პიროვნული მახასიათებლების, შფოთვის და თვითეფექტურობის მიმართება პროფესიულ გადაწვასთან, ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან დასაქმებულ თერაპევტებში

პროფესიული გადაწვა
პროფესიული გადაწვა

ავტორი: ნანა ქარელიშვილი

<< ნაშრომი შეფასებულია უმაღლესი ქულით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წყაროდ >>

 

აბსტრაქტი

ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობა, საკმაოდ სტრესულია. სამუშაო მოითხოვს დიდ ენერგიას, ჩართულობას, მოთმინებას, ემოციების კონტროლს და
სტაბილურობას. ამგვარი სამუშაო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თერაპევტები პროფესიული გადაწვის მაღალი რისკის ქვეშ არიან. სტრესული გარემო სამსახურში და იქ არსებულ ურთიერთობებში პირდაპირ კავშირშია პროდუქტულობასთან, ხარისხიანი მომსახურეობის გაწევასთან, მოტივაციასთან, შედეგების ეფექტურობასთან და სხვა. ამას გარდა, პროფესიული გადაწვის რისკების შემცირებაზე ზრუნვა დაკავშირებულია თერაპევტთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, მათ კეთილდღეობასთან და ზოგად ცხოვრებით კმაყოფილებასთან. აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავდა პიროვნული მახასიათებლების, შფოთვის და თვითეფექტურობის მიმართების დადგენას პროფესიულ გადაწვასთან, ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან დასაქმებულ თერაპევტებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20-დან 60 წლის ასაკის (საშუალო ასაკი=31), 142-მა ქცევის, მეტყველების, ოკუპაციურმა თერაპევტმა, ასევე ადრეული განვითარების სპეციალისტმა და დენვერის თერაპევტმა. შედეგების მიხედვით, რეგრესიულმა ანალიზმა აჩვენა, რომ პროფესიული გადაწვის კომპონენტები: ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია და პიროვნული მიღწევების შემცირება განსხვავებულად არის დაკავშირებული პრედიქტორულ ცვლადებთან. პროფესიული გადაწვის პირველ კომპონენტს, ემოციურ გამოფიტვას, დადებითად წინასწარმეტყველებენ ცვლადები: შფოთვა და ახალი გამოცილებებისადმი ღიაობა. რაც ვლინდება დაღლილობით, ემოციური გადატვირთვით, ასევე მომსახურეობის მიმღებ პირებთან ნეგატიური დამოკიდებულებების გაღვივებით, რაც ამცირებს პიროვნულ მიღწევებს და თვითშეფასებას. რაც შეეხება თვითეფექტურობას, ის უარყოფითადაა დაკავშირებული ემოციურ გამოფიტვასთან (F(3,138)=26.798 p<0.01). შესაბამისად, ის თერაპევტები, რომელთაც სჯერათ საკუთარი შესაძლებლობების და არიან მიმართულები პირადი კეთილდღეობის გაძლიერებისკენ, სამუშაოს შეასრულებენ ხარისხიანად, მოტივაციით და შედეგად ნაკლებად განუვითარდებათ პროფესიული გადაწვა. დეპერსონალიზაციას დადებითად წინასწარმეტყველებენ შფოთვა, ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობა და ემოციურობა, ხოლო უარყოფითად – თვითეფექტურობა (F(4,137)=19.976 p<0.01). პროფესიული გადაწვის ბოლო კომპონენტს, პიროვნული მიღწევების შემცირებას კი, დადებითად წინასწარმეტყველებს თვითეფექტურობა, ხოლო ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობა უარყოფით დამოკიდებულებაშია მასთან (F(2,129)=20.274 p<0.01). ამრიგად, კვლევისას მიღებული შედეგები ხაზს უსვამს პიროვნული მახასიათებლების, შფოთვის და თვითეფექტურობის კავშირს პროფესიულ გადაწვასთან.

საკვანძო სიტყვები: თერაპევტები, სტრესი, პროფესიული გადაწვა, პიროვნული მახასიათებლები, შფოთვა, თვითეფექტურობა, ნეიროგანვითარების დარღვევები.

 

Abstract

                   Working with children with neurodevelopmental disorders is highly stressful. The job demands high energy, engagement, patience, emotional control, and stability. Due to these job requirements, therapists are at high risk for professional burnout. A stressful work environment and its relationships are directly linked to productivity, quality of service, motivation, effectiveness of outcomes, and more. Additionally, addressing the risk of professional burnout is related to therapists’ mental health, well-being, and overall life satisfaction. This study aimed to determine the relationship between personality traits, anxiety, self-efficacy, and professional burnout among therapists working with children with neurodevelopmental disorders. It included 142 behavior, speech, and occupational therapists, early development specialists and Denver therapists aged 20 to 60 (mean age = 31). According to the results, regression analysis showed that the components of professional burnout – emotional exhaustion, depersonalization, and reduced personal accomplishment, are differently related to predictor variables. The first component of professional burnout, emotional exhaustion, is positively predicted by variables such as anxiety and openness to new experiences. This is manifested by fatigue, emotional overload, and negative attitudes towards clients, which decreases personal achievements and self-esteem. Regarding self-efficacy, it is negatively associated with emotional exhaustion (F(3,138)=26.798 p<0.01). Therefore, therapists who believe in their abilities and are oriented towards enhancing personal well-being will perform their work with quality and motivation. They are less likely to develop professional burnout.
Depersonalization is positively predicted by anxiety, openness to new experiences, and emotionality and negatively by self-efficacy (F(4,137)=19.976 p<0.01). The last component of professional burnout reduced personal accomplishment, is positively predicted by self-efficacy, while openness to new experiences is negatively associated with it (F(2,129)=20.274 p<0.01). Accordingly, the findings highlight the importance of considering individual differences in personality traits, anxiety, and self-efficacy about professional burnout.

Key words: Therapists, stress, proffesional burnout, personality traits, anxiety, self-efficacy, neurodevelopmental disorders.

 

****************

       პროფესიული გადაწვა, ისევე როგორც ნეიროგანვითარების დარღვევები დღესდღეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოშიც. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის 2023 წლის მონაცემებით, ნეიროგანვითარების დარღვევების რიცხცი მკვეთრად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით. მაგალითად, ამჟამად, აშშ-ში 36-დან 1 ბავშვს აღენიშნება აუტიზმი (APA, 2022 ციტირებულია წყაროში Posar & Visconti, 2023). ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე პირებთან დასაქმებული სპეციალისტები კი, კერძოდ, თერაპევტები, მათი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, დგანან პროფესიული გადაწვის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ (Hurt et al., 2013;  Agyapong et al., 2022; Kader et al., 2021).

       გადაწვას კი შეუძლია ისეთი უარყოფითი შედეგების გამოწვევა, როგორებიცაა: დაღლილობა და ემოციური გადატვირთვა სამსახურში და იქ არსებულ ურთიერთობებში. ასევე ნეგატიური დამოკიდებულებების გაღვივება სერვისის მომხმარებლების მიმართ (Maslach et al., 2001), რის შედეგადაც, ინდივიდს შესაძლოა განუვითარდეს დაბალი თვითშეფასება, შემცირდეს მისი პროდუქტიულობა და ზოგადი ცხოვრების, ფუნქციონირების ხარისხი (Choudhary & Ranjan, 2020).

       ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობა დიდ ძალისხმევას საჭიროებს, ისეთი პიროვნული მახასიათებლის მქონე ინდივიდები კი, რომლებიც არიან მიზანდასახულები, შრომისმოყვარეები, კომუნიკაბელურები, თავდაჯერებულები, ემპათიურები და გახსნილები ახალი იდეების და გამოცდილებებისადმი, განიცდიან პროფესიულ ეფექტურობას და შესაბამისად, ნაკლებად არიან მიდრეკილები პროფესიული გადაწვისკენ (Hurt et al., 2013; Ruofan, 2022). ხოლო ის ინდივიდები, რომელთაც აღენიშნებათ გადაწვა, უვლინდებათ ნეგატიური დამოკიდებულება საკუთარი პროფესიის მიმართ. ხანგრძლივ პერსპექტივაში კი ეს მთლიანად მათ ცხოვრებაზე ვრცელდება. გადაწვის მაღალი მაჩვენებლის მქონე თანამშრომლები, უფრო ხშირად აფიქსირებენ ჯანმრთელობის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ პრობლემებს, მათ შორის შფოთვას (Bakker & Costa, 2014).

        ზოგადად შფოთვა ცხოვრებისას განცდილ სტრესულ მოვლენებთან ადაპტაციის შედეგად წარმოიქმნება (Ahmed et al., 2009). ის დაკავშირებულია, გადაწვის პირველ კომპონენტთან, ემოციურ გადაღლასთან (Turnipseed, 1998). აღნიშნული, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თერაპევტთათვის, რომლებიც დასაქმებულები არიან ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან. რადგან, მათ შეიძლება განიცადონ: დაღლილობა, ფრუსტრაციის განცდა, თვითშეფასების დაქვეითება, მოტივაციის ნაკლებობა და სხვა.

         პირადი მიღწევების და შესაძლებლობების დაკნინებამ კი ადამიანის თვითეფექტურობის შემცირება შეიძლება გამოიწვიოს. ბანდურას მიხედვით (1994) ეფექტურობის ძლიერი განცდა ადამიანის მიღწევებს და პირადი კეთილდღეობის გაძლიერებას უწყობს ხელს. ამ დროს ინდივიდს სწამს, რომ მას შეუძლია ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდეს და მიაღწიოს კონკრეტულ მიზნებს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, ინდივიდები, რომელთაც აღენიშნებათ პროფესიული გადაწვა სამუშაოს უხარისხოდ შესრულების ტენდენცია აქვთ (Shoji et al., 2015), რამაც ინდივიდს შესაძლოა გადააწვეტინოს სამსახურის მიტოვება, ძირითად პროფესიასთან დისტანცირება და რაც ყველაზე მთავარია, შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები.

          იმის გათვალისწინებით, რომ თერაპიის ეფექტურობა უმნიშვნელოვანესია ბავშვთა განვითარებისთვის, თერაპევტებისთვის კი ზოგადი კეთილდღეობისთვის, აუცილებელია პროფესიული გადაწვის და მისი გამომწვევი ფაქტორების შესწავლა. საკითხის კვლევამ და მიღებულმა შედეგებმა სამომავლოდ შესაძლოა უზრუნველყოს გადაწვასთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების დადგენა ან აღიარება, რაც პირველი კრიტიკული ნაბიჯია პროფესიული გადაწვის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, აღნიშნულ სფეროში დასაქმებული სპეციალისტების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის, სერვისის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებისათვის, მოტივაციის გაზრდის ხელშეწყობისთვის. სამსახურში არსებული ურთიერთობების სტაბილურობაზე ზრუნვა და დასაქმებულის სამუშაო პირობების გაუმჯობესება კი აუცილებელია ამ ადამიანებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალებს მიეწოდოთ ის საგანმანათლებლო სერვისები, რომელთა მიზანია ინფორმირება და საჭირო ინსტრუმენტებზე წვდომა, რათა ჰქონდეთ პროფესიული გადაწვის შემცირების, ადაპტური დაძლევის სტრატეგიები (Kader et al., 2021).

         ამრიგად, კვლევის მიზანია იმის დადგენა, თუ როგორ წინასწარმეტყველებს პიროვნული მახასიათებლები (გულწრფელობა-თავმდაბლობა, ემოციურობა, ექსტრავერსია, თანხმობისადმი მზაობა, კეთილსინდისიერება და გამოცდილებისადმი ღიაობა), შფოთვა და თვითეფექტურობა პროფესიულ გადაწვას, ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან დასაქმებულ თერაპევტებში.

 

სტრესის და გადაწვის ურთიერთმიმართება

 

         თითოეული პიროვნება, ცხოვრების განმავლობაში განიცდის პირდაპირ თუ ირიბ სტრესს, რომელიც არღვევს მის წონასწორობას. სტრესი გამოწვეულია ადამიანის გარშემო და მის ორგანიზმში არსებული სტრესორებით (გერიგი და ზიმბარდო, 2009). იგი წარმოიქმნება როგორც არასასიამოვნო მოვლენებისას, ისე დადებითი ფაქტების დროსაც კი. დადებითი შედეგების და სასიამოვნო დაძაბულობის მომტანი სტრესი, იგივე ეუსტრესი, ეხმარება ადამიანებს სირთულეებთან შეჭიდებაში და მათთან გამკლავებაში. თუმცა, ეუსტრესის ინტენსივობის ზრდამ შესაძლოა ის დისტრესად აქციოს. დისტრესი კი უკვე ორგანიზმისთვის საზიანო სტრესია. იგი ადამიანის როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელია (Choudhary & Ranjan, 2020).

           სტრესი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მას მნიშვნელოვანი ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, რომელიც აისახება ადამიანის ფუნქციონირებაზე და ცხოვრების ხარისხზე. იქიდან გამომდინარე, რომ ზრდასრული ადამიანების ნაწილი უმეტეს დროს სამსახურში ატარებს, მათ სტრესი შესაძლოა განიცადონ სწორედ სამსახუროებრივი მოვალეობების შესრულებისას. ხანგრძლივ პერსპექტივაში კი პროფესიულმა სტრესმა, ორგანიზაციაში არსებულ ურთიერთობებმა, შეუსაბამობამ ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებსა და სამუშაო გარემოს შორის, ძლიერ და ხანგრძლივმა ფსიქოლოგიურმა წნეხმა, შესაძლებელია გაზარდოს პროფესიული გადაწვის განვითარების რისკები Choudhary & Ranjan, 2020).

       პროფესიული გადაწვა, როგორც ტერმინი ეკუთვნის კლინიკურ ფსიქოლოგს, ჰერბერტ ფროიდენბერგერს (1974). მან ის განიხილა, როგორც ჯანდაცვის სფეროში მომუშავე მოხალისეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა (Freudenberger, 1974, ციტირებულია წყაროში Koutsimani et al., 2019). ხოლო კრისტინა მასლაჩის აზრით, გადაწვის განხილვა შესაძლებელია როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სოციალური პერსპექტივიდან. მისი აზრით, გადაწვისთვის დამახასიათებელია პირველი, ემოციური გამოფიტვა, რომელიც მისი ცენტრალური ნაწილია, ის მოიაზრებს დაღლილობასა და ემოციურ გადატვირთვას სამსახურში და აღნიშნულ გარემოში არსებულ ურთიერთობებში. ამ დროს პიროვნებას არ აქვს უნარი მხარი დაუჭიროს და ემოციურად გააძლიეროს სხვები. მეორე, დეპერსონალიზაცია ესაა გადაწვის ინტერპერსონალური განზომილება, რომლის დროსაც დასაქმებულის მხრიდან შესაძლოა გამოვლინდეს ნეგატიური, ცინიკური დამოკიდებულებები სერვისის მომხმარებლების/კლიენტების მიმართ. ეს კი ერთგვარი საპასუხო რეაქცია იქნება არსებულ სტრესორებზე. და ბოლოს, პირად მიღწევათა რედუქცია/შემცირება, რომლის დროსაც დაწესებულებაში მომუშავე ინდივიდს ექმნება დაბალი თვითშეფასება, უკმაყოფილებას განიცდის შესრულებული სამუშაოსადმი და მისი მიღწევებისადმი, აკნინებს საკუთარ შესაძლებლობებს და სამსახურსაც (Maslach et al., 2001).

          სხვა განმარტებით პროფესიული გადაწვა ესაა სამუშაო სტრესის განსაკუთრებული სახე, გამოხატული ფიზიკური, ფსიქიკური ან ემოციური დაღლილობით. რომელიც პიროვნებას სამუშაოს ღირებულებების და საკუთარი კომპეტენციის შესახებ უღვივებს ეჭვებს. გადაწვამ შეიძლება მოტივაციის და იმედის გაქრობა გამოიწვიოს. ასევე ადამიანის თვითეფექტურობა შეამციროს და სიცარიელე განაცდევინოს მას (Choudhary & Ranjan, 2020).

          პროფესიული გადაწვა მუდმივი, ნეგატიური, სამსახურთან დაკავშირებული განწყობაა, რომელიც ხასიათდება გამოფიტვით, თან ახლავს სტრესი, შემცირებული ეფექტურობის გრძნობა, შემცირებული მოტივაცია და სამსახურში დისფუქნციური დამოკიდებულებისა და ქცევის განვითარება” (Schaufeli and Enzmann, 1998 ციტირებულია წყაროში ბიწაძე, 2013). პროფესიული გადაწვის მქონე ადამიანები ამბობენ, რომ იმედგაცრუებულები არიან, არ შეუძლიათ სათანადოდ მუშაობა და ეს მდგომარეობა უარესდება, ამასთან ეკარგებათ მონდომება, რომ შეასრულონ საქმე ხარისხიანად, განიცდიან დაღლილობასა და უიმედობას (Maslach and Leiter, 1997 ციტირებულია წყაროში ბიწაძე, 2013).

        გადაწვა, როგორც სტრესის შედეგი, განსაკუთრებულ პრობლემად განიხილება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან ჯანდაცვისა და განათლების მომსახურეობის სფეროებში, მკვლევართა აზრით, პროფესული გადაწვა მასწავლებლებს შორის შესაძლოა გამოწვეული იყოს მათი ენერგიის, ძალის და რესურსების ჭარბად გამოყენების გამო, სამუშაოს პროცესში. ამავე კვლევაში დასტურდება, რომ გადაწვა როგორც უარყოფითი სტრესული პასუხი, არის რისკ-ფაქტორი მსუბუქი გადაწვის შემთვევაში დაღლილობის, ხანმოკლე გაღიზიანების, შფოთვის გამოვლენის. ხოლო შედარებით მძიმე გადაწვისას, დეპრესიის და სხვადასხვა სომატური დაავადების (Maslach et al., 2016; Nil et al., 2010 ციტირებულია წყაროში Agyapong et al., 2022).

         ამრიგად, პროფესიული გადაწვის რისკის ქვეშ ნებისმიერი დასაქმებული შესაძლოა იყოს. თუმცა წინამდებარე კვლევაში განხილული იქნება ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული პირები, კერძოდ, თერაპევტები, რომლებიც მუშაობენ ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან. რადგან ისინი მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე დგანან რთული გამოწვევების წინაშე (Hurt et al., 2013).

         ფსიქოლოგიური სამუშაოს და პროფესიული გადაწვის კავშირი კვლევებით დასტურდება. ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებს უფიქსირდებათ სტრესის მაღალი დონე და ემოციური გადატვირთვა (Alqarni et al., 2022). გარდა ამისა, შემცირებული პროვნული მიღწევები დაკავშირებულია გადაწვასთან, რაც ბადებს არაკომპეტენტურობის განცდას, პროდუქტიულობის ნაკლებობას და მიღწევების შემცირებას სამსახურში (Maslach et al., 2001; Skaalvik et al., 2020 ციტირებულია წყაროში Agyapong et al., 2022).

        ფიზიკური თერაპევტები პროფესიისთვის დამახასიათებელი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც გულისხმობს ძლიერ ემოციურ და ფიზიკურ ჩართულობას, დგანან გადაწვის რისკის ქვეშ. რამაც შესაძლოა განაპირობოს სამუშაოს დაბალი ხარისხით შესრულება, ცინიკური ან დისტანციური დამოკიდებულებები მომსახურეობის მიმღები პირებისადმი, არაკომპეტენტურობის განცდა, გონებრივი ამოწურვა და ა.შ. შედეგად კი, უფრო მეტი სამედიცინო შეცდომა და პაციენტზე მავნე ზემოქმედება (Rogan et al., 2019; kim et al., 2020; Salyers et al., 2017 ციტირებულია წყაროში Burri, 2022). ამ და მსგავსი მიზეზების გამო ფიზიკურმა თერაპევტებმა შეილება საერთოდ დატოვონ კლინიკური პრაქტიკა, პროფესიული საქმიანობა, რაც იწვევს გამოცდილი კადრების დეფიციტს და აფერხებს ხარისხიანი სერვისის მიწოდებას (Kim et al., 2020; Walton, 2020 ციტირებულია წყაროში Burri, 2022).

          აუტიზმის (ASD) გაზრდილი გავრცელების პარალელურად, კლინიკური ფსიქოლოგები ამ დარღვევების მქონე ბავშვების თერაპიულ პროცესში უფრო მეტად არიან ჩართულები. იმის გათვალისწინებით, რომ მათ აღენიშნებათ დარღვევა სხვადასხვა ფუნქციონირების სფეროებში, არსებობს მულტიდისციპლინური გუნდის(პედიატრი, ფსიქიატრი, ქცევითი თერაპევტი, სკოლის ფსიქოლოგი, სპეციალური მასწავლებელი, მეტყველების და ენის თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი)  არსებობის საჭიროება. კლინიკური ფსიქოლოგის როლი გუნდთან მუშაობისას ინდივიდუალურია. ფსიქოლოგი შეიძლება იყოს მხარდამჭერი, კონსულტანტი, მიზნების და სამოქმედო გეგმის განსაზღვრელი (Gillis, 2012). ამგვარად, ფსიქოლოგიურ პრობლემებთან მომუშავე სპეციალისტებზე დაწესებულმა მრავალმხრივმა მოთხოვნებმა შესაძლოა გადაწვის რისკები გაზარდოს (Yang & Hayes, 2020 ციტირებულია წყაროში Ruiz-Aranda et al., 2024).

          ქცევის გამოყენებითი ანალიზის მიხედვით მომუშავე ქცევით თერაპევტებს, ინდივიდუალურად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უწევთ მომსახურეობის გაწევა აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის და არა მხოლოდ. რაც დაკავშირებული შეიძლება იყოს, სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესის მაღალ დონესთან, სამუშაო კმაყოფილების შემცირებასთან, საშუალოზე მაღალ სამუშაო ბრუნვასთან/განაკვეთთან, რაც თავის მხრივ იწვევს პროფესიული გადაწვის რისკების გაზრდას. ეს განსაკუთრებით ყურადსაღებია, რადგან სპეციალისტებს სჭირდებათ სტაბილური გარემო, განსაკუთრებით მოწყვლად კლიენტებთან მუშაობისას, რაც პირდაპირ კავშირშია თერაპევტების მიერ ბავშვების კლინიკური შედეგების ეფექტურობის ზრდასთან (Hurt, Grist, Malesky, & McCord, 2013). ასევე თერაპევტების სტრესულ გარემოში მუშაობა უარყოფითად მოქმედებს ემპათიის უნარზე, რაც არასასურველ შედეგებთანაა დაკავშირებული (Lambert & Barley, 2001 ციტირებულია წყაროში Ruiz-Aranda et al., 2024).

          მკვლევარები პროფესიული გადაწვის მიზეზების განხილვისას ასახელებენ პიროვნულ, იგივე ფსიქოლოგიურ განსხვავებებსა და სოციალურ/გარემო ფაქტორებს. კრისტინა მასლაჩის აზრით (2001), გადაწვა უფრო მეტად სოციალური ფენომენია, ვიდრე პიროვნული, ანუ პროფესიული გადაწვის განვითარებაში ინდივიდუალური განსხვავებები შედარებით მცირე როლს ასრულებს. ამის საპირისპიროდ, კვლევები ცხადყოფს, რომ ადამიანები, რომლებიც არიან მოწყვლადები, დაბალი თვითშეფასების მქონენი, კონკურენტუუნარონი და მაღალი მოლოდინების მქონენი, პროფესიული გადაწვის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დგანან. ასე, რომ გადაწვა კავშირში შეიძლება იყოს ადამიანების პიროვნულ მახასათებლებლებთან (ბიწაძე, 2013).

           ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებთან ფსიქოლოგიური მუშაობა საკმაოდ რთული, შრომატევადი საქმეა. ის მოითხოვს დიდ მოთმინებას, ფსიქოლოგიურ მდგრადობას, ემოციების მართვას და ა.შ. მდგრადობა, როგორც პიროვნული მახასიათებელი, ხელს უწყობს ადაპტაციას, ემპათიას და ამცირებს სტრესის უარყოფით ეფექტს, შედეგად გადაწვას, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებში (Burnett & Wahl, 2015 ციტირებულია წყაროში Ruiz-Aranda et al., 2024).

           ამრიგად, ზოგიერთი ადამიანი ამ ტიპის სამუშაოსთან, საკუთარი პიროვნული მახასიათებლების მიხედვით უფრო ახლოს შეიძლება იყოს, ან პირიქით ვერ შეძლოს მასთან გამკლავება. შესაბამისად, პროფესიული გადაწვის განვითარების რისკების განსაზღვრისთვის, სასარგებლო შეიძლება იყოს პიროვნული მახასიათებლების და გადაწვის მიმართების დაადგენა. რადგან იმის მიხედვით, თუ როგორი პიროვნული მახასიათებლები აქვს ადამიანს, შესაძლებელი იქნება განვსაზღვროთ სამომავლოდ პროფესიული გადაწვის განვითარების რისკ-ფაქტორები.

 

პიროვნული მახასიათებლები და პროფესიული გადაწვა

     თითოეული ადამიანი განსხვავებული იბადება, აქვთ საკუთარი პრეფერენციები ცხოვრებისთვის, ინდივიდუალური მიზნები, მისწრაფებები და ირჩევენ განსხვავებულ ცხოვრების გზას. თუმცა ამ მრავალფეროვნების და ინდივიდუალობის მიუხედავად, არსებობს თვისებები და ქცევები, რომელთაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ, ესენია: სამართლიანობა, თავმდაბლობა, ცნობისმოყვარეობა, კეთილდინდისიერება და ა.შ.

         პიროვნება ესაა მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც ინდივიდის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას. პიროვნული თვისებები კი გამოხატავს ადამიანების აზრების, გრძნობების და ქცევის დამახასიათებელ პატერნს. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნების შეფასება საკმაოდ რთულია, მაინც გამოიყოფა ორი ძრითადი ტიპი, ესაა ოპტიმისტი და პესიმისტი. პირველის შემთხვევაში ადამიანი პოზიტიურად აზროვნებს, აქვს დადებითი ხედვა და იმედის განცდა. საპირისპირო შემთხვევაში კი, ადამიანისთვის ნეტაგიურად აზროვნება და ახალ გამოწვევებთან შეჭიდების შიშია დამახასიათებელი. ამის მიუხედავად, შეუძლებელია მახასიათებლები ცალსახა მნიშვნელობებად გაიმიჯნოს. როგორიცაა ,,პესიმისტი’’ და ,,ოპტიმისტი’’ ან ,,კარგი’’ და ,,ცუდი’’ (გერიგი და ზიმბარდო, 2009).

         პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური გარემო, რომლისგანაც ადამიანი იღებს გარკვეულ თვისებებსა და ქცევებს, რათა იყოს მიკუთვნებული მის გარშემო არსებულ საზოგადოებასთან. თუმცა პიროვნება ამაზე ბევრად მეტია, ის ინდივიდუალური მახასიათებლებისგან შედგება. თუ როგორია ინიდივიდი, რეალურად, მორცხვია, ექტრავერტი, ცნობისმოყვარე თუ სხვა, ეს მახასიათებლების კომბინაცია ქმნის მის მთლიანობას, იდენტობას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გარემოს როლი დაკნინებული უნდა იყოს, რადგან ადამიანები სწორედ რომ სიტუაციების მიხედვით შეიძლება ავლენდნენ განსხვავებულ პიროვნულ თვისებებს. ამრიგად, პიროვნება ინტრაფსიქიკური ფუნქციონირებისა და გარემოსთან ადამიანის ურთიერთქმედების ნაზავს წარმოადგენს. ის განისაზღვრება, როგორც უნიკალური ფსიქოლოგიური თვისებების ერთობლიობა, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში განსხვავებულ ქცევას ავლენს (გერიგი და ზიმბარდო, 2009).

       ინდივიდების პიროვნული მახასიათებლების კლასიფიცირებისთვის ყველაზე ხშირად გამოყენებადი კლასიფიკაცია ხუთ ფაქტორიანი პიროვნების მოდელია, რომელიც მოიცავს: გამოცდილებისადმი ღიაობას, კეთილსინდისიერებას, ექსტრავერსიას, თანხმობას და ნევროტიზმს (Alarcon, Eschleman & Bowling, 2009). თუმცა ბოლო დროს განხორციელებული კვლევები აჩვენებს, რომ HEXACO-ს ფსიქოლოგიური შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც დიდი ხუთეულის გაფართოვების მიზნითაა შექმნილი, მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევების პროგნოზირებაში, როგორებიცაა: პროფესიული გადაწვა, დანაშაული, სექსუალური ძალადობისკენ მიდრეკილება და სხვა (Lee et al., 2003 ციტირბულია წყაროში Boies et al., 2004).

         HEXACO-ს ფსიქოლოგიური შეფასების ინსტრუმენტი, ზომავს პიროვნების ექვს განზომილებას. თითოეული ეს განზომილება წარმოადგენს ინდივიდის პიროვნების ასპექტს, რაც უზრუნველყოფს მათი ქცევითი ტენდენციებისა და პრეფერენციების ყოვლისმომცველ გაგებას. ამ მოდელის სამი ფაქტორი, კერძოდ, კეთილსინდისიერება, ექსტრავერსია და ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობა კონცეპტუალურად ძალიან ახლოსაა დიდი ხუთეულის მოდელის შესაბამის ფაქტორებთან. რაც შეეხება თანხმობასა და ნევროტიზმს, იგივე დაბალი ემოციური სტაბილურობის ფაქტორებს, შორის არსებობს განსხვავებები. მაგალითად, ჰექსაკოს მოდელში ემოციურობაში გაერთიანებულია სენტიმენტალურობა/მგრძნობიარეობა, რაც დიდ ხუთეულში კეთილდღეობის ნაწილში ერთიანდება და არა ნევროტიზმის. ემოციურობაში ასევე მოიაზრება მოთმინება და შემწყნარებლური თვისებები, რომლებიც დიდ ხუთეულში ნევროტიზმის დაბალ პოლუსშია და არა თანხმობის (Lee & Ashton, 2012).

          HEXACO-სა და პიროვნების ხუთ ფაქტორიან მოდელს შორის მთავარი განსხვავება არის ერთი ფაქტორის დამატება – პატიოსნება-თავმდაბლობა, რომელიც წარმოდგენილია გულწრფელობის, სამართლიანობის, სიხარბის არიდების და მოკრძალების ასპექტებით. H ფაქტორი ფსიქოლოგების მიერ დაახლოებით 2000 წლამდე არ იყო აღიარებული. უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ადამიანების პიროვნული მახასიათებლების შეფასება ხუთი განზომილების მიხედვით თავისუფლად შეიძლება. პიროვნების ეს ხუთი განზომილება, რომელიც დღემდე საყოველთაოდ ცნობილია, როოგრც დიდი ხუთეული, ვერ ასახავს H ფაქტორს, რომელიც ჰექსაკოს მოდელის უმნიშვნელოვანესი ნაწილია (Lee & Ashton, 2012).  აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფს პიროვნების უფრო სრულყოფილად აღქმას გულწრფელობა-თავმდაბლობის, ემოციურობის, ექსტრავერსიის, თანხმობისადმი მზაობის, კეთილსინდისიერების და გამოცდილებიდადმი ღიაობის განზომილებების შესწავლით (Ashton & lee, 2009).

        პიროვნული მახასიათებლების შესწავლა მნიშვნელოვანია ადამიანების ქცევის განსაზღვრისთვის და მისი შინაარსის გაგებისთვის (APA Dictionary of Psychology, 2018). ამრიგად, თუ გვექნება ინფორმაცია ინდივიდის პიროვნული მახასიათებლების შესახებ, შესაძლებელი იქნება პროფესიული გადაწვის განვითარების რისკების პროგნოზირება/წინასწარმეტყველება. იმისათვის, რომ შევძლოთ ამის განხორციელება, პირველ რიგში, საჭიროა ზემოთხსენებული მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მიღება.

          თითოეული პიროვნული მახასიათებლის განხილვა ხდება საპირისპირო პოლუსების წამორდგენით, რომლებიც მიუთითებს ადამიანის ცხოვრების გარკვეულ ასპექტებზე. ეს შესაძლოა დამოკიდებული იყოს დროსა და ადგილზე, სადაც ინდივიდებს უწევთ არსებობა. ზოგიერთ შემთხვევაში ,,მაღალ’’ პოლუსზე ყოფნა შესაძლოა კონკრეტულ გარემოსთან ადაპტირებისთვის შესაფერისი იყოს, ხოლო სხვა დროსა და სხვა სივრცეში ,,დაბალ’’ პოლუსზე ყოფნა იყოს შესაბამისი (Lee & Ashton, 2012). ამიტომაც, ნაშრომში განხილულია ჰექსაკოს პიროვნული მახასიათებლების ორივე განზომილება, რათა აღქმადი იყოს განსხვავება პიროვნების მახასიათებლების განზომილებებში.

           გულწრფელობა-თავმდაბლობის (H) სკალაზე დაბალი ქულის მქონე ადამიანები ხასიათდებიან საკუთარ თავზე ზრუნვით, აქვთ ეგოსიტური მისწრაფებები (ნარცისიზმი), შეუძლიათ საკუთარი მიზნების მიღწევისთვის სხვების გამოყენება (Brown, 2004 ციტირებულია წყაროში Lee & Ashton, 2012), ავლენენ მანიპულაციურ ტენდენციებს, იტყუებიან და არ ემორჩილებიან კანონებს. ამას გარდა, მათ ნაკლებად აქვთ გამოხატული მოკრძალება, ხასიათდებიან ქედმაღლობით. ამგვარად, საკუთარ გაკეთებულ საქმეს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ვიდრე სხვისას. შედეგად, მსგავსმა პირებმა შეიძლება ანტისოციალური ქცევები გამოავლინონ, რაც საკუთარი თავისთვის სარგებლის მოტანას, სხვისთვის კი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად. მოტივაცია მატერიალური კეთილდღეობისადმი, ზრდის დანაშაულებრივი/კრიმინალური ქმედებების გამოვლენის რისკებს (Ashton et al., 2014 ციტირებულია წყაროში Ścigała et al., 2022).

       აღნიშნულის საპირწონედ, მაღალი ქულის მქონე ადამიანები, ურთიერთობებში გამოირჩევიან პატიოსნებით. ისინი საკუთარი მიზნებისთვის არ იყენებენ სხვებს, არ არიან მანიპულატორები. არიან კანონმორჩილები და არ იზიდავთ სიმდიდრე, სოციალური სტატუსი და სხვ. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ეთიკურობას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ იყვენ მოღალატეები პარტნიორულ ურთიერთობებში (Ashton & Lee, 2009; Camps et al., 2016). H-ის მაღალ პოლუსზე მყოფი ადამიანის მნიშვნელოვანი უპირატესობა ის არის, რომ ადამიანებთან სამართლიანად მოპყრობით, ადამიანს შეუძლია სხვებთან სამომავლოდ სასარგებლო თანამშრომლობა დაამყაროს, ნდობის და თანამშრომლური ბუნების დამსახურებით. ამიტომ ასეთი ადამიანები კარგი პარტნიორები არიან საქმიანი კავშირებისთვის (Lee & Ashton, 2012).

          ემოციურობა (E), დიდ ხუთეულში ნევროტიზმის სახელით ცნობილი, დაკავშირებულია შფოთვასთან, ზედმეტ ღელვასთან, ნერვიულობასთან და უმწეობასთან (Ashton and Lee, 2009). აღნიშნულ კომპონენტში მაღალი ქულის მქონე პიროვნებები მნიშვნელოვნად აღიქვამენ ემოციებს, ნებისმიერ ურთიერთობებში, არიან სენტიმენტალურები. უარყოფით გამოცდილებასთან ასოცირებულ სიტუაციებში განიცდიან შიშს, ემპათიურ შეშფოთებასა და ემოციურ მიჯაჭვულობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ალტრუიზმს (და აფერხებს აგრესიას) ახლობლების მიმართ. ხოლო დაბალი ემოციურობის მქონენი, ნაკლებად არიან მგრძნობიარეები, არიან მოდუნებულები სტრესის დროსაც კი და არ აქვთ სხვებთან ემოციური მიჯაჭვულობა (Camps et al., 2016; Zeb et al., 2021 ციტირებულია წყაროში Ruofan et al., 2022 ).

      ექსტრავერსიაში (X) ფასდება ისეთი დადებითი თვისებები, რომლებიც არის: თავდაჯერებულობა, გახსნილობა, მაღალი სოციალური თვითშეფასება, გაბედულობა, პოზიტიური ემოციების ქონა და მღელვარების ძიება, ასევე კომუნიკაბელურობა და სიცოცხლისუნარიანობა. ინდივიდები, რომელთაც ამგვარი პიროვნების მახასიათებელი აქვთ, განიცდიან სოციალური ურთიერთობების შედეგად სიამოვნებას და ცხოვრებით ტკბობას, არიან გამოწვევებისდამი მდგრადები, ენერგიულები და უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხოლო ინტროვერტებისთვის დამახასიათებელია ასოციალურობა, შეზღუდულობა, პესიმიზმი, ჩაკეტილობა (Ruofan et al., 2022).

        თანხმობისადმი მზაობა (სიბრაზის წინააღმდეგ) (A) აფასებს ინდივიდის ინტერპერსონალურ ურთიერთობებს. მაღალი ქულის მქონე ინდივიდებისთვის დამახასიათებელია: სიმშვიდე, მიმტევებლობა, დაბალი თავდაჯერებულობის გრძნობა, მოთმინება. ამ ტიპის ადმაიანები არიან მეტად მიმნდობები სხვებისადმი. არიან სამართლიანები და პატივისცემით ეპყრობიან სხვებს. აქვთ მშვიდი დამოკიდებულება მაშინაც კი, როცა მის პროვოცირებას იწვევენ. ამის საპირისპიროდ, დაბალი ქულის მქონეები ხასიათდებიან მარტივად გაღიზიანებადობით. ავლენენ სიბრაზეს და აგრესიას, როდესაც რაიმე წინააღმდეგობას აწყდებიან (Ashton and Lee, 2009).

       კეთილსინდისიერების (C) შემთხვევაში იზომება ინდივიდის შრომისმოყვარეობის, ორგანიზებულობის და სანდოობის დონე. დაბალი ქულის მქონე ინდივიდებს ახალ სიტუაციებთან გამკლავებასთან დაკავშირებით დაბალი თვითშეფასება აქვთ. არ არიან ამბიციურები და კმაყოფილდებიან ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმის შესრულების შედეგითაც. ხოლო, მაღალი ქულის მქონეები ავლენენ თვითდისციპლინას და ორგანიზებულობას. დავალებებს ასრულებენ დადგენილი მითითებების შესაბამისად, არიან მიზანზე ორიენტირებულები და მიისწრაფვიან მისი მიღწევისკენ (Ruofan et al., 2022). ასევე მაღალი კეთინსინდისიერების მქონე ადანიანები მუშაობენ თავდაუზოგავად, კონცენტრირებულები არიან დეტალებზე და შეუძლიათ სხვა ადამიანებს მოუტანონ მნიშვნელოვანი სარგებელი. როგორც წესი, ისინი უკეთესად ასრულებენ სამუშაოს სკოლაში ან სამსახურში, არ არიან მიდრეკილები მავნე ნივთიერებების მოხმარებისკენ, რადგან მარტივად შეუძლიათ საკუთარი იმპულსების დათრგუნვა (Lee & Ashton, 2012). აღნიშნულის შემთევევაში თვითეფექტურობაც მაღალია, თუმცა ამ ტიპის ადამიანები დებენ დიდ ძალისხმევას საქმეში, რასაც სხეული და გონება გადაღლამდე მიჰყავს. ყოველივე ეს კი ზრდის გადაწვის რისკებს.

         პიროვნება გამოცდილებისადმი ღიაობის (O) მაღალი ქულის მაჩვენებლით, არის მეტად შემოქმედებითი, ცნობისმოყვარე, ახალი ინფორმაციის და გამოცდილების ძიებაში, ხასიათდებიან კრეატიულობითა და გონებამახვილობით. ისინი მიისწრაფიან სწავლისა და აღმოჩენებისკენ. სურთ შექმნან იმაზე მეტი, ისწავლონ, აღმოაჩინონ და შექმნან ბევრად მეტი, ვიდრე დაბალი O-ს მქონე ადამიანები აკეთებენ, თანამედროვე საზოგადოებაში.  დაბალი ქულის მქონე ინდივიდები ერიდებიან ახალ სიტუაციებს და ზოგადად სიახლეებს. ამჯობინებენ რუტინული აქტივობების კეთებას: ,,მათ ნაკლებად ახასიათებთ ინოვაციური საქმიანობა, სურთ იცხოვრონ მშვიდი და მარტივი ცხოვრების წესით“ (Ruofan et al., 2022).

      პროფესიული გადაწვის შესახებ კვლევები, მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლისას ადასტურებენ პიროვნულ მახასიათებლებთან კავშირის არსებობას.  ჰართის და სხვების (2013) კვლევის შედეგები ადასტურებს ნევროტიზმსა და გადაწვის სამივე განზომილებას შორის კავშირს. ამავე კვლევით ვლინდება, რომ კეთილსინდისიერება და ექსტრავერსიის პიროვნული მახასიათებლები დადებითად კორელირებს პროფესიულ ეფექტურობას, ხოლო უარყოფითი კორელაცია ვლინდება, ცინიზმსა და კეთილსინდისიერებას, ექსტრავერსიას შორის.

         ამასთან, გამოვლინდა მნიშვნელოვანი დადებითი კავშირი თანხმობისადმი მზაობის კომპონენტში დაბალი ქულის მქონე პიროვნებასა და პროფესიულ გადაწვას შორის. რადგან ამ ტიპის ადამიანები საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, აღიქვამენ სამუშაო გარემოს ნეგატიურად. იმის გამო, რომ ხასიათდებიან მარტივად გაღიზიანებადობით, მათ შეიძლება უარყოფითი დამოკიდებულებების აღმოცენებას შეუწყონ ხელი, მათივე თანამშრომელთა მხრიდან. ასევე, შესაძლოა ალტრუისტულმა ტენდენციებმა, როგორიცაა სხვებისადმი უანგარო სამსახურის გაწევა, საკუთარი ინტერესების დათმობა, ხოლო სხვათა ინტერესების მეტად დაცვამ, სტრესორების აღმოცენება გამოიწვიოს. ხოლო შედეგად, პროფესიული გადაწვის რისკები გაზარდოს (Alarcon et al., 2009). ასევე ცნობილია, რომ დაბალი თვითშეფასების მქონე ინდივიდები, არიან უფრო მეტად მიდრეკილები პროფესიული გადაწვისკენ (McIntyre,1981, ციტირებულია წყაროში ბიწაძე, 2013).

 

შფოთვა და პროფესიული გადაწვა

     კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც დაკავშირებულია პროფესიულ გადაწვასთან, ესაა შფოთვა. რომელიც ადამიანის საერთო ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მეტყველებს და მოქმედებს როგორც საშიში სიტუაციებისგან დამცავი ფაქტორი. თუმცა გარდა დაცვის ფუნქციისა, მან შესაძლებელია გამოიწვიოს ფსიქოლოგიური დისტრესი, რომელიც ადამიანის ფუნქციონირების ხარისხს განსაზღვრავს (Cole, 2014, ციტირებულია წყაროში Kautsmani et al., 2019).

      DSM-5-ის მიხედვით შფოთვა განისაზღვრება, როგორც გადაჭარბებული ღელვისა და შიშის მოლოდინი, რომლებიც ხშირად აღმოცენდება სულ მცირე 6 თვის განმავლობაში, გამოწვეული რიგი მიზეზების შედეგად, როგორიცაა მაგალითად სამუშაო, სკოლის  სიტუაციები და სოციალური ურთიერთობები. შფოთვა და ღელვა დაკავშირებულია ჩამოთვლილი სიმპტომებიდან სულ მცირე სამ სიმპტომთან: მოუსვენრობა ან აღზნებადობა, მარტვივად გადაღლა, კონცენტრაციის ნაკლებობა და გონების გადაღლა, გაღიზიანებადობა, კუნთების დაძაბულობა/დაჭიმულობა და ძილთან დაკავშირებული პრობლემები. შფოთვა, ღელვა და ფიზიკური სიმპტომები იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს და სოციალურ, პროფესიულ ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ფუნქციონირების დაქვეითებას (APA, 2022) .

     აღსანიშნავია, რომ შფოთვა თითოული ადამიანისთვის ნაცნობი მდგომარეობაა, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მაინც განიცდება პიროვნების მიერ. ესაა მდგომარეობა,       რომელიც      კოგნიტური, სომატური,    ემოციური     და          ქცევითი მახასიათებლებით განისაზღვრება. ამასთან სიმპტომები, რომლითაც ის ხასიათდება, წარმოიქმნება ცხოვრებისეულ სტრესებთან არასწორი ადაპტაციის შედეგად (Ahmed, Banu, Al-Fageer & Al-Suwaidi, 2009).

   იმის გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთი ცხოვრებისეული სტრესორი შეიძლება იყოს სწორედ სამსახურეობრივი გარემო და მასში არსებული ურთიერთობები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის დაკავშირებული იქნება შფოთვასთან, ხოლო შფოთვის გადაჭარბებული გამოვლენა კავშირში იქნება პროფესიული გადაწვის განვითარებასთან. იმის გამო, რომ თერაპიული გარემო მოითხოვს სპეციალისტების ღრმა ჩართულობას მუშაობის პროცესში, მათი კეთილდღეობისთვის აუცილებელია დაინტერესების განცდა სამსახურით და კონცენტრირება. მუდმივ წნეხში ყოფნა, კი ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან დასაქმებულ თერაპევტს რიგი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სირთულეების წინაშე აყენებს. რაც აღნიშნულ სფეროში მომუშავე პირებს პროფესიული გადაწვის კიდევ უფრო მაღალი რისკის ქვეშ ამყოფებს (Hurt et al., 2013).

         კაუცმანის და სხვების (2019) კვლევის შედეგებმა აჩვენა სტატისტიკური კავშირი გადაწვასა და შფოთვას შორის. იმ ადამიანებს, რომელთაც შფოთვის მაღალი დონე აღენიშნებათ, უფრო მეტად უვითარდებათ გადაწვა. ამასთან, დასტურდება ძლიერი კავშირი შფოთვასა და ემოციურ გადაღლას შორის, რომელიც გადაწვის ერთ-ერთი კომპონენტია, ხოლო გაზრდილი სამუშაო ვალდებულებები და მოთხოვნები, ზოგადად სამსახურში არსებული სამუშაო გარემოს სიჯანსაღე შფოთვის მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს. ეს  უკანასკნელი კი სამომავლოდ პროფესიული გადაწვის სინდრომის განვითარებას შეუწყობს ხელს  (Turnipseed, 1998). აღსანიშნავია, რომ გადაწვის მაღალი მაჩვენებლის მქონე თანამშრომლები უფრო ხშირად აფიქსირებენ ჯანმრთელობის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ პრობლემებს, მათ შორის შფოთვას, დეპრესიას, ძილის დარღვევას, მეხსიერების დაქვეითებას და სხვა (Bakker & Costa, 2014). დაბალი სამუშაო კმაყოფილების მქონე პირები უფრო მიდრეკილნი არიან გადაწვისკენ, შფოთვისა და დეპრესიისკენ (Méndez et al., 2020 ციტირებულია წყაროში Agyapong et al., 2022).

       ამგვარი უარყოფითი ფისოქოლოგიური და ფიზიოლოგიური შედეგები კი არის პროფესიული გადაწვის განვითარების საფუძველი, რომლის დროსაც, მაღალი მაჩვენებლის მქონე პირებს უვითარდებათ ნეგატიური დამოკიდებულბები არა მხოლოდ კონკრეტული სამსახურის მიმართ, არამედ მთლიანად პროფესიისადმი. ნეგატიურმა დამოკიდებულებამ შესაძლოა დაწიოს მათი პროდუქტიულობის ხარისხი, თვითშეფასება და ზოგადად, ცხოვრების ფუნქციონირების დონე. კვლევაში, რომელიც დაწყებითი სკოლის მასწავლებელთა გადაწვას შეისწავლიდა, გამოვლინდა, რომ ისინი განიცდიან გადაწვას, ყველაზე მეტად შემცირებული პიროვნული მიღწევების, განზომილებაში (Yilmaz, 2014). იმის გამო, რომ ამ დროს პიროვნების მხრიდან ვლინდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარი შესაძლებლობებისადმი, შესაძლოა შემცირდეს თვითშეფასება, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და შესაბამისად თვითეფექტურობა.

თვითეფექტურობა და პროფესიული გადაწვა

        სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით, მაღალი თვითეფექტურობის მქონე ადამიანს სჯერა საკუთარი შესაძლებლობების და იმის, რომ შეუძლია საკუთარი ქმედებების ეფექტურად მართვა (Bandura, 1994). ჩვენ, ადამიანებს გვაქვს გარკვეული მიზნები, რომლისკენაც მივისწრაფვით და თუ გვსურს მათი მიღწევა უნდა შეგვეძლოს იმის გაცნობიერებაც, რომ ეს არ არის მარტივი გზა. ადამიანები თვითეფექტურობის მაჩვენებლით შეგვიძლია ორ ტიპად დავყოთ. პირველი, რომელთაც აქვთ თვითეფექტურობის ძლიერი განცდა, ხოლო მეორე, რომელთაც სუსტი თვითეფექტურობა ახასიათებთ. ადამიანებს, რომელთაც აქვთ ძლიერი თვითეფექტურობა, აქვთ უფრო სიღრმისეული ინტერესი, ერთგულება საქმიანობისადმი (Choudhary & Rajan, 2020).

        ბანდურას (1994) მიხედვით, თვითეფექტურობა გამოიხატება პიროვნების გრძნობებს აზროვნებასა და ქცევაში. გრძნობების თვალსაზრისით, თვითეფექტურობის დაბალი დონე ასოცირდება შფოთვასთან, უმწეობასთან, დაბალ თვითშეფასებასთან და საკუთარ მიღწევებთან მიმართებით პესიმისტურ განწყობებთან. აზროვნებაში თვითეფექტურობის მაღალმა დონემ შესაძლოა ხელი შეუწყოს გადაწყვეტილებების მიღებას, კოგნიტურ მოქნილობას, ხოლო ქცევითი/მოქმედების ნაწილში ამან შეიძლება აქტივობის შესრულების მოტივაციაზე იმოქმედოს. მაგალითად, მაღალი თვითეფექტურობის მქონე ინდივიდები რთულ ამოცანებთან შეჭიდებას ამჯობინებენ. ამრიგად, ადამიანები მათი თვითეფექტურობის დონის შესაბამისად განკარგავენ საკუთარ უნარებს. დაბალი თვითეფექტურობის შემთხვევაში, შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს გარკვეული უნარი, თუმცა ვერ იყენებდეს მას პრობლემურ, სტრესულ სიტუაციებში. საპირისპირო შემთხვევაში კი, კონრეტული უნარის ქონასთან ერთად, ადამიანს მისი პრაგმატულად გამოყენებაც შეუძლია.

        სოციალურ-კოგნიტური თეორიის მიხედვით, თვითეფექტურობას სხვადასხვა სტრესის შედეგი განსაზღვრავს. სწორედ ამგვარი შედეგის მაგალითს წარმოადგენს პროფესიული გადაწვა. თვითეფექტურობასა და გადაწვას შორის ძლიერი კავშირია. მაღალი თვითეფექტურობის მქონე ადამიანები რთულ სიტუაციებშიც თუ თვლიან რომ წარმატებით შეუძლიათ გაუმკლავდნენ გამოწვევას, მათთვის სტრესული სიტუაციები  ნაკლებად მტკივნეულად აღიქმება (Bandura, 1989 ციტირებულია წყაროში ბიწაძე, 2013).

            პროფესიული სტრესის განხილვის კონტექსტში თვითეფექტურობა გულისხმობს ადამიანის თავდაჯერებულობის განცდას, რომ მას შეუძლია სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო უნარების გამოყენება, რათა შეძლოს გამკლავება სამუშოს სპეციფიკურ გამოწვევებთან და მასთან დაკავშირებულ სტრესთან.  კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ თვითეფექტურობა და პროფესიული გადაწვა დაკავშირებულია ერთმანეთთან, თუმცა განსხვავებულად, გადაწვის თითოეული კომპონენტისთვის (Shoji et al., 2015). თვითეფექტურობის შემცირებისას დადგენილია, რომ ხშირად ვლინდება ემოციური ამოწურვა/გადატვირთვა და დეპერსონალიზაცია (Schaufeli & Bakker, 2004 ციტირებულია წყაროში Shoji et al., 2015). თუმცა შოჯის და სხვების (2004) კვლევის შედეგების მიხედვით, არ უნდა იყოს უგულებელყოფილი გადაწვის მესამე კომპონენტი – პიროვნული მიღწევების რედუქცია. რადგან ის ძლიერ კავშირშია თვითეფექტურობასთან. თვითეფექტურობაც და პიროვნული მიღწევების კომპონენტიც, ორივე, მოიცავს კომპეტენციისა და წარმატების განცდას. ამასთან ერთად, ადამიანები, რომლებიც მეტად ენერგიულები და ჩართულები არიან საქმინობაში, ეფექტურად ასრულებენ სამუშაოს, განიცდიან/იწვევენ თვითეფექტურობას, რამაც შესაძლოა შეაფერხოს პროფესიული გადაწვის განვითარება (Alarcon et al., 2009).

         აღსანიშნავია, რომ თვითეფექტურობის ცნება მეტწილად პიროვნებას აკისრებს მეტ პასუხისმგებლობას, ხოლო შედარებით ნაკლებს გარემოს. კვლევები ცხადჰყოფს, რომ პროფესიული გადაწვის განვითარებაში პიროვნული ფაქტორების როლი მცირდება, როდესაც სახეზეა არახელსაყრელი, მტრული სამუშაო პირობები (Gerstein, Topp and Correll, 1987; Pines and Aronson, 1988 ციტირებულია წყაროში ბიწაძე, 2013). მეორეს მხრივ, ადამიანები მათი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე სხვადასხვაგვარად პასუხობენ გარემოს. ისინი, ვისაც აქვთ მაღალი თვითეფექტურობა მიმართავენ სოციალურ აქტივიზმს, თუმცა თუ მცდელობები უშედეგოა, ცდილობენ უკეთესი სამუშაო გარემოს პოვნას. საპირისპირო შემთხვევაში კი, ადამიანებმა გარემოს უიმედობით, მორჩილებით, ცინიზმით და სხვა უარყოფითი დამოკიდებულებებით  შეიძლება უპასუხონ (ბიწაძე, 2013).

                57 კვლევის მეტაანალიზი აჩვენებს, რომ კავშირი ზემოთაღნიშნულ ორ კონსტრუქტს შორის ნამდვილად არსებობს. დასკვნები მიუთითებს, რომ თვითეფექტურობა დამცავი ფაქტორის როლს შეიძლება ასრულებდეს გადაწვასთან მიმართებით, ხოლო გადაწვის დაბალმა დონემ შეიძლება ხელი შეუწყოს მაღალი თვითეფექტურობას (Shoji et al., 2015). ადამიანები, რომელთაც არ ეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, რთულ ამოცანებს გამოწვევებად აღიქვამენ და არა საფრთხედ. ამგვარი მიდგომა კი, უზრუნველყოფს ინტერესის გაღვივებას საქმიანობისადმი, მასში ჩართულობას და შედეგად, ეფექტურ შესრულებას (Bandura, 1994), რაც განსაკუთრებით ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან დასაქმებული პირებისთვის, შეიძლება იყოს პროფესიული გადაწვის თავიდან აცილების წინაპირობა.

 

კვლევის მიზანი

ლიტერატურის მიმოხილვის საფუძველზე, კვლევის მიზანია, იმის დადგენა თუ როგორ წინასწარმეტყველებს პიროვნული მახასიათებლები, შფოთვა და თვითეფექტურობა პროფესიულ გადაწვას, ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან დასაქმებულ თერაპევტებში.

საკვლევი კითხვები და ჰიპოთეზები

მიზნიდან გამომდინარე, საკვლევი კითხვები და ჰიპოთეზები ამგვარად ჩამოყალიბდა.

აღნიშნული კვლევის საკვლევი კითხვებია თუ როგორ წინასწარმეტყველებს გულწრფელობა-თავმდაბლობა, ემოციურობა, ექსტრავერსია, თანხმობისადმი მზაობა, კეთილსინდისიერება და გამოცდილებისადმი ღიაობა პროფესიულ გადაწვას. ასევე როგორ წინასწარმეტყველებს შფოთვა პროფესიულ გადაწვას და როგორ წინასწარმეტყველებს თვითეფექტურობა პროფესიულ გადაწვას.

ზემოთაღნიშნული კითხვებიდან გამომდინარე ჰიპოთეზები ამგვარად ჩამოყალიბდა:

  • გულწრფელობა-თავმდაბლობა, ექსტრავერსია, კეთილსინდისიერება და გამოცდილებისადმი ღიაობა უარყოფითად წინასწარმეტყველებს პროფესიულ გადაწვას. ხოლო ემოციურობა და თანხმობისადმი მზაობა დადებითად წინასწარმეტყველებს გადაწვას.
  • შფოთვა დადებითად წინასწარმეტყველებს გადაწვას
  • თვითეფექტურობა უარყოფითად წინასწარმეტყველებს პროფესიულ გადაწვას

 

მეთოდი

კვლევაში გამოყენებულია რაოდენობრივი კვლევის მეთოდი, კერძოდ რეგრესიული.

 

შერჩევა და მონაწილეები

     მონაწილეთა შერჩევა მოხდა ხელმისაწვდომი შერჩევის მეთოდით.

        კვლევაში მონაწილეობა მიიღო 20-დან 60 წლამდე ასაკის, 142-მა თერაპევტმა (საშუალო ასაკი(31), რომლებიც დასაქმებულები არიან ნეიროგავითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან. მათი 25% იყო 25 წელს ქვემოთ ასაკის, მონაწილეთა ნახევარი (50%) იყო 28 წელს ქვემოთ. ხოლო დარჩენილი 25% იყო დაახლოებით 35 წელზე მაღალი ასაკის. მონაწილეთა ასაკის საშუალო მაჩვენებელმა 31 წელი შეადგინა.

         მონაწილეთა შორის უმრავლესობა, 131 ადამიანი, მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყო (92.3%), 10-მამრობითი (7%), ხოლო 1-მა მონაწილემ დააფიქსირა პასუხი -,,სხვა’’

(0.7%).

        გამოკითხულები ძირითადად იყვნენ, მეტყველების, ABA/ქცევის, ოკუპაციური და დენვერის თერაპევტები, ასევე ადრეული განვითარების სპეციალისტები. მონაცემების მიხედვით, თერაპევტთა უმრავლესობას, აქვს სამი წელი და მეტი სამუშაო გამოცდილება. ხოლო ყველაზე მცირე, 0-6 თვემდე, 13 თერაპევტთან ფიქსირდება (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1. თერაპევტთა სამუშაო გამოცდილება

სამუშაო გამოცდილება
0-6 თვე

N (%)

1 წელი 2 წელი 3 და მეტი წელი
თერაპევტები 13

(9.2%)

24

(16.9%)

23

(16.2%)

82

(57.7%)

პროცედურა

     კითხვარები მოცემული იყო Google forms-ში, რომელიც გაზიარდა სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram და სხვ.), ასევე სხვადასხვა ჯგუფებში, სადაც არიან საქართველოს თერაპევტთა გაერთიანების წევრები.  კითხვარები ასევე გაიგზავნა პერსონალურად იმ ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან, თერაპევტად.

        კითხვარების დაწყებამდე მონაწილეებს წარედგინათ ინფორმაცია საკვლევი საკითხის და კვლევის მიზნების შესახებ. ასევე, აღნიშნული იყო, რომ კვლევაში მონაწილეობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს თერაპევტის პოზიციაზე ყოფნა. კვლევაში არ არის დაწესებული შეზღუდვა თერაპიის ტიპის შესახებ. ამიტომაც მასში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ქცევის, ისე მეტყველების, ოკუპაციურ და სხვა თერაპევტებს.

         კვლევის დაწყებამდე მონაწილეებისგან მივიღე ინფორმირებული თანხმობა. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ანონიმურობისა და კონფიდენციალურობის შესახებ. მითითებული იყო ისიც, რომ კვლევაში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი და ნებისმიერ ეტაპზე შეუძლიათ უარი განაცხადონ მასში მონაწილეობაზე.

          კითხვარის შევსებამდე მითითებული იყო მისი შევსებისთვის საჭირო დროის საშუალო მაჩვენებელი, რომელიც დაახლოებით 10-15 წუთს შეადგენს.

         უშუალოდ ცვლადების კითხვარებამდე წამძღვარებული იყო რამდენიმე შეკითხვა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ ინფორმაციის მისაღებად (სქესი, ასაკი, განათლება, პოზიცია, სამუშაო გამოცდილება). მონაწილეები არ უთითებენ სახელსა და გვარს და მათ მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რაც ანონიმურობის დაცვის გარანტია.

      თითოეული კითხვარის დაწყებამდე, მოცემული იყო მისი შევსებისთვის საჭირო შესაბამისი ინსტრუქცია. რის შემდეგაც,  უკვე მიეწოდათ რიგ-რიგობით პიროვნული მახასიათებლების, შფოთვის, თვითეფექტურობის და გადაწვის საკვლევი კითხვარები.  მონაცემების შეგროვების შემდგომ, გუგლ ფორმსიდან წაიშალა კვლევის მონაწილეთა ყველა პახუსი, ხოლო მონაცემები სპსს-ის ბაზაში შეინახა, მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის გამოსაყენებლად.

 

პიროვნული მახასიათებლები

      პიროვნული მახასიათებლები ვიკვლიე ჰექსაკოს პიროვნული მახასიათებლების ექვს განზომილებიანი კითხვარის (Lee & Ashton, 2009) ქართულად ვალიდირებული და მოდიფიცირებული ვარიანტის მოკლე, 60 დებულებიანი ვერსიით (Martskvishvili et al., 2022). კითხვარში მოცემულია 6 სკალა, რომელიც თითოეული 10 დებულებისგან შედგება. რომლებიც უნდა შეფასდეს 1-5 ლაიკერტის ტიპის სკალაზე, სადაც 1 ნიშნავს ,,სავსებით არ ვეთანხმები’’ ხოლო 5 – ,,სავსებით ვეთანხმები’’.

         ჰექსაკოს მოდელი, დიდი ხუთეულის შემადგენელი პიროვნების თვისებების/მახასიათებლების გაფართოების მიზნითაა შემუშავებული. სადაც დამატებულია გულწრფელობა-თავმდაბლობის კომპონენტი (,,ზოგჯერ მეუბნებიან, რომ სხვების მიმართ ზედმეტად კრიტიკული ვარ’’). ხოლო დანარჩენი მახასიათებლები იგივე დარჩა. ემოციურობა (,,როცა რაიმეს ძალიან განვიცდი, მჭირდება ვინმე, ვინც თავს უკეთ მაგრძნობინებს’’); ექსტრავერსია (,,შემეშინდებოდა თუ მგზავრობა მომიწევდა ცუდ ამინდში’’), თანხმობისადმი მზაობა (როდესაც მეუბნებიან რომ ვცდები, ჩემი პირველი რეაქცია შეკამათებაა’’), კეთილსინდისიერება (,,ზოგჯერ თავს ვერაფერს ვუხერხებ და წვრილმან საკითხებზე ვზრუნავ’’) და გამოცდილებისადმი ღიაობა (,,ჯგუფური შეხვედრის დროს ჩემს აზრს იშვიათად გამოვხატავ’’). აღნიშნულ ინსტრუმენტში პირდაპირი და რევერსიული პუნქტებია გამოყოფილი, რაც გათვალისიწინდება დამუშავებისას.

 

შფოთვა

შფოთვა ვიკვლიე გენერალიზებული/ზოგადი შფოთვითი აშლილობის საკვლევი კითხვარის (Spitzer et al., 2006) მოდიფიცირებული ვარიანტის გამოყენებით (javakhishvili et al., 2021).

კითხვარი შედგება სულ 7 დებულებისგან. მნიშვნელოვანია, რომ კვლევის მონაწილემ უნდა მონიშნოს პასუხები იმის მიხედვით, თუ როგორ გრძნობდა თავს ბოლო ორი კვირის განმავლობაში. მაგალითად, ერთ-ერთი დებულება ამგვარია: ,,ვნერვიულობდი, ვშფოთავდი, ზღვარზე ვიყავი’’. პასუხები ფასდება 4 ბალიან სკალაზე. სადაც 1 ნიშნავს ,,საერთოდ არას’’, ხოლო 4 -,,თითქმის ყოველ დღე’’.

 

თვითეფექტურობა

   თვითეფექტურობა  გავზომე თვითეფექტურობის სკალის (Schwarzer & Jerusalem, 1995) ქართულად ვალიდირებული და მოდიფიცირებული ვარიანტის გამოყენებით (შეყრილაძე, 2024).

      ეს კითხვარი შედგება სულ 10 დებულებისგან. მონაწილემ უნდა მონიშნოს პასუხოს ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად არის შესაბამისობაში მასან. აქ პასუხები ფასდება 14 ლაიკერტის ტიპის სკალაზე. სადაც 1 ნიშნავს ,,საერთოდ არ შეესაბამება სინამდვილეს’’ ხოლო 4 ნიშნავს ,,სრული სიმართლეა’’. ერთ-ერთი დებულება კი ამგვარია: ,,ყოველთვის შემიძლია რთული პრობლემების მოგვარება, თუ საკმარისად გავისარჯები’’.

 

პროფესიული გადაწვა

       პროფესიული გადაწვა გავზომე: პროფესიული გადაწვის კითხვარით (Maslach et al., 2001). აღნიშნული ტესტი ითარგმნა ქართულ ენაზე, განხორციელდა რეტრანსლაცია ადაპტირებულია მაია ბიწაძის და ადაპტირდა განათლების სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებზე 2010 წელს (ბიწაძე, 2013).   აღნიშნული ინსტრუმენტი შედგება 22 დებულებისგან, რომელიც ეხება სამსახურთან დაკავშირებულ გრძნობებსა თუ განცდებს. ის იკვლევს გადაწვის სამივე კომპონენტს:  ემოციური გამოფიტვა (შეესაბამება: 1, 2, 3, 6, 8, 13, 14, 16, 20 პუნქტები). ერთ-ერთი დებულება ამგვარია: ,, ვგრძნობ, რომ ჩემი სამუშაოს გამო ემოციურად გამოფიტული ვარ’’.

        დეპერსონალიზაცია (შეესაბამება: 5, 10, 11, 15, და 22 პუნქტები). ერთ-ერთი დებულება ამგვარია: ,, მგონია, რომ ჩემი საქმიანობის გამო ემოციურად გულგრილი ვხდები’’. და პირად მიღწევათა რედუქცია/შემცირება (შეესამაბემა: 4, 7, 9, 12, 17, 18, 19, 21 პუნქტები). სადაც ერთ-ერთი დებულება არის ასეთი: ,, სამსახურში ემოციურ პრობლემებთან გამკლავება არ მიჭირს’’.   მონაწილეებმა კი უნდა მონიშნონ პასუხები 0-დან 6-მდე ლაიკერტის ტიპის სკალაზე. სადაც 0 ნიშნავს ,,არასოდეს’’ ხოლო 6 – ,,ყოველდღიურად’’.

შედეგები

     კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები დამუშავდა სტატისტიკური პროგრამის SPSSის საშუალებით. თავდაპირველად, განხორციელდა ცვლადების განსაზღვრის პროცედურა. ცვლადების სახელები და კოდირების ინსტრუქციები მოინიშნა პროგრამაში. დალაგდა კატეგორიების მიხედვით და გასწორდა სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები(სვეტები, სიგანე და ა.შ). მნიშვნელობის მინიჭება (მაგ. 1-მდედრობითი, 2=მამრობითი) და თითოეული სკალის კოდირება/რიცხვების მინიჭება, მოხდა კითხვარების გასაღებში განსაზღვრული ქულების მიხედვით.

      განხორციელდა რევერსიული პუნქტების რეკოდირება, რათა ქულების დაჯამებამდე გვქონოდა ზუსტი რიცხობრივად წარმოდგენილი მონაცემები. ასეთი პუნქტები მხოლოდ პიროვნული მახასიათებლების საკვლევ კითხვარში იყო მოცემული. 5 პუნქტიან ლაიკერტის ტიპის სკალაზე რევერსიული პუნქტების შემთხვევაში ქულები ამგვარად ტრანსფორმირდა, მაგ. თუ 1 ნიშნავს სავსებით არ ვეთანხმები, შეიცვალა 5-ით, სავსებით ვეთანხმები (5-1, 4-2, 3-3, 2-4 და 1-5). შემდეგ უკვე დაჯამდა პიროვნული მახასიათებლის თითოეული კომპონენტის საერთო ქულა ცალ-ცალკე. ასევე შფოთვის და თვითეფექტურობის ქულები შეიკრიბა. და ბოლოს, შედეგის ცვლადის – პროფესიული გადაწვის სუბსკალების ქულებიც ასევე ცალ-ცალკე დაჯამდა.

     აღწერითი სტატისტიკის ნაწილში, გარდა თითოეული ცვლადის ინდივიდუალური ქულის დაჯამებისა. ცენტრალური ტენდენციის საზომებიდან, კვლევაში გამოყენებულია საშუალო (mean). ცვალებადობის საზომებიდან კი სტანდარტული გადახრა (std. deviation). შედეგები წარმოდგენილია ცხრილი 2-ში.

ცხრილი 2. საშუალო და სტანდარტული გადახრა

H ფაქტორი 31.04 3.388
E ფაქტორი 34.70 3.770
X ფაქტორი 31.24 4.049
A ფაქტორი 30.32 3.044
C ფაქტორი 29.34 3.277
O ფაქტორი 28.42 3.269
შფოთვა 14.56 5.677
თვითეფექტურობა 30.74 6.254
ემოციური გამოფიტვა 25.99 11.808
დეპერსონალიზაცია 7.89 6.187
პიროვნული მიღწევების შემცირება 33.44 7.121

      ცვლადებს შორის კავშირის და მათი სიძლიერის დადგენის მიზნით კვლევაში, პირსონის კორელაციის კოეფიციენტია გამოყენებული. კვლევისას გამოვლენილი ვარაუდების თანახმად, საქართველოში ნეიროგანვითარების დარღვევების სფეროში დასაქმებული თერაპევტები განიცდიან პროფესიულ გადაწვას. რასაც შესაძლოა იწვევდეს პიროვნული მახასიათებლები, რომელიც თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია და განსხვავებულად ვლინდება. ამასთან, გადაწვის განვითარებაზე შესაძლოა მოქმედებდეს შფოთვა და თვითეფექტურობა.

         უფრო კონკრეტულად, გულწრფელობა-თავმდაბლობა, ექსტრავერსია, კეთილსინდისიერება და გამოცდილებისადმი ღიაობა უარყოფითად წინასწარმეტყველებს პროფესიულ გადაწვას. ხოლო ემოციურობა და თანხმობისადმი მზაობა დადებითად წინასწარმეტყველებს გადაწვას. რაც შეეხება შფოთვას, კვლევაში გამოთქმული ვარაუდების მიხედვით დადებითად წინასწარმეტყველებს, ხოლო თვითეფექტურობა უარყოფითად წინასწარმეტყველებს პროფესიულ გადაწვას. შედეგების მიხედვით, ცვლადებს შორის განხორციელებული რეგრესიული ანალიზი აჩვენებს, რომ პროფესიული გადაწვის კომპონენტები: ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია და პიროვნული მიღწევების შემცირება, განსხვავებულად არიან დაკავშირებულები პრედიქტორულ ცვლადებთან.

       კვლევის პირველი ჰიპოთეზის თანახმად, გულწრფელობა-თავმდაბლობა, ექსტრავერსია, კეთილსინდისიერება და გამოცდილებისადმი ღიაობა უარყოფითად წინასწარმეტყველებს პროფესიულ გადაწვას. ხოლო ემოციურობა და თანხმობისადმი მზაობა დადებითად წინასწარმეტყველებს გადაწვას.

        აღნიშნული ვარაუდის საკვლევად კვლევაში ჰექსაკოს პიროვნული მახასიათებლების მოკლე, 60 კითხვიანი, ვერსია გამოვიყენე. პირველ რიგში, პიროვნული მახასიათებლის კომპონენტებსა და პროფესიული გადაწვის სამივე ქვესკალას(ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია, პირადი მიღწევების შემცირება) შორის მოხდა კავშირების დადგენა, პირსონის კორელაციის კოეფიციენტის გამოყენებით. შედეგების მიხედვით, ემოციურ გამოფიტვასა და ემოციურობას შორის აღინიშნება სუსტი უარყოფითი კორელაცია (r=-.20, p<.01) ისევე, როგორც ეს დეპერსონალიზაციის შემთხვევაშია (r=-.27, p<.01). პირადი მიღწევების შემცირების სკალაში კი ვლინდება საკმაოდ სუსტი, თუმცა დადებითი კორელაცია ემოციურობასთან.

         ემოციურ გამოფიტვა სუსტად და დადებითად კორელირებს ღიაობასთან (r=.28, p< .01). ხოლო დეპერსონალიზაცია საშუალო, ზომიერი სიძლიერით კორელირებს ღიაობასთან (r=.39, p< .01) პირადი მიღწევების შემცირება კი უარყოფით კავშირშია ღიაობასთან (r=-.24, p<.01). ზემოთაღნიშნული შედეგები წარმოდგენილია ცხრილ 3-ში.

         კვლევის მეორე ჰიპოთეზის თანახმად, შფოთვა დადებითად წინასწარმეტყველებს პროფესიულ გადაწვას. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის კითხვარში მიღებული და პროფესიული გადაწვის კითხვარის დახმარებით მიღებული მონაცემები, რეგრესიულ ანალიზამდე, დამუშავდა პირსონის კორელაციის კოეფიციენტის გამოყენებით.

        შედეგების მიხედვით, ემოციურ გამოფიტვასა და  შფოთვას შორის აღინიშნება ძლიერი დადებითი კორელაცია(r=.52, p<.01),  დეპერსონალიზაციას და შფოთვას შორის ვლინდება საშუალო, ზომიერი სიძლიერით (r=.40, p<.01). შფოთვასთან  მიმართებით, პროფესიული გადაწვის მესამე კომპონენტში, პირადი მიღწევების რედუქციასთან კი არსებობს ძალიან სუსტი კორელაცია (r=-.24, p<.01). დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ცხრილ 3-ში.

         კვლევის მესამე ჰიპოთეზის მიხედვით, თვითეფექტურობა უარყოფითად წინასწარმეტყველებს პროფესიულ გადაწვას. წინა შემთხვევების მსგავსად, აქაც რეგრესიულ ანალიზამდე, განხორციელდა კავშირების დადგენა.

        ამ შემთხვევაში მისი ემოციურ გამოფიტვასთან კავშირი უარყოფითია (r=-.35, p<.01). ისევე როგორც დეპერსონალიზაციის შემთხვევაში (r=-.33, p<.01). ამის საპირისპიროდ თვითეფექტურობა საშუალო, ზომიერი სიძლიერით არის დაკავშირებული პირადი მიღწევების შემცირებასთან. იხილეთ ცხრილი 3.

ცხრილი 3. კორელაცია

                                 Means (SD)     1      2         3           4             5            6            7           8            9           10                                         11

  1. H ფაქტორი –           -.028    -.090    .133     -.028    -.159    .107
  2. 04 (3.388)      .112                 -.137     -.013

.026

  1. E ფაქტორი 70 (3.770)                                     .185*    -.143    -.054    -.050    -.053    .188*    -.205*   -.275**            .195*
  2. X ფაქტორი 24 (4.049)                                     .012     .096     .099     -.167*   .062     -.111    -.152         .069
  3. A ფაქტორი 32 (3.044)                                                                         -.017    .043     .101 -.184*       .034     .134         -.161
  4. C ფაქტორი 34 (3.277)                                                                                     -.022    .079     .026     -.039    .042         -.076
  5. O ფაქტორი 42 (3.269)                                                                         .120 -.169*       .278**    .392**         -.244**
  6. შფოთვა 56 (5.677)                                                                                     -.177*   .519**    .403**    -.163
8.თვითეფექტ ურობა 30.74 (6.254) -.346** -.326**             .443**
9. ემოციური გამოფიტვა 25.99

(11.808)

.666**       -.271**
10.დეპერსონა ლიზაცია 7.89 (6.187)                  -.398**
11. პირადი მიღწევების 33.44 (7.121)

შემცირება

*p < .05,  **p < 01;  ***p < .001.

 კორელაციის შედეგად გამოვლენილი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი მონაცემები, რეგრესიული ანალიზის გამოყენებით დამუშავდა(დასკვნითი სტატისტიკა). ანალიზმა აჩვენა, რომ ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია და პიროვნული მიღწევების შემცირება განსხვავებულად უკავშირდება პრედიქტორულ ცვლადებს: ემოციურობას, ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობას, შფოთვას და თვითეფექტურობას.

ემოციური გამოფიტვის მიმართება შფოთვასთან, თვითეფექტურობასთან და ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობასთან.

     კოეფიციენტების ცხრილში, რეგრესიული ანალიზის შედეგად, შევიდა მხოლოდ ის ცვლადები, რომლებიც იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი (Sig. 0.05-ზე ნაკლებია). ეს ცვლადებია: შფოთვა, თვითეფექტურობა და ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობა.

          პრედიქტორებს შორის მულტიკოლენიარობა არ აღინიშნა. სამივე პრედიქტორის VIF მაჩვენებელი ახლოსაა ერთთან. არ არის 1-ზე ნაკლები და 10-ზე მეტი.

        შემაჯამებელი მოდელის ცხრილში R კვადრატის მაჩვენებელი მიგვითითებს თუ დამოკიდებული ცვლადის ცვალებადობის რამდენ პროცენტს ხსნის ჩვენი პრედიქტორების ერთობლიობა. ამ შემთხვევაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს მესამე მოდელს, სადაც პრედიქტორების ერთობლიობა ხსნის დამოკიდებული ცვლადის ცვალებადობის დაახლოებით 37%-ს (0.368). შედეგები იხილეთ ცხრილ 4.1-ში.

ცხრილი 4.1. შემაჯამებელი მოდელი

Model R R Square Adjusted R Square Std.      Error

Estimate

of the
1 .519a .269 .264 10.132
2 .579b .336 .326 9.694
3 .607c .368 .354 9.488
  1. Predictors: შფოთვა
  2. Predictors: შფოთვა, თვითეფექტურობა
  3. Predictors: შფოთვა, თვითეფექტურობა, ღიაობა

        ემოციური გამოფიტვის შემთხვევაში, მოდელი სტატისტიკურად მნიშვნელოვანია F(3,138)= 26.798 p<0.01. სტანდარტიზებული ბეტა კოეფიციენტის მაჩვენებლის მიხედვით, ყველაზე დიდი დადებითი ეფექტი ემოციურ გამოფიტვაზე აქვს შფოთვას. ანუ რაც უფრო მაღალია შფოთვა, მით მაღალია ემოციური გამოფიტვის მაჩვენებლი (0.455).

           თვითეფექტურობას და ემოციურ გამოფიტვას შორის უარყოფითი დამოკიდებულებაა. შესაბამისად, რაც უფრო მაღალია თვითეფექტურობა, მით უფრო დაბალია ემოციური გამოფიტვის მაჩვენებლი (-0.234). ხოლო პიროვნული მახასიათებლებიდან ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობას გააჩნია მცირე დადებითი ეფექტი ემოციურ გამოფიტვასთან მიმართებით. ანუ რაც უფრო მაღალია ღიაობის მაჩვენებელი, მით მაღალია ემოციური გამოფიტვა (0.184). აღნიშნული, ყველაზე ნაკლებად ხსნის შედეგის ცვლადს. (იხ. ცხრილი 4.2)

ცხრილი 4.2 ემოციური გამოფიტვის მიმართება შფოთვასთან, თვითეფექტურობასთან და ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობასთან, რეგრესიული მოდელის მიხედვით.

Standardized

Coefficients

Beta

t Sig.
1.       (Constant)   4.377     .000
          შფოთვა .519 7.177 .000
2.       (Constant) 5.394 .000
          შფოთვა .472 6.722 .000
          თვითეფექტურობა -.2262 -3.734 .000
3.       (Constant) .775 .440
          შფოთვა .455 6.591 .000
          თვითეფექტურობა -.234 -3.367 .001
          O ფაქტორი .184 2.665 .009
  1. Dependent Variable: ემოციური_გამოფიტვა

დეპერსონალიზაციის მიმართება შფოთვასთან, ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობასთან, ემოციურობასთან და თვითეფექტურობასთან

    დეპერსონალიზაციის შემთხვევაში პრედიქტორებია: შფოთვა, ღიაობა, ემოციურობა და თვითეფექტურობა. აღნიშნული პრედიქტორები (შფოთვასთან, ღიაობასთან, ემოციურობასთან და თვითეფექტურობა) ხსნიან შედეგის ცვლადის ცვალებადობის 37%ს (0.368), შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში 5.1.  ხოლო მთლიანად მოდელის სტატისტიკური მნიშვნელოვნებაა F(4,137)=19.976 p<0.01.

ცხრილი 5.1 შემაჯამებელი მოდელი

Model R R Square Adjusted R Square Std. Error of the

Estimate

1 .403a .163 .157 5.681
2 .532b .283 .272 5.278
3 .583c .340 .325 5.082
4 .607d .368 .350 4.988
a. Predictors: შფოთვა
  1. Predictors: შფოთვა, ღიაობა
  2. Predictors: შფოთვა, ღიაობა, ემოციურობა
  3. Predictors: შფოთვა, ღიაობა, ემოციურობა, თვითეფექტურობა

ბეტა კოეფიციენტის მიხედვით, დეპერსონალიზაციის შემთხვევაში, ყველაზე მაღალი დადებითი ეფექტი აქვს შფოთვას (0.324), როგორც ეს იყო ემოციური გამოფიტვის შემთხვევაში. ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობასთანაც დადებითი დამოკიდებულებაა, ანუ რაც უფრო მაღალია ღიაობა მით მაღალია დეპრესონალიზაცია

(0,313).

რაც შეეხება          ემოციურობას,          ის        უარყოფით    დამოკიდებულებაშია დეპერსონალიზაციასთან (-0.209), ისევე როგორც თვითეფექტურობა (-0.177). ანუ რაც უფრო მაღალია ემოციურობა და თვითეფექტურობა. მით დაბალია დეპერსონალიზაციის მაჩვენებელი. იხილეთ ცხრილი 5.2.

ცხრილი 5.2 დეპერსონალიზაციის მიმართება შფოთვასთან, ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობასთან, ემოციურობასთან და თვითეფექტურობასთან, რეგრესიული მოდელის მიხედვით

                                                                                                            Standardized            T                     Sig.

Coefficients

Beta

  1. (Constant) 1.132 .259 შფოთვა .403 5.218 .000 2. (Constant)  -4.206 .000  შფოთვა .362 4.998 .000  O ფაქტორი .349 4.820 .000 3. (Constant)  -.391 .696  შფოთვა .350 5.023 .000  O ფაქტორი .338 4.848 .000  E ფაქტორი -.239 -3.454 .001
  2. (Constant)                     .538                  .591
       შფოთვა .324 4.671 .000
       O ფაქტორი .313 4.522 .000
       E ფაქტორი -.209 -3.023 .003
       თვითეფექტურობა -.177 -2.490 .014
  1.               Dependent Variable: დეპერსონალიზაცია

პირადი მიღწევების შემცირების მიმართება თვითეფექტურობასთან და ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობასთან.

რეგრესიული მოდელის მიხედვით, პროფესიული გადაწვის შემადგენელი კომპონნეტის, პირადი მიღწევების შემცირებას წინასწარმეტყველებენ ცვლადები: თვითეფექტურობა და ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობა. აღნიშნული პრედიქტორები ხსნიან შედეგის ცვლადის ცვალებადობის დაახლოებით 22%-ს (0.226). მოდელის სტატისტიკური

მნიშვნელოვანების მაჩვენებელი კი არის – F(2,139)= 20.274 p< 0.01. (იხ. ცხრილი 6.1)

ცხრილი 6.1 შემაჯამებელი მოდელი

                       Mode                       R                     R Square            Adjusted R Square            Std. Error of the Estimate

უფრო კონკრეტულად, რაც შეეხება თითოეული ცვლადის ბეტა კოეფიციენტებს. თვითეფექტურობის შემთხვევაში ის 0.472-ის ტოლია.  აღნიშნულ პრედიქტორს აქვს დადებითი ეფექტი პირადი მიღწევების რედუქციასთან მიმართებით და ყველაზე მეტად ხსნის შედეგის ცვლადს. ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობა უარყოფით დამოკიდებულებაშია შედეგის ცვლადთან. ანუ მის ზრდას, მოჰყვება პირადი მიღწევების შემცირება (-0.174). შედეგები წარმოდგენილია ცხრილ 6.2-ში.

ცხრილი 6.2. პირადი მიღწევების შემცირების მიმართება თვითეფექტურობასთან და ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობასთან, რეგრესიული მოდელის მიხედვით

Standardized Coefficients

Beta

T Sig.
1.         (Constant) 4.377 .000
            თვითეფექტურობა .519 7.177 .000
2.         (Constant) 5.394 .000
            თვითეფექტურობა .472 6.722 .000
            O ფაქტორი -.2262 -3.734 .023
  1.                      Dependent Variable: პიროვნული მიღწევების შემცირება

 

დისკუსია

 

         ადამიანები დღის უმეტეს ნაწილს სამსახურეობრივ გარემოში ატარებენ. შესაბამისად, იქ არსებული პიროვნული და სიტუაციური ფაქტორები პირდაპირ კავშირში შეიძლება იყოს პროფესიული გადაწვის განვითარებასთან. კრისტინა მასლაჩის აზრით (2001) გადაწვა უფრო მეტად არის სოციალური ფენომენი და ნაკლებად პიროვნული, თუმცა გარდა გარემო ფაქტორებისა, მნიშვნელოვანია ინდივიდუალური განსხვავევები. თავად პიროვნების პიროვნული მახასიათებლები, მისი ემოციური მდგომარეობა, გამოხატული აქვს თუ არა შფოთვა და მიუხედავად ემოციური და ფიზიკური დატვირთვისა, როგორია მისი თვითეფექტურობა. ამრიგად, მიმდინარე კვლევისას მიღებული შედეგები შემატებს დამატებით ცოდნას ფსიქოლოგიის დარგს თერაპევტთა პროფესიული გადაწვის და მისი მაპროვოცირებელი ფაქტორების შესახებ.

          ფსიქოლოგიური მომსახურეობის გაწევა მოითხოვს ემოციურ მდგრადობას, ემპათიას, ტოლერანტობას, სტაბილურობას, პასუხისმგებლობას, გამოწვევებთან შეჭიდების უნარს, საკუთარი შესაძლებლობების ნდობას და სხვა პიროვნულ თვისებებს, რომელთა კვლევა მნიშვნელოვანია სამომავლოდ პროფესიული გადაწვის გამომწვევი ფაქტორების განსაზღვრისთვის. ნაშრომში განხილულია პროფესიული გადაწვის სამივე კომპონენტი: ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია და პიროვნული მიღწევების შემცირება, თითოეულ პრედიქტორულ ცვლადთან მიმართებით.

         უფრო კონკრეტულად, ზემოთაღნიშნული კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ როგორ წინასწარმეტყველებს პიროვნული მახასიათებლები, შფოთვა და თვითეფექტურობა პროფესიულ გადაწვას, ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან დასაქმებულ თერაპევტებში. ეს ფაქტორები გადაწვასთან კავშირში ფართოდაა შესწავლილი. წინამდებარე კვლევის შედეგების მიხედვით, ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია და პიროვნული მიღწევების შემცირება უარყოფითად ზემოქმედებს პიროვნების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც შეესაბამება სხვა კვლევის შედეგებსაც (Maslach & Leiter, 2016; Shoji et al., 2015).

         შედეგების გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ ჰიპოთეზები სხვადასხვა ხარისხით დადასტურდა. პირველი ჰიპოთეზის მიხედვით, გულწრფელობა-თავმდაბლობა, ექსტრავერსია, კეთილსინდისიერება და გამოცდილებისადმი ღიაობა უარყოფითად წინასწარმეტყველებს პროფესიულ გადაწვას, ხოლო ემოციურობა და თანხმობისადმი მზაობა დადებითად წინასწარმეტყველებს მას. პირველი ჰიპოთეზა ნაწილობრივ გამართლდა. რეგრესიული ანალიზისას მიღებული შედეგებიის მიხედვით, ახალი გამოცდილებისადმი ღიაობამ და ემოციურობამ, დადებითად იწინასწარმეტყველეს პროფესიული გადაწვა. რაც მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული მახასიათებლები თერაპევტებში პროფესიული გადაწვის რისკებს უფრო მეტად ზრდიან. ეს შეიძლება განიმარტოს იმით, რომ ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პოზიტიური მახასიათებელია, ასევე შეიძლება მოიცავდეს ახალ გამოწვევებს და სტრესს (Ruofan et al., 2022), რაც ზრდის ემოციური გამოფიტვის რისკებს. რაც შეეხება ემოციურობას, ემოციურად მგრძნობიარე თერაპევტები უფრო მეტად განიცდიან სტრესს და ემოციურ გამოფიტვას, რაც შედეგად იწვევს პროფესიულ გადაწვას (Ashton and Lee,

2009).

          შედეგების მიხედვით, პროფესიულ გადაწვასა და გულწრფელობა-თავმდაბლობას, ექსტრავერსიას, კეთილსინდისიერებას და თანხმობისადმი მზაობას შორის, მნიშვნელოვანი სტატისტიკური კავშრები არ გამოვლენილა. კავშირების ნაკლებობა შესაძლოა აიხსნას თავად ამ პიროვნული მახასიათებლების შინაარსობრივი ნაწილის გათვალისწინებით. გულწრფელობა-თავმდაბლობა ასოცირდება დადებითი თანამშრომლური ურთიერთობების ქონასთან, კანონმორჩილებასთან, ეთიკურობის დაცვასა და სოციალური ჰარმონიის შენარჩუნებასთან. თერაპევტები კი, რომლებიც მუშაობენ ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან, ამ მახასიათებლის გავლენა პირად ემოციურ მდგომარეობასთან ნაკლებად შეიძლება იგრძნონ, ვიდრე სამუშაო ეთიკის ნაწილში. ამიტომ ის შეიძლება არ იყოს პირდაპირ დაკავშირებული პროფესიულ გადაწვასთან (Lee & Ashton, 2012).

             ექსტრავერსია დაკავშირებულია ენერგიულობასთან, სოციალურობასთან და პოზიტიური ემოციების არსებობასთან (Ruofan et al., 2022). თუმცა, ამ პიროვნული მახასიათებლის მქონე ადამიანები შეიძლება უფრო ადვილად გაუმკლავდნენ სტრესს სოციალურ მხარდაჭერის სისტემების მეშვეობით. ეს, კი აბათილებს იმ ეფექტს, რომელიც ექსტრავერსიას შეიძლება ჰქონდეს პროფესიულ გადაწვაზე. Bakker-ის და Demerouti-ის (2007) მიხედვითაც, ექსტრავერსიას შეიძლება არ ჰქონდეს პირდაპირი ეფექტი პროფესიულ გადაწვასთან მიმართებით, რადგან ექსტრავერტებს აქვთ მეტი რესურსი სოციალური მხარდაჭერის მიღებისთვის და ემოციური რეგულაციის გაძლიერებისთვის.

          კეთილსინდისიერებას რაც შეეხება, ის ზოგადად პოზიტიურად აისახება სამუშაოს შესრულებაზე. გადამეტებულმა პასუხისმგებლობის გრძნობამ, რომელიც ადამიანს უბიძგებს დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისკენ, შეიძლება გამოიწვიოს სტრესის მომატება. თუმცა არა პროფესიული გადაწვის განვითარება. დადებითი სტესის შემთხვევაში იზრდება სამუშაოს შესრულების ეფექტურობა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი ცალსახად იქნება დაკავშირებული შემდგომში ემოციური გამოფიტვის გამოვლენასთან (Ruofan et al., 2022).

         თანხმობისადმი მზაობა აერთიანებს ისეთ თვისებებს, როგორებიცაა: კეთილგანწყობა, მოთმინება, თანამშრომლობა. ეს მახასიათებლები გუნდური მუშაობისას შეიძლება დაეხმაროს პიროვნებას, თუმცა ვერ დაიცვას იგი პროფესიული გადაწვის

           განვითარებისაგან (Ashton and Lee, 2009). მეტიც, მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში მან  შესაძლოა გამოიწვიოს გადაჭარბებული ალტრუიზმი(სხვებისთვის უანგარო სამსახურის გაწევა, საკუთარი ინტერესების დათმობა, სხვათა ინტერესების მეტად დაცვა) ასევე, პიროვნული საზღვრების დარღვევა, რაც საბოლოოდ ზრდის ემოციური გამოფიტვის განვითარების რისკებს (Alarcon et al., 2009). თუმცა, ამ კვლევაში ეს არ გამოჩნდა, ალბათ იმიტომ, რომ ეს მახასიათებლები სხვა ფაქტორებთან ურთიერთქმედებენ, რომელთა გამოვლენა სირთულეებთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მცირე შერჩევის დროს.

          კვლევისას წარმოდგენილი მეორე ჰიპოთეზაც დადასტურდა, რაც მიუთითებს, რომ შფოთვა დადებითად წინასწარმეტყველებს პროფესიულ გადაწვას. კვლევის შედეგების მიხედვით, შფოთვა პოზიტიურად არის დაკავშირებული ემოციურ გამოფიტვასთან (r =0.455). რაც კავშირშია აქამდე განხილულ კვლევებთან, რომლებიც აჩვენებენ, რომ შფოთვა დაკავშირებულია გადაწვის პირველ კომპონენტთან – ემოციურ გადაღლასთან (Turnipseed, 1998; Kautsmani et al., 2019). ის ზრდის სტრესს და მის აღქმას პიროვნების მიერ, რაც სამომავლოდ პროფესიული გადაწვის განვითარებას შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით კი იმ პროფესიებში, სადაც სამუშაო დატვირთვა და მასში ემოციური ჩართულობა მაღალია (Hurt et al., 2013; Maslach & Leiter, 2016; Alqarni et al., 2022). შედეგად, ინდივიდს შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულებები გაუჩნდეს, როგორც კონკრეტული სამსახურის მიმართ, ისე პროფესიისადმი. გარდა კარიერული წინსვლის შეფერხებისა, ადამიანს შესაძლოა დაუქვეითდეს თვითშეფასება, თვითეფექტურობა და ზოგადი ცხოვრებით კმაყოფილება (Yilmaz, 2014; Choudhary & Ranjan, 2020).

          კვლევის შედეგები ასევე ცხადყოფს, რომ თვითეფექტურობა უარყოფითად წინასწარმეტყველებს პროფესიულ გადაწვას (r=-0.234). ამრიგად, დასტურდება კვლევის მესამე ჰიპოთეზა. რაც ნიშნავს, რომ მაღალი თვითეფექტურობა ამცირებს სტრესის დონეს და ხელს უშლის გადაწვის განვითარებას. ამასთან, რაც უფრო მაღალია თერაპევტის თვითეფექტურობა, მით უფრო ნაკლებად განიცდის ადამიანი ემოციურ გამოფიტვას (Bandura, 1994; Schaufeli & Bakker, 2004 ციტირებულია წყაროში Shoji et al., 2015). ლიტერატურის მიმოხილვის ნაწილში განხილულ კვლევასთან კავშირი ცხადია. შედეგების მიხედვით, პროფესიული გადაწვა და თვითეფექტურობა დაკავშირებულია ერთმანეთთან გადაწვის თითოეული კომპონენტისთვის (Shoji et al., 2015). შედეგების მიხედვით, დაბალი თვოთეფექტურობის მქონე თერაპევტებს უვლინდებათ ემოციური გადატვირთვა და დეპერსონალიზაცია (Schaufeli & Bakker, 2004 ციტირებულია წყაროში Shoji et al., 2015)., ხოლო შოჯის და სხვების (2004) კვლევის შედეგების მსგავსად, ჩვენს კვლევაშიც იკვეთება პიროვნული მიღწევების შემცირებასა და თვითეფექტურობას შორის ძლიერი კავშირი.

         კვლევის შედეგები ემთხვევა ბანდურას (1994) მიერ წარმოდგენილ თვითეფექტურობის თეორიას. რომლის მიხედვით, თვითეფექტურობის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანები სტრესს ნაკლებად განიცდიან, აქვთ დაღლილობასთან გამკლავების ძლიერი უნარი. ეფექტურობის ძლიერი განცდა ადამიანის მიღწევებს და პირადი კეთილდღეობის გაძლიერებას უწყობს ხელს. რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენს კვლევაში განხილულ შედეგებთან. ადამიანებს, რომელთაც აქვთ ძლიერი თვითეფექტურობა, აქვთ უფრო სიღრმისეული ინტერესი, ერთგულება საქმიანობისადმი (Choudhary & Rajan, 2020). შესაბამისად, თვითეფექტურობა ასრულებს დამცავი ფაქტორის როლს, პროფესიულ გადაწვასთან მიმართებით. რადგან ის ინდივიდები, რომლებიც არიან ჩართულები და დაინტერესებულები საკუთარ პროფესიულ საქმინობაში, ეფექტურად ასრულებენ სამუშაოს, ნაკლებად განუვითარდებათ პროფესიული გადაწვა და განიცდიან მაღალ თვითეფექტურობას (Alarcon et al., 2009).

კვლევის შეზღუდვები

        იქიდან გამომდინარე, რომ კვლევა 142 თერაპევტთან ჩატარდა, ეს რაოდენობა არ არის საკმარისი შედეგების განზოგადებისთვის. მცირე შერჩევა ცდომილების რისკებს უფრო მეტად ზრდის და ვერ ასახავს თერაპევტთა პოპულაციის მახასიათებლებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს: ქცევის, მეტყველების, ოკუპაციურმა და დენვერის თერაპევტებმა და ადრეული განვითარების სპეციალისტებმა. შედეგების სიზუსტისთვის კი, მნიშვნელოვანია ზემოთაღნიშნულებთან ერთად, სხვა მიმართულების თერაპევტების მონაწილეობა და მათი თანაბარი რაოდენობით კვლევა.

       მიმდინარე კვლევის დამატებითი შეზღუდვა რესპოდენტების სუბიექტურობასთან შეიძლება იყოს კავშირში. ის თერაპევტები, რომლებიც უფრო მეტად განიცდიან გადაწვას, შეიძლება იყვნენ უფრო მოტივირებული მონაწილეობისთვის, რაც შედეგების მიკერძოებას იწვევს და სცდება ობიექტურობის ფარგლებს.

        კიდევ ერთი შეზღუდვა კულტურული ფაქტორია. რადგან კვლევა საქართველოს მასშტაბით განხორციელდა, ის ვერ გენერალიზდება სხვა გეოგრაფიულ და კულტურულ კონტექსტში დასაქმებულ თერაპევტებზე. ამასთან კულტურულ განსხვავებებს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს პროფესიული გადაწვის განვითარებაზე და მის პრევენციაზე, რაც ამ კვლევაში არ არის განხილული.

         კვლევა ონლაინ ფორმატში ჩატარდა, რაც აჩენს დამატებით შეზღუდვებს. პირველი, ინტერნეტის ხელმისაწვდომობას უკავშირდება, რაც ზოგიერთ თერაპევტს ზღუდავს მასში მონაწილეობაში. ამასთან, ონლაინ კვლევისას მონაწილეთა ყურადღების კონცენტრირება ბევრად რთულია, რაც აისახება პასუხების სიზუსტეზე და მონაცემთა ხარისხზე.  კვლევის ონლაინ ჩატარება ასევე ზრდის სუბიექტურობას. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ანონიმურია, შესაძლოა მონაწილეები სოციალური სასურველობის გამო მაინც აფიქსირებდნენ საპირისპირო პასუხებს ან შესაძლოა იყვნენ ნაკლებად მოტივირებულები პასუხების შესაბამისად დაფიქსირებისთვის.

         კვლევაში არ არის გათვალისწინებული ისეთი გარემო ფაქტორები, როგორებიცაა: თერაპიის ტიპი, სამუშაო გამოცდილება, სამუშაოს სირთულე, ბენეფიციარების სიმძიმე, საათობრივი დატვირთვა, სუპერვიზორის მხარდაჭერა, თანამშრობლებთან და მშობლებთან ურთიერთობა, ანაზღაურება, ზოგადი კმაყოფილება სამსახურით და სხვა. რომლებიც შეიძლება ზემოქმედებდნენ პროფესიული გადაწვის განვითარებაზე.

სამომავლო მიმართულებები

       სამომავლო კვლევების დაგეგმვა/განხორციელებისას მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული მიმდინარე კვლევის შეზღუდვები. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი კვლევები მიმართული იყოს უფრო ფართო პოპულაციაზე. სადაც ადრეული განვითარების სპეციალისტების, მეტყველების, ქცევის, ოკუპაციურ და დენვერის თერაპევტებთან ერთად იქნებიან სხვა მიმართულების თერაპევტებიც. საურველია, რომ ისინი თანაბარი რაოდენობით მონაწილეობდნენ კვლევაში, რათა შემდგომ დამუშავებისას ღირებული იყოს ჯგუფების შედარება და მათი სტატისტიკური მნიშვნელოვნების გაზრდა.

        გარდა ინდივიდუალური მახასიათებლებისა, რომელსაც ეს კვლევა მოიცავს, სიტუაციური ფაქტორების გამოკვლევაც მნიშვნელოვანია. შეძლებისდაგვარად უნდა გაკონტროლდეს ის გარეშე ცვლადები, რომლებიც ზრდის პროფესიული გადაწვის განვითარების რისკებს. შესაძლოა ისეთი კვლევების ჩატარება, რომლებიც მიმართული იქნება ორგანიზაციული პოლიტიკის და კულტურის შესწავლისკენ, პროფესიულ გადაწვასთან მიმართებით.

           იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე კვლევის მონაცემები დროის მცირე პერიოდში არის შეგროვებული. უმჯობესი იქნებოდა ლონგიტუდური კვლევის დიზაინის გამოყენება,  რომელიც უფრო ღრმა და კომპლექსურ ცოდნას მოგვცემს პროფესიული გადაწვის განვითარების და მისი მაპროვოცირებელი ფაქტორების შესახებ. დაგვეხმარება განვსაზღვროთ თუ როგორ იცვლება ინდივიდუალური მონაწილეების მდგომარეობა და გამოცდილება დროთა განმავლობაში, დროის გარკვეულ პერიოდში. ეს კი მნიშვნელოვანია სუბიექტებში განსახილველ ცვლილებათა დინამიკის უკეთ შესასწავლად. იმის თუ როგორ განსხვავდებიან ადამიანები პროფესიული გადაწვის განვითარების პროცესში. ამ გზით შესაძელებელი იქნება უფრო სანდო და გენერალიზებადი შედეგების მიღწევა.

          სამომავლოდ, უნდა განხორციელდეს კვლევები, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა გეოგრაფიულ და კულტურულ კონტექსტებს, რათა შეფასდეს პროფესიული გადაწვის უნივერსალური და უნიკალური მახასიათებლები.

        მნიშვნელოვანია ორგანიზაციებში მოხდეს პროფესიული გადაწვის კვლევა. უნდა დადგინდეს გადაწვის რომელი განზომილება ჭარბობს მათ დასაქმებულებში და განისაზღვროს შესაბამისი ინტერვენციის გზები. შემდეგი კვლევები შესაძლოა მიმართული იყოს თვითეფექტურობის, როგორც დამცავი ფაქტორის კვლევაზე პროფესიულ გადაწვასთან მიმართებით. ასევე საინტერესო იქნებოდა დაძლევის სტრატეგიების კვლევა.  ინტერვენციების თვალსაზრისით ეფექტური და ნაკლებ ეფექტური სტრატეგიების განხილვა. მაგალითად, კონკრეტულ პიროვნულ მახასიათებელთან რომელი ინტერვენცია იქნება ყველაზე ეფექტური, ან პირიქით. უკვე არსებული პროფესიული გადაწვის შემთხვევაშიც, ეფექტური დაძლევის სტრატეგიები უზრუნველყოფს სამუშაო კმაყოფილების ზრდას და პროფესიული გადაწვის განვითარების რისკების შემცირებას.

 

დასკვნა

       კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ნეიროგანვითარების შეფერხების მქონე ბავშვებთან დასაქმებულ თერაპევტებში პროფესიული გადაწვის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ პიროვნული მახასიათებლები, შფოთვა და თვითეფექტურობა. დადასტურდა, რომ ემოციური გამოფიტვა, დეპერსონალიზაცია და პიროვნული მიღწევების შემცირება უარყოფითად მოქმედებს თერაპევტების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ახალი გამოცდილებისადმი ღიაობამ და ემოციურობამ დადებითად იწინასწარმეტყველეს პროფესიული გადაწვა. გულწრფელობა-თავმდაბლობას, ექსტრავერსიას, თანხხმობისადმი მზაობას და კეთილსინდისიერებასთან, რეგრესიული მოდელის მიხედვით, მნიშვნელოვანი სტატისტიკური კავშირები არ გამოვლენილა.

          რაც შეეხება შფოთვას, ის დადებითად წინასწარმეტყველებს პროფესიულ გადაწვას და ემოციურ გამოფიტვას, რაც ნიშნავს, რომ შფოთვის მაღალი დონე ზრდის გადაწვის განვითარების რისკებს. ხოლო თვითეფექტურობამ უარყოფითად იწინასწარმეტყველა პროფესიული გადაწვა. რაც მიუთითებს, რომ მაღალი თვითეფექტურობა ამცირებს სტრესის დონეს და ხელს უშლის გადაწვის განვითარებას.

          კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, პროფესიული გადაწვის შესწავლა არის მნიშვნელოვანი, თერაპევტთა ემოციური და ფსიქიკური გადატვირთვის პრევენციისთვის. ამ კვლევის შედეგები მატებს დამატებით ცოდნას ფსიქოლოგიის დარგს პროფესიული გადაწვის ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ. ხოლო სამომავლო კვლევები განავითარებს მისი პრევენციის სტრატეგიებს, რაც გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას. კერძოდ, ცვლილებებს ორგანიზაციულ სტრუქტურაში, პიროვნული მახასიათებლების შეფასებას და მათ გაუმჯობესებაზე მუშაობის ხელშეწყობას, თერაპევტებისთვის სტრესის მართვის ტექნიკების სწავლებას. ასევე ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სისტემების ჩამოყალიბებას და თვითეფექტურობის ამაღლებაზე ზრუნვას, რათა შედეგად შემცირდეს ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია პროფესიული გადაწვის განვითარებასთან.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

ბიწაძე, მ. (2013). მასწავლებელთა პროფესიული გადაწვის ზოგიერთი პიროვნული და სოციალური ასპექტი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თბილისი: სიციალურ მეცნიერებათა ცენტრი, თსუ-ს გამომცემლობა, 16. შეყრილაძე, ი. (2024) კულტურის ცვლილების როლი ქართველ ემიგრანტებში, კვლევის ანგარიში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Agyapong, B., Obuobi-Ddonkor, G., Burback, L., & Wei, Y. (2022). Stress, Burnout, Anxiety and Depression among Teachers: A Scoping Review. International Journal of Environmental Research and Public Health, Department of Psychiatry.

Ahmed, I., Banu, H., Al-Fageer, R., & Al-Suwaidi R. (2009). Cognitive emotions: Depression and  anxiety in medical students and staff. Journal of Critical Care, e1–e18.

Alarcon, G., Eschleman, K. J., & Bowling, N. A. (2009). Relationships between personality variables  and burnout: A meta-analysis. Work & Stress, An International Journal of Work, Health & Organisations, 23(3), 244–263.

Alqarni, T., Alghamdi, A., Alzahrani, A., Abumelha, K., Alqurashi, Z., & Alsaleh, A. (2022). Prevalence of stress, burnout, and job satisfaction among mental healthcare professionals in Jeddah, Saudi Arabia. PLOS ONE 17(4): e0267578.

American Psychological Association (2020). Personality. Washington, DC: American Psychological Association.

APA. (2022). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th edition).

Ashton, M., & Lee, K. (2009). The HEXACO-60: A Short Measure of the Major Dimensions of Personality. Journal of Personality Assessment, 91(4), 340–345.

Bakker, A. B., & Costa, P. L. (2014). Chronic job burnout and daily functioning: A theoretical analysis. Burnout Research, 1(3), 112-119.

Bakker, A. B., & Demerouti, E. (2007). The Job Demands-Resources model: State of the art. Journal of Managerial Psychology, 22(3), 309-328.

Bandura, A. (1994). Self-efficacy. In V. S. Ramachaudran (Ed.), Encyclopedia of human behavior. New York: Academic Press.

Boies, K., Yoo, T.-Y., Ebacher, A., Lee, K., & Ashton, M. C. (2004). Validity Studies Psychometric Properties of Scores on the French and Korean Versions of the Hexaco Personality Inventory. Educational and Psychological Measurement, 64(6), 992–1006.

Burri, S. D., Smyrk, K. M., Melegy, M. S., Kessler M. M., Hussein, N. I., Tuttle B. D., & Clewley, D. J. (2022). Risk factors associated with physical therapist burnout: a systematic review. Physiotherapy.

Camps J., Stouten J., Euwema M. (2016). The relation between supervisors’ big five personality traits and employees’ experiences of abusive supervision.

Carmin, C., & L. Ownby, R. (2010). Assessment of Anxiety in Older Adults. Handbook of Assessment in Clinical Gerontology, 45–60.

Choudhary, M., & Ranjan, S. K. (2020). Work stress and burnout: eustress a tool to deal.

International Journal of Management (IJM).

Gillis, J. M., & Beights, R. (2012). New and Familiar Roles for Clinical Psychologists in the Effective Treatment for Children With an Autism Spectrum Disorder. Cognitive and Behavioral Practice, 19(3), 392–400.

Hurt, A., Grist, C.L., Malesky, L.A., McCord, D.M. (2013). Personality traits associated with occupational burnout in ABA therapists. Journal of Applied Research in Intellectual Disabilities, 26, 257-349

Javakhishvili, N., Schwartz, S. J., & Skirtladze, N. (2021). Validation of Georgian Versions of Brief Depression and Anxiety Questionnaires. Georgian Psychological Journal, 3, 9-24.

Kader, N., Elhusein, B., Elhassan M. N., Alabdulla, M., Hammoudeh, S., & Hussein N. (2021). Burnout and job satisfaction among psychiatrists in the Mental Health Service, Hamad Medical Corporation, Qatar. Asian Journal of Psychiatry, 58.

Kautsmani, P., Montgomery, A., & Georganta, K. (2019). The Relationship Between Burnout, Depression, and Anxiety: A Systematic Review and Meta-Analysis. The national library of medicine.

Lee, K., & Ashton, M. C. (2012). Getting mad and getting even: Agreeableness and HonestyHumility as predictors of revenge intentions. Personality and Individual Differences, 52(5), 596–600.

Lubbadeh, T. (2020). Job Burnout: A General Literature Review. International Review of Management and Marketing.

Martskvishvili, Kh., Mestvirishvili, M., Gholijashvili, N., Oniani, T., & Neubauer, A. (2022). Measuring the six-factor model dimensions: Psychometric properties of the Georgian version of the HECAXO-PI-R. Psychological Studies.

Maslach, C., & Leiter, M. P. (2016). Understanding the burnout experience: Recent research and its implications for psychiatry. World Psychiatry, 15(2), 103-111.

Maslach, C., Schaufeli, W. B., & Leiter, M. P. (2001). Job burnout. Annual Review of Psychology, 52, 397–422.

Posar, A., & Visconti, P. (2023). Autism Spectrum Disorder in 2023: A Challenge Still Open. Turkish Archives of Pediatrics, 58(6): 566–571.

Ruiz-Aranda, D., Silva-García, B., & Fenollar J. (2024). Therapist self-compassion and compassion fatigue: the mediating role of resilience. Universidad Loyola Andalucía.

Ruofan, J., Bahoo, R., Cai, Z., & Jahan, M. (2022). The Hexaco Personality Traits of Higher Achievers at the University Level.

Schwarzer, R., & Jerusalem, M. (1995). Generalized Self-Efficacy scale. In J. Weinman, S. Wright, & M. Johnston, Measures in health psychology: A user’s portfolio. Causal and control beliefs (pp. 35-37). Windsor, UK: NFER-NELSON.

Ścigała, K. A., Ruhara N., Nitschke J., & Pfattheicher, S. (2022). Honesty-humility and criminal behavior among imprisoned criminal offenders. Journal of Research in Personality.

Shoji, K., Cieslak, R., Smoktunowicz, E., Rogala, A., Benight, C., & Luszczynska, A. (2015). Associations between job burnout and self-efficacy: a meta-analysis. Anxiety, Stress, & Coping. New York University.

Spitzer, R. L., Kroenke, K, Williams, J. B. W., & Löwe, B. (2006). A brief measure for assessing generalized anxiety disorder: The GAD-7. Archives of International Medicine, 166(10), 1092–1097.

Turnipseed, D. L. (1998). Anxiety and burnout in the health care work environment. Psychological Reports, 82(2), 627–642.

Yilmaz, Kursad (2014). The Relationship between the Teachers’ Personality Characteristics and Burnout Levels. The Anthropologist, 18(3), 783–792.

 

 

დანართები

 

დანართი 1. ჰექსაკოს პიროვნული მახასიათებლების კითხვარი

მოკლე ვერსია (Kibeom Lee, Ph.D., & Michael C. Ashton, Ph.D.) ქართული ვერსია: ხ.

მარწყვიშვილი, ნ. ღოლიჯაშვილი.

ინსტრუქცია: ქვემოთ მოცემულია დებულებები, რომლებიც აღწერენ თქვენს პიროვნებას. გთხოვთ წაიკითხოთ თითოეული მათგანი და გადაწყვიტოთ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მათ. ამის შემდეგ, გთხოვთ მიუთითოთ თქვენი პასუხი დებულებების გვერდით არსებულ სივრცეში შემდეგი სკალის გამოყენებით: 5 = სავსებით ვეთანხმები, 4 = ვეთანხმები, 3 = ნეიტრალური (არც ვეთანხმები, არც არ ვეთანხმები), 2 = არ ვეთანხმები, 1 = სავსებით არ ვეთანხმები.

გთხოვთ უპასუხოთ ყველა დებულებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლომდე არ ხართ დარწმუნებული თქვენს მოსაზრებაში.

1. ჩემთვის მოსაწყენი იქნებოდა ხელოვნების გალერეაში ვიზიტი.
2. იშვითად ვრჩები ნაწყენი იმ ადამიანებზეც კი, ვინც ძალიან ცუდად მომექცა.
3. საკმარისი მიზეზი მაქვს იმისათვის, რომ საერთო ჯამში, საკუთარი თავით კმაყოფილი ვიყო.
4. შემეშინდებოდა, თუ მგზავრობა მომიწევდა ცუდ ამინდში.
5. მაინტერესებს სხვა ქვეყნების ისტორიისა და პოლიტიკის შესწავლა.
6. ზოგჯერ მეუბნებიან, რომ სხვების მიმართ ზედმეტად კრიტიკული ვარ.
7. ჯგუფური შეხვედრების დროს ჩემს აზრს იშიათად გამოვხატავ.
8. ზოგჯერ თავს ვერაფერს ვუხერხებ და წვრილმან საკითხებზე ვღელავ.
9. თუ მეცოდინება, რომ არ დამიჭერენ, მილიონი დოლარის მოპარვის სურვილი მექნებოდა.

 

10. ზოგჯერ მეუბნებიან, რომ ზედმეტად ჯიუტი ვარ.
11. როცა რამეს ძალიან განვიცდი, მჭირდება ვინმე, ვინც თავს უკეთ მაგრძნობინებს.
12. ჩემთვის ბევრი ფულის ქონა არ არის ძალიან მნიშვნელოვანი.
13. ვფიქრობ, რომ რადიკალურ იდეებზე ყურადღების გამახვილება დროის ფუჭად ფლანგვაა.
14. გადაწყვეტილებებს სიტუაციის ზეგავლენით უფრო ვიღებ, ვიდრე ფიქრისა და განსჯის საფუძველზე.
15. სხვები თვლიან, რომ მე ადვილად ვბრაზდები.
16. როდესაც ვხედავ ვინმეს, ვინც ტირის, მეც მეტირება.
17. წინასწარ ვგეგმავ ყველაფერს და ვაწესრიგებ ნივთებს, რომ თავიდან ავირიდო გართულებები ბოლო წუთებში.
18. ჩემი დამოკიდებულება მათ მიმართ, ვინც ცუდად მომექცა ასეთია – „აპატიე და დაივიწყე“.
19. არ მივმართავ პირფერობას სამსახურში დაწინაურების მიზნით, რომც ვიცოდე, რომ ეს გაამართლებს.
20. ყველაფერს ვაკეთებ, რომ მიზანს მივაღწიო.
21. სოციალურ სიტუაციებში, ჩვეულებრივ მე ვარ პირველი, ვინც მოქმედებას იწყებს.
22. სხვა ადამიანებთან შედარებით ბევრად ნაკლებად ვღელავ.
23. მომწონს ისეთი შემოქმედებითი საქმიანობები, როგორიცაა წერა ან ხატვა.
24. მუშაობის დროს, ყურადღებას არ ვაქცევ პატარა, წვრილმან დეტალებს.

 

25. ჩვეულებრივ, შემიძლია დათმობაზე წავიდე მაშინ, როდესაც სხვები არ მეთანხმებიან.
26. შემიძლია      გავუმკლავდე           რთულ           სიტუაციებს სხვების             ემოციური მხარდაჭერის გარეშე.
27. მომწონს ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული, არასტანდარტული შეხედულებები აქვთ.
28. ბევრ შეცდომას ვუშვებ, რადგან ვმოქმედებ დაუფიქრებლად.
29. უმეტესწილად, ოპტიმისტი და მხიარული ვარ.
30. კლასიკური მუსიკის კონცერტს დავესწრებოდი, ამის შესაძლებლობა რომ მომეცეს.
31. ვგრძნობ, რომ არ ვარ პოპულარული.
32. ვღელავ, როდესაც საქმე ფიზიკურ საფრთხეს ეხება.
33. თუ ვინმესგან რაიმეს მიღება მსურს, გავიცინებ მის ყველაზე ცუდ ხუმრობებზეც კი.
34. სხვების განსჯისას ლმობიერი ვარ.
35. ჯგუფში ყოფნის დროს, ხშირად მე ვარ ის, ვინც ჯგუფის სახელით საუბრობს.
36. დიდი თანხის შემთხვევაშიც კი, არასოდეს ავიღებდი ქრთამს.
37. ხშირად მეუბნებიან, რომ კარგი წარმოსახვის უნარი მაქვს.
38. ყოველთვის ვცდილობ სამუშაოს ზედმიწევნით შესრულებას, მაშინაც კი, როცა ეს ზედმეტ დროს მოითხოვს.
39. როდესაც მეუბნებიან, რომ ვცდები, ჩემი პირველი რეაქცია შეკამათებაა.
40. ვამჯობინებ ისეთ სამსახურს, რომელიც მოითხოვს აქტიურ სოციალურ ურთიერთობებს, ვიდრე ისეთს, სადაც მარტო მუშაობაა საჭირო.

 

41. ადამიანების უმრავლესობა ჩემზე უფრო სწრაფად ბრაზდება.
42. ვითრგუნები, როცა ჩემთვის საყვარელი ადამიანი დიდიხნით მიემგზავრება.
43. ვფიქრობ, მე უფრო მეტ პატივისცემას ვიმსახურებ, ვიდრე სხვა ადამიანები.
44. ხანდახან, ჩემი მოუწესრიგებლობა მუშაობის დროს პრობლემებს მიქმნის.
45. ზოგჯერ თავს უვარგის პიროვნებად ვგრძნობ.
46. საგანგებო და საშიშ სიტუაციაშიც კი არ მექმნება პანიკისა და შიშის განცდა.
47. არ        ვითვალთმაქცებდი,           თითქოს         ვინმე მომწონს         მისგან             სარგებლის გამორჩენის მიზნით.
48. არასოდეს მომწონდა ენციკლოპედიაში ქექვა.
49. დიდ ძალისხმევას არ ვხარჯავ და მხოლოდ აუცილებელ, მინიმალურ სამუშაოს ვასრულებ.
50. იშვიათად ვაკრიტიკებ ადამიანებს მაშინაც კი, როდესაც ისინი ბევრ შეცდომას უშვებენ.
51. გამოვიყენებდი ყალბ ფულს თუ მეცოდინებოდა, რომ არავინ დამიჭერს.
52. თავს არ მივიჩნევ შემოქმედებით ადამიანად.
53. ხშირად მიწოდებენ პერფექციონისტს (შესრულების მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებულ ადამიანს).
54. ახალ ადგილას მოხვედრისას ჩემი პირველი მოქმედება ადამიანებთან დამეგობრებაა.
55. ჩემთვის მნიშვნელოვანია ძვირადღირებული, მდიდრული ნივთების ფლობა.
56. ფილოსოფიურ, აბსტრაქტულ საკითხებზე საუბარი მოსაწყენად მეჩვენება.
57. გეგმის მიყოლას ვამჯობინებ გავაკეთო ის, რაც თავში მომივა აზრად.
58. ადამიანების უმრავლესობა ჩემზე მეტად მხიარული და სიცოცხლით სავსეა.
59. ისეთ სიტუაციებშიც კი უემოციო ვარ, სადაც ადამიანების უმრავლესობა სენტიმენტალურია.
60. მინდა ხალხმა იცოდეს, როგორი მნიშვნელოვანი პიროვნება ვარ

 

 

დანართი 2. გენერალიზებული/ზოგადი შფოთვითი აშლილობის კითხვარი

(Spitzer, Kroenke, Williams & Löwe, 2006) ქართული ვერსია (Javakhishvili, Schwartz & Skirtladze, 2021).

ინსტრუქცია: აღნიშნეთ პასუხები იმის მიხედვით, თუ რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით თითოეულ დებულებას. პასუხები შეარჩიეთ იმის მიხედვით, თუ როგორ გრძნობდით თავს ბოლო ორი კვირის განმავლობაში. 1- საერთოდ არა, 2 – რამდენიმე დღე, 3- კვირის დღეების ნახევარზე მეტად, 4- თითქმის ყოველ დღე.

1. ვნერვიულობდი, შფოთვის ზღვარზე ვიყავი
2. ვერ ვწყვეტდი ნერვიულობას
3. ზედმეტად ვნერვიულობდი სხვადასხვა რამეზე
4. ვერ ვახერხებდი მოდუნებას
5. იმდენად მოუსვენრად ვგრძნობდი თავს, რომ წყნარად ვერ ვჩერდებოდი
6. ადვილად ვღიზიანდებოდი
7. მეშინოდა, რომ რაღაც საშინელი მოხდებოდა

 

 

 

დანართი 3. თვითეფუქტურობის სკალა

შემუშავებული შვარცერ რალფისა და მათიას ერუსალემის მიერ. ქართული ვერსიის ავტორია: შეყრილაძე, ი. (2024)

ინსტრუქცია: ქვემოთ მოცემულია 10 დებულება, რომელიც გამოიყენება თვითეფექტურობის გასაზომად. ყურადღებით წაიკითხეთ თითოეული მათგანი და მონიშნეთ ის პასუხი, რომელიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ თქვენ. 1= არ არის სიმართლე, 2= შესაძლოა სიმართლეა, 3= ნაწილობრივ სიმართლეა, 4= სრული სიმართლეა.

1. თუ სათანადოდ შევეცდები, მაშინ რთული პრობლემის ამოხსნასაც მოვახერხებ.
2. ჩემი მიზნის მიღწევას მაინც ვახერხებ – მაშინაც კი, როცა რაიმე ხელს მიშლის.
3. ჩემს მიზნებს საკმაოდ მარტივად ვაღწევ.
4. მოულოდნელ სიტუაციაში ყოველთვის ვიცი, თუ როგორ უნდა მოვიქცე.
5. მჯერა, რომ შემიძლია მოულოდნელად წამროქმნილ სირთულესთან გამკლავება
6. თუ            ძალისხმევას             არ        დავიშურებ, პრობლემების       უმრავლესობას გავუმკლავდები.
7. ნებისმიერი სირთულისთვის მზად ვარ, რადგან დარწმუნებული ვარ საკუთარ შესაძლებლობებში.
8. რაიმე პრობლემის წინაშე რომ ვდგები, ვპოულობ, ჩვეულებრივ, მისი გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტს.
      9. შემიძლია რაიმეს მოფიქრება ერთი შეხედვით გამოუვალ სიტუაციაშიც კი.
10. შემიძლია, ჩვეულებრივ, სიტუაციის კონტროლი.

 

დანართი 4. კრისტინა მასლაჩის პროფესიული გადაწვის კითხვარი

ქართული ვერსია (ბიწაძე, 2013) ინსტრუქცია: ქვემოთ წარმოდგენილი 22 გამონათქვამი ეხება სამსახურთან დაკავშირებულ გრძნობებსა თუ განცდებს. გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხით თითოეული და შეაფასოთ, გეუფლებათ თუ არა მსგავსი რამ თქვენ. თუ მსგავსი განცდა არასოდეს გქონიათ, მონიშნეთ პასუხი 0 – არასოდეს. თუ მსგავსი განცდა გქო¬-ნიათ, მიუთითეთ, რამდენად ხშირად. ამისათვის გამოიყენეთ შემდეგი აღნიშვნა: 1 =ძალიან იშვიათად, 2 = იშვიათად, 3 = ზოგჯერ, 4 = ხშირად, 5 =ძალიან ხშირად, 6 = ყოველდღიურად.

ნუ იფიქრებთ დიდხანს – მნიშვნელოვანია პირ¬ველი რეაქცია. გახსოვდეთ, რომ აქ სწორი ან არასწორი პასუხი არ არის.

1. ვგრძნობ, რომ ჩემი სამუშაოს გამო ემოციურად გამოფიტული ვარ.
2. სამუშაო დღის ბოლოს ძალაგამოცლილი ვარ.
3. დილით დაღლილი ვიღვიძებ და სამსახურში წასვლა არ მინდა.
4. კარგად მესმის, თუ რას გრძნობენ ჩემი კოლეგები თუ ავადმყოფები და ვცდილობ ამის გათვალისწინებას საქმის სასიკეთოდ.
5. ვგრძნობ, რომ ზოგიერთ ადამიანს, იქნება ეს ჩემი კოლეგა თუ ავადმყოფი, ისე ვექცევი, როგორც უსულო საგანს (სითბოსა და კეთილგანწყობის გარეშე).
6. მთელი დღის განმავლობაში ადამიანებთან მუშაობა (ურთიერთობა) ჩემთვის დამთრგუნველია.
7. კოლეგაბთან თუ ავადმყოფებთან ურთიერთობისას წარმოქმნილი კონფლიქტების მოგვარება არ მიჭირს.
8. ვგრძნობ, რომ დათრგუნული და აპათიური გავხდი.
9. ვფიქრობთ, რომ შემიძლია ადამიანების დახმარება.
10. ვგრძნობ, რომ ბოლო დროს ადამიანების მიმართ უფრო უგრძნობი გავხდი.
11. მგონია, რომ ჩემი საქმიანობის გამო ემოციურად გულგრილი ვხდები.
12. არაერთი        სამომავლო   გეგმა მაქვს   და       მჯერა,            რომ     შევძლებ             მათ განხორციელებას.
13. ჩემი საქმიანობით იმედგაცრუებული ვარ.
14. ვფიქრობთ, რომ სამსახურში ზედმეტად დატვირთული ვარ.
15. ზოგიერთი ჩემი კოლეგის თუ ავადმყოფის ბედი ზოგჯერ დიდად არ მაწუხებს.
16. სურვილი მაქვს განვმარტოვდე და დავისვენო ყველასა და ყველაფრისაგან.
17. ადვილად ვახერხებ კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას ჩემი კოლეგებისა თუ ავადმყოფებისათვის.
18. მუშაობა მსიამოვნებს.
19. ჩემი მუშაობის წყალობით ბევრი ღირებული საქმის გაკეთება შევძელი.
20. ვგრძნობ, რომ ინტერესი დავკარგი და გულგრილი გავხდი იმის მიმართ, რაც ადრე მახარებდა.
21. სამსახურში ემოციურ პრობლემებთან გამკლავება არ მიჭირს.
22. ბოლო დროს მგონია, რომ ჩემი კოლეგები ცდილობენ, საკუთარი პრობლემები თუ მოვალეობები მე დამაკისრონ.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *