ირანის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობა

ირანის მოსახლეობა
ირანის მოსახლეობა

ანოტაცია

          მოსახლეობის გეოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა საზოგადოებრივ მეცნიერებებში, მოსახლეობის პრობლემების გლობალური ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომ, ვფიქრობ, საინტერესო და აქტუალურია ქვეყნების შესწავლა სწორედ ამ კუთხით. საბაკალავრო ნაშრომში განვიხილავ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობას, მის დინამიკას, ბუნებრივ და მექანიკურ მოძრაობას, მიგრაციებს, ქვეყნის ეთნიკურ,ლინგვისტურ და რელიგიურ შედგენილობს, ასევე მოსახლეობის ტერიტორიული განლაგების ასპექტებსა და ურბანიზაციას. ვეცდები, ზემოთ აღნიშნული პუნქტების მიხედვით განვიხილო როგორც ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული განვითარება, ასევე თანამედროვე ტენდენციები, გამოვყო ირანის მოსახლეობაზე სხვადასხვა მხრივ მოქმედი ძირითადი ფაქტორები და ანალიზის მეშვეობით, აღვწერო ქვეყანაში არსებული რეალური სურათი.

 

შესავალი

     ირანი,ოფიციალურად ირანის ისლამური რესპუბლიკა (جمهوری اسلامی ایران), ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მდებარეობს. მას ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება სომხეთი და აზერბაიჯანი, ჩრდილოეთით – კასპიის ზღვა, ჩრდილო-აღმოსავლეთით – თურქმენეთი, აღმოსავლეთით – პაკისტანი და ავღანეთი, დასავლეთით – ერაყი და თურქეთი, სამხრეთით კი სპარსეთისა და ომანის ყურეები. ირანის ფართობი 1.648.195 კმ2-ია  და ამ მაჩვენებლით იგი მე-18 ადგილზეა მსოფლიოში. მისი დედაქალაქი და ამავე დროს, პოლიტიკური,კულტურული,კომერციული და სამრეწველო ცენტრია თეირანი,რომელიც ქვეყნის ყველაზე მრავალრიცხოვან ქალაქად ითვლება. 2011 წლის მონაცემებით, ირანის მოსახლეობა 75,149,669 ადამიანს შეადგენს (CIA-ს მიხედვით,2013 წელს ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 79 მილიონს აღემატება,ხოლო ირანის სტატისტიკური ცენტრის მიხედვით – 76.6 მილიონია)[[1]][[2]] და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მეთვრამეტე ადგილს იკავებს.ქვეყანა ეთნიკური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ირანი 1979 წლის 1 აპრილიდან თეოკრატიული ისლამური რესპუბლიკაა. ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ეფუძნება 1979 წლის კონსტიტუციას და მასში შერწყმულია საპარლამენტო დემოკრატიისა და ისლამური თეოკრატიის ელემენტები. სახელმწიფოს უმაღლეს პირად ითვლება სულიერი ლიდერი – აიათოლა საიდ ალი ხამენეი (1989 წლიდან). ქვეყნის პრეზიდენტია მაჰმუდ აჰმადი ნეჯადი (2005 წლიდან). ირანის საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს ერთპალატიანი პარლამენტი – მეჯლისი, 270 წევრით. ირანი არის გაეროს (UN),მიუმხრობლობის მოძრაობის (NAM),ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (OIC) და ოპეკის(OPEC) წევრი.

 

მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა და ბუნებრივი მოძრაობა

 

ირანმა,რომლის მოსახლეობაც 75 მილიონს აღემატება და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ქვეყანაა, ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვანი დემოგრაფიული ცვლილებები განიცადა. გასული საუკუნის განმავლობაში,ირანის მოსახლეობისთვის მუდმივი ზრდა იყო დამახასიათებელი. მე-20 საუკუნის დასაწყისში,ირანის მოსახლეობა,დაახლოებით, 10 მილიონს შეადგენდა,ხოლო 1933 წლისთვის 13 მილიონამდე გაიზარდა. ამ მონაცემების მიხედვით, მეოცე საუკუნის პირველ მესამედში მოსახლეობის წლიური ზრდის კოეფიციენტი მხოლოდ 0.8% იყო. 1940-იანი წლების ბოლომდე, ირანის მოსახლეობა ნელი ტემპით განაგრძობდა მატებას. 1956 წელს ჩატარებული პირველი აღწერის მიხედვით,ირანის მოსახლება 18.8 მილიონს შეადგენდა 1.7%-იანი საშუალო წლიური ზრდის კოეფიციენტით. 1956-1966 წლებში სიკვდილიანობის შემცირებისა და შობადობის მატების შედეგად, წლიური ზრდის კოეფიციენტი 3.1%-მდე გაიზარდა და 1966 წლის აღწერით,მოსახლეობამ 25.8 მილიონი შეადგინა.[3] ამდენად, მე-20 საუკუნის მეორე მესამედში,ირანის მოსახლეობაში მაღალი სიკდილიანობა და მაღალი შობადობა შეიცვალა მაღალი შობადობითა და შედარებით დაბალი სიკვდილიანობით,რაც დემოგრაფიული გადასვლის მეორე ფაზისთვისაა დამახასიათებელი.  სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ირანში ოჯახის დაგეგმვის პროგრამა. 1966 წელს, შაჰმა მოჰამედ რეზამ, ხელი მოაწერა შეთანხმებას „მსოფლიო ლიდერების მოსახლეობის“ შესახებ,რომელიც მომზადებული იყო ჯონ როკფელერის მიერ და მხარს უჭერდა აშშ-ს მთავრობა. ეს შეთანხმება ერთგვარი ვალდებულება იყო ოჯახური დაგეგმვის პროგრამების განსახორციელებლად, რათა მოსახლეობის მაღალი ზრდის ტემპი კონტროლირებადი გამხდარიყო.[4]

         დემოგრაფიული პროგრამის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ,1976 წელს ჩატარებული მესამე აღწერის მიხედვით,ირანის მოსახლეობამ 33.7 მილიონი შეადგინა,ხოლო საშუალო წლიური ზრდის კოეფიციენტმა კლება განიცადა 2.7%-მდე. თუმცა, ისლამური რევოლუციის შემდეგ,მისი პრონატალისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე,მოსახლეობის რაოდენობა კვლავ ძალიან სწრაფად გაიზარდა და 1976-1986 წლებში საშუალო წლიური ზრდის კოეფიციენტი 3.9% გახდა (3.2% – ბუნებრივი მატება, 0.7% – მიგრაცია).[5] ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ირანის ისტორიაში,რაც აღწერის დაწყების შემდეგ დაფიქსირდა. ზრდის ტემპის ასეთი მკვეთრი მატების გამო განახლდა მოსახლეობის რაოდენობის კონტროლი,რის შედეგადაც, 1986-1996 წლებს შორის პერიოდში მოსახლეობის წლიური ზრდის კოეფიციენტი 1.9%-მდე დაეცა. 1996 წლისთვის ირანის მოსახლეობა 60 მილიონამდე გაიზარდა,რაც საუკუნის დასაწყისთან შედარებით 6-ჯერ მეტი იყო,თუმცა ოჯახის დაგეგმვის პროგრამამ შედეგი გამოიღო და მნიშვნელოვნად დაეცა შობადობის დონე,მოსახლეობის საშუალო წლიური ზრდის კოეფიციენტი კი 1.6%-მდე შემცირდა.

 ცხრილში წარმოდგენილია მოსახლეობის რაოდენობა და საშუალო წლიური ზრდის კოეფიციენტები ირანში ჩატარებული აღწერების მიხედვით:

1.1 მოსახლეობის აღწერის შედეგები[6]

       აღწერის თარიღი  მოსახლეობის რაოდენობა

                 (მლნ)

 საშუალო წლიური ზრდა

                    (%)

          01-11-1956              18,954,704                        –
          01-11-1966              25,785,210                       3.1
          01-11-1976              33,708,744                       2.7
          01-11-1986              49,445,010                       3.9
          01-11-1996              60,055,488                       2.0
          01-11-2006              70,495,782                       1.6
          01-11-2011              75,149,669                       1.3

     რაც შეეხება ირანის მოსახლეობის დინამიკის თანამედროვე ტენდენციებს, ცხრილიდანაც ჩანს, რომ 2011 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით,ქვეყანაში 75,149,669 ადამიანი ცხოვრობს, საშუალო წლიური ზრდის კოეფიციენტი კი 1.3%-ია. როგორც ვხედავთ,2006 წლის შემდეგ ირანის მოსახლეობა 4,653,887 ადამიანით ანუ 6.6%-ით გაიზარდა,თუმცა ზრდის კოეფიციენტი შემცირდა.

      ქვემოთ მოცემულ სვეტოვან დიაგრამაზე ნაჩვენებია ირანის მოსახლეობის მთლიანი და საშუალო წლიური ზრდის ტემპი 1960-1970 და 2000-2010 წლებში,სადაც ნათლად ჩანს კლების ტენდენცია. თუკი მთლიანი წლიური ზრდის კოეფიციენტი 1960-70-იან წლებში 30.2% იყო, 2000-2010 წლებში 13.2%-მდე შემცირდა. 2.63%-დან 1.23%-მდე მოიკლო შესაბამისად საშუალო წლიური ზრდის კოეფიციენტმაც.

1.2 ირანის მოსახლეობის მთლიანი და საშუალო წლიური ზრდის ტემპები

1.2 ირანის მოსახლეობის მთლიანი და საშუალო წლიური ზრდის ტემპები

  თუ გვსურს,მოსახლეობის დინამიკის უფრო ღრმა ანალიზი მოვადინოთ, აუცილებლად უნდა შევეხოთ მის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს – ბუნებრივ მოძრაობას და მის შემადგენელ კომპონენტებს – შობადობასა და სიკვდილიანობას. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ირანმა ბუნებრივ მოძრაობასთან დაკავშირებით სერიოზული ცვლილებები განიცადა. 1961 წლამდე, ქვეყანაში შობადობის დონე მაღალი და საკმაოდ სტაბილური იყო,თუმცა 1960-იანი წლების შუა პერიოდში დაწყებულმა ოჯახის დაგეგმვის პროგრამამ 1970-იანი წლების პირველ ნახევარში უმნიშვნელო კლება გამოიწვია. 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში, სოციალურმა,კულტურულმა და პოლიტიკურმა ფაქტორებმა შობადობის ზრდა განაპირობა.[7] თუმცა, ეს პროცესი არ აღმოჩნდა ხანგრძლივი და 80-იანი წლების შუა პერიოდში ისევ შემცირდა, 1990-იან წლებში კი განსაკუთრებით დაბალი შობადობა ფიქსირდებოდა. 2000 წელს, ირანის მთლიანი შობადობის მაჩვენებელი,დაახლოებით, 2.1‰-ს შეადგენდა. აღსანიშნავია,რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში სასოფლო და საქალაქო არეალებში შობადობის დონე დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან მაშინ,როცა 1970-80-იან წლებში სოფლებში გაცილებით მეტი შობადობა ფიქსირდებოდა,ვიდრე ქალაქებში. მაგალითად, 1980 წელს, მთლიანი შობადობის კოეფიციენტი სოფლებსა და ქალაქებში იყო შესაბამისად 8.4‰ და 5.8‰, ხოლო 2006 წელს 2.1‰ და 1.8‰.[8]

     რაც შეეხება თანამედროვე სიტუაციას, ირანში შობადობის კოეფიციენტი 18.4‰-ს შეადგენს და ქვეყანა ამ მაჩვენებლით 105-ე ადგილზეა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, ირანში საკმაოდ მაღალი იყო (1920 წელს მან,დაახლოებით, 32‰ შეადგინა),თუმცა 1956 წლიდან დაიწყო შემცირება და 2006 წელს 6‰-ზე ჩამოვიდა. ბოლო მონაცემებით კი ირანის მოსახლეობის სიკვდილიანობის კოეფიციენტი 5.94‰-ა.[9]  ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ასახულია ირანის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობისა და მისი კომპონენტების ცვლილება 1960-იან და 2000-იანი წლების პირველ ათწლეულში, სადაც ჩანს, რომ 60-იან წლებთან შედარებით, საგრძნობლად შემცირდა როგორც შობადობის,ისე სიკვდილიანობის კოეფიციენტი.მართალია, XXI საუკუნის პირველ წლებში ბუნებრივი მოძრაობა კლებას განიცდიდა, თუმცა როგორც დიაგრამიდან ჩანს, ბოლო პერიოდში მატებას აქვს ადგილი.

ირანის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობისა და მისი კომპონენტების ცვლილება 1960-2010 წლებში

1.3 ირანის მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობისა და მისი კომპონენტების ცვლილება 1960-2010 წლებში

        საინტერესოა ირანის მოსახლეობის დინამიკის შედარება მის მეზობელ აზერბაიჯანთან,რომელიც ასევე მუსლიმური ქვეყანაა. აზერბაიჯანის მოსახლეობა ბევრად ნაკლებია ირანის მოსახლეობაზე და 9.590149 კაცს შეადგენს,მისი მოსახლეობის წლიური ზრდის კოეფიციენტი 1.01% -ია.[10] 1980-იან წლებში,მაშინ როცა ირანის მოსახლეობის წლიური ზრდის კოეფიციენტმა თავის ყველაზე მაღალ  ნიშნულს მიაღწია და 3.9% გახდა,იგივე მონაცემი აზერბაიჯანისთვის 1.59%-ს შეადგენდა.[11]

        ქვემოთ მოცემულია ირანისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის წლიური ზრდის კოეფიციენტის ცვლილება 1960-2013 წლებში.

ირანისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის წლიური ზრდის კოეფიციენტი 1960-2013 წლები

1.4 ირანისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის წლიური ზრდის კოეფიციენტი 1960-2013 წლები

       რაც შეეხება ბუნებრივ მოძრაობას, აზერბაიჯანის შობადობის კოეფიციენტი ირანის მონაცემზე არც თუ ისე დაბალია და 17.17‰-ს ტოლია, სიკვდილიანობის კოეფიციენტი კი აზერბაიჯანის შემთხვევაში  7.11‰-ს უდრის. შესაბამისად, ბუნებრივი მატება 1.0‰-ა და ნაკლებია ირანის ბუნებრივი მატების კოეფიციენტზე,რომელიც 1.24‰-ს შეადგენს. შობადობისა და სიკვდილიანობის მონაცემების გათვალისწინებით, ირანი მოსახლეობის აღწარმოების ტიპის მიხედვით, ქვეყნების მე-5 ჯგუფს მიეკუთვნება,რომლისთვისაც დამახასიათებელია საშუალო დონის შობადობა(10-20), დაბალი სიკვდილიანობა(5-10) და ზომიერი ბუნებრივი მატება( 5-10).[12] ქვეყანა დემოგრაფიული გადასვლის მესამე ფაზაში იმყოფება. ძირითად ფაქტორები,რომლებმაც გავლენა იქონიეს ირანის მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობაზე, იყო რელიგია და მის შედეგად ჩამოყალიბებული ტრადიციები. მსოფლიოში გავრცელებული ყველა რელიგია მხარს უჭერს მაღალ შობადობას,თუმცა ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ისლამია. გარდა აბორტის აკრძალვისა იგი უშვებს მრავალცოლიანობასაც. ამასთან, დაბალი იყო ქალთა რეპროდუქციული ასაკი,მათ განათლების დონე.  მოგვიანებით, ზრდის ტემპის შენელებაზე ქვეყანაში გატარებულმა დემოგრაფიულმა პოლიტიკამ იმოქმედა,თუმცა გარდა ამისა მნიშვნელოვანია,რომ მოხდა ღირებულებებისა და დამოკიდებულებების ცვლილება მოსახლეობაში, შედარებით ამაღლდა განათლების დონე, განსაკუთრებით ქალებში და  გაიზარდა ქორწინების ასაკიც ( ირანის სტატისტიკური ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2011 წელს მამაკაცებში ქორწინების საშუალო ასაკმა 26.7, ხოლო ქალებში 23.4 წელი შეადგინა).[13]

         მნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება,რამაც დიდი როლი შეასრულა სიკვდილიანობის შემცირებაში.  ირანში ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება სასოფლო არეალებს ეთმობა, რომლებსაც 18000 საავადმყოფო და 26000 ჯანდაცვის მუშაკი ემსახურება და უზრუნველყოფენ მოსახლეობის,განსაკუთრებით,ბავშვების ჯანდაცვას.[14] გარდა ამისა,სიკვდილიანობაზე, ისევე როგორც შობადობაზე, გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები,პოლიტიკური პროცესები,ურბანიზაციის მაღალი დონე.სწორედ  ამ ყველაფერმა ერთად განაპირობა ცვლილებები ირანის მოსახლეობის ბუნებრივ მოძრაობაში.

მოსახლეობის მექანიკური მოძრაობა

     ირანმა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა როგორც საგარეო, ასევე შიდა მიგრაციის კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ 1980-იან წლებში ქვეყანაში უკვე აქტიური მიგრაციული პროცესები მიმდინარეობდა (რაზეც ქვემოთ ვისაუბრებ), მიგრაციის სალდო მაინც დადებითი იყო და 2.3-დან 2.5-მდე მერყეობდა. თუმცა,მომდევნო წლებში თანდათან კლება განიცადა და უკვე 2000-იან წლებში 0.8-0.მდე შემცირდა. 2013 წლის მონაცემებით კი ირანი უარყოფითი მიგრაციის სალდოს მქონე ქვეყანაა (-0.1),რაც იმას ნიშნავს,რომ ემიგრანტების რიცხვი იმიგრანტებს აჭარბებს.[15]

1950 წლიდან მოყოლებული, ირანიდან ემიგრაცია სამ ძირითად ტალღად განხორციელდა. პირველი ემიგრაციული ტალღა 1950 წელს დაიძრა და 1979 წლის რევოლუციამდე გასტანა. იგი განპირობებული იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ირანში ნავთობის მოპოვებისა და ეკონომიკის აღდგენის ნელი ტემპის გამო ქვეყანაში შექმნილი ცუდი ეკონომიკური მდგომარეობით. 1977-1978 წლებში დაახლოებით 100.000 ირანელი სწავლობდა საზღვარგარეთ,ამათგან 36.220 აშშ-ში. დანარჩენები კი განაწილებული იყვნენ ძირითადად დიდ ბრიტანეთში,დასავლეთ გერმანიაში,საფრანგეთში,ავსტრიასა და იტალიაში. 1978-79 წლებში, აშშ-ს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული ირანელების რიცხვმა 45.340 კაცი შეადგინა, 1979-80 წლებში კი 51.000-მდე გაიზარდა. რევოლუციის შემდეგ, სტუდენტების დიდი ნაწილი ირანში აღარ დაბრუნებულა. ამ პერიოდში ქვეყანა დატოვეს რელიგიურმა და ეთნიკურმა უმცირესობებმა,მათ შორის იყვნენ ებრაელები, სომხები და ასირიელები.[16]

ემიგრაციის მეორე ტალღას ადგილი ჰქონდა რევოლუციის შემდეგ და ამ პერიოდში მოხდა ე.წ „ტვინების გადინება“, რადგან ირანი დატოვა ძირითადად, განათლებული საზოგადოების ნაწილმა და კვალიფიციურმა კადრებმა. ირანის კულტურისა და განათლების სამინისტროს განცხადებით, რევოლუციამდე ირანის უმაღლეს სასწავლებლებში 16.222 პროფესორი ასწავლიდა, რევოლუციის შემდეგ, 1982 წელს კი მათი რიცხვი 9.042-მდე შემცირდა. მესამე საემიგრაციო ტალღა დაახლოებით 1995 წელს დაიძრა და ჯერ არ დასრულებულა. შეიძლება ითქვას,რომ ტენდენცია გრძელდება და ემიგრანტებს ძირითადად შეადგენენ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები და ასევე საშუალო ფენიდან გამოსული შრომითი მიგრანტები. ირანელები,ძირითადად,ჩრდილოეთ ამერიკის,ავსტრალიის,დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიდიან ემიგრაციაში,თუმცა მათი გარკვეული რაოდენობა სპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებშიც არის. ამ მხრივ გამოირჩევა კუვეიტი,ბაჰრეინი,გასი-ი და კატარი. 2005 წლის მონაცემებით, ირანელი ემიგრანტები ყველაზე დიდი რაოდენობით აშშ-ში ფიქსირდებიან, ასევე დიდი რაოდენობით არიან გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში,კანადასა და ავსტრალიაში.[17] საგარეო მიგრაციაში, ძირითადად სასწავლებლად ან დროებით სამუშაოდ მიდიან. მათი უმრავლესობა დასაქმებულია მომსახურების სფეროში ან თვითდასაქმებულია ვაჭრობის კუთხით.

მესამე ცხრილში მოცემულია ირანელი ემიგრანტების რაოდენობით გამორჩეული 10 ქვეყანა:

 

2.1  ირანელი ემიგრანტების რაოდენობით გამორჩეული ათი ქვეყანა[18]

აშშ 291.040
კანადა 75.115
გერმანია 65.750
შვედეთი 53.982
ისრაელი 51.300
დიდი ბრიტანეთი 42.494
ნიდერლანდები 21.469
ავსტრალია 18.789
საფრანგეთი 18.376
სომხეთი 15.999

         აღსანიშნავია,რომ 1979 წლის რევოლუციის პერიოდში,როცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქვეყანა დატოვა,ირანი ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქვეყანად იქცა ლტოლვილების რაოდენობით. 1979 წელს ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციის გამო და 1980-88 წლებში ირან-ერაყის ომის გამო ქვეყანაში გაიზარდა ავღანელი და ერაყელი ლტოლვილების რაოდენობა. 2011 წლის მონაცემებით,  ირანში 1.452.513 ავღანელი და 51.506 ერაყელი ცხოვრობს. ავღანელებისა და ერაყელების გარდა ირანში ცხოვრობენ პაკისტანელები(17.731), თურქები(1.639) ბოსნიელები, სომალელები,ბანგლადეშელი და ტაჯიკი მიგრანტები. საერთო ჯამში იმიგრანტების რაოდენობა ირანის მთელი მოსახლეობის 2.04%-ს შეადგენს.[19]

        რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე შიდა მიგრაციებს, მზარდი ურბანიზაციის ფონზე(მოსახლეობის 71% ქალაქში ცხოვრობს), ძირითად გადაადგილება სოფლიდან ქალაქში ხდება. შიდა მიგრაციის ძირითად მიზეზებს წარმოადგენს ოჯახთან მიმოსვლა, სამუშო ადგილის ცვლილება ან უკეთესი სამსახურის ძიება, განათლების მიღება ან დასრულება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები და ა.შ

ცხრილში წარმოდგენილია შიდა მიგრაციის ძირითადი მიზეზების მიხედვით სოფლებსა და ქალაქებში გადაადგილებულთა პროცენტული რაოდენობა.

 

2.2 შიდა მიგრაციის პროცენტული განაწილება ძირითადი მიზეზების მიხედვით[20]

 

მიგრაცია

სამსახურის ძიება/სამუშაო ადგილის შეცვლა განათლების მიღების დაწყება/დასრულება სამხედრო სამსახური უკეთესი საცხოვრებელი პირობები ოჯახთან მიმოსვლა  

სხვა

მთლიანი 14.9 14.0 5.8 10.6 46.2 8.5
ქალაქი 15.6 15.4 4.1 10.1 46.0 8.8
სოფელი 12.7 8.9 11.9 12.3 46.8 7.5

 

       ირანისა და აზერბაიჯანის მექანიკურ მოძრაობას თუ შევადარებთ,რამდენიმე საერთო შტრიხის გავლება შეიძლება. პირველ რიგში,აღსანიშნავია,რომ ორივე ქვეყნიდან ემიგრაციის ტალღას ეკონომიკური კრიზისი ედო საფუძვლად, მხოლოდ,ირანში 1950-იან წლებში,აზერბაიჯანში კი 1990-იან წლებში. ორივე ქვეყნის მოსახლეობა მიგრაციის მიმართულებად დასავლეთ ევროპის ქვეყნებს ირჩევს[21], გარდა ამისა, აზერბაიჯანშიც,ისევე როგორც ირანში, იძულებით გადაადგილებული პირების დიდი რაოდენობა ფიქსირდება. საინტერესოა ის ფაქტი,რომ აზერბაიჯანში ან აზერბაიჯანის გავლით ევროპაში, არალეგალური მიგრანტების დიდ ნაწილს , ავღანელებთან, ერაყელებთან და პაკისტანელებთან ერთად, ირანის მოსახლეობაც წარმოადგენს. არალეგალური მიგრანტები ცენტრალური აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან სწორედ ირანის საზღვრის გავლით შედიან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, აზერბაიჯანელი ქალები და ბავშვები ხშირად ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის ერთ-ერთი ირანია.

 

დემოგრაფიული პოლიტიკა და მოსახლეობის რაოდენობის  პროგნოზირება

 

     მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში,ერთი მხრივ „დემოგრაფიულმა აფეთქებამ“,ხოლო მეორე მხრივ „დემოგრაფიულმა კრიზისმა“, ქვეყნებს სოციალურ-ეკონომიკური და ეთნოდემოგრაფიული პრობლემები შეუქმნა, რომელთა მოგვარების საშუალებასაც დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება წარმოადგენს. დემოგრაფიული პოლიტიკის მიზანია, მოსახლეობის აღწარმოების პროცესებზე ზემოქმედებით,ხელი შუწყოს მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას ან შემცირებას. ირანის შემთხვევაში,დემოგრაფიული პოლიტიკა მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას ისახავდა მიზნად. 1960-იანი წლებიდან ირანში აქტიურად მოქმედებდა ოჯახის დაგეგმვის პროგრამა,რომელიც მოსახლეობის რაოდენობის დარეგულირების გარდა, ემსახურებოდა  ქორწინების ასაკის შემცირებასა და ქალთა უფლებების დაცვას. პროგრამის შედეგად მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, თუმცა კლება უფრო მეტად ქვეყნის ურბანულ ნაწილში მოხდა, სოფლებში კი კვლავ მაღალი შობადობა ფიქსირდებოდა.[22] მიუხედავად ამისა, ირანმა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მოსახლეობის რაოდენობის კონტროლის მხრივ. ისლამური რევოლუციის შემდეგ, დემოგრაფიული პოლიტიკაში ცვლილებები მოხდა და პრონატალისტური მთავრობა რელიგიის მოშველიებით, მოუწოდებდა ოჯახებს,გაეჩინათ უფრო მეტი შვილი. ამის ერთ-ერთი მიზეზს ირან-ერაყის ომი წარმოადგენდა და იმ პერიოდში მოსახლეობის დიდი რაოდენობა ირანისთვის შედარებით უპირატესობად განიხილებოდა.[23] თუმცა,აიათოლა ხომეინის გარდაცვალების შემდეგ, 1989 წელს, ირანის დემოგრაფიულ პოლიტიკაში ისევ მოხდა ცვლილება. სწრაფი ზრდის გამო ქვეყნისთვის რთული იყო საკვებით, საცხოვრებლით თუ სამსახურით მოსახლეობის უზრუნველყოფა, ამიტომ ირანის მთავრობამ შემოიღო ორი ბავშვის პოლიტიკა,რომლის მიხედვითაც ოჯახებს ორ ბავშვზე მეტი არ უნდა გაეჩინათ.ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით  წამოიწყო კონტრაცეპტივების კამპანია. ამან შედეგი გამოიღო და 2001 წლისთვის ირანში მოსახლეობის ზრდის კოეფიციენტი 1.2%-მდე დაეცა.[24] რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, ირანის ამჟამინდელი მთავრობა ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკის წინააღმდეგია. 2006 წელს, ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა აჰმადი ნეჯადმა განაცხადა,რომ იგი მხარს არ უჭერს ორი ბავშვის პოლიტიკას და თვლის,რომ ქალებმა ნაკლები უნდა იმუშაონ და მეტი დრო დაუთმონ მათ „მთავარ მისიას“ – შვილების გაზრდას.[25] როგორც 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ირანი არ აპირებს შობადობაზე რაიმე სახის შეზღუდვის დაწესებას,რადგან თუკი ასეთი პოლიტიკა გაგრძელდება, ირანი მოსახლეობის მკვეთრი შემცირებისა და დაბერების პრობლემას გადააწყდება.[26]

        საინტერესოა,ქვეყნის მოსახლეობის დინამიკის სამომავლო ტენდენციები. მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, ირანში შობადობა თანდათან შემცირდება და 2045-50 წლისთვის 8.9‰-ს შეადგენს,ამავე პერიოდისთვის დაახლოებით 10.7‰-მდე გაიზრდება სიკვდილიანობა,შესაბამისად ქვეყანაში ბუნებრივი მატება დაიკლებს და 2040-45 წლისთვის ნულის ტოლი იქნება, ხოლო 2045-50 წლებში უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდება.[27]

        მე-2 ცხრილი წარმოადგენს მსოფლიო ბანკის პროგნოზს ირანის მოსახლეობის დინამიკასთან დაკავშირებით,რომლის მიხედვითაც, 2020 წლისთვის ირანის მოსახლეობა 80 მილიონს გადააჭარბებს, 2040 წლისთვის – 85 მილიონს, ამის შემდეგ  კი მოსახლეობის კლებას ექნება ადგილი.[28]

 

3.1 მსოფლიო ბანკის პროგნოზი ირანის მოსახლეობის დინამიკის შესახებ 5 წლიანი ინტერვალით

წლები 2015 2020 2025 2030 2035 2040 2045 2050
მოსახლეობა(მლნ) 77.841 80.928 82.988 84.208 84.925 85.310 85.197 84.343
შობადობა 16.2 13.6 11.0 9.4 9.1 9.4 9.4 8.9
სიკვდილიანობა 5.6 5.5 5.7 6.2 7.2 8.3 9.4 10.7
ბუნებრივი მატება 1.1 0.8 0.5 0.3 0.2 0.1 0.0 – 0.2

 

 

მოსახლეობის სქესობრივასაკობრივი სტრუქტურა

     სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა მოსახლეობის არა მარტო დემოგრაფიული, არამედ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური მახასიათებელია. მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი შემადგენლობა აღწარმოების პროცესში ყალიბდება, რაც საშუალებას გვაძლევს მოსახლეობის აღწარმოების თავისებურებები გამოვავლინოთ და გავაანალიზოთ.[29]

სქესობრივი სტრუქტურა მამაკაცთა და ქალთა შორის პროპორციას გვიჩვენებს და მასზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი მათგანი:

  • მსოფლიოში უფრო მეტი მამაკაცი იბადება, ვიდრე ქალი
  • ქალები უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ, ვიდრე კაცები

     ირანის სქესობრივ სტრუქტურაში, მამაკაცები ჭარბობენ ქალებს,თუმცა მათ შორის არც თუ ისე დიდი სხვაობაა. მამაკაცები მთლიანი მოსახლეობის 51.4%-ს შეადგენენ. სქესობრივი თანაფარდობით კი 2013 წლის მონაცემებით, ყოველ 100 ქალზე 103 მამაკაცი მოდის.[30] ეს მაჩვენებელი ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით იცვლება და მაქსიმუმს აღწევს 15-24 წლამდე მოსახლეობაში, სადაც ყოველ 100 ქალზე მოდის 106 მამაკაცი. უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში კი ეს მაჩვენებელი მცირდება და 65 წელს ზემოთ მოსახლეობაში შეადგენს 89 მამაკაცი/100ქალი.  რაც შეეხება მოსახლეობის ასაკობრივ სტრუქტურას, იგი საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ მოსახლეობის ცალკეული განაწილება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. გამოიყოფა რამდენიმე ასაკობრივი ჯგუფი: 0-14 წელი; 15-24 წელი; 25-54 წელი; 55-64 წელი და 65 წელს ზემოთ მოსახლეობა.[31]

       ირანის ასაკობრივ სტრუქტურაში 25-54 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობა ჭარბობს და მთელი მოსახლეობის 45.3%-ს შეადგენს. ამათგან 18.380.525 მამაკაცია, ხოლო 17.766.409 ქალი. 23.8%-ია 0-14 ასაკობრივი ჯგუფის ხვედრითი წილი ,აქედან 9.733.762 მამრობითი სქესია, 9.251.929 მდედრობითი. შემდეგ მოდის 15-24 წლამდე მოსახლეობა.ისინი მთელი მოსახლეობის 19.8%-ს შეადგენენ და ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც ზემოთ ნახსენებ ასაკობრივ ჯგუფებში, მამაკაცების რაოდენობა აჭარბებს ქალებისას. თუმცა, 55-64 წლამდე მოსახლეობაში,რომელთა ხვედრითი წილიც 6.1%-ია, ქალების რაოდენობა მეტია მამაკაცებზე, იგივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე  65 წელს ზემოთ მოსახლეობაში, რომლებიც მთლიანი მოსახლეობის 5.1%-ს შეადგენენ. ქვეყნის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდის მიხედვით (იხ.დანართი N1), ვფიქრობ, ირანი ქვეყნების არც ერთ ჯგუფში არ ჯდება,გამომდინარე იქიდან, რომ მას ახასიათებს როგორც აფრიკის,აზიისა და ლათინური ამერიკის განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი უარყოფითი მიგრაციული სალდო და მაღალი ბუნებრივი მატება, ასევე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკი ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სამუშაო ასაკის ადამიანების მაღალი ხვედრითი წილი.

მოსახლეობის ხასისხის სოციალურდემოგრაფიული მახასიათებლები

       მოსახლეობის ხარისხი მოსახლეობის სოციალურ-დემოგრაფიული და დემოკრატიული მახასიათებლების სისტემას წარმოადგენს და იგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონეზე, გარემოს დაცვის ხარისხზე, ბუნებრივ-გეოგრაფიულ პირობებზე, საზოგადოების ტრადიციებსა და ყოფითი კულტურის დონეზე.[32] მოსახლეობის ხარისხის განმსაზღვრელია სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვილთა სიკვდილიანობა, ჯანდაცვისა და განათლების დონე.

    ირანი ჰუმანური განვითარების ინდექსით მსოფლიოში 76-ე ადგილს იკავებს. 2012 წლის მონაცემებით, მისი HDI  0.742-ის ტოლია და იგი ამ მონაცემით მაღალგანვითარებულ  ქვეყანათა ჯგუფს მიეკუთვნება. 2000 წლიდან ირანის HDI 0.088-ით გაიზარდა.[33]

 

 4.1 ირანის ჰუმანური განვითარების ინდექსი 2000-2012

 4.1 ირანის ჰუმანური განვითარების ინდექსი 2000-2012

4.1  დიაგრამაზე ნაჩვენებია ირანის ჰუმანური განვითარების ინდექსის ცვლილება 2000-2012 წლებში.

რაც შეეხება ძირითად მახასიათებლებს, ირანის მთლიანი მოსახლეობის სიცოცხლის საშუალო ხანგრლივობა 70.62 წელია( ქალებში – 72.24; მამაკაცებში – 69.09) და ამ მაჩვენებლით იგი მსოფლიოში 149-ე ადგილზეა. ჩვილთა სიკვდილიანობა კი ყოველ 1000 მცხოვრებზე 26-ს უდრის. ქვეყანა მთლიანი შიდა პროდუქტის 2.2%-ს ჯანდაცვის სფეროში ხარჯავს,რომლის ინდექსიც ირანისთვის 0.839-ის ტოლია.[[34]][[35]]

ქვეყნის განათლების ინდექსი 0.707-ია. მოსახლეობის განათლების საერთო დონე(15 წლიდან ზემოთ) ირანში 85%-ს უდრის,ხოლო საშუალო სასკოლო ასაკი 14.4 წელია. 2012 წლის მონაცემებით, ირანი მთლიანი შიდა პროდუქტის 4.7%-ს ხარჯავს განათლების სფეროზე.[36]

რაც შეეხება შემოსავალს,ირანისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე,ამერიკულ დოლარში გაანგარიშებით, 2012 წლის მონაცემებით 11.490 დოლარია. შემოსავლის ინდექსი 0.690-ს უდრის.[[37]][[38]] აღნიშნული მონაცემები დიაგრამაზე შემდეგნაირად გამოიყურება:

 

4.2 ირანის მოსახლეობის ხარისხის მაჩვენებლები

4.2 ირანის მოსახლეობის ხარისხის მაჩვენებლები

თავის მეზობელ აზერბაიჯანთან შედარებით, ირანი უფრო მაღალი HDI-თ გამოირჩევა. აზერბაიჯანის ჰუმანური განვითარების ინდექსი 0.734-ის ტოლია.[39] ორივე ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ფაქტიურად ერთი და იგივეა (აზერბაიჯანში 70.9), თუმცა ჩვილთა სიკვდილიანობა აზერბაიჯანში ოდნავ მეტია  და ყოველ 1000 კაცზე 27.6-ს უდრის. ამასთან, აზერბაიჯანი ჯანდაცვაზე მშპ-დან 1.2%-ს ხარჯავს,რაც ირანზე ნაკლებია.

ირანთან შედარებით, მშპ-ს ნაკლები რაოდენობა იხარჯება აზერბაიჯანში განათლების სფეროზეც (3.2%), მაგრამ მოსახლეობის განათლების საერთო დონე(15 წლიდან ზემოთ) აზერბაიჯანის შემთხვევაში 99%-ს შეადგენს, საშუალო სასკოლო ასაკი კი 11.7 წელია.[40]

აზერბაიჯანში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე,აშშ დოლარში გაანგარიშებით, 8.153$-ია,რაც ირანის მონაცემზე ნაკლებია. ორ ქვეყნის მოსახლეობის ხარისხის მაჩვენებლებს შორის განსხვავებები უფრო თვალსაჩინოდ ასახულია დიაგრამაზე:

4.3 ირანისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის ხარისხის მაჩვენებლები

4.3 ირანისა და აზერბაიჯანის მოსახლეობის ხარისხის მაჩვენებლები

 

 

მოსახლეობის დასაქმება

 

       გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის მიხედვით „ყოველ ადამიანს აქვს შრომის უფლება, საქმიანობის თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან თავდაცვის უფლება“ ადამიანების დასაქმების დონე და ხარისხი უპირველეს ყოვლისა დამოკიდებულია საზოგადოების ეკონომიკურ განვითარებაზე და მის დემოგრაფიულ მახასიათებლებზე.[41]

         მოსახლეობის დასაქმებაზე საუბრისას, პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ ქვეყნის შრომითი რესურსები და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ირანის შრომითი რესურსები 54.411000-ია.სქესის მიხედვით, აქედან 27.181000 მამაკაცია, ხოლო 26.908000 ქალი.[42] ირანის შრომითი რესურსებიდან ეკონომიკურად აქტიურია 23.978046 ადამიანი, აქედან, 19.613679 მამაკაცი და 4.364367 ქალი. აღსანიშნავია,რომ ირანში ეკონომიკურად აქტიურად ითვლება მოსახლეობა 10 წლის ასაკიდან ზევით . მთელი ქვეყნის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მაჩვენებელი 37.5%-ია.[43]

      ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში დომინირებს 25-29 ასაკობრივი ჯგუფი,სულ 3.744000 ადამიანი,რომელთაგან 2.960000 მამაკაცია, 23.600 კი ქალი. ზოგადად,ირანის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში ქალის ხვედრითი წილი დაბალია, გამომდინარე ქვეყანაში არსებული სოციალურ-კულტურული და რელიგიური ფაქტორებიდან.[44]

       რაც შეეხება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის განაწილებას ეკონომიკის ძირითადი სექტორების მიხედვით, 2012 წლის მონაცემებით ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 50.6% დასაქმებულია მომსახურების სფეროში, 38.4% მრეწველობაში,ხოლო 11% აგრარულ სექტორში. მომსახურების სფეროში დასაქმებული მოსახლეობა ძირითადად განაწილებულია საჯარო ადმინისტრირებასა და სოციალურ მომსახურებაში, ასევე საფინანსო სფეროში,სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესში. მრეწველობის სფეროში დასაქმება უმეტესად ხდება  სხვადასხვა წარმოებებში,ასევე მაღაროებსა და კარიერებზე. რაც შეეხება აგრარულ სექტორს, აქ ძირითადად დაკავებული არიან თევზჭერით, მეტყევეობითა და მიწათმოქმედებით. 2012 წლის მონაცემებით,ირანში უმუშევრობის დონე 15.5% შეადგენს,რაც ცოტათი აღემატება 2011 წლის მონაცემს (15.3%) და ქვეყანა ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 149-ე ადგილზეა. დემოგრაფიული დატვირთვის დონე ირანში 39.2-ია,რაც ნიშნავს,რომ ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირდა.[45]

       წარმოგიდგენთ ირანის დემოგრაფიული დატვირთვის დონის ცვლილებას 1950-2010 წლებში:

 

5.1 ირანის დემოგრაფიული დატვირთვის დონე

    ირანის დასაქმების სტრუქტურა,ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის განაწილება სქესის,ასევე საქალაქო და სასოფლო არეალების მიხედვით,უმუშევრობის დონე ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში,წარმოდგენილია ცხრილში (იხ.დანართი N2).

ირანის დემოგრაფიული დატვირთვის დონე

ირანის დემოგრაფიული დატვირთვის დონე

 

 

 

 

 

 

 

 

მოსახლეობის ეთნოლინგვისტური სტრუქტურა

          ირანი ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. აქ  30-ზე მეტი ეროვნების ხალხი ცხოვრობს და ეთნიკურ უმცირესობებს შორის ურთიერთობები საკმაოდ მეგობრულია. მოსახლეობის უმრავლესობას სპარსელები წარმოადგენენ. თუმცა, ტერმინები „ირანი“ და „სპარსეთი“ ისტორიულად აერთიანებდა ყველა ეთნიკურ ჯგუფს,რომელიც ირანის პლატოზე ცხოვრობდა და ირანულ ენაზე საუბრობდა,მიუხედავად მათი განსახლების არეალისა. ამიტომ,ტერმინ „სპარსელში“, ირანის ყველა რეგიონული დიალექტი მოიაზრებოდა.[46]

          როგორც აღვნიშნე, მოსახლეობის 61%-ს სპარსელები შეადგენენ. რაც შეეხება დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფებს, ირანის მოსახლეობის 16% აზერბაიჯანელები არიან.ისინი ძირითადად ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციებში – აღმოსავლეთ აზერბაიჯანში, არდაბილში, ზენჯანში,ასევე დასავლეთ აზერბაიჯანში,ჰამადანსა და ყაზვინში ცხოვრობენ. სიდიდით მესამე ეთნიკური ჯგუფია ქურთები(10%), რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ ქურთისტანის,ქირმანშაჰისა და ილამის პროვინციებში. მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს დასავლეთ აზერბაიჯანშიც.ლურები,რომლებიც მოსახლეობის 6% არიან,ძირითადად,ლურესტანში ცხოვრობენ,ხოლო  ირანის სამხრეთი და ცენტრალური ნაწილები,განსაკუთრებით სისტანი და ბელუჯისტანის პროვინცია,დასახლებულია ბელუჯებით,რომლებიც მოსახლეობის 2% არიან,ისევე როგორც არაბები,თურქმენები და თურქული ტომები.[47] ირანში ასევე ცხოვრობენ თათები,თალიშები,სომხები,ებრაელები და ქართველები. ამ უკანასკნელთა რაოდენობა დაახლოებით 100.000-ს შეადგენს. ისინი ძირითადად პატარა ქალაქ ფერეიდანში ცხოვრობენ,თუმცა ამავე ტერიტორიაზე 10 ქართული დასახლებაა. ირანელი ქართველები არიან თეირანში,ისპაჰანსა და შირაზშიც.[48]

ირანის ეთნიკური ჯგუფების პროცენტული განაწილება წარმოდგენილია დიაგრამის სახით:

 

6.1 ირანის ეთნიკური შემადგენლობა

6.1 ირანის ეთნიკური შემადგენლობა

 

რაც შეეხება ქვეყნის ლინგვისტურ შემადგენლობას, ირანში გავრცელებული ენები ინდოევროპული, ალტაის, სემიტურ-ქამიტური და ქართველური ენათა ოჯახების სხვადასხვა ჯგუფებს განეკუთვნება. ირანის ენობრივის შედგენილობის განაწილება ენათა ოჯახების მიხედვით, წარმოდგენილია ცხრილში:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

6.2 ირანის ლინგვისტური შემადგენლობა ენათა ოჯახების მიხედვით

ენობრივი        ოჯახები ენათა ჯგუფები ეთნოსი
 

ინდოევროპული

ირანული ჯგუფი ირანელები, ქურთები
სომხური ჯგუფი სომხები
 

ალტაის

თურქული ჯგუფი აზერბაიჯანელები,თურქები, თურქმენები, თიურქული ტომები
სემიტურ-  ქამიტური სემიტური არაბები, ებრაელები
ქართველური ქართველები

 

     ქვეყნის ოფიციალური ენა სპარსულია,რომელზეც მოსახლეობის 53% საუბრობს. აზერბაიჯანული თურქული და თურქული დიალექტები მშობლიურია მოსახლეობის 18%-თვის. 10% მოდის ქურთულ ენაზე, 7% – გილანურსა და მაზანდარანულზე,6% – ლურულ ენაზე. მოსახლეობის 2% საუბრობს ბელუჯურად, ასევე 2% – არაბულად.[49] თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ენობრივი ჯგუფების პროცენტული განაწილება დიაგრამაზე,ხოლო ტერიტორიული გავრცელება ასახულია რუკაზე (იხ. დანართი N3):

 

6.3 ირანის ენობრივი შემადგენლობა

6.3 ირანის ენობრივი შემადგენლობა

მოსახლეობის რელიგიური სტრუქტურა

        ირანის ოფიციალური რელიგია ისლამია. ქვეყნის მთავრობა ოფიციალურად არ აღიარებს რამდენიმე რელიგიური  ჯგუფის არსებობას და ყველა მათგანი,ირანის მთავრობის სტატისტიკის მიხედვით,მუსლიმ მოსახლეობაში მოიაზრება.[50] ირანის მოსახლეობის 98% მუსლიმია,აქედან 89% შიიტია, 9% კი სუნიტი. სუნიტებს ძირითადად შეადგენენ ქურთები,რომლებიც ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობენ,არაბები და ბელუჯები – ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში,ასევე სუნიტი მუსლიმები არიან სპარსელების, თურქმენებისა და პუშტუნების მცირე რაოდენობა,რომლებიც ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთით სახლობენ.[51]

       დანარჩენ 2%-ში შედიან ბაჰაისტები,ინდუისტები და ზოროასტრიზმის მიმდევრები, ებრაელები და ქრისტიანები.[52] ბოლო სამი რელიგია ოფიციალურად აღიარებული და დაცულია და მათ პარლამენტშიც აქვთ ადგილები. როგორც ცნობილია, ზოროასტრიზმის მიმდევრები ერთ დროს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ, დღეს კი ირანში მხოლოდ რამდენიმე ათეული ათასი მიმდევარი ცხოვრობს. აღსანიშნავია,რომ ირანი მუსლიმურ სამყაროში გამორჩეული ქვეყანაა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ებრაული დიასპორით. უნდა აღვნიშნო,რომ ბაჰაიზმი, ირანში არსებული ყველაზე დიდი არამუსლიმური რელიგიური მიმდინარეობაა,თუმცა ოფიციალურად აღიარებული არ არის და თავისი არსებობის განმავლობაში ყოველთვის იდევნებოდა.[53]

          რაც შეეხება რელიგიური უმცირესობების განსახლებას, ბაჰაისტების პატარა დასახლებები მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს,თუმცა გამორჩეულია თეირანი.ისინი ძირითადად ქალაქებში ცხოვრობენ,მაგრამ რამდენიმე ბაჰაისტური სოფელიც გვხვდება ფარსისა და მაზანდარანის პროვინციებში. ბაჰაისტების უმრავლესობა სპარსელია,თუმცა არიან აზერბაიჯანელი და ქურთი მიმდევრებიც. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ირანში 25.271 ზოროასტრიზმის მიმდევარი ცხოვრობს. ისინი ძირითადად განსახლებული არიან თეირანში, ქერმანისა და იაზდის პროვინციებში.[54]

          თეირანში არიან განსახლებული ინდუისტები და ებრაელების უმრავლესობა, თუმცა ებრაელები ისპაჰანსა და შირაზშიც ცხოვრობენ,ასევე 10 ებრაული ოჯახი ცხოვრობს იაზდის პროვინციაში.[55]

       რაც შეეხება ქრისტიანებს,რომელთაც ირანში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვთ,მათ უმრავლესობას შეადგენენ ასირიელები და სომხები. მათი დიდი ნაწილი თეირანში ცხოვრობს,თუმცა ასირიელები ურმიაშიც გვხვდებიან,ხოლო სომხები უმეტესად ისპაჰანში სახლობენ. აღსანიშნავია,რომ დღესდღეობით ირანში 600-მდე ქრისტიანული ეკლესიაა. [56]

ურბანიზაცია,განსახლება და მოსახლეობის ტერიტორიული განლაგება

        ირანის მოსახლეობის ტერიტორიული განლაგება საკმაოდ არათანაბარია. ქვეყნის  სიმჭიდროვე 48/კმ2-ს შეადგენს. მოსახლეობა უმეტესად კონცენტრირებულია ირანის ჩრდილოეთითა და დასავლეთით: აღმოსავლეთ და დასავლეთ აზერბაიჯანში,გილანის,მაზანდარანის,ჰამადანისა და ქირმანშაჰის პროვინციებში. ყველაზე მაღალი სიმჭიდროვით ხასიათდება თეირანის პროვინცია,რომლის მოსახლეობაც 12 მილიონს აღემატება.აქ მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი და ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი – თეირანი(8.244.535). ამ პროვინციაში მოსახლეობის სიმჭიდროვე 650/კმ2-ია. რაც შეეხება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებს, აქ სიმჭიდროვე შედარებით დაბალია (29კმ2-67კმ2), ხოლო აღმოსავლეთითა და სამხრეთით მდებარე პროვინციები ყველაზე ნაკლებადაა დასახლებული(6/კმ2-28/კმ2) (იხ.დანართი N4).

            მოსახლეობის ასეთ არათანაბარ განაწილებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველ რიგში,ეს არის ბუნებრივი პირობები.როგორც რუკიდან ჩანს, ქვეყნის აღმოსავლეთი და ჩრდილო-ცენტრალური ნაწილი სიმჭიდროვით არ გამოირჩევა,ამას განაპირობებს  ქვეყნის აღნიშნულ ნაწილებში უდაბნოების – დაშთ ე ლუთისა და დაშთ ე ქავირის არსებობა. კასპიის ზღვისა და სპარსეთის ყურის ნაპირებზე მოსახლეობის უფრო მაღალი კონცენტრაცია კი აქ მდებარე დაბლობებითაა განპირობებული და შესაბამისად,ცხოვრებისთვის უფრო ხელსაყრელია. გარდა ბუნებრივი პირობებისა,მოსახლეობის ტერიტორიულ განაწილებაზე მიგრაციებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მოსახლეობა სასოფლო არეალებიდან ინაცვლებს ეკონომიკურად ბევრად უფრო განვითარებული,ხელსაყრელი მდებარეობისა და უკეთესი საცხოვრებელი პირობების მქონე ქალაქებისკენ. ზოგადად, ურბანული სისტემის ცვლილება,ერთ-ერთი იყო იმ ტრანსფორმაციებს შორის,რომელიც ირანის საზოგადოებაში მოხდა. მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან ერთად გაიზარდა ქვეყანაში ქალაქების რაოდენობაც. თუკი 1956 წელს ირანში 201 ქალაქი იყო, 2011 წლის აღწერით, მათი რიცხვი 1331-მდეა გაზრდილი. 1960 წლის შემდეგ, ირანის ურბანული სისტემა კაპიტალისტური ურთიერთობების გავლენას განიცდიდა,თუმცა ისლამური რევოლუციის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა და ქალაქსა და სოფელს შორის არსებული ტრადიციული ურთიერთობები დაკნინდა. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა ერაყთან ომის შემდეგ და საბოლოოდ,ამ ყველაფერმა ქალაქებსა და სოფლებს შორის,ასევე ქალაქებს შორისაც განსხვავებებისა და უთანასწორობის გაზრდა გამოიწვია,რაც დღესაც სახეზეა,მიუხედავად იმისა,რომ რევოლუციის შემდგომ პერიოდთან შედარებით,სიტუაცია გაუმჯობესდა.

            2011 წლის მონაცემებით, ირანის მოსახლეობის 71% ქალაქში ცხოვრობს.[57] ქვეყნის ურბანული ზრდის კოეფიციენტი 1.9%-ია. გაეროს პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 80%-მდე გაიზრდება.[58] ქვეყნის იმ ნაწილებში,რომლებსაც მაღალი სიმჭიდროვე ახასიათებს,მდებარეობს ირანის უმნიშვნელოვანესი ქალაქები. შიდა მიგრანტებიც,ძირითადად,სწორედ ამ ქალაქებში მიგრირებენ. ცხრილში მოცემულია ირანის 10 ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი,რომელთაგან 9-ში მოსახლეობის რაოდენობა მილიონს აჭარბებს:

   8.1 ირანისს უდიდესი ქალაქები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით

ქალაქი მოსახლეობა
თეირანი 8,778,535
მაშჰადი 3,069,941
ქარაჯი 2,024,765
ისპაჰანი 1,755,382
თაბრიზი 1,657,967
შირაზი 1,287,423
ყუმი 1,071,503
აჰვაზი 1,068,908
რეშთი 1,010,193
ქირმანშაჰი 828,313

 

          ირანში ურბანული მოსახლეობის ზრდაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველ რიგში ეს ბუნებრივი მოძრაობა და სოფლიდან ქალაქის მიმართულებით მიგრაციაა, თუმცა გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სოფლების სტატუსის ცვლილება და მათი ქალაქებად ქცევა და მზარდი მოსახლეობის გამო დიდი ქალაქების გაფართოება გარეუბნებისა და სოფლების ხარჯზე.[59] რაც შეეხება ქალაქების ტერიტორულ განაწილებას, ყველა დიდი ქალაქი კონცენტრირებულია ყველაზე მეტად განვითარებულ პროვინციებში – თეირანში, ისპაჰანში, ხორასანში, აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა და ფარსში.

 

                                                      

დასკვნა

     ირანის მოსახლეობის ძირითადი მახასიათებლების განხილვისას, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იგი უდაოდ საინტერესო ქვეყანაა. შევეცადე, ცხრილებისა და დიაგრამების საშუალებით უფრო თვალსაჩინო გამეხადა ქვეყნის დემოგრაფიული ცვლილებები და მასზე მოქმედი ფაქტორები. როგორც ნაშრომიდან ჩანს, ირანის მოსახლეობის დინამიკაზე  გავლენა არაერთმა ფაქტორმა მოახდინა. ქვეყნის მოსახლეობის განუხრელი ზრდა განპირობებული იყო რელიგიით, საზოგადოებაში ქალის როლის დაკნინებით, განათლების დაბალი დონით. ზრდის ასეთი ტემპის გამო ქვეყანა დემოგრაფიული პოლიტიკის გატარების აუცილებლობის წინაშე დადგა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი,ზოგადად,ირანის ისტორიაში ისლამური რევოლუციაა, რომელმაც ქვეყანაში არა მარტო პოლიტიკური, არამედ დემოგრაფიული სიტუაციაც შეცვალა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ირანული ემიგრაციის მეორე დიდი ტალღა,რომლის დროსაც ქვეყანა უამრავმა ადამიანმა,მათ შორის ინტელექტუალების დიდმა ნაწილმა, დატოვა. რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, როგორც ნაშრომიდან ჩანს, ირანში მოსახლეობის მატება კვლავ გრძელდება, თუმცა შედარებით სტაბილური ტემპით. შემცირდა როგორც შობადობის,ისე სიკვდილიანობის კოეფიციენტი. მნიშვნელვანია ქვეყნის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა,დასაქმება და მოსახლეობის ხარისხის სოციალურ-დემოგრაფიული მახასიათებლები,რომელიც ერთ-ერთი ინდიკატორია ირანის მოსახლეობაში არსებული რეალობების უკეთ დასანახად. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხი იყო ირანის ეთნიკური,ლინგვისტური და რელიგიური მრავალფეროვნება, ასევე მოსახლეობის ტერიტორიული განლაგების თავისებურებები,ურბანიზაციაზე მოქმედი ფაქტორები და მისი შედეგები. ვეცადე,რაც შეიძლება დეტალურად და საინტერესოდ განმეხილა აღნიშნული საკითხები და იმედი მაქვს, შედეგი მიღწეულია.

 

[1] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ir.html

[2] http://www.amar.org.ir/Default.aspx?tabid=500

[3] Hans Groth, Alfonso Sousa-Poza  Population Dynamics in Muslim Countries, pg 99 – Springer-Verlag Berlin Heidelberg 2012, ISBN 978-3-642-27880-8

[4] Mohammad Jalal Abbasi-Shavazi, Peter Mcdonald, Meimanat Hosseini-Chavoshi The Fertility Transition in Iran – Revolution and Reproduction, pg 18 – Springer Science+Business Media B.V 2009, ISBN 978-90-481-3197-6

[5] Hans Groth, Alfonso Sousa-Poza  Population Dynamics in Muslim Countries, pg 99 – Springer-Verlag Berlin Heidelberg 2012, ISBN 978-3-642-27880-8

[6] http://www.amar.org.ir/Default.aspx?tabid=500

[7] Hans Groth, Alfonso Sousa-Poza  Population Dynamics in Muslim Countries, pg 100 – Springer-Verlag Berlin Heidelberg 2012, ISBN 978-3-642-27880-8

[8] Hans Groth, Alfonso Sousa-Poza  Population Dynamics in Muslim Countries, pg 101 – Springer-Verlag Berlin Heidelberg 2012, ISBN 978-3-642-27880-8

[9] Hans Groth, Alfonso Sousa-Poza  Population Dynamics in Muslim Countries, pg 104 – Springer-Verlag Berlin Heidelberg 2012, ISBN 978-3-642-27880-8

[10] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/aj.html

[11] http://esa.un.org/wpp/unpp/p2k0data.asp

[12] გიორგი გოგსაძე მოსახლეობის გეოგრაფია, გვ 36 – გამომცემლობა „საარი“, თბილისი, 2008

[13] http://www.amar.org.ir/Default.aspx?tabid=500

[14] Hans Groth, Alfonso Sousa-Poza  Population Dynamics in Muslim Countries, pg 104 – Springer-Verlag Berlin Heidelberg 2012, ISBN 978-3-642-27880-8

[15] http://esa.un.org/wpp/unpp/p2k0data.asp

[16] http://www.migrationinformation.org/Profiles/display.cfm?ID=424

[17] http://www.migrationinformation.org/Profiles/display.cfm?ID=424

[18] http://www.migrationdrc.org/research/typesofmigration/global_migrant_origin_database.html

[19] http://www.nationmaster.com/country/ir-iran/imm-immigration

[20] http://www.amar.org.ir/Portals/1/Iran/L.F.I.__Autumn_13911.pdf

[21] http://www.iom.hu/PDF/migration_profiles2008/Azerbaijan_Profile2008.pdf

[22] Mohammad Jalal Abbasi-Shavazi, Peter Mcdonald, Meimanat Hosseini-Chavoshi The Fertility Transition in Iran – Revolution and Reproduction, pg 39 – Springer Science+Business Media B.V 2009, ISBN 978-90-481-3197-6

[23] Mohammad Jalal Abbasi-Shavazi, Peter Mcdonald, Meimanat Hosseini-Chavoshi The Fertility Transition in Iran – Revolution and Reproduction, pg 23 – Springer Science+Business Media B.V 2009, ISBN 978-90-481-3197-6

[24] http://esa.un.org/wpp/unpp/panel_indicators.htm

[25] http://en.wikipedia.org/wiki/Family_planning_in_Iran#cite_note-boom-3

[26] http://en.wikipedia.org/wiki/Family_planning_in_Iran#cite_note-boom-3

[27] http://web.worldbank.org/WBSITE/EXTERNAL/TOPICS/EXTHEALTHNUTRITIONANDPOPULATION/EXTDATASTATISTICSHNP/EXTHNPSTATS/0,,contentMDK:21737699~menuPK:3385623~pagePK:64168445~piPK:64168309~theSitePK:3237118~isCURL:Y,00.html

[28]http://web.worldbank.org/WBSITE/EXTERNAL/TOPICS/EXTHEALTHNUTRITIONANDPOPULATION/EXTDATASTATISTICSHNP/EXTHNPSTATS/0,,contentMDK:21737699~menuPK:3385623~pagePK:64168445~piPK:64168309~theSitePK:3237118~isCURL:Y,00.html

[29] გიორგი გოგსაძე მოსახლეობის გეოგრაფია, გვ 46 – გამომცემლობა „საარი“, თბილისი, 2008

[30] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ir.html

[31] გიორგი გოგსაძე მოსახლეობის გეოგრაფია, გვ 47-48 – გამომცემლობა „საარი“, თბილისი, 2008

[32] გიორგი გოგსაძე მოსახლეობის გეოგრაფია, გვ 51 – გამომცემლობა „საარი“, თბილისი, 2008

[33] http://hdrstats.undp.org/en/countries/profiles/IRN.html

undp.org/en/countries/profiles/IRN.html

[35] http://www.who.int/countries/irn/en/

[36] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ir.html

[37] http://hdrstats.undp.org/en/countries/profiles/IRN.html

[38] http://www.who.int/countries/irn/en/

[39] http://hdrstats.undp.org/en/countries/profiles/AZE.html

[40] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/aj.html

[41] გიორგი გოგსაძე მოსახლეობის გეოგრაფია, გვ 57 – გამომცემლობა „საარი“, თბილისი, 2008

[42] http://laborsta.ilo.org/STP/guest

[43] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ir.html

[44] http://laborsta.ilo.org/STP/guest

[45] http://data.worldbank.org/indicator/SP.POP.DPND

[46] http://en.wikipedia.org/wiki/Ethnic_minorities_in_Iran

[47] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ir.html

[48] http://en.wikipedia.org/wiki/Ethnic_minorities_in_Iran

[49] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ir.html

[50] http://en.wikipedia.org/wiki/Religion_in_Iran

[51] http://en.wikipedia.org/wiki/Islam_in_Iran

[52] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ir.html

[53] http://en.wikipedia.org/wiki/Persecution_of_Bahá’ís

[54] http://en.wikipedia.org/wiki/Zoroastrians_in_Iran

[55] http://en.wikipedia.org/wiki/Persian_Jews

//en.wikipedia.org/wiki/Armenians_in_Iran

[57] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ir.html

[58] http://en.wikipedia.org/wiki/Iran#cite_note-sci.org.ir-116

[59] http://iussp2005.princeton.edu/papers/51663

 

N1

 

შრომითი რესურსები

მთლიანი მონაცემები  

კაცი

 

ქალი

 

ურბანული არეალი

 

სასოფლო არეალი

ეკონომიკური აქტიურობის კოეფიციენტი(10 წლიდან ზემოთ) % 37.5 61.3 13.7 36.6 39.8
აბსოლუტ. რიცხვი 23978046

 

19613679

 

4364367

 

17163399

 

17163399
უმუშევრობის კოეფიციენტი(10+)

 

% 15.5 9.8 17.7 12.5 8.0
აბსოლუტ. რიცხვი 2688456

 

1914170

 

774286

 

2144347

 

544109

 

უმუშევრობის კოეფიციენტი(15+)

 

% 15.5 9.8 17.8 12.5 8.0
აბსოლუტ. რიცხვი 2682526

 

1908240

 

774286

 

2140257

 

542268

 

უმუშევრობის კოეფიციენტი(15-24 ასაკობრივი ჯგუფი) % 25.8 22.7 39.8 29.1 19.4
აბსოლუტ. რიცხვი 1004408

 

724535

 

279872

 

744133

 

260274

 

უმუშევრობის კოეფიციენტი(15-29 ასაკობრივი ჯგუფი) % 23.0 20.4 33.8 25.3 17.4
აბსოლუტ. რიცხვი 1801706

 

1284562

 

517143

 

1415112

 

386593

 

უმუშევრობის წილი აგრარულ სექტორში % 18.1 17.0 23.4 5.3 48.7
აბსოლუტ. რიცხვი 3858487

 

3017315

 

841171

 

801663

 

3056823

 

უმუშევრობის

წილი მრეწველობის სექტორში

 

%

34.8 36.4 26.9 37.5 28.3
აბსოლუტ. რიცხვი 7406574

 

6440593

 

965980

 

5633265

 

1773308

 

უმუშევრობის წილი

მომსახურების

სექტორში

% 47.1 46.6 49.7 57.1 23.0
აბსოლუტ. რიცხვი 10023409

 

8240479

 

1782929

 

8583002

 

1440407

 

 

 

N3 ირანის ეთნიკური ჯგუფების რუკა

N3 ირანის ეთნიკური ჯგუფების რუკა

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *