მედეგობის მიმართება ორაზროვან დანაკარგთან და ფსიქიკურ კეთილდღეობასთან ქართველი ემიგრანტების ოჯახებში

ავტორი: თამარ ბედოშვილი
<< ნაშრომი შეფასებულია უმაღლესი ქულით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წყაროდ >>
აბსტრაქტი
მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს მედეგობას, ორაზროვან დანაკარგსა და ფსიქიკურ კეთილდღეობას შორის მიმართების დადგენა ემიგრაციაში წასული ქართველების, საქართველოში მცხოვრებ ოჯახებში. კვლევა ჩატარდა 156 მონაწილესთან, რომლებიც წარმოადგენდნენ ემიგრანტების ოჯახების სხვადასხვა ჯგუფებს (მეუღლეები, მშობლები, შვილები, და-ძმა). მონაცემების შესაკრებად გამოყენებული იყო კითხვარები, რომლებიც შეიცავდა ორაზროვანი დანაკარგის, ფსიქიკური მედეგობისა და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის შეფასების ინსტრუმენტებს.
კორელაციური და რეგრესიული ანალიზის საშუალებით გამოიკვეთა, მნიშვნელოვანი უარყოფითი კორელაცია დანაკარგს და ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნას შორის, დადებითი კორელაცია გამოვლინდა ფსიქიკურ მედეგობასა და ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნას შორის. კვლევამ ვერ გამოავლინა მნიშვნელოვანი განსხვავება ემიგრანტის შვილებსა და სხვა ოჯახის წევრებს შორის ორაზროვანი დანაკარგის მხრივ. კორელაციის კოეფიციენტი მიუთითებს, რომ მთლიანობაში არსებობს შედარებით ძლიერი კავშირი ორაზროვან დანაკარგს, მედეგობას და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას შორის. რეგრესიული დამუშავების შედეგად ასევე აღმოჩნდა, რომ მედეგობა და დანაკარგი 43.1%-ით ხსნიან ცვლილებებს ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნის ქულებში.
წინამდებარე კვლევა ხაზს უსვამს ორაზროვანი დანაკარგის და ფსიქიკური მედეგობის მნიშვნელოვან როლს ემიგრანტების ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში და საჭიროებას, რომ დამატებითი კვლევები ჩატარდეს როლების ბუნდოვანების ზეგავლენის სიღრმისეულად შესასწავლად.
ძირითადი საძიებო სიტყვები: ორაზროვანი დანაკარგი, ფსიქიკური მედეგობა, ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნა, როლების ბუნდოვანება.
Abstract
The aim of this study is to determine the relationship between resilience, ambiguous loss, and psychological well-being among families in Georgia with members who have emigrated. The study was conducted with 156 participants representing various groups within emigrant families (spouses, parents, children, siblings). Questionnaires were used to collect data, containing instruments for assessing ambiguous loss, psychological resilience, and psychological well-being.
Correlation and regression analyses revealed a significant negative correlation between loss and psychological well-being and a positive correlation between psychological resilience and psychological well-being. The study did not find a significant difference in ambiguous loss between emigrants’ children and other family members. The correlation coefficient indicates that there is a relatively strong overall connection between ambiguous loss, resilience, and psychological well-being. Regression analysis further showed that resilience and loss explain 43.1% of the variance in psychological well-being scores.
This study highlights the significant role of ambiguous loss and psychological resilience in the psychological well-being of emigrants’ family members and underscores the need for further research to explore the impact of role ambiguity in depth.
Keywords: ambiguous loss, psychological resilience, psychological well-being, role ambiguity.
სიტყვა დანაკარგი ადამიანებისთვის შეიძლება განსხვავებულად იქნას გაგებული და სხვადასხვა ასპექტს მოიცავდეს, მაგალითად, როგორიცაა: განშორება, განცალკევება, რომელიც სიცარიელის, მწუხარების, სევდის განცდას იწვევს. დანაკარგი თავდაპირველად ძალიან ვიწროდ იყო გაგებული და მხოლოდ სიკვდილთან, ან მატერიალურ დანაკარგთან ასოცირდებოდა. შესაბამისად, ადამიანთა უმეტესობა დანაკარგს არქმევდა ხილულ ფაქტს, რომლის შემდეგაც ვიღაცას ან რაღაცას კარგავდა. სამეცნიერო თუ არასამეცნიერო სივრცეშიც იშვიათად თუ საუბრობდა ვინმე ისეთი დანაკარგის შესახებ, რომელიც არ იყო დაკავშირებული სიკვდილთან (Mitchell, 2016). თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც პოლინ ბოსის კვლევები და თეორია გამოქვეყნდა ორაზროვანი დანაკარგის შესახებ. საუბარი უკვე დაიწყო აბსოლუტურად განსხვავებული ტიპის დანაკარგის შესახებ, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როდესაც ადამიანი გაურკვევლობაშია საყვარელი ადამიანის ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ყოფნა-არყოფნის შესახებ (Boss, 1999). კონკრეტულმა დანაკარგმა შესაძლოა ისეთივე ზიანი მიაყენოს ადამიანის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას, როგორიც სხვა ფსიქოლოგიურმა ტრავმებმა, ან ფსიქიკურმა დაავადებებმა. უფრო მეტიც, ბოსი მიიჩნევს, რომ ორაზროვანი დანაკარგი არის მეტად ტრავმული და სტრესული, ვიდრე სხვა რომელიმე ტიპის დანაკარგი, რადგან ამ შემთხვევაში არ არსებობს გამოსავალი ან იმის დასტური, ადამიანი დაბრუნდება თუ არა. მეტიც, ამ შემთხვევაში გაურკვეველია ის ფაქტიც, იქნება თუ არა ცხოვრება ისეთი, როგორიც ამ ადამიანის წასვლამდე. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როგორც წასული ადამიანის როლები და ფუნქციები, ასევე დარჩენილის, რადგან საგრძნობლად იცვლება წარსულში არსებული სიტუაცია. (Boss, 2006).
ორაზროვანი დანაკარგი ორ სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება რომ არსებობდეს (Boss, 1999). პირველი შემთხვევა, როცა ადამიანი ფსიქოლოგიურად არსებობს, მაგრამ ფიზიკურად არ იმყოფება შენს გვერდით. მაგალითად ისეთი შემთხვევები, როგორებიცაა უგზოუკვლოდ გაუჩინარება, განქორწინება. მეორე შემთხვევაში კი, ადამიანი ფიზიკურად იმყოფება შენს გვერდით, მაგრამ ფსიქოლოგიურად არა. ასეთი შემთხვევების მაგალითებია, მდგომარეობები, როგორებიცაა ნივთიერებებზე დამოკიდებულება, დემენცია, ტვინის ტრამვული დაზიანება და სხვა.
ორაზროვანი დანაკარგის თეორია ეყრდნობა ოჯახის სტრესის თეორიას და აღწერს ისეთ გაურკვეველ და ბუნდოვან სიტუაციებს, რომლებიც ოჯახის წევრის ფიზიკური ანდაც ფსიქოლოგიური დაკარგვის შედეგად წარმოიქმნება (Boss, 2004). ოჯახის წევრის გაურკვეველი სტატუსით გამოწვეულმა სტრესმა შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი მდგომარეობების განვითარებას, როგორებიცაა უმწეობა, დაბნეულობა და დეპრესიული სიმპტომების განვითარება. ასევე, შესაძლებელია, რომ ოჯახში, რომელიმე წევრის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური არყოფნის გამო, ოჯახის წევრების როლები და მათი ფუნქციები შეუსრულებელი დარჩეს და ურთიერთობებშიც გარკვეული სირთულეები წარმოიშვას (Boss, 2006). ყოველივედან გამომდინარე, ორაზროვანი დანაკარგი ოჯახის წევრების ურთიერთობებსა და მედეგობაზეც ახდენს გავლენას (Brown & Coker, 2019). პოლინ ბოსმა მოგვიანებით კიდევ უფრო გააფართოვა ორაზროვანი დანაკარგის თეორიის ჩარჩო და შეიმუშავა თერაპიისა და ინტერვენციის სახელმძღვანელო, რომელიც თავისი არსით გულისხმობს მედეგობის გამომუშავებას ინდივიდებისა და ოჯახებისთვის, რადგან მათ განაგრძონ ცხოვრება, იმის მიუხედავად, რომ არაფერი იციან საყვარელი ადამიანის ბედის შესახებ და შეძლონ უკეთ გაუმკლავდნენ არსებულ სიტუაციას. არსებობს მედეგობის გამომუშავების ექვსი ხელშემწყობი პრინციპი, რომლებიც მდგომარეობს კონტროლის ცვლილებაში, საზრისის მოძებნაში, ამბივალენტობის ნორმალიზებაში, იდენტობის რეკონსტრუქციაში, მიჯაჭვულობის გადასინჯვასა და ახალი იმედის აღმოჩენაში (Boss, 2006). ბოსი თავის მომდევნო ნაშრომში (Boss, 2011) დეტალურად განმარტავს, თუ როგორ ეფუძნება ორაზროვანი დანაკარგის მოდელი ოჯახის სტრესის თეორიას. ყურადღებას ამახვილებს რა იმაზე, რომ ორაზროვანი დანაკარგისადმი სწორი მიდგომა და თერაპია სტრესის მოდელს უნდა ეყრდნობოდეს, ხოლო მედეგობის გამომუშავებას მიზნად ვისახავთ მაშინ, როდესაც არსებულ პრობლემას საბოლოო გადაწყვეტა ან რაიმე კონკრეტული პასუხი არ გააჩნია. მედეგობის გაძლიერება ორაზროვანი დანაკარგის დროს თერაპიის მთავარი მიზანია, რომელიც დაეხმარება ინდივიდებსა და ოჯახებს დანაკარგთან გამკლავებაში (Brown & Coker, 2019).
ტერმინის დამკვიდრების შემდეგ, ეს უკანასკნელი მიესადაგებოდა ისეთ სიტუაციებს ან დაავადებებს, როდესაც საქმე გვქონდა გაუჩინარებასთან, ომში დაკარგვასთან, მეხსიერების დაკარგვის, დემენციით დაავადებული ადამიანების ოჯახის წევრებთან, განქორწინებასთან და ა.შ. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ორაზროვანი დანაკარგი არის ისეთი მდგომარეობა, რომელსაც არ აქვს ნათელი, ზუსტი, მკაფიო დასასრული და უკავშირდება ინდივიდების კარგად ყოფნის განცდასა და ოჯახში სტრესის მართვას (Boss, 2002), შეიძლება დავუკავშიროთ ისეთ სიტუაციებსაც, რომლის დროსაც შესაძლოა ადამიანები განიცდიდნენ ორაზროვან დანაკარგს, მაგრამ არც კი იცოდნენ იმის შესახებ, თუ რა ჰქვია მათ მდგომარეობას, რადგანაც ეს ტერმინი არც ისე გავრცელებულია საზოგადოებაში და მითუმეტეს არ ასოცირდება ყველა მდგომარეობასთან ან მოვლენასთან. ერთ-ერთი ამ მოვლენათაგანია ემიგრაცია. და ვინაიდან, ემიგრაციის მაჩვენებელი დღეს საკმაოდ მაღალია და ამასთანავე, ინარჩუნებს ზრდის ტენდენციას, ლოგიკურია გაჩნდეს კითხვა იმის შესახებ, რა მდგომარეობაა ემიგრაციის გამოცდილების მქონე ადამიანებთან და მათი ოჯახის წევრებთან, როგორია მათი განცდები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რა ვიცით იმის შესახებ თუ რა პროცესები მიმდინარეობს ემიგრაციის დროს კონკრეტულ ინდივიდსა თუ მის ოჯახის წევრებში და ამ შემთხვევაშიც ხომ არ შეიძლება ვეძებოთ ორაზროვანი დანაკარგი. უფრო გარკვევით რომ ვთქვათ, მეტი ინფორმაციაა საჭირო ორაზროვანი დანაკარგის მდგომარეობისა და იმ პროცესებისა შესახებ, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვთ ემიგრაციის სიტუაციასთან გამკლავებასა და ჯანსაღი ფუნქციონირების შენარჩუნებაში. კვლევების თანახმად (Marchetti-Mercer, 2012; Boccagni, 2012; Solheim et al., 2016), ემიგრანტები და სამშობლოში დარჩენილი მათი ოჯახის წევრები განიცდიან ორივე ტიპის ორაზროვან დანაკარგს. აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგადად ემიგრაციის გამოცდილება, როგორც ორაზროვანი დანაკარგის მდგომარეობა, ნაკლებად არის შესწავლილი. ქართულ რეალობაში კი, სამეცნიერო სივრცეში ფაქტობრივად, არც ერთი სისტემური კვლევა არ მოიპოვება.
ორაზროვანი დანაკარგი
ორაზროვანი დანაკარგის თეორია, რომელიც ბოსმა (Boss, 1999) შემოგვთავაზა, როგორც უკვე ვახსენე, ოჯახის სტრესის თეორიას ეყრდნობა და აღწერს ისეთ სიტუაციებს, სადაც დანაკარგი გაურკვეველი, დაუსრულებელი ან ნაწილობრივია. ორაზროვანი დანაკარგი მოიაზრებს ისეთი ტიპის დანაკარგის არსებობას რომელიც არ არის ცხადი და, ამის გათვალისწინებით, შეუძლებელს ხდის სიტუაციის დასრულებას (Boss, 2016). ბოსი აღნიშნავს, რომ თავისი არსის გამო ორაზროვანი დანაკარგი ყველაზე სტრესული დანაკარგის ტიპად ითვლება. (Dahl & Boss, 2020). თეორიის ავტორი ორაზროვანი დანაკარგის ორ ტიპს გვთავაზობს:
- ეს არის ფიზიკური დანაკარგის შემთხვევა, როდესაც ადამიანი თავისთვის საყვარელი, ძვირფასი ადამიანის მის გვერდით ფსიქოლოგიურ ყოფნას გრძნობს, მაგრამ ეს ადამიანი ფიზიკურად უკვე აღარ არის მის ცხოვრებაში. მაგალითად, ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, სად არის მათი ოჯახის წევრი, გარდაცვლილია თუ ცოცხალი. სხვა სიტყვებით, საყვარელი ადამიანი ფიზიკურად არ არის ოჯახის გვერდით, მაგრამ ფსიქოლოგიურად ისევ იქ იმყოფება, რადგან არ არსებობს სიკვდილის ან დანაკარგის მტკიცებულება. ასეთ შემთხვევაში მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ უგზოუკვლოდ დაკარგული ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრები, განქორწინებული წყვილები და ა.შ. ყველა მსგავსს სიტუაციაში საყვარელი ადამიანები ფიზიკურად აღარ არიან პიროვნების გვერდით, მაგრამ ისინი ფსიქოლოგიურად რჩებიან მის გონებაში. ამ ტიპის ორაზროვან დანაკარგში ასევე შეიძლება მოვიაზროთ, ადამიანთან კონტაქტის დაკარგვა. კონტაქტის დაკარგვით გამოწვეული ორაზროვანი დანაკარგის დროს, შეიძლება ადამიანმა იცოდეს სად არის მეორე ადამიანი, ან რა დაემართა მას, მაგრამ მაინც განიცდიდეს იმ შემაწუხებელ განცდებსა და გრძნობებს, რომელიც დაკავშირებულია ორაზროვან ამ სახის ორაზროვანი დანაკარგის მაგალითებად შეიძლება წარმოვადგინოთ შემთხვევები, როგორიცაა განქორწინება, პატიმრობა, გაუცხოვება ან განშორება ემიგრაციის გამო.
- მეორე ტიპის დანაკარგში, ანუ როდესაც საქმე გვაქვს ფსიქოლოგიურ დანაკარგთან, საყვარელი ადამიანი ფიზიკურად იმყოფება ოჯახის წევრების გვერდით, მაგრამ ფსიქოლოგიურად მიუწვდომელია. ამის მრავალი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ, მაგალითად, კოგნიტური გაუარესება, რომელიმე ავადმყოფობით გამოწვეული მეხსიერების დაკარგვა, ტრავმა, ნივთიერებებზე დამოკიდებულება, კომის მდგომარეობა (Boss, 2011). ლიტერატურის გაცნობის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ბოსის (Boss, 2006) მთავარი თეორიული დაშვებაა, რომ ორაზროვანი დანაკარგი ყველაზე სტრესული დანაკარგია, რადგან ის მთლიანად ცვლის კონკრეტულ მოვლენამდე არსებულ მდგომარეობას, რეალობას და ბუნდოვან წარმოდგენებს ქმნის იმის შესახებ, თუ ვინ არის და ვინ არა კონკრეტული ოჯახის წევრი.
დანაკარგს როგორც წესი მოყვება გლოვა. რამდენიმე სიტყვით რომ განვმარტოთ, გლოვა, ეს არის მძიმე დანაკლისზე უნებლიე, უკონტროლო, ემოციური და ქცევითი რეაქციაა, რომელიც ინდივიდუალურად განიცდება თითოეული ადამიანისათვის. გლოვა, ხუთი ფაზისაგან შედგება და ამ ფაზების გავლა უნივერსალურია ნებისმიერი კულტურის ადამიანისათვის, თუმცაღა შესაძლოა მიმდინარეობდეს სხვადასხვა თანმიმდევრობით. პირველი ეტაპი არის უარყოფა, ანუ ფაქტის არ დაჯერება, შემდეგ ბრაზი, მოლაპარაკების წარმოება, რაშიც იგულისხმება ერთგვარი ,,გარიგება“ საკუთარ თავთან, ან შესაძლოა ღმერთთან, ეს ადამიანს დარდის შემსუბუქებაში ეხმარება, აქვე ხშირია დანაშაულის განცდა, მომდევნო ფაზა დეპრესიაა, ბოლოს კი მიღება. ეს ხდება სტანდარტულად, მძიმე დანაკარგის შემთხვევაში. ადამიანი ასრულებს გლოვის ეტაპებს (Kubler-Ross, 1969). ამის პარალელურად საინტერესოა როგორ მიმდინარეობს პროცესი ორაზროვანი დანაკარგის შემთხვევაში. ორაზროვანი დანაკარგის დროს სხვა დანაკარგებისგან განსხვავებით, პროცესი უფრო ხანგრძლივი და შემაწუხებელია. რაც ორაზროვანი დანაკარგის გაურკვეველი ბუნებითაა გამოწვეული. განსხვავებულად მიმდინარეობს გლოვისა და მწუხარების ეტაპები. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ორაზროვანი დანაკარგის მდგომარეობაში მყოფი ადამიანები გაურკვევლობაში არიან და შესაბამისად, ვერ ახერხებენ მწუხარების მდგომარეობიდან გამოსვლას და გლოვის პროცესის დასრულებას. არსებული ორაზროვნება არ აძლევს მათ სიტუაციის დახურვის, დასრულების საშუალებას (Dahl & Boss, 2020), ინდივიდი განიცდის დაბნეულობას, შერეულ ემოციებს, როგორიცაა მაგალითად იმედი, რომელიც სასოწარკვეთასთანაა გადახლართული. ასეთმა ემოციურმა ამბივალენტობამ შესაძლოა გამოიწვიოს ზიანის გააზრების სირთულე (Dahl & Boss, 2020). ორაზროვანმა დანაკარგმა შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკული სტრესი და შფოთვა. მოგეხსენებათ, რომ მკაფიო გადაწყვეტის არარსებობა ნიშნავს ინდივიდების მხრიდან მუდმივ დაპირისპირებას დაკარგული ადამიანის ხელახლა გამოჩენასთან ან საბოლოოდ დაკარგვასთან. აუცილებელია აღვნიშნოთ რომ უკანასკნელი თავისი არსით ასევე განაპირობებს მწუხარების შეზღუდულ უფლებას, რადგან ხშირად ეს დანაკარგი არ არის საზოგადოდ აღიარებული ან დადასტურებული. რის შედეგადაც ადამიანები გრძნობენ ნაკლებ მხარდაჭერას გარშემომყოფებისგან და ეს აისახება მათ ზოგად ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნაზეც. პრობლემური ხდება ურთიერთობების საკითხიც, ვინაიდან დანაკარგის განსხვავებულმა აღქმამ და დაძლევის გზებმა, შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი, დაძაბულობა ოჯახის წევრებს შორის, რაც მეტად ართულებს მწუხარების პროცესს (Brown & Coker, 2019).
ემიგრაციასთან დაკავშირებული ორაზროვანი დანაკარგი
ემიგრაცია, როგორც სამშობლოს დატოვების და ერთი ქვეყნიდან მეორეში ,,გადასახლების“ აქტი, არის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა, რომელსაც ღრმა ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც თავად ემიგრანტებზე, ისე მათ ოჯახის წევრებზე. ემიგრაციის პროცესი მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ გადაადგილებას, არამედ ძალზედ მნიშვნელოვან ემოციურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს. ცვლილებებს, რომლებსაც საბოლოოდ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანის ზოგად კეთილდღეობაზე. დღესდღეობით ამ თემასთან დაკავშირებული კვლევებიდან, უმეტესობა მათგანი აჩვენებს, რომ ემიგრაციას სხვადასხვაგვარი ემოციური დანაკარგი შეიძლება სდევდეს თან. ეს შეიძლება იყოს შემცირებული კომუნიკაცია საყვარელ ადამიანებთან, მათთან გაუცხოვება, ნაკლები მხარდაჭერა მათი მხრიდან, როლების დაკარგვა, ან ახალი როლების მორგება. ყოველივე ეს კი, წუხილის, ტანჯვისა და დანაკარგის განცდის საფუძველი ხდება (Antman, 2010; Sands & Roer-Strier, 2004; Şenyürekli & Detzner, 2008; Silver, 2011). არ ვდაობთ, რომ ემიგრანტებს უამრავი სირთულის გადალახვა უწევთ, მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ემიგრაცია უამრავი გამოწვევის წინაშე აყენებს ემიგრანტის ოჯახის წევრებსაც. ოჯახის წევრებმა, რომლებიც რჩებიან სამშობლოში, შეიძლება განიცადონ შფოთვა და ემოციური დისტრესი საყვარელი ადამიანის ფიზიკური არყოფნის გამო. ცვლილებებს წავაწყდებით ოჯახურ როლებთან დაკავშირებით, რადგანაც სავარაუდოა, რომ გაიზრდება, ან სხვანაირად გადანაწილდება პასუხისმგებლობები. იარსებებს უამრავი კითხვის ნიშანი, საყვარელი ადამიანის მდგომარეობის ირგვლივ. კომუნიკაციის ბარიერმა, რომელიც გამოწვეული იქნება გეოგრაფიული მანძილისა და დროის ზონის განსხვავებების გამო, შესაძლოა გამოიწვიოს გაუგებრობის, ან ოჯახიდან გამოთიშვის განცდა(Boss, 2006). ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები და გამოწვევები მიგვანიშნებს ემიგრანტების ოჯახის წევრებში ორაზროვანი დანაკარგის არსებობას.
ემიგრაციასთან დაკავშირებული ორაზროვანი დანაკარგი მიეკუთვნება თეორიის პირველ კატეგორიას, რომლის შემთხვევაშიც ადამიანი არ არის ფიზიკურად, მაგრამ არის ფსიქოლოგიურად. ფიზიკური ორაზროვანი დანაკარგის შემთხვევაში გაურკვეველია, ვინმე ან რამე თუ უნდა გამოიგლოვოს ადამიანმა და უპასუხოდ რჩება შემაწუხებელი კითხვები: „წავიდა თუ არა საყვარელი ადამიანი სამუდამოდ?“ „უნდა გამოვიგლოვო თუ არა ეს დანაკარგი?“ ცხოვრება თითქოს გაყინულია მანამ, სანამ დანაკარგის არსებობის უტყუარი მტკიცებულებები არ გამოჩნდება. (Boss, 1999). ჯერვსმა და კოლეგებმა (Jerves et al., 2019) იკვლიეს ემიგრაციაში მყოფი მშობლების მოზარდი შვილების გამოცდილება. კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები თავიანთ მიგრანტ მშობლებთან ურთიერთობას დისტრესის და ემოციური ამბივალენტობის განმეორებით წყაროდ მიიჩნევდნენ, მათი შეხვედრის, კვლავაც გაერთიანების შესაძლებლობა კი გაურკვეველია და ქმნის ორაზროვანი დანაკარგის გამოცდილებას. კვლევები ემიგრანტების სამშობლოში დარჩენილი ოჯახის წევრების შესახებ, ასევე ადასტურებს ოჯახის წევრთან განშორებით გამოწვეული დანაკარგისა და ტკივილის არსებობას (Sands & Roer-Strier, 2004). მექსიკაში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც ოჯახის წევრები საზღვარგარეთ ჰყავდათ, დეპრესიისა და მარტოობის უფრო მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისაც არ ჰყავდათ ემიგრანტი ოჯახის წევრი (Silver, 2011). დეპრესიის სიმპტომები მეტად იყო გამოხატული იმ ბავშვებში, რომლებსაც ემიგრაციაში ჰყავდათ მშობლები, ვიდრე ბავშვებში, რომლებიც მშობლებთან ერთად წავიდნენ ემიგრაციაში (Suarez-Orozco et al., 2002). მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტების ოჯახები იბრძვიან ფიზიკურად დაშორებული ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური ყოფნისა და როლის შენარჩუნებისთვის, ეს ურთიერთობები, მაინც ორაზროვნებითაა გაჟღენთილი (Solheim et al., 2016). როდესაც ოჯახის საზღვრები ორაზროვანია, ოჯახის წევრების მიერ შესასრულებელი როლები შეიძლება გაურკვეველი იყოს. მაგალითად, შეიძლება პასუხისმგებლობები, რომლებიც ტრადიციულად ემიგრანტ მამას, ან დედას ეკისრებოდა, ახლა სამშობლოში დარჩენილმა დედამ, მამამ აიღოს საკუთარ თავზე. მამაკაცს შეიძლება ტრადიციულად ქალის მიერ შესრულებული ისეთი ამოცანები დაეკისროს, როგორიცაა კერძების მომზადება, დასუფთავება და რეცხვა. დამატებითი პასუხისმგებლობები კი, უფრო ართულებს ორაზროვანი დანაკარგით გამოწვეულ მდგომარეობას (Pribilsky, 2004). ასევე რთული საკითხია ოჯახის წევრებს შორის, განსაკუთრებით კი, მშობელსა და შვილებს შვილებს შორის გაუცხოვება. როგორც წესი, ემიგრანტები ერთდროულად მუშაობენ რამდენიმე სამსახურში. ეს მათ ძალიან მცირე თავისუფალ დროს უტოვებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას და ზრდის გაუცხოვებას (Suarez-Orozco & et al. 2001)ემიგრანტი დედების მცირეწლოვან შვილებს რაღაც პერიოდის შემდგომ შეუძლიათ თავიანთი მიჯაჭვულობა სხვა აღმზრდელ პირზე გადაიტანონ, რომელსაც ხშირად დედასაც უწოდებენ (Dreby, 2007). გამომდინარე იქიდან, რომ ორაზროვანი დანაკარგი ხშირად იწვევს ქრონიკულ მწუხარებას, საფრთხე ექმნება ადამიანის ზოგად მენტალურ ჯანმრთელობას. ორაზროვანმა დანაკარგმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნაზე სტრესის, შფოთვის და დეპრესიის დონის გაზრდით. დანაკარგის ამ ტიპმა შეიძლება შეამციროს დაძლევის სტრატეგიების ეფექტურობა (Betz&Thorngren, 2006).
ფსიქიკური მედეგობა
ტერმინი მედეგობა და მისი განმარტება, დროთა განმავლობაში იცვლებოდა და იხვეწებოდა. ხშირად ის მოიაზრებოდა მხოლოდ უნარად, რომლის საშუალებითაც ადამიანი გაუძლებდა სტრესს უარყოფითი შედეგების გარეშე. მოგვიანებით, მედეგობის განმარტებები აქცენტს აკეთებს იმაზეც, თუ რამდენად შეეძლო ინდივიდს რისკის ან სირთულეების ზემოქმედების მიუხედავად, ადაპტაციური ფუნქციების ოპტიმალური დონის შენარჩუნება. მედეგობის შესახებ კვლევების ძირითად მიზანს წარმოადგენდა, იმის შესწავლა, თუ როგორ ადაპტირდებიან ადამიანები სირთულეების პირობებში და როგორ ავითარებენ და ხვეწენ მედეგობის გაძლიერების გზებს (Masten, 2016).
მედეგობა ადაპტაციის უნარია, რომელიც თავისთავში მოიაზრებს რთულ სიტუაციასთან გამკლავებას, ეს შეიძლება იყოს რაიმე სახის ტრაგედია, ტრამვა, ან სტრესის სხვადასხვა წყაროები. ნეგატიური ემოციური განცდებისგან თავის დაღწევასა და ადაპტირებას სტრესული სიტუაციების ცვალებად მოთხოვნებთან. (APA, 2015) უფრო მარტივად, მედეგობა რთული სიტუაციებიდან ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნებას ნიშნავს.
როგორც ზემოთ აღინიშნა, ორაზროვანი დანაკარგის თეორიული მოდელის საფუძველი არის ოჯახის სტრესის კონტექსტუალური მოდელი, რომელიც სტრესსა და გვთავაზობს მედეგობაზე დაფუძნებულ პერსპექტივას. ორაზროვანი დანაკარგის თერაპიული მიზანი ნებისმიერ სიტუაციაში მედეგობის შექმნა ხდება, რათა ინდივიდებმა და ოჯახებმა, ორაზროვნების მუდმივი სტრესის მიუხედავად, კარგად ყოფნის განცდა შეინარჩუნონ (Boss, Bryant, & Mancini, 2017).
ბოსისთვის (Boss, 2006) მედეგობას, უფრო განსხვავებული და ღირებული მნიშვნელობა ენიჭება. ის ამ უნარს ფსიქიკური მოქნილობისა და ელასტიურობის უნარს უწოდებს, რომელსაც ადამიანი ცხოვრებისეული ზეწოლისა თუ დაძაბულობის საპასუხოდ იყენებს. ხოლო როდესაც საქმე ორაზროვან დანაკარგს ეხება, მედეგობა ორაზროვნების მიმართ მეტი ტოლერანტობის გამომუშავებას გულისხმობს. ეს ნიშნავს აღქმის შეცვლას სიტუაციისადმი და აქედან გამომდინარე განსხვავდება კიდეც დაძლევის კონცეფციისაგან. იმ ინდივიდებისთვის, რომლებიც ორაზროვან დანაკარგს განიცდიან, მედეგობა პარადოქსული სიტუაციისა და დასრულების შეუძლებლობის მიღებას გულისხმობს და არსებულ ორაზროვნებასა და გაურკვევლობის მიუხედავად კარგად ყოფნის განცდის შენარჩუნებას ნიშნავს (Dahl & Boss, 2020). ბოსი მედეგობის თავისეულ კონცეფციაში აქცენტს ინდივიდების ან ოჯახების უნარზე აკეთებს, რომ მათ იცხოვრონ და იფუნქციონირონ ჯანსაღად, მიუხედავად უამრავი უპასუხოდ დარჩენილი კითხვის, სტრესისა და გაურკვევლობით გამოწვეული მტკივნეული ორაზროვნებისა (Boss, 2016).
პოლინ ბოსი (Boss, 2006) მედეგობის გაძლიერების ექვს ფაქტორს აღწერს იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც მუდმივი სტრესის, გადაუჭრელი, გაურკვეველი მწუხარებით გამოწვეული მტკივნეული და უწყვეტი დანაკარგის სიტუაციაში უწევთ ცხოვრება. აღნიშნული ფაქტორების ჩამონათვალი ასეთია-საზრისის პოვნა, კონტროლის შეცვლა, იდენტობის რეკონსტრუქცია, ამბივალენტობის ნორმალიზება, მიჯაჭვულობის გადასინჯვა და ახალი იმედის აღმოჩენა. იმ შემთხვევაში, როდესაც მიზანი ინდივიდების, წყვილებისა და ოჯახების მედეგობის გაძლიერებაა, მედეგობის ფაქტორები თერაპიულ სახელმძღვანელო პრინციპებსაც წარმოადგენენ. კვლევების მიხედვით (Masten & Tellegen, 2012), მედეგობა დადებით კავშირშია ბედნიერებასთან და სხვა პოზიტიურ შედეგებთან. ფსიქიკური მედეგობა, შესაძლებელია, რომ , გარემოსთან ადაპტაციის საზომადაც იყოს განხილული. ამას კარგად ადასტურებს ის კვლევები, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იყო კავშირი მედეგობას, დაძლევის რესურსებსა და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას შორის (Nasir et al,2022).
ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა
ფსიქოლოგიური კარგად ყოფნას ნებისმიერი ადამიანისათვის, სუბიექტური გაგება გააჩნია, მაგრამ ზოგადი და გავრცელებული დეფინიციის თანახმად, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ შეუძლია გამოავლინოს რა, საკუთარი თავის პოტენციალი, გაუმკლავდეს ყოველდღიურად არსებულ სტრესს, იყოს ეფექტური და პროდუქტიული საზოგადოებაში. კეთილდღეობა, კარგად ყოფნის განცდა მოიცავს არა მხოლოდ სუბიექტურ კმაყოფილებას, არამედ პიროვნულ განვითარებას, მიზნებსა და გარემოსთან ეფექტურად გამკლავებას (Ryff, 1989). მოგვიანებით ჩატარებული კვლევები (Ryff & Keyes, 1995) და (Ryff & Singer, 2008) ყურადღებას ამახვილებენ რომ ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნა მრავალი კომპონენტისაგან შედგება და რომ ეს კომპონენტები შესაძლოა შეფასდეს ინდიკატორებად. აღნიშნული კვლევების საფუძველზე (Ryff, 2014) ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის ექვს განზომილებიან მოდელს გვთავაზობს, რომელიც აღწერს ფსიქოლოგიური კეთილდღეობის სხვადასხვა ასპექტებს. მოდელი შედგება: (1) ავტონომიისგან, რომელიც მოიაზრებს დამოუკიდებლობას, თვითგანსაზღვრას, სხვადასხვა სოციალური ზეწოლებისადმი წინააღმდეგობის გაწევას, საკუთარი თავის პირადი სტანდარტებით შეფასებას და ქცევის რეგულაციას; (2) გარემოს ფლობაში იგულისხმება გარემოს მართვის კომპეტენციების არსებობა, ქონა, გარემოსთან ეფექტურად გამკლავების უნარი, გარეგანი აქტივობების კონტროლის უნარი, არსებული შესაძლებლობების ფუნქციურად, ეფექტურად გამოყენება და ისეთი კონტექსტების შერჩევისა და შექმნის უნარ-ჩვევები, რომლებიც შეესაბამება ინდივიდის პიროვნულ მოთხოვნილებებსა თუ ღირებულებებს. (3) მომდევნო განზომილება, პიროვნული ზრდა მოიაზრებს უწყვეტ განვითარებას, როდესაც პიროვნება საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც მზარდ და ახალი გამოცდილებისადმი ღია პიროვნებად. დარწმუნებულია რა, რომ შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება; (4) მეოთხე განზომილება, დადებითი ურთიერთობები მოიცავს სხვა ადამიანებთან დამაკმაყოფილებელი, სანდო, ნდობით სავსე ურთიერთობების არსებობას, სხვა ინდივიდების კეთილდღეობაზე ზრუნვას, ამავდროულად, ძლიერი ემპათიის, ემოციური მიჯაჭვულობისა და ინტიმურობის განცდის უნარის ქონას; (5) ცხოვრების მიზანი არის განზომილება, რომელიც აერთიანებს საკუთარი ცხოვრების მიმართულების, მნიშვნელობისა და მიზნის არსებობის განცდას, წარსულისა და აწმყო ცხოვრების საზრისის დანახვასა და იმის რწმენას, რომ ცხოვრებას გააჩნია აზრი, საზრისი. (6) საკუთარი თავის მიღება, იგივე თვითმიღება, ბოლო განზომილებაა, რომელიც გულისხმობს საკუთარი თავისადმი დადებით დამოკიდებულებებს, საკუთარი მეს სხვადასხვა ასპექტის, როგორც დადებითი, ისე უარყოფითის არსებობასა და მიღებას.
ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდისათვის, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემიგრანტების ოჯახის წევრებისათვის, რომლებიც განიცდიან ორაზროვან დანაკარგს. განშორებამ, დანაკარგმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი, შფოთვა ბუნდოვანების განცდა, რაც გავლენას იქონიებს ადამიანის ფსიქიკურ კეთილდღეობაზეც. როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, ოჯახები თვლიან, რომ განშორება იქნება დროებითი, მაგრამ ეს წლებიც შეიძლება გაგრძელდეს და რთულია იმის გაკონტროლება, რაც ამ განშორებას მოყვება. როდესაც საქმე ორაზროვანი დანაკარგის განცდას შეეხება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მედეგობის როლი, რადგანაც ის ეხმარება ადამიანებს, გაუმკლავდნენ გაურკვევლობასა და ემოციურ ტკივილს, ადაპტირდნენ არსებულ გარემოში და შეძლონ ცხოვრების გაგრძელება, ჯანსაღი ფუნქციონირება საზოგადოებაში (Betz & Thorngren, 2006). ინდივიდებს ორაზროვანი დანაკარგის მდგომარეობასთან გამკლავება დაძლევის კონკრეტული სტრატეგიების გამოყენებით უნდა შეეძლოთ. ლაზარუსი და ფოლკმანი (Lazarus & Folkman, 1984) დაძლევას განიხილავენ, როგორც ინდივიდსა და გარემოს შორის აქტიური ურთიერთქმედების პროცესს და აქცენტს აკეთებენ ინდივიდის მიერ სტრესორის კოგნიტურ შეფასებასა და გამკლავების საუკეთესო გზის პოვნაზე. შესაბამისად, ორაზროვანი დანაკარგის სიტუაციაში ინდივიდს დაძლევის „სწორი“ გზების მოძიება უნდა დაეხმაროს ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის შენარჩუნებაში. მედეგობა ეხმარება ადამიანებს სწრაფად ადაპტირდნენ ცვლილებებთან და გაურკვევლობასთან, რაც მნიშნელოვან როლს ასრულებს ფსიქოლოგიურ სტაბილურობაში. მედეგობა არ არის მხოლოდ ინდივიდუალური თვისება, უკანასკნელი არის სოციალური და გარემო ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც აყალიბებს ფსიქიკურ კეთილდღეობას (Masten, 2001).
კვლევის მიზანი
ზემოთ განხილული ლიტერატურიდან გამომდინარე, მოცემული კვლევის მიზანს წარმოადგენს მედეგობას, ორაზროვან დანაკარგსა და ფსიქიკურ კეთილდღეობას შორის მიმართების დადგენა ქართველი ემიგრანტების ოჯახებში.
საკვლევი კითხვა და ჰიპოთეზები
ნაშრომში პასუხი გაეცემა შემდეგ ძირითად კითხვებს:
- როგორ უკავშირდება ემიგრანტების ოჯახებში, ოჯახის წევრის ემიგრაციაში ყოფნასთან დაკავშირებული ორაზროვანი დანაკარგი, მედეგობა და საერთო ფსიქიკური კეთილდღეობა ერთმანეთს?
- როგორ და რამდენად განსხვავდება ოჯახის წევრის ემიგრაციაში ყოფნასთან დაკავშირებული ორაზროვანი დანაკარგი ემიგრაციაში მყოფი პირების კატეგორიების (შვილები, მეუღლეები, მშობლები) მიხედვით?
წინასწარ ვარაუდებზე დაყრდნობით შემუშავებულ იქნა შემდეგი ჰიპოთეზები:
- ორაზროვანი დანაკარგი უარყოფით კავშირშია ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნასთან და უკუწინასწარმეტყველებს მას.
- როლების ბუნდოვანება უარყოფით კავშირშია ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნასთან და უკუწინასწარმეტყველებს მას.
- მედეგობა დადებით კავშირშია ფსიქიკურ კეთილდღეობასთან და წინასწარმეტყველებს მას.
- მშობლის ემიგრაციით გამოწვეული ორაზროვანი დანაკარგი უფრო მაღალია, ვიდრე შვილის, და/ძმის მეუღლის ემიგრაციით გამოწვეული დანაკარგი.
მეთოდი
კვლევა რაოდენობრივი კვლევის მეთოდით ჩატარდა, მონაცემების შესაგროვებლად კი, გამოყენებული იყო რაოდენობრივი სტილის კითხვარები.
შერჩევა
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 156-მა რესპოდენტმა, რომელთა ასაკიც მერყეობდა 18დან 60 წლამდე (M=30, 67 SD=9.945). მონაწილეების 72.2%-ს შეადგენდა ქალი (N=122), ხოლო 21.8%-ს მამაკაცი (N=34). მონაწილეთა უმრავლესობა 65.4%-ი იყო ემიგრანტის შვილი (N=102), მონაწილეთა 14.7%-ი გახლდათ მეუღლე (N=23), ხოლო რესპოდენტების 13.5%-ს შეადგენდნენ ემიგრანტის და/ძმები (N=21), ყველაზე მცირე რაოდენობით 6.4%-ს შეადგენდნენ ემიგრანტის მშობლები(N=10).
პროცედურა
მოცემულ კვლევაში გამოვიყენე ხელმისაწვდომი შერჩევა. კერძოდ სხვადასხვა სოციალური ქსელები, კითხვარი ასევე გაზიარდა სხვადასხვა ჯგუფებში, სადაც არიან ქართველი ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები. კითხვარები გაიგზავნა პერსონალურადაც, იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან ქართველი ემიგრანტების ოჯახის წევრები. კვლევის მონაწილეებმა მიიღეს Google forms-ში მოცემული კითხვარი. კითხვარების დაწყებამდე მოცემული იყო ინფორმაცია საკვლევი საკითხის და კვლევის მიზნების შესახებ. ასევე ანონიმურობის, კონფიდენციალურობის შესახებ და მითითებული იყო რომ კვლევაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. ასევე მოცემული იყო, კითხვარის შევსებისათვის საჭირო დროც. კითხვარი შედგებოდა რამდენიმე დემოგრაფიული შეკითხვისაგან (სქესი, ასაკი, ვინ არიან ემიგრანტისთვის), ორაზროვანი დანაკარგის საკვლევი კითხვარისაგან (12 დებულება), ფსიქოლოგიური მედეგობის კითხვარისაგან (6 დებულება) და ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნის საკვლევი კითხვარისაგან (14 დებულება).
ინსტრუმენტები
ორაზროვანი დანაკარგის საკვლევი კითხვარი მოდიფიცირებული ვარიანტი. ემიგრანტის ოჯახის წევრების ორაზროვან დანაკარგზე მორგებული კითხვარი, რომელიც შეიქმნა საზღვრების ორაზროვნების სკალის მიხედვით და შედგება 12 დებულებისაგან. დებულებების ნიმუშებია ,,თითქოს ოჯახში მის ადგილს ვეღარ ვხედავ“, ,,გული მწყდება, რომ ოჯახის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში არ ვითვალისწინებ“, ,, ვერ ვეგუები მისგან შორს ყოფნას“, ,, მისგან შორს ყოფნის გამო მასთან გაუცხოვების განცდა მაქვს“. სკალა თავის მხრივ ორი ქვესკალისაგან შედგება- პირველი ეს არის როლების ბუნდოვანება, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ აღიქვამს ინდივიდი ოჯახში საკუთარ როლსა და ადგილს და მეორე, დანაკარგი, რომელიც ზომავს, თუ რამდენად განიცდის ინდივიდი ოჯახთან ფიზიკურ დაშორებას და რამდენად ძლიერად აქვს სურვილი ოჯახთან ფიზიკურად ყოფნა, დაბრუნების (ოდილავაძე, 2023). საზღვრების ორაზროვნების სკალა ემიგრაციის გამოცდილებაზე იყო მორგებული და შეიქმნა საზღვრების ორაზროვნების სკალის არსებული ინგლისურენოვანი ვერსიების დამუშავების შედეგად. კერძოდ, როგორებიცაა: უგზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეული მამაკაცის ცოლებისთვის განკუთვნილი სკალა, ქვრივებისთვის განკუთვნილი სკალა ემიგრაციის გამოცდილება, ორაზროვანი დანაკარგი და მედეგობა, სახლიდან წასული მოზარდების მშობლებისთვის განკუთვნილი სკალა, სკალები განქორწინებული მშობლების მოზარდი და მოზრდილი შვილებისთვის და განქორწინებული მოზრდილებისთვის, ალცჰეიმერის დაავადების მქონე პაციენტების მომვლელებისთვის განკუთვნილი სკალა (ოდილავაძე, 2023).
ფსიქიკური მედეგობის საკვლევი სკალის მოკლე ვერსია (Brief Resilience Scale) (Smith et al., 2008). ქართული ვერსია თარგმნა ია შეყრილაძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020). კითხვარში მოცემულია 6 დებულება პასუხებით ლიკერტის 5ქულიან სკალაზე, „სრულიად არ ვეთანხმებიდან-სრულიად ვეთანხმებამდე“. 1- შეესაბამება „სრულიად არ ვეთანხმები“, 2- ვეთანხმები, 3-არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები, 4-ვეთანხმები, 5- სრულიად ვეთანხმები. კითხვარი აფასებს უარყოფით გამოცდილებასთან გამკლავებისა და სტრესული სიტუაციიდან გამოსვლის, ადაპტაციის უნარს. შეფასებას ახდენს შემდეგი კომპონენტების მიხედვით: ადაპტაციის უნარი-რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეუძლია ინდივიდს ადაპტირება შეცვლილ გარემო პირობებთან, სტრესთან გამკლავება-რამდენად კარგად უმკლავდება ადამიანი სტრესულ სიტუაციებს და რამდენად სწრაფად შეუძლია აღდგენა, პოზიტიური განწყობა-რამდენად ინარჩუნებს ადამიანი პოზიტიურ განწყობას რთულ სიტუაციაში და სოციალური მხარდაჭერის გამოყენება-რამდენად შეუძლია ადამიანს სოციალური ურთიერთობების გამოყენება ფსიქიკური დახმარების მისაღებად. დებულებების ნიმუშებია ,,როდესაც რაღაც ცუდი ხდება, მიჭირს თავდაპირველ მდგომარეობაში სწრაფად დაბრუნება“, ,,ჩვეულებრივ, რთულ პერიოდებს ადვილად ვუმკლავდები“, ,,დიდ დროს ვანდომებ ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვას“.
ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნის სკალა (Warwich-edinbhurgh Mental Well-being Scale ) (WeMWBS).,NHS Health Scotland, University of Warnick an University of Edinburgh,2006)-ქართული ვერსია თარგმნილია ია შეყრილაძის მიერ. (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020). კონკრეტული კითხვარი 14 დებულებისაგან შედგება, სადაც პასუხები ლიკერტის 5 ქულიან სკალაზეა წარმოდგენილი. 1- არასდროს, 2-იშვიათად, 3-ხანდახან, 4-ხშირად, 5-ყოველთვის. შეფასების კომპონენტებია: პოზიტიური გრძნობები-როგორია ადამიანის ემოციური მდგომარეობა და რამდენად ხშირად განიცდის პოზიტიურ გრძნობებს, მაგალითად, სიხარულს, კმაყოფილებასა და ბედნიერებას, მოტივაციური მდგომარება-რამდენად მოტივირებული და ენერგიულია ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანი, სოციალური ურთიერთობები-რამდენად მაღალია პიროვნების სოციალური კავშირების ხარისხი და რამდენად ადვილად ახერხებს ახალი ურთიერთობების დამყარებას, თვითშეფასება და თავდაჯერებულობა-რამდენად კმაყოფილია ადამიანი საკუთარ თავთან თავისი ცხოვრებით, ფუნქციონალური შესაძლებლობები-რამდენად კარგად ახერხებს პიროვნება თავისი მიზნების მიღწევასა და პრობლემების გადაჭრას. დებულებების მაგალითებია: ,, მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, ,, მაქვს საკმარისი ენერგია“, ,,საკუთარი თავის მიმართ კარგად ვარ განწყობილი“, სხვა ადამიანებთან სიახლოვეს ვგრძნობ“.
შედეგები
მონაცემების დასამუშავებლად გამოვიყენე პროგრამა SPSS. პირველ ეტაპზე მოხდა კონკრეტულ პროგრამაში ცვლადების განთავსება, მათთვის კოდებისა და მნიშვნელობების მინიჭება. გასუფთავდა და გასწორდა სკალები. შემდეგ გავაკეთე იმ დებულებების ქულების რევერსირება, რომელიც ამას საჭიროებდა. მოგვიანებით, დავაჯამე ქულები ცალცალკე: ორაზროვანი დანაკარგის, ქვესკალების, დანაკარგისა და როლების ბუნდოვანების დებულებები, დავაჯამე ფსიქიკური მედეგობის დებულებები ცალკე და ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნის დებულებებიც ცალკე.
მომდევნო ეტაპი იყო თითოეული ცვლადის, მათ შორის, დემოგრაფიული
მონაცემების აღწერითი სტატისტიკა. (იხ. ცხრილი N1) მონაწილეთა უმრავლესობა 65.4%-ი იყო ემიგრანტის შვილი (N=102), მონაწილეთა 14.7%-ი გახლდათ მეუღლე (N=23), ხოლო რესპოდენტების 13.5%-ს შეადგენდნენ ემიგრანტის და/ძმები (N=21), ყველაზე მცირე რაოდენობით 6.4%-ს შეადგენდნენ ემიგრანტის მშობლები(N=10).
ცხრილი #1 დემოგრაფიული მონაცემები
ცვლადები | რესპოდენტთა
რაოდენობა |
% |
ნათესაური კავშირი | ||
შვილი | 102 | 65.4% |
მეუღლე | 23 | 14.7% |
და/ძმა | 21 | 13.5% |
მშობელი | 10 | 6.4% |
მას შემდეგ რაც დემოგრაფიული მონაცემები გამოვითვალე, გამოვითვალე ძირითადი საკვლევი ცვლადების საშუალოებიც და სტანდარტული გადახრებიც, რომლის შედეგებიც მოცემულია ცხრილი#2-ში.
ცხრილი #2
Mean | SD | |
დანაკარგი | 20.9167 | 5.51474 |
როლების ბუნდოვანება | 12.0705 | 5.90037 |
მედეგობა | 19.6410 | 5.25719 |
ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა | 52.3077 | 9.57996 |
პირსონის კორელაციის კოეფიციენტით დადგინდა კორელაციური კავშირები ცვლადებს შორის. (იხილეთ ცხრილი#3) კერძოდ, მედეგობასა და კარგად ყოფნას შორის არის დადებითი და მნიშვნელოვანი კორელაცია (P<0.01), მედეგობასა და როლების ბუნდოვანებას შორის არის სუსტი და არამნიშვნელოვანი უარყოფითი კორელაცია (P>0.05), მედეგობასა და დანაკარგს შორის არის მნიშვნელოვანი უარყოფითი კორელაცია (P<0.01), კარგად ყოფნასა და როლების ბუნდოვანებას შორის არის სუსტი და არამნიშვნელოვანი უარყოფითი კორელაცია (P>0.05), კარგად ყოფნასა და დანაკარგს შორის არის სუსტი და არამნიშვნელოვანი დადებითი კორელაცია
(P>0.05).
ცხრილი #3 კორელაციების ცხრილი
N | M | SD 1 | 2 | 3 | 4 | |||||||
1. მედეგობა
|
156 | 19.6410 |
5.25719 – |
.379** |
-.132 | -.221** | ||||||
2. ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა | 156 | 52.3077 | 9.57996 | .379** | – | -.129 | .116 | |||||
3. როლების ბუნდოვანება | 156 | 12.0705 | 5.90037 | -.132 | -.129 | – | -.230** | |||||
4. დანაკარგი | 156 | 20.9167 | 5.51474 | -.221** | .116 | -.230** | – | |||||
*p < .05, **p < 01; ***p < .001.
კორელაციური კავშირების დადგენის შემდეგ ის მონაცემები, რომლებსაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნება აღენიშნებოდათ, გადატანილ იქნა რეგრესიულ ანალიზში და შედეგები ამ მოდელის მიხედვით დამუშავდა.
კვლევაში პრედიქტორი ანუ დამოუკიდებელი ცვლადებია – დანაკარგი და ფსიქიკური მედეგობა ხოლო, დამოკიდებული ცვლადი, ანუ შედეგის ცვლადი, რომელზე გავლენასაც დამოუკიდებელი ცვლადები ახდენენ არის – ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კარგად ყოფნასა და როლების ბუნდოვანებას შორის არსებობს სუსტი და არამნიშვნელოვანი უარყოფითი კორელაცია (P>0.05), ამიტომაც, არ მოხდა როლების ბუნდოვანების რეგრესიულ ცხრილში შეყვანა.
რეგრესიული ანალიზის მიხედვით, აღმოჩნდა რომ მედეგობას ყველაზე მაღალი პრედიქტორული ღირებულება აქვს ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნის ქულების ცვლილებაზე და სტატისტიკური მნიშვნელოვნებაც მაღალია (β =.420, sig=.001), ასევე აღმოჩნდა რომ დანაკარგის პრედიქტორული ღირებულებაც მნიშვნელოვანია 5%-იანი დონეზე (0.05-ზე ნაკლებია) (β =-.202, sig=.010). (იხილეთ ცხრილი#4)
ცხრილი #4 რეგრესიული ანალიზი
R square=43.1%
ფსიქოლოგიური Β Β T Sig კარგად ყოფნა
ფსიქიკური .420 .765 5.488 .001 მედეგობა
დანაკარგი -.202 -.351 -2.596 .010
რეგრესიული დამუშავების შედეგად ასევე აღმოჩნდა, რომ მედეგობა და დანაკარგი 43.1%-ით ხსნიან ცვლილებებს ფსიქოლოგიურად კარგად ყოფნის ქულებში.
ზემოთ აღნიშნული ოპერაციების შემდეგ, გავაკეთე დისპერსიული ანალიზი, რათა დამედგინა ჯგუფებს შორის განსხვავება. კერძოდ განიცდიდნენ თუ არა მეტად ორაზროვან დანაკარგს ემიგრანტის შვილები, ვიდრე სხვა ოჯახის წევრები. შედეგებმა აჩვენა, რომ (F=1.256) ჯგუფებს შორის განსხვავებები არსებობენ, თუმცა ისინი არაა ძალიან გამოხატული. (P=.292) რაც მიუთითებს, რომ ჯგუფებს შორის განსხვავებები სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არაა. (Eta squared=.024) ასევე მიუთითებს მცირე განსხვავებაზე ჯგუფებს შორის.(იხილეთ ცხრილი#5) ცხრილი #5 დისპერსიული ანალიზი
N M SD DF F P Eta
squared
ორაზროვანი დანაკარგი | შვილი 102 | 32.84 | 7.16 | 3 | 1.256 | .292 | .024 |
მეუღლე 23 | 35 | 5.35 | |||||
მშობელი 10 | 34 | 8.29 | |||||
და/ძმა 21 | 32.98 | 7.62 |
დისკუსი
კვლევა მიზნად ისახავდა მედეგობას, ორაზროვან დანაკარგსა და ფსიქიკურ კეთილდღეობას შორის ურთიერთობის განსაზღვრას ქართველი ემიგრანტების ოჯახის წევრებში. კვლევის შედეგებმა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვცა, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კონტექსტში.
პირველი ჰიპოთეზა, რომელიც მიუთითებდა, რომ ორაზროვანი დანაკარგის ქვესკალა, დანაკარგი უარყოფით კავშირშია ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან და უკუწინასწარმეტყველებს მას, დადასტურდა. ეს შედეგი შეესაბამება სხვა კვლევებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ ორაზროვანი დანაკარგი, რომელიც გამოიხატება ემიგრანტის დაკარგვით და გაურკვევლობით, ნეგატიურად აისახება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე (Boss, 2006). ამან შეიძლება გააძლიეროს ოჯახის წევრების ემოციური სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. ჩემი კვლევის შედეგი ხაზს უსვამს ორაზროვანი დანაკარგის თეორიის (Ambiguous Loss Theory) მნიშვნელობას, რომელიც აღნიშნავს, რომ გაურკვევლობა და დაკარგვის განცდა ზრდის სტრესს და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს (Boss, 1999). მაგალითად (Boss et al. 2006) აღნიშნავენ, რომ ორაზროვანი დანაკარგი არის უნიკალური სტრესის წყარო, რომელიც ემოციურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას იწვევს, რადგან ადამიანები გაურკვევლობაში იმყოფებიან და ვერ ასრულებენ შესაბამისი ადაპტაციურ სტრატეგიებს. Stroebe და Schut (2010) ხაზს უსვამენ ორაზროვანი დანაკარგის გავლენას გლოვასა და გლოვის პროცესზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. ისინიც განმარტავენ, რომ ასეთ დანაკარგებს ხშირად თან ახლავს უწყვეტი გაურკვევლობა, რაც ხელს უშლის მოშუშებისა და ადაპტაციის პროცესს. ანალოგიურად, Boss და Carnes (2012) მიუთითებენ, რომ ორაზროვანი დანაკარგი დაკავშირებულია გაზრდილი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან, მათ შორის დეპრესიასთან და შფოთვასთან. ამავდროულად, (Bonanno et al. 2008) აღმოაჩინეს, რომ მაღალი ორაზროვნების მქონე სიტუაციებში მყოფი ადამიანები განიცდიან უფრო დიდ სტრესს და ფსიქოლოგიურ პრობლემებს, რადგან არ აქვთ საკმარისი რესურსები და უნარები, გაურკვევლობასთან გასამკლავებლად.
ჩემი კვლევა ადასტურებს ზემოთ ხსენებულ მიგნებებს და აჩვენებს, რომ ორაზროვანი და ცხადყოფს, რომ ორაზროვანი დანაკარგის შემცირება და გაურკვევლობის მართვა კრიტიკული მნიშვნელობისაა ფსიქიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.
მეორე ჰიპოთეზა, რომელის მიხედვითაც როლების ბუნდოვანება უარყოფით კავშირშია ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან და უკუწინასწარმეტყველებს მას, არ დადასტურდა. მოგეხსენებათ, რომ როლების ბუნდოვანება ქმნის გაურკვევლობას და სტრესს, რაც ხელს უშლის ფსიქიკურ კეთილდღეობას. როდესაც ადამიანები ვერ ხედავენ თავის როლებს მკაფიოდ, მათ შეიძლება გაუჭირდეთ ადაპტირება და ეფექტური მოქმედება. ასეთ სიტუაციებში ინდივიდები ხშირად გრძნობენ დაბნეულობას, დაკარგულობას და შფოთვას, რაც უარყოფითად შეიძლება მოქმედებდეს მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კვლევის შედეგებში გამოვლინდა უარყოფითი კავშირი როლების ბუნდოვანებასა და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას შორის, ეს კავშირი არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. ეს მიგვანიშნებს, რომ მიუხედავად როლების ბუნდოვანების გავლენისა, მასზე გავლენა შეიძლება ახდენდეს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც დამატებით უნდა იქნას გამოკვლეული. მაგალითად, სოციალური მხარდაჭერის სისტემა და ოჯახური კომუნიკაციის სტილი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში (Walsh, 2007).
მესამე ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მედეგობა დადებით კავშირშია ფსიქიკურ კეთილდღეობასთან და წინასწარმეტყველებს მას, დადასტურდა. მედეგობის მნიშვნელობა ხაზგასმულია მრავალ კვლევაში, რომლებიც აჩვენებენ, რომ მაღალი მედეგობა ეხმარება ინდივიდებს გაუმკლავდნენ სტრესს და შეინარჩუნონ ფსიქიკური ჯანმრთელობა (Connor & Davidson, 2003). ჩემი კვლევაც ადასტურებს, რომ მედეგობა მნიშვნელოვნად ეხმარება ემიგრანტების ოჯახის წევრებს გაუმკლავდნენ ემოციურ გამოწვევებს. მაგალითად, (Rutter, 1987) აჩვენებს, რომ მედეგობა წარმოადგენს ინდივიდის უნარს, ეფექტურად გამკლავდეს სირთულეებსა და გამოწვევებს, რაც დადებით გავლენას ახდენს მის ფსიქიკურ კეთილდღეობაზე. ამასთან, მობილიზების თეორია (Hobfoll, 1989) ამტკიცებს, რომ რესურსების მოპოვება და შენარჩუნება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სტრესის მართვაში და ფსიქოლოგიურ მედეგობაში. მედეგობის კავშირი ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან ასევე დასტურდება სხვა კვლევებში (Souri & Hasanirad, 2011; Idris, Khairani & Shamsuddin, 2019; Sood & Sharma, 2020). ასევე დადებითი კავშირი გამოიკვეთა ქართველ ემიგრანტებზე ჩატარებულ კვლევაში (ოდილავაძე, 2023). როგორც ირკვევა, მედეგობა ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის მნიშვნელოვანი პრედიქტორია ემიგრანტების ოჯახის წევრების შერჩევის მაგალითზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იმ ემიგრანტების ოჯახის წევრები, რომლებსაც მაღალი ფსიქიკური მედეგობა აქვთ, უფრო ადვილად უმკლავდებიან ორაზროვანი დანაკარგის მდგომარეობას და ასევე, მაღალი აქვთ ფსიქოლოგიური კარგად ყოფნის განცდა.
მეოთხე ჰიპოთეზა, მშობლის ემიგრაციით გამოწვეული ორაზროვანი დანაკარგი უფრო მაღალია, ვიდრე შვილის, და-ძმის, ან მეუღლის ემიგრაციით გამოწვეული დანაკარგი, არ დადასტურდა. ეს შედეგი საინტერესოა და მიუთითებს, რომ ორაზროვანი დანაკარგი თანაბრად მოქმედებს ყველა ოჯახის წევრზე, მიუხედავად მათი როლისა ოჯახში. ანუ, ემიგრაციით გამოწვეული ორაზროვანი დანაკარგის სიმძიმე შესაძლოა დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ ემიგრაციის სუბიექტის როლზე, არამედ ოჯახურ და სოციალურ კონტექსტზე. ოჯახური დინამიკა (მათ შორის რა სიხშირით და რა ხარისხით ახერხებს ემიგრაციაში მყოფი პირი ოჯახის წევრებთან კონტაქტის შენარჩუნებას, სამშობლოში ვიზიტებს, ა.შ.), სოციალური მხარდაჭერა, ინდივიდუალური გამძლეობა და კულტურული ფაქტორები შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს დანაკარგის აღქმაზე. შედეგები ასევე შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ემიგრაციის პროცესის გამოწვევები თანაბრად რთულია ყველა ოჯახის წევრისთვის. სხვა კვლევები აჩვენებენ, რომ ემიგრაციის გავლენა ხშირად არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია ოჯახის წევრების ურთიერთობების ხარისხსა და ემოციურ კავშირზე (Suárez-Orozco et al, 2002). (Dreby, 2010) თავის კვლევაში ასკვნის, რომ მშობლის ემიგრაცია ხშირად იწვევს ბავშვებში ძლიერი ემოციური რეაქციების გამოკვეთას, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ეს რეაქციები შეიძლება მერყეობდეს ბავშვის ასაკისა და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. ეს შედეგები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბავშვების რეაქციები მშობლის ემიგრაციაზე უფრო კომპლექსურია და მრავალ ფაქტორებზეა დამოკიდებული. (Pribilsky, 2004) იკვლევს ოჯახურ დინამიკას ემიგრაციის კონტექსტში და აღნიშნავს, რომ მეუღლის ემიგრაცია ხშირად უფრო ძლიერ ემოციურ რეაქციებს იწვევს, ვიდრე სხვა ტიპის ოჯახური ემიგრაციები, რადგან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს ოჯახის სტაბილურობაზე და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. აღნიშნული ლიტერატურა ხსნის იმას თუ რატომ არ დადასტურდა ჩემი ჰიპოთეზა და რომ ემიგრაციით გამოწვეული დანაკარგი დამოკიდებულია კომპლექსურ ფაქტორებზე.
რომ შევაჯამოთ, ეს კვლევა მნიშვნელოვან პრაქტიკულ შედეგებს გვთავაზობს და ხაზს უსვამს ორაზროვანი დანაკარგის და ფსიქიკური მედეგობის მნიშვნელოვან როლს ემიგრანტების ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი მხარდაჭერა და დახმარება გაეწიოთ ემიგრანტების ოჯახის წევრებს, რათა გაუმკლავდნენ ორაზროვანი დანაკარგის გამოწვევებს და განამტკიცონ ფსიქიკური მედეგობა. მომავალ კვლევებში საჭიროა მეტი ყურადღება დაეთმოს ამ საკითხებს, რათა მივიღოთ უფრო სიღრმისეული და მრავალმხრივი ინფორმაცია. ამ ჩვენი კვლევის შედეგები კი, შეიძლება გამოყენებულ იქნას ფსიქოლოგიური კონსულტანტების და თერაპევტების მიერ, რომლებიც მუშაობენ ემიგრანტების ოჯახის წევრებთან. მედეგობის მხარდაჭერა და განვითარება უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რათა გაუმჯობესდეს მათი ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს კვლევა ჩატარდა ქართულ კულტურულ კონტექსტში, რაც განსაკუთრებულ ღირებულებას ანიჭებს შედეგებს. ქართული კულტურა მჭიდროდ არის დაკავშირებული ოჯახურ და სოციალურ ურთიერთობებთან, რაც შეიძლება ზრდის ორაზროვანი დანაკარგის გავლენას ემიგრაციის პროცესში ან, პირიქით, ამცირებს დანაკარგით გამოწვეულ ტვირთს. სხვა კულტურებში ჩატარებული მსგავსი კვლევების შედარება ხელს შეუწყობს შედეგების უკეთ გააზრებას და გამოყენებას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც გაუმკლავდნენ ემიგრაციის პროცესის გამოწვევებს და ასწავლიან ოჯახის წევრებს სტრესის მართვის უნარებს.
კვლევის შეზღუდვები და სამომავლო მიმართულებები
აუცილებელი და მნიშვნელოვანია სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შეზღუდვების განხილვა. აღნიშნული კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეზღუდვად პირველ რიგში, უნდა დასახელდეს შერჩევა, რადგან კვლევაში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ იმ ადამიანებს მიეცათ, რომლებსაც ჰქონდათ, ინტერნეტთან და სოციალურ ქსელებთან ხელმისაწვდომობა. მოგეხსენებათ, კითხვარი სოციალური ქსელების საშუალებით იგზავნებოდა, შესაბამისად კვლევის მიღმა დარჩნენ მაგალითად, რეგიონებში მცხოვრები ის ოჯახის წევრები, რომლებიც ნაკლებად იყენებენ ინტერნეტს. ყოველივე აღნიშნული კი, შედეგების მთელ პოპულაციაზე განზოგადებას მნიშვნელოვნად ზღუდავს. ყურადსაღებია რესპოდენტების არათანაბარი განაწილება. კერძოდ, კვლევაში მონაწილეთა უმეტესობა გახლდათ ემიგრანტის შვილები, ხოლო ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი დანარჩენი კატეგორიები- მეუღლე, მშობელი და და/ძმა. უკეთესი იქნებოდა რესპოდენტთა თანაბარი რაოდენობა, რადგანაც შედეგების ინტერპრეტაცია უფრო მეტად რეპრეზენტაბელური ყოფილიყო. ხელმისაწვდომი შერჩევა არ გვაძლევს კვლევის შედეგების მთლიან მოსახლეობაზე განზოგადების საშუალებას. ასევე, საკვლევი ინსტრუმენტების ნაწილი არ არის ადაპტირებული ქართულ პოპულაციაზე შესაბამისად, სამომავლოდ კარგი იქნება შეიქმნას ან ადაპტირდეს მეტად გამართული საზომი ინსტრუმენტები და ჩატარდეს კვლევა უფრო ფართო რეპრეზენტაციულ შერჩევაზე, რათა, შესაძლებელი გახდეს შედეგების განზოგადება. ასევე, საჭირო იქნება დამატებითი კვლევები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება იმ ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ან აფერხებენ მედეგობის განვითარებას ემიგრანტების ოჯახებში. უფრო კონკრეტულად ეს კვლევები შეიძლება მოიცავდეს გენდერული განსხვავებების, ასაკობრივი ჯგუფების და სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესწავლას.
დასკვნა
მოცემული სამაგისტრო კვლევის მიზანი ემიგრაციის, მასთან დაკავშირებული გამოცდილებების, როგორც ორაზროვანი დანაკარგის მდგომარეობის შესწავლა იყო. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც ინდივიდს ხელს უწყობენ ორაზროვანი დანაკარგის მქონე სიტუაციასთან გამკლავებაში და მიჰყავთ ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნამდე. უფრო კონკრეტულად, კვლევის მიზანი გახლდათ მედეგობას, ორაზროვან დანაკარგსა და ფსიქიკურ კეთილდღეობას შორის მიმართების დადგენა ქართველი ემიგრანტების ოჯახის წევრებში. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ორაზროვანი დანაკარგი უარყოფითად არის კავშირში ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან, ეს მიანიშნებს, რომ ემიგრანტების ოჯახის წევრები ხშირად განიცდიან ემოციურ სტრესსა და გაურკვევლობას, რაც აისახება მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ორაზროვანი დანაკარგი ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ემიგრანტები დროებით ან მუდმივად კარგავენ ფიზიკურ კონტაქტს ოჯახთან და მეგობრებთან, ყოველივე იწვევს როლების ბუნდოვანებას, გაუცხოვებას, რაც რთული ემოციური მდგომარეობის მიზეზი ხდება. დანაკარგი, რომელიც არ არის საბოლოო, დასრულებული ან სრულყოფილი, იწვევს მუდმივ გაურკვევლობას. მიუხედავად იმისა, რომ როლების ბუნდოვანებასა და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას შორის უარყოფითი კავშირი გამოვლინდა, ეს კავშირი არ აღმოჩნდა სტატისტიკურად საკმარისად სანდო. შესაბამისად, საჭირო ხდება დამატებითი კვლევები ამ ურთიერთობის უფრო ღრმა შესასწავლად.
კვლევამ ასევე აჩვენა რომ ფსიქიკური მედეგობა დადებითად არის კავშირში ფსიქიკურ კეთილდღეობასთან, რაც ნიშნავს, რომ მაღალი მედეგობა დაკავშირებულია უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან. ამასთანავე კვლევაში მნიშვნელოვანი კავშირი გამოვლინდა მედეგობასა და დანაკარგს შორის, რაც ნიშნავს რომ მედეგობის ზრდასთან ერთად, ორაზროვანი დანაკარგის განცდა მცირდება და პირიქით.
მედეგობა გულისხმობს ადამიანის უნარს გაუმკლავდეს სტრესულ და რთულ სიტუაციებს, შეინარჩუნოს და აღადგინოს ფსიქიკური ჯანმრთელობა. ემიგრანტების ოჯახების წევრებისთვის მედეგობა კრიტიკულია, რადგან ისინი ხშირად აწყდებიან ემოციურ და სოციალურ გამოწვევებს, რომლებიც გამოწვეულია საყვარელი ადამიანების ემიგრაციით. მედეგობის უნარი ეხმარება მათ გაუმკლავდნენ ორაზროვან დანაკარგს და შეინარჩუნონ ფსიქიკური კეთილდღეობა. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ ფსიქიკური მედეგობა შეიძლება განვითარდეს და გაძლიერდეს სპეციალური მხარდაჭერის და დახმარების საშუალებით. ფსიქოლოგიური დახმარება, სოციალური მხარდაჭერა და საზოგადოებრივი რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მედეგობის განმტკიცებაში. ამრიგად, მნიშვნელოვანია, რომ ემიგრანტების ოჯახის წევრებმა მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა და დახმარება მედეგობის განსამტკიცებლად. ეს შეიძლება მოიცავდეს ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიებს, სოციალური ქსელის გაძლიერებას და სტრესის მართვის უნარების განვითარებას. ამგვარი მიდგომები ხელს შეუწყობს ემიგრანტების ოჯახის წევრების ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას და მათ საშუალებას მისცემს უფრო ადვილად გაუმკლავდნენ ორაზროვანი დანაკარგის გამოწვევებს. კვლევის ფარგლებში ასევე გამოვლინდა, რომ მიუხედავად ჰიპოთეზის საპირისპიროდ, მშობლების ემიგრაციით გამოწვეული დანაკარგი არ იყო მნიშვნელოვნად განსხვავებული შვილის, და-ძმის, ან მეუღლის ემიგრაციით გამოწვეული დანაკარგისგან. ეს მიუთითებს, რომ ყველა ოჯახის წევრი განიცდის ორაზროვან დანაკარგს თანაბრად, მიუხედავად მათი როლისა ოჯახში. დასკვნის სახით, კვლევა ხაზს უსვამს ორაზროვანი დანაკარგისა და ფსიქიკური მედეგობის მნიშვნელოვან როლს ემიგრანტების ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაში. ეს შედეგები აჩვენებს, რომ არსებითია ამ ადამიანების ფსიქიკური მედეგობის მხარდაჭერა.
გამოყენებული ლიტერატურა
აბულაძე, ნ. (2016) – გონების ხეტიალი და აქტივობაში ჩართულობა: მიმართებები რუმინაციასა და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან. [სამაგისტრო ნაშრომი].ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ოდილავაძე, მ. (2023). ემიგრაციის გამოცდილება: ორაზროვანი დანაკარგისა და ფსიქიკური მედეგობის ურთიერთმიმართება. [ფსიქოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილინ დისერტაცია]. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მაყაშვილი, თ. (2019). ხასიათის სიმტკიცეებიდან კარგად ყოფნის განცდამდე: დაძლევის სტრატეგიებისა და ფსიქიკური მედეგობის მიმართება. [გამოუქვეყნებელი საბაკალავრო ნაშრომი]. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
American Psychological Association. (2015). APA Dictionary of Psychology (2nd ed.)
Antman, F. M. (2010). Adult Child Migration and the Health of Elderly Parents Left Behind in Mexico. American Economic Review, 100(2), 205–208.
Betz, G., & Thorngren, J. M. (2006). Ambiguous loss and the family grieving process. The Family Journal, 14(4), 359-365.
Boss, P. (1993). The reconstruction of family life with Alzheimer’s Disease: Generating theory to understand family stress from ambiguous loss. In P. Boss, W. Doherty, R. LaRossa, W. Schumm & S. Steinmetz (Eds.), Sourcebook of family theories and methods: A contextual approach (pp. 163-166). New York: Plenum.
Boss, P. (1996). They did it quietly:The meaning of immigration for women. In H. Rhyner (Ed.), Jubilaumsbuch 150 jahr New Glarus: America’s little Switzerland errinert sich [150years anniversary of New Glarus, Wisconsin: America’s Little Switzerland remembers.] (pp. 35-102). Glarus, Switzerland: Tschudi AG.
Boss, P. (1999). Ambiguous loss: Learning to live with unresolved grief. Harvard University Press.
Boss, P. (2002). Ambiguous loss in families of the missing. The Lancet, 360, s39–s40.
Boss, P. (2004). Ambiguous Loss Research, Theory, and Practice: Reflections After 9/11.
Journal of Marriage and Family, 66(3), 551–566.
Boss, P. (2006). Loss, trauma, and resilience: Therapeutic work with ambiguous loss. Norton.
Boss, P. (2010). The Trauma and Complicated Grief of Ambiguous Loss. Pastoral Psychology, 59(2), 137–145.
Boss, P. (2013). Resilience as tolerance for ambiguity. In D. S. Becvar (Ed.), Handbook of family resilience (pp. 285–297). Springer Science + Business Media.
Boss, P., Roos, S., & Harris, D. L. (2011) Grief in the Midst of Uncertainty and Ambiguity, in Robert A. Neimeyer, Darcy L. Harris, Howard R. Winokuer and Gordon F. Thornton (eds), Grief and Bereavement in Contemporary Society: Bridging Research and Practice, Taylor and Francis, New York.
Boss, P., & Carnes, D. (2012). The myth of closure. Family Process, 51(4), 456-469.
Bonanno, G. A., Westphal, M., & Mancini, A. D. (2008). Resilience to loss and potential trauma. Annual Review of Clinical Psychology, 4, 511-535.
Brown, E. C., & Coker, A. D. (2019). Promoting the Resiliency of African American Teens Experiencing Ambiguous Loss. The Journal for Specialists in Group Work, 44(4), 286– 299.
Connor, K. M., & Davidson, J. R. T. (2003). Development of a new resilience scale: The Connor-Davidson Resilience Scale (CD-RISC). Depression and Anxiety, 18(2), 76-82. doi:10.1002/da.10113
Dahl, C.M. and Boss, P. (2020). Ambiguous Loss. In The Handbook of Systemic Family Therapy (eds K.S. Wampler, M. Rastogi and R. Singh).
Dreby, J. (2010). Divided by Borders: Mexican Migrants and Their Children. University of California Press.
Hobfoll, S. E. (1989). Conservation of resources: A new attempt at conceptualizing stress. American Psychologist, 44(3), 513-524.
Idris, I., Khairani, A. Z., & Shamsuddin, H. (2019). The Influence of Resilience on Psychological Well-Being of Malaysian University Undergraduates. International Journal of Higher Education, 8(4), 153.
Jerves, E., Rober, P., Enzlin, P., & De Haene, L. (2020). Ambiguous Loss in Transnational Families’ Adolescents: An Exploratory Study in Ecuador. Family Process, 59(2), 725– 739.
Kübler-Ross, E. (1969). On death and dying. Macmillan.
Marchetti-Mercer, M. C. (2012). Those Easily Forgotten: The Impact of Emigration on Those LeftBehind. Family Process, 51(3), 376–390.
Masten, A. S. (2001). Ordinary magic: Resilience processes in development. American Psychologist.
Masten, A. S. (2016). Resilience in the Context of Ambiguous Loss: A Commentary: Resilience in Ambiguous Loss. Journal of Family Theory & Review, 8(3), 287–293.
Nasir, A., Yusuf, A., Listiawan, M. Y., Makhfudli, M., Muhalla, H. I., Wahyudi, A. S., & Muhith, A. (2022). Relationship between resilience, coping resources, and psychological wellbeing with stress of leprosy as a predictor. A correlation study through the structural equation models. Clinical Epidemiology and Global Health, 17, 101151.
Pribilsky, J. (2004). ‘Aprendemos a convivir’: conjugal relations, co-parenting, and family life among Ecuadorian transnational migrants in New York City and the Ecuadorian Andes. Global Networks, 4(3), 313-334.
Rutter, M. (1987). Psychosocial resilience and protective mechanisms. American Journal of Orthopsychiatry, 57(3), 316-331.
Ryff, C. D. (1989). Happiness is everything, or is it? Explorations on the meaning of psychological well-being. Journal of Personality and Social Psychology, 57(6), 10691081.
Ryff, C. D., & Keyes, C. L. M. (1995). The structure of psychological well-being revisited. Journal of Personality and Social Psychology, 69(4), 719-727.
Ryff, C. D., & Singer, B. (2008). Know thyself and become what you are: A eudaimonic approach to psychological well-being. Journal of Happiness Studies, 9(1), 13-39.
Ryff, C. D. (2014). Psychological Well-Being Revisited: Advances in the Science and Practice of Eudaimonia. Psychotherapy and Psychosomatics, 83, 10-28.
Sands, R. G., & Roer-Strier, D. (2004). Divided Families: Impact of Religious Difference and Geographic Distance on Intergenerational Family Continuity*. Family Relations, 53(1), 102–110.
Silver, A. (2014). Families Across Borders: The Emotional Impacts of Migration on Origin Families*: Families across borders. International Migration, 52(3), 194–220.
Solheim, C. A., & Ballard, J. (2016). Ambiguous Loss Due to Separation in Voluntary
Transnational Families: Ambiguous Loss in Transnational Families. Journal of Family Theory & Review, 8(3), 341–359.
Souri, H., & Hasanirad, T. (2011). Relationship between Resilience, Optimism and Psychological Well-Being in Students of Medicine. Procedia – Social and Behavioral Sciences, 30, 1541–1544.
Sood, S., & Sharma, A. (2020). Resilience and Psychological Well-Being of Higher Education Students During COVID-19: The Mediating Role of Perceived Distress. Journal of Health Management, 22(4), 606–617.
Stroebe, M., & Schut, H. (2010). The dual process model of coping with bereavement: A decade on. Omega: Journal of Death and Dying, 61(4), 273-289.
Suårez‐Orozco, C., Todorova, I. L., & Louie, J. (2002). Making up for lost time: The experience of separation and reunification among immigrant families. Family Process, 41(4), 625643
Walsh, F. (2007). Traumatic loss and major disasters: Strengthening family and community resilience. Family Process, 46(2), 207-227.
დანართები
დანართი 1: ორაზროვანი დანაკარგის საკვლევი კითხვარი ინსტრუქცია: ქვემოთ მოცემული დებულებები შეეხება იმ ცვლილებს, რომლებიც დაკავშირებულია ოჯახის წევრის ემიგრაციაში წასვლასთან, ცხოვრებასთან. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ თითოეული მათგანი და მიუთითოთ ის ციფრი, რომელიც საუკეთესოდ ასახავს დებულებაზე თქვენი თანხმობის ან უარყოფის ხარისხს.
გახსოვდეთ, რომ აქ სწორი ან არასწორი პასუხები არ არსებობს. გთხოვთ, უპასუხოთ შემდეგი სკალის გამოყენებით: 1 = სრულიად არ ვეთანხმები 2 = არ ვეთანხმები 3 = მიჭირს პასუხის გაცემა 4 = ვეთანხმები 5 = სრულიად ვეთანხმები
საერთოდ
არ ვეთანხმე ბი |
არ ვეთანხმე ბი | მიჭირს პასუხის გაცემა | ვეთანხ მები | სრული
ად ვეთანხ მები |
|
1. თითქოს ოჯახში მის ადგილს ვეღარ
ვხედავ |
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
2. ვფიქრობ, ისევ ოჯახის წევრი არის თუ არა. | 1 | 2 | 3 | 4 |
5 |
3. მის გარეშე დღესასწაულების აღნიშვნა არ მიხარია | 1 | 2 | 3 | 4 |
|
5 |
|||||
4. გული მწყდება, რომ ოჯახის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების
მიღებაში არ ვითვალისწინებ.
|
1 | 2 | 3 | 4 | 5
|
5. ზოგჯერ ეჭვი მეპარება, რომ ვიცი მისი ადგილი ოჯახში.
|
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
6. ვერ ვეგუები მისგან შორს ყოფნას. | 1 | 2 | 3 | 4 |
5 |
7. მისგან შორს ყოფნამ ჩვენი
ურთიერთობები გააცივა. |
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
8. მისგან შორს ყოფნის გამო მასთან ნაკლებ სიახლოვეს ვგრძნობ. | 1 | 2 | 3 | 4 |
5 |
9. მისგან შორს ყოფნის გამო მასთან გაუცხოვების განცდა მაქვს.
10. მისი მონატრება ხელს მიშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. |
1 |
2 |
3 |
3 |
5 |
11. ვიმედოვნებ, რომ დაბრუნდება ოჯახში საცხოვრებლად. | 1 | 2 | 3 | 4 |
5 |
12. ვერ ვეგუები მის ემიგრაციაში ყოფნას. | 1 | 2 | 3 | 4 |
5 |
დანართი 2: მედეგობის კითხვარი Brief Resilllience Scale (BRS) ინსტრუქცია: გთხოვთ წაიკითხოთ დებულებები და გადაწყვიტოთ, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მათ. ამის შემდეგ, მიუთითეთ პასუხი დებულებების გვერდით შემდეგი სკალის გამოყენებით: (1- საერთოდ არ ვეთანხმები;, 5-სრულიად ვეთანხმები) .
საერთოდ
არ ვეთანხმე ბი |
არ ვეთანხმე ბი | მიჭირს პასუხის გაცემა | ვეთანხ მები | სრულიად
ვეთანხმები |
|
როგორც წესი, მძიმე პერიოდების შემდეგ სწრაფად ვუბრუნდები ჩვეულ მდგომარეობას | 1 | 2 | 3 | 4 |
5 |
მიჭირს სტრესულ მოვლენებთან გამკლავება. | 1 | 2 | 3 | 4 |
5 |
დიდი დრო არ მჭირდება სტრესული მოვლენის შემდეგ ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად.
|
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
როდესაც რაღაც ცუდი ხდება, მიჭირს |
1 | 2 | 3 | 4 |
|
თავდაპირველ მდგომარეობაში სწრაფად დაბრუნება
|
5 |
||||
ჩვეულებრივ, რთულ პერიოდებს ადვილად ვუმკლავდები.
|
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
დიდ დროს ვანდომებ ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვას. | 1 | 2 | 3 | 4 |
5 |
დანართი 3: ფსიქიკური კარგად ყოფნის სკალა Warwick–Edinburgh Mental Well-being
Scale
ქვემოთ მოცემული დებულებები ეხება თქვენს გრძნობებსა და აზრებს. გთხოთ, მონიშნოთ ის პასუხი, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს თქვენს გამოცდილებას ბოლო 2 კვირის მანძილზე: არასდროს–1 იშვიათად–2 ხანდახან–3 ხშირად–4 ყოველთვის–5
არასოდეს | იშვიათა დ | ხანდახან | ხშირა დ | ყოველთვის |
მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი | 1 | 2 | 3 | 4 | 5 |
|
ვგრძნობ, რომ სასარგებლო შემიძლია ვიყო
ვინმესთვის/რამისთვის |
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
|
თავს ვგრძნობ მოდუნებულად
(დასვენებულად).
|
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
|
ვინტერესდები სხვა ადამიანებით.
|
1 | 2 | 3 | 4 | 5 |
|
მაქვს საკმარისი ენერგია
|
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
|
კარგად ვუმკლავდები პრობლემებს.
|
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
|
ნათლად ვაზროვნებ
|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | |
საკუთარი თავის მიმართ კარგად ვარ განწყობილი
|
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
|
სხვა ადამიანებთან სიახლოვეს ვგრძნობ
|
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
|
საკუთარ თავში/ძალებში დარწმუნებას ვგრძნობ. | 1 | 2 | 3 | 4 |
5 |
|
შემიძლია გადაწყვეტილებების მიღება სხვადასხვა საკითხებზე. | 1 | 2 | 3 | 4 |
5 |
|
ვგრძნობ, რომ სხვებს ვუყვარვარ
|
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
|
ვინტერესდები ახალი რაღაცეებით.
|
1 | 2 | 3 | 4 |
5 |
|
თავს ვგრძნობ მხიარულად. | 1 | 2 | 3 | 4 |
5 |