საქართველოს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი გეოგრაფიული თავისებურებანი
შესავალი
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები უპრეცენდენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. აღნიშნული არჩევნები მსოფლიო ყურადღების ცნტრში მოექცა. საქართველოში 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით.
მოცემული კვლევის მიზანია, წარმოადგინოს, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად გამოკვეთილი გეოგრაფიული თავისებურებანი. კვლევის ფარგლებში ჩვენ შევეცდებით თვალსაჩინო გავხადოთ, არჩევნების დღეს, ქვეყნის ელექტორატის ქცევის გეოგრაფიული თავისებურებანი და წინა პლანზე წამოვწიოთ ამ თავისებურებათა შესწავლის შედეგად გამოკვეთილი საინტერესო კანონზომიერებანი.
კვლევის ფარგლებში მოვახდენთ ამომრჩეველთა აქტივობისა და ხმის მიცემის შედეგების ანალიზსა და შეფასებას რეგიონულ ჭრილში. კვლევა ძირითადად ეფუძნება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს. ასევე ამავე არჩევნების თემატიკისადმი მიძღვნილ რიგ სტატიებსა და პუბლიკაციებს.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ძირითადი მონაცემები
2012 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 150 197-მა ადამიანმა, რაც საერთო ამომრჩევლების 59,4%-ს შეადგენდა, ხოლო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება კი სულ 3 613 851 ადამიანს ქონდა. ზემოთ აღნიშნული ხმები კენჭისყრის შედეგად შემდეგნაირად გადანაწილდა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, საერთო ხმების 40,3%, ანუ 867 432 ათასი ხმა მიიღო, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” 55% ანუ 1 181 862 ხმა.
როგორც უკვე აღინიშნა, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები, პირველი არჩევნები იყო საქართველოს ისტორიაში, როდესაც მმართველი პარტია შეცვლილ იქნა სწორედ კენჭისყრის გზით, შესაბამისად, გარდა ზემოთ ხსენებული ძირითადი სტატისტიკური მონაცემებისა, მეტად საინტერესოა არჩევნების მონაცემების სხვადასხვა ჭრილში განხილვა. ამასთან დაკავშშირებით დავიწყებთ ჩვენს განხილვას საპარლამენტო მანდატების განაწილების საკითხით.
დიაგრამა 1. საპარლამენტო მანდატების განაწილება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე
ზემოთ მოყვანილი დიაგრამიდან ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება” გამარჯვებულია, როგორც პროპორციული ისე მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგების მიხედვით. საერთო შედეგებით “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში 85 მანდატი მოიპოვა, აქედან 44 პროპორციული, ხოლო 41 მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგად. “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში 65 მანდატი მოიპოვა, რომელთაგან 33 მიღებულ იქნა პროპორციული, ხოლო 32 მაჟორიტარული კენჭისყრის საფუძველზე. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა წლების განმავლობაში ლიდერობდა არჩევნების შედეგებში, მაშინ, ამ უპრეცენდენტო შემთხვევაში, საინტერესო იქნება შევაფასოთ ამომრჩეველთა ქცევაც. გამოიკვეთა ტენდენცია, რომლის თანახმადაც ყველა ოლქში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი უფრო მეტ ხმას იღებდა, ვიდრე მათივე პარტია. თუმცა ეს ტენდენცია არ გავრცელდა 12 ოლქზე, ესენია: სამგორი, საბურთალო, ხულო, ხელვაჩაური, ქედა, ხობი, ზუგდიდი, მარტვილი, ქარელი, გორი, სიღნაღი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნმ-მ 3 ოლქში მოიგო მაჟორიტარული კენჭისყრის შედეგად, ესენია: დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ამბროლაური, თუმცა ამავე ოლქებში, პროპორციული კენჭისყრის შედეგად გაიმარჯვა “ქართუმა ოცნებამ”. ერთადერთი რაიონი სადაც ნმ-მ მოიგო პროპორციული, თუმცა წააგო მაჟორიტარული კენჭისყრა, იყო ტყიბული. აქვე უნდა ვახსენოთ თბილისში მანდატების განაწილების საკითხიც. ნმ-მ მიიღო 6 მანდატი, ხოლო ქართულმა ოცნებამ- 25 მანდატი.
შემდეგი, საკმაოდ საინტერესო საკითხი ეს არის ამომრჩეველთა აქტივობა. როგორც შესავალში ვახსენეთ, 2012 წლის არჩევნებზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა 59,4%-იანი აქტივობა. დედაქალაქში კი აქტივობის მაჩვენებელი 61,9% იყო.
საინტერესო იქნება 2012 წლის სააპარლამენტო არჩევნების შედარება, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები არსობრივად ერთანეთისაგან განსხვავდება, მათი შედარება მაინც შეიძლება, ამომრჩეველთა ქცევის ტენდენციების საფუძველზე. ასევე, თუკი გავითვალისწინებთ, რომ 2008 წლის არჩევნები, 2012 წლის არჩევნების მსგავსად უპრეცენდენტო, პარტიული დაპირისპირების და მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა, შესაბამისად მოგვეცემა ამ ორი არჩევნების შედეგების შედარების შესაძლებლობაც. როგორც დიაგრამა 2-ზე ვხედავთ ის რეგიონები, სადაც ნმ ტრადიციულად ლიდერობდა, და რომელი რგეიონებიდანაც ხმების მნიშვნელოვან, ხშირად კი გადამწყვეტ რაოდენობასაც იღებდა 2008 წელს უფრო მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდნენ, ვიდრე 2012 წელს. ამის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას, დიდწილად ხელი შეუწყო სწორედ მათ ძირითად დასაყრდენ რეგიონებში ამომრჩეველთა დაბალმა აქტივობამ.
თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ ის რეგიონები, სადაც 2008 წლის არჩევნებზე უფრო მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, 2012-თან შედარებით. ჯავახეთში, სადაც 2008
წელს აქტივობა 83%-ს შეადგენდა, ამავე წელს ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 88,1% მიიღო, ხოლო 2012 წელს, 54%-იანი აქტივობის პირობებში, ეს მონაცემი ხმების საერთო რაოდენობის 77,7%-ით განისაზღვრა. ანალოგიური სურათი იყო სამცხეშიც- 2008 წლის ამომრჩეველთა აქტიურობა 74%-იყო, ხოლო ხმების რაოდენობა 77,5%; 2012 წელს სამცხეში აღინიშნა 65% იანი აქტიურობა და ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო ხმების 73%. სამეგრელოში 2008 წელს- აქტიურობა 70%, ნმ-ის ხმები- 69,6%; 2012 წელს- აქტიურობა 59%, ხოლო ნმ-ის ხმები- 58,9%. ზემო აჭარაში 2008 წელს- აქტიურობა-65%, ნმ-ის ხმები 65,2%; 2012 წელს- აქტიურობა 56%, მიღებული ხმები 55,9%; ქვემო ქართლში 2008 წელს- აქტიურობა 61% ხმები 80%; 2012 წელს- აქტიურობა 46%-მდე დაეცა, ხოლო ნმ-ის ხმების რაოდენობა 65,9% იყო.
მსგავსი ტენდენციის ახსნა საკმაოდ კომპლექსური საკითხია, თუმცა შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცვლილება ამომრჩეველთა აქტივობებში, ნაწილობრივ, ზემოთ განხილული რეგიონებიდან, ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობის ემიგრაციით შეიძლება აიხსნას.
ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული ხმების თანაფარდობის, უკეთ წარმოსადგენად და სრული სივრცობრივი სურათის შესაქმნელად, კარგი საშუალებაა რუკა 2. როგორც ვხედავთ, მიუხედავად აქტიურობის და შესაბამისად ხმების რაოდენობის შემცირებისა, სამხრეთ საქართველო კვლავ პარტიის ძირითად დასაყრდენს წარმოადგენდა 2012 წლის არჩევნებზე. ხმების პროცენტული გადანაწილება კი თვალსაჩინოდ წარმოდგენილია ქვემოდ მოყვანილ დიაგრამაზე.
ნაციონალურ მოძრაობასა და ქართულ ოცნებას შორის ხმების თანაფარდობის უკეთ აღსაქმელად, განვიხილოთ ქართული ოცნების მიერ მიღებული ხმების გადანაწილება, თვალსაჩინოებისათვის კი გამოვიყენოთ რუკა 3. თუკი რუკაზე არსებულ სურათს შევადარებთ აქტივობის მაჩვენებლებს, მაშინ დავინახავთ, რომ ქართულმა ოცნებამ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სწორედ მაღალი აქტივობის რეგიონებში
ხოლო ქართული ოცნების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა წარმოდგენილია, ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაზე.
როგორც ვხედავთ, ქართულმა ოცნებამ, თავისი ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღო დედაქალაქისა და იმერეთის რეგიონიდან. ორივე ეს რეგიონი საკმაოდ მჭიდროდ დასახლებულია. დედაქალაქის შემთხვევაში გამარჯვება, წლების განმავლობაში განმეორებადი ტენდენციის ნაწილია, რომლის თანახმადაც დედაქალაქი, დარჩენილ
საქართველოსთან შედარებით, ყოველთვის უფრო ოპოზიციურად განწყობილი იყო ხელისუფალთა მიმართ, ასევე დედაქალაქში საკმაოდ მაღალია საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებების ხელმისაწვდომობის წილი, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მოსახლეობის განწყობას. დედაქალაქზე საუბრისას უნდა აღინიშნოს ისეც, რომ თბილისის უბნების უმრავლესობაში, მათ შორის, ცენტრალურ და პრესტიჟულ უბნებში, ნაციონალურმა მოძრაობამ საკმაოდ მცირე რაოდენობის ხმები მიიღო. ამ შემთხვევაში გამონაკლისია მხოლოდ მთაწმინდა, სადაც ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა, სავარაუდოდ ეს მთაწმინდის რაიონზე მიმაგრებული ოთხი სპეცუბნის დამსახურებაა, რომელთა ხმები ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ყუთში ჩაიყარა.
საქართველოში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ისტორიული კუთხეები ხასათდებიან ანალოგიური ელექტორალური ქცევით. ამ შემთხვევაში გამონაკლისია მხოლოდ იმერეთი, სადაც საარჩევნო ოლქებს შორის ხმები საკმაოდ კონტრასტულად გადანაწილდა, მიუხედავად მათი სივრცითი და სოციალური სიახლოვისა და განსაკუთრებული ბარიერების არარსებობისა. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქი ფოთი, თავისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მიკუთვნებულობის მიუხედავად, ხასიათდება ქვემო აჭარის ელექტორალური ქცევით, ხოლო ქვემო და ზემო აჭარა კი განსხვავდება ერთმანეთისაგან. ანალოგიური მაგალითი გვაქ ქალაქ რუსთავის შემთხვევაშიც, აქ ამომრჩევლების ელექტორალური ქცევა თბილისის ანალოგიურია.
დასკვნა
2012 წლის არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. არჩევნებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.
მოცემულ ნაშრომში ჩვენ განვიხილეთ საქართველოში 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. კვლევის მიზანი იყო თვალსაჩინოდ წარმოგვედგინა არჩევნების შედეგად გამოკვეთილი გეოგრაფიული თავისებურებანი- მოსახლეობის ელექტორალური ქცევა, სივრცით განზომილებაში.
“ქართული ოცნებამ” საკმაოდ მაღალ კონკურენტულ პირობებში, 55%-ით დაამარცხა ძირითადი ოპონენტი პარტია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ამ უკანასკნელმა თავის მხრივ საერთო ხმების 40,3% მიიღო. შედეგების მსგავსი განაწილება, 59,4%-იანი აქტივობის პირობებში, ცხადყოფს თუ რაოდენ დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა მონაწილეებს შორის. საერთო შედეგებით, 2012 წლის მოწვევის პარლამენტში, “ქართულმა ოცნებამ” 85 მანდატი მოიპოვა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კი 65.
ამავე კვლევის ფარგლებში, საინტერესო იყო 2012 წლის სააპარლამენტო არჩევნების შედარება, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები არსობრივად ერთანეთისაგან განსხვავდება, მათი შედარება მაინც შეიძლებოდა, ამომრჩეველთა ქცევის ტენდენციების საფუძველზე. 2008 წლის არჩევნები, 2012 წლის არჩევნების მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ რეგიონები, სადაც ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი 2008 წელს ერთპიროვნული ლიდერი იყო, წელს აქტივობის შემცირებით გამოირჩეოდნენ, თუმცა მაინც დარჩნენ ნაციონალური მოძრაობის ძირითად დასაყრდენად 2012 წლის არჩევნებშიც. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მათ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს სწორედ მაღალი აქტივობის რეგიონებში, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია იმერეთისა და თბილისის როლი.
დასასრულს კი უნდა ითქვას, რომ საქართველოს კუთხეები ხასიათდებიან თითქმის ერთნაირი ელექტორალური ქცევით, ეს ტენდენცია შენარჩუნებულ იქნა 2012 წლის არჩევნებზეც, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ სამომავლოდ, ანალოგიური სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, ეს ტენდენცია კვლავ შეინარჩუნებს თავის აქტუალურობას.
ავტორები: მარი აბრამიშვილი და ნატალია დავლიანიძე