რა როლს ასრულებს ელიტა ერის ფორმირებაში?

ელიტის როლი ერის ფორმირებაში
ელიტის როლი ერის ფორმირებაში

         მოცემულ ესეში შევეცდები გამოვხატო ჩემი პოზიცია ელიტის როლზე ერის მშენებლობაში და ამის დასაბუთებას შევეცდები გარკვეული არგუმენტების საფუძველზე. ამისათვის კი დავიწყებ განმარტებით. ,,ელიტა- მცირერიცხოვანი სოციალური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებსაც უკავიათ წამყვანი და პრივილეგირებული პოზიციები საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ უმნიშვნელოვანეს  სფეროებში, როგორიცაა: პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, თავდაცვა და სხვა და ახორციელებენ მასების მართვისა და კონტროლის ფუნქციებს – ეს განსაზღვრება სოციოლოგიაში არაერთმნიშვნელოვანია, რასაც მოწმობს ქვემოთ მოცემული განმარტებები.

    ,,ელიტა ესაა ადამიანთა ერთობა, რომლებსაც აქვთ უმაღლესი ინდექსი მათი მოღვაწეობის ყველა სფეროში“- ,,ელიტა, ესაა მოსახლეობის რჩეული ნაწილი, დანარჩენი ნაწილი კი უბრალოდ ეგუება მისგან მიღებულ სტიმულებს.“ პ ა რ ე ტ ო

    ,,პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე აქტიური ადამიანები, ძალაუფლებაზე ორიენტირებული საზოგადოების ორგანიზებული უმცირესობა“- მ ოს კ ა

   ,,ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში სარგებლობენ უმაღლესი პრესტიჟითა და სტატუსით, სიმდიდრით, ადამიანები რომლებსაც აქვთ ინტელექტუალური თუ მორალური უპირატესობა მასაზე, ასევე პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა“-  ხ. ო რ ტ ე გ ა, ი.  გ ა ს ე ტ ი

   ,, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფორმალური ძალაუფლება იმ ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებში, რომლებიც განსაზღვრავს სოციალურ ცხოვრებას“-თ. დაი

   ,,ღვთივდანიშნული ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ ქარიზმა. საზოგადოების შემოქმედებითი უმცირესობა, არაშემქმედებითი უმრავლესობის წინააღმდეგ“-ტ ო ი ნ ბ ი

       მიუხედავად განმარტებათა მრავალფეროვნებისა, შეჯამების სახით ვიტყვი, რომ ელიტა ეს არის საზოგადოების მცირე ჯგუფი, რომელიც შედგება იმ პირთაგან, ვისაც უკავიათ წამყვანი პოზიცია საზოგადოების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ ცხოვრებაში. შესაბამისად გამოირჩევიან საკუთარი ინტელექტუალური თვისებებითა და ქარიზმით. უნდა აღინიშნოს, რომ საკამათოა დებულება: ,, ელიტა არის ინტელიგენცია“ თუმცა ვერავინ უარყოფს ინტელიგენციის  უზარმაზარ როლს ზოგადად ერის და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფციის ჩამოყალიბებაში. ჩემი აზრით  ელიტა არამხოლოდ საზოგადოებრივ ღირებულებებსა და ფასეულობებს ქმნის, არამედ მტკიცედ მართავს ცნობიერ და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროცესებს ქვეყანაში. ამის დასასაბუთებლად მოვიშველიებ ვილფრედო პარეტოს თეორიას.

       ვილფრედო პარეტოს მიხედვით, ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ბუნებრივი უნარებითა და ტალანტით, ეს განსხვავება კი განსაზღვრავს მათ ადგილს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა კიბეზე. პარეტო ელიტას ორ ნაწილად ყოფს: 1. მმართველი ელიტა, რომელიც პირდაპირად ან ირიბად მონაწილეობს საზოგადოებრივი ცხოვრების მართვაში და 2. არამმართველი ელიტა, რომელიც მონაწილეობს მხატვრულ ან მეცნიერულ სფეროში. მისი თქმით, ელიტას ახასიათებს თვითფლობისა და ანგარიშიანობის ძალიან მაღალი ხარისხი, სხვებში სუსტი ადგილების დანახვის და მათი თავის სასარგებლოდ გამოყენების უნარი. მთავრობის პოლიტიკა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო წარმატებით იყენებს იგი ემოციებს. რაც უფრო ღიაა მმართველი კლასი მით უფრო მყარია მისი ,,ჯანმრთელობა“. საერთო ჯამში, პარეტოს მიხედვით ელიტა აყალიბებს ღირებულებებს, ქმნის სტანდარტებს ერის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების მიზნით.

