იან ამოს კომენსკი

იან ამოს კომენსკი (Jan Amos Komenský / John Amos Comenius) დაიბადა 1592 წლის 28 მარტს ჩეხეთში, ქალაქ ნივნიცეში. კომენსკის ბავშვობა და სწავლის წლები დაემთხვა უცხო დამპყრობთა მიერ ჩეხეთისა და მორავიის რბევასა და აწიოკებას, ამას დაერთო მშობლებისა და დების ეპიდემიით სიკვდილი. დაობლებული იანის მზრუნველობა იკისრა მამიდამ, რომლის დახმარებითაც მან მოახერხა ჩეხ ძმათა საზოგადოების დაწყებით სკოლაში შესვლა, ხოლო 16 წლისა ჩაირიცხა ფშეროვის ლათინურ სკოლაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლება მიიღო ჯერ ჰერბორნის აკადემიაში, შემდეგ ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში, ბოლო კურსზე კი ამსტერდამის უნივერსიტეტში შევიდა. უმაღლესი განათლების შემდეგ 22 წლის ჭაბუკი სამშობლოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ფშეროვის ძმათა სკოლას. შემდეგ ფულნეკში გადავიდა, სადაც სკოლაში მუშაობის პარალელურად „ბოჰემიის ძმათა საზოგადოების“ მოძღვრად დაიწყო მოღვაწეობა.
ოცდაათწლიანი ომის დროს, თეთრ მთასთან ომში ჰაბსბურგების გამარჯვებამ ჩეხეთი გაანადგურა და მან დაკარგა ეროვნული დამოუკიდებლობა. „ჩეხ ძმათა საზოგადოება“ იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და თავშესაფარი მეზობელ ქვეყნებში ეძია. ამ დროიდან დაიწყო კომენსკის მშფოთვარე-მოუსვენარი ცხოვრება.
36 წლის ასაკში კომენსკი იძულებული გახდა თავისი ცოლ-შვილით დაეტოვებინა სამშობლო და გადასულიყო პოლონეთის ქალაქ ლეშნოში, სადაც დაიწყო მუშაობა გიმნაზიაში.იმდენად დიდი იყო მისი სახელი და ავტორიტეტი, რომ იგი აირჩიეს „ძმათა საზოგადოების“ უხუცესთა საბჭოს მდივნად და ახალგაზრდების მეურვეობა მიანდეს.
ლეშნოს „ძმათა საზოგადოების“ გიმნაზიაში მუშაობის დროს მან მრავალი შრომა დაწერა, სკოლებისათვის შეადგინა პროგრამები და სხვადასხვა საგნის სასწავლო სახელმძღვანელოები, რომლებმაც კიდევ უფრო განამტკიცა მისი ავტორიტეტი და მსოფლიო აღიარბა მოუტანა. ამ პერიოდში შექმნა მან თავისი „ოქროს წიგნი“-„დიდი დიდაქტიკა“.
49 წლის ასაკში – 1641 წელს ჰეიდელბერგის უნივერსიტეტში სწავლის დროს შეძენილი ინგლისელი მეგობრის გარტლიბის დაჟინებული თხოვნით გადაწყვიტა ლონდონში გადასვლა. გარტლიბის სურვილი იყო აკადემიის დაარსება სწავლულთა აღსაზრდელად.
ლონდონში თავის მეგობართან ერთად შეუდგა „პანსოფიის“ იდეის განხორციელებას. მათი მიზანი იყო ყველა მეცნიერების გაერთიანება იმ მიზნით, რომ ყოველგვარი ცოდნა ყველასათვის მისაწვდომი ყოფილიყო, მაგრამ იმ პერიოდში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა ხელი შეუშალა ამ იდეის განხორციელებას.
50 წლის ასაკში კი იგი მიიწვიეს შვეციაში, სადაც მან ინტენსიური შრომა გასწია ლათინური ენის სწავლების მეთოდიკის დარგში, ხოლო 6 წლის შემდგომ იგი ბრუნდება ლეშნოში, სადაც იკავებს „ჩეხ ძმათა“ გარდაცვლილი ეპისკოპოსის ადგილს.
როდესაც კომენსკი 58 წლის გახლდათ მიიწვიეს უნგრეთში, სადაც ოჯახით გაემგზავრა და შაროშ პატოკში დასახლდა. იქ მან 4 წელი დაჰყო ხოლო შემდგომ კვლავ ლეშნოში დაბრუნდა.
1656 წელს პოლონეთ-შვეციის ომის შედეგად ლეშნო მთლიანად განადგურდა და მასთან ერთად დაიღუპა კომენსკის საცხოვრებელი ბინა (ბიბლიოთეკა, ხელნაწერები და სხვა). კომენსკი საცხოვრებლად ამსტერდამში გადავიდა და იქ დაჰყო ცხოვრების ბოლო 14 წელი. ამსტერდამში განახორციელა მან ყველა მთავარი თხზულების გამოცემა. ამავე პერიოდში გამოსცა მსოფლიოში ილუსტრირებული სახელმძღვანელო „ხილული სამყარო სურათებში“- რომელიც მაშინვე ითარგმნა გერმანულ ენაზე, აქვე გამოიცა და ითარგმნა გერმანულ ენაზე პიესების კრებული-„სკოლა-გართობა“
იან ამოს კომენსკი 78 წლის ასაკში, 1670 წლის 15 ნოემბერს ისე გარდაიცვალა რომ სამშობლოს თავისუფლებას ვერ მოესწრო. იგი დაასაფლავეს ქალაქ ნაარდენში (ამსტერდამის მახლობლად).
თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე-17 საუკუნეში, როცა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა კომენსკი, ევროპაში დაიწყო კაპიტალისტური ერა. კაპიტალიზმი საშინლად უტევს და თანდათანობით ანგრევს ფეოდალიზმის ჩარჩოებს. წარმოებაში კაპიტალისტური წესების დანერგვა იწვევს მის მანქანურ განვითარებას, მრეწველობისა და ვაჭრობის განვითარებას, სარკინიგზო ქსელისა და ქალაქების ზრდას, რაც თავის მხრივ საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ძვრებს ახდენს ყველა სფეროში. წარმოების ეს შინაარსი ვერ ითმენს მმართველობის ფეოდალურ ფორმებს და ეპოქის ეკონომიკა წინააღმდეგობაში გაიხლართა, ორმაგი ბუნების გახდა. მაგრამ პროგრესული და პერსპექტიული ცხადია ბუჟუაზიული ტენდენციებია.
ეკონომიკის ეს ორმაგობა, როგორც წესი, აისახა იდეოლოგიშიც. ერთი მხრივ, უჩვეულოდ ვითარდება მატერიალიზმი, ხოლო მეორე მხრივ პოზიციებს ინარჩუნებს რელიგია. ამიტომაა, რომ ამ ეპოქის დიდი მატერიალისტების ფილოსოფიაში ღიადაა დატოვებული კარები ღმერთისათვის. ეპოქის ამ თავისებურმა ორმაგობამ განსაზღვრა კომენსკის მსოფლმხედველობა, რომელსაც ეფუძნება მისი პედაგოგიური მოძღვრება. კომენსკის მსოფლმხედველობის ამოსავალი ქრისტიანული რელიგიაა, ესაა მისი ძირითადი ხაზი. თავისი ცხოვრების მანძილზე იგი იყო „ჩეხ ძმათა საზოგადოების“ წევრი და ხელმძღვანელი და არასდროს გაუხდია ეპისკოპოსის ტოგა. კომენსკი მართალია ცნობს სამყაროს რეალობას, მაგრამ მის გამჩენად და მასში წესრიგის დამდგენად ღმერთი მიაჩნია.
მეორე ხაზი ბუნებისა და საზოგადოებრივი მოვლენების ახსნაში რეალისტური ტენდენციაა. მას რეალური ცოდნის წყაროდ ბუნება (სამყარო) მიაჩნია. სინემდვილეს შემეცნების შესაძლებლობას აღიარებს ამ სინამდვილის ადამიანის გრძნობათა ორაგანოებზე ზემოქმედების გზით. ამ მატერიალისტური პოზიციას, თუმცა არათანმიმდევრულ, იგი ბრწყინვალედ გამოხატავს „დიდ დიდაქტიკაში“ მატერიალისტური შემეცნების თეორიის ცნობილი დებულებით- „გონებაში არაფერია ისეთი, რაც პირველად შეგრძნებებში არ ყოფილა“. ამ დებულებას კომენსკი სრულიად შემდეგნაირად გაშლის: „შემეცნების დასაწყისი ყოველთვის და აუცილებლად შეგრძნებებიდან გამომდინარეობს (რადგან გონებაში არაფერია ისეთი, რაც პირველად შეგრძნებებში არ ყოფილიყოს). ამიტომ სწავლება უნდა იწყებოდეს არა სიტყვიერი განმარტებით საგნების შესახებ, არამედ თვით საგნებზე რეალური დაკვირვებით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვით საგანს გავეცანით, შეიძლება მის შესახებ ლაპარაკი, რომ უფრო ფართოდ ავხსნათ იგი“. ამ მსოფლმხედველობაზეა დაფუძნებული კომენსკის პედაგოგიური შეხედულებანი საერთოდ, და კერძოდ, შეხედულებანი პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლების ძირითად პრობლემებზე.
იან ამოს კომენსკის პედაგოგიურ მოძღვრებაში სოლიდური ადგილი აქვს დათმობილი აღზრდის მიზნებისა და ამოცანების პრობლემას. ეს პრობლემა, პრინციპში, მართალია ბურჟუაზიის ინტერესების შესაბამისად არის გადაჭრილი, მაგრამ მსოფლმხედველობის ორმაგობიდან გამომდინარე, კომენსკისეული აღზრდის მიზანიც ორამაგი ბუნებისაა. აღზრდის მიზნის- „პანსოფოსის“ მომზადების გაგებისათვის კომენსკი ფონს თავისი უკვდავი ნაშრომის დასაწყისშივე ქმნის: „დიდი დიდაქტიკა, რომელიც შეიცავს ყველასათვის ყველაფრის სწავლების ხელოვნებას, ანუ, ჭეშმარიტი და საუკეთესო საშუალება, თუ როგორ შევქმნათ ყოველი ქრისტიანული სახელმწიფოს ყოველ თემში, ქალაქსა და სოფელში ისეთი სკოლები, რომლებშიც ორივე სქესის მთელ ახალგაზრდობას, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, სადაც არ უნდა იყოს, შეეძლება ისწავლოს მეცნიერებანი, მიაღწიოს ზნეობრივ წარმატებას, შეითვისოს ღვთისნიერება, ყოველივე ის, რაც საჭიროა, როგორც ამქვეყნიური, ისე მომავალი ცხოვრებისათვის“.
კომენსკის „პანსოფოსს“- ადამიანს სამი მიზანი აქვს. იგი უნდა იყოს: 1. ყველაფრის მომწესრიგებელი თავისი გონებით; 2. თავისი თავის ბატონი; 3. სიამოვნება ღვთისა. აქედან ნათელია, რომ იგი უნდა იყოს: I. გონივრული ქმნილება; II. სხვა ქმნილებათა მეუფე; III. ქმნილება, რომელიც არის განსახიერება და სიამოვნება თავის შემოქმედებისა. ეს სამი მხარე ისე მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ მათი გათიშვა შეუძლებელია, რადგან საფუძველი როგორც ახლანდელი, ისე მომავალი ცხოვრებისა მათზეა დამყარებული.
სრულიად ნათელია, რომ კომენსკი, როგორც ღრმადმორწმუნე ადამიანი და რელიგიური პირი, ამ ციტატით ახმოვანებს შემოქმედის მიერ ადამიანის შექმნის იდეას და ადამიანისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, და მაშასადამე, კომენსკის აღზრდის მიზანიც, ადამიანის ღვთიური დანიშნულების მიღწევაა, მისთვის იმ ფორმისა და შინაარსის მიცემაა, რაც ადამიანს ღმერთმა მისცა მისი გაჩენის დღიდან. იან ამოს კომენსკის ზოგად პედაგოგიურ მემკვიდრეობაში უაღრესად ფართო და საყურადღებო ადგილი ეჭირა ბავშვის პიროვნებად ფორმირებაში მის ადამიანად გადაქცევაში აღზრდის როლის პრობლემას.
კომენსკი იმდენად გამსჭვალულია აღზრდისათვის განუზომლად დიდი როლის მიკუთვნებით, რომ ზოგჯერ აჭარბებს და მას ყოვლისშემძლეობის ძალას ანიჭებს, ე.ი პიროვნების ფორმირების ერთადერთ ფაქტორად აღიარებს. ცნობილია მისი გამოთქმა, რომ „ყველა ბავშვისგან შეიძლება აღიზარდოს ადამიანი“. მის მოძღვრებაში ამის დასასაბუთებლად მოტანილია ცნობილი მაგალითი სარკისა და დაფის შესახებ. აი ისიც: არ არსებობს ისეთი ჭუჭყიანი სარკე, რომელიც საგნის რაიმეგვარ გამოსახულებას არ გვაძლევდეს. თუ მას ეს არ შეუძლია, მაშინ იგი სარკეც არ ყოფილა. ასევეა ბავშვიც, ყველა მათგანი რაიმეგვარად იღებს აღზრდის ზეგავლენებს. თუ ეს არ შეუძლია, მაშინ ცხადია, იგი არ ყოფილა ნორმალური ბავშვი. მაგრამ კომენსკი აქ არ ჩერდება და აგრძელებს: ხოლო თუ სარკეს გავასუფთავებთ (წესრიგში მოვიყვანთ), მაშინ იგი მის წინ დაყენებულ საგანს ზუსტად და სწორად ასახავს. ასევეა ბავშვიც. თავიდან შეიძლება ყველაზე ერთნაირად ვერ მოქმედებს აღზრდა, მაგრამ თვით აღზრდაზეა დამოკიდებული ბავშვების შესაძლებლობების გათანაბრება და მაშინ ისინი სრულიად მიიღებენ აღზრდის ყოველგვარ ზეგავლენებს. ე.ი რასაც მივცემთ აღზრდის გზით ყველაფერს შეითვისებენ, და მაშასადამე, აღზრდაზეა მხოლოდ და მხოლოდ დამოკიდებული ბავშვის ადამიანად გადაქცევა. ტიპური მაგალითია აღზრდის ყოვლისშემძლეობის აღიარებისა. კიდევ უფრო თვალნათელია დაფის მაგალითი: არ არსებობს ისეთი ხორკლიანი დაფა, რომელზეც რამე წარწერის გაკეთება არ შეიძლებოდეს. მაშინ იგი დაფაც არ იქნება. მაგარმ თუ ამ დაფას გავაშალაშინებთ და წესრიგში მოვიყვანთ მასზე დაიწერება ყველაფერი ის, რასაც დავწერთ. ასევეა ბავშვიც.
ბავშვის პიროვნების ფორმირების პროცესში ასეთივე და კიდევ უფრო მეტ როლს აკუთვნებს კომენსკი გარემოს, და მითუმეტეს ორგანიზებულ გარემოს. სკოლა მისთვის ბავშვის აღზრდა-განათლების წამყვანი, ცენტრალური დაწესებულებაა. „იგი ადამიანობის სახელოსნოა“. ამგვარად, ბავშვის პიროვნების ფორმირებაში, კომენსკი, აღზრის წამყვანი როლის გვერდით, აღიარებს გარემოსა და მემკვიდრეობის, ბუნებრივი თავისებურებების საკმაო როლსაც. კომენსკის აზრით, სკოლა უნდა იყოს მოთავსებული მყუდრო ადგილას, სადაც ვერ აღწევს ხმაური და გარეშე გამაღიზიანებელი ფაქტორები; ხოლო მოსწავლეთა სახელმძღვანელოები ისე უნდა იყოს შედგენილი რომ მათ ჰქონდეს ენციკლოპედიური ხასიათი, წარმოადგენდეს „სიბრძნის, სათნოებისა და ღვთისმოშიშობის წყაროს“. გაკვეთილზე ყოველი წესი გამოთქმული უნდა იქნეს ნათლად, თან უნდა ახლდეს თვალსაჩინო მაგალითები. სწავლება უნდა მიმდინარეობდეს მშობლიურ ენაზე, უცხო ენა უნდა ისწავლებოდეს მშობლიური ენის შესწავლის შემდეგ და მისი დახმარებით.
კომენსკი სწავლებისა და აღზრდის ცენტრალურ ფიგურად თვლის მასწავლებელს, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს ყველა იმ თვისებებით, რის შემუშავებასაც იგი ცდილობს თავის აღსაზრდელში. მასწავლებელი საყოველთაო პატივისცემით უნდა სარგებლობდეს. სახელმწიფო ყოველმხრივ და ყველა საშუალებით უნდა ცდილობდეს მასწავლებლის ავტორიტეტის ამაღლებაზე და დაცვაზე; ხოლო თვითონ მასწავლებელმა გაკვეთილზე უნდა გაითვალისწინოს ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც უზრუნველყოფს გაკვეთილის ეფექტურობას – პირველ რიგში მასწავლებელი უნდა ცდილობდეს მოსწავლეთა ყურადღების გამოწვევას, გაკვეთილი უნდა დაიწყოს განვლილი მასალის გამეორებით. მასწავლებელი უნდა იდგეს კათედრაზე და მზის მსგავსად ყველასკენ გზავნიდეს ცოდნის სხივებს, თვალყურს ადევნებდეს მოსწავლეთა საქმიანობას. მან შიგადაშიგ უნდა შეაჩეროს თხრობა და შეამოწმოს, რამდენად გაიგეს ახსნილი მასალა, თუ მისი მიერ გამოძახებულმა ვერცერთმა მოსწავლემ ვერ უპასუხა, შეეკითხოს მთელ კლასს და შეაქოს ის მოსწავლე, რომელიც ადრე უპასუხებს. გაკვეთილის ბოლოს მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეებს უფლება შეეკითხონ მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ და ა.შ.
სწავლების ერთ-ერთ წამყვან დიდაქტიკურ პრინციპად კომენსკი თვლის თანმიმდევრობას და სისტემატურობას, რაც ემსახურება ცოდნის შეგნებულად და მტკიცედ ათვისებას, მის რწმენად გადაქცევას. „ყველაფერი უნდა ისწავლებოდეს განუწყვეტელი თანმიმდევრობით, რომ დღევანდელმა მასალამ განამტკიცოს გუშინდელი და გზა გაუხსნას ხვალინდელს“. კომენსკი მის მიერ განსაზღვრული ბავშვის ასაკობეივი საფეხურის (ბავშვობა, ყრმობა, სიყმაწვილე და მოწიფულობა) გათვალისწინებით გვაძლევს ოთხი საფეხურის სკოლას: სწავლებისა და აღზრდის პირველ საფეხურს წარმოადგენს „დედობრივი სკოლა“, აქ ბავშვები იზრდებიან დაბადებიდან 6 წლამდე. ეს სკოლა უნდა არსებობდეს ყველა ოჯახში, სადაც საფუძველი უნდა ჩაეყაროს ყველა დადებით ადამიანურ თვისებას.
სკოლის მეორე საფეხურად კომენსკის მიაჩნია მშობლიური სკოლა, რომელიც გათვალისწინებული იყო ყრმობის 6-დან 12-წლამდე ასაკის ბავშვებისათვის. ასეთი სკოლა ყველა თემში უნდა ყოფილიყო და მიზნად ისახავდა ესწავლებინა ის, რაც ახალგაზრდას მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებოდა. სკოლის მესამე საფეხურად კომენსკი თვლის ლათინურ სკოლას, რომელიც ყოველ ქალაქში უნდა არსებობდეს. აქ სწავლობდნენ 12-დან 18-წლამდე ბავშვები (სიყმაწვილის ასაკი). ამ სკოლის მიზანია ბავშვებს მისცეს ენციკლოპედიური ცოდნა. სწავლების მეოთხე საფეხურად კომენსკის მიაჩნია აკადემია, რომელიც, მისი აზრით, ყოველ სახელმწიფოში უნდა არსებობდეს, სადაც ხდება ყველა მეცნიერების შესწავლის დასრულება და დამატებით იმ მასალის შესწავლა, რომლებიც უმაღლესი განათლების კურსს შეადგენს. აქ სწავლობდნენ 18-დან 24-წლამდე ახალგაზრდები. აკადემიაში უნდა მიმდინარეობდეს უნივერსალური სწავლება, უნივერსალური მეთოდებით, უნივერსალურად განსწავლული პროფესორების მიერ, მდიდარი ბიბლიოთეკების მეშვეობით.
კომენსკის მოძღვრებამ უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოს პედაგოგიკური აზრის განვითარებაზე. მან პირველმა წამოაყენა და დაასაბუთა სახალხო განათლების სისტემის (სკოლის) საყოველთაო ხასიათი, რომ მისით თანაბრად უნდა სარგებლობდეს განურჩევლად ყველა, ასევე პირველმა კაცობრიობის ისტორიაში, წამოაყენა მშობლიურ ენაზე სწავლების პრინციპი და მოგვცა სასკოლო სახელმძღვანელოები, რაც ნიმუში გახდა შემდგომი მეცნიერულ-პედაგოგიკური პრინციპებზე აგებული სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისა.