რამდენად გადამწყვეტი როლს თამაშობს ელიტა ერის მშენებლობაში?

ერი და სახელმწიფო
ერი და სახელმწიფო

       ჩემი აზრით საკმაოდ ნათელია, რომ ელიტა ერის მშენებლობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს. მოცემულ ესეში მე შევეცდები წარმოვადგინო ის არგუმენტები, რომლებიც ამყარებს ჩემს პოზიციას.

     პირველ რიგში, მართებულად მიმაჩნია განვმარტო სათაურში მოცემული ტერმინები. სამოქალაქო განათლების ლექსიკონის თანახმად, ელიტა ესაა „მცირერიცხოვანი სოციალური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებსაც უკავიათ წამყვანი და პრივილეგირებული პოზიციები საზოგადოებრივი ცხოვრების ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, თავდაცვა და სხვ. და ახორციელებენ მასების მართვისა და კონტროლის ფუნქციებს.“ ეს არის განათლებული საზოგადოება, რომელიც ქმნის ლიტერატურას, ხელოვნებას, მონაწილეობას იღებს ისტორიულ გამოკვლევებში; ფლობს გავლენის მოხდენის ძალაუფლებას და შეუძლია საკუთარი იდეები განავრცოს მოსახლეობაში. ერის მშენებლობა კი არის ეროვნული იდენტობის აგებისა და სტრუქტურირების პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ხალხის ერთ სახელმწიფოში გაერთიანებას, ისე რომ ეს ერთობა იყოს პოლიტიკურად სტაბილური. ეს არც ისე ადვილი საქმეა, რადგან მრავალ სახელმწიფოს საკმაოდ ჰეტეროგენული მოსახლეობა ჰყავს და რთულია სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ერთ ერში გაერთიანება. ერის მშენებლობა ასევე მოიცავს ისეთი ეროვნული სიმბოლოების შექმნას, როგორიცაა: დროშა, ჰიმნი, ეროვნული დღესასწაულები, ეროვნული მითები და ასე შემდეგ. თუნდაც ელიტისა და ერის მშენებლობის ამ განმარტებებში შესაძლოა კავშირისა და მიმართების აღმოჩენა. ელიტა ფლობს იმ იარაღებს, რაც საჭიროა ერის მშენებლობისთვის.

       ერის მშენებლობისთვის აუცილებელია ეროვნული ისტორიის შექმნა. ნიკოლაი კარამზინი ამბობდა, რომ ისტორია ეს გარკვეულწილად არის ადამიანთა წმინდა წიგნი; ეს არის მათი წარსულის სარკე, აწმყოს ახსნა და მომავლის მაგალითი. ყველასთვის ნათელი იქნება, რომ ისტორია არ იწერებოდა უბრალო ხალხის მიერ. იგი ნაკარნახევი იყო იმდროინდელი ელიტის მიერ. ეს იყო მათი ინტერესების გამოხატულება და ხალხზე ზეგავლენის მოხდენის ერთგვარი ხერხი. მახსენდება ჯორჯ ორუელის ნაწარმოები – „1984“, რომელშიც აღწერილია მკაცრად პოლარიზებული სამყარო, სადაც 3 ტოტალიტარული სუპერ-სახელმწიფო აკონტროლებს მთელს მსოფლიოს. მოქმედება ხდება ერთ-ერთ სუპერ-სახელმწიფოში, სადაც აბსოლიტურად ყველაფერი კონტროლირებულია „დიდი ძმისა“ და შიდა პარტიის მიერ, რომელიც მოსახლეობის 2%-ზე ნაკლებს შეადგენს. მათი სურვილის და ინტერესების მიხედვით ხდება ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება, ისტორიის დაწერა და მისი შესწორებაც კი. თუ ისტორიის რაიმე ნაწილი არ ემთხვევა პარტიის მიერ წარმოთქმულ აზრს, ხდება ყველა იმ მასალის განადგურება, სადაც საწინააღმდეგო ინფორმაცია წერია და ისტორია ხელახალა იქმნება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან გადაჭარბებითაა აღწერილი და რეალობას არ შეესაბამება, თუმცა შესაძლოა მასში გარკვეული სიმართლის მარცვალიც ვიპოვოთ. სწორედ ეს შიდა პარტია შესაძლოა უხეშად გავაიგივოთ ელიტასთან, რომელიც თავის სასარგებლოდ ახდენს ისტორიის ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით კი ასეთ შემთხვევებს შესაძლოა არადემოკრატიულ სახელმწიფოებში შევხვდეთ, სადაც საინფორმაციო საშუალებები მთლიანად მთავრობის მიერ არის კონტროლირებული. თუ გადავხედავთ 2013 წლის პრესის თავისუფლების რუკას, დავინახავთ, რომ მხოლოდ აშშ-ში, კანადაში, სამხრეთ ამერიკის 3-4 ქვეყანაში, ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში, ავსტრალიასა და იაპონიაში არის პრესა სრულიად თავისუფალი და დამოუკიდებელი მთავრობისგან. დანარჩენი ქვეყნებში თავისუფლება მთლიანად ან ნახევრადაა შეზღუდული. ის ვინც აკონტროლებს მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებებს, აკონტროლებს ხალხსაც. აქედან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ელიტას შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების თავის სასარგებლოდ გამოყენება.

       აუცილებელი არაა ისტორიის შეცვლა და გარკვეული ტრადიციების გამოგონება უარყოფით მოვლენად მივიჩნიოთ. ხშირად ეს ხდება არა მხოლოდ ელიტის ინტერესების გამო, არამედ საერთო იდენტობის ჩამოყალიბებისთვის. ყველა ერს აქვს და უნდა ჰქონდეს კიდეც, ისტორიული დიდების და მწუხარების თარიღები, რადგან ეს მათში აძლიერებს ნაციონალიზმის გრძნობას და აყალიბებს ერთიან ეროვნულ იდენტობას. სწორედ ასეთი მოვლენების ინსტიტუციონალიზაციაში არიან ჩართული ელიტის წარმომადგენლები.

       მოსახლეობის ეროვნული იდენტობის გაზრდაში და შესაბამისად ერის მშენებლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს განათლება. განათლება საშუალებას აძლევს ინდივიდს იპოვოს საკუთარი ადგილი საზოგადოებაში და მიაკუთვნოს თავი ამა თუ იმ ერს. აქედან გამომდინარე, საგანმანათლებლო პოლიტიკა ერის მშენებლობის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს საგანმანათლებლო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელება, აუცილებელია ვინმემ ჩამოაყალიბოს ის გეგმა თუ რა უნდა ისწავლებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ესეც რა თქმა უნდა ელიტის გადასაწყვეტია.

       არსებობენ იმ აზრის მომხრეებიც, ვინც თვლის, რომ ერის მშენებლობაში და მისი კულტურის ჩამოყალიბებაში ჩვეულებრივი ხალხი თამაშობს გადამწყვეტ როლს. სამწუხაროდ მე მათ ვერ დავეთანხმები. იმის მიუხედავად, რომ რა თქმა უნდა შეუძლებელია ხალხის როლის სრულიად უგულებელყოფა, გადამწყვეტი სიტყვა მაინც ელიტას ეკუთვნის. ძალიან რთული იქნებოდა თავის დროზე ხალხური კულტურა გამხდარიყო ეროვნული ან სახელმწიფო კულტურა, ელიტის ჩარევის გარეშე, რადგან როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მას აქვს ის ძალაუფლება, რომ კონკრეტული ინფორმაცია გახადოს მასობრივი.

      უნდა აღინიშნოს, რომ ელიტა ყოველთვის არ არის ერთსულოვანი. შესაძლოა მათი ინტერესები და მიზნები სულაც არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. ამ დროს რა თქმა უნდა ვითარება იცვლება, ელიტა დაქსაქსული ხდება. ასეთ შემთხვევაში სავარაუდოდ ერის მშენებლობაში მონაწილეობის მიღება მეორე ადგილზე გადაინაცვლებს და პირველ ადგილზე ელიტის მიზნების განხორციელება დადგება. ამგვარი დაშვება იმაზე მიგვანიშნებს რომ ერის მშენებლობაში აუცილებელია ელიტის კონსესუსი, რაშიც იგულისხმება ის, რომ ელიტა უნდა იყოს ერთიანი და ემსახურებოდეს საერთო მიზანს.

      როგორც თავიდანვე აღვნიშნე ელიტა ნამდვილად ფლობს ერის მშენებლობისთვის საჭირო იარაღებს. ერის მშენებლობა გულისხმობს ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებას, ელიტას კი აქვს ძალაუფლება, რომ აკონტროლოს მასა და შთააგონოს მას ერთიანი ერისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა. ერის მშენებლობა გულისხმობს სტაბილური პოლიტიკური ერთობის შექმნას, ამის განხორციელება კი სწორედ პოლიტიკური ელიტის პასუხისმგებლობაა.  აქედან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა, რომ ელიტა გადამწყვეტ როლს თამაშობს ერის მშენებლობაში.

ავტორი: მარიამ სამხარაძე

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *