ნორვეგიის გეოეკონომიკა

ნორვეგიიას გეოეკონომიკა
ნორვეგიიას გეოეკონომიკა

შესავალი

ვიდრე განვითარებული ქვეყნებისა და კონკრეტულად ნორვეგიის გეოეკონომიკის დახასიათებაზე გადავიდოდე, მინდა მოკლედ მოგახსენოთ, თუ რატომ შევაჩერე ჩემი არჩევანი ამ თემაზე.

უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია დღევანდელ დღეს. ჩემთვის ძალიან საინტერესოა მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოების გეოპოლიტიკისა და გეოეკონომიკის განხილვა. საინტერესოა იმის ანალიზი, თუ რა რესურსები, სტრატეგიები, განვითარების ისტორია აქვთ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღევანდელი მსოფლიოს ეკონომიკაში ამინდს ქმნიან.

რაც შეეხება ნორვეგიას, ეს არის მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი სახელმწიფო, რომელიც მრავალი რეიტინგისა და სიის ლიდერია, როგორც ყველაზე განვითარებული და აყვავებული ქვეყანა. გაერომ მრავალჯერ აღიარა ნორვეგია, როგორც საცხოვრებლად საუკეთესო სახელმწიფო. რეფერატში ვეცდები დაწვრილებით გადმოვცე ინფორმაცია ნორვეგიის ეკონომიკის ზოგადი ტენდენციების, ქვეყნის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდებარეობის შესახებ, ვისაუბრო იმ ტენდენციებზე, რაც განასხვავებს ამ ქვეყანას სხვა ქვეყნებისგან, რაშია მისი უნიკალურობის საიდუმლო. ასევე შევეხები გეოეკონომიკურ სტრატეგიებს, მომავალ პროგნოზებსა და პერსპექტივებს. ვფიქრობ, რომ თემაზე მუშაობის პროცესში ბევრ საინტერესო ფაქტს აღმოვაჩენ ნორვეგიის შესახებ.

 

 განვითარებული ქვეყნები – ზოგადი მიმოხილვა.

დღეისათვის მსოფლიოში 200-ზე მეტი ქვეყანაა. ეს ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ტერიტორიის სიდიდით, გეოგრაფიული მდებარეობით, კლიმატური პირობებით, კულტურით, პოლიტიკური სისტემებითა და სხვა მრავალი ნიშნით, მათ შორის ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით, რომელიც ჩვენ ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად გვაინტერესებს. ბუნებრივია, ასეთი მრავალფეროვნების პირობებში გლობალური ეკონომიკის კლასიფიკაციაში გამოიყოფა ქვეყნების სამი ძირითადი ჯგუფი:  განვითარებული, განვითარებადი და  გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები.

ჩვენთვის საინტერესო პირველ ჯგუფში – განვითარებულ ქვეყნებში – შედიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ მსოფლიო ეკონომიკაში.ამ სახელმწიფოებში ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 15–16% და, ამასთან, ისინი აწარმოებენ მსოფლიო პროდუქტის ¾–ს და ქმნიან მსოფლიო ეკონომიკური და სამეცნიერო–ტექნოლოგიური პოტენციალის ძირითად ნაწილს. მსოფლიოში 29 განვითარებული ქვეყანაა. ეს ქვეყნები შედიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (ეთგო), რომლის მიზანია ისეთი პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას, გლობალური ვაჭრობის გაფართოებას მრავალმხრივი თანაბარუფლებიანობის საფუძველზე. მსოფლიოს სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით განვითარებული ქვეყნებია :  ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, კანადა, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები. ([1])

 

განვითარებული ქვეყნებს აქვთ კონკრეტული მახასიათებლები, რომლებიც მათ დანარჩენი მსოფლიოსგან განასხვავებს. ეს მახასიათებლებია :

  • ეკონომიკის ყველაზე უფრო პერსპექტიული დარგების განვითარებაზე ორიენტაცია(ინფორმაციულ ინტეგრაციაში შემავალი დარგები);
  • პროდუქტის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • რესურსდამზოგავი და მეცნიერებადტევადი ტექნოლოგიების შექმნა და გამოყენება;
  • მაღალეფექტური საბაზრო ინფრასტრუქტურის არსებობა;
  • სამეცნიერო ტექნოლოგიური პროგრესის დაჩქარება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების, პატენტების, ლიცენზიების ექსპორტი;
  • სახელმწიფო მოწყობის ლიბერალური(ნეოლიბერალური) მოდელი;
  • აქტიური მარკეტინგული პოლიტიკა;
  • გლობალურ ეკონომიკურ პროცესში ჩართულობის მაღალი ხარისხი. [1]

 

ზოგადი ცნობები ნორვეგიაზე

ნორვეგია, ოფიციალურად ნორვეგიის სამეფო, არის ქვეყანა  ჩრდილოეთ ევროპაშისკანდინავიის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, ასევე მას ეკუთვნის შპიცბერგენის არქიპელაგი, დათვის კუნძული ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში და კუნძული იან–მაიენი ატლანტის ოკეანეში. ნორვეგიას აღმოსავლეთით ესაზღვრება შვედეთი; უკიდურესად ჩრდილოეთით მდებარე რეგიონი ესაზღვრება ფინეთსა და რუსეთს. ქვეყანას ჩრდილოეთით გარს აკრავს ბარენცის ზღვა, დასავლეთით– აღმოსავლეთი ოკეანე, სამხრეთით– ჩრდილოეთის ზღვა. საერთო ფართობია 385,252 კვადრატული კილომეტრი, მოსახლეობა – 4.8 მილიონი კაცი. არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები სიმჭიდროვით დასახლებული ქვეყანა ევროპაში.ნორვეგია არის უნიტარული კონსტიტუციური მონარქია. დედაქალაქია ოსლო.

ნორვეგიის ეკონომიკის  დახასიათება

ნორვეგია საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა ბუნებრივი რესურსებით, რაც წარმოადგენს მისი განვითარებული ეკონომიკის საფუძველს.

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რესურსია ნავთობი. ოფშორული ჰოდროკარბონატების ბუნებრივი საბადოები აღმოაჩინეს 1960 წელს, ხოლო მისი შემდგომი გამოყენება დაიწყეს 1970–იან წლებში. პროდუქციის ზრდა შეინიშნა 90–იან წლებში. ამ პერიოდში ნავთობის სექტორი გაფართოვდა და გახდა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნედლეული ქვეყნისთვის. ამჟამად მოპოვებული ნავთობის მოცულობა დაახლოებით 2,6  ტონა ბარელია დღეში. 2010 წლის მონაცემებით, ნორვეგია  იყო მსოფლიოში რიგით მე–7 უდიდესი ნავთობექსპორტიორი ქვეყანა, ხოლო დღეს ამ რეიტინგში მე–5–ეა. 2010 წელს ქვეყნის შემოსავლების 26% ნავთობზე მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ ნორვეგიაში ნავთობის ინდუსტრიაში მოპოვებით სამუშაოებში ჩაბმულია 40 000 ადამიანი, ხოლო 25 000 ადამიანი – ნავთობთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაში. ნავთობის წარმოებამ პიკს 2000 წელს მიაღწია, თუმცა იყო საშიშროება, რომ ეს ტენდენცია დიდხანს არ შენარჩუნდებოდა. სამეცნიერო– ტექნოლოგიურმა პროგრესმა, მოპოვების ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებამ გააფართოვა მოპოვების არეალი და 2011 წელს ნავთობისა და გაზის დიდი ნაწილი მოიპოვებოდა ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე. სანავთობო ფონდები ემსახურება ქვეყნის განვითარებასა და სტაბილური ცხოვრების ხელშეწყობას.

ნორვეგია ფლობს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ბუნებრივ რესურსს – გაზს.  მისი წარმოება ბოლო წლების განმავლობაში სწრაფად გაიზარდა ახალი საბადოების აღმოჩენისა და ნავთობის შემცირების გამო, გაზის ექსპორტის მიხედვით, ნორვეგია მსოფლიოში მე–3 ადგილზეა, კანადისა და რუსეთის შემდეგ. ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მოიპოვებს  ყველაზე მეტ გაზისა და ნავთობის ნედლეულს. მისი გაზისა და ნავთობის ექსპორტი ერთად საერთო ექსპორტის 47%–ს შეადგენს.

ნორვეგია ასევე მდიდარია რკინის საბადოებით, სპილენძით, ტყვიით, თუთიით, პირიტნით, ტიტანით, ნიკელითა და მოსაპირკეთებელი მასალით. ასევე მდიდარია წყლის რესურსებით, რაც ქმნის დამატებით ნედლეულს – თევზს. თევზის რეწვა სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყაროა. თევზის ექსპორტით მიღებული მოგება თითქმის 30 მლრდ კრონს შეადგენს.

ნორვეგია მდიდარია ტყისა და შიდა წყლის რესურსებითაც. ქვეყნის მთის მდინარეები მძლავრ ჰიდრორესურსებს ქმნიან. მიღებული ენერგია თითქმის 100%–ით აკმაყოფილებს ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილებას და ამასთან ერთად ექსპორტის საშუალებასაც იძლევა.

ნორვეგიას საკმაოდ მრავალფეროვანი მეურნეობის დარგობრივი  სტრუქტურა აქვს. სასოფლო სამეურნეო პროდუქტებიდან ნორვეგია აწარმოებს : ქერს, ხორბალს, კარტოფილს და სხვა. ქვეყანაში განვითარებულია როგორც სარძევე, ისე სახორცე მეცხოველეობა.

ნორვეგიის შრომითი რესურსი 2 645 მლნ ადამიანს შეადგენს. უმუშევრობის მაჩვენებელი მხოლოს 3,1 %–ია. მოსახლეობის დასაქმება სექტორების მიხედვით შემდეგნაირია :

  • სოფლის მეურნეობა – 2,9%
  • მრეწველობა – 21,1%
  • მომსახურების სფერო – 76%

სოფლის მეურნეობის დაბალი ხვედრითი წილი ქვეყნის რთული კლიმატური და სხვა ბუნებრივ–გეოგრაფიული პირობებითაა განპირობებული.  მრეწველობის დარგებიდან განვითარებულია ნავთობისა და გაზის წარმოება, ქაღალდის, მსუბუქი და ქიმიური მრეწველობა, გემთმშენებლობა, ხე–ტყის გადამუშავება და მოპოვებითი მრეწველობა. როგორც, ვხედავთ, მომსახურების სფეროში დასაქმებულთა მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, რაც ახასიათებთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებს.

ექსპორტიდან შემოსული თანხაა – 162,7 მლრდ $ (31–ე ადგილი მსოფლიოში). ნორვეგიის საექსპორტო ნაწარმის ძირითადი მიმღები ქვეყნები არიან : დიდი ბრიტანეთი– 27,2%,  ჰოლანდია – 11,5%, გერმანია – 11,1%, საფრანგეთი – 7,1%, შვედეთი – 6,5%, აშშ– 5,6%.  ნორვეგიაში იმპორტირებული საქონლის ძირითადი ნაწილი კი შემდეგი ქვეყნებიდან მოდის : შვედეთი – 13,3%, გერმანია – 12%, ჩინეთი – 9%, დანია– 6,3%, დიდი ბრიტანეთი – 5,4%, ჰოლანდია – 4,1%.

როგორც ვხედავთ, ნორვეგიამ შეძლო შეექმნა ძლიერი ეკონომიკური სისტემა, რომელიც სამაგალითოა სხვა ქვეყნებისათვის.[2]

ნორვეგიის ადგილი მსოფლიოში

გაეროს 2011 წლის მონაცემებით, ნორვეგიის მშპ 485,4 მლრდ$ –ია (მსოფლიოში 25–ე ადგილი),  ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით კი 98,6 $ (მსოფლიოში მე–4 ადგილი). აღნიშნული მონაცემები წლიდან–წლამდე მზარდია.

 

*მშპ

24  პოლონეთი 514,115
25  ნორვეგია 485,416
26  არგენტინა 485,416

*მშპ – ერთ სულ მოსახლეზე

3  ლურსემბურგი 115,377
4  ნორვეგია 98,565
5  კატარი 92,682

 

 

მნიშვნელოვანია ნორვეგიის ადგილი  ეკონომიკურ რეიტინგებში. მნიშვნელოვანია ოთხი ინდექსი :

  • ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი – 31–ე ადგილი მსოფლიოში
  • გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი – მე–16 მსოფლიოში
  • არშემდგარი სახელმწიფოების ინდექსი– 173/177
  • საინვესტიციო უსაფრთხოების ინდექსი – მე–5 მსოფლიოში[3]

 

 

ნორვეგიის გეოპოლიტიკური გავლენა, სივრცისა და ეკონომიკის კავშირი

      როგორც ვიცით,  გეოპოლიტიკა – ეს არის სახელმწიფოთა კონკრეტული საგარეო-პოლიტიკური ქმედებანი თავიანთი როლისა და გავლენის გაძლიერებისათვის სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში. ნებისმიერი ქვეყნის გეოპოლიტიკური სიმძლავრეების ძირითადი კრიტერიუმებია :

  • ტერიტორიის ზედაპირი
  • საზღვრების ბუნება, ზღვაზე გასასვლელი
  • მოსახლეობის რაოდენობა
  • ბუნებრივი რესურსები
  • ფინანსური სიძლიერე
  • ეკონომიკისა და ტექნიკის განვითარების დონე
  • ეთნიკური ერთგვაროვნება
  • სოციალური ინტეგრაციის დონე
  • პოლიტიკური სტაბილურობა
  • ეროვნული სული

როგორც ჩანს ნორვეგია ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან თითქმის ყველას  აკმაყოფილებს.

ნორვეგიას გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიხედვით, ხელსაყრელი პოზიცია უჭირავს მსოფლიოს ფიზიკურ რუკაზე. ქვეყანა სამი მხრიდან წყლითაა გარშემორტყმული, რაც გზას უხსნის მას მსოფლიოს ოკეანეში და განაპირობებს სავაჭრო–ეკონომიკურ კავშირებს სხვადასხვა კონტინენტთან.

მეოცე საუკუნის ბოლოს გაერომ ნორვეგია ზედიზედ 5–ჯერ აღიარა, როგორც საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყანა. ნორვეგია 1949 წლიდან ნატოს წევრია. ევროპის ეკონომიკურ ზონაში მოსახვედრად  მთავრობის ოთხი მოთხოვნის შემდეგ (1962, 1967, 1970, 1992) ნორვეგიელებმა ორ რეფერენდუმზე (1972,1994) უარი განაცხადეს ამ რეგიონალურ დაჯგუფებაში გაწევრიანებაზე. ამასთან, ქვეყანა მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან – ევროპის ბაზარზე ნორვეგიის საექსპორტო საქონლის 60% ხვდება. ნორვეგია ევროპის თავისუფალ სავაჭრო ზონაში შედის 1973 წლიდან და 1996 წლიდან შენგენის ზონის ასოცირებული წევრია. ამ ბოლო გადაწყვეტილების წინააღმდეგ ხშირად გამოდიოდნენ სკანდინავიის სხვა ქვეყნები, ვინაიდან სურდათ საკუთარი საპასპორტო კავშირი შეენარჩუნებინათ. ვინაიდან ნორვეგია ევროპის თავისუფალი სავაჭრო ზონის მონაწილეა, ის ვალდებულია  შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები ვაჭრობისა და სოციალური პოლიტიკის სფეროში. ამავდროულად, როგორც ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას, მას არ აქვს უფლება ამ გაერთიანების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაებას.

ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ სწორედ ნორვეგიის ჩაურევლობამ ევროკავშირში განაპირობა ის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა საკუთარი სახე და ინტერესები მსოფლიო არენაზე.  ნორვეგიას თითქმის არ მიუღია მონაწილეობა მსოფლიოს ტერიტორიულ დანაწილებაშიც. კოლონიების გარეშეც კი მშვენივრად ახერხებდა გამხდარიყო მსოფლიოს სამეწარმეო სისტემის ნაწილი დიდ სახელმწიფოებთან საწარმოო–ფინანსური კავშირების მეშვეობით.[4]

 

ნორვეგიის გეოეკონომიკა

რაც შეეხება ქვეყნის  გეოეკონომიკას, ამ ტერმინს  ფრანგი  ეკონომისტი და ფინანსისტი ჟაკ ატალი განმარტავს, როგორც მსოფლიოს ეკონომიკური რეალობის სივრცესთან მიმართებას. გეოეკონომიკისთვის არაა მნიშვნელოვანი კონკრეტული  ტერიტორიის ეთნიკური, ისტორიული და კულტურული ტრადიციები და ყურადღებას იმსახურებს მხოლოდ ის, თუ სადაა განთავსებული მსოფლიოს ეკონომიკური ძლიერების ცენტრები. გეოეკონომიკა მსოფლიო განვითარების საფუძველს ხედავს იმაში, თუ სად იქნება განლაგებული მსოფლიო ბირჟების ცენტრები, სასარგებლო წიაღისეული, საინფორმაციო ცენტრები, მსხვილი საწარმოები და სხვა.

ჩრდილოეთ ევროპას აერთიანებს ბევრი სოციალურ–ეკონომიკური მახასიათებელი: საწარმოო და საფირმო სტრუქტურების სიახლოვე, მეურნეობის მაღალი ეფექტურობა და ცხოვრების მაღალი დონე. მთლიანობაში ეს რეგიონი ესაა მსხვილი ეკონომიკური კომპლექსი, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს მსოფლიო ეკონომიკასა და საერთაშორისო შრომის დანაწილებაში. ჩრდილოეთი ევროპის ქვეყნებს აქვთ განვითარებული მრეწველობა, ინტენსიური სოფლის მეურნეობა, მომსახურების ფართო სფერო და საგარეო ეკონომიკური კავშირების მსხვილი ქსელი. შეიძლება ეს ქვეყნები ჩამორჩებიან მსოფლიოს გიგანტურ სახელმწიფოებს წარმოების საერთო მასშტაბებსა და სამუშაო ძალის რაოდენობაში, თუმცა ისინი მნიშვნელოვნად უსწრებენ მათ წინ ერთ სულ მოსახლეზე მაჩვენებლებით. თუ ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების მოსახლეობის წილი კაპიტალისტურ სამყაროში 1%–ზე ნაკლებია, მთლიანი შიდა პროდუქტით და სამრეწველო წარმოებით ეს მაჩვენებელი არის 3%, ხოლო ექსპორტში – 5%.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების სიძლიერე გამოიხატება არა წარმოებული პროდუქციის რაოდენობაში, არამედ მის ხარისხში. ნორვეგია შედის მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების სიაში. თავდაპირველად სპეციალიზაციის ბაზისი იყო ბუნებრივი სიმდიდრეები და გეოგრაფიული მდებარეობა. მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ზღვა. ნორვეგია განთქმული იყო თავისი საერთაშორისო ნაოსნობით, თევზჭერით, ვეშაპების რეწვით. ბევრი წყალუხვი და მძლავრი მდინარის არსებობამ ნორვეგია პირველ ადგილას გაიყვანა დასავლეთ ევროპაში ჰიდროენერგიის მარაგით.

