რამდენად გადამწყვეტ როლს თამაშობს ელიტა ერის მშენებლობაში?
ხალხი ადრეული ისტორიული ეპოქიდანვე ცდილობდა შეექმნა მისთვის დამახასიათებელი კულტურა, რომელსაც რა თქმა უნდა გავრცელება სჭირდებოდა, კაცობრიობის განვითარების გარკვეულ ეტაპებზე კი ამის ვალდებულება ელიტამ აიღო საკუთარ თავზე. თუმცა, მანამ, სანამ დავიწყებდეთ ელიტის როლის განსაზღვრას ერის ფორმირებაში, კარგი იქნება თუ დავაზუსტებთ – საერთოდ რა არის ელიტა. ელიტა ეს არის ადამიანთა ის კატეგორია, რომელსაც უმაღლესი მაჩვენებლების უნარები გააჩნია საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში. საერთოდ ხალხი იყოფა უმრავლესობად (მასებად) და უმცირესობად (ელიტებად). ელიტური სტრუქტურის თეორია დაკავშირებულია მოსკას, პარეტოსა და მიხელსის თეორიასთან, რომელიც შემდგომში განავითარა მათმა მიმდევარმა სორელმა.
პარეტოს აზრით, ამა თუ იმ ჯგუფის განვითარება და თავისებურებების გამოვლინება ეფუძნება ამავე ჯგუფში შემავალი ინდივიდების ბუნებრივ უნარებსა და ტალანტებს. მისი განმარტებით ელიტა ორ ნაწილად იყოფა: ერთი – მმართველი ელიტა, რომელიც პირდაპირი გზით ერევა საზოგადოების მართვაში და მეორე – არამმართველი ელიტა, რომელიც არაპირდაპირი გზით ახერხებს მონაწილეობის მიღებას ერის ფორმირებაში. ამ ორ კატეგორიას შორის მუდმივად ხდება ადამიანების გაცვლა და შესაბამისად ადგილი აქვს ელიტათა ცირკულაციის პროცესს, რაც საბოლოოდ საზოგადოებას აყალიბებს ერად.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ელიტა საზოგადოების სხვადასხვა სოციალურ ერთობათა ინტერესებს გამოხატავს, თავს უყრის საერთო ღირებულებებს და ცდილობს ეროვნული სოლიდარობის გრძნობა გააღვიძოს ან შეინარჩუნოს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. მაგალითად, პოლიტიკური ელიტა იმისათვის, რომ განახორციელოს საზოგადოებაზე თავისი გავლენა, იყენებს სხვადასხვა იდეოლოგიურ კონსტრუქციებს, ბიუროკრატიას და ძალოვან სტრუქტურებსაც კი. აქ ჩამოთვლილი ე.წ. „შუამავლების“ გარეშე ის მოკლებული იქნება იმას, რასაც ჩვენ საზოგადოებისთვის საკუთარი სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ნების თავს მოხვევას ვუწოდებთ.
ერად ჩამოყალიბების პროცესში აუცილებელია საზოგადოებაში არსებობდნენ ინდივიდები, რომლებსაც შესწევთ უნარი, ადამიანებზე მოახდინონ ზეგავლენა და უზრუნველყონ მათი ერთიანი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. ჩემი აზრით უმთავრესი მიზეზი ელიტის სიძლიერისა და გავლენის შენარჩუნებისა არის სწორედ მისი მუდმივი განახლების პროცესი, სადაც მუდმივად ემატებიან იმ არამმართველი კლასის წარმომადგენლები, რომლებიც აქამდე არ იყვნენ პირდაპირი გზით ჩართულნი საზოგადოების მართვაში. ამის შედეგად კი ვიღებთ იმას, რომ აგრესიის და პროტესტის გრძნობა ელიტის მიმართ იკლებს. საშუალოდ და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში კი საზოგადოების არამმართველი კლასის წარმომადგენლები უფრო მეტად ცდილობენ მოხვდნენ მმართველ ელიტაში საკუთარი შესაძლებლობების და ცოდნის ზრდის მიხედვით.
გერმანელი მეცნიერის ჰანს კონის განმარტებით დასავლეთ ევროპაში ბურჟუაზიამ შეძლო და ჩამოაყალიბა მოქალაქეობის ინსტიტუტზე დაფუძნებული სამოქალაქო ხასიათის საზოგადოების ჩამოყალიბება. ამის ერთგვარ მაგალითად შეიძლება განვიხილოთ სისტემური რეფორმები ცენტრალურ დ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც მეტად წარმატებული აღმოჩნდა. მათ შორის ესტონეთი არის ქვეყანა, სადაც სისტემური გარდაქმნები ყველაზე წარმატებულად განხორციელდა. აქ შეიძლება გაჩნდეს კითხვა თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ესტონეთში რეფორმები უფრო წარმატებულად განხორციელდა, ვიდრე მის მოსაზღვრე ლატვიაში ან თუნდაც ლიტვის რესპუბლიკაში? ამის პასუხი ჩემი აზრით არის ის, რომ ესტონურ პოლიტიკურ ელიტას ჰქონდა მკვეთრი პროდასავლური კურსი და რადიკალური ბუნების რეფორმები. ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკას წილად განადგურებული ეკონომიკა, მთლიანად მოშლილი სისტემა ერგო. საჭირო გახდა რეფორმების გატარება. პირველი რაც უნდა განხორციელებულიყო – საბჭოური მემკვიდრეობისგან თავის დაღწევა იყო. რაც სამივე სახელმწიფომ ადრე თუ გვიან მაინც მოახერხა.
სისტემური გარდაქმნები ესტონეთში გულისხმობდა სოციალური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. როგორც აღმოჩნდა ესტონეთის პოლიტიკურმა ელიტამ ზუსტად დაინახა ქვეყნისთვის აუცილებელი მომენტები და მოხდა დასავლური ფასეულობების გააზრება. დამოუკიდებლობის პირველსავე წლებში ქვეყანას უდიდესი პრობლემებიი შეხვდა, რუსეთის მიედ დაწესებული დისკრიმინაციული პოლიტიკის გამო, ქვეყანა კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა და მას რუსეთის გაზრისგან ბატონობისგან თავის დასაღწევად მოუწია თითოეული უცხოელი ინვესტორისთვის მომსახურეობის ინდივიდუალური პაკეტი შეემუშავებინა და ამ გზით გადასულიყო მთლიანად დასავლურ ინვესტიციებზე. ესტონეთის ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობა,მ რუსეთი აიძულა უარი ეთქვა დისკრიმინაციულ ტარიფებზე. როგორც ვიცით, ესტონეთი არის სატრანზიტო ქვეყანა და რუსეთ-ევროპის დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზაც სწორედ აქ გადის, რითიც ბოლო პერიოდებში ქვეყანამ საკმაოდ დიდი შემოსავლები მიიღო. რეფორმებმა ტურისტული ინფრასტრუქტურაც დახვეწა და ქვეყანას მილიონობით ტურისტი სტუმრობდა. შედეგად კი ესტონეთმა მიიღო საზოგადოება, რომელიც ეკონომიკურ სიძლიერესთან ერთად, უკვე ფლობდა ყველა იმ მნიშვნელოვან მახასიათებელს, რომელიც შეიძლება გააჩნდეს ერს, მათ გაუჩნდათ ეროვნული სოლიდარობის შეგრძნება, რომელიც რაღაც პერიოდში ამ ქვეყანას დაკარგული ჰქონდა. ამ მაგალითში კარგად იკვეთება ელიტის ის უმნიშვნელოვანესი როლი, რაც მან ესტონელი ერის მშენებლობაში და ფორმირებაში განახორციელა.
ერის ფორმირებაში ელიტის როლთან დაკავშირებით ქართველებსაც გვაქვს ერთი საინტერესო მაგალითი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სახით, რომელიც იმ დროს საქართველოს ჰაერივით სჭირდებოდა. შექმნის იდეა რამდენიმე ადამიანს ეკუთვნოდა, მათ შორის იყვნენ ი.გოგებაშვილი, ა.ფურცელაძე, გ. მაღალაშვილი და სხვანი. ამ პერიოდში უკვე საჯარო სხდომებსა თუ სხვადასხვა მნიშვნელოვან შეხვედრებზე განხილვები მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, მაშინ ქართული ელიტის ერთი ნაწილი ქართულზე უკეთ უკვე რუსულ ენას ფლობდა. ქართველი ერი ნელ-ნელა კარგავდა იდენტობას და ენას, რაც ერის ფორმირების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ერთიანობისათვის. ილია ჭავჭავაძის ამ წამოწყებამ ბიძგი მისცა ადამიანებს – გაემართათ საქველმოქმედო საღამოები სოფლებში, დახმარებოდნენ საზოგადოებას ან გადაეცათ მისთვის სასწავლო წიგნები. საზოგადოებამ ფასდაუდებელი შრომა გასწია ქართული ეროვნულობის შენარჩუნების და პედაგოგიური განათლების ეროვნული სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. შედეგად კი მივიღეთ ადამიანები, რომელთაც უკვე აღარ ჰქონდათ ბარიერი საკუთარ მშობლიურ ენაზე საუბრისას, საბოლოოდ კი ყველაფერმა სასიკეთოდ იმოქმედა და საზოგადოებაში გაიზარდა ეროვნული სულისკვეთება, ეროვნული სოლიდარობისი განცდა.
ელიტა მრავალნაირი სახის არსებობს, ის ძირითადად ჯერ საკუთარი თავის, ხოლო შემდეგ ერთიანი ეროვნული სისტემის მართვისათვის იბრძვის ყოველ ქვეყანაში. მსოფლიოში უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ შეიძლება მოახერხოს ამ ძალამ საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენა და რა თქმა უნდა ის ყოველთვის არ შეიძლება იყოს დადებითი ხასიათის. ამ შემთხვევაში მე შევეცადე განმეხილა ჩემთვის საინტერესო ის ორი მაგალითი, რომლითაც დავამტკიცებდი, რომ აბსოლიტურად განსხვავებული ქვეყნებში, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ელიტას შესწევს ძალა, შეარჩიოს ზუსტი დრო და მოქმედების ზუსტი პრინციპები იმისათვის რომ „ფსკერზე დაშვებული“ სახელმწიფო რამდენადმე მაინც გააძლიეროს და თვითდაჯერებულობა შემატოს. ესტონეთში ეს ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემების ცვლილებით გამოიხატა და შედეგი დღეს სახეზე გვაქვს – ის ერთ-ერთი მაღალგანვითარებული სახელმწიფოა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ხოლო საქართველოში საქმე გვაქვს სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში გატარებულ ძირეულ ცვლილებებთან, რომელმაც ქვეყანას დამოუკიდებლობის მოპოვების და ამასთან ერთად, ერად ჩამოყალიბების პროცესში შეუფასებელი დახმარება გაუწია. ამდენად, შეიძლება დასკვნის სახით ვთქვათ, რომ ელიტა არის ადამიანთა ერთობა, რომელიც მუდმივად ახლდება და რომელსაც დროის და მოქმედების საშუალების სწორად შერჩევის შემთხვევაში შეუძლია ძირეული ცვლილებების მოხდენა ერის ფორმირებაზე.
ავტორი: თამარ ლობჯანიძე