თამაშით ინტერვენციის და მშობლის ჩართულობის გავლენა პედიატრიული პაციენტების გამკლავებაზე ჰოსპიტალიზაციის განმავლობაში

თამაშით ინტერვენცია
თამაშით ინტერვენცია

ავტორი: თათია თოფურია

<< ნაშრომი შეფასებულია უმაღლესი ქულით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წყაროდ >>

 

აბსტრაქტი

      პედიატრიული პაციენტების ჰოსპიტალიზება ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის სტრესთან დაკავშირებულ გამოცდილებას წარმოადგენს, რომელიც სხვადასხვა სახის შიშების, შფოთვებისა და უარყოფითი ფიქრების სახით ვლინდება. უკვე არსებული კვლევების მიხედვით, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლისა და კომპეტენტური პირის ჩართულობა, რომელიც იზრუნებს აღნიშნული გამოცდილების შემსუბუქებაზე. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ფსიქო-სოციალური მომსახურების პროგრამა, რომელიც მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაშია გავრცელებული, ხოლო საქართველოს მხოლოდ ერთ კლინიკაშია დანერგილი. აღნიშნულ პროგრამაში ჩართულები არიან ჩაილს ლაიფ სპეციალისტები და ზრუნავენ ბავშვებისა და მშობლების კლინიკის გამოცდილების შემსუბუქებასა და მის გაუმჯობესებაზე სხვადასხვა მიდგომების, მშობლის საჭიროებებზე მორგებისა და თამაშით ინტერვენცის საშუალებით, რომელიც მოიცას თამამაშის ისეთ სპეციფიკურ სახეებს, როგორებიც არის – ნორმატიული თამაში, სამედიცინო თამაში და თერაპიული თამაში.  წინამდებარე კვლევის მიზანსაც სწორედ ეს წარმოადგენს, თუ როგორია მშობლის პერსპექტივიდან კლინიკაში მყოფი ბავშვების გამოცდილება, რა როლი აქვთ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ჩართულობას კლინიკის გამოცდილების გაუმჯობესებაში, როგორ მოქმედებს თამაშით ინტერვენცია ბავშვზე და რა როლი აქვს მშობლის ჩართულობას ბავშვის ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაში.

        კვლევაში გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდი, რესპოდენტებს ჩაუტარდათ ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, კვლევის რესპოდენტთა რაოდენობა იყო 16 მშობელი, რომელთა შვილებსაც ჰქონდათ კლინიკაში ყოფნის გამოცდილება სხადასხვა სამედიცინო მიზეზების გამო, მონაწილეთა ნაწილი საუბრობდა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გამოცდილებაზე, სადაც ბავშვების მკურნალობის პროცესში ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები იყვნენ ჩართული, ხოლო ნაწილი საქართველოს სხვადასხვა კლინიკაში ბავშვის პოსპიტალიზების გამოცდილებაზე, სადაც არ იყვნენ ჩართული ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები.

          კვლევის შედეგების თანახმად, კლინიკათა უმეტესობაში საკმაოდ მაღალი იყო ბავშვის სტრესის დონე, შიშები, შფოთვები და სამედიცინო გამოცდილებასთან დაკავშირებული უარყოფითი ფიქრები. რაც გამოწვეული იყო სამედიცინო გუნდის მიერ გამოყენებული შეუსაბამო მიდგომების, კლინიკის გარემოს მოწყობის, მშობლის ინფორმირების ნაკლებობისა და მულტიდისციპლინური გუნდის არარსებობიდან. იქ, სადაც ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები ჩართული იყვნენ შესაბამისი მიდგომებითა და თამაშით ინტერვენციით ბავშვებში ბევრად უფრო დაბალი იყო სტრესის დონე. ასევე კვლევის შედეგად დადასტურდა მშობლის ჩართულობის განსაკუთრებული მნიშვნელობა და ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ მშობლებისადმი გამოხატული მხარდაჭერის როლი, რომელიც ასევე მოქმედებდა ბავშვის ჰოსპიტალიზების გამოცდილებაზე.

       შესაბამისად კვლევის შედეგების მიხედვით დადგინდა თუ როგორი გამოცდილება აქვთ სხვადასხვა კლინიკაში მყოფ ბავშვებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების, მათ მიერ გამოყენებული ინტერვენციის და მშობლის ჩართულობა ბავშვის კლინიკის გამოცდილებაში.

ძირითადი საძიებო სიტყვები: ბავშვის ჰოსპიტალიზების გამოცდილება, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები, თამაშით ინტერვენცია, ნორმატიული თამაში, სამედიცინო თამაში, თერაპიული თამაში, მშობლის ჩართულობა.

Abstract

    Hospitalization of pediatric patients is a stressful experience for children and their parents, manifesting in various fears, anxieties, and negative thoughts. Existing studies emphasize the importance of involving parents and a competent person to alleviate this experience. For this purpose, a psycho-social services program has been developed and is widespread in many countries, although it has been implemented in only one clinic in Georgia. Child Life specialists, who are integral to this program, aim to improve the clinic experience for children and parents through various approaches, including adapting to parental needs and play interventions such as normative play, medical play, and therapeutic play. This study investigates the experiences of children in clinics from the perspective of their parents, the role of Child Life specialists in improving these experiences, the impact of play interventions on children, and the role of parental involvement in managing the hospitalization of their children.

     A qualitative research method was used, involving semi-structured interviews with 16 parents whose children had been hospitalized for various medical reasons. Some participants discussed their experiences at Joe Ann University Hospital, where Child Life specialists were involved, while others described their experiences in different clinics in Georgia where such specialists were not present.

     The study found that in most clinics, children experienced high levels of stress, fears, anxieties, and negative thoughts related to their medical experiences. These negative emotions were attributed to inappropriate approaches by the medical team, the clinical environment, lack of information provided to parents, and the absence of a multidisciplinary team. Conversely, in clinics where Child Life specialists were involved and appropriate play interventions were used, children exhibited significantly lower levels of stress. The research also highlighted the crucial role of parental involvement and the support provided by Child Life specialists, which positively influenced the child’s hospitalization experience.

     In conclusion, the study determined the types of experiences children have in different clinics, the importance of Child Life specialists and their interventions, and the significant role of parental involvement in the child’s clinical experience.

Key words: child’s hospitalization experience, Child Life specialists, play intervention, normative play, medical play, therapeutic play, parent involvement

 

****************

      ისევე როგორც ზრდასრული ადამიანისთვის, ბავშვისთვისაც საავამყოფოში ვიზიტი და ექიმების გარემოცვაში ყოფნა გარკვეულწილად საშიშ და უსიამოვნო გამოცდილებას წარმოადგენს. ამის მთავარი მიზეზია უცხო გარემოში ყოფნა, სადაც ბავშვი პირველად ხედავს სხვადასხვა სახის სამედიცინო ინსტრუმენტებს, ესმის ხმები, ხვდება თეთრ ხალათში გამოწყობილ მისთვის სრულიად ახალ და უცხო ადამიანებს, რაც მასში იწვევს დაზიანების/ტკივილის შიშს, შფოთვასა და დისტრესს. მსგავს სიტუაციებში ბავშვების შფოთვა და დისტრესი გამოიხატება ისეთ ქცევებში, როგორებიც არის აგრესია, ტირილი, გაქცევა, თანამშრომლობის ნაკლებობა, ტანტრუმი, პროცედურების ჩატარების დროს წინააღმდეგობის გაწევა თუ სხვა (Favara-Scacco, et al., 2001). შესაბამისად, მნიშნელოვანია, რომ მოხდეს კლინიკაში მყოფი ბავშვის შფოთვის მინიმალიზება, რათა აღნიშნული გამოცდილება მისთვის ნაკლებად მატრავმირებელი იყოს. კვლევების თანახმად, ნაკლები შფოთვის მქონე ბავშვები სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდგომ საჭიროებენ ნაკლებ სედაციას (Mahanjan, et al., 1998), მშობლებთან და ექიმებთან მეტ თანამშრომლობას ავლენენ  (Favara-Scacco, et al., 2001) და ნაკლებად შეშინებულები არიან უშუალოდ სამედიცინო პროცედურებისა თუ მის შემდგომ (Yun-ping, et al., 2012). სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე გახდა საჭირო ჯანდაცვის დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური პროგრამების შექმნა და სულ უფრო მეტი ჩაილდ ლაიფ სერთიფიცირებული სპეციალისტების დასაქმება, რომელთა მიზანიც არის დაეხმარონ ბავშვებს და მათ ოჯახებს ეფექტურად გაუმკლავდნენ სამედიცინო ვიზიტებთან დაკავშირებულ შფოთვასა და დისტრესს, ხელი შეუწყონ ბავშვის ტიპურ განვითარებას და შეძლონ კლინიკის გარემოს ნორმალიზება (Burns-Nader & Hernandez-Reif,  2014). ყოველივე ეს კი ხდება მათ მიერ განხორციელებული თამაშით ინტერვენციის დახმარებით, რომელშიც ჩართულია თავად ბავშვი, მისი მშობლები, ოჯახის წევრები, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები, ექიმები თუ სხვა ადამიანები, რომლებიც კლინიკაში ყოფნის განმავლობაში ბავშვთან შეხებაში იმყოფებიან.

          მიუხედავად იმისა, რომ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებსა და მათ მიერ განხორიცელებულ თამაშით ინტერვენციას მნიშნელოვანი როლი უჭირავს ჰოსპიტალიზებული ბავშვების შფოთვისა და დისტრესის დაძლევაში, აღნიშნული სფერო ჯერ კიდევ არ არის სიღრმისეულად შესწავლილი. საკმაოდ მწირ ინფორმაციას ვხვდებით ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ განხორციელებული თამაშის ტიპებისა და ბავშვებისთვის მათი მნიშვნელობის შესახებ. კვლევების მცირე რაოდენობა დარგთან დაკავშირებული დაბრკოლებებით არის განპირობებული, როგორიც არის სწორი მეთოდოლოგიის შერჩევის სირთულე, რადგან კვლევათა უმეტესობა მეთოდოლოგიურად გაუმართავია (მაგალითად არ არის საკონტროლო ჯგუფი, არ არის რანდომიზაცია, შეუძლებელია კვლევის განმეორება და ასე შემდეგ) (Burns-Nader & Hernandez-Reif,  2014). შესაბამისად მეტი კვლევაა საჭირო სამედიცინო გარემოში გამოყენებული თამაშით ინტერვენციის შესახებ, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები და ბავშვის მშობლები/ოჯახის წევრები.

    რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, 1996 წელს დაარსდა ჯო ენის სამედიცინო ცენტრი და მისი დაარსებისთანავე შეიქმნა პირველი ფსიქოსოციალური პროგრამა, რომლის მიზანი იყო კლინიკაში მოსული ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნა, თამაშის, კომუნიკაციის, ემოციური მხარდაჭერის, სტრესის დაძლევის მეთოდების სწავლების გზით. შემდგომში კი სხვა კლინიკებშიც შეიქმნა აღნიშნული ფსიქოსოციალური პროგრამები (Child Life Council, 2006). მიუხედავად ამგვარი აქტუალობისა, ამ დროისთვის, საქართველოში, ძალიან მცირეა სამეცნიერო კვლევები ამ მიმართულებით. აღსანიშნავია ფსიქო-სოციალური პროგრამის დამფუძვნებლის ხათუნა დოლიძის სადოქტორო ნაშრომი, რომლის მიზანიც იყო ჰოსპიტალიზებული ბავშვების საჭიროებებისა და ფსიქო-სოციალური, ჩაილდ ლაიფ ინტერვენციის კვლევა ნახატებისა და სერიუნი ანალიზის გზით (დოლიძე, 2014).

      შესაბამისად, წინამდებარე კვლევის მიზანია მშობლის პერსპექტივიდან სხვადასხვა კლინიკაში მყოფი (როგორ ისეთ კლინიკებში, სადაც ფსიქოსოციალური მომსახურება არსებობს, ისე ისეთ კლინიკებში, სადაც ჯერ კიდევ არ აქვთ მსგავსი სერვისი) ბავშვების გამოცდილების შესწავლა და ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ განხორციელებული თამაშით ინტერვენციისა და მშობლის ჩართულობის როლის კვლევა ბავშვის ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაზე.

ჰოსპიტალიზებული ბავშვის გამოცდილება

    ჰოსპიტალიზაციის გამოცდილება შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე სტრესული და მატრავმირებელი გამოცდილება ბავშვის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქრონიკული დაავადებების მკურნალობას და შესაბამისად ხანგრძლივ ჰოსპიტალიზებას, თუმცა ბავშვებისთვის არანაკლებ სტრესულია ერთჯერადი ვიზიტები და შედარებით მოკლევადიანი ჰოსპიტალიზების გამოცდილებაც. ამის პირველი და უმთავრესი მიზეზი არის ბავშვის ყოველდღიური რუტინის უეცარი ცვლილება (Farias, et al., 2017). ჯანდაცვის დაწესებულებებში არსებული სტრესორები სხვადასხვა სახის არის – ოჯახის წევრებთან და სახლის გარემოსთან განშორება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ბავშვი ემოციურად და ფიზიკურად მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება, ამას ერთვის უცხოს მიმართ შფოთვა, კოგნიტული მოუმწიფებლობა – სამედიცინო აღჭურვილობის დანიშნულებისა თუ ტერმინოლოგიის არ ცოდნა, მოჭარბებული ფანტაზიები, არასწორი წარმოდგენები და მოლოდინები, სხეულის დაშავების, ტკივილის, სიკვდილის შიში, ფიზიკური და ემოციური კონტროლის დაკარგვა. ხშირად ბავშვები ჰოსპიტალიზებას და სხვადასხვა პროცედურებს სასჯელად აღიქვამენ, უდაბლდებათ თვითშეფასება, ასევე მათზე გავლენას ახდენს მშობლის დამოკიდებულება ბავშვის მდგომარეობის მიმართ და მათი შფოთვა, რომელიც ბავშვზეც გადადის (ჯანდაცვის დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური პროგრამის – ჩაილდ ლაიფის – განვითარების გაიდლაინი, 2014).

ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების როლი

    ჯანდაცვის დაწესებულებებში სულ უფრო ხშირად ასაქმებენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებს, რომელთა მიზანიც არის დაეხმარონ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეფექტურად გაუმკლავდნენ სამედიცინო ვიზიტებსა და მოსალოდნელ პროცედურებს. ხელს უწყობენ ბავშვის ტიპურ განვითარებას ჰოსპიტალის გარემოში და ამცირებენ ბავშვებისთვის სამედიცინო გამოცდილებისგან გამოწვეულ სტრესს და შფოთვას ფსიქო-სოციალური ინტერვენციის გამოყენებით. სამედიცინო გარემოში ბავშვის საჭიროებების დასადგენად, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები ატარებენ ფსიქიკურ შეფასებას, რომლის მიხედვითაც განისაზრღვრება ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისი ინტერვენციები (Burns-Nader & Hernandez-Reif,  2014). გარდა ამისა, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები ბავშვების მშობლებს აწვდიან ინფორმაციას მათი ბავშვის მდგომარეობის შესახებ, თუ როგორ უნდა იზრუნონ ჰოსპიტალიზებულ შვილზე და ასწავლიან დაძლევის სტრატეგიებს, რომლებიც დაეხმარებათ შფოთვასა და დისტრესთან გამკლავებაში, როგორც თავად მშობლებს, ისე ბავშვებს (ჯანდაცვის დაწესებულებებში ფსიქოსოციალური პროგრამის – ჩაილდ ლაიფის – განვითარების გაიდლაინი, 2014).

     ჩაილდ ლაიფ სპეციალისტის მიერ განხორციელებული ინტერვენცია შფოთვისა და დისტრესის შესამცირებლად, სხვა მრავალთან ერთად, მოიცავს პროცედურის ან დიაგნოზის აღწერას (ინფორმაციის მიწოდებას), სამედიცინო ჯგუფის წევრების გაცნობას, საპროცედურო ოთახის ჩვენებას და სამედიცინო აღჭურვილობის ნორმალიზებას თამაშის გზით. ასევე ინფორმაციის მისაწოდებლად იყენებენ სურათებს, წიგნებს, კომპიუტერულ თამაშებს, თოჯინებს და სამედიცინო ხელსაწყოებს. ასეთი მომზადება ბავშვს ინფორმირებულს ხდის და ზრდის ცოდნას მომავალი პროცედურის შესახებ, ამცირებს შიშს და შფოთვას, რაც ასევე დადებითად ისახება მშობლის რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა (შფოთვა და დისტრესი) და კმაყოფილების განცდაზე (Hatava, et al., 2000). გარდა ამისა, ამგვარი წინასწარი მზაობა და ინფორმირებულობა ამცირებს სტრესს, უზრუნველყოფს კომფორტს და ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრების დაძლევის უნარების გაუმჯობესებას (Kain, et al., 1998, ციტირებულია წყაროში Burns-Nader & Hernandez-Reif,  2014). ასევე კვლევებით დადასტურებულია, რომ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ გამოყენებული ყურადღების გადატანის ტექნიკები ამცირებს ბავშვების ტკივილს, შიშს და შფოთვას (Burns-Nader & Hernandez-Reif,  2014).

       არა ერთი კვლევით არის დადასტურებული ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მნიშნელოვანი როლი სამედიცინო გარემოში. აღნიშნულ სივრცეში მათი არსებობა და თამაშში მონაწილეობა ზრდის ბავშვის ჩართულობის დონეს თამაშის პროცესში, ასევე აუმჯობესებს მშობლისა და ბავშვის ურთიერთქმედებას და ამცირებს ნეგატიურ ქცევებს, როგორიცა არის მაგალითად ყვირილი და წინააღმდეგობის გაწევა პროცედურების ჩატარების დროს (Alcock, et al., 1985). კიდევ ერთ კვლევაში დადასტურდა, რომ როდესაც ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები იმყოფებოდნენ პალატაში, ბავშვები თამაშობდნენ, ურთიერთობდნენ გარემოსთან, ხატავდნენ და კითხულობდნენ მნიშვნელოვნად უფრო დიდი ხნის განმავლობაში, უფრო მეტად იყვნენ ჩართული პროცესში და იღებდნენ სიამოვნებას, ვიდრე მაშინ, როდესაც ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები არ იყვნენ ბავშვთან ერთად (Alcock, et al., 1985). ასევე აღმოჩნდა, რომ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ყოფნა ნორმატიული თამაშის დროს ამცირებს შფოთვას და ზრდის პროცედურების დროს შესაბამის ქცევებს (Ispa, et al., 1988).

თამაშის მნიშვნელობა ბავშვობაში

თამაში განისაზღვრა, როგორც ნებისმიერი სახის სპონტანური აქტივობა, რომელშიც ბავშვი აქტიურად არის ჩართული და პროცესი მისთვის სიამოვნების მომგვრელია (Axline, 1947, ციტირებულია წყაროში Burns-Nader & Hernandez-Reif,  2014). თამაში ხელს უწყობს ბავშვის განვითარების სხვადასხვა ასპექტს და აძლევს მშობლებსა და სხვა უფროსებს ბავშვებთან ურთიერთობის შესაძლებლობას თამაშში ჩართვის გზით (Ginsburg, 2006). თამაშის დროს ბავშვები შეიმეცნებენ სამყაროს, იღებენ ცოდნასა და გამოცდილებას საგნებთან თუ ცნებებთან მიმართებაში, თავად ირგებენ როლებს და ახერხებენ საკუთარი აზრების, იდეებისა და გრძნობების გამოხატვას (Ginsburg, 2006). თამაშის საშუალებით ბავშვები სწავლობენ თუ როგორ იურთიერთონ გარემოსთან და მოირგონ სხვადასხვანაირი სოციალური როლები, რაც მათი განვითარების საწინდარია (Koller, 2008).

     არა ერთი კვლევა არსებობს იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მნიშნელოვანია თამაში ბავშვის  ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური თუ ფიზიკური განვითარებისთვის. თამაშით ბავშვი იზრდება, ვითარდება, გამოხატავს ემოციებს და ერგება გარემოს (Trawick-Smith, 2020). ბავშვებს, რომლებსაც ზრდასრულთა ინტერვენცია უმდიდრებს თამაშს, აქვთ უკეთესი უნარი იფიქრონ პრობლემის ერთზე მეტ ასპექტზე (Casby, 2003), ასევე ზრდასრულთა დახმარებით წარმართული თამაში ავითარებს ბავშვის კოგნიტურ უნარებს (Smith, 2017), ხელს უწყობს ბავშვის ემოციების გამოხატვას, პოზიტიურ ემოციურ განვითარებას (Broekhuizen, et al., 2017) თუ სხვა. თამაში განსაკუთრებით მნიშნელოვანია ჰოსპიტალიზებული ბავშვებისთვის, რადგან ის ამცირებს სტრესს, მარტოობის, დაძაბულობის და შიშის განცდას, უზრუნველყოფს დროის სასიამოვნოდ გატარებას, აქვს თერაპიული ეფექტი და ახდენს გარემოს ნორმალიზებას (Farias, et al., 2017). ასევე ხელს უწყობს შფოთვის შემცირებას და ბავშვს სამედიცინო ვიზიტების მარტივად გამკლავებაში ეხმარება (Brown, 2012).  ჰოსპიტალიზებულ ბავშვებთან თამაშით ინტერვენციას იყენებენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები.

       მაშინ, როდესაც ყველაფერი უცხო და საშიშია, თამაში არის ერთადერთი ნაცნობი და საყვარელი რამ ბავშვებისთვის. ბავშვებსა და მათ ოჯახებს შვებას გვრით ის ფაქტი, რომ მსგავს უცხო და საფრთხის შემცველ გარემოში შეუძლიათ ითამაშონ (ჯანდაცვის დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური პროგრამის – ჩაილდ ლაიფის – განვითარების გაიდლაინი, 2014). ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ჰოსპიტალიზებულ ბავშვებში თამაში სტრესის დაძლევის უფრო ხშირად დასახელებული მეთოდი იყო, ვიდრე არაჰოსპიტალიზებული ბავშვებისთვის (Salmela, et al., 2010). ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ სამედიცინო გარემოში გამოყენებული ძირითადი თამაშის ტიპებია – ნორმატიული თამაში, სამედიცინო თამაში და თერაპიული თამაში (Brown, 2012).

ნორმატიული თამაში

      ნორმატიული თამაში გულისხმობს იმ აქტივობებს, რომლებსაც ბავშვები ჩვეულებრივ თამაშობენ თავიანთ ჩვეულ გარემოში ყოფნის დროს. მოიცავს სამაგიდო თამაშებს, ვიდეო თამაშებს, თავსატეხებს, როლურ თამაშებს და შემოქმედებით საქმიანობას, ასეთ თამაშებს ბავშვები თამაშობენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებთან ერთად სპეციალურად მოწყობილ სათამაშო ოთახში, ბავშვის პალატაში, საწოლთან ან თუნდაც მოსაცდელ ოთახებში. მნიშნელოვანია, რომ სამედიცინო გარემოში მყოფ ბავშვებს ჰქონდეთ წვდომა ნორმატიულ თამაშებზე მთელი მათი სამედიცინო გამოცდილების განმავლობაში და ამ თამაშში ჩართული იყვნენ არა მარტო ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები, არამედ ბავშვის ოჯახის წევრებიც (Burns-Nader & Hernandez-Reif,  2014). რამდენიმე მიზეზი არსებობს, რომლითაც იხსნება ნორმატიული თამაშის მნიშვნელობა სამედიცინო გარემოში, პირველი, ნორმატიული თამაში ხელს უწყობს ტიპიურ განვითარებას სამედიცინო გარემოში. მეორე, ნორმატიული თამაში ბავშვებს სამედიცინო გარემოში აწვდის რაღაც მისთვის ნაცნობს. თამაში არის ის, რაც ბავშვებისთვის ნაცნობია და მისი საავადმყოფოში მიწოდებით საავადმყოფო ცოტათი უფრო ნორმალური ხდება. მესამე, ნორმატიული თამაში ეხმარება ჩაილდ ლაიფ სპეციალისტისა და ბავშვის ურთიერთობის წამოწყებას ან მის გაღრმავებას. ბოლოს კი, ნორმატიული თამაშის დროს ბავშვებისთვის დრო მალე მიდის და მათ აღარ უწევთ მტანჯველი ლოდინი (Haiait, Bar-Mor, & Schobat, 2003).

     ერთ-ერთ კვლევაში დადგინდა, რომ ლეიკემიით დაავადებული ბავშვები კვირების განმავლობაში ჩართული იყვნენ ერთსა და იმავე თამაშში, იმის მიუხედავად, რომ მათთვის სხვა სათამაშოებიც ხელმისაწვდომი იყო, შედეგების თანამხად, განმეორებითი თამაშის საშუალებით მათ რაღაც ნაცნობი აღმოაჩინეს, რაც მათ ეხმარებოდათ სტრესთან გამკლავებაში (Gariepy & Howe, 2003, ციტირებულია წყაროში Burns-Nader & Hernandez-Reif,  2014).

სამედიცინო თამაში

    რაც შეეხება სამედიცინო თამაშს, ამ შემთხვევაში ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა შეიმეცნონ, გამოიკვლიან და ითამაშონ სამედიცინო აღჭურვილობებით, როგორიც არის თერმომეტრი, სტეტოსკოპი, ინჰალატორი თუ სხვა. ეს მეთოდი გამოიყენება იმისთვის, რომ მათი წინასწარი გაცნობით ბავშვები ნაკლებად შეშფოთდნენ, როდესაც მათ გასასინჯად ან სამკურნალოდ აღნიშნულ მოწყობილობებს გამოიყენებენ. სამედიცინო თამაშს აქვს ოთხი კომპონენტი, პირველ რიგში, ყოველთვის გამოიყენება სამედიცინო თემატიკა ან სამედიცინო აღჭურვილობა. მეორე, სამედიცინო თამაშს იწყებს ზრდასრული (ჩაილდ ლაიფ სპეციალისტი), მაგრამ უშუალოდ თამაშის პროცესს წარმართავს ბავშვი. მესამე, ის წარმოდგენილია როგორც სახალისო აქტივობა. ბოლოს კი, სამედიცინო თამაში ცდილობს დაეხმაროს ბავშვებს კონტროლის მოპოვებაში, ემოციების გამოხატვაში, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებს კი ეხმარება სამედიცინო მოწყობილობებისა და აღჭურვილობის მიმართ მათი შიშის შესწავლაში, შემდგომში კი შესაბამისი ინტერვენციის დაგეგმვაში (Burns-Nader & Hernandez-Reif,  2014). სამედიცინო თამაშის სარგებელი არის მცდარი წარმოდგენების განხილვა, რეალობისა და ფანტაზიების განსხვავება, შიშებისა და შფოთვის გამოხატვა, ინფორმირებულობის გაზრდა (Brown, 2012).

      ერთმა კვლევამ შეისწავლა სამედიცინო თამაშის გავლენა ბავშვების სტრესზე, რომლებსაც პატარა ოპერაცია უნდა ჩატარებოდათ. შედეგების თანახმად, ბავშვები, რომლებიც თამაშობდნენ სამედიცინო თემატიკის სათამაშოებით ოპერაციამდე, ნაკლებად განიცდიდნენ სტრესს ოპერაციის შემდგომ, ვიდრე ბავშვები, რომლებიც თავს არიდებდნენ სამედიცინო თემატიკის თამაშს (Burstein & Meichenbaum, 1979).

       კიდევ ერთ კვლევაში გამოიყენეს როლური რეპეტიციის ტექნიკა, „ტედი დათვი საავადმყოფოში“, სადაც სათამაშო დათვი გადიოდა ყველა იმ პროცედურას, რომელიც შემდგომში ბავშვს უნდა გაევლო საავადმყოფოში ვიზიტისას, შედეგების მიხედვით, ექსპერიმენტულ ჯგუფში მყოფმა ბავშვებმა აღნიშნეს ნაკლები შფოთვა ჰოსპიტალიზაციისას, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ბავშვებმა, რომელთაც არ უტარდებოდათ ინტერვენცია (Bloch & Toker, 2008).

თერაპიული თამაში

     თამაშის მესამე ტიპი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ ჰოსპიტალიზებულ ბავშვებში შფოთვის შესამცირებლად, არის თერაპიული თამაში. თერაპიული თამაში არის სტრუქტურირებული თამაშის ტიპი, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ემოციების გამოხატვას, ნორმალურ განვითარებას, ფსიქო-სოციალურ კეთილდღეობასა და დაძლევის უნარების გაუმჯობესებას. მაგალითად, თერაპიულ თამაშს იყენებენ მაშინ, როდესაც ბავშვები გამოხატავენ თავიანთ ემოციებს, ბრაზს, ფრუსტრაციას შეუსაბამო გზით. ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები ასევე იყენებენ თერაპიულ სათამაშო აქტივობებს, რათა დაეხმარონ ბავშვებს თავიანთი ამბის გადმოცემაში. თერაპიული თამაში შეიძლება მოიცავდეს ექსპრესიულ ხელოვნებას, ხატვას, ძერწვას, სხვადასხვა მასალების საშუალებით სენსორულ სტიმულირებას და ასე შემდეგ (Burns-Nader & Hernandez-

Reif, 2015).

     კვლევაში, რომელშიც ბავშვებს ჰქონდათ შესაძლებლობა თერაპიული თამაშების გზით გამოეხატათ თავიანთი აზრები და ემოციები, ოპერაციის შემდგომ აღენიშნებოდათ უფრო დაბალი შფოთვის ქულები, ნაკლები უარყოფითი ემოციები და დისტრესის დაბალი ფიზიოლოგიური ნიშნები (დაბალი გულისცემა და არტერიული წნევა) მათთან შედარებით, ვისაც არ ჰქონდა მსგავსი შესაძლებლობები (Li, 2007).

მშობლის ჩართულობის მნიშვნელობა ბავშვის ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაზე

       გარდა იმისა, რომ ჰოსპიტალიზებული ბავშვების შფოთვისა და სტრესის შესამცირებლად მნიშნელოვანია ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ჩართულობა და სხვადასხვა ტიპის თამაშით ინტერვენციების გამოყენება, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ჩართული იყვნენ ბავშვის მშობლები და მისი ოჯახის წევრები (BurnsNader & Hernandez-Reif, 2015). ვინაიდან, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში გავრცელებული შიშებიდან, რომლებიც ჰოსპიტალიზებას უკავშირდება, ერთ-ერთია მშობლებისგან განშორების შიში (Gaynard, et. al., 1998, ციტირებულია წყაროში Burns-Nader & Hernandez-Reif, 2015). ბავშვისთვის მშობლები წარმოადგენენ უსაფრთხოების გარანტიას (Farias, et al., 2017), მათ მშობლებისგან, და-ძმებისგან თუ ოჯახის სხვა წევრებისგან აქვთ იმის მოლოდინი, რომ მხარს დაუჭერენ სირთულეების გადალახვაში. შესაბამისად, ოჯახი განიხილება, როგორც ბავშვის მხარდაჭერის ქსელი. ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ეს არის, რომ მაქსიმალურად ჩართონ მშობლები და ოჯახის წევრები ბავშვის გამოჯანმრთელების პროცესში, რადგან ჰოსპიტალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ბავშვები თავს უფრო დაცულად გრძნობენ, როდესაც მშობლები და ოჯახის სხვა მნიშვნელოვანი წევრები მათ გვერდზე იმყოფებიან (Farias, et al., 2017). ერთ-ერთმა კვლევამ გამოავლინა ბავშვების ინტერესის შემცირება თამაშებისადმი მაშინ, როდესაც მათთან სიახლოვეში არ იმყოფებოდა დედა, ამ დროს ბავშვები სევდიანდებოდნენ და თავს ანებებდნენ თამაშს, ხშირად სხვა ნათესავების იქ ყოფნაც კი არ იყოს საკმარისი ბავშვების სიმშვიდის შესანარჩუნებლად (Gabatz & Ritter, 2006).

შესაბამისად კვლევები ადასტურებს თამაშისა და მშობლის ჩართულობის მნიშვნელობას ჰოსპიტალიზებული ბავშვის გამოცდილებაში, რადგან სწორედ ამ ფაქტორების დახმარებით ხდება კლინიკაში არსებული შიშების, შფოთვების, სტრესისა თუ უარყოფით გამოცდილებასთან გამკლავება. ამ პროცესში კი განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ჩართულობას, რადგან სწორედ ისინი ახორციელებენ თამაშით ინტერვენციას კლინიკის გარემოში და უზრუნველყოფენ მშობლების მაქსიმალურ ჩართულობის აღნიშნულ პროცესში.

წინამდებარე კვლევის მიზანია მშობლის პერსპექტივიდან ჰოსპიტალიზებული ბავშვების გამოცდილების შესწავლა, როგორც ისეთ კლინიკაში, სადაც არსებობს ფსიქო-სოციალური მომსახურება, ისე ისეთ კლინიკებში, სადაც არ აქვთ მსგავსი სერვისი, ასევე კვლევის ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ განხორციელებული თამაშით ინტერვენციისა და მშობლის ჩართულობის როლის კვლევა ბავშვის ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაზე.

აღნიშნული კვლევის საკვლევი კითხვებია:

  • როგორია ჰოსპიტალიზებული ბავშვების გამოცდილება?
  • რა როლს თამაშობენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები ბავშვის ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაში?
  • როგორ ხდება შფოთვისა და დისტრესის დაძლევა (ჰოსპიტალიზებასთან გამკლავება) თამაშით ინტერვენციის დახმარებით?
  • რა როლს თამაშობს მშობლის ჩართულობა ბავშვების ჰოსპიტალიზებასა და მასთან დაკავშირებულ შფოთვასთან/დისტრესთან გამკლავებაში?

 

მეთოდი

კვლევა განხორციელდა თვისებრივი კვლევის მეთოდის საშუალებით, კერძოდ, გამოყენებული იყო ნახევრად-სტრუქტურირებული ინტერვიუ.

მონაწილეები

       კვლევაში მონაწილეობა მიიღო 16-მა მშობელმა, რომელთა შვილებსაც ჰქონდათ კლინიკაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰოსპიტალიზების გამოცდილება, აქედან 3 მშობელს ჰყავდა ერთზე მეტი შვილი ჰოსპიტალიზების გამოცდილებით, შესაბამისად კვლევაში წარმოდგენილია 19 ბავშვის ჰოსპიტალიზების გამოცდილება. კვლევის მონაწილეთა ნაწილი, 8 მშობელი, რომელთა შვილებიც იმყოფებოდნენ კლინიკაში, სადაც ექიმებთან ერთად მუშაობდნენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები, შეირჩა მიზნობრივი შერჩევის გზით, ვინაიდან გამოსაკითხი ერთობლიობის წევრები ადამიანთა სპეციალურ და რთულად ხელმისაწვდომ კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ. ხოლო მეორე ნაწილი, 8 მშობელი, რომელთა შვილებსაც სხვადასხვა კლინიკაში ყოფნის გამოცდილება ჰქონდათ, სადაც არ იყვნენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები, შეირჩა ხელმისაწვდომი შერჩევის გზით. კვლევის მონაწილეების პირველი ჯგუფი შეირჩა ქალაქ თბილისში არსებული ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან, სადაც ბავშვებთან და მათ მშობლებთან ინტენსიურად მუშაობენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები. რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმს, კვლევის მონაწილეთა შვილებს ჰქონდათ ჰოსპიტალიზების გამოცდილება (არა ერთჯერადი) ქრონიკული დაავადების, გულის მანკისა და ასევე გლანდების ოპერაციის მიზეზით, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები კი თამაშით ინტერვენციის საშუალებით ეხმარებოდნენ ბავშვებსა და მათ მშობლებს ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაში. კვლევის მონაწილეთა მეორე ჯგუფის მშობლების შვილებს ჰქონდათ ჰოსპიტალიზების გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში, ისეთი მიზეზებით, როგორებიც არის ქრონიკული დააავადება – გულის მანკი, გლანდების ოპერაცია, ბრმანაწლავის ოპერაცია თუ სხვა ქირურგიული ჩარევები, ასევე ორი ბავშვი კოვიდ 19-ის მიზეზით იწვა საავადმყოფოში. მეორე ჯგუფის ბავშვების უმრავლესობას არ ჰქონდა ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებთან არანაირი სახის შეხება, მათგან მხოლოდ ერთ ბავშვს ჰქონდა მოკლევადიანი შეხება ჩვილობის ასაკში. შესაბამისად კვლევის მონაწილეთა შვილებიდან თითოეულ მათგანს ჰქონდა ჰოსპიტალიზების გამოცდილება გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ჩაუტარდათ სხვადასხვა სახის ოპერაციები, პერიოდულად დადიოდნენ ექიმებთან კონსულტაციაზე, იტარებდნენ ანალიზებსა თუ სხვადასხვა სახის სამეციდინო პროცედურებს. ორივე ჯგუფის ბავშვების ასაკი კი იყო არაუმეტეს 10 წლისა (იხ. ცხრილი #1).

 

ცხრილი #1: კვლევის მონაწილე ბავშვების დემოგრაფიული მახასიათებლები.

ბავშვების რაოდენობა ბავშვების ასაკი

 

ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა
Min – Max Min – Max
ჰოსპიტალიზაცია ჩაილდ             ლაიფ

სპეციალისტების თანხლებით

 

 

9

 

 

2-9 წლის

 

2 კვირა – 8 თვე (პერიოდულად განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია)

ჰოსპიტალიზაცია ჩაილდ             ლაიფ

სპეციალისტების თანხლების გარეშე

 

 

10

 

 

1-10

წლის

 

1 დღე – 1 თვე

(პერიოდულად განმეორებითი ჰოსპიტალიზაცია)

 

პროცედურა

     კვლევის მონაწილეების ნაწილთან ინტერვიუს ჩაწერა მოხდა პირისპირ, ნაწილთან კი ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით. განხორციელდა ინტერვიუს აუდიო ჩანაწერის გაკეთება, რათა მომზადებულიყო ინტერვიუს ტრანსკრიპტები და შემდგომში საკვლევი კითხვების მიხედვით გაანალიზებულიყო მიღებული მონაცემები.  ინტერვიუები განხორციელდა ნებაყოფლობით, კვლევის მონაწილეებთან ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე. მათ წინასწარ მიეწოდათ ინფორმაცია კვლევის მიზნის, მნიშვნელობის, კვლევაში მონაწილეობის რისკების, კონფიდენციალობის, ჩამწერი აპარატურის დანიშნულებისა და ინტერვიუს საშუალო ხანგრძლივობის შესახებ. ამასთან, კვლევის მონაწილეებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ უარი განეცხადებინათ კვლევაში მონაწილეობის გაგრძელებაზე, თუკი თავად ამას საჭიროდ ჩათვლიდნენ. მიეწოდათ ინფორმაცია, რომ სურვილის შემთხვევაში, ექნებოდათ წვდომა დასრულებულ ნაშრომთან.

კვლევის ინსტრუმენტები

     კვლევაში გამოყენებულია კონკრეტულად აღნიშნული კვლევისთვის შექმნილი ორი კითხვარი, რომელთაგან ერთი მათგანი (იხ. დანართი #1) მორგებულია ისეთ მშობლებზე, რომელთა შვილებსაც ჰქონდათ ჯო ენის კლინიკაში ჰოსპიტალიზებისა და შესაბამისად ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებთან ურთიერთობის გამოცდილება. ხოლო მეორე კითხვარი (იხ. დანართი #2) მორგებულია ისეთ მშობლებზე, რომელთა შვილებსაც ისეთ კლინიკაში ჰოსპიტალიზების გამოცდილება ჰქონდათ, სადაც არ იყვნენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები. ინტერვიუს პროცესში, საჭიროებიდან, კვლევის მონაწილეების პასუხებიდან და მოყოლილი ამბიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში შეიცვალა კითხვების თანმიმდევრობა, დაემატება და ამოაკლდა გარკვეული კითხვები.

მონაცემების დამუშავება

    ინტერვიუს ჩატარების შემდგომ, აუდიო ჩანაწერების დახმარებით მომზადდა ინტერვიუების დეტალური ტრანსკრიპტები (იხ. დანართი #3 და დანართი #4), ინფორმაცია კი დამუშავდა რეფლექსური თემატური ანალიზის (Braun & Clarke, 2006) საშუალებით. მიღებულ მასალაში მნიშნელოვან, საკვლევ მიზნებთან და საკვლევ კითხვებთან შესაბამის ციტატებს მიენიჭათ კოდები, აღნიშნული კოდები კი გაერთიანდა თემებად, რომელთა საშუალებითაც პასუხი გაეცა საკვლევ კითხვებს.

