საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო და მისი გეოეკონომიკური მახასიათებლები
შესავალი
ჩემს რეფერატში ვისაუბრებ იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო, სად შეიძლება ვეძიოთ მისი ჩანასახები, რამდენად განხორციელებადია ან რა არის მისი საფუძველი და მიზანი. პირადად ჩემთვის ძალიან საინტერესოა თვით ეს იდეა საყოველთაო კეთილდღეობისა და გადავწყვიტე შემესწავლა აღნიშნული საკითხი თანამედროვე სახელმწიფოების მაგალითებზე, არსებობს თუ არა სადმე ამის განხორციელების პრეცენდენტი და რამდენად წარმატებულად მუშაობს სისტემა. სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნული სოციალური სახელმწიფოს ნიშნები, მიზნები და ამოცანები მოწმობს იმაზე, რომ ძალზედ მრავალფეროვანი და განსხვავებულია სოციალური სახელმწიფოს ფენომენის გაგება და ცხადყოფს იმასაც, რომ სოციალური სახელმწიფოს ერთიანი თეორია არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ არის გარკვეული სწრაფვა სოციალური სახელმწიფოს ინტეგრალური მოდელის შექმნისა. რაც შეეხება ლიტერატურას, ძირითადად დავეყრდნობი ბატონია გიორგი კვინიკაძის წიგნს „გეოეკონომიკა (მსოფლიო განვითარების ცენტრალური ვექტორი) “, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორის, ბატონი იაკობ ფუტკარაძის ნაშრომს „სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპის წარმოშობის წინაპირობები და განვითარების პერსპექტივები“ და ასევე, რამდენიმე ინგლისურენოვან ინტერნეტ წყაროს.
საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ისტორია
სოციალური სახელმწიფოს არსის გამომხატველ სინონიმად ინგლისურენოვან ქვეყნებში ხშირად გამოიყენება ტერმინი „კეთილდღეობის სახელმწიფო“ – Welfare State (Wohlfahrtsstaat), ხოლო მოქმედ გერმანულ საჯარო სამართალში უმეტესად მიმართავენ ტერმინს „სოციალური სახელმწიფო“ (Sozialstaat). ეს არის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა, რომელშიაც სოციალური პოლიტიკა მთავრობის პრიორიტეტული მოღვაწეობის სფერო ხდება და სახელმწიფო თავის თავზე იღებს ყველა თავისი მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვას იქნება ეს პენსიები, უფასო სამედიცინო მომსახურება თუ სოციალური დაზღვევა . [1]
ჩემი აზრით, საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩანასახი შეიძლება ვიპოვოთ მეოცე საუკუნის დასაწყისში, მაშინ როდესაც ერთმანეთს გაემიჯნენ ლენინისა და ბოლშევიკების მიმდევარი რევოლუციური მიმართულების სოციალისტები (კომუნისტები) და კონსტიტუციური პოლიტიკის მომხრე რეფორმისტი სოციალისტები – სოციალ-დემოკრატები. ამ უკანასკნელებმა გადაჭრით უარყვეს ისეთი რადიკალური ხასიათის მოთხოვნები, როგორებიცაა საერთო საკუთრება. სახელმწიფო დაგეგმარება და სოციალიზმის ცნება გაამდიდრეს- კეთილდღეობის, გაადანაწილებისა და გონივრული ეკონომიკური მართვის ტერმინებით. იმ პოლიტიკის დიდი ნაწილი რასაც სოციალ-დემოკრატები მეოცე საუკუნის დასაწყისში უჭერდნენ მხარს, მსოფლიოს ყველა ინდუსტრიულად განვითარებულ ნაწილში პრაქტიკაში იქნა განხორციელებული სოციალ-დემოკრატიული მთავრობების მიერ. ინდუსტრიული სფერო ნაციონალიზებული იქნა, ჩამოყალიბდა საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო ანუ გაუმჯობესდა მუშათა უფლებები და მდგომარეობა, ხოლო სახელმწიფოს როლი უფასო ან სუბსიდირებული სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანდ გაიზარდა. [2]
დოქტრინა პირველად დიდ ბრიტანეთში შემუშავდა, როდესაც ცალკეულ თეორიულ გააზრებებს პოლიტიკური გამოხატულება მისცა 1942 წელს ბევერიჯის მოხსენებამ პარლამენტში, სადაც წარმოდგენილი იყო ასეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბების კონკრეტული პროგრამა. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში და ომის შემდგომაც შემუშავდა პროგრამის რეალიზაციისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა. კერძოდ, შემოღებულ იქნა სავალდებულო საშუალო განათლება, სახელმწიფო დაზღვევისა და სახელმწიფო სამედიცინო სამსახურის შექმნის, აგრეთვე სახელმწიფო ბინათმშენებლობისა და ამ სფეროში მოსახლეობის სახელმწიფო დახმარების კანონები. ამგვარი პოლიტიკა გულისხმობდა სახელმწიფოსა და პიროვნების ურთიერთობის ახლებურ გააზრებას საბაზრო ეკონომიკის პირობებში. იგი ატარებს სოციალური მომსახურების პოლიტიკას, რაც გულისხმობს სოციალურ უზრუნველყოფას, სოციალურ დაზღვევას, დახმარებებს ავადმყოფობის, მოხუცებულობის, უმუშევრობის შემთხვევაში, ზრუნავს ბავშვებზე, ჯანდაცვაზე, აბანდებს სახსრებს მშენებლობაში, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში და ა. შ. სახელმწიფო ახორციელებს მსხვილ პროგრამებს სოციალურ, კულტურულ და სხვა სფეროებში. ასეთი პოლიტიკის შედეგად არაერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში იქნა მიღწეული ცხოვრების მაღალი დონე, რაც იქცა კიდეც „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ თეორიის ბაზად. დ. კეისი თავის ნაშრომში „დასაქმების, პროცენტისა და ფულის ზოგადი თეორია“ (1936) ასაბუთებდა ეკონომიკაში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის აუცილებლობას. ამ თეორიის მიმდევრები აცხადებდნენ, რომ ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება საშუალებას იძლეოდა, გადაელახათ დაპირისპირება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის, რაც დამახასიათებელი იყო კაპიტალიზმის განვითარების წინა ეტაპისათვის, როდესაც ინდივიდუალური კერძო საკუთრებისა და თავისუფალი კონკურენციის ბატონობა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პოლარიზაციას იწვევდა. შერეული ეკონომიკის შექმნა, სახელმწიფოს აქტიური მარეგულირებელი როლი და სოციალური მომსახურების პოლიტიკა ხელს უწყობს „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ შექმნასა და განვითარებას. მათი აზრით, თანამედროვე მაღალგანვითარებული სახელმწიფო მოსახლეობის ყველა ფენის ინტერესების გამომხატველად გადაიქცა. კერძოდ, ბოლდუინგი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო ახლა მთელი საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს; პიგუს აზრით, ასეთი სახელმწიფო მთელი ხალხის სახელმწიფოა, რომელიც ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და სამართლიანობის იდეების რეალიზაციის საშუალებაა; მუნდის მიხედვით, „საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს“ ძირითადი იდეა მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვითაც, თითოეულ პიროვნებას აქვს უფლება, თანაბრად მიიღოს მონაწილეობა კეთილდღეობაში, მაშინაც კი, როდესაც არა აქვს აუცილებელი წყაროები ამის უზრუნველსაყოფად. ასეთი სახელმწიფოს მიზანი არის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური თანასწორობის განსაზღვრული დონის მიღწევა, მთელი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი მინიმუმის მიღწევა. [3]
სოციალური სახელმწიფოს თეორიისა და პრაქტიკის შემდგომ განვითარებას ძლიერი ბიძგი მისცა 1929-1933 წლების მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა და მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა. აშშ-ში საკანონმდებლო წესით განმტკიცდა მუშათა უფლებები კოლექტიურ შეთანხმებასა და პროფკავშირების ორგანიზაციაზე, საერთო სახელმწიფოებრივი ღონისძიებები უმუშევრობასთან ბრძოლისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში. სოციალური სფეროს მარეგულირებელმა კანონმდებლობამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სახელმწიფოს ნორმატიული ბაზის მთლიან შინაარსზე. 1930 წელს გერმანელი მეცნიერის ჰერმან ჰელერის მიერ სამეცნიერო ლიტერატურაში შემოტანილი იქნა «სოციალური სამართლებრივი სახელმწიფოს» ცნება. იგი ყურადღებას ამახვილებდა მოქალაქის უფლებაზე, რომ ჰქონოდა სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი სოციალური გარანტიები. სოციალური სახელმწიფოს სამართლებრივი ბუნების კონსტატაციამ, მისი არსებობის უდავო დადგენამ განაპირობა სახელმწიფოს სოციალური ფუნქციების ფაქტობრივი განმტკიცება. სოციალური სახელმწიფოს განვითარების ამ პერიოდს (მე-20 საუკუნის 30-იანი წლებიდან 40-იან წლებამდე) შეიძლება ეწოდოს სამართლებრივი სოციალური სახელმწიფოს ფორმირების ეტაპი.
კეთილდღეობის სახელმწიფოს ტიპოლოგია
სამეცნიერო ლიტერატურაში ძირითადად გამოყოფილია სოციალური სახელმწიფოს სამი ძირითადი ტიპი:
- ლიბერალური, ანუ ანგლო-საქსური მოდელი – კარგი მაგალიტთია დიდი ბრიტანეთი, რომელშიც სახელწმიფოს ვალდებულებები მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს მოდელი გულისხმობს უკიდურესად ღატაკი მოსახლეობის დაცვას, ხოლო დანარჩენი მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება სოციალურ-ეკონომიკურ დაცვაზე უწევს თვით ამ ქვეყნის მოსახლეობასა და თავისუფალ ბაზარს.
- სკანდინავიური მოდელი – კარგი მაგალითია შვედეთი. იძლევა ბაზისური უზრუნველყოფის საშუალებას აბსოლუტურად ყველა მოქალაქისათვის და ფინანსდება იმ გადასახადებუს ხარჯზე, რომელსაც იხდის ყველა მოქალაქე ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე. ამ მოედლის უმნიშვნელოვანესი ნიშანია უნივერსალიზმი და შემოსავლების გადანაწილება საგადასახადო პროგრესის დამხარებით. ორიენტირებულია სიღარიბის წინააღმდეგ და ღირსეული ცხოვრების დონის უზრუნველყოფაზე ყველა მოქალაქისათვის, იმ პირობით რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ დასაქმენის სისტემაში.
- კონტინენტალურ-ევროპული მოდელი – კარგი მაგალითია გერმანია. იგი უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის ცხოვრების ღირსეულ დონეს განვითარებული სოციალური დაზღვევის სისტემის შექმნით, რომლის ორგანიზება ხდება დასაქმებულთა და დამსაქმებელთა წილობრივი შენატანების საფუძველზე. სახელმწიფო აქტიურად ერევა შრომის ბაზრის რეგულირების პროცესში. იგი ამ საქმიანობას სოციალურ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს, რითაც მუდმივად ამცირებს უმუშევრობას. [4]
კეთილდღეობის სახელმწიფოს თანამედროვე მოდელი და ამერიკის შეერთებული შტატები
დღეისათვის, მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყანა ამა თუ იმ ხარისხით ფაქტობრივად წარმოადგენს სოციალურ სახელმწიფოს – მიუხედავად იმისა, განმტკიცებულია თუ არა შესაბამისი დებულებები მის ძირითად კანონში. თანამედროვე მკვლევართა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სოციალური სახელმწიფოს წარმოქმნას იწვევს საზოგადოების ჰუმანიზაცია და „მეორე თაობის“ ადამიანის უფლებათა განხორციელების აუცილებლობა. სახელმწიფო სოციალური ნიშნით ყალიბდება ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების განხორციელებისთვის და, უწინარეს ყოვლისა, ადამიანის ღირსეული არსებობის უფლების რეალიზების მიზნით. ეს წარმოადგენს სახელმწიფოს ე.წ. სოციალური ფუნქციების წარმოქმნის ოფიციალურ მოტივს, ოფიციალურად დეკლარირებულ მიზეზს. მკვლევარ ო. როდიონოვას მიხედვით, აღნიშნული გარემოებანი სოციალური სახელმწიფოს მხოლოდ მეორადი ნიშნებია – მართალია განუყოფელი, მაგრამ მაინც წარმოებული ფუნქციებია. მისი აზრით, „სოციალურად სახელმწიფო ყალიბდება კოლექტიური ინტერესის განხორციელებისთვის – სახელმწიფოს, საზოგადოების შემადგენელი სხვადასხვა სოციალური ჯგუფების ინტერესთა (კონსენსუალური ინტერესი) გარკვეული შეთანხმებით“. მოცემული დებულება არის სახელმწიფოს სოციალური ფუნქციის წარმოშობის ამოსავალი მოტივი და რეალობაში არსებული მიზეზი. „თავისთავად, ამ ფუნქციების სახელწოდება – „სოციალური“ შეიძლება არც თუ მართებული იყოს, ვინაიდან სახელმწიფოს ყველა ფუნქცია, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, სოციალურია – პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა დანარჩენიც. შესაძლოა, სახელწოდება, რომელიც უფრო არსებითად უპასუხებს მოცემულ ფუნქციას, ასე განისაზღვროს – „სახელმწიფოს ფუნქციები, რომლებიც ემსახურება კონსენსუალური ინტერესების განხორციელებას“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დასახელება საკმაოდ ვრცელი და მოუხერხებელია, ის ზუსტად გადმოსცემს განმარტებული ფუნქციის არსს და სრულიად გამართლებულია ამ განსაზღვრების გამოიყენება სამეცნიერო კვლევების სფეროში“. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ 1930-იან წლებში განავითარა შეზღუდული კეთილდღეობის სახელმწიფო. კეთილდღეობის სახელმწიფოს ყველაზე ადრეული და საინტერესო ფილოსოფიური ახსნა სწორედ ამერიკელება შემოგვთავაზეს, კერძოდ სოციოლოგმა ლესტერ ფრანკ ვორდმა (1841-1913), რომელსაც ისტორიკოსი ჰენრი სტილ კომაგერი „თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფოს მამას“ ეძახდა.
ვორდს სჯეროდა, რომ სოციალური მოვლენა ადამიანის კონტროლ ქვეშაა. „ეს საჭიროა ბუნებრივი მოვლენების ხელოვნური კონტროლისათვის, ამისთვისაა მეცნიერება, რათა ემსახუროს კაცობირობის მოთხოვნებს“ წერდა იგი; „და თუკი სოციალური კანონები ბუნებრივის ანალოგიურია, მაშინ არ არსებობს მიზეზი რომ სოციალური მეცნიერების პრაქტიკული კუთხით გამოყენება არ ხდებოდეს, ფიზიკური მეცნიერებების მსგავსად“. „ პატერნიალიზმის პასუხისმგებლობა“ .
ვორდის თეორიებში მთავარი მისი რწმენა იყო, რომ დემოკრატიული მმართველობის წარმატებული ფუნქციონირებისათვის საჭირო იყო უნივერსალური და სიღრმისეული განათლების სისტემის არსებობა. მისმა ნაშრომებმა გავლენა მოახდინე ახალგაზრდა პროგრესიულად მოაზროვნეებზე, როგორებიც იყვნენ: თეოდორ რუზველტი, თომას დუი, ფრენსის ფერკინსი და სხვები.
აშშ ალბათ ერთადერთი ინდუსტრიული ქვეყანა იყო, რომელიც დიდ დეპრესიაში შევიდა სოციალური დაზღვევის პოლიტიკის არსებობის გარეშე. ის 1935 წლამდე არ ქონდათ, იგი ფრანკლინ დელანო რუზველტმა შემოიღო თავის ახალ კურსში. 1938 წელს შრომის სამართლიანი სტანდარტების აქტი შემოიღეს მთელი ქვეყნის მაშტაბით, რომლის მიხედვითაც კვირის განმავლობაში სამუშაო საათები მაქსიმუმ 40 უნდა ყოფილიყო და აკრძალული იყო 16 წლამდე ბავშვის შრომის გამოყენება.
სოციალური უსაფრთხოების კანონი ბევრის უკმაყოფილებას იწვევდა, განსაკუთრებით ფერმერებისა, რომლებსაც დამატებითი გადასახადები აღიზიანებდათ და ეშინოდათ, რომ ვერასდროს მიაღწევდნენ ეკონომიკურ წარმატებას. ისინი მხარს უჭერდნენ ამ კანონიდან საკუთარი თავის გამორიცხვას. უფრო მეტიც, ხაზინა მიხვდა, რომ რთული იქნებოდა საგადასახადო სისტემის მორგება ფერმერებზე, მოსამსახურეებზე და არაკომერციულ ორგანიზაციებზე. ამიტომ, ისინი გამორიცხეს. ასევე გამორიცხეს სახელმწიფო სამსახურში მყოფები (ფედერალური მთავრობა სახელმწიფო მთავრობას ვერ დაუწესებს გადასახადს. ასევე ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებიც. ზოგიერთ სახელმძღვანელოში შეცდომით ვხვდებით, რომ საგადასახადო სისტემაში თითქოსდა რასისტული დაპირისპირებაცაა ასახული, თუმცა ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები არ არსებობს.
2013 წლისათვის აშშ ერთადერთი ინდუსტრიული ქვეყანა იყო, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ერთიანი ეროვნული ჯანდაცვის პროგრამა. ამერიკელების ხარჯი ჯანდაცვაზე ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში (მშპ-სთან მიმართებით), მაგრამ ეს არის რაღაც კომპლექსური ნაერთი ფედერალური, სახელმწიფო, საქველმოქმედო, დამსაქმებლებისა და ინდივიდუალური დაფინასების მქონე. აშშ-მ მშპ-ს16% დახარჯა 2008 წელს, საფრანგეთმა 11%, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა.
ზოგიერთი მეცნიერი ირწმუნება, რომ აშშ-ს სამხრეთი შტატების საერთო სისუსტემ ხელი შეუშალა საერთო და სოციალური რეფორმების გატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც მიზეზია აშშ-ს კეთილდღეობის სახელმწიფოს ანიმიურობისა. [5]
თანამედროვე კეთილდღეობის ქვეყნების გეოეკონომიკური შეფასება
როგორც უკვე აღვნიშნე, განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი შეიძლება ჩაითვალოს ამა თუ იმ ხარისხით კეთილდღეობის სახელმწიფოდ, უდეო მეტიც, მიმაჩნია რომ არსებობს პირდაპირი კავშირი სახელმწიფოს ეკონომიკურ მდგომარეობასა და მისი მოქალაქეების სოციალურ უზრუნველყოფას შორის : რაც უფრო მაღალშემოსავლიანია ქვეყანა, მით უფრო მეტი საშუალებაა აქვს მას ჩადოს რაც შეიძლება მეტი თანხა სოციალურ უზრუნველყოფაში, ისევ და ისევ იმ მიზნით რომ ჰყავდეს ეკონომიკურად აქტიური, ჯანმრთელი, შრომისუნარიანი მოქალაქეები. მაგრამ ამ დანახარჯებს არ განსაზღვრავს მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, მნიშვნელოვანია აგრეთვე პარტიულ-იდეოოლოგიური პოლიტიკა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ მკვლევართა ნაწილის აზრით პარტიულმა პოლიტიკამ ამოწურა თავის თავი გასულ საუკუნეში. კიდევ ერთი დეტერმინანტია უმუშევრობის დონე, რომელიც ზრდის სოციალურ დანახარჯებს – რაც მეტი უმუშევარია ქვეყანაში, მით მეტი სახსრების გამოყოფა ხდება აუცილებელი სოციალური პოლიტიკისათვის, რაც აუცილებლად მიგვიყვანს რაღაც ზღვრამდე, რადგან წარმოუდგენელია უსასრულოდ გაგრძელდეს სოციალურ უზრუნველყოფაში ჩადებული თანხების ზრდის პროცესი.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია აგრეთვე, რომ არაკათოლიკურ ქვეყნებში შეიმჩნევა სოციალური დანახარჯების დაბალი დონე, რასაც რიგი მკვლევრებისა ხსნის იმით, რომ ეს ქვეყნები გაყოფილია დემოგრაფიული და პოლიტიკური ფაქტორებით : პირველ ჯგუფს წარმოადგენს სკანდინავიური ქვეყნები, სოციალურ-დემოკრატიული ორიენტაციით და მეორე – ინგლისურენოვანი ქვეყნები პლიუს იაპონია და შვეიცარია. მეორე ჯგუფი გაცილებით ახლოსაა კეთილდღეობის სახელმწიფოს ე.წ. კაპიიტალისტური ლიბერალიზმის სამყაროსთან.
მსოფლიოს გეოეკონომიკურ წესრიგში, კეთილდღეობის სახელმწიფოს ადგილისა და როლის განსაზღვრაში, ბევრი ეკონომისტი და პოლიტიკოსი თვლის, რომ ეს მოდელები განწირულნი არიან დაღუპვისათვის, ვინაიდან სოციალური ხარჯები მძიმე ტვირთად აწვება ეკონომიკას. თუმცა მეორე მოსაზრებით, ამ სისტემის გამართულად ფუნქციონირებადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არა ახალმა გეოეკონომიკურმა წესრიგმა, არამედ ზოგიერთი ქვეყნის მთავრობების არ შემდგარმა პოლიტიკამ.[6] შემიძლია ამის შესახებ მოვიყვანო ამერიკისა და საფრანგეთის მაგალითები. ამერიკა ესწრაფვის სოციალ-დემოკრატიას, მეტიც ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ცდილობს შექმნას კეთილდღეობის სახელმწიფო, გაიაროს იგივე გზა, რაც ევროპამ განვლო, თუმცა თვლიან რომ ამერიკა ამას არ/ვერ შეძლებს, რადგან ევროპამ ამის სანაცვლოდ იმპერია დათმო, ამერიკა კი პირველობის დაკარგვას ვერ შეეგუება. ამერიკული პოლიტიკის მიხედვით, თუ გაიზრდება სოციალური ხარჯები , თავისთავად შემცირდება – თავდაცის დაფინანსება, საბოლოოდ კი შესაძლოა იმპერიულობის დათმობა გახდეს აუცილებელი. [7] საფრანგეთი კი დგას არანაკლებ მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების წინაშე – ევროს ზრდის შენელება. ანალიტიკოსთა უმრავლესობა თვლის, რომ საფრანგეთის ეკონომიკური პრობლემების მიზეზი ევრო არ არის, მაგრამ ერთიანი ვალუტისადმი ქვეყნის პოლიტიკოსთა ერთგულების გამო ამ პრობლემების გადაჭრის გზაზე ბარიერები იქმნება. მთავარი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ძლიერ ხელგაშლილი ეკონომიკური მოდელი – “საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო” ევროს ზრდას ხელს უშლის. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სახელმწიფო დანახარჯებმა საფრანგეთში შიდა პროდუქტის 57 პროცენტი შეადგინა. შედარებისათვის, ეს მაჩვენებელი გერმანიაში 48, ბრიტანეთში კი 51 პროცენტი იყო .[8]
დასკვნა
დასკვნის სახით მინდა ვთქვა, რომ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფო არამარტო ზოგად პირობებს ქმნის, არამედ აქტიურადაც მონაწილეობს საბაზრო ეკონომიკის უთანასწორობისა და უსამართლობის შესარბილებლად. მისთვის მთავარ მიზანს წარმოადგენს კეთილდღეობის თანაბრად გადანაწილება მოქალაქეებს შორის. ეს იდეა პრაქტიკულად წარმოადგენს სოციალური უთანასწორობის შემცირების მცდელობას, საბოლოო მიზნად კი გულისხმობს ეკონომიკურ წინსვლასა და სრულ დასაქმებას.ადამიანები არ უნდა იჩაგრებოდნენ იმის გამო, რომ მათ მემკვიდრეობით არ ერგო კეთილდღეობა. მაგრამ თუ სახელმწიფო უზარმაზარ თანხებს გაიღებს იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული კეთილდღეობა თანაბრად გადაანაწილოს ყველა მოქალაქეზე, სახელმწიფო გადაიქცევა „მზრუნველ ძიძად“ , როგორც თომას ჰობსმა უწოდა მას. ეს კი გარკვეულწილად დაუპირისპირდება თავად ამ იდეას, რადგან უსამართლობაა ადამიანებს, რომლებიც მეტს შრომობენ , და ადამიანებს რომლებიც თავიანთ შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებენ, თანაბარი პირადი დოვლათი ჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, ასეთი სახელწმიფოს ტიპებიდან, ჩემთვის ყველაზე მისაღებია სკანდინავიური მოდელი, რომელიც გულისხმობს აბსოლუტურად ყველა მოქალაქის ბაზისურ უზრუნველყოფას გადასახადების ხარჯზე. ვფიქრობ, ოპტიმალური გამოსავალი გარკვეული კეთილდღეობის მისაღწევად არის : თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს რაღაც ბაზისი, რაც მისცემს საშუალებას განვითარდეს ეკონომიკურად, რათა იზრუნოს საკუთარი სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე. თუმცა, როგორც ბატონი გიორგი კვინიკაძე თავის წიგნში „ გეოეკონომიკა,მსოფლიო განვითარების ცენტრალური“ აღნიშნავს: „ კეთილდღეობის სახელმწიფოს ამოცანები მუდმივად რთულდება. ახალი გეოეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებამ, რომელიც ქვეყნის კონკურენტუნარიანობისათვის პერმანენტულ ბრზოლას გულისხმობს, ზემოთ აღნიშნული სირთულეები უკვე გაავრცელა სოციალური დაზღვევის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, პროფესიული მომზადების და ა.შ. სისტემებზე“ . ამის მაგალითია, ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები საფრანგეთის მაგალითი, სადაც სოციალური სისტემის უზრუნველყოფამ შექმნა ევროს პრობლემა.
[1] სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა განმარტებითი ლექსიკონი http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=6818
[2] ჰეივუდი ენდრიუ – „პოლიტიკა“ გვ.143
[3] იაკობ ფუტკარაძე – https://heconomic.wordpress.com/2013/07/12/social-2/
[4] კვინიკაძე გიორგი „გეოეკონომიკა (მსოფლიოს განვითარების ცენტრალური ვექტორი)“ , გვ.269-270
[5] http://en.wikipedia.org/wiki/Welfare_state
[6] კვინიკაძე გიორგი – „გეოეკონომიკა (მსოფლიოს განვითარების ცენტრალური ვექტორი)“ , გვ.287
[7] The Social Welfare State, beyond Ideology
http://www.scientificamerican.com/article/the-social-welfare-state/
[8] http://www.for.ge/view.php?for_id=11261&cat=1
ავტორი: თეონა მაისურაძე
გამოყენებული ლიტერატურა
- ფუტკარაძე, იაკობ, სრული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – სოციალური სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრინციპის წარმოშობის წინაპირობები და განვითარების პერსპექტივები, 2013 .
ბმული – https://heconomic.wordpress.com/2013/07/12/social-2/
- კვინიკაძე გიორგი – გეოეკონომიკა ( მსოფლიო განვიტარების ცენტრალური ვექტორი), გამომცემლობა „უნივერსალი“, 2008.
- Welfare State, History and Modern model
ბმული – http://en.wikipedia.org/wiki/Welfare_state
- ჰეივუდი ენდრიუ – პოლიტიკა, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“ , 2008.
- The Social Welfare State, beyond Ideology
ბმული – http://www.scientificamerican.com/article/the-social-welfare-state/