საქართველოს ურბანული და სასოფლო მოსახლეობის ელექტორალური ქცევის თავისებურებები
შესავალი
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელიც თავის შედეგებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევად ფასდება, რადგან მოხდა ერთი პარტიიდან მეორე პარტიისადმი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება, ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა მმართველი გუნდის მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით შეცვლა. აღნიშნული მოვლენა იყო რეზულტატი არსებული რთული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული პროცესების ერთობლიობისა, როგორც მთლიანი ქვეყნის, ასევე მისი ცალკეული რეგიონების მასშტაბით. მოსახლეობის ელექტორალური ქცევის გეოგრაფიული ასპექტების შესწავლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საპარლამენტო არჩევნების შედეგების სრულფასოვან ანალიზს და შესაბამისი დასკვნების ჩამოყალიბებას.
მოცემული კვლევის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოს საქალაქო და სასოფლო მოსახლეობის ელექტორალური ქცევის თავისებურებები.
კვლევა ეყრდნობა 2012 წლის არჩევნების ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციას, შესაბამისად მასში გამოყენებულია სტატისტიკური ანალიზის მეთოდი. ნაშრომში მოცემულია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გეოგრაფიული თვალსაზრისით, რომელიც გაშუქებულია რამდენიმე კუთხით, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ცენტრი-პერიფერია (ქალაქი-სოფელი).
საქართველოში ბოლოდროს ჩატარებულ არჩევნებში ოპოზიციას უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდა ქალაქად, ვიდრე სოფლად. შესაბამისად ამ არჩევნების შედეგების ანალიზი საშუალებას გვაძლევდა შეგვემოწმებინა ამ დებულების მართებულობა. გარდა აღნიშნულისა, კვლევაში წარმოჩინებულია საქალაქო და სასოფლო ელექტორალური ქცევის თავისებურებები საქართველოს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გარდატეხა აღმოჩნდა საქართველოსათვის პოლიტიკური თვალსაზრისით, ვინაიდან მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა. აღნიშნული მოვლენა, საინტერესო კვლევის საგანია ჩვენთვის, რადგან ჩვენც უშუალოდ ამ პროცესის მონაწილენი ვიყავით, ელექტორატის ნაწილს წარმოვადგენდით. ამჯერად გადავწყვიტეთ ისეთ საკითხზე გაგვემახვილებინა ყურადღება, როგორიცაა ცენტრისა და პერიფერიის ელექტორალური ქცევის თავისებურებები. ცენტრში იგულისხმება საქართველოს მუნიციპალური ცენტრები, რომლებიც ქვეყნის ურბანულ ტერიტორიებს წარმოადგენენ. პერიფერია კი, მოიცავს სასოფლო დასახლებებს. თავდაპირველად განვიხილავთ აქტივობას ქალაქად და სოფლად, ვინაიდან საარჩევნო აქტივობა ელექტორატის ქცევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ხშირად არჩევნების ბედს სწორედ ამომრჩევლების აქტივობის დონე განსაზღვრავს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელექტორატის აქტივობა კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში, სოფლად და ქალაქად, უმნიშვნელოდ განსხვავდება. საინტერესოა ქვემო ქართლი, სამეგრელო და ზემო სვანეთი ამ კუთხით. ქვემო ქართლში აქტივობა სოფლად 5.2%-თ მეტია ქალაქთან შედარებით, ხოლო სამეგრელო, ზემო სვანეთში ეს განსხვავება 4.9%-ია. ეს ის რეგიონები, სადაც გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. რაც შეეხება შიდა ქართლსა და აჭარას, სადაც აქტივობა ქალაქად შესაბამისად 6.2%-ითა და 3.1%-ით მეტია პერიფერიის აქტივობაზე, გაიმარჯვა კოალიცია-ქართულმა ოცნებამ.
აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქტივობა ერთ-ერთი ფაქტორია, რამაც განაპირობა პარტიების წარმატება და მარცხი. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი კვლევის ფარგლებში, განვიხილოთ ელექტორატის ინფორმირებულობის დონე სოფლად და ქალაქად, რაც თავისთავად აქტივობაზეც მოქმედებს.
სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ ქალაქის მოსახლეობა გაცილებით მეტად ინფორმირებულია. ინფორმირებულობა კი, გავლენას ახდენს ამომრჩეველთა ქცევაზე. ურბანული ცენტრების მოსახლეობისათვის დამახასიათებელია პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროცესების კრიტიკული ხედვა და ცვლილებებისაკენ მიდრეკილება.აღნიშნულიდან ჩანს, რომ ქალაქი მეტად ოპოზიციურია ვიდრე სოფელი. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი კოალიცია-ქართული ოცნების გამარჯვებისა ქალაქების უმრავლესობაში, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისა სოფლად.
რაც შეეხება ამომრჩეველთა ხმების გადანაწილებას პარტიების მიხედვით, საინტერესო იქნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განხილვა სოფელთან მიმართებით, ხოლო კოალიცია-ქართული ოცნების, ქალაქთან მიმართებით, ვინაიდან სწორედ ასე გადანაწილდა მათ მიერ მიღებული ხმების უმრავლესობა. მესამე ძალის განხილვას, სხვა პარტიების სახით, აზრი ეკარგება, იმდენად უმნიშვნელოა მათ მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ ყველა რეგიონში, გაიმარჯვა სოფლად; ქალაქს რაც შეეხება, აღნიშნულმა პარტიამ მოიგო 19 ქალაქი. ესენია: გარდაბანი, მარნეული, წალკა, თეთრიწყარო, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ახალქალაქი, ნინოწმინდა, აბაშა, სენაკი, წალენჯიხა, ჩხორუწყუ, ზუგდიდი, თერჯოლა, ტყიბული, წყალტუბო, შუახევი და ხულო. ყველა დანარჩენ ადმინისტრაციულ ცენტრში გაიმარჯვა კოალიცია-ქართულმა ოცნებამ.
როგორც ჩანს ყოფილ ხელისუფლებას დიდი მხარდაჭერა ჰქონდა არაქართველი მოსახლეობის მხრიდან, ამას ცხადყოფს ქალაქების რაოდენობა, სადაც არაქართველი მოსახლეობის ხვედრითი წილი დიდია და სადაც გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებისა სოფლად რეგიონული მასშტაბით, არის მუნიციპალიტეტები სადაც ენმ დამარცხდა სოფლების დონეზე. ასეთებია საგარეჯო, სიღნაღი წნორთან ერთად და ახმეტა კახეთის რეგიონში; მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების სასოფლო დასახლებები საერთო გამოთვლით ასევე წააგო ენმ-მ; ქვემო ქართლში ასეთი მუნიციპალიტეტი მხოლოდ ერთია-თეთრიწყარო. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თეთრიწყაროში მიიღო 44.1% სოფლად, ხოლო კოალიცია-ქართულმა ოცნებამ – 52.3%. რაც შეეეხება შიდა ქართლს, ამ შემთხვევაში კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სოფლად გაიმარჯვა კოალიცია-ქართულმა ოცნებამ. ენმ-მ ამ შემთხვევაში მხოლოდ გორის სასოფლო დასახლებებში მოიპოვა უპირატესობა.
აღნიშნული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქალაქი თბილისი, როგორც აგლომერაცია დიდ გავლენას ახდენს ისეთ რეგიონებზე, როგორიცაა კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი.
საინტერესო იქნება განვიხილოთ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში ამომრჩეველთა ქცევის თავისებურებები.
მნიშვნელოვანია ქალაქების: ქუთაისის, რუსთავის, ბათუმისა და ფოთის ზეგავლენა მიმდებარე ტერიტორიებთან მიმართებით. ქუთაისი ისეთი რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელშიც ამომრჩევლის ქვევა არაერთგვაროვანია. იმერეთის განხილვა საინტერესოა სოფლად და ქალაქად. კვლევამ ცხადყო, რომ იმერეთის ყველა მუნიციპალური ცენტრი მოიგო კოალიცია ქართულმა ოცნებამ, მაგრამ საერთო ჯამში სოფლების ხარჯზე აღმოჩნდა მუნიციპალიტეტები, სადაც გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ვანში, სამტრედიაში, ხონში, ტყიბულსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში სოფლად უპირატესობა მოიპოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რამაც განაპირობა ენმ-ს გამარჯვება აღნიშნულ რაიონებში.
ამ შემთხვევაში შეიძლება დავასკვნათ, რომ ქუთაისი როგორც მსხვილი ქალაქი ზემოქმედეს ამომრჩევლის ქცევაზე მიმდებარე ტერიტორიებთან მიმართებით, მაგრამ იმ რაიონებში სადაც უპირატესობა მოიპოვა ენმ-მ სამეგრელოს ელექტორალური ქცევის ზეგავლენა იგრძნობა. რაც შეეხება რუსთავს, ის თბილისის აგლომერაციად მოიაზრება და ელექტორატის ოპოზიციური განწყობა აქ მოსალოდნელი იყო. ამას შეიძლება დავამატოთ ინფორმირებულობის მაღალი დონე, რაც რუსთავს გააჩნია. აღნიშნულ ქალაქში კოალიცია-ქართულმა ოცნებამ მიიღო ხმების 56.3%, ხოლო ენმ-მ მხოლოდ 38.4%.
ბათუმის მიმდებარე ტერიტორიები ასევე ქალაქის გავლენის ქვეშ მოექცა და გაიმარჯვა კოალიცია ქართულმა ოცნებამ, მაგრამ მთიან აჭარაში შუახევსა და ხულოში დამარცხდა იგი. ეს შეიძლება ის შემთხვევაა, როდესაც მეზობელი რეგიონის სიახლოვე მოქმედებს ელექტორალურ ქცევაზე.
ფოთი, როგორც ქალაქი უნიკალური ურბანული ტერიტორიაა იმ თვალსაზრისით, რომ ფოთის ელექტორატის ქცევა არ ემთხვევა, იმ რეგიონის (სამეგრელო) ამომრჩეველთა ქცევას, რომლის ნაწილიც ის გახლავთ. 2012 წლის არჩევნებში სამეგრელო იყო იმ რეგიონთაგანი, სადაც გაიმარჯვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, მაგრამ ქალაქ ფოთში დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა კოალიცია-ქართულმა ოცნებამ, ამიტომ ეს საკითხი საინტერესო კვლევის საგანია და ძირეულ შესწავლას საჭიროებს.
ეთნიკური ფაქტორი
საინტერესოა ისეთი ფაქტორის ცალკე გამოყოფა, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობები. კვლევამ ცხადყო, რომ ქართველებით დასახლებული ქალაქები გაცილებით უფრო ოპოზიციურია, იმ დროს როდესაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქალაქები კვლავ ხელისუფელების მხარდაჭერას ავლენენ. 2012 წლის არჩევნების გეოგრაფიული კვლევის ფარგლებში, ჩვენ გადავწყვიტეთ განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო ეთნიკური ჯგუფების ელექტორალური ქცევისათვის. ჩვენ გამოვყავით ეთნიკური ჯგუფებით კომპაქტურად დასახლებული შემდეგი მუნიციპალიტეტები: ლაგოდეხი, თეთრიწყარო, დედოფლისწყარო, გარდაბანი, ქარელი, ახმეტა, წალკა. დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ელექტორალური ქცევა განსხვავდებოდა საქართველოს დარჩენილი ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტენდენციისაგან. თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ რიგი მაგალითებისა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მიერ 2002 წელს გამოცემული საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების საფუძველზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ჩვენ გამოვყავით ოსებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლები და შემდეგ, ცესკოს მონაცემებით მოვიპოვეთ ინფორმაცია ამ სოფლებში, არჩევნების შედეგად ხმების გადანაწილების შესახებ. აღსანიშნავია რომ რიგ შემთხვევებში კონტრასტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მისი ოპონენტი პარტიის- ქართული ოცნების შედეგებს შორის საკმაოდ თვალსაჩინო აღმოჩნდა, მაგალითად არშევანის თემის საკრებულოში, სადაც გამოვყავით ხუთი, ოსებით კომპაქტურად დასახლებული სოფელი (არეფშენი, ზემო ბოლქვი, ქევხიანი, ქვემო ბოლქვი, ხოშატიანი) პროპორციული არჩევნების შედეგად გადანაწილებული ხმების თანაფარდობა შემდეგნაირია, ნაციონალური მოძრაობა 348, ხოლო ქართული ოცნება 127; ანალოგიური მკვეთრი კონტრასტი აღინიშნა ლელიანის თემის საკრებულოშიც- ნაციონალური მოძრაობა 509 ხმა, ქართული ოცნება 371 ხმა, თუმცა აღსანიშნავია რომ ლელიანის თემში ოსები შეადგენდნენ მხოლოდ საერთო მოსახლეობის 20-25%; საინტერესო კონტრასტი დაფიქსირდა ფონის თემის საკრებულოშიც, რომლის სოფლებშიც ოსები წარმოადგენენ მოსახლეობის 90%-ზე მეტს, ამ თემში თანაფარდობა ხმებს შორის შემდეგნაირია: ნაციონალური მოძრაობა-118 ხმა, ქართული ოცნება 55 ხმა. საიინტერესო სურათი გამოიკვეთა ცოდნისკარის თემში მდებარე სოფელ სვაბოდნოეში, სადაც მოსახლეობის 61%-ს რუსები შეადგენენ. აქ ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული ხმები 535-ს, ხოლო ქართული ოცნებისა კი 153-ს შეადგენდა, რაც საკმაოდ დიდი სხვაობაა. ლაგოდეხში მდებარე კაბლის თემის საკრებულოში შემავალი სოფლების მოსახლეობის 99% აზერბაიჯანელია, ხმები კი აქ შემდეგნაირი თანაფარდობით იყო წარმოდგენილი: კაბალი- ნაციონალური მოძრაობა 493, ქართული ოცნება 42; განჯალა- ნაციონალური მოძრაობა 591, ქართული ოცნება 31; უზუნთალა- ნაციონალური მოძრაობა 531; ქართული ოცნება 21; ყარაჯალა- ნაციონალური მოძრაობა 671, ქართული ოცნება 18.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩვენ გამოვყავით სომეხი მოსახლეობით დასახლებული სოფლები, მათგან აღსანიშნავია დაღეთის თემის საკრებულოში მდებარე სოფელი სამშვილდე, სადაც სომხები, მთელი მოსახლეობის 98%-ს შეადგენენ, ხოლო ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა – ნაციონლაური მოძრაობა 222 ხმა, ქართული ოცნება 23 ხმა, ამავე დედოფლისწყაროში მდებარე ირაგის თემის საკრებულოში შემავალი სოფლების უმრავლესობა, ეთნიკურად ბერძენი მოსახლეობის სიმრავლით გამორჩევა, ხმები კი ხსენებულ თემში შემდეგნაირად განაწილდა: ნაციონალური მოძრაობა 107, ქართული ოცნება 64 ხმა.
დედოფლისწყაროში განსაკუთრებით თვალშისაცემი მონაცემები მივიღეთ სოფელ საბათლოს შემთხვევაში. სოფლის მოსახლეობის 75%-ს ეთნიკურად სომხები წარმოადგენენ, ხოლო ხმათა თანაფარდობა საბათლოში შემდეგნაირია: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- 263 ხმა, ქართული ოცნება 10 ხმა.
ახმეტის რაიონის, სოფელი დუსის მოსახლეობის 78% ქისტები არიან, ამ სოფელში ხმები, ორ ძირითად პარტიას შორის შემდეგნაირად გადანაწილდა: ნაციონალური მოძრაობა 154 ხმა, ქართული ოცნება-409 ხმა. აღსანიშნავია რომ ტენდენცია ანალოგიური იყო ახმეტის რაიონის ქისტებით დასახლებულ სოფლებში. თუმცა იგივეს თქმა არ შეიძლება ოსურ სოფლებზეც, ზემო ხოდაშენის თემის საკრებულოში მოსახლეობის 60%-ზე მეტს ოსები წარმოადგენენ, ხმები კი შემდეგნაირად არის განაწილებული: ნაციონალური მოძრაობა 394, ქართული ოცნება-464; მაღარაანის თემის საკრებულოში: ნაციონალური მოძრაობა-276, ქართული ოცნება 193; ქისტაურის თემის საკრებულო: ნაციონალური მოძრაობა-395, ქართული ოცნება-358; გამონაკლისს წარმოადგენდა შახვეტილის თემის საკრებულო, სადაც ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 41, ხოლო ქართული ოცნების კი 81 ხმა იყო. წალკის რაიონში ჩვენ გამოვყავით აზერბაიჯანული სოფლები და აქაც, ცესკოს მონაცემების ნახვის შემდგომ წავაწყდით საკმაოდ დიდ სხვაობას ორ დომინანტ პარტიას შორის. ავრანლოს თემში ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული ხმები-187-ს შეადგენდა, ხოლო ქართული ოცნების 113-ს; სოფელ არჯევანში ნაციონალური მოძრაობა 313 ხმით იყო წარმოდგენილი, ხოლო ქართული ოცნება 40-ით; სოფელ აშკალაში კი ნაციონალურმა მოძრაობამ 335, ხოლო ქართულმა ოცნებამ 80 ხმა დააგროვა.
ბოლოს ჩვენს მიერ გამოყოფილ მუნიციპალურ ერთეულებს შორის აღსანიშნავია ქარელი, სადაც გამოვყავით ოსებით დასახლებული სოფლები, ახალსოფლის თემში მდებარე ოსური სოფლების უმრავლესობაში, ოსი მოსახლეობა, მთელი მოსახლეობის 80%-ზე მეტს წაროადგენდა, ხმები კი ამ თემში შემდეგნაირად გადანაწილდა: 182 ხმა- ნაციონალური მოძრაობა; 145 ხმა-ქართული ოცნება; ბებნისის თემში 55 ხმა ნაციონალური მოძრაობა, 68 ხმა ქართული ოცნება; სოფლებში ქვენაფლავი და ღვლევი, სადაც ოსები მოსახლეობის 50%-ზე მეტს შეადგენენ, ნაციონალურმა მოძრაობამ 280 ხმა, ხოლო ქართულმა ოცნებამ 407 ხმა დააგროვეს, კეხიჯვრის თემის საკრებულოში კი, სადაც ოსები მოსახლეობის მხოლოდ 30%-მდე ნაწილს შეადგენენ, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: 276 ხმა-ნაციონალურ მოძრაობას, ხოლო 474 ხმა ქართულ ოცნებას. ქარელის რაიონის შემთხვევაში საკმაოდ საინტერესო იყო მაჟორიტარების მიერ მიღებული ხმების თანაფარდობაც, უნდა აღინიშნოს რომ წარმოშობით ოსმა, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლერი ხაბელოვმა 50,75% დააგროვა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ილია ბურჯანაძემ 39,65%. აღნიშნული მონაცემები თითქმის ანალოგიური იყო ცალკეული ოსური სოფლების მიხედვითაც, ოთხი საარჩევნო უბნიდან, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობას ოსები წარმოადგენდნენ, სამ უბანზე გამარჯვება ხაბელოვმა მოიპოვა, ხოლო ერთ უბანზე, რომელიც ახალსოფლის თემის საკრებულოს რამოდენიმე სოფელს აერთიანებდა გამარჯვება ილია ბურჯანაძეს ხვდა წილად.
დასკვნა
არჩევნების შედეგებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, ოპოზიციას უფრო მეტი მხარდაჭერა ქონდა ქალაქად, ვიდრე სოფლად, უფრო მეტიც, აქამდე არსებულ არც ერთ სხვა არჩევნებში ოპოზიციას არ მიუღია იმდენი ხმა ურბანულ არეალებში როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქალაქის ოპოზიციურობაში მნიშვნელოვან როლს რამდენიმე ფაქტორი თამაშობს, მათ შორის:
1) ქ. თბილისი, როგორც აგლომერაცია დიდი ზეგავლენას ახდენს საქართველოს მთელ რიგ რეგიონებზე (კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი).
2) ასევე მნიშვნელოვანია მსხვილი ქალაქების (ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი) გავლენა მიმდებარე ტერიტორიებზე.
3) სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევები ცხადყოფს, რომ ქალაქის მოსახლეობა გაცილებით მეტად ინფორმირებულია, ვიდრე სოფლის მცხოვრებლები, შესაბამისად ურბანული ცენტრების მოსახლეობისათვის დამახასიათებელია პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პროცესების კრიტიკული ხედვა და ცვლილებებისაკენ მიდრეკილება.
4) კვლევამ ცხადყო, რომ ქართველებით დასახლებული ქალაქები გაცილებით უფრო ოპოზიციურია, იმ დროს როდესაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ქალაქები კვლავ ხელისუფელების მხარდაჭერას ავლენენ.
ავტორები: დავით სიდამონიძე და ნინო შეშაბერიძე