 

ბოლო წლებში წინა პლანზე გადმოიწია ისეთმა დარგებმა, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებენ. დღევანდელ დღეს სულ უფრო ძლიერდება ორიენტაცია მეცნიერებატევად და მაღალტექნოლოგიური პროდუქციის დარგებზე, როგორებიცაა ელექტრონიკა, სამრეწველო სამუშაოები, ბიოტექნოლოგიები და ა.შ. ახალი და ტრადიციული დარგების შერწყმაშია ნორვეგიის ეკონომიკის თანამედროვე სპეციალიზაციის საფუძველი.

ნორვეგიისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ექსპორტის სფერო. 70–80–იანი წლების კრიზისიც ნორვეგიამ შედარებით იოლად გადაიტანა ექსპორტის წყალობით, უპირველეს ყოვლისა, ნავთობის.

ნორვეგია ყოველთვის ცდილობდა სხვადასხვა თეორიული მოცემულობების პრაქტიკაში აპრობირება მოეხდინა : იქნებოდა ეს ნეოკეინსიანური კონცეფცია თუ ნეოლიბერალიზმი, მაგრამ ქვეყანა ყოველთვის გამოირჩეოდა პრაგმატული მიდგომით კონკრეტული ამოცანებისადმი. ნორვეგიის გეოეკონომიკა ყოველთვის ორი ტენდენციით ხასიათდებოდა. ერთის მხრივ– ჩრდილოეთის ქვეყნებს შორის გამწვავებული კონკურენტული ბრძოლით, ხოლო მეორეს მხრივ– რესურსების გაერთიანებით მსოფლიო არენაზე რეგიონის პოზიციების გასამყარებლად, რათა მსოფლიოს შრომის დანაწილებაში რაც შეიძლება დიდი მოგებით ჩაბმულიყო და სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესის მიღწევები მაქსიმალურად გამოეყენებინა. სამეურნეო და საზოგადოებრივი ცხოვრების გაღრმავებული ინტერნაციონალიზაციის ფონზე, ნორვეგიაში აღინიშნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტენდენცია – ქვეყანა ისტორიული იზოლირებულობისა და პროვინციალურობის ნიშან–თვისებებს თავიდან იცილებდა, თუმცა ყოველთვის ინარჩუნებდა ძველ და ღირებულ თავისებურებებს.

ნორვეგიაში კაპიტალისტური ეკონომიკური სტრუქტურების ჩამოყალიბება განსაკუთრებული გზებით ხდებოდა : ინდუსტრიალიზაციამ შედარებით გვიან მოიკიდა ფეხი, დიდი იყო მოთხოვნა საგარეო ბაზარზე და იქ საკუთარი პროდუქტებისა და მომსახურების ფეხის მოკიდებაზე.[5]

 

 

 

 

გეოეკონომიკის ძირითადი სტრატეგიები

           ნორვეგიის გეოეკონომიკას რამოდენიმე კონკრეტული სტრატეგია ახასიათებს:

  • უპირობო დადებითი სალდოს მქონე ქვეყნის ბიუჯეტის წარმატებული ფორმირება.
  • სარეზერვო ფონდის ფორმირება, რომელიც უმნიშვნელოვანესია საშუალო ზომის ჩრდილოეთის ქვეყნისთვის.
  • მრეწველობის დარგების მუდმივი ინოვაციური განახლება და მათ მიერ რეალური კონკურენტული უპირატესობების შენარჩუნება.
  • სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი ზრდა და უმუშევრობის მინიმალიზაცია.
  • დივერსიფიცირებული ექსპორტის ზრდა და ქვეყნის ბიზნესში მნიშვნელოვანი ფულადი შენატანები.[6]

პროგნოზები და პერსპექტივები

მსოფლიოს ბუნებრივი გაზის დარჩენილ მარაგის 25%  არქტიკის შელფზეა კონცენტრირებული. ნორვეგიის ეკონომიკური სტრატეგიის ამომავალი წერტილიც სწორედ ესაა. ქვეყნის სპეციალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა სულ უფრო გაიზრდება.  შელფზე გაზის მარაგი მომავალი 100 წელი კიდევ იარსებებს, ნორვეგიის ეკონომიკის საყრდენიც მომავალში ეს იქნება. მსოფლიოში არსებული ნავთობისა და გაზის 85% სახელმწიფოს საკუთრებაში შედის, 15% – კერძო საკუთრებაში. ნორვეგიაში ნავთობსა და გაზს ეროვნულ სიმდიდრედ მიიჩნევენ, რაც თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქვეყნის წარმატების ერთ–ერთ მთავარ ელემენტად. სწორედ ამ ფაქტორს უნდა მივაწეროთ ნორვეგიის ეკონომიკის სიმყარე და განვითარებული სოციალური სფერო. ნავთობიდან და გაზიდან შემოსული მილიარდობით დოლარი (4,8 მილიონ ადამიანზე ! ) მოსახლეობაზე ზრუნვასა და მომავალი თაობების ღირსეული ცხოვრების მოწყობას ხმარდება. ნორვეგიელები სიამაყით ხშირად იმეორებენ, რომ „ რესურსები ერს ეკუთვნის ! “ [7]

 

დასკვნა

ნორვეგია ყველა პირობას აკმაყოფილებს იმისათვის, რომ ითვლებოდეს მყარი და აყვავებული ეკონომიკის ქვეყანად. მისი ეკონომიკა ძლიერდება მაღალკვალიფიციური მუშახელის, გონივრული სახელმწიფო რეგულირებისა და კარგად ორგანიზებული ბიზნესის ხარჯზე. ქვეყანაში არ არის კორუფცია, ეკონომიკა ბოლომდე გამჭვირვალეა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ნორვეგია ძალიან დიდ რესურსს დებს ეკონომიკის განვითარებაში და საერთაშორისო პროგნოზების თანახმად, მომავალში ქვეყანა სულ უფრო და უფრო დაიმკვიდრებს მოწინავე ადგილს ევროპისა და მსოფლიოს ეკონომიკაში. ვეცადე, რეფერატში დაწვრილებით ამეღწერა ნორვეგიის გეოეკონომიკის ის თავისებურებები და ნიშან– თვისებები, რომლებიც მას მსოფლიოში უნიკალურ ქვეყანად აქცევს მრავალ ასპექტში.

ავტორი: თეა სიხარულიძე

 

 

[1] გიორგი კვინიკაძე – „ გეოეკონომიკის საფუძვლები“, თბილისი 2012

[2] http://referat.ru/referats/view/5278

[3] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/no.html

[4] http://www.nauka-shop.com/mod/shop/productID/3783/

[5] http://www.nauka-shop.com/mod/shop/productID/3783/

[6] http://ecsocman.hse.ru/data/2011/10/27/1267245686/67.pdf

[7] http://www.norge.ru/norway_wonder/

 

გამოყენებული ლიტერატურა :

გიორგი კვინიკაძე – „ გეოეკონომიკის საფუძვლები“, თბილისი 2012

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A0%D0%B0%D0%B7%D0%B2%D0%B8%D1%82%D1%8B%D0%B5_%D1%81%D1%82%D1%80%D0%B0%D0%BD%D1%8B

http://www.uptrading.ru/main/internet_trejding_na_finansovyh_rynkah/informacionnyj_blok_trejderainvestora/ekonomika_i_politika/mirovaya_ekonomika/ekonomika_razvityh_stran/

http://referat.ru/referats/view/5278

https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/no.html

http://ecsocman.hse.ru/data/2011/10/27/1267245686/67.pdf

http://www.norge.ru/norway_wonder/

http://www.nauka-shop.com/mod/shop/productID/3783/

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *