თბილისის ურბანული პრობლემები
ქ. თბილისში 2011 წლის 28 დეკემბრიდან 2012 წლის 14 იანვრამდე ჩავატარე კვლევა, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქალაქო პრობლემების გამოვლენა. ჩემს უბანში კონკრეტულად კი ჩუღურეთის რაიონში, რომელიც ძველი თბილისის ერთ-ერთ მრავალეროვან დასახლებს წარმოადგენს. გ. ზაზიაშვილისა და პ. მამრაძის ქუჩებზე ჩავატარე აღნიშნული კვლევა, კვლევა რომელსაც უნდა შეესწავლა აქ მცხოვრები მოსახლეობის აზრი. აღნიშნულ ქუჩებზე გვხვდება როგორც კერძო სახლები, ასევე პატარა კორპუსები და იტალიური ეზოები, შესაბამისად საინტერესოა თითოეული ასეთი საცხოვრებლის წარმომადგენლის აზრი.
გამოვიკითხე 20 ადამიანი. დავიცავი სქესთა და ასაკთა თანაფარდობა, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკითხულებიდან 10 ქალია და 10 მამაკაცი, შესაბამისად 5-5 ადამიანია აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფებიდან წარმოდგენილი. გამოვიკითხე აგრეთვე სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. რესპოდენტებიდან 13 ჰყავს ოჯახი, 7-ს კი არა, აქედან 2 განქორწინებულია. კვლევიდან აღსანიშნავია, რომ გამოკითხულების 60% მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, მათი დიდი რაოდენობა ასაკოვანი ადამიანია. არასრული უმაღლესი აქვს 25%, აქედან ყველა ახალგაზრდაა, ხოლო საშუალო განათლება 15% აქვს, ასაკოვანსაც და ახალგაზრდასაც. შედეგების გაანალიზებამ გვიჩვენა დასაქმებულთა 70%-იანი უპირატესობა, უნდა აღინიშნოს რომ დასაქმებულთა ნაწილი დროებით სამუშაოს დასაქმებად თვლიდა, აგრეთვე ის, რომ დაუსაქმებელი ქალები პენსიონერებს წარმოადგენენ, ხოლო მამაკაცები ძირითადად ახალგაზრდები არიან. რაც შეეხება შემოსავლებს, გამოკითხულებიდან მხოლოდ 2 კატეგორია გამოიკვეთა, ესენია საშუალო და ღარიბი შემოსავლის პატრონები, აქედან 70% საშუალოს კატეგორიას განეკუთვნება.
გადავიდეთ პირდაპირ კითხვარის მთავარი საკითხის საქალაქო პრობლემების ანალიზზე. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რომ ხალხის დიდ ნაწილს ან არ სურს სოციალურ კვლევებში მონაწილეობის მიღება, ანდა არასწორად ესმის კვლევის მნიშვნელობა და შინაარსი. რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ზედმეტად პოლიტიზირებულია, ახასიათებს არასწორი ან კრიტიკული დამოკიდებულება.
გამოკითხვამ ძალზედ საინტერესო შედეგები აჩვენა. ჯერ დავიწყებ ბოლო კითხვის გაანალიზებით. 20-დან 16 პასუხად გამცა, რომ ისინი არსადაც არ გადავიდოდნენ, მიუხედავად მრავალი პრობლემისა, რომელიც გარდა ქალაქისა, კონკრეტულად მათ უბანსაც ეხება. 2-მა რესპოდენტმა პასუხად ისევ ძველ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნება ისურვა, საინტერესოა რადგან აქედან 1 დევნილია აფხაზეთიდან, მეორემ კი ბინა თბილისის პრესტიჟულ უბანში დაკარგა. საქალაქო პრობლემების აღნიშვნისას, როგორც კითხვარშია თვალშისაცემი ქულები საოცრად განაწილდა. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულია დასაქმებულთა რაოდენობა 70%, ხალხი ყველაზე დიდ საქალაქო პრობლემად მაინც დასაქმებას თვლის (46 ქულა). პასუხი მარტივია, დაბალი ხელფასები, პროდუქციის სიძვირე, სამსახურების ნაკლებობა და გარშემო უმუშევრების დიდი ხვედრითი წილი მაინც თავის დაღს ასვამს საზოგადოებას. მეორე ადგილს ინაწილებენ სოციალური უზრუნველყოფა და ეკონომიკური და ფინანსური პრობლემები 9-9 ქულით. ხალხი აღნიშნავს, რომ მოსაწესრიგებელია სოციალური მომსახურეობები, დაბალია პენსია ბაზარზე არსებული სიძვირის გამო და სწორედ უმუშევრობა იწვევს სხვადასხვა ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემებს. მესამე მნიშვნელოვან პრობლემად კვლავ სოციალური პრობლემა დასახელდა, ესაა სიღატაკე და სოციალურად დაუცველთა სიჭარბე (8 ქულა). საიტერესოა, რომ ამას პრობლემად ყველა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი თვლის თითქმის თანაბრად, თვლიან რომ ბევრია გაჭირვებული, რომლებიც საარსებო მინიმუმს განეკუთვნებიან და აგრეთვე 2-მა რესპოდენტმა აღნიშნა, რომ მათ საკუთარი თვალით დაუნახავთ ადამიანები, რომლებიც ბუნკერში საკვებს ეძებდნენ.
რა თქმა უნდა ყველა ზემოთ აღნიშნული გარკვეულ წილად პრობლემას წარმოადგენს და გამოკითხული ხალხიც თავისებურად წარმოაჩენდა მათ აქტუალობას. თუმცა ახლა ყურადღებას გავამახვილებ იმ 3 ნაკლებ პრობლემატურ საკითხზე, რომლებიც აღნიშნეს. გამოკითხული ადამიანები ყველაზე ნაკლებ პრობლემატურ საკითხად კრიმინალურ მდგომარეობას ასახელებენ (-12 ქულა), უბნის მაგალითზე კრიმინალური სიტუაცია წინა წლებთან შედარებით გამოსწორებულია, იკლო ძარცვების, დაყაჩაღების და ა.შ. რაოდენობამ. მეტ-ნაკელბად არაპრობლემატურად თვლიან ჭარბმოსახლეობის საკითხს (-10). მას მოსდევს ქალაქის დაგეგმარება, განაშენიანება და გარეგანი სახე და დასვენებისა და გართობის ადგილების სიმცირე -8 ქულით.
მასალის გაანალიზების შემდეგ შეგვიძლია გარკვეული დასკვნის გამოტანა. მოსახლეობის უმეტესობა აქცენტს ამახვილებს სოციალურ პრობლემებზე, როგორც შედეგებმა აჩვენეს ყველაზე დიდ პრობლემას – დასაქმება წარმოადგენს, რასაც მოსდევს შემდეგი პრობლემები. ყურადღებას კიდევ ერთხელ გავამახვილებ საზოგადოების პოლიტიზირებაზე, ხალხს გარკვეული უნდობლობა აქვს და არასაზოგადოებრივი ქცევები ახასიათებს. Mმიუხედავად იმისა, რომ მაღალი იყო განათლების მაჩვენებელი, მაინც ბევრი ხარვეზი შეინიშნება პასუხებში, ვგულისხმობ საკითხის არ ცოდნას და არასწორ ცოდნას. მაგ: ეკოლოგიური მდგომარების არასწორად გაგება. საინტერესოა, რომ პასუხებში რამდენიმეჯერ ფიგურირებდა ეთნიკური, გენდერული და რელიგური პრობლემა, ძირითადად აღნიშნავდნენ იმას, რომ ადრე თავშისაცემ პრობლემას წარმოადგენდა და სურდათ, რომ ეს შემდგომში არ აღარ ყოფილიყოს პრობლემა. ჩვენთვის საინტერესოა, რომ მოსახლეობა ნაკლებ პრობლემატურად მიიჩნევს ურბანულ ჭეშმარიტ ურბანულ საკითხებს. შედეგების გაანალიზება უფლებას მაძლევს ვისაუბრო სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც სამწუხაროდ ძალზედ დაბალ დონეზე აქვს ჩვენს მოსახლეობას გააზრებული. ადამიანები მოქალაქეობის ცნებასა და ფუნქციას სათანადო დონეზე ვერ იაზრებენ. სამწუხაროდ ბევრია განათლების მხრივ სამუშაო. მეტი ყურადღება უნდა ეთმობოდეს აღნიშნული პრობლემების მოგვარებას, რადგან როგორც აღნიშნა რესპოდენტების ნაწილმა ერთ პრობლემას მეორე მოსდევს, თუნდაც უმუშევრობას. ამიტომ საჭიროა მუშაობა როგორც სახელმწიფო, ასევე სამოქალაქო დონეზე, რათა მოხდეს როგორც საზოგადოებრივი ასევე ინდივიდუალური, პრობლემების მოგვარება, რომლის შედეგადაც მოხდება ღირსეული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისათვის.
ავტორი: დავით სიდამონიძე