პოლონეთის მოსახლეობის გეოგრაფია

- შესავალი
პოლონეთი (Polska), ოფიციალურად კი პოლონეთის რესპუბლიკა (Rzeczpospolita Polska), არის ცენტრალური ევროპის სახელმწიფო, რომელსაც დასავლეთიდან ესაზღვრება გერმანია, სამხრეთიდან ჩეხეთი და სლოვაკეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა, ბელორუსი და ლიტვა, ხოლო ჩრდილოეთიდან – ბალტიის ზღვა. მის ჩრდილოეთ მხარეს ასევე მდებარეობს რუსეთის ოლქი – კალინინგრადი (რუსეთის ექსკლავი). [1]
ქვეყნის დედაქალაქი და ამავდროულად უძველესი ქალაქი არის ვარშავა, სახელმწიფო ენა არის პოლონური, ქვეყნის ტერიტორია 312,685 ათას კმ2-ს მოიცავს, აქედან 304,255 კმ2 ხმელეთს უკავია, ხოლო 8,430 კმ2 კი წყალს, ხოლო მოსახლეობა 38,383,809 მლნ კაცი (2013 წ-ის შეფასებით). მშპ ერთ სულ მოსახლეზე 21,000 ათასი აშშ $-ს შეადგენს (2012 წ) [2].
1999 წელს ნატოს წევრია, ხოლო 2004 წლიდან ევროკავშირის (თუცმა ევროზონაში არ შედის).
პოლონეთის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის, გერმანიის ზოგადი მონაცემები ასე გამოიყურება:
ქვეყანა | გერმანია |
დედაქალაქი | ბერლინი |
სახელმწიფო ენა | გერმანული |
ფართობი | 357,022 ათასი კმ2 |
მოსახლეობა | 81,147,265 მლნ კაცი (2013 წ-ის შეფასებით) |
მშპ 1 სულ მოსახლეზე | 39,700 ათასი აშშ $ (2012 წ) [3] |
- მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა და ბუნებრივი მოძრაობა
სანამ უშუალოდ პოლონეთის ამ კომპონენტების დახასიათებას დავიწყებ, მანამდე ზოგიერთ ტერმინს განვმარტავ. მოსახლეობის დინამიკა არის ისტორიულ ჭრილში (დროის მოცემულ პერიოდში) განხილული მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება. ხოლო ბუნებრივი მოძრაობა არის ადამიანების დაბადებისა და გარდაცვალების პროცესი. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა შედგება ორი კომპონენტისაგან, ესენია შობადობა და სიკვდილიანობა (მოკვდაობა). [4; გვ19]
პოლონეთის მოსახლეობის დინამიკა 1950 წლიდან 2010 წლამდე ასე გამოიყურება:
წელი | მოსახლეობის რაოდენობა |
1950 | 24 824 |
1955 | 27 281 |
1960 | 29 033 |
1965 | 31 122 |
1970 | 32 529 |
1975 | 33 972 |
1980 | 35 577 |
1985 | 37 202 |
1990 | 38 056 |
1995 | 38 392 |
2000 | 38 302 |
2005 | 38 165 |
2010 | 38 277 |
ცხრილის მიხედვით 1950 წლიდან 2010 წლამდე მოსახლეობა 13,453,000 მილიონი ადამიანით გაიზარდა [5]. თუმცა როგორც ვხედავთ ზრდა არ ყოფილა უწყვეტი პროცესი. 1995 წლიდან ქვეყნის მოსახლეობამ დაიწყო კლება. დღეს ქვეყანამ გააუმჯობესა კლებამდელი მონაცემები და 2013 წლის ივლისის შეფასებით ქვეყნის მოსახლეობა უკვე 38,383,809 მილიონ ადამიანს შეადგენს. [2] თუმცა ამავე წყაროს მონაცემებით დღეს ქვეყანაში მოსახლეობის ბუნებრივი კლებაა და მიგრაციების სალდოც უარყოფითია, სიტუაციის არ გამოსწორების შემთხვევაში კლება გაგრძლედება, ამაზე დეტალურად სხვა საკითხებში ვისაუბრებ.
გერმანიის მოსახლეობის დინამიკა: 1950 წლიდან (70,094 მლნ ადამიანი) 2010 წლამდე (83,017 მლნ ადამიანი) მოსახლეობა 12,923 მილიონი ადამიანით გაიზარდა. ზრდის პროცესი არ იყო უწყვეტი, ფიქსირდებოდა კლებებიც. [5]
ყველაზე საინტერესო ამ მონაცემების ანალიზში მოსახლეობის დინამიკაზე მოქმედი ფაქტორების გამოვლინებაა.

პოლონეთის მოსახლეობის დინამიკა
წყარო:http://esa.un.org/wpp/unpp/p2k0data.asp
https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/pl.html
წლები | მოსახლეობა | წელი | მოსახლეობა | მოსახლეობის ზრდა (კლება) | % |
1950 | 24824 | 2010 | 38277 | 13453 | 35,15 |
1950 | 24824 | 1955 | 27281 | 2457 | 9,01 |
1955 | 27281 | 1960 | 29033 | 1752 | 6,03 |
1960 | 29033 | 1965 | 31122 | 2089 | 6,71 |
1965 | 31122 | 1970 | 32529 | 1407 | 4,34 |
1970 | 32529 | 1975 | 33972 | 1443 | 4,25 |
1975 | 33972 | 1980 | 35577 | 1605 | 4,51 |
1980 | 35577 | 1985 | 37202 | 1625 | 4,37 |
1985 | 37202 | 1990 | 38056 | 854 | 2,24 |
1990 | 38056 | 1995 | 38392 | 336 | 0,88 |
1995 | 38392 | 2000 | 38302 | -90 | -0,23 |
2000 | 38302 | 2005 | 38165 | -137 | -0,36 |
2005 | 38165 | 2010 | 38277 | 112 | 0,29 |
წყარო: [5]
1960-1970 წლებში პოლონეთის მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდა იყო 1,14%, ანუ წელიწადში მოსახლეობა საშუალოდ 350 ათასი კაცით მატულობდა, ხოლო მთლიანი ზრდა 12%, ანუ მთლიანად მოსახლეობა ამ პერიოდში 3,496 მილიონი კაცით გაიზარდა. 2000-2010 წლებში აღინიშნებოდა საშუალო წლიური კლება -0.01%, ხოლო მთლიანი კლება -0.07%. ეს ნიშნავს იმას, რომ 1960-70-იან წლებში მოსახლეობა საშუალოდ ყოველწლიურად 1,14 %-ით მატოლობდა, ხოლო მთლიანი მატება ამ 10 წლის განმავლობაში 12% იყო. რაც შეეხება 2000-2010 წლებს, ამ პერიოდში არ ყოფილა მატება, პირიქით მოსახლეობის რაოდენობამ მოიკლო. საშუალოდ ყოველწიურად -0,01%-ით (მინუს 0,01%-ით) იკლებდა პოლონეთის მოსახლეობა, რაც აბსოლიტურ ციფრებში წელიწადში დაახლოებით 2500 კაცია, ხოლო მთლიანმა კლებამ ამ 10 წლის განმავლობაში -0,07% შეადგინა (მინუს 0,07%), ანუ ამ 10 წლის განმავლობაში მოსახლეობამ ჯამში 25 ათასი კაცით მოიკლო.
შედარებისთვის გერმანიის საშუალო წლიური მატება 1960-1970 წწ იყო 0,78%, ხოლო მთლიანი მატება 8,1% იყო. 2000-2010 წწ ადგილი არ ჰქონია მოსახლეობის ზრდას, ამ პერიოდში საშუალო წლიური კლება -0,06% (მინუს 0,06%) იყო, ხოლო მთლიანი კლება -0,6% (მინუს 0,6%) იყო.
წლები | შობადობა (პრომილე) | სიკვდილიანობა (პრომილე) |
1950-1955 | 30 | 11 |
1955-1960 | 27 | 9 |
1960-1965 | 19 | 8 |
1965-1970 | 17 | 8 |
1970-1975 | 18 | 8 |
1975-1980 | 19 | 9 |
1980-1985 | 19 | 10 |
1985-1990 | 16 | 10 |
1990-1995 | 13 | 10 |
1995-2000 | 11 | 10 |
2000-2005 | 9 | 10 |
2005-2010 | 10 | 10 |
წყარო:[6; crude birth rate (CBR). 7; crude death rate (CDR)]
როგორც ცხრილიდან ვხედავთ 1960-იანი წლებში ქვეყნისათვის დამახასიათებელი იყო საშუალო დონის შობადობა, რაც 17-დან 20 პრომილემდე მერყეობდა. ამავე პერიოდში პოლონეთი ხასიათდებოდა დაბალი სიკვდილიანობის მაჩვენებელით 8 პომილე. XXI საუკუნის პირველ ათწლეულში ვითარება შეიცვალა, რაც შესადარებელ წლებთან შედარებით შობადობის თითქმის განახევრებაში (9-10) და სიკვდილიანობის 2 პრომილეთი (10 პრომილე) გაზრდაში ვლინდება.
გერმანიის შემთხვევაში შობადობა 1960-იანი წლებიდან მოყოლებული 15-20 პრომილესშორის მერყეობდა, ხოლო 2000-იანი წლებიდან დაბალი შობადობაა ძირითადად 10 პრომილეს ფარგლებში, რაც შეეხება სიკვდილიანობას ის 1960-იანი წლებიდან დაახლოებით 12 პრომილეს შეადგენდა და 2000-იანებიდან მოყოლებული სტაბილურად 10 პრომილეს შეადგენს [6;7]
მოსახლეობის დინამიკის არსებულ ტენდენციაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ისტორიული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული.
მეოცე საუკუნეში პოლონეთის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებაზე ძირითადი ზეგავლენა იქონია: მეორე მსოფლიო ომმა (თავისი სიკვდილის ბანაკებითა და მიგრაციებით), საზღვრების ცვლილებამ და ქვეყნის განვითარებამ.
1946-1950 წლებში მიუხედავად შობადობის მაღალი მაჩვენებლისა, მოსახლეობა სულ რაღაც 1 მილიონი ადამიანით გაიზარდა, ამის მთავარი მიზეზი პოტსდამის კონფერენციის გადაწყვეტილება იყო, რის მიხედვითაც 2,5 მლნ გერმანელი რეპატრირებულ იქნა სამშობლოში (მაშინდელ გდრ-სა და გფრ-ში). სსრკ-თან შეთანხმების საფუძველზე ნახევარი მილიონი უკრაინელი გადასახლდა საბჭოთა კავშირში. მატებაზე სამშობლოში დაბრუნებულმა იმიგრანტებმაც იქონიეს ზემოქმედება (მარტო სსრკ-დან 2 მლნ პოლონელი დაბრუნდა)
1950-1960 იან წლებში თვალშისაცემია მოსახლეობის ზრდა, რომელმაც 10 წლის განმავლობაში 5 მლნ-ზე მეტი შეადგინა. ასეთი ზრდის მთავარ მიზეზს ბუნებრივი მატება წარმოადგენდა. ასეთი რამ ახასიათებთ ქვეყნებს ომის შემდგომ, რასაც დემოგრაფები „საომარი დანაკარგების კომპენსაციას“ უწოდებენ. შობადობის ზრდასთან ერთად კლებულობდა სიკვდილიანობაც, რაც შედეგი იყო სამედიცინო პროგრესისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა. [8; გვ 34]
1960-1970 წწ მოსახლეობის ზრდა შემცირდა, რაც შობადობის შემცირების გამო მოხდა, რისი უმთავრესი მიზეზიც იყო ომის პერიოდში დაბადებულ ადამიანთა შესვლა საქორწინო ასაკში (მათი რაოდენობა კი მცირე იყო). სხვა ფაქტორებიდან აღსანიშნავია: ურბანიზაცია და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები. ამავდროულად შობადობაზე გავლენა იქონია სახელმწიფოს დემოგრაფიულმა პოლიტიკამაც, რომლის მიხედვითაც მამაკაცების საქორწინო ასაკი 21 წლამდე გაიზარდა. [8; გვ 35]
რაც შეეხება ბუნებრივ მოძრაობაზე მოქმედ სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ფაქტორებს, ზოგადად განვითარებული ქვეყნებისათვის (პოლონეთისა და გერმანიის მსგავსად) თითქმის საერთო ტენდენციებია გამოკვეთილი.
პოლონეთის ბუნებრივ მოძრაობაზე მოქმედი ფაქტორების გასაანალიზებლად, საჭიროა განვიხილოთ კონკრეტულად რა ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას შობადობაზე და სიკვდილიანობაზე. მათზე ზოგადად ზეგავლენას ახდენენ სხვადასხვა ტიპის ფაქტორები: ბუნებრივ-ბიოლოგიური, დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური, ფსიქოლოგიური, ყოფით-კულტურული, რელიგიური და პოლიტიკურიც კი. [4; გვ 28]
შობადობის დონე დაბალია მაღალგანვითარებულ საზოგადოებებში, ე.ი. იმ საზოგადოებებში, სადაც ოჯახურ ცხოვრებაში ქალი ისეთივე როლს თამაშობს, როგორც მამაკაცი. მაღალია განქორწინებების რაოდენობა. საზოგადოების სოციალურ-კულტურული და განათლების დონის ზრდის ამაღლებასთან ერთად კლებულობს შობადობის მაჩვენებელი. ურბანიზაციის პროცესმა განსაკუთრებული როლი ითამაშა შობადობის როლის შემცირებაში. ქალის დასაქმება კი პირდაპირ აისახება შობადობის შემცირებაზე. [4; გვ 28-31]
პოლონეთსა და გერმანიაში, როგორც განვითარებული ქვეყნებისათვის, სიკვდილიანობის შემცირება, ქვეყნის მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის ამაღლებისა და ჯანდაცვის სიტემის განვითარების შედეგია. პოლონეთში შობადობაზე დიდი გავლენა კათოლიციზმა იმოქმედა.
პოლონეთმა, როგორც განვითარებულმა ევროპულმა ქვეყანამ თავისი ისტორიის მანძილზე დემოგრაფიული განვითარების ყველა ეტაპი გაიარა და ახლა იმყოფება მეოთხე ეტაპზე. ამას ვასკვნით დღეს არსებული მონაცემებით: დაბალია შობადობა (9,9 პრომილე, 2013 წ), დაბალია სიკვილიანობა (10,3 პრომილე, 2013 წ), თუმცა აჭარბებს შობადობას, ანუ ქვეყანაში ბუნებრივი კლებაა. ამას ემატება მიგრაციის უარყოფითი სალდო (-0,47 პრომილე, 2013 წ). 14 წლამდელთა და 65 + ასაკის მოსახლეობის პროცენტული თანაფარდობა თითქის ტოლია, [2]. ქვეყანა დემოგრაფიულ კრიზისშია. ამ მონაცემებით პოლონეთი, გერმანიის მსგავსად დემოგრაფიული გადასვლის მეოთხე ფაზაშია. გერმანია დაბერებულ ნაციად ითვლება, ხოლო პოლონეთიც მომდევნო წლებში დემოგრაფიული პროგნოზიდან გამომდინარე მის ბედს გაიზიარებს.
მსოფლიო ქვეყნების მოსახლეობის აღწარმოების ტიპის მიხედვით პოლონეთი, გერმანიის მსგავსად მეექვსე ჯგუფს მიეკუთვნება, ანუ იმ ქვეყნებს, სადაც მეოცე საუკუნის დასასრულიდან დემოგრაფიული კრიზისია და მათში ადგილი აქვს დაბალ (5-10) ან საშუალო დონის შობადობას (9-20) და საშუალო დონის სიკვდილიანობას (10-20). [4; გვ 36]
- მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა
პოლონეთში 2007 წელს წარმოქმნილ შიდა მიგრანტთა რაოდენობა 117,722 ათას კაცს შეადგენს, ხოლო მის 16 სავოევოდოში მონაცემები შემდეგ ნაირად ნაწილდება:
პომერანია – 6,229 ათასი; ლოძი – 7,671 ათასი; მაზოვიეცი – 11,148 ათასი; მალოპოლსკი – 6,7111 ათასი; სილეზია – 13,340 ათასი; ლუბლინი – 9,554 ათასი; კარპატები – 6,281 ათასი; სვიტოკში – 6,035 ათასი; პოდლასი – 4,693 ათასი; ველიკოპოლსკი – 7,486 ათასი; დასავლეთ პომერანია – 7,045 ათასი; ლუბუში – 4,506 ათასი; ქვემო სილეზია – 8,519 ათასი; ოპოლე – 3,872 ათასი; კუიავო-პომერანია – 6,958 ათასი და ვარმინო მაზური – 7,674 ათასი შიდა მიგრანტი. [9]
შიდა მიგრაციებში საინტერესოა ქანქარისებრი მიგრაციების განხილვა, მაგალითად 70-იან წლებში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ჩადიოდა ყოველდღიურად ქალაქში სამუშაოდ. [8; გვ 36] სოფლის მოსახლეობის მაჩვენებელი წლების განმავლობაში დაახლოებით 15 მილიონ ადამიანს შეადგენს, რაც ნიშნავს იმას რომ მთელს თავის ბუნებრივ ნამატებს სოფლები ქალაქებს უგზავნიან [8; გვ 35]
პოლონეთი | |||
წელი | ემიგრაცია | იმიგრაცია | მიგრაციის სალდო |
1988 | 36291 | 2052 | -34239 |
1998 | 22177 | 8916 | -13261 |
2008 | 30140 | 15275 | -14865 |
წყარო: [10]
1980-იან და 2000-იან წლებში მიგრაციის სალდო სულ უარყოფითია, რაც ნიშნავს იმას, რომ ემიგრანტთა რაოდენობა ყოველთვის აჭარბებდა იმიგრანტების რაოდენობას. როგორც ცხრილიდან ჩანს ემიგრაცია ზრდადი პროცესია, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმიგრაციის მაჩვენებელიც გარკვეულ წილად იზრდება.
პოლონეთიდან ემიგრაციის მიმართულება კონტინენტების მიხედვით
კონტინენტი | |||||
წელი | ევროპა | აზია | ჩრდ. და სამხ. ამერიკა | აფრიკა | ოკეანეთი |
1988 | 31274 | 54 | 4263 | 187 | 420 |
1998 | 18449 | 54 | 3314 | 61 | 297 |
2008 | 25710 | 74 | 4033 | 58 | 261 |
წყარო: [10]
ემიგრაციული ნაკადები კონტინენტების მიხედვით პოლონეთიდან, 1988, 1998, 2008 წლებში:

ემიგრაციული ნაკადები პოლონეთიდან
კონტინენტი | |||||
წელი | ევროპა | აზია | ჩრდ. და სამხ. ამერიკა | აფრიკა | ოკეანეთი |
1988 | 1001 | 89 | 595 | 63 | 44 |
1998 | 5625 | 1174 | 1759 | 165 | 187 |
2008 | 12324 | 360 | 2297 | 117 | 176 |
იმიგრაციული ნაკადები კონტინენტების მიხედვით პოლონეთიში, 1988, 1998, 2008 წლებში:
წყარო: [10]
ემიგრაციის ძირითადი მიმართულების ქვეყნები:
ასეთი ქვეყნებია: გერმანია (1991 წლამდე გფრ და გდრ), გაერთიანებული სამეფო, აშშ და კანადა.
წელი | გფრ და გდრ / გერმანია | გაერთიანებული სამეფო | აშშ | კანადა |
1988 | 24811 | 288 | 2770 | 1398 |
1998 | 16128 | 166 | 2217 | 1076 |
2008 | 11884 | 6565 | 3158 | 841 |

იმიგრაციული ნაკადები პოლონეთში
წელი | გდრ და გფრ/ გერმანია | აშშ | საბჭოთა კავშირი | უკრაინა | რუსეთის ფედერაცია | კანადა |
1988 | 328 | 469 | 256 | 63 | ||
1998 | 2341 | 1274 | 661 | 304 | 415 | |
2008 | 3174 | 1854 | 776 | 156 | 391 |

იმიგრაცია პოლონეთში
პოლონეთის მოსახლეობაში იმიგრანტთა წილი 1,843 %-ია, გერმანიაში კი 12,31%. იმიგრანტთა რაოდენობა პოლონეთში 2005 წლის მონაცემებით 703 ათასია, ხოლო გერმანიაში 10,144 მილიონი. [11]
პოლონეთში არსებული მიგრაციული მდგომარეობის უკეთ გასაგებად, გადავხედოთ მიგრაციულ ისტორიას:
ისტორიულად აშშ-ში დიდი რაოდენობით პოლონელი იმიგრანტი დასახლდა სხვადასხვა შტატებში, თუმცა უმეტესობა თავმოყრილია ახალ ბრიტანეთსა და ქონექთიქუთის შტატში. კანადაში მცხოვრები პოლონელები ძირითადად გადასახლდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. პოლონელი იმიგრანტების რაოდენობა გაიზარდა 1945-1970-იან წლებში და პოლონეთში კომუნიზმის დასრულების შემდეგ 1989 წელს. ბრაზილიაში პოლონელი იმიგრანტების უმეტესობა პარანას შტატში დასახლდა.
ბოლო წლებში, მას შემდეგ. რაც პოლონეთი ევროკავშირს შეუერთდა, ისეთ ქვეყნებში როგორიც ირლანდიაა ბოლო მონაცემებით იქაურმა შრომის ბაზარმა 200,000 პოლონელი მიიზიდა. სხვადასხვა წყაროებით დახლოებით ნახევარი მილიონი იმიგრანტი ეწვია დიდი ბრიტანეთის შრომის ბაზარს. 2011 წლიდან პოლონელებს თავისუფლად შეუძლიათ მუშაობა ევროკავშირის მთელს ტერიტორიაზე. დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, დანიასა და შვედეთში 2004 წლიდან შეზღუდული უფლებებით სარგებლობდნენ. ნორვეგიაში გაიზარდა პოლონური მოსახლეობა 120,000-მდე, ამ მონაცემებით ისინი ყველაზე მეტნი არიან ნორვეგიის იმიგრანტებს შორის.
ბევრი პოლონელი ებრაელი პალესტინაში, პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატის დროს გადასახლდა იქ, ნაწილი კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელში. ისრაელისათვის ებრაელობის უდიდესი იმიგრაციული ქვეყანა სწორედ პოლონეთია. [12]
დასავლეთის ქვეყნების მსგავსად პოლონეთშიც იზრდება იმიგრანტთა რაოდენობა, მიუთუმეტეს ყველა დიდ უცხორ კომპანიას მოჰყავს უცხოელი მუშახელი, აღსანიშნავია: უკრაინა, ბელორუსი, აგრეთვე შორეული ჩინეთი და ვიეტნამი. სწორედ ესენი იკავებენ შრომით ბაზარზე ახალგაზრდა პოლონელების ემიგრაციის შედეგად გაჩენილ ადგილებს. ევროკავშირი კვლავ მიიზიდავს პოლონელ იმიგრანტებს გარკვეული წლების განმავლობაში. მსხვილი უცხოური კომპანიების გახსნით გარდა უბრალო უცხოელი მუშხელისა, გაიზრდება ამ კომპანიის უცხოელი თანამშრომლებისა და მათი ოაჯხების წილი და ამათ დაემატება ამერიკულ და აზიურ კაპიტალს გამოყოლილი უცხოელები, განსაკუთრებით სამხ. კორეა და იაპონია. [13]
როგორც მონაცემებიდან გამოჩნდა პოლონეთის შემთხვევაში მიგრაციის რამდენიმე ფორმა იკვეთება. მეოცე საუკუნეში ეს ძირითადად იყო იძულებითი მიგრაციები, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ უკვე კომუნისტური რეჟიმის დამყარების შედეგად ხდებოდა და საუკუნის ბოლოსკენ ვღებულობთ ემიგრაციებს ეკონომიკური მოტივაციით, რომელთა ძირითადი მიმართულება ევროპის განვითარებული ქვეყნებია. შიდა მიგრაცია ძირითადად სოფელი ქალაქის მიმართულების იყო. აგრეთვე შიდა მიგრაციებში უნდა აღინიშნოს პოლონეთისათვის ახლად შემოერთებული ტერიტორიებისაკენ მიმართული მიგრაციული ნაკადები. გერმანიის შემთხვევაში საქმე გვაქვს როგორც იმიგრაციის ქვეყანასთან, რაც გამოწვეულია მისი ეკონომიკური განვითარების დონით, 1991 წლამდე იმიგრაციის ძირითადი მიმართულება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო. გერმანიისათვის მეორე მსოფლიო ომმა პოლონეთის მსგავსად დიდი კვალი დატოვა, გარდა ომის დროს მოსახლეობის დაღუპვისა, ქვეყანაში არსებული ფაშისტური რეჟიმის დროს ბევრმა უცხოელმა დატოვა იგი.
- დემოგრაფიული პოლიტიკა და მოსახლეობის დინამიკის პროგნოზირება
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ერთი მხრივ „დემოგრაფიულმა აფეთქებამ“, ხოლო მეორე მხრივ, „დემოგრაფიულმა კრიზისმა“ ამ ქვეყნებს გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური და ეთნოდემოგრაფიული პრობლემები შეუქმნა. ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ საშუალებას დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება წარმოადგენს. მოსახლეობის დემოგრაფიული პოლიტიკის მიზანია მოსახლეობის აღწარმოების პროცესებზე ზემოქმედების მეშვეობით ხელი შეუწყოს მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას ან შემცირებას. [4; გვ 37]
პოლონეთის შემთხვევაში, რომელმაც მეოცე საუკუნეში თავის თავზე მეორე მსოფლიო ომი (ფაშისტური ოკუპაციითა და გენოციდით), კომუნისტური ხელისუფლება და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა გამოიარა, მოსახლეობის სტაბილიზაციისათვის საჭირო იყო გარკვეული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რომელიც ზოგჯერ შობადობის გაზრდაზე, ზოგჯერ კი შემცირებაზე იყო ორიენტირებული.
პოლონეთი ევროპის სხვა განვითარებული ქვეყნების უმეტესობის მსგავსად დემოგრაფიულ კრიზისშია. 2013 წლის მონაცემებით ქვეყანაში 38,383,809 ადამიანი ცხოვრობს. შობადობის მაჩვენებელი 9,88 პრომილეა, ხოლო სიკვდილიანობის 10,31 პრომილე. მოსახლეობა იკლებს 0,09%-ით. ამავე წლის მონაცემით ქვეყნის მიგარციის სალდო უარყოფითია და -0,47 პრომილეს შეადგენს. ფერტილურობის მაჩვენებელი 1,32-ია. [2] როგორც ვხედავთ მოსახლეობა იკლებს, როგორც ბუნებრივი, ასევე მექანიკური მოძრაობით და ხდება მოსახლეობის დაბერება. ამას ემატება გაეროს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2050 წლისათვის პოლონეთში 34,906,000 ადამიანი იცხოვრებს და მოსახლეობის კლება გასტანს საუკუნის ბოლომდე. [5] ამ ყველაფრის ფონზე აუცილებელია გარკვეული რეფორმების გატარება, რაც შეაჩერებს ქვეყნის მოსახლეობის კლების ტენდენციას.
პოლონეთი კარგი მაგალითია პოლიტიკისა და დემოგრაფიის ურთიერთობის შესასწავლად. ქვეყანა 50 წლის განმავლობაში ცდილობდა შობადობის გაზრდას. „რკინის ფარდის“ ნგრევის შემდეგ საოჯახო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებები მოხდა და დაიწყო შობადობის კრიზისი, კლების მიზეზები საოჯახო პოლიტიკის ცვლილებასთან უნდა დავაკავშიროთ და დავადგინოთ მიზეზი 1990-იან წლებში შობადობის შემცირებისა. 1970-იან წლებში კომუნისტური ხელისუფლების დროს გაიზარდა როგორც დეკრეტული შვებულებების ხანგრძლივობა, ასევე ბავშვებზე შემწეობები. ამ პერიოდში საცხოვრებლების განაწილებისას პრიორიტეტი მრავალშვილიან ოჯახებს ენიჭებოდათ. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლამ შეამცირა შობადობის მაჩვენებელი, მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა არსებული ნორმის შენარჩუნებისადმი. შობადობის შემცირების სამი მთავარი მიზეზი შეგვიძლია გამოვყოთ: პირველი ესაა ეკონომიკური სირთულეები, დასავლეთ ევროპული კულტურის შემოღწევა და ცვლილებები საოჯახო პოლიტიკაში (დახმარებების შემცირება ფეხმძიმეებზე, მშობიარობაზე და ბავშვებზე; საბავშვო ბაღებისა და სკოლების პრივატიზაცია და ა.შ.)[14]
გარდა ქვეყნის ჰუმანური ანდა რელიგიური შეხედულებებისა. აბორტის დაშვება, არ დაშვება შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც დემოგრაფიული პოლიტიკის ნაწილი. პოლონეთში 1993 წლის 7 იანვრიდან აბორტი აკრძალულია და დაშვებულია მხოლოდ სამ შემთხვევაში: 1)თუკი ფეხმძიმობა ქალის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის; 2)თუკი სამედიცინო კვლევები ნაყოფის სერიოზულ დეფექტზე ან განუკურნებელ დაავადებებზე მიანიშნებენ, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს; 3)თუკი ნაყოფი დანაშაულებრივი საქციელის შედეგია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში ისჯება, არა ის ვინც აბორტი გაიკეთა, არამედ ის ვინც აბორტი გააკეთა. [15] პოლონეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც აბორტის მოწინააღმდეგეები მომხრეებზე მეტნი არიან. [16]
წელი | 2010 | 2015 | 2020 | 2025 | 2030 | 2035 | 2040 | 2045 | 2050 | 2055 | 2060 | 2065 |
მოსახლეობა | 38277 | 38357 | 38375 | 38229 | 37835 | 37168 | 36372 | 35599 | 34906 | 34255 | 33554 | 32744 |
წყარო: [5]
როგორც გაეროს მოსახლეობის მომდევნო 50 წლიანი პროგნოზიდან ჩანს 2010 წლიდან 2060 წლამდე, მოსახლეობა მოიკლებს 4,723 მლნ კაცით და საშუალო წლიური კლება 1,3% იქნება. ხოლო მთლიანი კლება -12,3 %-ს შეადგენს. გერმანიის შემთხვევაში კლება 22,601 მლნ ადამიანი იქნება, ანუ საშუალო წლიურად -3,15%-ით მოიკლებს მოსახლეობა, ხოლო მთლიანი კლება -37,4%. [5] ორივე ქვეყანა მოსახლეობის დაბერებით ხასიათდება და საჭიროებს სერიოზული დემოგრაფიული პოლიტიკის გატარებას, რათა გაიზარდოს შობადობა და გაკონტროლდეს ემიგრაცია, ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლონეთისათვის.
- მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა
მოსახლეობის სქესობრივი სტრუქტურა გვიჩვენებს პროპორციას ქალთა და მამაკაცთა შორის. ამ სტრუქტურის ჩამოყალიბებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ უმნიშვნელოვანესია შემდეგი ორი:
- მსოფლიოში უფრო მეტი მამაკაცი იბადება ვიდრე ქალი
- ქალები უფრო მეტ ხანს ცოცხლობენ, ვიდრე მამაკაცები [4; გვ 46]
სქესობრივი სტრუქტურა | ||
პოლონეთი | გერმანია | |
დაბადებისას | 1,06/1 | 1,06/1 |
0-14 წელი | 1,06/1 | 1,05/1 |
15-24 წელი | 1,04/1 | 1,05/1 |
25-54 წელი | 1,01/1 | 1,03/1 |
55-64 წელი | 0,89/1 | 0,98/1 |
65 წლის და მეტი | 0,62/1 | 0,76/1 |
მთლიანი მოსახლეობა | 0,94/1 | 0,97/1 |
წყარო: [2]. [3]
როგორც ვხედავთ 2013 წლის არსებული მონაცემებით პოლონეთის მთლიან მოსახლეობაში სქესობრივი გადანაწილება კაცი 0,94/1 ქალი, ანუ ყოველ 100 ქალზე 94 მამაკაცი მოდის. გერმანიისათვის ეს მაჩვენებელი 100 ქალზე 97 მამაკაცია. [3] პოლონეთში გერმანიის მსგავსად მამკაცთა ნაკლებობა გამოწვეული მეორე მსოფლიო ომში დაღუპული სამხედროებისა და კაცებთან შედარებით ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობის უკეთესი მაჩვენებლით. პოლონეთის შემთხვევაში აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შრომით ემიგრაციაში ძირითადად მამაკაცები მიდიან.
მოსახლეობის ასაკობრივი სტრუქტურა საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ მოსახლეობის განაწილება ცალკეული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ასაკობრივი სტრუქტურის ზოგადი დახასიათებისას გამოიყენება მოსახლეობის დაყოფა შემდეგ 3 ასაკობრივ ჯგუფად:
0-14 წელი – სამუშაომდელი ასაკის ან ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფი;
15-59 წელი – შრომის ასაკის ჯგუფი;
60 წლის და მეტი – საპენსიო ასაკის ან ხანდაზმული ასაკობრივი ჯგუფი. [4; გვ 47-48]
პოლონეთისა და გერმანიის ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება:
ქვეყანა | ასაკობრივი ჯგუფები | ||
0-14 წლის ასაკის ადამიანები | 15-59 წლის ასაკის ადამიანები | 60 და მეტი წლის ადამიანები | |
მილიონებში|%-ში | მილიონებში|%-ში | მილიონებში|%-ში | |
პოლონეთი | 5,659 |14,8 | 25,249 |66 | 7,368 |19,2 |
გერმანია | 11,092 |13,5 | 49,813 |60,5 | 21,398 |26 |
წყარო: 2010 გაერო.
ორივე ქვეყნის მოსახლეობაში ახალგაზრდა ადამიანების დაბალი ხვედრითი წილია. პოლონეთში ეს მაჩვენებელი 14,8%-ს შეადგენს, ხოლო გერმანიაში 13,5%. სამუშაო ასაკის ადამიანთა წილი პოლონეთში 66%-ია, ხოლო გერმანიაში 60,5%. რაც შეეხება 60 წელზე უფროსი ადამიანების ხვედრით წილს მათი რაოდენობა პოლონეთში 19,2%-ს შეადგენს, ხოლო გერმანიაში 26%-ს. სამუშო ასაკის მოსახლეობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი შობადობის დაბალი დონის გამოა, ხოლო 60 წელზე უფროსი ადამიანების ხვედრითი წილის მატება სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან არის დაკავშირებული.
ჩემს საბაკალავრო ნაშრომს თან აქვს დართული ჩემს მიერ ხელით აგებული „პოლონეთის მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა“. მონაცემები აღებულია გაეროს საიტიდან [17]
- მოსახლეობის ხარისხის სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები
პოლონეთის მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიულ მახასიათებლებში ვაჩვენებ: სიცოცხლის ხანგრძივობას, ჩვილთა სიკვდილიანობას, მოსახლეობის ჯანდაცვისა და განათლების დონის მაჩვენებლებს.
პოლონეთში მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა დაბადებისას 76,45 წელს შეადგენს (2013 წლის შეფასებით). ამ მონაცემით ქვეყანა 77-ე ადგილს იკავებს მსოფლიოში. სქესის მიხედვით ეს მონაცემები შემდეგ ნაირად ნაწილდება: მამაკაცები – 72,53 წელი; ქალები – 80,62 წელი.
2013 წლის შეფასებით ქვეყანაში ჩვილთა სიკვდილიანობა 6,3 პრომილეს შეადგენს, ანუ ყოველ 1000 დაბადებულ ბავშვზე 6,3 იღუპება. ამ მონაცემებით ქვეყანა მსოფლიოში 169-ე ადგილს იკავებს. სქესის მიხედვით ჩვილთა სიკვდილიანობა ასე ნაწილდება: მამაკაცები – 7 პრომილე, ქალები – 5,56 პრომილე. [2]
პოლონეთის ჰუმანური განვითარების ინდექსი, რომელიც სამი მთავარი კომპონენტით იზომება: სიცოცხლის მოსალოდნელი საშუალო ხანგრძლივობა, განათლება და მშპ ერთ სულ მოსახლეზე, 2012 წლისათვის 0,821-ია, რითაც 187 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის 39-ე ადგილს იკავებს და ძალიან მაღალი ჰუმანური განვითარების ინდექსის მქონე ქვეყანათა რიგს მიეკუთვნება. 1995 წლიდან 2012 წლამდე ქვეყნის ჰუმანური განვითარების ინდექსი 0,732-დან 0,821-მდე გაიზარდა და ზრდამ 12% ანუ ყოველწლიური საშუალო 0,7% შეადგინა. [18]
სახელმწიფოს ჯანდაცვისა და განათლების დონე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებზე. პოლონეთში სიკვდილიანობის შემცირება დაკავშირებულია ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესებასთან, ხოლო მაღალმა განათლების დონემ სხვა განვითარებულ ქვეყნებში არსებული ტენდენციის მსგავსად აქაც იმოქმედა შობადობაზე. ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესების მიზეზები შემდეგია: ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ეფუძნება ყოვლისმომცველ სადაზღვეო სისტემას. ქალაქების უმეტესობას თავისი სავადმოფოები გააჩნიათ. მთლიანობაში ევროპული სტანდარტებით შეფასებისას ქვეყნის სამედიცინო მომსახურების ხარისხი მაღალია. ამან განაპირობა სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაც მოსახლეობაში, თუკი 2003 წლისათვის მამაკაცები/ქალები – 63/68 წელი, ეს მონაცემები დღეისთვის 72/81 წლამდე გაიზარდა და ევროპულ ნორმას გაუთანაბრდა. [19]
პოლონეთში წერა-კითხვის მცოდნე (იგულისხმება 15 წლის და მეტი ასაკის ადამიანი, ვისაც შეუძლია წერა და კითხვა) მოსახლეობის 99,5 %-ია. აქედან მამკაცები 99,7%, ხოლო ქალები 99,4% (2010 წ). სასკოლო განათლების ხანგრძლივობა (დაწყებითიდან უმაღლესამდე) მთლიანობაში 15 წელს შეადგენს. მამაკაცები 15, ქალები 16 წელი (2008 წ). [2] განათლების მნიშვნელობას პოლონეთში ისტორიული ფესვები აქვს, პოლუნური საზოგადოების განათლება ჯერ კიდევ XII საუკუნის მმართველთა მიზანს წარმოადგენდა, მალევე პოლონეთი ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ქვეყნად იქცა ევროპაში. ამჟამად ქვეყანაში 18 სრულად აკრედიტირებული ტრადიციული უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, რომელსაც ემატება 20 ტექნიკური უნივერსიტეტი, 9 დამოუკიდებელი სამედიცინო უნივერსიტეტი და ხუთი ეკონომიკის სასწავლო უნივერსიტეტი და სხვა [20]
წელი | 2011 | 2011 | 2008 | 2013 | 2009 |
წლიური დანახარჯები ჯანდაცვაზე მშპ-სთან მიმართებაში (%-ში) | ჯანდაცვის წლიური დანახარჯები 1 ადამიანზე (დოლარებში) | სამედიცინო პერსონალის რაოდენობა ყოველ 1000 ადამიანზე | ჩვილთა სიკვდილიანობა (პრომილე) | საავადმყოფოების საწოლების რაოდენობა
ყოველ 1000 ადამიანზე |
|
პოლონეთი | 6,7 | 1,423 | 2,14 | 6,3 | 6,7 |
გერმანია | 11,1 | 4,371 | 3,53 | 3,48 | 8,2 |
წყარო: [2;3;21;22]
- მოსახლეობის დასაქმება
დემოგრაფიული ვითარება და ეკონომიკური განვითარების სპეციფიკა აისახება ქვეყნის შრომითი რესურსების ფორმირებაზე: „შრომით რესურსებს მიეკუთვნება სამუშაო ასაკში მყოფი მოსახლეობა (ინვალიდების გამოკლებით) და ის კონტინგენტები, ვინც ჯერ არ შესულა სამუშაო ასაკში ან გადასცილდა მას, მაგრამ ფაქტობრივად მონაწილეობს საზოგადოებრივ შრომაში“.
შრომითი რესურსები პირობითად სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
- სამუშაო ასაკის ადამიანები ამ ასაკის ინვალიდების გამოკლებით:
- სამუშაომდელი ასაკის მომუშავე ადამიანები
- საპენსიო ასაკის მომუშავე ადამიანები
მნიშვნელოვანია სამუშო ასაკის მოსახლეობის შეფარდება სამუშომდელი და საპენსიო ასაკის მოსახლეობასთან, რომელიც გვიჩვენებს მოსახლეობის დემოგრაფიულ დატვირთვას.
შრომითი რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. გაეროს განმარტებით „ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას (ეამ) წარმაოდგენენ საზოგადოებრივი შრომის პროცესში ჩაბმული ადამიანები (განურჩევლად მათი ასაკისა) და ოფიციალურად რეგისტრირებული უმუშევრები“. ამ კატეოგრიაში როგორც წესი არ შეყავთ დიასახლისები და პირად საკარმიდამო მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები. [4; გვ 57]
უმუშევრობა არის საზოგადოებრივ საქმიანობაში ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის დაუსაქმებლობა. უმუშევრებს წარმოადგენს 16 წლის (რიგ ქვეყნებში 15 წლის) და უფროსი ასაკის ადამიანები, რომლებსაც არ გააჩნიათ დასაქმება [4; გვ 58]
პოლონეთში 15 წელს ზემოთ შრომით საქმიანობაში ჩართულია მოსახლეობის 55,9%, რითაც ქვეყანა 146 ადგილს იკავებს მსოფლიოში 2011 წლისათვის. [23]
წელი | ეამ-ის წილი პოლონეთის მოსახლეობაში | ეამ-ი, ქალები (მთლიანი ეამ-ის %) | წელი | უმუშევართა წილი პოლონეთის ეამ-ში (%-ში) | უმუშევართა წილი პოლონეთის ეამ-ში, ქალები (%-ში) |
2011 | 18,376,490 | 45,1 | 2011 | 9,6 | 10,4 |
2006 | 17,332,743 | 45,0 | 2006 | 13,8 | 14,9 |
2001 | 17,348,250 | 45,9 | 2001 | 18,2 | 19,9 |
1996 | 17,368,549 | 45,6 | 1996 | 12,4 | 13,9 |
1991 | 17,947,708 | 45,5 | 1992 | 13,3 | 14,7 |
წყარო: [23]
ეამ-ის განაწილება ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიხედვით (%-ში) | ||
სოფლის მეურნეობა | მრეწველობა | მომსახურება |
12,9 | 30,2 | 57 |
წყარო: [2], 2010 წ
მნიშვნელოვანია დემოგრაფიული დატვირთვის გაანალიზება, რაც გვიჩვენებს სამუშაო ასაკის მოსახლეობის შეფარდებას სამუშაომდელი და საპენსიო ასაკის მოსახლეობასთან [4; გვ 57]. 2010 წლის მონაცემებით სამუშაო ასაკის მოსახლეობის შეფარდება სამუშომდელი და საპენსიო ასაკის მოსახლეობასთან ანუ (<15&65+)/ (15-64) პოლონეთისთვის არის 39,7. ანუ ეს ნიშნავს, რომ პოლონეთის 100 შრომის უნარიანი მოქალაქე არჩენს 39,7 ადამიანს. გერმანიისათვის იგივე მაჩვენებელი 51,2 ადამიანია. [24]
წელი დასაქმება |
2004 | 2005 | 2006 | 2007 | 2008 | 2009 | 2010 | 2011 |
დასაქმება 15-24 ასაკის მოსახლეობაში (%-ში) | 20,0 | 20,9 | 24,0 | 25,8 | 27,3 | 26,8 | 26,3 | 24,9 |
დასაქმება 25-54 ასაკის მოსახლეობაში (%-ში) | 68,3 | 69,5 | 71,8 | 74,9 | 77,5 | 77,6 | 77,1 | 77,2 |
დასაქმება 55-64 ასაკის მოსახლეობაში (%-ში) | 28,0 | 29,1 | 28,1 | 29,7 | 31,6 | 32,3 | 34,0 | 36,9 |
უმუშევრობის მაჩვენებელი მთლიან ეამ-ში (%-ში) | 19,0 | 17,8 | 13,9 | 9,6 | 7,1 | 8,2 | 9,7 | 9,7 |
უმუშევრობის მაჩვენებელი, კაცები, მამრობითი ეამ-დან (%-ში) | 18,2 | 16,7 | 13,0 | 9,0 | 6,5 | 7,8 | 9,3 | 9,0 |
უმუშევრობის მაჩვენებელი, ქალები, მდედრობითი ეამ-დან (%-ში) | 20,0 | 19,2 | 15,0 | 10,4 | 8,0 | 8,7 | 10,0 | 10,5 |
წყარო: [25]
ეკონომიკური წინსვლის მიზეზები სოციალისტური ხელისფულების დასრულების შემდგომ დაწყებულ რეფორმებსა და 2004 წლიდან ევროკავშირში გაწევრიანებაში უნდა ვეძებოთ. პოლონეთის მაღალშემოსავლიანი ეკონომიკა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ეკონომიკად პოსტსოციალისტურ ქვეყნებს შორის და დინამიურად განვითარებადად ევროკავშირში. სოციალისტური მთავრობის დაცემის შემდეგ ქვეყანამ ეკონომიკის ლიბერალიზაცია გამოაცხადა და დღეს ითვლება წარმატებულ მაგალითად გეგმარებითი ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა. 2009 წელს ევროკავშირში ყველაზე მაღალი მშპ-ს ზრდა სწორედ პოლონეთს ქონდა.
პატარა და საშუალო სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციამ და ლიბერალურმა კანონებმა ახალი ფირმების დაარსების შესახებ ხელი შეუწყო აგრესიული კერძო სექტორის განვითარებას. ქვეყნის საბანკო სექტორი უმსხვილესია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორში უამრავი კერძო ფერმაა, რაც ქმნის იმის პოტენციალს რომ ქვეყანა ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან პროდუქციის წარმოებლად იქცეს. სტრუქტურულმა ცვლილებებმა ჯანდაცვაში, განათლებაში, საპენსიო სისტემაში და სახელმწიფო მმართველობამ დიდი შედეგები გამოიღო. ვარშავა ცენტრალურ ევროპაში ლიდერობს საგარეო ინვესტიციებით. ეკონომიკა გაიზარდა 3,7%-ით 2003 წელს, 2004 წელს მშპ 5,4%-ით გაიზარდა, 2005-ში 3,3%-ით და 2006-ში 6,2%-ით.
პოლონეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ქვეყნის წინაშე არის ეკონომიკის მომზადება ევროზონაში შესასვლელად, ამისათვის კი მკაცრი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევს ქვეყანას. მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა, ირლანდიამ და ევროპის სხვა სახელმწიფოებმა პოლონელებისთვის გახსნეს თავიანთი შრომითი ბაზარი, უამრავმა მუშამ, განსაკუთრებით სასოფლო რეგიონებიდან მიატოვეს ქვეყანა უკეთესი ანაზღაურების საპოვნელად. [26]
- მოსახლეობის რასობრივი სტრუქტურა
პოლონეთს არ აქვს რასობრივი სტურქტურა, რადგან მოსახლეობის 96%-ზე მეტს ეთნიკურად პოლონელი შეადგენს, ხოლო ყველა ეთნიკური უმცირესობა პოლონელების მსგავსად კავკასიურ რასას მიეკუთვნებიან.
- მოსახლეობის ეთნოლინგვისტური სტრუქტურა
პოლონეთი ისტორიულად მრავალ ენას, კულტურასა და რელიგიას შეიცავდა თავის მიწაზე. მეორე მსოფლიო ომამდე ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ებრაელები ცხოვრობდნენ, ომის შემდეგ მათი რაოდენობა 3 მლნ-დან 300 ათასამდე შემცირდა. პოლონეთის საზღვრები შემცირდა კერზონისა და ორდერ-ნეისის ხაზებს შორის, რასაც თან მოჰყვა ომისშემდგომ უმცირესობების გაძევება. შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა ქვეყნის ეთნიკური მრავალფეროვნება. დაახლოებით 7 მილიონი გერმანელი გაიქცა ან გაძევებულ იქნა ორდერ-ნეისის საზღვრიდან.
2002 წლის აღწერით 36,983,700 ადამიანი თავს პოლონელს უწოდებს, ანუ 96,74%, ხოლო 471,500-მა ადამიანმა თავი სხვა ეროვნების წარმომადგენლად აჩვენა (1,23%) და 774,900 კაცმა კი არც ერთი ეთნიკურობა არ მიუთითა (2,03%). ყველაზე დიდი ეთნიკური უმცირესობა არიან სილეზიელები – 173,153 ათასი კაცი, შემდეგ მოდიან გერმანელები – 152,897, აქედან 92% ოპოლესა და სილეზიის სავოევოდოში ცხოვრობენ, ბელორუსები 49,000 კაცი, უკრაინელები 30,000 კაცი. სხვა ეთნიკურ უმცირესობებს ქმნიან: ლიტველები, რუსები, ბოშები, ებრაელები, ლემკოები, სლოვაკები, ჩეხები და ლიპკა თათრები. უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან ქვეყანაში უმეტესად ცხოვრობენ: ვიეტნამელები, ბერძნები და სომხები. შეიძლება ითქვას, რომ პოლონეთი ერთ ეროვანი ქვეყანაა.
პოლონური ენა არის დასავლეთ სლავური ენის ნაწილი, რომელიც ინდოევროპული ოჯახის სლავურ ჯგუფს განეკუთვნება. იგი პოლონეთის ოფიციალურ ენას წარმოადგენს. ბოლო ათწლეულებამდე რუსული ქვეყნის თითქმის მეორე ენას წარმოადგენდა, მაგრამ ის ინგლისურმა და გერმანულმა ჩაანაცვლა. [27] ქვეყანაში გამოიყენება პოლონური დამწერლობა, რომელიც ძირითადად ლათინურია და რამდენიმე დანამატი აქვს. [28]
პოლონელთა რაოდენობა ვარირებს წყაროების მიხედვით, თუმცა არსებული მონაცემების მიხედვით მსოფლიოში დაახლოებით 60 მლნ პოლონელი ცხოვრობს. (აქედან 21 მლნ-ზე მეტი პოლონეთს გარეთ ცხოვრობს). პოლონელები მკვიდრი უმცირესობების სახით ცხოვრობენ: ჩეხეთის რესპუბლიკაში, ლიტვაში, უკრაინასა და ბელორუსსში. ძირძველ უმცირესობას წარმოადგენენ ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: მოლდოვა და ლატვია. რუსეთში გარდა ძირძველი პოლონელებისა აგრეთვე არიან მეორე მსოფლიო ომის დროს და შემდეგ გასახლებული პოლონელები. პოსტსაბჭოთა სივრცეში დაახლოებით 3 მლნ პოლონელი ცხოვრობს.
ბოლო წლებში პოლონეთის მოსახლეობა მცირდებოდა ემიგრაციის ზრდისა და შობადობის შემცირების გამო. მას შემდეგ რაც პოლონეთი ევროკავშირის წევრი გახდა დიდი რაოდენობით პოლონელები წავიდნენ ემიგრაციაში ძირითადად გაერთიანებულ სამეფოში, გერმანიაში და ირლანდიის რესპუბლიკაში. მათ მიზანს სამსახურის და უკეთესი სამსახურის ძიება წარმოადგენდა. 2007 წლის აპრილის მონაცემებით გაერთიანებულ სამეფოში პოლონელების რაოდენობა 300,000-ს შეადგენდა, ხოლო ირლანდიაში 65,000 კაცი. ზოგიერთი წყაროების მიხედვით იმ პოლონელთა რაოდენობა რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში 2004 წლის შემდეგ გადასახლდნენ 2 მლნ-ზე მეტია. ბოლო დროის ტენდენცია აჩვენებს, რომ უფრო მეტი პოლონელი ბრუნდება ქვეყანაში, ვიდრე ტოვებს მას.
პოლონელები უმცირესობის სახით ჯერ კიდევ ცხოვრობენ ისეთ მეზობელ ქვეყნებში, როგორებიცაა: უკრაინა, ბელორუსი, ლიტვა და სხვა. მთლიანობაში საზღვარგარეთ მცხოვრები პოლონელების რაოდენობა 20 მილიონ კაცადაა შეფასებული. ყველაზე დიდი რაოდენობით პოლონელები აშშ-ში ცხოვრობენ. [27]
2011 წლის აღწერის მიხედვით პოლონეთის მოსახლეობის ეთნიკური სტრუქტურა:
ენობრივი ოჯახი | ენობრივი ჯგუფი | ეთნოსი, ხალხი | რაოდენობა |
ინდოევროპული | სლავური | პოლონელები | 37,394,000 |
სლავური (ლეჟიცური) [28] | სილეზიელები | 847,000 | |
ქაშუბები | 233,000 | ||
გერმანული | გერმანელები | 148,000 | |
უკრაინელები | 51,000 | ||
ბელორუსები | 47,000 | ||
ინდოარიული | ბოშები | 17,000 | |
რუსები | 13,000 | ||
ამერიკელები | 12,000 | ||
ლემკოები | 11,000 | ||
ინგლისელები | 10,000 | ||
ბალტიური, აღმ. ბალტიური | ლიტველები | 8,000 | |
სემიტურ-ქამიტური | დასავლეთ სემიტური | ებრაელები | 8,000 |
წყარო: [30]
გერმანიის მოსახლეობის 91,5% გერმანელია ძირითად ეთნიკურ უმცირესობას ქვეყანაში ეთნიკური თურქები წარმოადგენენ 2,4%. სხვა ხალხებიდან აღსანიშნავია: ბერძნები, იტალიელები, პოლონელები, რუსები და სხვა). [3]
- მოსახლეობის რელიგიური სტრუქტურა
2002 წლის მონაცემებით პოლონეთის მოსახლეობის 89,9% კათოლიკეა. მართლმადიდებლები მოსახლეობის 1,3%-ს შეადგენენ, პროტესტანტები 0,3%-ს, ხოლო დანარჩენი – 0,3%-ს. დაუზუსტებელია 8,3%-ის რელიგიური აღმსარებლობა. [2]
მეორე მსოფლიო ომამდე პოლონეთი რელიგიურად მრავალფეროვან ქვეყანას წარმოადგენდა, სადაც ებრაული, მართლმადიდებლური, პროტესტანტული ჯგუფები თანაარსებობდნენ. პოლონეთის მეორე რესპუბლიკის დროს კათოლიციზმი წამყვან რელიგიას წარმოადგენდა, რომელსაც მოსახლეობის 65% აღიარებდა, მას მოსდევდნენ სხვა ქრისტიანული აღმსარებლობები და დაახლოებით 3% იყო იუდაიზმის მიმდევარი. ჰოლოკოსტისა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ბრძოლების შემდეგ გაძლიერება დაიწყო კათოლიციზმა. 2007 წელს მოსახლეობის 88,4% კათოლიკე იყო. თუმცა მოსახლეობის რელიგიურობა 52%-ზე დაბალია. მიუხედავად ამისა პოლონეთი ევროპაში რჩება ერთ-ერთ ყველაზე რელიგიურ ქვეყნად.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1978 წლის 16 ოქტომბრიდან 2005 წლის 2 აპრილამდე რომის პაპი იყო პოლონელი იოანე-პავლე II.
ქვეყნის რელიგიურ უმცირესობებს ქმნიან: პოლონელი მართლმადიდებლები (დაახლ. 506,800), სხვადასხვა პროტესტანტები (დაახლ. 150,000), იეჰოვას მოწმეები (დაახლ. 126,827), აღმოსავლური ტიპიკონის კათოლიკეები (ძირითადად აღმოსავლეთ პოლონეთში ცხოვრობენ), მარიავიტები, ებრაელები და მუსლიმები (თათრების ჩათვლით).
აღმსარებლობის თავისუფლება გარანტირებულია პოლონეთის 1989 წლის კონსტიტუციით, რითაც ნება დართულია ყველა კონფენსიის ჯგუფების არსებობა. პოლონეთში ცნობილი ქრისტიანული სამომლოცველო ადგილებია: იასნაია გორას მონასტერი და იოანე-პავლე II-ის მშობლიური სახლი ვადოვიცში. [31]
ეკლესია მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლონურ საზოგადოებაში. პოლონეთი ყველაზე კათოლიკურ ქვეყნად ითვლება ევროპაში. პოლონეთის სახელმწიფოს შექმნასთან ერთად სხვადასხვა რელიგიები თავიდანვე თანაარსებობდენენ. [32]

რელიგიური მდგომარეობა პოლონეთში, 2012 წ
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Religion_in_Poland
აღმსარებლობა | რაოდენობა |
კათოლიკური ეკლესია: რომის კათოლიკური ეკლესია ბიზანტიურ-უკრაინული კათოლიკური ეკლესია სომხური კათოლიკური ეკლესია |
33,399,328 |
პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესია | 504,150 |
იეჰოვას მოწმეები | 129,270 |
ევანგელისტურ-აუგსბურგული ეკლესია | 61,738 |
მარიავიტული ეკლესია | 23,436 |
ორმოცდაათიანელების ეკლესია | 22,429 |
პოლონური კათოლიკური ეკლესია (ძველი კათოლიკეები) | 20,402 |
მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია | 9,654 |
პოლონეთის ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესია პოლონეთის ბაპტისტთა კავშირი |
4,864 |
ევანგელურ მეთოდისტური ეკლესია | 4,352 |
ეკლესია ღმერთი ქრისტეში | 4,140 |
ევანგელურ რეფორმირებული ეკლესია | 3,488 |
კათოლიკე მარიავიტების ეკლესია | 1,980 |
ორმოცდაათიანელების ქრისტიანული საზოგადოება | 1,588 |
პოლონეთის ებრაული რელიგიური ჯგუფების კავშირი | 1,222 |
პოლონეთის ისლამური რელიგიური კავშირი | 1,132 |
[32]
გერმანიის რელიგიური შემადგენლობა: პროტესტანტი 34%, კათოლიკე 34%, მუსლიმი 3,7% და დაუზუსტებელი 28,3% [3]. პოლონეთის კონფენსიების განსახლება ძირითადად ემთხვევა ამ სარწმუნოების მიმდევარი ეთნიკური უმცირესობების განსახლებას.
- ურბანიზაცია, განსახლება და მოსახლეობის ტერიტორიული განლაგება
პოლონეთის მოსახლეობა 38,383,809 კაცს შეადგენს, ხოლო ქვეყნის ფართობი 312,685 კმ2, შესაბამისად ქვეყნის მოსახლეობის სიმჭიდროვე 122,8 კაცია 1 კმ2-ზე. ქვეყანა ადმინისტრაციული დაყოფით 16 სავოევოდოდ ანუ რეგიონად იყოფა, ესენია: მაზოვიეცი, პომერანია, ვარმინო-მაზური, პოდლასი, დასავლეთ პომერანია, კუიავო-პომერანია, ველიკოპოლსკი, ლუბუში, ლოძი, ლუბლინი, სვიეტოკში, ქვემო სილეზია, მალოპოლსკი და კარპატები. (მოსახლლეობის სიმჭიდროვე მოცემულია რუკის სახით, რომელიც თან ახლავს საბაკალავრო ნაშრომს). სიმჭიდროვე ყველაზე მაღალია ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში. ყველაზე მაღალი სიმჭიდროვით გამოირჩევა სილეზიის სავოევოდო – 379,2 კაცი 1 კმ2-ზე, ხოლო ყველაზე დაბალი სიმჭიდროვით ვარმინო-მაზურისა და პოდლასის სავოევოდოები ხასიათდებიან. [33]
ქვეყნის ყველა დასახლებული პუნქტი ერთიანობაში ქმნის ქვეყნის განსახლების სისტემას, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რეგიონალური განსხვავებები, მაგ: დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში განსახლების სისტემა ისტორიულად ჩამოყალიბდა, დიდი, საშუალო, პატარა ქალაქებისა და სოფლების ჩათვლით. სამხრეთ-არმოსავლეთით ძირითადად საშუალო სიდიდის ქალაქები გვხვდება, ხოლო სასოფლო დასახლებები დისპერსიულობით ხასიათდებიან. ცენტრალური რაიონებს ორი უდიდესი საქალაქო ცენტრი აქვთ (ვარშავა და ლოძი). სუდეტებისა და ბესკიდის მთისწინა რაიონებში პატარა და საშუალო ქალაქების ქსელებია. [8; გვ 36]
ურბანიზაციის მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამუდმებით იზრდებოდა და 2010 წლისათვის 61%-ს მიაღწია, თუმცა უნდა აღინიშნოს კლების ტენდენციის არსებობა. მთავარი მიზეზი ქალაქებიდან ემიგრაცია და ქალაქის საზღვრების კონტროლი. 2011 წლის მონაცემებით პოლონეთში 60,9%-ია ურბანიზაციის მაჩვენებელი. ქვეყნის მთლიანი მოსახლეობიდან (38,299 მლნ) საქალაქო მოსახლეობა არის 23,307 მლნ კაცი, ხოლო სასოფლო 14,992.
პოლონეთში სხვა ქვეყნების მსგავსად საქალაქო მოსახლეობა სამი ფაქტორით იზრდება: 1)ბუნებრივი ზრდით თვით ამ ქალაქებში, 2)სოფლიდან ქალაქში მიგრაცია; 3)ახალი ქალაქების შექმნა და ძველების გაფართოვება. [8; გვ 35]
სასოფლო დასახლებების რაოდენობა პოლონეთში დაახლოებით 45,000-ია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოფლის მოსახლეობა აუცილებლად სოფლის მეურნეობას მისდევს. მათი ნაწილი: ქარხნებში, შახტებში, სატრანსპორტო და მომსახურების სექტორებში არიან დასაქმებულები. ეს პირველ რიგში ყველაზე ინდუსტრიულ და ურბანიზებულ სამხრეთის და ცენტრალურ რაიონებს ეხებათ, მაშინ როცა აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმსავლეთ რაიონებში სოფლის მოსახლეობის უმეტესობა სოფლის მეურნეობას მისდევს [8; გვ 36]

ურბანიზაცია პოლონეთში
პოლონეთის ცენტრალური სტატისტიკის ოფისის მონაცემებით 2011 წლისათვის ქვეყანაში 908 ქალაქია. ყველაზე პატარა მათ შორის არის ვიშმიჟიცე, სადაც 858 კაცი ცხოვრობს, ხოლო უდიდესი და ამავდროულად ქვეყნის უძველესი ქალაქი არის ვარშავა, სადაც თითქმის 2000-ჯერ მეტი მოსახლე ცხოვრობს. 2006 წლის მონაცემებით ქვეყნის ყველაზე მსხვილ აგლომერაციებს წარმოადგენენ: ვარშავა (2,943,645 მცხოვრები), ზემო სილეზიის აგლომერაცია (2,226,300 მცხოვრები), კრაკოვის აგლომერაცია (1,449,783 მცხოვრები). [34]
დიდი ქალაქების უმეტესობა განლაგებულია ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში, 100 ათასიანი ქალაქების დიდი რაოდენობით ხასიათდება სილეზიის სავოევოდო. პოლონეთში 39 მსხვილი ქალაქია, ანუ ქალაქები 100 ათასზე მეტი მოსახლით. მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ქალაქებია: ვარშავა, კრაკოვი, ლოძი, ვროცლავი, პოზნანი, გდანსკი, შჩეცინი და სხვები. (უფრო დეტალურად ამ და სხვა დიდ ქალაქებზე ინფორმაცია არის დანართში მოცემულ ცხრილში).
2010 წლის მონაცემებით პოლონეთის საქალაქო მოსახლეობა 23,328 მლნ კაცს შეადგენს, ხოლო 100 ათასზე მეტი მოსახლეობის მქონე ქალაქების მოსახლეობის საერთო რაოდენობა 2012 წლისათვის 10,348 მლნ კაცს. არსებული მონაცემებიდან გამომდინარე (2 წლიანი სხვაობაა მოანცემებს შორის) ქვეყნის საქალაქო მოსახლეობაში მსხვილი მოსახლეობის წილი 44,4%-ს შეადგენს.
ქალაქებისა და საქალაქო აგლომერაციების სწრაფი ზრდის გამო, ბევრი პრობლემა ჩნდება (განაშენიანების, გარემოს დაცვის საკითხები), ამიტომ პოლონეთი, სხვა ბევრი ქვეყნის მსგავსად „პასიური დეგლომერაციის“ პოლიტიკას მისდევს, რაც გულისხმობს დიდი ქალაქებისა და საქალაქო დასახლებების ზრდის შეჩერებას. [8; გვ 36]
რაც შეეხება გერმანიას, აქ მოსახლეობა ძირითადად ჩრდილოეთ, ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებში ცხოვრობს. [35] სიმჭიდროვე კი 2010 წლის მონაცემებით 1 კმ2-ზე 233 ადამიანია. [5]
დასკვნა:
ჩემს საბაკალავრო ნაშრომში შევეცადე სათანადოდ აღმებეჭდა პოლონეთის მოსახლეობის გეოგრაფიიის უმნიშვნელოვანესი დემოგრაფიული საკითხები და შემედარებინა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც გერმანიაა, რადგან ამ უკანასკნელმა მეოცე საუკუნეში დიდი კვალი დატოვა პოლონეთის მოსახლეობის რაოდენობაზე და სტრუქტურაზე. დღეს ეს ორი ქვეყანა მოკავშირეა, ორივე ევროკავშირისა და ნატოს წევრია და განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, თუმცა ორი ქვეყნის დემოგრაფიული პროგნოზი კლების მაუწყებელია. პოლონეთის მოსახლეობის დემოგრაფიის შესწავლა საინტერესო იყო, რადგან როგორც გამოიკვეთა ამ ქვეყანამ დიდი დარტყმა მიიღო მეორე მსოფლიო ომის დროს და ეს ყველაფერი მის მომავალ განვითარებაზე აისახა. პოლონეთის მოსახლეობაზე დიდი გავლენა იქონია ასევე ევროკავშირში შესვლამ, რასაც წინ უძღვოდა სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესები. შედეგად პოლონეთი ერთ-ერთ სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ჩამოყალიბდა, თუმცა შობადობის შემცირებისა და ემოგრაციების ზრდის გამო მოსახლეობა კლებულობს და პოლონეთი ნელ-ნელა დაბერებულ ევროპულ ნაციად იქცევა. სახელმწიფოს სჭირდება დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება და სხვადასხვა ზომების მიღება, რათა სტაბილურად განაგრძოს ქვეყანამ განვითარება.
შევეცადე ღირსეულად წარმომეჩინა პოლონეთი და ღირსეულად შემესრულებინა უკანასკნელი დავალება ბაკალავრიატში.
[1] 1998-2008 წლის მონაცემებში საბჭოთა კავშირის ნაცვლად რუსეთ-უკრაინის მონაცემებია.
გამოყენებული ლიტერატურა:
- http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98
- https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/pl.html
- https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/gm.html
- გოგსაძე გიორგი. მოსახლეობის გეოგრაფია. თბილისი, 2008.
- http://esa.un.org/wpp/unpp/p2k0data.asp
- http://esa.un.org/wpp/Excel-Data/fertility.htm
- http://esa.un.org/wpp/Excel-Data/mortality.htm
- Страны и народы,Восточной Европе, Польша; 1980 г.
- http://appsso.eurostat.ec.europa.eu/nui/show.do?dataset=migr_r_2pl&lang=en
- http://www.stat.gov.pl/gus/5840_8408_ENG_HTML.htm
- http://www.nationmaster.com/compare/Germany/Poland/Immigration
- http://en.wikipedia.org/wiki/Poles
- http://pl.wikipedia.org/wiki/Polska#Narodowo.C5.9Bci_oraz_grupy_etniczne
- http://demoscope.ru/weekly/2005/0215/analit01.php
- http://demoscope.ru/weekly/2010/0433/reprod01.php
- http://en.wikipedia.org/wiki/Abortion_in_Poland
- http://esa.un.org/wpp/Excel-Data/population.htm
- http://hdr.undp.org/en/media/HDR_2013_EN_complete.pdf
- http://en.wikipedia.org/wiki/Poland#Health
- http://en.wikipedia.org/wiki/Poland#Education
- http://www.who.int/countries/pol/en/
- http://www.who.int/countries/deu/en/
- http://www.factfish.com/country-category/poland/economy
- http://esa.un.org/wpp/Excel-Data/population.htm, Total Dependency Ratio 1
- http://www.oecd-ilibrary.org/economics/country-statistical-profile-poland_20752288-table-pol
- http://en.wikipedia.org/wiki/Poland#Economy
- http://en.wikipedia.org/wiki/Poland#Demographics
- http://en.wikipedia.org/wiki/Poles
- http://en.wikipedia.org/wiki/Silesian_language
- http://pl.wikipedia.org/wiki/Polska#Narodowo.C5.9Bci_oraz_grupy_etniczne
- http://en.wikipedia.org/wiki/Poland#Religion
- http://en.wikipedia.org/wiki/Religion_in_Poland
- http://en.wikipedia.org/wiki/Poland#Administrative_divisions
- http://pl.wikipedia.org/wiki/Polska#Narodowo.C5.9Bci_oraz_grupy_etniczne
- http://seellio1belgium.weebly.com/uploads/1/7/1/9/17194360/6314561.jpg?376
დანართი:
ეთნიკური უმცირესობების რაოდენობა 2002 წელს.
ეთნოსი, ხალხი | რაოდენობა | განსახლება |
სილეზიელები | 173,153 | სილეზიის სავოევოდო,ოპოლეს სავოევოდო |
გერმანელები | 152,897 | სილეზიის სავოევოდო,ოპოლეს სავოევოდო |
ბელორუსები | 48,737 | პოდლასის სავოევოდო |
უკრაინელები | 30,957 | ვარმინო-მაზურის სავოევოდო |
ბოშები | 12,855 | გაფანტულები არიან |
რუსები | 6,103 | მაზოვიეცის სავოევოდო (ვარშავა) |
ლემკოები | 5,863 | ქვემო სილეზიის სავოევოდო |
ლიტველები | 5,846 | პოდლასის სავოევოდო |
ქაშუბები | 5,062 | პომერანიის სავოევოდო |
სლოვაკები | 2,001 | მალოპოლსკის სავოევოდო |
ვიეტნამელები | 1,808 | მაზოვიეცის სავოევოდო (ვარშავა) |
ფრანგები | 1,633 | მაზოვიეცის სავოევოდო (ვარშავა) |
ამერიკელები | 1,541 | გაფანტულები არიან |
ბერძნები | 1,404 | გაფანტულები არიან |
იტალიელები | 1,367 | მაზოვიეცის სავოევოდო (ვარშავა) |
ებრაელები | 1,133 | მაზოვიეცის სავოევოდო (ვარშავა) |
ბულგარელები | 1,112 | მაზოვიეცის სავოევოდო (ვარშავა) |
სომხები | 1,082 | მაზოვიეცის სავოევოდო (ვარშავა) |
ჩეხები | 831 | გაფანტულად |
ბრიტანელები | 800 | მაზოვიეცის სავოევოდო (ვარშავა) |
თათრები | 495 | ძირითადად ბელოსტოკში და ტრუმიასტოში |
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Polish_census_of_2002
პოლონეთის ქალაქები 100 000-ზე მეტი მოსახლეობით (2012 წ)
ქალაქი | მოსახლეობა | სავოევოდო | ქალაქი | მოსახლეობა | სავოევოდო |
ვარშავა | 1,711,324 | მაზოვიეცი | ოლშტინი | 175,482 | ვარმინო-მაზური |
კრაკოვი | 759,131 | მალოპოლსკი | ბიტომი | 175,377 | სილეზია |
ლოძი | 722,022 | ლოძი | ბელსკო-ბიალა | 174,291 | სილეზია |
ვროცლავი | 631,377 | ქვემო სილეზია | რუდა-შლანსკა | 142,672 | სილეზია |
პოზნანი | 552,393 | ველიკოპოლსკი | რიბნიკი | 140,863 | სილეზია |
გდანსკი | 460,354 | პომერანია | ტიხი | 129,087 | სილეზია |
შჩეცინი | 409,211 | დას. პომერანია | დობროვა გორნიჩა | 125,063 | სილეზია |
ბიდგოშჩი | 362,286 | კუიავო-პომერანია | პლოცკი | 124,048 | მაზოვიეცი |
ლუბლინი | 348,120 | ლუბლინი | ელბლონგი | 123,977 | ვარმინო-მაზური |
კატოვიცე | 308,269 | სილეზია | ოპოლე | 122,120 | ოპოლე |
ბელოსტოკი | 294,675 | პოდლასი | ველეკოპოლსკი | 124,470 | ლუბლინი |
გდინია | 248,574 | პომერანია | ვალბჟიხი | 119,216 | ქვემო სილეზია |
ჩენსტოხოვა | 235,156 | სილეზია | ზელიონა გურა | 119,182 | ლუბუში |
რადომი | 220,062 | მაზოვიეცი | ვლოცლავეკი | 115,982 | კუიავო-პომერანია |
სოსნოვეცი | 214,488 | სილეზია | ტარნუვი | 113,188 | მალოპოლსკი |
ტორუნი | 204,847 | კუიავო-პომერანია | ზოჟუვი | 111,314 | სილეზია |
კელცე | 201,363 | სვიეტოკში | კოშალინი | 109,183 | დას. პომერანია |
გლივიცე | 186,347 | სილეზია | კალიში | 104,867 | ველიკოპოლსკი |
ჟეშუვი | 180,776 | კარპატები | ლეგნიცა | 102,708 | ქვემო სილეზია |
ზაბჟე | 179,861 | სილეზია |
წყარო: http://pl.wikipedia.org/wiki/Polska#Narodowo.C5.9Bci_oraz_grupy_etniczne