები, რომლებიც გადასახადებს არ იხდიდნენ.  (JSTOR)

   მიუხედავად იმისა რომ კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით არსებობდა გარკვეული სახის ხარვეზები, მაინც შეძლეს და მოახერხეს ძირითადად მაინც უზრუნველეყოთ ნებისმიერი კლიენტის შესახებ ინფორმაციის დაცვა.   ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი  სწორედ კონფიდენციალურობა იყო , რამაც  განაპირობა შვეიცარიული საბანკო სისტემის რეიტინგულობა, მომხიბვლელობა , პრესტიჟულობა, საიმედოობა და უნიკალურობა. მოკლედ მიმოვიხილავ თუ რა მდგომარეობაა დღეს შვეიცარულ ბანკებში ხელშეუხებელი პირადი მონაცემების თვალსაზრისით.  მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ბანკებს აქვთ ანონიმურობისა და უსაფრთხოების რეპუტაცია ბოლო წლებში გარკვეულწილად შეიცვალა ვითარება . შვეიცარიის ბანკები დღესდღეობით უყოყმანოთ მუშაობენ საზღვარგარეთელ მომხმარებლებთან და შეიძლება ითქვას საიდუმლო ანგარიშების დღეები დასრულებულია.  კონფიდენციალურობას აქვს შეზღუდვები, შვეიცარიის ბანკები ხშირად თანამშრომლობენ საგადასახადო და სისხლის სამართლის გამოძიებებთან განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება იმ ანგარიშის მფლობელებს, რომლებიც სხვებისგან იმალებიან.  (The Balance, 2019) მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ანგარიშები არ არის ის, რაც ადრე იყო შვეიცარია ასევე ცნობილია დამატებითი მომსახურებითაც, მაგალითად ოქროსა და ძვირფასეულობის შესანახად. აქ საყურადღებოა ის ფაქტი რომ ამ შეთანხმებებში არ არსებობს ისეთივე გამჟღავნება და ინფორმაციის მიწოდება, როგორც საბანკო ანგარიშების დროს ხდება.

      ჟენევაში დაფუძნებული კერძო ბანკის მთავარმა მეწილემ , ინდოელმა მილიარდერ-ინვესტორმაგოპიჩანდჰინდუჯამ განაცხადა: „შვეიცარიამ დაკარგა ის მიმზიდველობა, რომელიც მას წინა წლებში ჰქონდა, როგროც კერძო ბანკების ჰაბს. მიზეზსაც ასახელებს ესაა საგადასახადო გამჭირვალოს ბოლოდროინდელი გამკაცრება.  მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ყურადღება გადააქვთ დუბაიზე, ყატარსა და სინგაპურზე თავიანთი დიდძალი ფინანსური თანხების დასაბინავებლად. რამეთუ შვეიცარია აღარაა მიჩნეული საუკეთესო ადგილად ფულის შენახვისთვის. ასე რომ, შვეიცარიამ დაკარგა თავისი ტრადიციული მნიშვნელობა“ – ამბობს ინდოელი მილიარდელი. (commersant.ge, 2016) ასევე მონაცემების თანახმად ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ბანკები ტოვებენ ჟენევასა და ციურიხს რამეთუ კომპანიები ვეღარ უმკლავდებიან ფინანსური საიდუმლოების დაკარგვასთან დაკავშირებულ პრობლემებს.  ამას ემატება შვეიცარული ფრანკის ჭარბი გამყარებაც. დაბალი საკრედიტო განაკვეთებით გამოწვეული მომგებიანობის შემცირება და გამკაცრებული სარეგულაციო წესდებები.

ურთიერთობა სხვადასხვა ქვეყნებთან

       შვეიცარიის საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი მოუწოდებს მთავრობას გააფორმოს გარიგებები ევროპელ მეზობლებთან, რათა ქვეყანამ გამოიყენოს არააქტიური თანხები, რაც გაუადვილებს შვეიცარიის ბანკებს საზღვარგარეთ ბიზნესის კეთებას. ევროპულ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები იმის შესახებ თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ გაუქმებული კლიენტის აქტივებს, რომლებიც ჯერ კიდევ შვეიცარიის საბანკო ანგარიშებშია დაცული. ქვეყანამ მიაღწია საგადასახადო გარიგებებს ბრიტანეთთან და ავსტრიასთან.  შვეიცარიის ბანკირთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა რომ:  „მთავრობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შეთანხმებებს სხვა მნიშვნელოვან ევროპელ მეზობლებთან მისი ბანკების აუცილებლობაზე, რადგან ასეთმა გარიგებებმა შეამსუბუქოს შვეიცარიის ბანკების ამ ბაზრებზე ბიზნესის კეთება“. ის ამბობს, რომ: „ჩვენ არ გვაქვს ასეთი თანამშრომლობა საფრანგეთთან, იტალიასთან, ესპანეთთან და ეს აშკარად მნიშვნელოვანია ჩვენთვის“. (livemint.com, 2014) შვეიცარიას სურს, რომ ადრინდელი გაურკვეველი უცხოური ფულადი სახსრები დარჩეს მის საზღვრებში, ხოლო უცხოეთის მთავრობები ფრთხილად არიან იმ ახალი წესებისგან, რომლებიც ფულს უბიძგებენ სხვა ოფშორული სიმდიდრის ცენტრებში, რადგან ჯერ კიდევ უზრუნველყოფენ საიდუმლოებას.  საწყისს ეტაპზე შვეიცარიის ბანკი ითანამშრომლებს ევროკავშირის, ავსტრიის, კანადის, ირლანდიის, იაპონიის, სამხრეთ კორეის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის რეგულატორთან. (Agora.ge, 2018)

დასკვნა

     ცვლილებების მიუხედავად, შვეიცარული საბანკო სისტემის განუყოფელ ნაწილად რჩება კონფიდენციალურობის დაცვა . საბანკო სისტემაში განხორციელებულმა ცვლილებებმა კიდევ ერთხელ დაგვანახეს როგორ შეიძლება შეიცვალოს ფუნდამენტალური პრინციპები. შვეიცარული საბანკო სისტემა ჩემთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან მოდელს ფინანსური ინსტიტუტის.  თემაზე მუშაობის დროს მოვიძიე საკამოდ ბევრი და მრავალფეროვანი ინფორმაცია, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, მიუხედავად იმისა რომ შედარებით გვიან ჩამოყალიბდა საბანკო სისტემა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, სწორი და მიზანდასახული ფინანსური აქტივობების დაგეგმვითა და ეტაპობრივი განხორციელებით მალე შეძლო  დაეკავებინა ლიდერი პოზიცია ევროპულ და მსოფლიო ბანკებთან მიმართებაში. უამრავ ნაწარმოებსა და მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმებში არის წარმოდგენილი შვეიცარიის უდაოთმაღალეფექტური , საიმედო, უკონკურენტო მდგომარეობა , რაც ვფიქრობ რომ გარკვეულ რეკლამას უკეთებდა საბანკო სისტემის მომხმარებელთა გაზრდას. თუმცა, როგორც გავეცანი იყო და არის გარკვეული ფაქტები, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საბანკო სისტემის კონფიდენციალურობის დაცვის მხრივ მისი რეპუტაცია . ჩემთვის ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების თავისუფლების ხარისხი , მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და ვფიქრობ ამ მხრივ შვეიცარულმა საბანკო სისტემამ ყველაზე მეტად მოერგო ადამიანების ამ  მახასიათებლების წინა პლანზე წამოწევას და თუ კი დღეს მსოფლიოში ის ერთ-ერთ წამყვან ლიდერ ქვეყანად ითვლება არა მარტო საბანკო სისტემით , არამედ სხვა მრავალი მახასიათებლებით, რომლებიც ტურისტებისთვის, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა უპირველესად სწორედ ასეთმა მოქნილმა საბანკო სისტემამ განპირობა.  მეც მოვიაზრები იმ ადამიანთა რიცხვში, რომელთაც ოცნებად აქვს შვეიცარიაში მოგზაურობა , რადგან ვფიქრობ რომ საბანკო სისტემის გარდა, შვეიცარია გამორჩეულია თავისი ისტორიით , ტრადიციითა და კულტურით.

 

ბიბლიოგრაფია

 

Agora.ge. (2018). შვეიცარიის ბანკი საიდუმლო საბანკო ანგარიშების ეპოქას ასრულებს.

commersant.ge. (2016, 07 31). შვეიცარია ფულის შენახვისთვის საუკეთესო ადგილის სტატუსს კარგავს. georgia. Retrieved from commersant.ge.

History of Swiss Bank Accounts. (n.d.).

howstuffworks. (n.d.). History of Swiss Bank Accounts.

howstuffworks. (n.d.). History of Swiss Bank Accounts.

https://www.thebalance.com/how-swiss-bank-accounts. (2019, 08 11).

JSTOR. (n.d.). Swiss Banks.

livemint.com. (2014, 09 16). Swiss bankers urge EU deals to root out tax cheats, gain market access.

ქოქოსაძე, ვ. მ. (2009). საბანკო საქმე. თბილისი.

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *