თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის ძირითადი ტენდენციები
ავტორი: მარიამ კვერღელიძე
<< ნაშრომი შეფასებულია უმაღლესი ქულით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წყაროდ >>
ანოტაცია
ნაშრომში შესწავლილია თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესის შემქმნელი ტექსტები, კონტექსტი, რომელშიც არსებობს ეს ნაწარმოებები და ის მიზეზები და მიზნები, რაც ამ პროცესს წარმართავს.
მრავალმხრივ პროცესში გამოყოფილია ორი ძირითადი ლიტერატურული ტენდენცია, რომელთა შესწავლა ხდება, როგორც თეორიული ნიშნით, ისე პრაქტიკულად – უშუალოდ ტექსტების ანალიზით. ტექსტების შესწავლისას ვეყრდნობით სამ მთავარ თემას (ცხოვრების საზრისი, საზოგადოებრივი საფიქრალი, ტექსტის ფუნქცია/ავტორის მიზანდასახულობა), რომელიც საგულისხმოა თანამედროვე ქართული ლიტერატურისთვის. ავტორისგან ტექსტები არჩეულია თემების უკეთ ილუსტრირების მიზნით.
თემის აქტუალობას თავად ლიტერატურული პროცესი განსაზღვრავს, რომელიც მუდმივად განახლებადი და, შესაბამისად, ცვალებადია. განყენებულობის დაძლევის მიზნით, ურთიერთობისთვის, აუცილებელია, მსჯელობა დახვეწისა და წინსვლის წადილით. ნაშრომის მიზანიც ამ განსჯაში მონაწილეობის მიღებაა.
ნაშრომი შედგება სარჩევის, შესავლის, ძირითადი ნაწილის, დასკვნისა და გამოყენებული ლიტერატურისაგან. ძირითადი ნაწილი სამ თავს მოიცავს, თავის მხრივ თავები აერთიანებენ პარაგრაფებს.
შესავალი
თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესზე ფიქრი არახალია ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანისთვის, ამ ფიქრმა გადაგვაწყვეტინა უფრო ღრმად ჩავკვირვებოდით საკითხს, გამოგვეკვეთა არსებული ძირითადი ტენდენციები და ჩვენი დამოკიდებულება შეგვემუშავებინა. ამგვარი კვლევის საჭიროება და აუცილებლობა ყოველთვის არსებობს, როცა ცოცხალი ლიტერატურული პროცესი მიმდინარეობს და, შესაბამისად, ყოველდღიურად რაღაც იცვლება, პროგრესს ან რეგრესს განიცდის. ნაშრომში სწორედ ამ ცოცხალ ლიტერატურულ დუღილზე იქნება მსჯელობა: რა არის ლიტერატურული პროცესი, რას და რატომ წერენ ავტორები, რა ხერხებით აღწევენ მიზანს, რა ეპოქაა ეს, რომელშიც ვცხოვრობთ, რა ურთიერთობაა ტექსტსა და კონტექსტს შორის, რა როლი აქვს კრიტიკას ლიტერატურულ პროცესში… აი, ის ძირითადი თემები, რომლებსაც ნაშრომში ვიკვლევთ და ჩვენეულ ხედვას გთავაზობთ.
ნაშრომში გამოყოფილია ორი ძირითადი ტენდენცია,[1] რომელიც ჩვენს ლიტერატურულ ცხოვრებას განსაზღვრავს: პოსტმოდერნისტული ტექსტები და არაპოსტმოდერნისტული, ტრადიციული ტექსტები. განხილულია ამ ორი ტიპის ნაწარმოებების ძირითადი თეორიული ნიშნები და ის სამი მთავარი პრობლემა (ცხოვრების საზრისი, საზოგადოებრივი საფიქრალი, ტექსტის ფუნქცია/ავტორის მიზანდასახულობა), რომლებიც თანამედროვე ლიტერატურის ინტერესის სფეროში აქტიურად შემოდის.
ყურადღება ეთმობა კონტექსტის ანალიზსაც (არსებითად პოსტმოდერნული ხანა), რომელშიც ეს ტექსტები არსებობენ. თეორიული მსჯელობა ნაშრომში გამყარებულია მაგალითებით მხატვრული ლიტერატურიდან. ნაწარმოებების შერჩევისას ვიხელმძღვანელეთ პრინციპით – გამოგვეყენებინა ის ტექსტები, რომლებიც კარგი ილუსტრაცია იქნებოდა განსახილველი საკითხისათვის.
ჩვენი სახელმძღვანელო მეთოდი გახლდათ კომპარატივისტიკული, რამდენადაც შევისწავლეთ ლიტერატურული პროცესი, რომელიც მოიცავს როგორც ტექსტებს, ისე მათი არსებობის ფორმებს. (ხალიზიევი 1987: 32)
აღსანიშნავია ისიც, რომ ლიტერატურული პროცესის კუთხით არსებული გამოკვლევები (რომელიც ჯერ კიდევ მომავლის საქმედ რჩება) – რომელიმე ერთი თანამედროვე ავტორისა თუ მისი ტექსტის ანალიზი, ასევე ეპოქისა თუ მიმდინარეობების კვლევა, ქართული ლიტერატურის მსოფლიო ჭრილში შესწავლა და სხვა, დიდად დამეხმარა ნაშრომზე მუშაობის პროცესში.[2]
დაბოლოს, მოცემული ნაშრომის მიზანი და პრეტენზია არ ყოფილა საკითხის სრულად ამოწურვა, იმედს ვიტოვებთ იგი სამომავლო კვლევებს რამდენადმე მაინც წაადგება.
თავი I . ლიტერატურული პროცესი
- ლიტერატურული პროცესის არსის შესახებ
ლიტერატურული პროცესი ეს იგივე ლიტერატურული ცხოვრებაა და ცხოვრებასავით მასაც აქვს უცვლელი და ცვალებადი. უცვლელი ის ხერხემალია, რომელიც ცვალებადობას, მოძრაობას უზრუნველყოფს, ადამიანის ხერხემლის მსგავსად. მუდმივი – პროცესია, რომელიც სტადიებისგან შედგება. ერთი სტადიიდან მეორეში გადასვლა კი შეუქცევადობითა და კანონზომიერებით ხასიათდება, რაც ახალი, განსხვავებული ლიტერატურის შექმნას უზრუნველყოფს.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლიტერატურის თეორიის კუთხით, პროფესორი ევგენი ჩერნოივანენკო[3], სხვა მეცნიერთა მოსაზრებებზე მსჯელობის შემდეგ ასე აყალიბებს ლიტერატურული პროცესის არსს:
„ლიტერატურული პროცესი არის მხატვრულ-ლიტერატურული ცნობიერების, ლიტერატურულ ნაწარმოებთა თვისებებისა და ფუნქციების, ლიტერატურის შედგენილობის მიმართული, შეუქცევადი და კანონზომიერი ცვალებადობა, რომლის შედეგადაც ლიტერატურა ერთი ხარისხობრივი მდგომარეობიდან გადადის მეორეში; ლიტერატურის ერთ ხარისხობრივ მდგომარეობაში ყოფნის პერიოდი არის ლიტერატურული პროცესის ერთი მსხვილი ერთეული, ნაწევარი ანუ სტადია.“[4] (ჩერნოივანენკო 1997: 40)
ლიტერატურული პროცესის სტადიებია მაგალითად რომანიზმის ხანა, მოდერნიზმის ხანა, თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს ისიც, რომ ლიტერატურული პროცესი არ მიმდინარეობს მხოლოდ გარეგნული სახით (ეპოქები, მიმდინარეობები), არამედ ცალკეული პიროვნებების შიგნითაც; ამის თვალსაჩინო გამოხატულებაა პიკასო და მისი შემოქმედებითი პერიოდები. ეს ლიტერატურული პროცესისა და მასთან ერთად კი, ცალკეული სტადიის მრავალფეროვნებას განაპირობებს – ერთდროულად სახეზეა სხვადასხვა „ცნობიერებისა“ და „ფუნქციის“[5] ტექსტები, ამით აიხსნება ისიც, რომ საბჭოთა კავშირში იქმნებოდა პოსტომდერნიზმის ნიშნით აღბეჭდილი ტექსტები ( ლევან ბრეგაძე თავის წერილში „ქართული პოსტმოდერნიზმი“ ქართულ ლიტერატურაში პოსტმოდერნიზმის სათავესთან მუხრან მაჭავარიანს აყენებს – „პოსტმოდერნიზმის სათავესთან ქართულ ლიტერატურაში მუხრან მაჭავარიანი დგას. იგი ორმოციანი წლების ბოლოს ახალი ესთეტიკის დამამკვიდრებლად მოგვევლინა“ (ბრეგაძე 2008: 198). გარდა მაჭავარიანისა ბრეგაძე სხვა ქართველ მწერლებთანაც პოულობს აღნიშნული მიმდინარეობის კვალს.
მნიშვნელოვნად შემოდის ლიტერატურულ პროცესზე საუბრისას ისტორიული მომენტის, კონტექსტის როლი, სადაც ავტორი, მკითხველი და ტექსტი იბადებიან და არსებობენ.[6] განიცდიან მოქმედებას და თავადაც მოქმედებენ…
ამგვარად, ლიტერატურული პროცესი ესაა სხვადასხვა სტადიათა „კანონზომიერი“ მონაცვლეობა კონტექსტების მიხედვით, როდესაც ერთი სტადიის ფარგლებში გვაქვს სხვადასხვა „ცნობიერებისა“ და „ფუნქციის“ მატარებელი ტექსტები.
ლიტერატურული პროცესი შეიძლება დახასიათდეს მისი შემადგენლობის მიხედვითაც, ამ შემადგენლობის ჩამონათვალს ვხვდებით ვალენტინ ხალიზიევის ენციკლოპედიურ განმარტებაშიც: „ ეს [ლიტერატურული პროცესი], რაღა თქმა უნდა, არის თვით ლიტერატურული თხზულებანი და კრიტიკოსთა ნაშრომები, მკითხველთა რეაქციები და ლიტერატურის კავშირი ხელოვნების სხვა დარგებთან თუ საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმებთან; ეს არის აგრეთვე ლიტერატურული მანიფესტები და ბრძოლა-ჭიდილი სხვადასხვა მიმართულებებისა და მიმდინარეობებისა, სახეობებისა და პათოსებისა, ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი და ფილოსოფიური პრობლემებისა, ტრადიციებისა და ნოვატორობისა, ლიტერატურული ეპოქებისა, ლიტერატურათა ნაციონალური თავისებურებებისა, მათ შორის კავშირისა…“[7](ჩერნოივანენკო 1997: 32)
ხუთ კომპონენტს გამოყოფს ლიტერატურულ პროცესში ზურაბ ქარუმიძე: მწერლური, მთარგმნელობითი, კრიტიკული, საგამომცემლო და მკითხველობითი (ქარუმიძე 2010: ინტერნეტ რესურსი, მითითებულია საიტი). ჩვენი ნაშრომის მიზანს არ წარმოადგენს თითოეულ მათგანზე მსჯელობა. თემის ფარგლებში შევეხებით „მწერლურ“ ელემენტს და ვიმსჯელებთ იმ ძირითად ტენდენციებზე, რაც დღევანდელი ქართული ლიტერატურული ცხოვრების განმსაზღვრელია ამ კუთხით. გარკვეულწილად შევეხებით კრიტიკის, როგორც მწერლობისთვის აუცილებელი კომპონენტის როლს.
1.2 კრიტიკა როგორც მეგზური
როგორც აღინიშნა კრიტიკა ლიტერატურული პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტია. „თავდაპირველად ლიტერატურული პროცესის ფაქტებს კრიტიკა აცნობიერებს“, – ვკითხულობთ ლიტერატურული ლექსიკონის ფურცლებზე („ლიტერატურული პროცესი“ : ინტ. რესურსი). ამიტომ სანამ უშუალოდ ტენდენციებზე გადავალთ ვიმსჯელებთ კრიტიკის როლზე თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ პროცესში.
რა არის კრიტიკა?! – ეს თვალსაზრისის გამოხატვაა, ანალიზია რაიმე საკითხისა, ხოლო ლიტერატურაში ეს ლიტერატურისთვის საჭირბოროტო თემებზე მსჯელობასა და დასკვნების გაკეთებას ნიშნავს. კრიტიკის საინტერესო მნიშვნელობას მიაგნო ჟან სტარობინსკმა, როცა კრიტიკა – კრიზისს დაუკავშირა და თვალსაჩინო გახადა კრიტიკის ფუნქცია – კრიზისის დაძლევა[8]. თუ კრიზისი არაა დასაძლევიც არაფერი იქნება, ამიტომ კრიზისს და მისგან მომდინარე კრიტიკასაც განმკურნავის მნიშვნელობით უნდა შევხედოთ და არამცდაარამც მსაჯულის სახით. ასე უნდა უყურონ კრიტიკას, როგორც ავტორ-მკითხველმა, ისე თავად კრიტიკოსმაც.
მაგრამ, როგორ უნდა დაძლიოს კრიზისი კრიტიკამ ? აი, აქ ჩვენ კრიტიკის კიდევ ერთ არსებით ნიშანს მივეახლებით, რომელსაც კრიტიკის შემფასებლური, სახელის დამრქმევი ფუნქცია ეწოდება. მან უნდა გაარჩიონს სახარებისეული სიბრძნის მსგავსად ხორბალი და ბზე, ღირებული და არაღირებული, ესთეტიკური და არაესთეტიკური, ეთიკური და არაეთიკური, მიუჩინოს თითოეულს თავისი ადგილი. კრიტიკის ამ თვისებას, როგორც ივანე ამირხანაშვილი შენიშნავს, ადამიანის შექმნის პირველ დღეებთან მივყავართ: „როცა უფალმა გადახედა თავის შესაქმეს, თქვა: „კარგია“. აქედან გამომდინარე, ქმნილების დანახვა, აღქმა, წაკითხვა, რეცეფცია, რაც სრულიად ბუნებრივი და ონტოლოგიურად გარდაუვალი მოვლენაა, სხვა არაფერია, თუ არა შეფასება – ქმნილების ფიქსაციის, მისი არსებობის აღიარების ერთადერთი გზა, რომელსაც სხვაგვარად კრიტიკას უწოდებენ“(ამირხანაშვილი 2014: 4).
ხოლო ღვთის შემდეგ შეფასება უკვე ადამიანისთვის ბოძებული თვისებაა. ძალაუნებურად გვიწევს არჩევანის გაკეთება და არ გაკეთებაც კი, თავისი არსით, არჩევანია…[9]
ამგვარად კრიტიკა, როგორც არჩევანი და შეფასება ისეთივე ბუნებრივი რამაა, როგორც მაგალითად სუნთქვა (რამდენადმე უტრირებული ფორმით); სხვა საკითხია როგორია ის, ანუ როგორც ილიამ თქვა კაცია-ადამიანი?!, ე.ი. კრიტიკაა კრიტიკა? იმისათვის, რომ გავერკვეთ როგორია კრიტიკის „იდეალი“, ანუ მისი უმაღლესი გამოხატულება, საჭიროა დავფიქრდეთ მის როლზე. შემდეგ კი დავინახოთ არსებული კრიტიკა იდიალური კრიტიკის ჭრილში. რადგან, როგორც ადამიანი ყოველდღიურად ისწრაფვის უკეთესობისაკენ (ან უარესობისაკენ) და საკუთარ თავს ადარებს თავის ერთგვარ იდეალს, ასევე კრიტიკაც უნდა უდარებდეს თავის მოღვაწეობას რაღაც მასზე მეტს. ამის მიზეზი კი, ისევ ლიტერატურულ პროცესშია საძიებელი, რომლის ნაწილიცაა კრიტიკა და მასავით, სანამ არსებობს, სადღაც მიდის, არ/ვერ ჩერდება ერთ ადგილას.
არსებობის გასამართლებლად კი მსოფლიოში და საქართველოშიც[10] ყოველთვის ცდილობდნენ გარკვეული ფუნქციებით დაეტვირთათ კრიტიკა. ამის ნიმუშია ის უამრავი კრიტიკულ-ფილოსოფიური სკოლა და კვლევა, რომლებიც ცნობილმა თუ უცნობმა კრიტიკოსებმა აწარმოეს ხელოვნების სფეროში და, მათ შორის, ლიტერატურაში. იცვლებოდა ინტერესები: ხან ფორმალისტური ძიებანი წამოიწევდა, ხან არსობრივი, მაგრამ ყოველივე ეს კრიტიკის სიცოცხლისუნარიანობის გამოხატულება იყო. საგულისხმოა მალხაზ ხარბედიას დაკვირვება: „თანამედროვე მსოფლიოში ფორმალური ანალიზიდან ბევრი ღირებულების საკითხებზე და ლიტერატურის საზრისის ძიებაზე გადავიდა, სტრუქტურალიზმის, პოსტსტრუქტურალიზმისა და დეკონსტრუქციის კლასიკოსებმა კი ლიტერატურის ეთიკის პრობლემებზეც კი დაიწყეს წერა“ (ხარბედია 2014: 35)
კრიტიკის წარმატებული ფუნქციონირება კი ლიტერატურული ცხოვრების წარმატების წინაპირობა და შედეგიც არის ერთდროულად. ის არსებობს იქ, სადაც არის „ჭეშმარიტად შემოქმედებითი ცხოვრება“ (ამირხანაშვილი 2014: 5). ბლანშო წერდა, კულტურა გაწონასწორებულობისაკენ ისწრაფვის, ხოლო ლიტერატურა უარს ამბობს ამ გაწონასწორებულობაზეო, მალხაზ ხარბედიას აზრით იგივე ურთიერთობაა კრიტიკასა და ლიტერატურას შორის, პირველი მეორის რაციონალიზაციის საფუძველი ხდება (იხ. ხარბედია 2014: 36-37).
ამგვარად კრიტიკა ქაოსში იკვალავს გზას და ამ გზაზე თვალსაზრისთა მრავალფეროვნებას არ უჩივის, მით უმეტეს, რომ შეუძლებელია ერთფეროვანი კრიტიკა ისეთ პლურალისტურ ხანაში, როგორშიც ვცხოვრობთ. ოღონდ, აუცილებელია, ამ მრავალ ხმაში ისმოდეს სიმართლის ხმა და რაც შეიძლება მკაფიოდ…
კრიტიკა თუ უკრიტიკობა გადაარჩენს ან დაღუპავს ავტორსაც და მკითხველსაც, რადგან კრიტიკა აძლევს მას არჩევანს (უკრიტიკობა კი ართმევს) – რა დაწეროს ან არ დაწეროს, რა წაიკითხოს ან არ წაიკითხოს… რომ არ ყოფილიყო ილია, ვერ იპოვიდნენ ნიკოლოზ ბარათაშვილს და, ალბათ, რომ არა ვართაგავას (ანტი)კრიტიკა ვერ შევიტყობდით როგორ მუშაობდა ვაჟა-ფშაველა და ა.შ. და ა.შ.
და ვინ არის /უნდა იყოს კრიტიკოსი ? პირველ რიგში, ის, ვინც ერკვევა ან ცდილობს გაერკვეს ლიტერატურულ ცხოვრებაში. ასეთად, ყველაზე მეტად, თავად ავტორს მიიჩნევს მალხაზ ხარბედია[11] . ოღონდ ეს ავტორ-კრიტიკოსები პირუთვნელები უნდა იყვნენ. საყურადღებოა შოთა იათაშვილის[12] დაკვირვება: „ახალგაზრდები მხოლოდ ერთმანეთის შემოქმედებაზე საუბრობენ. ასე ვიყავით ჩვენც, 90-იანებში. არ ვიცი, იმიტომ, რომ ერთმანეთი უფრო საინტერესოდ გვეჩვენებოდა თუ ამ გზით საკუთარი თავიც უნდა გაგვეტანა?!… ( კობაიძე ნ. (რედ.) 2011: ინტერნეტ რესურსი)
სწორედ ამ ავტორ-კრიტიკოსებმა თუ კრიტიკოს-ავტორებმა უნდა მოახერხონ ორგანიზება კრიტიკისა, რომელიც საინტერესოს გახდის ლიტერატურულ ცხოვრებას. მით უმეტეს, რომ ქართულ კულტურას ამის გამოცდილება აქვს (გავიხსენოთ თუნდაც ვახტანგ VI-ის კომისია). უბრალოდ, საჭიროა, ჩვენშიც ამოქმედდეს ის ინსტიტუტი, რასაც ლიტერატურის მენეჯერეობა ჰქვია, როგორც ცალკეული პირების ისე სახელმწიფოს მხრიდან.[13]
მით უმეტეს, რომ „პოსტმოდერნიზმის ნანგრევებში მოხეტიალე თაობისთვის კვლავ დგება სტაბილურ ღირებულებათა პრობლემა…“ (ქარუმიძე 2011: ინტერნეტ რესურსი) და მას სჭირდება კრიტიკა, როგორც მეგზური…
თავი II. პოსტმოდერნისტული და ტრადიცული ტენდენციები
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ორი ძირითადი ტენდენცია შეიძლება განვჭვრიტოთ. ერთი ესაა ტრადიცული მწერლობა, ხოლო მეორე – პოსტმოდერნიზმი[14]. ორივე მათგანი თავის თავში მრავალფეროვნებით ხასიათდება, თუმცა მსოფლმხედველობრივი საყრდენი ერთი აქვთ – ტრადიციულ მწერლობას თავისი, პოსტმოდერნისტულს კი თავისი.
ტენდენციები, თავის მხრივ, საშუალებას გვაძლევენ გამოვყოთ ორი ტიპის ტექსტი: ერთნი, რომელნიც ცდილობენ ტრადიციული ღირებულებითი სისტემის გადმოტანას თანამედროვეობაში, ხოლო მეორენი, რომლებიც მთლიანად ევროპული ფასეულობების შემოტანა-განმტკიცებაზე არიან ორიენტირებულნი. როგორ ახერხებენ ამას – კარგად თუ ავად – ეს ცალკე მსჯელობის საგანია და არსებობს კიდეც ამაზე შეხედულებები, რომელთაც მოვიხმობთ და ჩვენს აზრსაც მოკრძალებულად დავურთავთ. ერთი რამ კი ცხადია: „ნაციონალური ლიტერატურებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, იყვნენ ორიგინალურები, არ ჩაიკარგონ და გაითქვიფონ მსხვილი ლიტერატურული მაგნატების მორევში“ (რატიანი 2015: 25). ორიგინალურობისა და მსოფლიო ლიტერატურაში წვლილის შეტანის ნიმუშად კი ავტორს ლათინო-ამერიკული მაგიური რეალიზმი მოჰყავს.
სანამ უშუალოდ ქართული ლიტერატურული პროცესის ძირითად ტენდენციებზე ვიმსჯელებდეთ, ჯერ პოსტმოდერნიზმისა და ტრადიციული მწერლობის ზოგად გაგებებს წარმოგიდგენთ, რათა შემდეგ ეს ზოგადლიტერატურული აზროვნების ფორმები უკვე ქართულ რეალობასთან დავაკავშიროთ და ამგვარად მის ჭრილში შევისწავლოთ.
2.1. პოსტმოდერნისტული ტენდენცია
პოსტმოდერნისტული მწერლობა რეაქციას, პასუხს წარმოადგენდა იმ ყველაფერზე, რასაც ადამიანი საუკუნეების მანძილზე ქმნიდა. მას დიდი „დაეჭვების“ (წიფურია 2016: 128) ეპოქასაც უწოდებენ და ადამიანის „პოსტადამიანად“ ქცევის მომსწრედ და ხელშემწყობად თვლიან. თუმცა როგორ ხდება ეს? როგორ ეუფლება ამგვარი ხელოვნება თუ ეპოქა ადამიანს? ან პირიქით, ადამიანი როგორ ქმნის მას? არსებულის გადაფასების რთულ გზაზე პოსტმოდერნიზმმა თავისი სახე შეიმუშავა და ამ კითხვებსაც პასუხი გასცა. დღეს ჩვენ, ასე თუ ისე, ვიცით ის ძირითადი თემები, რომლებიც აღელვებს პოსტმოდერნისტ ავტორს და ის მხატვრული ხერხებიც, რომელთა მეშვეობითაც ამუშავებს შერჩეულ თემებს.
ერთ-ერთი ძირითადი მსოფლმხედველობითი დებულება, რომელიც პოსტმოდერნიზმმა ჩამოაყალიბა ეს სამყაროს ქაოსად წარმოდგენაა. ე.ი სამყარო უსაყრდენო რამაა, ადამიანს არ გააჩნია მოსაჭიდი და თუ რამე წესრიგი არსებობს, ის თავსმოხვეულია ან თავის მოტყუებაა და ეს „დეკონსტრუქციით“ უნდა დასრულდეს (რაც, თავის მხრივ, უკვე რაღაც ახალი წესრიგის დამყარების მცდელობაა[15]). „ღირებულებითი და სახელოვნებო პარადიგმა პოსტმოდერნისტულ ფილოსოფიაში აპრიორულად განიხილება, როგორც სუბიექტისთვის გარედან თავსმოხვეული იდეოლოგიური კონტექსტი, რომლის დეკონსტრუქციაც უნდა მოხდეს“(ბრეგაძე 2013: 59) მანამდე კი რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ „სიმულაციაა“– ასლია ორიგინალის გარეშე, არ მოიცავს არსს და, შესაბამისად, მნიშვნელოვანს ხდის გარეგნულს, მატერიალურს, ხელშესახებს და არა იმას, რაც მასშია ჩადებული. ამიტომაც „პოსტმოდერნული სახვითი ხელოვნება (და საერთოდ პოსტმოდერნისტული ხელოვნება- აზრი ჩვენია) საგამოფენო ექსპონატად აქცევს ყოფის ამა თუ იმ საგანს, რათა დააფიქსიროს ყოფიერებაზე მიჯაჭვულობა…“ (წიფურია 2008: 271) ამავე მიზანს უნდა ემსახურებოდეს სკაბრეზული, არაევფემიზირებული მეტყველება და სიტუაციები, რომლებიც პოსტმოდერნისტულ ტექსტებში გვხვდება.[16]
პოსტმოდერნიზმის სამყაროში პირობითია იერარქია და ღირებულებები, არ არსებობს „უმაღლესი ღვთაებრივი ზნეობა“ (ბრეგაძე 2013: 59) მკვიდრდება იმორალიზმი, ერთმანეთს უთანაბრდება საპირისპირო მნიშვნელობის ცნებები: ღმერთი – უღმერთობა, ჭეშმარიტება – მცდარობა, სიკეთე – ბოროტება, ზნეობა – უზნეობა და ა.შ. ადამიანმა აღარ იცის როგორ შეინარჩუნოს წონასწორობა და ხან ერთ ტექსტს მოეჭიდება, ხან მეორეს, ხანაც მესამეს, მაგრამ ეს ტექსტები უკვე აღარ მეტყველებენ მისთვის ისე, როგორც მანამდე და ისიც იწყებს ინტერპრეტირებას, კოლაჟებისა და მონტაჟების კეთებას, ლამის თამაშს და ირთობს თავს, და უნებურად თუ შეგნებულად დრო გაჰყავს. კითხვები კი კითხვებად რჩება… ეს თამაში კი ჰგავს ოქროს ბურთებით ჟონგლიორობას, რომელიც დაცინვაცაა (ოქროს ფასეულობის), გამოსაფხიზლებელი მოწოდებაცაა ( რომ ოქრომ ფასი დაკარგა და საჭიროა მისი რეაბილიტაცია ან საბოლოოდ უარის თქმა მასზე) და სიამოვნებასაც ანიჭებს ზოგს და ამ სანახაობაში ფულს იხდის… „პოსტმოდერნის ეპოქაში, ამაღლებული სულიერი მისიის ნაცვლად, შედევრები განსხვავებული მისიით წარმოდგებიან: მათზე მითითება ხდება იმ მიზნით, რომ ხაზგასმულ იქნას რაიმე ამაღლებული იდეის ამაოება ან, უბრალოდ, ირონიული ფორმით ნაჩვენები იქნას ყოფიერი იდეების რეალურობა და კომფორტულობა წარსულის ამაღლებულ იდეალებთან შედარებით “(წიფურია 2008: 282).
აი, „უწესრიგობის ფორმებით“ გატაცება, ნაწილი შემოქმედისა და მკითხველისა, საერთოდ, და ქართველი შემოქმედისა და მკითხველის ნაწილისა მათ შორის. ხოლო რა თავისებურებები ახასიათებს ქართულ პოსტმოდერნიზმს და რა საერთო ან განსხვავებული აქვს მას საყოველთაო პოსტმოდერნიზმისგან ამაზე შემდეგ პარაგრაფში ვისაუბრებთ.
2.2. ქართული პოსტმოდერნიზმი
საქართველოში, ქართულ ლიტერატურაში პოსტმოდერნიზმი სრულიად არაპოსტმოდერნულ[17] გარემოში ჩაისახა, კერძოდ, საბჭოთა კავშირში[18] (თუმცა, შესაძლოა, საბჭოთა კავშირი თავისი სიმულაკრულობით (მატერიალიზმით) კარგი საფუძველიც იყო პოსტმოდერნისტული გამოვლინებებისთვის). ამის შესახებ არაერთი ქართველი მკვლევარი წერს: „მდიდარი თუმცა თეორიულად გაუზარებელ-გაუცნობიერებელი) პოსტმოდერნისტული წანამძღვრები დახვდა პოსტსაბჭოური ეპოქის ქართულ მწერლობას.“(ბრეგაძე 2005:33)
სხვა პოსტმოდერნიზმის თეორეტიკოსის აზრითაც პოსტმოდერნიზმის ნიშნები საბჭოთა პერიოდში შეინიშნება საქართველოში და არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ ხელოვნებაში. მაგალითებად მკვლევარი ასახელებს გურამ დოჩანაშვილის „ვატერ(პო)ლოოს“ და ბესიკ ხარანაულის ტექსტებს (ქარუმიძე 2010: ინტერნეტ რესურსი).
თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკვე ეპოქაც პოსტმოდერნული გახდა საქართველოში, ისტორიულ-პოლიტიკური ძვრებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამგვარი მწერლობაც გაძლიერდა და დომინანტურიც კი გახდა – „პოსტსაბჭოთა სინამდვილის საერთო-კულტურულ არეალში პოსტმოდერნულმა კულტურამ, ფაქტობრივად, მოახდინა ნაციონალური ნარატივის კულტურის მარგინალიზაცია.“ (წიფურია 2016: 148) კონტექსტის მნიშვნელობაზე საუბრობს ირმა რატიანიც თავის წიგნში, სადაც წერს, რომ „ლიტერატურა წარმოადგენს კონცეპტუალურ რეფლექსიას რეალურად მიმდინარე პროცესებზე.“( რატიანი 2015: 123) ამ რეალურ მოვლენებად მიიჩნევს ზურაბ ქარუმიძე – ცხრა აპრილს, სამოქალაქო ომს, აფხაზეთის დაკარგვას და ამ სიის გაგრძელება, ალბათ, კიდევ შეიძლება. სწორედ ამ, კონტექსტით გამოწვეულ და არა არსობრივ პოსტმოდერნიზმზე ჩვენში საუბრობს ნუგზარ მუზაშვილი, როცა ამბობს, რომ „პოსტმოდერნისტული მგრძნობელობა“, ე.ი. სამყაროს ქაოსურობის შეგრძნება რომელიც ასე ახლობელია დასავლელი ადამიანისთვის არ წარმოადგენს ქართული მსოფლმხედველობისთვის ახლობელ მოვლენას (იხ. ნუგზარ მუზაშვილის „ნიჰილიზმის ენა“) (მუზაშვილი 2004: 73-77), მისი აზრით, ქართული პოსტმოდერნიზმის გამომწვევი მიზეზი „საკუთარი კულტურისგან ადამიანთა ელვისებურ განხიბვლას“ უკავშირდება (მუზაშვილი 2004:78), რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში მომხდარი ძირეული ცვლილებების შედეგად მომხდარი კრიზისის შედეგი იყო. და ეს მოვლენა, შესაძლებელია, ბევრად უფრო საშიშად იქცეს, ვიდრე დასავლური კულტურისთვისაა პოსტმოდერნიზმის მოტანილი ნიჰილიზმი, რადგან იგი, მართალია, „მუდმივად უარყოფს რაღაცას, მაგრამ ამავე დროს, რაღაცას აფუძნებს კიდეც“ (მუზაშვილი 2004:80). ჩვენში კი ეს ნიჰილიზმი დამანგრეველია, თუ ზომიერი არ იქნა (აქ ავტორი ილიასეულ „ზომიერ ნიჰილიზმზე“ საუბრობს).
პოსტმოდერნიზმის უფრო ტენდენციების სახით გამოვლენასა ვიდრე ლიტერატურული სკოლის სახით წამოდგენაზე ჩვენში წერს ანუკი იმნაიშვილი თავის გამოკვლევაში „მე-20 საუკუნის 90-იანი წლების პოსტმოდერნისტული პროზის ძირითადი ტენდენციები“ (იმნაიშვილი 2010: 92-93).
ირმა რატიანის აზრით კი ომის დისკურია ის, რაც ორიგინალურობას ანიჭებს ქართულ პოსტმოდერნიზმს (ზაზა ბურჭულაზე – „ადიბასი“, ბასა ჯანიკაშვილი – „ომობანა“…) (რატიანი 2015: 199)
ჩვენი აზრით, კი ქართული პოსტმოდერნიზმის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი შეიძლება იყოს ის, რომ ავტორები მას ხანდახან იყენებენ მხოლოდ როგორც ხერხს და ეს არაა არსობრივად პოსტმოდერნისტული ტექსტი, ამის საილუსტრაციოდ შეიძლება გავიხსენოთ ლევან ბრეგაძისეული ანალიზი რევაზ ინანიშვილის მოთხრობისა თუ ესეისი „ჯარგვალე“, რომელიც წარმოადგენს ავტორის მოკლე შესავლისა და დასკვნის ნაერთს ეგნატე ნინოშვილზე მოგონებასათან, რომელსაც ესმა თოთიბაძე „ნამდვილად“ ჰყვება, ანუ ეს არაა გამოგონილი მონოლოგი. ლევან ბრეგაძე ასკვნის, რომ ეს „პოსტმოდერნისტული ოპუსია“, რომელიც, ვფიქრობთ, მხოლოდ გარეგნულად, ფორმით, არის პოსტმოდერნისტული, რადგან მას, პირველ რიგში, „ნათელი მოქალაქეობრივი პოზიცია ახასიათებს“ (ოტია პაჭკორია)(ბრეგაძე 2008: 215), რაც რამდენადმე უცხოა პოსტმოდერნიზმისთვის. ამ ტიპის ტექსტებს ბრეგაძის აღნიშნულ სტატიაშიც შეხვდებით და ასეთივე შეიძლება იყოს აკა მორჩილაძის ტექსტების ნაწილიც, სადაც, როგორც აღნიშნავს მირანდა ტყეშელაშვილი – „პოსტმოდერნისტული ხერხები და მეთოდები უფრო ლიტერატურული თამაშია, ვიდრე ინტელექტულური თავსატეხი“ ( ტყეშელაშვილი 2015:91).
ასევე ქართული პოსტმოდერნიზმის წინაშე უფრო მწვავედ, რთულად, დგას ღირებულებათა გადაფასების საკითხი, ვიდრე ზოგადად პოსტმოდერნიზმისთვის მსოფლიოში. შესაძლოა, ამიტომაც ამბობს ქართველი კრიტიკოსი: „შემაშფოთებელია ბილწსიტყვაობისკენ ძლიერი მიდრეკილება, რასაც ამჟამად ამჟღავნებენ ქართველი მწერლები… ენობრივი ნატურალიზმით აღბეჭდილი პასაჟები ჩვენი დღევანდელი მწერლების თხზულებებში თავზარდამცემ შთაბეჭდილებას ახდენს, იმის მსგავსს, როგორსაც, ვთქვათ, იმ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების საჯაროდ დაკმაყოფილება მოახდენდა, რომელთა აღსრულებისთვის კაცთა მოდგმა – რა ხანია! – უცხო თვალისთვის მოფარებულ ადგილებს ირჩევს. ქუჩური, უწმაწური მეტყველების ზუსტად კოპირება, მოთხრობასა თუ ლექსში მისი არაევფემიზირებული სახით წარმოდგენა, ზოგს, ეტყობა, დამაჯერებლობის ხარისხის ამაღლების საშუალებად ესახება, ზოგსაც წამხდურობით მოსდის. არანაირ ნატურალიზმს, მათ შორის ენობრივსაც, ჭეშმარიტ შემოქმედებასთან არაფერი აქვს საერთო, მრავალი ჩვენი ავტორის მშვენიერ ლექსსა თუ მოთხრობას ის ვერაფერს ჰმატებს და უფრო აკარგვინებს მკითხველს, ვიდრე სძენს“. (ბრეგაძე 2005: 47) კრიტიკოსი კარლ გუსტავ იუნგის[19] შეხედულებას იმოწმებს, რომლის მიხედვითაც ადამიანისთვის ბუნებრივია სექსუალური სფეროს ტაბუირება, მასზე არ საუბარი (ბრეგაძე 2008: 139)
შესაძლოა, უცენზურო სიტყვათა ხმრების ტენდენცია ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, აიხსნებოდეს იმით, რომ ფსევდომორალისტურ საზოგადოებაში (ანუ საბჭოურ ყოფაში) ნაცხოვრები ადამიანები გამოხატვის ამ ფორმას თავისუფლების ანარეკლად მიიჩნევენ – ეს ერთი, და მეორეც, რომ ეს ეპატაჟის ფორმად ან ყმაწვილური თვითდამკვიდრების სიმპტომად შეიძლება მივიჩნიოთ.
თუმცა, გარდა ამ განსხვავებებისა ქართულ პოსტმოდერნიზმს ბევრი საერთო აქვს ევროპულთან. აი, რას წერს ირმა რატიანი ინგლისურ სტატიაში „ქართული ლიტერატურა“: „90-იანი წლებიდან პოსტმოდერნისტული ტენდენცია ცხადად დომინირებს ქართულ ლიტერატურაში. ყველა მხატვრული მეთოდი, რომელიც ახასიათებს ამ მიმდინარეობას ( ირონია, სალიტერატურო ენის ლიბერალიზაცია, კლასიკური ტექსტების დეკონსტრუქცია/რეკონსტრუქცია, პაროდირება და სხვა) გამოვლენილია ქართულ მწერლობაში.[20] სხვა მეცნიერებიც[21], როდესაც ქართველი პოსტმოდერნისტების ტექსტებზე მსჯელობენ აუცილებლად აკავშირებენ პოსტმოდერნიზმის ძირითად მახასიათებლებს ნაწარმოებებში წარმოდგენილ თემებთან თუ შემოქმედების ხერხებთან.
2.3. ტრადიციული დისკურსი
თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთი ძირითადი ტენდენციის – პოსტმოდერნიზმზე მსჯელობის შემდეგ შეგვიძლია ტრადიციული[22] ტიპის ლიტერატურაზე ვისაუბროთ, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში ერთობ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პოსტმოდერნისტული კულტურა პლურალურობას გულისხმობს, ე.ი. ტრადიციულისა და პოსტმოდერნისტულის, ასევე სხვა ტიპის შემოქმედებითი დისკურსების თანაარსებობას, ჩვენში მაინც სხვაგვარი სცენარი განვითარდა და 90-იანი წლებიდან „ლიტერატურის რეაბილიტაცია მოხდა სწორედ მედიის, საგამომცემლო-კომერციული საქმიანობის გააქტიურებისა და საზოგადოების, უფრო მეტად სწორედ პოპკულტურაზე ან ეპატაჟზე ორიენტირებული თაობის ინტერესის ფონზე.“(წიფურია 2016:134)
თუმცა აქ მაინც არ დაკარგულა ის ლიტერატურა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა ჩვენში – „მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ლიტერატურას საქართველოში ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული ინტელექტუალური ლიდერის ფუნქცია“ – წერს ირმა რატიანი[23].
ადამიანები ამ რთულ პერიოდში მაინც აგრძელებენ წერას არა დიდებისთვის, არამედ მომავლისთვის, რათა არ დაკარგონ კავშირი საუკუნოვან ქართულ ლიტერატურულ ტრადიციებთან და მომავლის ქართულ ლიტერატურასთან.
ამ ტიპის ლიტერატურული ტექსტები მოწესრიგებულ და არა ქაოტურ მხატვრულ სამყაროს გვთავაზობენ, გვეუბნებიან, რომ რეალობაში არსებობს წესრიგი, რომელსაც დანახვა და დაფასება სჭირდება. წესრიგია თუნდაც ეს სამყარო, რომელშიც ყველაფერი კანონზომიერია და მიემართება ერთ ჭეშმარიტს (ღმერთს). შესაბამისად, ლიტერატურაც ისწრაფვის ჩაწვდეს ამ ჭეშმარიტებას, მიუახლოვდეს მას სიყვარულისა და სიკეთის გზით. ამ ლიტერატურაში არსებობს ღმერთი, ხილული თუ უხილავი, არსებობს რაღაც, რასაც შეიძლება მოეჭიდო, არსებობს საყრდენები. და კიდევ, არსებობს ზნეობრივი მოცემულობები, რომლებიც მექანიზმს წარმოადგენენ ჭეშმარიტების წვდომისთვის. მოწესრიგებულობის, ჰარმონიის (როცა ადამიანი კოსმოსის ღვიძლი შვილია) შენარჩუნებისთვის. გავიხსენოთ ამ კუთხით ქართული ლიტერატურული ტრადიცია „ვეფხისტყაოსნიდან“ – ავთანდილის სიმღერის ეპიზოდი ( „წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა“ – „რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან…“ (რუსთაველი 1976:312), როცა მთელი სამყარო თითქოს ავთანდილის სიყვარულით და განშორებით მოგვრილი სევდის თანამგრძნობია, თანაგანმცდელია და ყველაფერი გახვეულია ადამიანისა და ბუნების ერთიანობის საბურველში.
ტრადიციული ტექსტი მიზნად ისახავს ის ცოდნა და შთაბეჭდილება გაუზიაროს მკითხველს, რაც მას ყოფიერების შესახებ აქვს. ცდილობს შესთავაზოს ის, რაც აღმოუჩენია და თავის თავში გამოუმშობიარებია… ამგვარი ლიტერატურა არ უნდა იქცეს რაიმეს დაჟინებულ მომთხოვნად და ამ კუთხით საგულისხმო იქნება გავიხსენოთ კრიტიკოს ლევან ვასაძის აზრი: „მწერალი ასრულებს საზოგადოებრივ და ეროვნულ ფუნქციას ამის საგანგებო მცდელობის, დეკლარირების და სავალდებულო ნორმად დაწესების გარეშეც, როცა იგი ნამდვილი მწერალია, ანუ (…) სამყაროს ღრმა მჭვრეტელი და ჭეშმარიტების წრფელი მაძიებელია, რომელიც ახალ, სიმართლის ნათელმყოფელ მხატვრულ სინამდვილეს ქმნის“ (ვასაძე 2010: 306).
ტრადიციული ლიტერატურის ქართულ ხასიათზე მსჯელობისას უნდა გავიხსენოთ, რომ მიუხედავად ყოველგვარი სიახლეებისა ჩვენი ლიტერატურა ყოველთვის ხელმძღვანელობდა საკუთარი ეროვნული ღირებულებებითა და ეთიკით (იხ. რატიანი 2015: 207). სწორედ ეს ორიგინალური ნიშა ანიჭებს მას (ასევე ქართულ კულტურას) განსაკუთრებულ ელფერს, რაც განსაზღვრავს ჩვენს შეუცვლელ ადგილს „მსოფლიო კულტურის ორკესტრში“ ( „ლიტერატურული პროცესი“: ინტერნეტ რესურსი), მით უმეტეს, რომ ჩვენ ბუნებრივად ვიმყოფებით დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირებისა თუ შეერთების უნიკალურ ადგილზე. დღეს ამ ორი, ფილოსოფიურად ანატაგონისტური კულტურების სინთეზისას, აუცილებელია, მოხდეს მათი არა ხელოვნური, არამედ ბუნებრივი გაერთიანება, რადგან პირველისეული ეკლექტიზმი არ გაამართლებს.[24] ამ პირობებში კი ქართულ ლიტერატურასა და ზოგადად, ქართულ აზროვნებას, კიდევ უფრო რთული გამოწვევა აქვს, ამ ორ კულტურათა გზაჯვარედინზე ისე შეინარჩუნოს და განავითაროს თავისი კულტურა, რომ არც იზოლირებული აღმოჩნდეს და არც გათქვეფილი. ბალანსი, ზომიერების დაცვა, აი, ის, რაც უნდა მოახერხოს ქართულმა ლიტერატურამ (კულტურამ) მსოფლიო კონტექსტში.
თავი III. ტექსტები და პრობლემები
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ორი ძირითადი ტენდენციის თეორიული გააზრების შემდეგ ვიწყებთ უშუალოდ ტექსტების ანალიზს. ამ პროცესში თავს იჩენს ერთი მოვლენა – ერთი ტექსტის ფარგლებში მკვიდრობს, როგორც პოსტმოდერნისტული, ისე ტრადიცული დისკურსული პრაქტიკები, მაგალითად, ირაკლი ლომოურის ჩვენ მიერ განხილული მოთხრობა „დეპრესიის წამალი ანუ სანაყლამპარიანი“, ამგვარ შთაბეჭდილებას ტოვებს; ბესიკ ხარანაულის „ეპიგრაფებიც“ ამ სინთეზის მაგალითი უნდა იყოს. ტრადიციისა და ნოვაციის ნაზავია ერლომ ახვლედიანის „კოღოც“. და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან ყოველივე ღირებული უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული ტენდენცია.
ტექსტების შერჩევისას ვიხელმძღვანელეთ პრინციპით, აგვერჩია ნაწარმოებები, რომლებიც კარგად წარმოაჩენდნენ ჩვენთვის საინტერესო საკითხებს.[25]
წარმოდგენილ ორ ტენდენციაში გაერთიანებულ ტექსტებს აქვთ საერთო პრობლემები, რომელთაც თავისებურად ამუშავებენ. ამათგან სამი ძირითადი გამოვყავით:
- I. ცხოვრების საზრისის პრობლემა;
- II. საზოგადოებრივი საფიქრალის პრობლემა;
III. ტექსტის ფუნქცია/ავტორის მიზანდასახულობა;
საკითხები ძველია, ახლებურია მათდამი მიდგომა.
3.1 „ოჯახური პორტრეტები“
არჩილ ქიქოძის[26] „ოჯახურ პორტრეტებში“ დახატული ადამიანები ცხოვრების საზრისს ერთად ყოფნაში, ერთმანეთთან ყოფნაში პოულობენ, ამაშია მათი ბედნიერებაცა და ტრაგედიაც[27] . მთხრობელი ელენე გვესაუბრება თავის ცხოვრებაზე, მაგრამ თავის თავზე მეტად გვესაუბრება სხვებზე ბაბუასა და მის დისშვილ ძია გოგიზე, მეუღლესა და მეგობარ გოგოებზე -„ მკვდარი ენების ცოცხალ სპეციალისტებზე“, გვიყვება საზოგადოებაზეც და ასე გვიქმნის თავის ცხოვრებასაც, რომელიც წარმოუდგენელია ამ ადამიანების პორტრეტების გარეშე. მეტიც, სწორედ მათი სახეები, მათი თავგადასავლები ქცეულა ელენეს ცხოვრების მნიშვნელოვან ამბად , აკი წერს შუა თხრობისას: „ჰო, ამბავი ნამდვილად არის და მე მასთან აუცილებლად მივალ – ზიგზაგებით, როგორ მჩვევია, არათანმიმდევრულად, მაგრამ მივალ…“ (ქიქოძე 2013:189) ეს ამბავი კი ძია გოგის, ამ საოცარი ადამიანის სევდიანი ისტორიაა, რომელსაც მოხუცი, მხოლოდ ელენეს გაანდობს.
ეს ადამიანები ერთმანეთთან თითქოს თანადგომის ჯაჭვით არიან გადაბმული: ელენეს ეხმარება ბაბუა, მისი „მშველელი“ ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში: „არ მაკოცა, არც მომეფერა. არც ველოდი რამე მსგავსს, მაგრამ მთავარი მითხრა. სახლი მქონდა და სახლში მელოდნენ.“ (ქიქოძე 2013:200) ბაბუას და ყველასაც ეხმარება ძია გოგი, მასვე სთხოვს შველას მძიმე წუთებში მუდამ მასთან დაპირისპირებული ელენეს მამაც. ტექსტში თითქოს თანადგომას განასახიერებენ ელენეს გოგონები, რომელთა გადაჭარბებული მზრუნველობა, რამდენამდე კომიკურ იერს ატარებს ამ მაინც ცივ გარემოში. საბოლოოდ კი ეს თანადგომა საყოველთაო ხდება და როგორც ყველაფერი ჩვენში, საზოგადოებრივ ჭრილში გადადის, ამის დასტურია რუსთაველზე გამართული დემონსტრაცია, რომლის ერთ არსებით მახასიათებლად მთხრობელს უსინათლო მომღერლების კვლავ გამოჩენა და მათი მეშვეობით მავანთათვის პრესტიჟის, თუ რაღაც ამგვარის ამაღლება მიაჩნია. თუმცა ამ უწყინარი ქულების დაწერის მიღმა საშინელი ასოციაცია იბადება – 9 აპრილის ღამის მსგავსება, იმ დროსაც იგივე უსინათლოები მღეროდნენ… და დარბევამაც არ დაახანა დღესაც; იმ ადამიანებს კი, მათ შორის ელენეს, მის მეგობრებსა და ძია გოგის, რომლებმაც დარბევის შემდეგ გასამხნევებლად და პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსვლა აუცილებლობად მიიჩნიეს უწოდეს „საზოგადოების ყველაზე საშიში სეგმენტი“ (ქიქოძე 2013:184). ასე დაისაჯნენ „შორს წასული თანამდგომნი“ რაკი თავიანთი მხარში დგომა საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოხატეს. თუმცა ყველაზე შორს ამ კუთხით ყოველთვის უცნაური ძია გოგი მიდის, როდესაც ხევსურების გადმოცემას იხსენებს, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილ სულს პირველად დედის ძმა შემოეყრება და უმასპინძლებს, ეს კი დედის ძმისგან ანუ ელენეს ბაბუასგან ასერიგად შეყვარებული ძია გოგისთვის ხელსაყრელი და დამაიმედებელია…
და მაინც, რა არის ეს თანადგომა,სიცოცხლის აზრად რომ უქცევიათ პერსონაჟებს ?! ამ კითხვაზე პასუხსაც ძია გოგის პირით ვისმენთ, რომელიც ნაწარმოების ბოლოს სულ უფრო ემსგავსება მთავარ გმირს. მისი ცხოვრებისეული ტრაგედია: მამის ჯალათთან ერთად სუფრაზე ჯდომა, მიახვედრებს მას, რომ „ სამშობლოდ გროტესკული[28] ტრაგედიების ქვეყანა“ ერგო, სადაც „მოძალადე და მსხვერპლი ერთ სუფრაზე გვერდი–გვერდ სხედან და სადღეგრძელოები კი გრძელდება, ბოლო არ უჩანს…“ (ქიქოძე 2013:218) და ეს გროტესკულობა არის მხსნელიცა და ტრაგედიაზე უფრო აუტანელი ტკივილის მიზეზიც.
ამ ვრცელი მონოლოგის შემდეგ ცხადად წარმოგვიდგება ტექსტში გაბნეული თუ ჩამალული ავტორისეული ირონია, რომელიც სევდიან ღიმილს უფრო იწვევს, ვიდრე ვინმეს დაცინვას . იგი სრულად არ იწუნებს ამგვარ ყოფას, თუმცა მეტის საჭიროებასაც ხედავს, თორემ დასასრული შეიძლება მძიმე აღმოჩნდეს, ამას სულ უცნაურად აღმოაჩენს ელენე, როცა წიგნის სათხოვნელად მიაკითხავს ბაბუის დისშვილს: „ბიბლიოთეკად გადაქცეულ მისაღებ ოთახში წიგნის თაროებისგან შექმნილი დერეფანი შეუქცევლად, სრულიად საბედისწეროდ მიემართებოდა კედელში დატანებული უზარმაზარი ფანჯრისკენ, თითქოს ერთადერთი გამოსავალი დერეფნის ბოლომდე გავლა და ფანჯრიდან გადახტომა იყო…“ (ქიქოძე 2013:219-220).
3.2 „კოღო ქალაქში“
ამ თანამედროვე და ამავე დროს მარადიულ თემებს უტრიალებს ერლომ ახვლედიანიც თავის რომანში „კოღო ქალაქში“, რომელიც ერთდროულად ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებებისა და ახალი ფორმის მატარებელიცაა. რომანის გმირი ერთადერთი, გადარჩენილი, ლურჯთვალა კოლხი კოღოა, რომელიც სიკვდილს, მკვლელს ეძებს და უნებურად სიყვარულის მომტანი ხდება (ჯიმშერასა და ლიას ერთმანეთი შეუყვარდებათ), რადგან სინამდვილეშიც მისი ეს სიკვდილის ძიება მოძმეთა სიყვარულით იყო განპირობებული, ეს თავგანწირვაა, სახელდაურქმეველი თავგანწირვა. და კიდევ ის, რასაც სიცოცხლისთვის აზრის მინიჭების სურვილი ჰქვია „სანამ მოკლავდნენ, უნდა ეცოცხლა; სანამ ცოცხლობდა, უნდა ეცხოვრა; სანამ ცხოვრობდა, უნდა ყვარებოდა…“ (ახვლედიანი 2010: 27) არ შეიძლება ნიკოლოზ ბარათაშვილი სიტყვები არ გაგვახსენდეს – არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარს ემსგავსოსო… მართლაც, მთელი წიგნი ამ არსებობის გამართლების ძიება და მისი პოვნაა. აი, ეპიზოდი, როდესაც კოღო უთოვლო ზამთრის და შესაბამისად ეზოში ვერმოჟრიამულე პატარების გამო თავს იდანაშაულებს და თავის მისიაშიც ეჭვი ეპარება… თუმცა მალევე აღიდგეს რწმენას და ბავშვური მიამიტობითა და ნდობით გაიფიქრებს: „ხომ შეიძლება, ზამთარიც იყოს და მოთოვოს კიდეც ?!“ (ახვლედიანი 2010: 53) ასე, გულუბრყვილობით პასუხობს ავტორი, უფრო სწორად, მისი პერსონაჟი/პერსონაჟები პასუხობენ პრობლემატურ კითხვებს და უნებურად გვახსენდება მაცხოვრის სიტყვები : „ უკეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მათე:18.3) და ისიც, რომ სახარებაში ყველაფერი ადამიანთათვის გასაგები ენით, სადად წერია, რთულის განსამარტავად კი იგავებია მოხმობილი. ერლომ ახვლედიანის რომანიც ერთი დიდი იგავია სიყვარულის „განსამარტავად“, თუმცა მასში პირდაპირ მოწოდებებსაც ვხვდებით, რომელიც უფრო ფიქრსა და განსჯას ჰგავს ვიდრე ნამდვილ, ხმალშემართულ მოწოდებას: „ყოველი, რაც ამქვეყნად მოდის, რაღაცისთვის მოდის, რაღაც დანიშნულება აქვს, რაღაცას ებადება (…) დაბადებულნი, სიცოცხლეს გაინაღდებენ თუ არა, ავიწყდებათ, რისთვის დაიბადნენ, რას დაებადნენ…“ (ახვლედიანი 2010: 66) ავტორის ფიქრით, ასეთების ნაწილი იტანჯება ამ არცოდნის გამო, ნაწილი კი საერთოდ არ ფიქრობს მასზე, რაც არ იცის… და ასეთ ყოფას თავისუფლებად მიიჩნევს.
მაგრამ არც მწერალსა და არც მის კოღოს არ შეუძლიათ შორიდან უყურონ მოვლენებს, მათ ხომ უკვე იციან თავიანთი დანიშნულება, ამიტომაც მზად არიან საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვიდნენ და დონ კიხოტივით შეებრძოლონ ყოველგვარ პროფანაციას: „დავიხურავ ჩაფხუტს, ჩავიცვამ ჯაჭვის პერანგს, ავისხამ აბჯარს, მხარზე მშვილდს გადავიკიდებ, ხელში ორლესულ მახვილს მოვიმარჯვებ და შევებრძოლები ამ ფერის[29] ყველა სხვა მნიშვნელობას, რათა დავუბრუნო მას პირველქმნილი უმწიკვლობა…“ (ახვლედიანი 2010: 39)
ეს წიგნი სიყვარულზეა, ადამიანების სიყვარულზე და იკვებება კიდეც მისით, ისევე როგორც ერთ-ერთი მთავარი გმირი ჯიმშერი, რომლის ოდესღაც ქაოტურ ოთახს (ოთახი განასახიერებს მას, მის სულს) ახლა ყველაფერის ნაცვლად სავარძელში მოკალათებული ლია ავსებს რწმენით, იმედიათა და სიყვარულით…
რომანის სამყაროში სიყვარული ატრიალებს დედამიწას, – როგორც იტყოდა ერთი პერსონაჟი[30], და წიგნიც, თავის მხრივ, ცდილობს კოღოსავით „უკბინოს“ ყველას, ვინც მას შეეხება, რომ გაავრცელოს ეს მაკურნებელი სიყვარული…
3.3 „მწერალი“
გურამ მეგრელიშვილი მწერალზე წერს[31]… თანამედროვე მწერალზე. მაგრამ ეს არ არის მწერალი ჩვენი წარმოდგენით, უფრო მწერლის კარიკატურაა, აკი დაურეკავს კიდეც პერსონაჟს ასაკოვანი მწერალი და უსაყვედურებს, რატომ არცხვენ ჩვენს საქმიანობასო, ეს ზარი მწერლის სახელის ავტორისმიერ დეკონსტრუქციას საცნაურს და მყარს ხდის. დიახ, დეკონსტრუქციას, რომელიც არსებულის, მიღებულის გადაფასებას ნიშნავს და პოსტმოდერნიზმის ხერხია. დეკონსტრუქციას განიცდის მწერლის არსებობის საზრისი – იმის ნაცვალად, რომ შთაგონებაზე იფიქროს, იფიქროს თავის მომავალ, ჯერ კიდევ ხორცშეუსხმელ პერსონაჟებზე, ღამეები ათენოს სათქმელის გამოხატვის, მისი ფორმის გამოჭედვაში, იფიქროს მკითხველზე და ა.შ. რა დალევს მწერლის საწუხარს, დათო (მწერალი) სამუშაოს ეძებს, ნებისმიერზე თანახმაა, ოღონდ კი ოცნებები აიხდინოს : ვალები გაისტუმროს, ცოლი კარგ სამშობიაროში დააწვინოს, ბავშვის ოთახი მოაწყოს და დასასვენებლად წავიდეს სადმე. აი, ასეთი უბრალო რამეები ქცევია ოცნებად ფანტაზიით დაჯილდოებულ მწერალს!
დეკონსტრუქციას განიცდის ოჯახის სახეც: დათოს ცოლი იმიტომ მოჰყავს, რომ არ იცის რა აკეთოს, მამა მზადაა, შვილის ნაცვლად, თვითონ იკისროს შეურაცხმყოფელი სამუშაო, დედა და მეუღლე მხოლოდ გარეგნულად ცდილობენ განზრახვაზე ხელი ააღებინონ… დაბოლოს, ფული ქცეულა ყველაზე მთავარ რამედ სინამდვილეში, ფული და კომფორტი, რომლის დათმობაც ასე უჭირთ ყველას და ავიწყდებათ ყველაზე მთავარი: ღირსება, თავმოყვარეობა, ძვირფასი ადამიანის მდგომარეობა… და ეს არაა ერთი ოჯახის უბედურება, ის სხვებზეც ვრცელდება, საზოგადოებრივი ხდება, ამაზე მეტყველებს ნათესავის თხოვნა, ჩემ შვილსაც იქნებ მოუხერხო ეგეთი სამსახურიო…
ამ მოშლას, დეკონსტრუქციას კი ირონიით, უფრო სწორად სარკაზმითა და ერთგვარი ხალისითაც კი უყურებს ბატონი ვახტანგი (დამსაქმებელი), რომელიც დარწმუნებულია, რომ სხვასაც ბევრს ნახავს, ვინც მის ახირებებს დაემორჩილება, და როდესაც დათოს დაბღვერას შეამჩნევს ეტყვის: „ჰა, ბიჭო, ეგეთები არ იყოს; რას იბღვირები, რო იბღვირები? თუ არ გინდა, იხვეწებიან მწერლები…“ (მეგრელიშვილი 2016: 14)
გმირი ხშირად იცინის უფროსის უცნაურ დავალებებს რომ ისმენს, დაუჯერებელი ჰგონია, მაგრამ ამ უწყინარ სიცილსა და ხუმრობისმაგვარ დავალებებში დევს დიდი ტრაგიზმი ადამიანური ყოფისა, მოკლედ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, უკვე მერამდენედ შევიგრძნობთ ამ ფრაზის ნამდვილობას.
რეალურისა და ირიალურის ზღვარზე, დიდი ირონიითა და მასში ჩაბუდებული ტკივილით ავტორი პოსტმოდერნის ეპოქის კიდევ ერთ შვილზე, მწერალ დათოზე მოგვითხრობს, რომელიც „დამკვეთს ემორჩილება“, ფულის მოპოვებაზე ფიქრობს და პრინციპებს ძნელად თუ ადვილად, მაგრამ მაინც თმობს. აქ გვახსენდება მკვლევარის დასკვნა: „ღირებული ლიტერატურა, დიქტატურის პირობებში იქმნება ის, თუ ლიბერალური პოლიტიკისა, ერთნაირად ემყარება თავისუფალ აზროვნებას, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავთან ჭიდილში გამომუშავდება. დიქტატურის, როგორც დამატებითი წინაღობის პირობებში ეს უფრო რთული ამოცანაა, ლიბერალური პოლიტიკის პირობებში- შედარებით ადვილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეკლიანი არჩევანია…“ (რატიანი 2015: 155)
საბოლოოდ, მეგრელიშვილის ტექსტი ემსგავსება თამაშს… თამაშს, რომელიც თუ ბავშვებს დიდობისთვის ამზადებს, დიდებს – ცხოვრებისთვის, რეალობისთვის.
3.4 „ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის“
„მე არ მაქვს სახლი და ვწერ იმისთვის, რომ სახლში დავბრუნდე…“ (ხარანაული 2010:122) გადავაწყდებით ბესიკ ხარანაულის ამ ფრაზას „ეპიგრაფებში“ (სრულად – „ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის“) და ახლებურად შევიგრძნობთ შემოქმედისა და მისი ცხოვრების ერთიანობას, რომ ქმნა ეს დაბრუნებაა პირველთან, მშობლიურთან, საკუთარ თავთანაც კი და, აქედან გამომდინარე, გადარჩენაც, ხსნაც. წერა ცხოვრების საზრისად ქცეულა; ცხოვრება კი ეს ისაა, სადაც ღვთისგან შექმნილი ადამიანი უნდა ანათებდეს, მაგრამ… „აღარავინ იყო, ვინც სიცოცხლეს დაამშვენებდა.“ (ხარანაული 2010:95) ადამიანებმა სათავისოდ მოირგეს სიცოცხლე და მხოლოდ საკუთარზე ზრუნვა დაიწყეს… ამიტომაც იშვა ქრისტე „ჩვენნაირად რომ შივდებოდა (…) ჯვარს ეცვა და კვლავ ზეცად ამაღლებული დაუბრუნდა ისევ მამის სახლს…“ ( ხარანაული 2010:97) აქ დარჩენილებს კი გამოგვსახა სხეულზე ჯვარი და „მას მერე ჯვართან ერთად ჩავისახებით, ჯვარი დაგვაქვს მთელი ცხოვრება და ბოლოს ვკვდებით იმ ჯვართან ერთად…“(ხარანაული 2010:97). ანუ ადამიანის ცხოვრება განმეორებაა ქრისტეს გზისა და წერაც ერთ-ერთი სახეა ჯვრისა, რომელიც სახლში, მამასთან დააბრუნებს მწერალს… ამიტომაც ქცეულა ის ყოფის აზრად – „წერა წიგნისა, ერთადერთი ჩემი გზაა, ღმრთისაკენ…“ (ხარანაული 2010: 100)
და მას შემდეგ რაც ავტორმა იპოვნა თავისი არსებობის გამართლება გადაწყვიტა სხვებისთვისაც დაენახებინა, ის ,რაც იპოვნა და თქვა: „ადამიანობიდან ადამიანის ისტორია არ აირჩიო, აირჩიე ის ნათელი, რომელიც მას ღმერთმა ჩაჰბერა!“ (ხარანაული 2010:97) ე.ი არ გაუსინჯო ყველაფერს გემო, კარგი იკმარეო… მაგრამ მანაც, როგორც ადამიანმა იცის, რომ ძნელია ადამიანისთვის ეს, რომ ადამიანმა თქვა იმას ვაკეთებ, რაც არ მწადია და არა იმას, რაც მინდაო[32]… თუმცა ბრძოლა მაინც აუცილებელია მიზნისთვის და ამის მაგალითია შემოქმედი, რომელიც მაინც ქმნის, არ აგებს ხმალს ქარქაშში… და ღმერთიც შეეწევა დაუზარელს. რადგან სხვაგვარად „რა ქნას მზემ, თუ თავი უკუნ ღამეში გყავს გამოკეტილი“?! (ხარანაული 2010: 129)
ტექსტი ერთი ადამიანის გზას გვიჩვენებს, არის მისი ცხოვრების ტკბილ-მწარე „ინტერპრეტაცია“, „აქ მოისმის ავტორის სულის ბგერა, რომელიც ფილოსოფიას პოეტურ ენაზე ახმოვანებს.“ (ამირხანაშვილი 2014: 60) ეს ადამიანი ერთანირად ერიდება ლაფში გასვრას და კარგის გათელვას და ამ ვიწრო ბილიკზე, ბეწვის ხიდზე მიდის ის ერთისკენ და გვეუბნება, თავისი ამ სვლით, რომ ჩვენც ასე მივდივართ, ჩვენც ასეთ გზაზე ვდგავართ და გზაჯვარედინებზე ყოველთვის სახლის გზა უნდა ავირჩიოთ…
3.5 „დეპრესიის წამალი ანუ სანაყლამპარიანი“
ირაკლი ლომოური ფანტასტიკისა და რეალობის მიჯნაზე წერს. როგორც თვითონ ამბობს, თამაშობს და თამაში კი, თავისმხრივ, მისტიფიკაციას შეიცავს.[33] ასეთი იყო მისი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა „შემთხვევა“ და მას შემდეგ იგი არ ღალატობს თავის ამ სტილს, თავის „კაშკაშა წარმოსახვას“ (ღონღაძე 2012:40) მოთხრობა, რომელზეც ვსაუბრობთ, არაა ამ მხრივ გამონაკლისი და ამას უცნაური სათაურიდანვე ვგრძნობთ, რა უნდა ეწეროს ასეთი სათაურის ქვეშ – „დეპრესიის წამალი ანუ სანაყლამპარიანი“ ?!
ტექსტი სრულიად ჩვეულებრივი ამბით იწყება – სამსახურიდან დაბრუნებული მამა მოწყენილი თინეიჯერი ქალიშვილის სევდის მიზეზის გაგებას ცდილობს, რათა დაეხმაროს და დააძლევინოს. იმდენად გულწრფელად, შესაშური მონდომებითა და მოთმინებით ცდილობს ის მომხდარში გარკვევას, რომ აქამდის გაუცხოებული და დადუმებული გოგონაც გადაწყვეტს მამას „დეპრესიის“ მიზეზი მოუყვეს, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობს არ დაუჯერებენ. ესაა გამიჯნურებული ძველისძველი ბრინჯაოს სანაყის ისტორია, რომელსაც ასევე ძველი, მეფისდროინდელი ცისფერი, საყვავილესავით მოხატული და ლამაზი ნავთის ლამპა შეუყვარდა, და რომლის მიჯნურობაც კრახით დასრულდა – ლამპამ თავი ამაყად დაიჭირა, ხოლო გულნატკენ სანაყს გული გაუსკდა. საოცარი გულისტკივილითა და თანდართული ქვითინით ყვება ამ ყოველივეს გოგონა: „იცი, როგორ უყვარდა, იცი, როგორ?!… გული გაუსკდა, გული!… იმ საზიზღარმა ლამპარმა უთხრა: სად მე და სად შენ, საერთოდ როგორ ბედავ, ასეთი ტლუ, ხეპრე და რეგვენი რო მელაპარაკები, მთელი ცხოვრება თავში ფილთაქვას გირაკუნებენ, შე საცოდავო და უბადრუკოო…“ (ლომოური 2013: 110) ასე დაიმსხვრა სანაყის ცხოვრების საზრისი, ასე გაუჩნდა ქალიშვილსა და მის მამას საფიქრალი, რომ სიყვარულს ხან სიძულვილი ისე თელავს, რომ მსხვერპლად აქცევს, თუ ნამდვილია…
რეალობისა და ირეალურის, მართალისა და გამონაგონის, დამაჯერებლისა და დაუჯერებლის ამ ზღვარზე კი, რომელსაც ავტორი ქმნის მკითხველი კვლავ ირწმუნებს რაღაც ამაღლებულის არსებობას, სიყვარულის გამო სიკვდილს, თუ მას ეს უნდა, რა თქმა უნდა, რადგან სინამდვილე „ზოგჯერ უფრო აბსურდულია, ვიდრე მწერლის წარმოსახვაში დაბადებული ამბები…“ (ღონღაძე 2012: 40 ) ამიტომაც კითხვით მიმართავს მწერალი მკითხველს ბოლოს, კითხვით, რომელზე პასუხიც მან თავის მხრივ გასცა, თუმცა არჩევანს მაინც გვიტოვებს პოსტმოდერნისტული, ახალი დროის ავტორის მანერით: „ მე რასაკვირველია, ამ ზღაპრების არ მჯერა. და არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ დაიჯერებს. ოღონდ ერთი რაღაც ვერ გამიგია, რა ძალამ შეიძლება დაამსხვრიოს ბრინჯაოს მძიმე, მონოლითური სანაყი? დაამსხვიროს ნაკუწებად, შუშასავით? რა ძალამ?“ ( ლომოური 2013: 110-111)
3.6 „წიგნიდან“
ქართულ მწერლობაში აკა მორჩილაძე თავისი პოსტმოდერნისტული თამაშებით მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. საინტერესოა, მის ტექსტებში, როგორც პოსტმოდერნისტული ხერხებისთვის საილუტრაციო ნიმუშებში როგორ გადაწყდება ჩვენ მიერ ზემოთ წამოჭრილი პრობლემები სიცოცხლის საზრისზე, საზოგადოების საფიქრალზე, ტექსტის ფუნქციასა თუ ავტორის მიზანდასახულობაზე.
აკა მორჩილაძე, ისევე როგორც სხვა პოსტმოდერნისტი მწერლები, უკვე არსებულ ტექსტებთან აქტიურ დიალოგს მართავს, ინტერტექსტუალობა მისთვის, მისი ტექსტებისთვის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, რომელზეც შემდეგ ახალი გამონაგონი, თანამედროვე ნარატივი დაშენდება. ასეთი ტექსტია „მოგზაურობა კახეთში 1855წ.“ და „ფრიდონიანი“, ორივე ეს მოთხრობა გაერთიანებულია სხვა ტექსტებთან ერთად საერთო სათაურის ქვეშ: „წიგნი“.
1855 წელს კახეთში მოგზაურობისას ავტორი ილიასეული სიდინჯითა და სტილით ( მაგალითად, დეტალების აღწერის ილიასეული მანერა: „აქ შორიახლო ელაგა კოხტათ დათლილი საფლავის ქვები და ამ ქვებქვეშ კი წინაპარნი კეთილი გვარისა, მამა-პაპანი.“ შდრ: ილიას „კაცია ადამიანი?!“ )მოგვითხრობს სხვა ლუარსაბ თათქარიძეზე, ლუარსაბზე, რომელიც ომში წავიდა. ამას მხოლოდ ბოლოს ვიგებთ, თუმცა ტექსტის კითხვიდან სულ მალე ვხვდებით, ვინ შეიძლება იყოს მოთხრობის მთავარი პერსონაჟი. სტილის გარდა ეს სიტუაცია საერთოდ არ ჰგავს ილიასეული „კაცია-ადამიანის?!“ გარემოს.
პირველ რიგში, ამას სხვანაირი უფროსი ძმის სახე გვარწმუნებს, რომელიც ჩვენზე სულ სხვა შთაბეჭდილებას ახდენდა, ახლა კი გულწრფელად თანაუგრძნობს ძმის უბედურებას რომელმაც ერთდროულად მეუღლე და მომავალი შვილი დაკარგა: „გვერდით ძმა ედგა, უფროსი, ერთიანად გათეთრებული, ხანჯლის ტარზე ხელებჩამოსვენებული, ისიც ჩაჩერებული რბილ და ათასი რამისთვის გემრიელსა და ტკბილს კახეთის მიწას…“ (მორჩილაძე 2003: 241-242), ტრანსფორმირებულია მოურავი დათოც, რომელიც გაუბედურებულ და დაკარგულ, გალუმპულ თავადს მზრუნველობით ნაბადს შემოახვევს და ფრთხილად წაიყვანს სახლში. კახეთის თავადობაც „დარდდაფენილია“ (მორჩილაძე 2003:250), რაც ასევე უჩვეულოა. ყველაზე გასაოცარი კი თვითონ ლუარსაბისა და დარეჯანის სახეა, ისინი ერთ მოყვარულ ცოლ-ქმარად წარმოგვიდგებიან, რომელნიც შვილის მოლოდინში და ღვთის წყალობის იმედში ატარებენ ცხოვრების დღეებს. არაა აქ არც ილიასეული მხილება ამგვარი ცხოვრებისა არც მწარე ირონია, არც მოწოდება მკითხველისა. ესაა ჩვენება სულიშემძვრელი მწუხარებისა და მეტი არაფერი…
მაგრამ, არის ერთი მაგრამ, ამ ტრანსფორმაციით იქნებ ავტორი უკვე ჩვენს მიმართ გამოხატავს ირონიას, თანამედროვე საზოგადოების მიმართ, რომელშიც ლუარსაბი გმირად ქცეულა, მისი და მისი ოჯახის ფუჭი ცხოვრება კი ტრაგედიად. საზოგადოებისა, სადაც უკვე არსებობს ეს ორი საპირისპირო ტექსტი, ანუ ორი განსხვავებული ნარატივი ერთ და იმავე კაცზე და სადაც არჩევანის საგნად იქცა ლუარსაბის ორი სახე, რომელია სარწმუნო და მისაღები…
ერთი კია გმირის დეკონსტრუქციით, ოღონდ ორიგინალური დეკონსტრუქციით – ანტიგმირის გმირად ქცევით ორმაგ სარგებელს მოიმკის მკითხველი: ვინც არ დაიჯერებს ავტორის/ტექსტის მიამიტობას კიდევ ერთხელ იხილავს დღევანდელ ქაოსურ ყოფას, ხოლო ვიღაც, ვინც მიენდობა ტექსტს იმედით აივსება, რომ ყველაფერის შეცვალა შესაძლებელია… ბოლოსდაბოლოს ლუარსაბი წავიდა ომში!
სხვა ტიპის ინტერპრეტაციასთან გვაქვს საქმე „ფრიდონიანის“ შემთხვევაში – აქ ვიგებთ, რომ „ვეფხისტყაოსის“ საფუძვლად დადებული იდეალები, რაც მისი გმირების არსებობის საზრისად ქცეულა (მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – სიყვარულისთვის თავგანწირვა), თურმე მხოლოდ ფანტაზია ყოფილა, მათი ვისაც ასე სჯერათ, ხოლო სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. ამის დასტურია ფრიდონის მახსოვრობა და ამ ამბის მისეული ვერსია, რომელსაც იგი გულმოდგინედ იცავდა სიკვდილამდე.
პოსტმოდერნიზმის დაეჭვება „ვეფხისტყაოსანსაც“ გადაწვდა და მკითხველი აქაც არჩევანის წინაშე დააყენა, ირწმუებ შუა საუკუნეების ავტორისას თუ დაუჯერებ შენს თანამედროვეს, იქნებ შენ საერთოდაც სხვა ვერსია გაქვს?! „ფრიდონიანში“ , ჩვენს წარმოსახვაში, ნურადინ-ფრიდონი გმირობიდან ანტიგმირობამდე გზას გადის და ჩვენ ვწყვეტთ როგორს მივიღებთ მას.
აკა მორჩილაძის მოცემული ტექსტების ანალიზი გვარწმუნებს, რომ ქართული პოსტმოდერნიზმისთვის ( მისი ერთი ნაწილისთვის მაინც[34]) თამაში, ირონია, დეკონსტრუქცია, ინტერექსტუალობა საშუალებაა იმისა, რომ არჩევანის წინაშე დაგვაყენოს და გაცნობირებული ნაბიჯი გადაგვადგმევინოს. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამგვარი ტექსტების მოუმზადებლად, წინასწარი ცოდნის გარეშე კითხვა ცნობიერებისთვის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს…
მორჩილაძის ტექსტებზე დაყრდნობით შეგვიძლია შევიმუშავოთ სქემა:
ცხოვრების საზრისი: ძველი ლუარსაბი – ჭამა-სმა, ახალი ლუარსაბი – სიყვარული; ძველი ფრიდონი – სიყვარულისთვის მებრძოლი ახალი ფრიდონი – სახელისთვის მებრძოლი.
საზოგადოებრივი საფიქარალი: ძველი ლუარსაბი – არ აწუხებს ქვეყანა, ახალი ლუარსაბი – ქვეყნისთვის ომში მიდის;
ძველი ფრიდონი – გვერდში დაუდგება მიჯნურთ, ახალი ფრიდონი – უარს ამბობს მისთვის უაზრო მისიის შესრულებაზე.
ავტორის მიზანი/ტექსტის დანიშნულება: ძველი ავტორი (ილია, რუსთველი) – საზოგადოებისთვის სარკე იყოს მისი ტექსტი; მოუწოდოს მას ამა თუ იმ ღირებულებების დაცვისთვის;
ახალი ავტორი (აქ აკა მორჩილაძე) – მისცეს უფრო მეტი არჩევანის უფლება, მის მიერ ნაჩვენებსა და სარწმუნოს შორის გაავლოს ზღვარი.
3.7 „ომობანა“
პოსტმოდერნისტულ ტექსტზე მსჯელობას ომის თემით დავასრულებთ. როგორც აღინიშნა, ის ორიგინალური ქართული მოვლენაა პოსტმოდერნიზმში. სანიმუშოდ განვიხილავთ ბასა ჯანიკაშვილის „ომობანას“, რომელიც ავტორმა აგვისტოს ომს მიუძღვნა და პოსტმოდერნისტული სათაურშივე უწოდა, სათაურის ქვეშ მინაწერით პიესა-რომანი, ავტორი თავად გვიხსნის, რომ ჩვენ წინაშეა პიესისა და რომანის ნაზავი. პოსტმოდერნისტულ თამაშზე მინიშნებაა სახელწოდებაც, რომელიც ტექსტის გასაგებად მნიშვნელოვანი გასაღებია. ეს რამდენიმე დღიანი ომი, ერთი მხრივ, მართლაც იყო მწარე თამაში, ხოლო, მეორე მხრივ, რომანში პატარა გმირი, მართლაც, ერთობა კომპიუტერული სტრატეგიით.
ტექსტში მთავარ ადგილს იჭერს ომის გაგების პროფანაცია და არა მხოლოდ გაგების, საზოგადოებაც ომს, როგორც შორ მოვლენას ისე აღიქვამს, რადგან მას არ ეხება – „სადღაც შორს ბომბავენ გორს…“ (ჯანიკაშვილი 2010: 160), გულგრილი რეალობის ამსახველია ფრაზაც – „აგვისტო ომებისა და შვებულებების თვე…“ (ჯანიკაშვილი 2010: 7) და ამის ფონზე ცოლისა და ქმრის ოჯახური კრიზისი. ვგრძნობთ, რომ სინამდვილეში ომის თემა ფონია ზნეობრივი პრობლემების წარმოჩენითვის და მთავარი აქ ის მორალური ომია, რომელიც უფრო რთული და ძნელი დასაძლევია, ვიდრე რეალური ომი.
ცხოვრების საზრისად თითქოს „მისიის“ დასრულება ქცეულა მხოლოდ, საზოგადოებრივი საწუხარი – ომი კი, სადღაც ირეალურ, არანამდვილ სამყაროში მიმდინარეობს, ე.ი. ვირტუალური თამაში რეალობად იქცა, ხოლო ნამდვილი ომი თამაშად.
არჩევანის უფლება აქაც კვლავ მკითხველს რჩება…
3.8 „ნეგატივი“
თანამედროვე ქართულ პოეზიაში თავისი ადგილი აქვს ზვიად რატიანსა და მის ლექსებს, რომლებიც მთელი თაობის/თაობების სათქმელს ამბობენ თავისებური სიზუსტითა და პირდაპირობით. პოეტი ეძებს თავისი ცხოვრების საზრისს და არა მხოლოდ თავის, მისი პოეზია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო საზოგადოებრივი პოეზიაა ჩვენში…
ერთ-ერთი პირველი ლექსი, რომელიც კრებულ „ნეგატივის“ ფურცლებზე გვხვდება ასე იწყება: „დროა დავისაჯო მეც.
თუნდაც შენს გამო.
როგორ გაგაღვიძე.“ (რატიანი 2009:9)
საშინელი სიზმრიდან გამოსვლის შემდეგ პოეტის მიერ გაღვიძებული კვდება, სიმშვიდე, ღიმილი კლავს ერთსაც და მეორესაც შეუჩვეველს. სიზმარში კი თვითგადარჩენის ძლიერი ინსტიქტი ამოძრავებდა, აცოცხლებდა და ცხადში, როცა აღარაფერი აღმოჩნდა საბრძოლველი ისიც მოკვდა, როგორც უცხო მიწაზე გადარგული ყვავილი.
და რა არის გამღვიძებლის სასჯელი? გაღვიძება.
უნებურად გაგვახსენდება – რად ეძიებ ბეწვს შენი ძმის თვალში… თვითონ მძინარე აღვიძებდი სხვას, აჩვენებდი იმას, რისთვისაც არ იყო მზად და მერე, როცა გარდაიცვალა, მიხვდი, რომ ყველაზე დიდი სასჯელი ძალით გაღვიძებაა, თუნდაც კეთილი მიზნისთვის…
და ამის შემდეგ ავტორი თითქოს უკვე სიზმარში ხეტიალს გააგრძელებს ე.ი. კოშმარულ ჩვენებებში, გაღვიძებას კი გადადებს მომავლისთვის, როცა:
„ სამყაროს აღარ დაჭირდება ლექსებით შენიღბვა
და პოეტებიც, ამ წუთამდე ვინც შემორჩნენ საწერ მაგიდებს,
ვალმოხდილები წყვეტენ წერას…“ (რატიანი 2009:32)
მანამდე კი უნდა იყოს ორი ერთში, რომელიც მხიარულად ეგებება ცოლ-შვილს და მეორეც, რომელიც მთელი ღამის ხეტიალით ნატანჯი და განადგურებულია:
„…და მხიარული ეგებება საყვარელ ცოლ-შვილს, [ერთი მე]
მერე მიდიან, მე კი მივდევ, დაძონძილი, სისხლებშემხმარი…“[მეორე მე] (რატიანი 2009:59)
თუმცა იმათგან განსხვავებით,ვინც საამაყოდ ითვლება, მაგრამ როცა კი დასჭირდება საჰაერო ბურთიდან ადვილად გადმოყრის თავისით მოამაყე „ჯიბის ოჯახებს, ჯიბის სამშობლოებს…“(რატიანი 2009:110) პოეტი სხვა არჩევანს აკეთებს – დაწერს „სათუთ“ და „ამაღლებულ“ ლექსებს , რომლებშიც გამოაწყობს ცოლსა და შვილებს, ასაკოვან მშობლებს, უცხოეთიდან დაბრუნებულ და-ძმებს და ა.შ და ა.შ., ყველა ძვირფას ადამიანს. რადგან ესაა ყველაზე მთავარი და ნამდვილი, რადგან ღმერთი სწორედ ასეთს ხედავს ადამიანს – შიშველს, დაუფარავს, ხედავს იმას, რაც უნდა დაეწერა დაწერამდე და იმასაც რასაც დაწერს…
და მერე ისევ გალაკტიონი, ოღონდ გალაკტიონი ჩვენს დროში, როცა პოეტის სახეს ამაღლებულობა ჩამოცილებული აქვს, თუმცა ის მაინც პოეტია:
„ზამთარია. სასაცილო სპორტული ქუდით,
მამისეული ბათინკებით შენ მოირთვები
და წახვალ ქარში, ან წვიმაში, ჯიბეში – ხურდით,
გულში სიმღერის არცთუ ისე მსუბუქ ზვირთებით.“ (რატიანი 2009: 40)
ამ დროში იწერება „ნეგატივი. ოცი წლის შემდეგ“ და „რეკვიემი ცოცხლებისათვის“ და კიდევ რამდენი ასეთი ლექსი…
ადამიანები აქ მწარე სინამდვილეში აღმოჩნდებიან სადაც „ ბავშვობის საწოლებს“ „შემცივნული ჯარისკაცები“(რატიანი 2009:94) წვავენ ქუჩაში, სამშობლო კი გარდაცვილი და შეშლილი მამის გულისჯიბეში განისვენებს, დამახინჯებულია სიყვარული და გათელილია მეგობრობა, გამრუდებულია ყოფა და ასწავლიან მხოლოდ იმას, რომ „ადამიანი შეიძლება იყოს ბოროტიც…“ (რატიანი 2009:96) და ლირიკული გმირი კი თავის მხრივ ეუბნება გაკვირვებულ შვილს, რომ „ადამიანი შეიძლება იყოს კეთილიც…“ (რატიანი 2009:96) და, შესაბამისად, არა აუცილებლად კეთილი… აქ მეგობრები ერთმანეთს თვალს არიდებენ: „თბილისის ქუჩებში, ნებისმიერი ქალაქის ქუჩებში,/ჯოჯოხეთის ბნელ გვირაბებში“(რატიანი 2009:12) და კიდევ რამდენი რამ ხდება გულსატკენი, სულის შემძვრელი, თვალის ამხელი. სამართლიანად შენიშნავს როსტომ ჩხეიძე პოეტზე: „თითქოს საკუთარი ქვეყანა სამსჯავროზე გამოუწვევია და, „ბედნიერი ერის“ მხატვრული მრწამსისა არ იყოს, მკაცრ ბრძმედში ატარებს მისი ბედისწერის ამრეკლავ ოცწლეულსა და ამ ოცწლეულის სათავეს, რათა უმძაფრეს ტკივილთა მიღმა იხილოს ფერნაცვალი სამშობლო, ტრაგიზმის ფერფლიდან ამომართული და კვლავაც მიმსწრაფი საკაცობრიო ცხოვრების სრულუფლებიან მონაწილედ გადაქცევისკენ.“ (ჩხეიძე 2011: 4 )
იქნებ პოეტის გულწრფელმა სიტყვებმა მართლაც შეძლონ და უკეთესები გახადონ ადამიანები, იქნებ!…
3.9. „რაღამი“
ტრადიციულისა და ნოვაციის სურნელი ტრიალებს ახალგაზრდა პოეტის თემურ ელიავას ლექსებშიც (პოეტური კრებული „რაღამი“). ახლებური სათქმელი, მივიწყებული სიტყვების გამოცოცხლება, რომ აღარაფერი ვთქვათ ლექსის ფორმაზე, მის ნაწარმოებებს საგულისხმოს ხდის.
ლირიკული გმირის (პოეტის) ცხოვრების საზრისი იმგვარი არსებობაა, რომელიც განერიდება ამქვეყნიურ ჭუჭყს და ამისთვის ჩადენილი ერთი შეხედვით არმოსაწონ საქციელს გამართლებას უძებნის; მეტიც, უკეთესის კონტექსტში აქვს წარმოდგენილი:
„ლაჩრები მერჩიან, დაჰყვები დუქანსო
შენ რომ ლოთობა გეგონა უხამსი,
ვისაც მთვარესთან დალევა უყვარსო,
სადაც ჯიხვისა რქებია, იქ დასვი!“ [35]
თუმცა ეს განირდება არ ნიშნავს იმას, რომ პოეტი თავს არ გრძნობს საზოგადოების ნაწილად, რომ გრძნობს სწორედ ამიტომაა მტკივნეული ის, რასაც იღებს – არ კუთვნილს : „მე დღესაც ასე იოლად მომკლეს
და კიდევ ასჯერ მომკლავენ ალბათ.“ ან
„გაამხელ რა გტკივა ყველაზე ძალიან…
ყველა რომ გიცნობს და არავის სცალია…“
ეს უკანასკნელი ეპოქალური სატკივარია დღეს, გულგრილობა და უყურადღებობა, რაც საზოგადოების განვითარების ხელშემშლელადაც კი შეიძლება დავასახელოთ, რადგან წინსვლისთვის ყველაფერს სჭირდება სიყვარული.
და ამ დროს პოეტი წარსულს მიმართავს: ქართული ამბები, მითიური და თანამედროვე, გაგონილი, რეალური, თუ მოგონილი ერთ პოეტურ საბურველს იფარავს და წარმოქმნის „კოლხის ალერსს“ (და კიდევ ასეთ ლექსებს). აქ ვაჟკაცობა, სამშობლოსთვის თავგანწირვა, სიყვარული და ამ ყველაფრის პოეტურობა ერთმანეთში შესისხლხორცებულა, შენივთებულა ერთ სიმღერად ქცეულა:
„ვო, სერ, დამასიზმრე ჩემი არჩილი და
მერე თვალკაკაბა მისი ქალიშვილი.
მტერი მათრახის ქვეშ ატარა ლაჩარივით,
ციხე-სიმაგრენი რომელმან დააჩოქა.
ქართლს რომ ჩამოიახიეს ჩოხა,
ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა,
ქართლს რომ ჩამოახიეს ჩოხა,
კოლხმა მოიკაზმა ლექსი აბჯარივით…“
აი, ის, სადაც პოეტი შვებას პოულობს და ცდილობს გაითავისოს. ამას სთავაზობს მათაც, ვინც მივა ამ ლექსებთან, როგორც ტაძართან[36] აღმოაჩენს ეროვნულ და ზოგადადამიანობის სათქმელს, რომ ჩვენ ყველანი უძღები შვილები[37] ვართ, როგორც ღვთის, ისე ერთმანეთის და სამშობლოს მიმართ. დაბრუნება კი მნიშვნელოვანია… რომ „სამოსელი პირველი“ შევიმოსოთ, გავახლდეთ…[38]
დასკვნა
კვლევიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ:
- თანამედროვე ქართულ ლიტერატურულ სივრცეში გამოიყოფა ორი ძირითადი ტენდენცია (პოსმოდერნისტული და ტრადიციული ტექსტები), რომლებიც მრავალფეროვნებით ხასიათდება, რამდენადაც შემოქმედები ინდივიდუალურ ელფერს აძლევენ მას.
- არსებობს მესამე ტენდენცია, რომელიც პოსტმოდერნისტული და ტრადიციული დისკურსული პრაქტიკების ნაერთს წარმოადგენს.
- მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის ფორმირებაში კონტექსტი.
- გამოიყოფა სამი ძირითადი თემა, რომელსაც თანამედროვე ავტორები ამუშავებენ: ცხოვრების საზრისი, საზოგადოებრივი საფიქრალი, ტექსტის ფუნქცია/ავტორის მიზანდასახულობა.
- შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქართულ პოსტმოდერნიზმზე, რომელიც ორიგინალურია თავისი კონტექსტიდან გამომდინარე მსოფლმხედველობით, ზნეობის საკითხებთან მიდგომით.
- გაირკვა ისიც, რომ მწერლობა ჩვენში მაინც უკავშირდება საზოგადო მოღვაწეობას და სიკეთისკენ ისწრაფვის. ეს არჩეული გზა მან კიდევ უფრო წარმატებული უნდა გახადოს.
- წარმოვაჩენთ კრიტიკის მნიშვნელობას ლიტერატურული ცხოვრების დახვეწისათვის.
- თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესის შესწავლა გვეხმარება ლიტერატურული ცხოვრების განვითარებაში.
[1] ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ტენდენციები არ არსებობს; თუნდაც ერთი, სრულიად განსხვავებული ავტორი, უკვე სხვა ტენდენციაა, უბრალოდ, ჩვენი ნაშრომის ფარგლებში მხოლოდ ძირითად ტენდენციებს ვეხებით.
[2] დავასახელებდით რამდენიმეს: ი. რატიანი – „ქართული მწერლობა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი“, 2015წ.
ბ. წიფურია – „ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში“, 2016წ.
ზ. ქარუმიძის სტატიები – „დიდი თამაშის დასასრული ანუ გოდო აკაკუნებს“, 2001წ., „პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი“, 2010წ.
არილის სტატიები, მაგალითად – „კითხვარი – თანამედროვე ქართული პროზა“, 2013წ. და სხვა სტატიები თუ ნაშრომები.
[3] ევგენი მიხეილის ძე ჩერნოივანენკო – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, რუსული ლიტერატურისა და ლიტერატურის თეორიის სპეციალისტი, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი, წიგნებისა და გამოკვლევების ავტორი (მათ შორის ლიტერატურულ პროცესზე), კითხულობს ლექციებს კომპეტენციის ფარგლებში.
[4] თარგმანი ეკუთვნის სოლომონ ტაბუცაძეს. ორიგინალი ტექსტი: “литературный процесс есть необратимое, направленное, закономерное изменение художественно-литературного сознания, свойств и функций
литературных произведений, состава литературы, в результате которого литература переходит из одного своего качественного состояния в другое; период пребывания литературы в одном качественном состоянии есть крупнейшая единица членения (стадия) литературного процесса.“
[5] ტერმინები ზემოთ ნახსენებ ევგენი ჩერნოივანენკოს წიგნში გვხვდება პარაგრაფში : “Понятие “литературный процесс”: поиск определения“(40).
[6] შემთხვევითი არ უნდა იყოს ფიროსმანის სურვილი – მოდით, ჩაი დავლიოთ და ხელოვნებაზე ვისაუბროთო, რადგან სწორედ ეს ჩაის დალევაა ის კონტექსტი, რომელშიც არსებობს ლიტერატურა და იქმნება კიდეც.
[7] ორიგინალი ტექსტი: “это и сами литературные произведения, и работы критиков, и реакции читателей, и взаимодействие литературы с другими видами искусства и формами общественного сознания, и литературные манифесты, и борьба различных направлений и течений, и виды пафоса, и общечеловеческие нравственные и философские проблемы, и традиции и новаторство, и литературные эпохи, и национальное своеобразие литератур, и связи между ними…“
[8] იხილეთ მალხაზ ხარბედიას წერილი „კრიტიკის დაბადება“, წიგნში „ტექსტი და სიმართლე“, 2014წ.
[9] შეიძლება გავიხსენოთ სახარებისეული ტალანტების იგავი, როცა ერთი ტალანტის მფლობელის მიერ ტალანტის მიწაში ჩამარხვა და მისი არ გამოყენება არჩევანს უტოლდება.
[10] ამის მაგალითია ილიას სიტყვები: „რაც ცხავია ხვავისთვის, ისიც კრიტიკაა ლიტერატურისათვის“(„რა მიზეზია, რომ კრიტიკა არ გვაქვს“,1887წ.).
[11]ლიტერატურათმცოდნე, მწერალი და ესეისტი. ამ აზრს იგი გამოთქვამს სხვადსხვა დროს დაწერილ წერილებში, რომლებიც თავმოყრილია წიგნში „ტექსტი და ავტორი“, დავასახელებდით მაგალითად, სტატიას: „ფსევდო-გზაჯვარედინები და თანამედროვე ქართული ლიტერატურა“.
[12] თანამედროვე ქართველი პოეტი და რედაქტორი.
[13] ამ პრობლემაზე საუბრობს მალხაზ ხარბედია წერილში „ლიტერატურის მხარდაჭერა საქართველოში“. (წიგნში: „ტექსტი და სიმართლე“, 2014წ.)
[14] დღეს პოსტმოდერნიზმს ინერციადაც თვლიან და ეპოქას „პოსტპოსტმოდერნისტულად“ მიიჩნევენ. ახალი პერიოდის სახელწოდება ჯერ შემუშავებული არაა, შესაბამისად არც მისი განსაზღვრება გვაქვს, ამიტომაც ჩვენც ტერმინ პოსტმოდერნიზმს გამოვიყენებთ.
[15] აქ შეიძლება ცირა ბარბაქაძის ლექსთან დაკავშირებული აზრი გამოგვადგეს შესადარებლად: „იმ შემთხვევაშიც კი, როცა ლექსი ერთგვარი ქაოსის გამომხატველია, ასეთ შემთხვევაში ის არის „მოწესრიგებული ქაოსი“, ანუ ქაოსსაც თავისი კანონები აქვს და სწორედ ამ წესრიგში მოიაზრება უწესრიგობა“. (ბარბაქაძე 2010: 20)
[16] ამ აზრს ქვემოთ ქართული ტექსტებიდან მაგალითებით გავამყარებთ.
[17] განასხვავებენ პოსტმოდერნსა და პოსტმოდერნიზმს, პირველი ეპოქას აღნიშნავს, მეორე კულტურას. ეს ორი ტერმინი ხან უდრის ხან კი არ უტოლდება ერთმანეთს.
[18] არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ პოსტმოდერნიზმს ჩვენში მოდერნისტული შემოქმედება უსწრებდა, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენლებიც იყვნენ „ცისფერყანწელები“.
[19] ფსიქიატრი, კოლექტიური არაცნობიერის აღმომჩენი
[20] ირმა რატიანის აღნიშნული სტატია (“Georgian Literature”) გადმოგვცა გაგა ლომიძემ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ლექტორმა( ი.ჭავჭავაძის #1) და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა (მ. კოსტავას #5). ორიგინალი ტექსტი: “Since the nineties post modernist trend has been evidently dominated in Georgian literature. All artistic devices characteristic to this trend (irony, liberalization of the literary language, deconstruction/reconstruction of classic texts, parody and the like) are revealed in Georgian writing.“
[21] ლ. ბრეგაძე, კ.ბრეგაძე, ბ. წიფურია, ნ. მუზაშვილი, ა. იმნაიშვილი…
[22] უმეტესად მსოფლმხედველობრივ ჭრილშია გამოყენებული ეს ტერმინი.
[23]ზემოთ აღნიშნული სტატია: ”Georgian Literature”, ორიგინალი ტექსტი: “We also have to take into consideration that literature in Georgia has always had the function of special intellectual leader.”
[24]მაგალითად, არ გაამართლა ხელოვნურმა ენამ ესპერანტომ.
[25] თანამედროვე ქართველ ავტორთა თითქმის სრულყოფილ ჩამონათვლას და მათი შემოქმედების მოკლე დახასიათებას გვთავაზობს ირმა რატიანი წიგნში „ქართული მწერლობა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი“, 2015წ.
[26] არჩილ ქიქოძეს (სხვებთან ერთად) უკავშირებს თანამედროვე ქართულ პროზაში გარდატეხის ნიშნებს (პოსტმოდერნიზმისგან განსხვავებულობა) ივანე ამირხანაშვილი თავის წერილში „სიცოცხლე როგორც ნამდვილობა“, წიგნიდან „დაკარგული ავტორის ძიებაში“2014წ.
[27] აქ შეიძლება გავიხსენოთ გურამ ასათიანის დაკვირვება ქართველი ადამიანის ხასიათზე: „ქართველებს არა აქვთ ერთმანეთისადმი გულგრილობის გრძნობა. ისინი, მართალია, მწარედ მტრობენ ერთმანეთს, მაგრამ უერთმანეთოდ გაძლება არ შეუძლიათ, ყველაზე მეტად მაინც ერთმანეთის აზრი აინტერესებთ…“ (თ. ვასაძე, ნ. მუზაშვილი… : „ქართული 12“, მოსწავლის წიგნი, 2008წ., „დიოგენე“, 266)
[28] გროტესკი – მხატვრული ხერხი, რაც დამყარებულია მეტისმეტ გაზვიადებაზე, მკვეთრი კონტრასტების – რეალობისა და ფანტასტიკის, ტრაგიკულისა და კომიკურის შეხამებაზე; (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უცხო სიტყვათა ელექტრონული ლექსიკონი)
[29] საუბარია ცისფერზე.
[30] იგულისხმება გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველის“ პერსონაჟი მიჩინიო.
[31] განვიხილავთ მოთხრობას „მწერალი“.
[32] გახსენება პავლე მოციქულის სიტყვებისა რომალეთა მიმართ ეპისტოლედან (თავი მეშვიდე).
[33] „შემიძლია ვთქვა, რომ ლიტერატურა ჩემთვის (და, ცხადია, არა მხოლოდ ჩემთვის) ერთგვარი თამაშია, და თამაში, თავისთავად, რაღა თქმა უნდა, მისტიფიკაციის ელემენტსაც გულისხმობს…“ (ირაკლი ლომოური) (თ. ვასაძე, ნ. მუზაშვილი… : „ქართული 12“, მოსწავლის წიგნი, 2008წ., „დიოგენე“,11).
[34] აქ შეიძლება დავასახელოთ გურამ მეგრელიშვილის აწ განხილული „მწერალი“.
[35] უნებურად გალაკტიონი გვახსენდება.
[36] ლევან ბრეგაძის აზრი: „თუ გიფიქრიათ, რატომ ან როდის მიდის ადამიანი ლექსთან? … ეს ძალიან ჰგავს ტაძარში შესვლას…“ (კობაიძე ნ (რედ.): 2011 ინტ.რეს.)
[37] თემურ ელიავას ლექსი : „უძღები შვილის დაბრუნება (მგზავრის III გზა)“
[38] მახსენდება ლიტერატურული პროცესის განმარტებაში ამოკითხული: “Чем теснее соединены в определенной художественно-литературной общности наследование традиций и энергия обновления словесного искусства, тем она богаче и плодоноснее“ (“Литературный процесс“, ლიტერატურული პროცესი: სტატია ონლაინ ლექსიკონიდან)
გამოყენებული ლიტერატურა:
ამირხანაშვილი 2014: ამირხანაშვილი ი., „დრო-კრიტიკოსი ,არსებობს თუ არა ქართული კრიტიკა?“, „დაკარგული ავტორის ძიებაში“, თბ., „ინტელექტი“.
ბარბაქაძე 2010: ბარბაქაძე ც., „სემიოტიკა“ ,VII, თბ., „სემიოტიკის კვლევის ცენტრი“.
ბრეგაძე 2013: ბრეგაძე კ., „პოსტმოდერნისტული რომანის პოეტიკა
(Summa postmodernica)”, „სჯანი“, თბ.
ბრეგაძე 2008: ბრეგაძე ლ., „ქართული პოსტმოდერნზმი“, „მოთხრობები ლიტერატურაზე“, თბ., „სულაკაურის გამომცემლობა“.
ბრეგაძე 2005: ბრეგაძე ლ., „პოსტსაბჭოური კულტურული სივრცე და ლიტერატურული პროცესი“, „კრიტიკა“, #1 , თბ., ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.
ვასაძე 2010: ვასაძე თ., „ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში“, თბ., „ლიტერატურის
ინსტიტუტის გამომცემლობა“.
იმნაიშვილი 2010: იმნაიშვილი ა., „სემიოტიკა“ ,VII, თბ., „სემიოტიკის კვლევის ცენტრი“.
კობაიძე ნ. (რედ.)2011: „მრგვალი მაგიდა: თანამედროვე ქართული ლექსი“, „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“, ინტერნეტში – „არილი“,(25. 03.2011).
„ლიტერატურული პროცესი“ – “Литературный процесс“ (სტატია ლექსიკონიდან) http://www.litdic.ru/literaturnyj-process/
მუზაშვილი 2004: მუზაშვილი ნ., „ჩვენ და ისინი“, თბ., „მერანი“.
რატიანი 2015: რატიანი ი., „ქართული მწერლობა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი“, თბ., შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.
ქარუმიძე 2011: „ დიდი თამაშის დასასრული ანუ გოდო აკაკუნებს“, „არილი“ ,2001წ., ინტერნეტში – „არილი“,( 25.06.2011).
ქარუმიძე 2010 : ქარუმიძე ზ., „ პოსტსაბჭოთა საქართველო და პოსტმოდერნიზმი (წერილი1) (წერილი2) „ლიტერატურა-ცხელი შოკოლადი“ „არილი“, (02.07.2010)
ჩერნოივანენკო 1997: Черноиваненко Е.,“Литературный процесс в историко-культурном контексте. Развитие и смена типов литературы и типов литературно-художественного сознания в русской словесности ХІ-ХХ вв.“.
http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Culture/chernoiv/index.php
წიფურია 2016: წიფურია ბ., „ქართული ტექსტი საბჭოთა/პოსტსაბჭოთა/პოსტმოდერნულ კონტექსტში“, თბ., ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა.
წიფურია 2008: წიფურია ბ., „პოსტმოდერნიზმი“, „ლიტერატურის თეორია: XX საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონფერენციები და მიმდინარეობები“, თბ., ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა.
ხალიზიევი 1997: Хализев В. Е., “Понятие “литературный процесс” в справочных изданиях“(32), Черноиваненко Е.,“Литературный процесс в историко-культурном контексте. Развитие и смена типов литературы и типов литературно-художественного сознания в русской словесности ХІ-ХХ вв.“, 1997г. http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Culture/chernoiv/index.php
ხარბედია 2014: ხარბედია მ., „ტექსტი და სიმართლე“, თბ., „აზრი“.
მხატვრული ლიტერატურა:
ახვლედიანი 2010: ახვლედიანი ე., „კოღო ქალაქში“, თბ., „სიესტა“.
ლომოური 2013: ლომოური ი., „დეპრესიის წამალი ანი სანაყლამპარიანი“, წიგნიდან „პარიზელი ქალი“, თბ., „ინტელექტი“.
მეგრელიშვილი 2016: მეგრელიშვილი გ., „მწერალი“, „ლიტერატურული საქართველო“, გვ: 13-14).
მორჩილაძე 2003: მორჩილაძე ა., „წიგნი: მოთხრობები“, თბ., „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.
რატიანი 2009: რატიანი ზ., „ნეგატივი: ლექსები 2009-1996“, თბ., „დიოგენე“.
რუსთველი 1976: შოთა რუსთველი , „ვეფხისტყაოსანი“, ნ. ნათაძის რედაქციით, თბ., „განათლება“.
ქიქოძე 2013: ქიქოძე ა., „ოჯახური პორტრეტები“, „კვირის პალიტრა „ 2012წ., „15 საუკეთესო ქართული მოთხრობა“ 2013, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.
ღონღაძე 2012: ღონღაძე თ., „წარმოსახვის ფოიერვერკი : (ირაკლი ლომოურის მოთხრობების კრებულის “ავტონეკროლოგი” წარდგინება)“, „ჩვენი მწერლობა“, #14 .
ჩხეიძე 2011: ჩხეიძე რ., „დაკარგული ქვეყანა (ზვიად რატიანის პოეტური ხილვები)“, „ჩვენი მწერლობა“, #3.
ხარანაული 2010: ხარანაული ბ., „ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის“, თბ., „გამომცემლობა პალიტრა L“.
ჯანიკაშვილი 2010: ჯანიკაშვილი ბ., „ომობანა: პიესა-რომანი“, თბ., „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“.