     ერზე, სახელმწიფოზე საუბრისას, მნიშვნელოვანია ერის კულტურის კლასობრივი კუთვნილების დადგენა. ვინ არის ერის კულტურის ჭეშმარიტი შემოქმედი: ელიტა, ხალხი, თუ ორივე ერთად?  ჯგუფური და ტომობრივი საზოგადოებების კულტურა მაშინ იქმნებოდა, როდესაც ელიტა ჯერ კიდევ არ არსებობდა, თანამედროვე ერს კი მსგავსი კულტურა პრაქტიკულად გამორიცხულია რომ ჰქონდეს შემორჩენილი. ელიტა ყოველთვის იყო საზოგადოების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ადამიანთა ერთობის(ერის, ეთნოსის) მასობრივი კულტურის ფორმირებაში. მოდერნისტები თვლიან რომ ერის ფორმირების ექსკლუზიური უფლება ელიტას ეკუთვნის, მაშინ, როცა ეთნოსიმბოლისტთა აზრით, აღნიშნულ პროცესში ორივე მოქმედებს, უბრალო ადამიანები არასოდეს ყოფილან საზოგადოების უმოქმედო ნაწილი.

      XIX-ის მეორე ნახევრიდან ევროპასა და აშშ-ში აშკარად გამოიკვეთა ელიტათა როლი საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი კულტურულ მშენებლობაში. თანამედროვე სახელმწიფს საფუძვლის ჩაყრამ ახალი ამოცანები დააყენა ელიტის წინაშე, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი იყო სახელმწიფოსადმი საზოგადოებრივი ლოიალობის უზრუნველყოფა, რისთვისაც აუცილებელია საზოგადოების ერთიანობა, რისი მიღწევის საუკეთესო გზაა საერთო ეროვნული იდენტობის ფორმირება. ეროვნული იდენტობის საფუძველს კი საერთო კულტურა წარმოადგენს; ამიტომ, სახელმწიფოსა და მისდამი ლოიალური ერის ფორმირებისათვის საჭირო გახდა ახალი საერთო ეროვნული კულტურის გარკვეული ელემენტების დანერგვა.

ანგლო-პროტესტანტური კულტურა. ქვეყანაში არსებობს ბირთვი ან დომინანტი კულტურა, რომელიც, გარკვეული ვარიაციებით, გაზიარებულია საზოგადოების უმეტესი ნაწილის მიერ. ამ ნაციონალურ კულტურასთან ერთად არსებობს რასით, რელიგიით, ეთნიკურობით, კლასითა და სხვა კატეგორიებით განსხვავებული სუბ- და ტრანსნაციონალური ჯგუფები, რომლებიც ერს ერთიანობის შეგრძნებას სძენს. ამერიკაში ყოველთვის ჭარბად იყო სუბკულტურები, ასევე დომინანტი ანგლო-პროტესტანტური კულტურა, რომელსაც ნებისმიერი სუბ კულტურის წარმომადგენელი იზიარებდა. თითქმის ოთხი საუკუნის მანძილზე ახალმოსახლეების მიერ მოტანილი კულტურული ფასეულობები ამერიკული იდენტობის ფუნდამენტურ კომპონენტს წარმოადგენდა. ამერიკის ანგლო პროტესტანტულმა კულტურამ საკუთარ თავში გააერთიანა ინგლისიდან მემკვიდრეობით მიღებული სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტები. მათ შორის უმთავრესია ინგლისური ენა, სექტანტური პროტესტანტიზმის კონცეფციები და ფასეულობები, რომლებიც თანდათან გაქრა ინგლისში, მაგრამ ახალი სიცოცხლე შეიძინა ახალ კონტინენტზე. შესაბამისად, ეს კულტურა აერთიანებდა, ერთი მხრივ, ბრიტანული კულტურის ზოგად ელემენტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სპეციფიურ თავისებურებებს, რომელიც დამახასიათებელი იყო ბრიტანული საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელსაც ახალ მოსულები მიეკუთვნებოდნენ.  თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ამერიკის სახელმწიფოს შექმნისას და ამერიკელი ერის ფორმირების პერიოდში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ანგლო-საქსონ პროტესტანტთა ხელში იყო კონცენტრირებული ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლება. ამერიკის ისტორიის მანძილზე ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ ანგლო-საქსური წარმოშობის პროტესტანტები, გახდნენ ამერიკელები ანგლო -პროტესტანტული კულტურისა და პოლიტიკური ფასეულობების შეთვისების შედეგად.  შეიძლება ვთქვათ, რომ ანგლო-საქსური ბირთვი იყო მმართველი ელიტა, რომელმაც შემდგომში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ამერიკელი ერის ფორმირებაზე.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერის ჩამოყალიბება და მისი შემდგომი არსებობა დამოკოდებულია სამ მახასიათებელზე:

1.ეროვნული ავტონომია

2.ეროვნული იდენტობა

3.ეროვნული ერთიანობა

      ჩემი აზრით, რადგან ერის ფორმირებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მასობრივი კულტურის არსებობა, რომლის ფორმირებაშიც ელიტის გავლენა საკმაოდ დიდია, რადგან, როგორც უკვე ავღნიშნე და განმარტებებიდანაც ჩანს, ელიტაში მოიაზრება მმართველი კლასი, როგორც კულტურის მნიშვნელოვანი შემოქმედი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელიტას შეუძლია ერის ფორმირება. ეროვნული იდენტობის, ერთიანობისა და ავტონომიის შენარჩუნება. ხალხი ყოველთვის ცდილობს მიბაძოს მისთვის სათაყვანებელ მეცნიერს, კულტურის სფეროს წარმომადგენელს და სხვა ცნობილ ადამიანს, ხშირად იზიარებს იმ შეხედულებებს, რომლებსაც ეს  ადამიანები ემხრობიან და ,,მიჰყვებიან“ მათ. ელიტის სხვადასხვა განმარტების მიუხედავად, ყველგან ფიგურირებდა აზრი, რომ საზოგადოების ამ ჯგუფისათვის დამახასიათებლი იყო ინტელექტის მაღალი დონე. შესაბამისად მიმაჩნია, რომ ელიტას რეალურად რომ არ შესძლებოდა ერის ფორმირება და  მისი გარკვეულ დონეზე მაინც კონტროლი, არ იქნებოდა აუცილებელი მომხდარიყო საბჭოთა კავშირში 30-იანი წლების რეპრესია, რომლის დროსაც რეჟიმმა საკმაოდ ბევრი საზოგადო მოღვაწის სიცოცხლე შეიწირა, ბევრიც გადაასახლეს და მათ შორის ქართველებიც. მეორე მსოფლიოს ომის შემდგომ კი საკმაოდ მკაცრი იდეოლოგიური კონტროლის ქვეშ მოექცა ქართული მწერლობა, კულტურა და სხვა სფეროები, რადგან მათი მეშვეობით ცდილობდნენ ფარულად მაინც გაეღვიძებინათ და აღეძვრათ ერში ეროვნული სულისკვეთება და დაენახვებინათ რეჟიმის რეალური სახე. იმ პერიოდის ქართულ ელიტას სწორედ ცნობილი მწერლები, მეცნიერები და სხვა საზოგადო მოღვაწეები შეადგენდნენ. თუმცა, სულ სხვა საკითხია ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება თანამედროვე ელიტის მიმართ.  ჩემი აზრით, დროთა განმავლობაში ელიტაზე ხალხის შეხედულებაც იცვლება.

    ყველა თაობა აყალიბებს მისთვის დამახასიათებელ ელიტას ისევე, როგორც ყველა ერს მისთვის დამახასიათებელი უნივერსალური ელიტა ყავს. საქართველოს მაგალითზე კი  ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელი თავსმოხვეული ელიტა რეალურად ერის ჩამოყალიბება- ფორმირება-შენარჩუნებაში დადებით როლს შეასრულებს. Mმიმაჩნია რომ თანამედროვე ელიტას სულ სხვა ღირებულებები და ფასეულობები გააჩნია და მნიშვნელოვნად განსხვავდება თუნდაც მეოცე საუკუნის დასაწყისში არსებული ქართული ელიტისაგან. ელიტა  აყალიბებს კულტურას და ორივე ერთად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ერის ფორმირებაზე.

 

ავტორი: თინათინ გოგატიშვილი

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *