ნორვეგიის, როგორც არაწევრი სახელმწიფოს როლი ევროკავშირში

სკანდინავია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად ინტეგრირებული და წარმატებული რეგიონია. სკანდინავიის რეგიონის ხსენებისას ყოველთვის მაღალი სტანდარტები , წარმატებული ეკონომიკური გარემო , თანასწორობა , თავისუფლება, ეფექტური სოციალური სტრუქტურები და ცხოვრების მაღალი დონე გვახსენდება. ნორვეგია სკანდინავიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო , გამორჩეული და წარმატებული ქვეყანაა – ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური თვალსაზრისით. ნორვეგია ჩრდილოეთ ევროპაში , სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონს შეადგენს . რთული კლიმატური პირობების გამო ნორვეგიაში ძირითადად დასახლებულია სამხრეთის სანაპირო ზოლი, რომელიც დაახლოებით 20 000 კმ-ს შეადგენს. (Cia, 2020) ნორვეგიას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და სტაბილური მთლიანი შიდა პროდუქტი გააჩნია , ქვეყანა ცნობილია ბრწყინვალე ჯანდაცვის სისტემით (ყველა მოქალაქეს ეძლევა უფასო საყოველთაო დაზღვევა) , ქვეყანაში ძალიან დაბალია და თითქმის არ არსებობს უმუშევრობის , დანაშაულისა და კორუფციის დონე.
ქვეყანა ასევე ცნობილია ხარისხიანი განათლების სისტემით , სადაც უმაღლესი სასწავლებლები უფასოა ყველა მოქალაქისათვის , დაწყებითი სკოლები კი გამოირჩევა თანამედროვე , ხარისხიანი სწავლებით, რომელიც მორგებული და ადაპტირებულია ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ადამიანისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგია მდიდარია ენერგო რესურსებით , ქვეყნის თითქმის 100% განახლებად ენერგიას მოიხმარს , გარდა გარკვეული დისტანციური დასახლებებისა, სადაც ბუნებრივი გაზის ენერგია ერთადერთი არჩევანია. ბუნებრივ აირს ნორვეგია ძირითადად იყენებს ექსპორტისათვის . (Cia, 2020)
სწორედ ამგვარი მაჩვენებლებისა და სტანდარტების გათვალისწინებით , არაა გასაკვირი, რომ ნორვეგია ბედნიერების ინდექსით ევროპაში მესამე სახელმწიფოა ფინეთისა და დანიის შემდგომ. სოციალური პროგრესის ინდექსში კი მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით პირველი ადგილი უკავია. (Index, Executive Summary, 2018) ნორვეგია არ თმობს მოწინავე პოზიციებს და მუდმივად ინარჩუნებს სტაბილურობას განათლების, ჯანდაცვისა და ბიზნესის სექტორში. ქვეყანა მუდმივად ორიენტირებულია განათლებასა და ინოვაციაზე, რაც, საბოლოოდ, განაპირობებს ნორვეგიის მოქალაქეების მაღალი ცხოვრების დონეს. ნორვეგიის ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობა უკავშირდება 1990-იან წლებს. ამ წლებში ნორვეგიის სანაპიროზე აღმოაჩინეს ნავთობი. სწორედ ამ პერიოდიდან სახელმწიფომ საკმაოდ ჭკვიანური და სწრაფი ნაბიჯები გადადგა ეკონომიკური კეთილდღეობის გასაძლიერებლად . (EEAS, 2016) ფაქტია, ნორვეგიამ ფინანსურ სტაბილურობას დამოუკიდებლად , ყველანაირი დახმარების გარეშე მიაღწია . მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა გეოგრაფიულად ევროპის ნაწილია, ის არ არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, თუმცა , არაწევრობის მიუხედავად ნორვეგია და ევროპული გაერთიანება დღემდე მჭიდროდ თანამშრომლობს. ნაშრომშისათვის საინტერესოა გამოვკვეთოთ ევროკავშირსა და ნორვეგიას შორის არსებული ურთიერთობები, როდის დაიწყო მათ შორის თანამშრომლობა და რა ეტაპები გამოიარეს მათ. როდის და რა ხელშეკრულებების საფუძველზე დაიწყო მათ შორის ურთიერთობა , რა მიზეზებით უარყო ნორვეგიამ ევროკავშირის წევრობა და როგორ მიაღწია სკანდინავიის პატარა სახელმწიფომ ამგვარ წარმატებას . საბოლოოდ, უღირს თუ არა მას ევროატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე დაფიქრება .
ნორვეგიისა და ევროკავშირის ურთიერთთანამშრომლობა
ნორვეგიაში ევროინტეგრაციის თაობაზე რეფერენდუმი ორჯერ ჩატარდა: 1972 და 1994 წლებში , თუმცა, ქვეყანამ ორივე შემთხვევის დროს უარი განაცხადა ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებაზე. (EEAS, 2016) ნორვეგიაში დღესაც არ შეინიშნება ევროკავშირთან ინტეგრაციის სურვილი, რასაც მუდმივად ჩატარებული გამოკითხვებიც ცხადჰყოფს. ვფიქრობ, ნორვეგიის სურვილს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, ახლო მომავალშიც არ უნდა ველოდოთ. მიზეზი აშკარაა, მაღალი ცხოვრების ხარისხის გამო, ნორვეგიელი მოქალაქეები თავს დაცულად , მშვიდად და კომფორტულად გრძნობენ საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებში .
შეთანხმება EEA[1] (ევროპის ეკონომიკური ზონის) შესახებ არის ის მთავარი საყრდენი, რომელზეც დამყარებულია ევროკავშირსა და ნორვეგიას შორის პოლიტიკური , ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. EEA ხელშეკრულების და კიდევ რამდენიმე ორმხრივი ხელშეკრულების საშუალებით, ნორვეგია არის რამდენიმე შესაბამისი მრავალმხრივი ორგანიზაციის წევრი: მათ შორის : ევროპის საბჭოს , ჩრდილოეთ საბჭოს[2] , ბალტიის საბჭო[3] , EFTA[4] ,OECD[5] , WTO[6]. (EEAS, 2016)
1.1 ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობა
ნორვეგია ევროკავშირის მეხუთე უმსხვილესი იმპორტ პარტნიორია. ნორვეგიისა და ევროკავშირის ურთიერთობები უმეტესწილად იმართება ევროპული ეკონომიკური ზონის შესახებ შეთანხმების საფუძველზე (EEA). ამ შეთანხმების ფარგლებში, ნორვეგია არის ევროპის ერთიანი ბაზრის სრულფასოვანი მოთამაშე. EEA ხელშეკრულება გაფორმდა 1994 წლის 1 იანვარს. ის გულისხმობდა ევროკავშირის ცალკეული ბაზრების გაფართოებას ნორვეგიაში, ისლანდიასა და ლიხტენშტეინში. (EEAS, 2016) ევროკავშირთან ურთიერთობის ფარგლებში ნორვეგიამ, აგრეთვე, ხელი მოაწერა შენგენის ხელშეკრულებას, რომელიც შენგენის ქვეყნებს საშუალებას აძლევს თავისუფლად გადაადგილდნენ ნორვეგიაში. ის აუქმებს წევრებს შორის სასაზღვრო კონტროლს. ნორვეგია ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. (EU, 2019)
EEA -ს შესახებ შეთანხმება ნორვეგიას აძლევს უფლებას მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის მთელ რიგ პროგრამებში და ისეთ სფეროებში, როგორიცაა: კვლევა და განათლება . დღესაც ევროკავშირი ნორვეგიის უმსხვილეს იმპორტ-საექსპორტო პარტნიორად რჩება და ნორვეგიის ვაჭრობის თითქმის 75 პროცენტს იკავებს. (Eurostat, 2020)ფაქტობრივად, აღნიშნული ხელშეკრულება ნორვეგიას აძლევს იმის კომპეტენციას, რომ აქრიურად ისარგებლოს ევროკავშირის სტრუქტურებით და ჩაერთოს ევროკავშირის გარკვეულ გადაწყვეტილებებში. მნიშვნელოვანია, რომ ნორვეგია რჩება ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ინტეგრირებულ ნაწილად ყველა სხვა სფეროში გარდა, მეთევზეობისა და სასოფლო სამეურნეო სექტორისა.
1.2 მეთევზეობა და სასოფლო სამეურნეო სექტორი
ისტორიის განმავლობაში, მეთევზეობა და სოფლის მეურნეობის სექტორი ნორვეგიის ინდუსტრიის მთავარი ნაწილი იყო . დღესაც, მეთევზეობის დარგი, ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, დაწესებული იქნებოდა გარკვეული კვოტები, რაც, ცხადია, უარყოფითად იმოქმედებდა ქვეყნის ეკონომიკაზე. ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმით კი ნორვეგიას თავისუფლად შეუძლია გააკონტროლოს დაჭერილი თევზის რაოდენობა, დაარეგულიროს მისთვის ხელსაყრელი მოვალეობები და სხვა ჩარჩოები. სწორედ ამიტომ, ნორვეგიის სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის საერთო პოლიტიკა არ არის EEA შეთანხმების ნაწილი. ამ დარგებში ნორვეგიას რჩება სრული კომპეტენცია ითამაშოს საკუთარი წესებით. მიუხედავად ამ გამონაკლისისა, EEA-ს შეთანხმების მე -19 მუხლი განსაზღვრავს, რომ ნორვეგიასა და ევროკავშირს გააჩნიათ გარკვეული ორმხრივი ვალდებულებები სატარიფო კვოტებთან დაკავშირებით , რომელიც უნდა შეასრულონ შემდეგი სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ვაჭრობისას : ყველი, ხორცი, ხილი, ბოსტნეული და ყვავილები. ნორვეგიის სოფლის მეურნეობის ექსპორტი ევროკავშირში 546 მილიონ ევრო შეადგენს . ნორვეგია ევროკავშირისთვის უმსხვილესი თევზის მიმწოდებელია, 2016 წლის მონაცემებით ნორვეგიის ზღვის პროდუქტების იმპორტმა 6.5 მილიარდი ევრო შეადგინა . (Eurostat, 2020)
1.3 ევროკავშირი და ნორვეგიის ენერგორესურსები
მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და ნორვეგიის ენერგეტიკული ურთიერთობებიც. ნორვეგია ევროკავშირისათვის ენერგორესურსების ყველაზე სანდო და სტაბილური მიმწოდებელია. მათ შორის ენერგეტიული ურთიერთობებიც EEA-ს ფარგლებში რეგულირდება. როგორც ევროკავშირისათვის, აგრეთვე ნორვეგიისათვის მნიშვნელოვანია დიალოგის წარმართვა და გაძლიერება. ის გარკვეულწილად ეხმარება ევროპას შეამციროს რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება . თავის მხრივ, ნორვეგიისათვისაც მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობა , ვინაიდან, ევროკავშირის სანდო ბაზართან თანამშრომლობა ნორვეგიის ბიუჯეტის ზრდის კარგი საშუალებაა. ევროკავშირის მიერ შემუშავებულ ბოლო ენერგეტიკულ სტრატეგიაში გაიწერა ევროკავშირი-ნორვეგიის ენერგეტიკული დიალოგის გაძლიერების გეგმა . ის გულისხმობს თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგეტიკის საკითხების ფართო სპექტრზე, როგორიცაა :საერთაშორისო ენერგეტიკა, გლობალური ენერგიის მიწოდება და მოთხოვნა, პოლიტიკის განვითარება ნორვეგიასა და ევროკავშირში და ა.შ.
მნიშვნელოვანია , რომ ბოლოდროინდელმა ენერგოსტრატეგიაში გაწერილმა მთავარმა მიზანმა , რომელიც რუსეთზე იმპორტდამოკიდებულების შემცირებას წარმოადგენდა, კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა ნორვეგიასთან ევროკავშირის ენერგეტიკული პარტნიორობა. ამისათვის რეგულარულად ტარდება ევროკავშირ-ნორვეგიის ენერგეტიკული კონფერენციები, სადაც განიხილება ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი. (Eurostat, 2020)
შესაბამისად, ნორვეგიასთან ენერგეტიკული პარტნიორობა ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიწოდების უსაფრთხოებისთვის.
რატომ არ გაწევრიანდა ნორვეგია ევროკავშირში?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნორვეგიამ ორჯერ განაცხადა უარი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. საინტერესოა, რომ ეს ყოველივე რეფერენდუმის სახით, საზოგადოების გადაწყვეტილებით მოხდა . მნიშვნელოვანია ის , რომ ნორვეგიის მოსახლეობა კარგადაა ინფორმირებული სახელმწიფოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა კარგად იცნობს ნორვეგიის მოთხოვნილებებს და ასევე კარგად ერკვევა ევროკავშირის პოლიტიკაში. როგორც ვიცით, ევროკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია გლობალურ ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის გაუმჯობესება, შესაბამისად, მის ფარგლებში გარკვეული ტარიფები, შეზღუდვები და ერთიანი ბაზრის თამაშის წესები მოქმედებს. პირველი არგუმენტი , რომელიც ნორვეგიელების მხრიდან ისმის არის ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელს უშლის ქვეყნის სუვერენიტეტს. ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში, საფრთხე შეექმნებოდა ისეთ სექტორებს , როგორიცაა თევზჭერა და სოფლის მეურნეობა. ამ შემთხვევაში, ნორვეგიას არ ექნებოდა სუვერენული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა . ევროკავშირიში გაწევრიანების დღიდან უნდა დამორჩილებოდა გაერთიანების მიერ დადგენილ რეგლამენტებსა და ჩარჩოებს.
თევზაობა ნორვეგიის ეკონომიკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის არის სიდიდით მეორე ინდუსტრია ქვეყანაში ნავთობის მოპოვების შემდეგომ. გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა ნორვეგიის ეკონომიკის ზრდის კარგი საშუალებაა. ნორვეგიელები თვლიან , რომ ისინი უკვე საკმარისად ინტეგრირებულნი არიან ევროკავშირში და შესაბამისად , ‘’ წევრობა’’ , ეკონომიკური თვალსაზრისით ზედმეტი თავის ტკივილია. (Euronews, 2013) ნორვეგიელები თვლიან, რომ ქვეყნის მთავარი ინტერესი რესურსების შენარჩუნებაა. ქვეყანა მდიდარია ნავთობით , თევზით, ჰიდროელექტროენერგიით . თავის დროზე, სწორედ ამ რესურსების წყალობით შეძლო მან გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა , რამაც საბოლოოდ მოუტანა მას წარმატება სხვადასხვა სფეროში.
(worldatlas, 2018)
1969 წელს ჩრდილოეთ ზღვაში ნავთობისა და ბუნებრივი გაზის რესურსების აღმოჩენამ ღარიბი ქვეყანა აყვავებულ ქვეყანად აქცია. ხელახლა დაპროექტებულმა ინდუსტრიამ განაპირობა სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ნორვეგიას მიეცა შესაძლებლობა უფრო მოქნილი საგარეო პოლიტიკა შეემუშავებინა. 1973 წლის ნავთობის კრიზისმა, რომელმაც დასავლეთის ქვეყნებს დიდი ზარალი მიაყენა მსოფლიო აღაშფოთა. ნორვეგია სხვა ევრიპულ სახელმწიფოებტან შედარებით ეფექტურად გაუმკლავდა აღნიშნულ კრიზისს, რამდენადაც , მას ამ პერიოდისათვის საკმარისი ნავთობის მარაგი ქონდა. ეს ყოველივე , ვფიქრობ , კარგადაა ჩაბეჭდილი ნორვეგიელთა მეხსიერებაში, ისინიაფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს და არ სურთ ზედმეტი შეღუდვები. გარდა ეკონომიკური მიზეზისა , ნორვეგიის ამგვარ დამოკიდებულებას ამართლებს ნორვეგიის ისტორიაც. ნორვეგიელები ძალიან მგრძნობიარენი არიან დამოუკიდებლობის საკითხებისადმი. ქვეყანა შესაძლოა ახალგაზრდა სახელმწიფოდაც ჩაითვალოს . შვედეთთან კავშირის შექმნამდე საუკუნეების მანძილზე ნორვეგია იყო დანიის ნაწილი. საბოლოოდ ნორვეგიამ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1905 წელს, თუმცა მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო. (ABC, 2014)
ისტორიიდან გამომდინარე ჩანს რომ ნორვეგიელებისათვის კეთილდღეობასთან ერთად დამოუკიდებლობა უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. ნორვეგიელი ერი გამოირეჩვა ღრმა პატრიოტიზმითა და თვითგადარჩენის , თვითმყოფადობის შენარჩუნების ინსტინქტებით. ვფიქრობ , ისტორიულმა წარსულმაც დიდი და გადამწყვეტი როლი ითამაშა საზოგადოების დიდ ნაწილზე რეფერენდუმის ჩატარების დროს. ნორვეგია კარგად იცავს ქვეყნის ინტერესებს. ის ნაბიჯებს ყოველთვის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დგამს . ქვეყანა აშენებს ძლიერ, სტაბილურ ეკონომიკას დამოუკიდებლად. ევროკავშირს კი მისი სახით სანდო და საიმედო პარტნიორი ჰყავს, რაც ორივე მხარისთვის მომგებიანი და სასარგებლოა.
დასკვნა
ნორვეგია ევროპის განუყოფელი ნაწილია , მათ შორის ურთიერთობები მჭიდრო და ურთიერთსასარგებლოა. ევროპელებს აქვთ საშუალება იცხოვრონ , ისწავლონ , გადაადგილდნენ და იმუშაონ ნორვეგიაში კანონიერად და თავისუფლად . როგორც აღვნიშნეთ, ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი მიზეზი ეკონომიკური სარგებლის არარსებობა იყო. ნორვეგიას არ აწყობდა ევროკავშირში გაწევრიანება , ვინაიდან მას მოუწევდა ევროკაშირის წესებით ცხოვრება, ამ დროს კი მისი ეკონომიკა და ცხოვრების წესი საკმაოდ წარმატებულია. როგორც აღვნიშნეთ, ქვეყანა ფლობს ნავთობისა და გაზის უზარმაზარ რეზერვებს, ქვეყანას აქვს მარტოდ დარჩენის უნარი . მიუხედავად იმისა რომ ის არ არის ევროკავშირის წევრი, ის სარგებლობს უამრავი უპირატესობით EEA-ს ხელშეკრულების საშუალებით. ნორვეგიის ეკონომიკა ძლიერია, უმუშევრობა დაბალია, ცხოვრების ხარისხი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა მთელ მსოფლიოში, შესაბმისად, არაა გასაკვირი , რომ ნორვეგიას არ სურს და არ აწყობს ევროკავშირში გაწევრიანება , რადგან ქვეყანა დაკარგავს იმაზე მეტს, ვიდრე მიიღებს.
ავტორი: ქრისტინე ფაღავა
[1] EEA – European economik area.
[2] ჩრდილოეთ საბჭო- — ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნების პარლამენტთა შორის თანამშრომლობის სააკორდინაციო ორგანიზაცია.(Nordic Conucil)
[3] ბალტიის საბჭო – ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭო
[4]EFTA- european Free Trade Association
[5] OECD- International economic organisation
[6] WTO- World Trade Organization
ბიბლიოგრაფია
ABC, N. (2014). Interesting facts about Norway. Retrieved from https://blog.norwegianabc.com/norway-in-the-european-union/
Cia. (2020). Cia.gov.ge. Retrieved from Central Intelligence Agency: https://www.cia.gov/library/publications/resources/the-world-factbook/geos/no.html
EEAS. (2016). eeas.europa.eu. Retrieved from European External Action Service: https://eeas.europa.eu/delegations/norway/1631/norway-and-eu_en
EU, N. a. (2019). Retrieved from https://www.norway.no/en/missions/eu/ten-facts-about-the-eea2/
Euronews. (2013). Euronews. Retrieved from https://www.euronews.com/: https://www.euronews.com/2013/03/29/norway-and-the-eu
Eurostat. (2020). Retrieved from https://ec.europa.eu/energy/topics/international-cooperation/key-partner-countries-and-regions/norway_en
Index, S. P. (2018). Executive Summary. Retrieved from www.socialprogress.org: https://www.socialprogress.org/assets/downloads/resources/2018/2018-Social-Progress-Index-Exec-Summary.pdf
Index, S. P. (2019). Social Progress Index. Retrieved from https://www.socialprogress.org/: https://www.socialprogress.org/?tab=2&code=NOR
worldatlas. (2018). worldatlas. Retrieved from https://www.worldatlas.com/articles/is-norway-part-of-the-eu.html