ფინეთის განათლების სისტემა

ავტორი: ნინო თადუმაძე
ქვეყნის აღმშენებლობა დამოკიდებულია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ინდივიდებზე, რაც გულისხმობს მოქალაქის განწყობასა და მზაობას-სახელმწიფო ინტერესებს არ დაუპირისპიროს თავისი მე, რადგან ეგოისტური წარმოდგენები მთლიანად არღვევს ინდივიდისა და ქვეყნის შორის არსებულ კავშირს. სახელმწიფოებრივად აზროვნების მთავარი არსი მის საყოველთაობაშია. იგი დადებით შედეგს ვერ მოიტანს თუ მას საზოგადოების მხოლოდ ვიწრო წრე გაიზიარებს. ზემოთ აღნიშნულ საკითხებს მივყავართ განათლების სისტემასთან, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს თითოეული სახელმწიფოს განვითარების დონეს.
აღსანიშნავია, რომ განათლების სისტემის მთავარი სუბიექტი არის ბავშვი, რომლის აღზრდა და განათლების საკითხი ძალზე სენსიტიური თემაა. მოზარდთან მუშაობა მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანს ბავშვობიდანვე უყალიბდება მსოფლმხედველობა, აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური ყურადღება, რათა განათლების სისტემა იყოს რაციონალური, პროდუქტიული და ინდივიდუალურ შემთხვევებზე მორგებული.
მსოფლიოში არსებული ვითარება ნათლად გვიჩვენებს, რომ საზოგადოების განათლების დონე პირდაპირპროპორციულია ქვეყნის განვითარების დონესთან. ვფიქრობ, ამ „ფორმულის“ გათვალისწინებით, საჭიროა განათლების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემების მაქსიმალური აღმოფხვრა, მსოფლიო გამოცდილების გაზიარება და მათი დანერგვა ქვეყანაში, სადაც, გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს ეროვნული მახასიათებლები. იმაზე ფიქრი „თუ რას ვაძლევთ ჩვენ ამერიკას“[1] ზუსტად ასახავს მოქალაქეობრივ მოვალეობას ქვეყნის მიმართ. თითოეული ადამიანის ჩართულობა და მათი წვლილი სახელმწიფოს აღმშენებლობაში ჯაჭვური ურთიერთქმედებით აისახება ქვეყნის მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ თანამედროვე სამყაროში გლობალურ გამოწვევებს გაუმკლავდეს ქვეყანა, საჭიროა მოსახლეობის ინტელექტუალური მზადყოფნა, რომელიც მთლიანად დაკავშირებულია ქვეყნის განათლების სისტემასთან. ნიშანდობლივია, რომ ფინეთის განათლების სისტემა აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი ნაშრომის ფარგლებში შევეცდები ავხსნა თუ რამ განაპირობა მისი ეფექტურობა გავაანალიზო აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.
1. ძირითადი ტექსტი
1.1 ისტორიული მიმოხილვა
ფინეთის განათლების სისტემის, ისე როგორც, ნებისმიერი თემის ძირეულად შესასწავლად აუცილებელია გავარკვიოთ ისტორიული წინამძღვრები, რადგან მისი ჩამოყალიბება და ფუნქციონირება უკავშირდება მრავალ გარემოებას, რამაც, საბოლოოდ, განაპირობა დღევანდელობა.
აღსანიშნავია, რომ ფინურ საზოგადოებაში ძალიან დიდი გარდატეხა მოახდინა მარტინ ლუთერის იდეოლოგიამ, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ემყარებოდა სოციალურ თანასწორობას, რაც გამოიხატებოდა სწავლის თანაბარ შესაძლებლობებში. საგულისხმოა, რომ სწორედ ლუთერანული ქადაგება წარმოადგენს მათი განსწავლულობის მთავარ ღერძს, რამაც ფინურ საზოგადოებაში ჩამოაყალიბა განათლების სისტემისადმი პატივისცემა და თითოეული მოქალაქის წიგნიერებასთან დაახლოება. (jstor, 2019)
სასულიერო წარმომადგენლებისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა, საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობებისა და განსხვავებულობის მიუხედავად, ჰქონოდათ ადამიანებს უნარი, რომ გაეგოთ რელიგიის არსი , შეძლებოდათ მისი პრაქტიკაში გამოყენება და განხორციელება.
მნიშვნელოვანია, მიქაელ აგრიკოლას მოღვაწეობა, რომელსაც ფინური ლიტერატურის მამას უწოდებენ. მან თარგმნა ძირითადი რელიგიური ტექსტები მრევლთა მშობლიურ ენაზე, რამაც ხელი შუწყო ფინური ლიტერატურული ენის განვითარებასა და საზოგადოებაში წერა-კითხვის უნარების გავრცელებას. აქვე უნდა აღინიშნოს, ფინეთის უნივერსიტეტის დამაარსებლის-ტურკუს მოღვაწეობა, რომელმაც, ფაქტობრივად, გზა გაუხსნა მასწავლებელთა და მოსწავლეთა ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და მათ პროფესიონალურ განვითარებას. ვფიქრობ, მათი საქმიანობა უნდა მივიჩნიოთ ერთ-ერთ მთავარ მოტივად, რამაც დიდწილად განაპირობა ფინეთის, როგორც სახელმწიფოს კულტურა, განათლება და მოქალაქეების მსოფლმხედველობრივი კულტი. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ უდიდესი მნიშვნელობა ეთმობოდა ოჯახის ინსტიტუტს, კერძოდ, შვილების ქრისტიანულ განათლებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ მშობლებს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებდა სხვადასხვა სახის სანქციები: ისინი ისჯებოდნენ ჯარიმით, ან ბავშვი უნდა გადაეცათ მრევლთა სკოლისთვის, (სადაც მათ აღზრდაზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ მასწავლებლებს). აღმზრდელები დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ საზოგადოებაში, მათ საკმაოდ ეფექტური სწავლების გეგმა ჰქონდათ. მათი საგანმანათლებლო გეგმა უკავშირდებოდა აგრიკოლას, ტურკუსა და სხვა თანამოღვაწეთა საქმიანობას. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა არსებული პროცესების მონიტორინგი, განსაკუთრებით მასწავლებელთა საქმიანობაზე დაკვირვება, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფდა სისტემის გამართულად ფუნქციონირებას. ისტორიაზე დაკვირვებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რელიგიურმა საფუძვლებმა და ლუთერანური იდეოლოგიის წარმომადგენლება, უდიდესი წვლილი შეიტანეს ფინეთის სოციალურ და კულტურულ განვითარებაში, რომელთა გავლენა დღესაც ნათლად შეიმჩნევა, განსაკუთრებით სოციალური უთანასწორობის ბარიერების მოშლაში. უკანასკნელმა კი ხელი შეუწყო საზოგადოების ფართო სპექტრის დაინტერესებასა და ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესებში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ფინეთის განათლების სისტემა ემყარება სამ ძირითად პუნქტს, რომელმაც განაპირობა მისი ხარისხი: 1. ფინური ლიტერატურის მამის- მიქაელ აგრიკოლას გავლენა, 2. ტურკუს უნივერსიტეტი, რომელმაც განაპირობა ფინეთის ეროვნული გამოღვიძება, 3. მკაცრი რელიგიური საძირკველი (ლუთერანული იდეოლოგია), რომელზეც აღმოცენდა საგანმანათლებლო სისტემა. (jstor, 2019) დროთა განმავლობაში საზოგადოებრივი განათლება და რელიგია სრულიად დაშორდა ერთმანეთს და მის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრა ეროვნულ მთავრობას. ის იდეალები, რომლებიც დაკავშირებული იყო ადრეულ განათლების სისტემასთან განახლდა და მოხდა მათი შერწყმა თანამედროვეობასთან. გლობალური ეთიკის პრინციპები და მდგრადი განვითარება წამოიწია წინა პლანზე, თუმცა მუდმივი მორალური მახასიათებლების ერთობლიობა დარჩა უცვლელი: შრომა, სამართლიანობა და თანასწორობა. (jstor, 2019)
1.2 ფინეთის განათლების სისტემა თანამედროვეობაში
ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის ძირეული ფორმირება დაახლოებით 40 წლის წინ დაიწყო, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი ქვაკუთხედი და დღესდღეობით იგი თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელია . უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად მსგავსი მოლოდინი არ არსებობდა ქვეყნის შიგნით, თუმცა სტუდენტთა საერთაშორისო შეფასების პროგრამის (PISA)[2] , ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარის ორგანიზაციის (OECD)[3] კვლევებმა ნათლად აჩვენეს, რომ გატარებულმა რეფორმებმა შედეგი გამოიღო და საზოგადოებაში განათლების დონემ მკვეთრად მოიმატა, რამაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. სტანდარტული ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ ფინელი ახალგაზრდები თავიანთი ცოდნით პირველ ადგილს იკავებენ სხვადასხვა სფეროში მსოფლიო მასშტაბით. განათლების სისტემის ასეთ ეფექტურობას განაპირობებს: ყველასათვის ხელმისაწვდომი განათლება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არის დამყარებული სოციალურ თანასწორობაზე; მასწავლებლების მომზადების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციურ კადრებს და მოსწავლეთა მეტად თავისუფალი გარემო-ის მაქსიმალურად არღვევს მათ შორის არსებულ ბარიერს, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბავშვებისთვის დიდ დისკომფორტს წარმოადგენს და მრავალი პრობლემის დასაბამი ხდება. სწორედ ეს კომპონენტები განაპირობებენ ფინეთის წარმატებულ განათლების სისტემას. ფაქტია, რომ ამ მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც, რასაკვირველია, მრავალ ქვესაკითხებს მოიცავს, ძალზე დადებითად აისახება ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაზე , რომელიც მტკიცდება სხვადასხვა საერთაშორისო კვლევების შედეგად. (იხ. დანართი N1). (helsinki.fi, 2019)
მინდა დეტალურად განვიხილო თუ როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი ქვეყანაში და რა ინოვაციებით ხასიათდება ის . ფინეთში განათლების მიღება სავალდებულოა 7-დან 16 წლამდე. 6 წლიანი სწავლის შემდეგ მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში ან მათი მომავალი დაუკავშირონ სხვადასხვა პროფესიულ სფეროს, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და, საგულისხმოა, რომ თითოეული პროფესია ძალზე დაფასებულია ქვეყანაში. აქ არ არსებობს რეიტინგები და კონკურენცია სკოლებსა თუ რეგიონებს შორის, მათი საქმიანობა უკავშირდება ურთიერთთანამშრომლობას. ყოველ სასწავლო დაწესებულებას აქვს ერთიანი ეროვნული მიზნები და ჰყავთ ერთნაირი კვალიფიკაციის მასწავლებლები. სწავლის ხარისხი არ განსხვავდება პერიფერიებსა და საუნივერსიტეტო ქალაქებში. ამ შემთხვევაშიც ნათლად იკვეთება სისტემის მთავარი მიზანი-უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლა.
სკოლები ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოფს: კვებას, სამედიცინო დახმარებას (რომელიც ყველასთვის უფასოა), ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და ტრანსპორტით უზრუნევლყოფას. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა ერთნაირი პირობები მაქსიმალურად ხსნის მათ შორის არსებულ ბარიერს და დაძაბულ ურთიერთობებს საგრძნობლად ამცირებს. ლუკაიენმა[4] მკაფიოდ აღნიშნა, რომ „თანასწორობა ფინეთის განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა“. (smithsonianmag.com, 2018)
სახელმწიფო სუბსიდირებას უწევს მშობლებს. ოჯახს ყოველ ბავშვზე 150 ევროს უხდიან, სანამ იგი არ გახდება 17 წლის. ამ ასაკში კი ქვეყანა ყველანაირად უზრუნველყოფს მოქალაქეთა რეალიზების საშუალებასა და დამოუკიდებლად ცხოვრებას, მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას (სამუშაო ადგილები, პროფესიული განვითარება, მაღალი ანაზღაურება და სხვა.) ფინელების 90% არჩევანს აკეთებს აკადემიურ ან პროფესიულ საშუალო სკოლებზე, რაც 17.5%-ით მეტია შეერთებული შტატების მონაცემებზე, ხოლო 66% იხრება უმაღლეს სასწავლებლებისკენ, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირში. (იხ. დანართი N2).
ფინეთის განათლების სისტემის წარმატების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია მასწავლებლის ინსტიტუტის ფორმირება, რომელსაც , დღესდღეობით სრული ავტონომია გააჩნია. სახელმწიფო დაფინანსებისა და მაგისტრის წოდების მოპოვების შესაძლებლობა საზოგადოების მხოლოდ 10%-ს აქვს. აქიდან გამომდინარე, მასწავლებლის პროფესიის დაუფლება ძალზე რთულია და მაღალი კონკურენციით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ იგი არ არის მინიმალური სახელფასო სამუშაო და ფინეთში პედაგოგი ძალიან დაფასებული პროფესიაა. მათი შემოსავალი ძალზე სოლიდურია. სწორედ არსებული მდგომარეობა განაპირობებს მასწავლებელთა მიმართ მაღალი ნდობის ხარისხს. მათ იციან რა არის მოსწავლეებისთვის უკეთესი და როგორი მიდგომა უფრო პროდუქტიული იქნება სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევებში (ხელშეწყობა განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე მოსწავლეებისათვის). მათი მხრიდან მოსწავლეთა შეფასების მთავარი მიზანია მცირე ასაკიდანვე დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბება და თვითშეფასების ამაღლება. გამომდინარე იქიდან, რომ ფინეთში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მთავარი მიზანი მომავალზეა ორიენტირებული, სკოლებში შექმნილია კარიერის დაგეგმვის ცენტრები, სადაც მოსწავლეს ადრეული ასაკიდანვე ექმნება წარმოდგენები მისი მომავალი პროფესის შესახებ. ეს პროცესები ემყარება მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთთანამშრომლობას ფსიქოლოგების ჩართულობით, რომლებიც ცდილობენ დაეხმარეონ თითოეულ მოსწავლეს მათი ძლიერი მხარეების აღმოჩენაში. (helsinki.fi, 2019)
დასკვნა
ისტორიულმა წინაპირობამ, საზოგადოების ღიაობამ და შედეგზე ორიენტირებული რეფორმების გატარებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თანამედროვე ფინეთის ფორმირებაში, სადაც განათლებისა და წიგნიერების გავრცელება ყოველთვის მნიშვნელოვან საკითხად ითვლებოდა. ნაციონალისტურმა სულისკვეთებამ განაპირობა ფინური ენის, კულტურისა და ცივილიზაციის წინა პლანზე წამოწევა. არსებულ მაგალითზე დაყრდნობით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავისუფლება და თანასწორობა არის ის მთავარი დემოკრატიული ღირებულებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად განაპირობებს ერის ინდივიდუალიზმს. ნაკლები ბარიერები და ხელოვნური გარემოს არარსებობა ქმნის პირობას, რომ თითოეულმა ადამიანმა მაქსიმალურად გამოამჟღავნოს თავისი შესაძლებლობები კრეატიულობასა და ინოვაციურობაზე დაყრდნობით, რომლებიც, ვფიქრობ, რომ დღევანდელ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია განვითარების თვალსაზრისით. ფინეთმა თავისი განათლების სისტემის ფორმირების შედეგად, ერთგვარად გაანადგურა იერარქიული სამყარო. მათ შექმნეს ისეთი ინსტიტუტი, სადაც ინდივიდი ადრეული ასაკიდანვე ერთვება სახელმწიფოებრივ და კანონშემოქმედებით პლატფორმაში, რომელიც ნათლად ასახავს თითოეული მოქალაქის ვალდებულებას სახელმწიფოს მიმართ , რაც ანვითარებს მათ პიროვნულ ღირსებებს.
ფინური საგანმანათლებლო მოდელი ამტკიცებს, რომ თავისუფლება და თანასწორობა ურთიერთკავშირში არიან ერთმანეთთან-მათ დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ. შედეგად, კი სახეზეა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამორჩეული ერი, რომელიც ავტომატურად ნიშნავს განვითარებულ და ბედნიერ სახელმწიფოს, სადაც თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება და შესაძლებლობა იპოვოს საკუთარი თავი და რეალიზდეს. ვფიქრობ, ფინეთის შემთხვევა საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა მიაღწიონ წარმატებას განვითარებადმა ქვეყნებმა, სადაც განათლების საკითხებთან დაკავშირებით უამრავი პრობლემა არსებობს. (განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა.) მნიშველოვანია, რომ ფინეთი დღესაც არ კმაყოფილდება არსებული რეალობით და მუდმივად განვითარებისა და განახლების პროცესშია. მათი წარმატების საიდუმლო შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით აიხსნება.
[1] მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მიმართა ამერიკელ ხალხს: „ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რას გვაძლევს ჩვენ ამერიკა, არამედ რას ვაძლევთ ჩვენ მას“
[2] PISA-The Programme for International Student Assessment
[3] OECD-The Organisation for Economic Co-operation and Development
[4] ოლი ლუკაიენი (Olli Luukkainen)- ფინეთის „ძლიერ მასწავლებელთა კავშირის“ პრეზიდენტი
ბიბლიოგრაფია
helsinki.fi. (2019). Retrieved from https://www.helsinki.fi/en/news/education-news/kirsti-lonka-education-lifted-finland-out-of-poverty-but-we-need-to-keep-developing-to-remain-at-the-cutting-edge?gclid=EAIaIQobChMImqa-gJHS6QIVRaQYCh0fCwUZEAAYASAAEgKKufD_BwE&fbclid=IwAR15YhvsxNAVNI06cCuxQCm
jstor. (2019). Retrieved from https://www.jstor.org/action/doBasicResults?acc=on&Query=finland+education+system&refreqid=search%3A881ee2022302b372bc12d4146ccde581
researchgate. (2017). Retrieved from https://www.researchgate.net/publication/262260414_PISA_in_Finland_An_Education_Miracle_or_an_Obstacle_to_Change
smithsonianmag.com. (2018). Retrieved from https://www.smithsonianmag.com/innovation/why-are-finlands-schools-successful-49859555/
The Guardian. (2013, September 13). Retrieved from Falkland Islands census shows fewer than a third of people identify as British: https://www.theguardian.com/uk/2012/sep/13/falkland-islands-census-british-identity