 

შედეგები

   გამოცდილების განსხვავებულობიდან გამომდინარე ცალ-ცალკეა წარმოდგენილი სხვადასხვა კლინიკებში ბავშვებისა და მშობლების ვიზიტების გამოცდილება და ჯო ენის კლინიკაში მიღებული გამოცდილება. მთლიანი მასალის თემატური ანალიზის შედეგად გამოიყო  შემდეგი სახის თემები:

საქართველოს სხვადასხვა კლინიკებისა და ჯო ენის პაციენტების სხვა კლინიკებში ვიზიტის გამოცდილება (გაერთიანებული):

თემა – ბავშვების ემოციური მდგომარეობა კლინიკაში ყოფნის განმავლობაში,

   რომელშიც გაერთიანებულია შემდეგი ქვე-თემები – სამედიცინო პერსონალის შიში, სიკვდილის შიში, მარტო დარჩენისა და დაზიანების შიში, მშფოთვარე ძილი, შფოთვა სახლიდან გასვლამდე, დამოკიდებულება უცხო გარემოს მიმართ, ცვლილებების მიუღებლობა.

 

საქართველოს სხვადასხვა კლინიკების პაციენტების გამოცდილება:

კლინიკების         სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება ბავშვების (პაციენტების) და მათი მშობლების მიმართ. მასში გაერთიანებული ქვე-თემები –  წინასწარი მომზადების გარეშე ჩატარებული პროცედურები,  ბავშვისა და მშობლის განშორება, ძალადობრივი პროცედურები, ექიმების ორიენტირება მხოლოდ პროცედურის    ჩატარებაზე, არაკორექტული             დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან, გამონაკლისი შემთხვევები.

თემა – კლინიკის გარემოში დაშვებული შეცდომები. მასში გაერთიანებული ქვეთემები – ინფორმაციის ნაკლებობა და ტყუილი, ტელეფონზე დამოკიდებულება,  მშობლის ორიენტირება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

თემა – კლინიკის გარემო. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – საბავშვო სივრცის არარსებობა, რეანიმაციის გარემო.

თემა – ბავშვის მდგომარეობა სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების დროს. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – პროცედურების დროს გამოხატული აგრესია, რეაქცია მოულოდნელობააზე, წინასწარი შემზადების მნიშნელობა, ხმაურის/ტირილის უარყოფითი გავლენა, სხვა ბავშვების გამოცდილების უარყოფითი გავლენა, თავის არიდება სამედიცინო თამაშებზე.

თემა – კლინიკის შემდგომი ტრავმები. მასში გამოყოფილი ქვე-თემები – დაწოლის შიში, მშფოთვარე ძილი, რუმინაცია, დაცულობის გამძაფრებული მოთხოვნილება.

თემა – მშობლის მხარდაჭერის მნიშვნელობა. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – დაცულობის შეგრძნება, გამბედაობა და მოტივაცია,  მშობელი, როგორც ინფორმატორი,  ორივე მშობლის მაგივრობის გაწევა.

თემა – კლინიკის ნაკლოვანებების კომპენსირება მშობლის მიერ. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – გარემოს ნორმალიზება და გართობაზე ზრუნვა,  რეანიმაციის გარემოს გაუმჯობესება.

თემა – მშობლის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – ემოციები და მისი კონტროლი, პირადი საჭიროებების უგულებელყოფა, კომპეტენტური პირის ჩართულობის მნიშნელობა. სხვადასხვა           კლინიკების პაციენტების მშობლების რეკომენდაციები

კლინიკის გარემოსთან დაკავშირებით.

ჯო ენის პაციენტების გამოცდილება სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების დროს:

თემა – სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტის დროს ექიმებისა და ექთნების მიერ გამოყენებული შეუსაბამო მიდგომები. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – ძალადობრივი პროცედურები,  წინასწარი შემზადების გარეშე ჩატარებული სამედიცინო პროცედურები,  არაკორექტული დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

თემა – ოჯახის წევრებისა და მშობლების მიერ გამოყენებული შეუსაბამო მიდგომები. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – წინასწარი მზაობისა და ინფორმაციის ნაკლებობა, კლინიკის გამოცდილების გამოყენება ბავშვის შესაშინებლად, ტელეფონზე დამოკიდებულება, მშობლის სირცხვილის განცდა, სინანულის განცდა.

თემა – სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების დროს მიღებული უარყოფითი გამოცდილებები. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – გულგრილი დამოკიდებულება და დაუდევრობა,  უყურადღებობდა და გადაჭარბებული აქცენტირება, პირადი სივრცის დარღვევა, კონფლიქტური სიტუაცია, არაორგანიზებული გარემო, მშობლის დამატებითი საზრუნავები.

ჯო ენის პაციენტების გამოცდილება:

თემა – ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ პროცედურებამდე/ოპერაციამდე ბავშვის მომზადების პროცესი. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – წინასწარი შემზადება, რეაქცია მოულოდნელობაზე, ტყუილის მიუღებლობა, უნდობლობა მშობლის მიმართ.

ტექნიკები        და მიდგომები, რომლებსაც დადებითი            ეფექტი აქვს

პროცედურების ჩატარების დროს. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – კეთილგანწყობის მოპოვება, ბავშვის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვის დაინტერესება, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება, მოდელირებით დასწავლა,  სხვისი გამოცდილების პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა, ყურადღების გადატანის ტექნიკა, პოზიტიურზე კონცენტრირება, ემოციების გამოხატვის საშუალება, გარემოს ნორმალიზება, ბავშვის მდგომარეობისა და დიაგნოზის ნორმალიზება.

თემა – თამაშით ინტერვენცია, როგორც ჰოსპიტალიზებასთან გამკლავების გზა. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – სამედიცინო თამაში, თერაპიული თამაში, ნორმატიული თამაში.

თემა – ბავშვების დამოკიდებულება სათამაშო ოთახის მიმართ. მასში გაერთიანებული ქვე-თემები –  სიმშვიდის განცდა,  სოციალიზაციის საშუალება. თემა – ბავშვის მიერ კლინიკის გარემოს აღქმა.  თემა – მულტიდისციპლინური გუნდი.

თემა – დედა, როგორც კლინიკის გარემოს მუდმივი თანამგზავრი. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – გარემოში მიმდინარე მოვლენების განმსაზღვრელი, ავტორიტეტი. თემა – მამის როლი.

თემა – მშობლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა. მასში გაერთიანებული ქვეთემები – მშობლის სტრესი,  სხვისი გამოცდილების უარყოფითი გავლენა, ემოციური მდგომარეობა და მისი კონტროლი, მშობლის მზაობა,

თემა – ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებისა და მშობლების ურთიერთდამოკიდებულება. მასში გაერთიანებული ქვე-თემები – მშობლის თავდაპირველი უნდობლობა, სწორი მიდგომების სწავლება, კომპეტენტური პირისგან მიღებული რჩევები, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მხარდაჭერა მშობლების მიმართ.

– ჯო ენის სამედიცინო გუნდის დამოკიდებულება პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ბავშვების ემოციური მდგომარეობა კლინიკაში ყოფნის განმავლობაში

სამედიცინო პერსონალის შიში: ერთ-ერთი უმთავრესი თემა, რომელიც კვლევის პროცესში გამოიკვეთა, არის ბავშვების რთული ფსიქოლოგიური, ემოციური მდგომარეობა კლინიკაში ყოფნის განმავლობაში, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა ფორმის შიშების, შფოთვებისა და შემაწუხებელი ფიქრების სახით. მშობელთა დიდმა ნაწილმა ახსენა, რომ მათ შვილებს ჰქონდათ შიში თეთრხალათიანი ადამიანის, ექიმის, დანახვის დროს, რაც გამოიხატებოდა მათი დანახვისას აგრესიული ქცევის გამოვლენაში, პანიკურ შეტევასა და ტირილის დაწყებაში. ხშირად იყო გამოხატული ამგვარი შიშის რეაქცია პალატაში ყოფნის დროს კარის გაღებისას, ბავშვებს ჰქონდათ იმის მოლოდინი, რომ შემოვიდოდა ექიმი/ექთანი და მას არასასიამოვნო ან მტკივნეულ პროცედურას ჩაუტარებდა. ექიმის შემოსვლასა და პროცედურის ჩატარების თავიდან არიდებას კი ბავშვები ნებისმიერი შესაძლო გზით ცდილობდნენ.

,,პალატაში ყოფნის დროსაც უფრო მეტად მაშინ ნერვიულობდა, როცა ვიღაც შემოვიდოდა ხოლმე, თეთრხალათიანს, როცა დაინახავდა ხოლმე უკვე ტირილს იწყებდა’’

6 წლის თამთას დედა

,,მერე ყველაზე ჰქონდა აგრესია, რომ არ შემოვიდნენო, კართან იდგა და ადგამდა სკამებს, რისი მარტივად გადაადგილებაც შეეძლო ყველაფერს კარს ადგამდა, რომ არავინ შემოსულიყო, ბარიერს უქმნიდა ექიმებს, რომ არ შემოსულიყვნენ’’

4 წლის მარიტას დედა

სიკვდილის შიში: კლინიკაში მყოფ ბავშვებში ხშირად იყო გავრცელებული წარმოდგენები სავარაუდო სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უკავშირდებოდა ცნობას ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ისინი სხვების გარდაცვალებას თავიანთ გარდაცვალებასთან ან მათთვის ძვირფასი ადამიანების გარდაცვალებასთან აკავშირებდნენ, შემდეგ კი შფოთავდნენ იმის გამო, რომ მარტო არ დარჩენილიყვნენ და სიკვდილის გამო არ მიეტოვებინათ.

,,მესამე ოპერაციის შემდეგ სულ იძახდა ხოლმე, მაგ პერიოდში ბებია გარდაეცვალა, ამბობდა ხოლმე, რომ იცი მეც გარდავიცვლები, იმიტომ, რომ გული გამიჩერდება. რატომ ამბობდა ამას არ ვიცი, გული გამიჩერდება და მეც ბებიასთან ერთად ვიქნები ზეცაში, მერე ჩვენ ერთად იქიდან გიყურებთ და ნუ მოკლედ 3 წლის ბავშვი ისეთ რაღაცებს მეუბნებოდა გული კინაღამ გამისკდა’’.

4 წლის კირას დედა

,,ასევე მას 4 წლიდან სადღაც 6 წლამდე ჰქონდა იმის შიში, რომ შეიძლებოდა ცოცხალი აღარ ვყოფილიყავი, მეუბნებოდა ხოლმე შენ ხომ არ მოკვდები?’’

7 წლის გაბოს დედა

გარდა      თავიანთი     ან     საყვარელი     ადამიანების     სიკვდილისა,      ერთ-ერთი

რესპოდენტის შვილი დედისთვის პროცედურის ჩატარებაზეც კი შფოთავდა და მისი დაცვის სურვილი უჩნდებოდა.

,,იმდენად დასტრესილი იყო, რომ იმაზეც ძალიან განიცადა, რომ მე გამიკეთეს ეს ტესტი (კოვიდ ტესტი) და იძახდა ჩემ დედას ხელი არ დაადოთო, იმ მომენტშიც არავის უთქვამს, რომ ეს არაფერი არ იყო, იქაც მე ავუხსენი და დავამშვიდე’’

  • წლის გიოს დედა

მარტო დარჩენისა და დაზიანების შიში: ამასთანავე ახასიათებდათ მარტო დარჩენის შიში, რომლის მიზეზიც არის ბავშვის დაუცველობის განცდა, როდესაც მათ შორი-ახლოს დედა არ იმყოფებოდა. ზოგიერთ ბავშვს ჰქონდა სისხლის დანახვის შიში, ერთი წვეთი სისხლის დანახვაც კი საკმარისი იყო მათ შესაშინებლად, რაც უკავშირდება სხეულის დაზიანების ან ტკივილის შიშს.

მშფოთვარე ძილი: ასევე კლინიკაში ყოფნის გამოცდილენის მიღების შემდგომ ბავშვებს აღენიშნებოდათ მშფოთვარე ძილი.

,,თვეების იყო, რომ ღამე ტირილით იღვიძებდა ხოლმე, მერე უკვე ცოტა, რომ წამოიზარდა უკვე კიარ ტიროდა ბავშვი, კიოდა და აი ისე იღვიძებდა ხოლმე. ახლა მასე აღარ აკეთებს ხოლმე, მაგრამ ამის ნაცვლად ბოდავს ხოლმე ძილში, ამ დროს მე ვამშვიდებ ხოლმე, გვერდზე მიწევს დღემდე’’

  • წლის ანდრიას დედა

შფოთვა სახლიდან გასვლამდე: ბავშვების შფოთვები უკავშირდებოდა არა მხოლოდ უშუალოდ კლინიკის გარემოს, არამედ გამოიხატებოდა სხვა სიტუაციაშიც. ერთ-ერთი მშობლის თქმით, ბავშვი შფოთვას იწყებდა მაშინ, როდესაც სახლიდან გასასვლელად მზადებას იწყებდნენ, ბავშვი აზუსტებდა ინფორმაციას თუ სად მიდიოდნენ. ბავშვების უმეტესობას კი კლინიკის შენობასთან მიახლოებისას უკვე ტირილის რეაქცია ეწყებოდათ. კლინიკაში მისვლის შემდგომ კი უმეტეს შემთხვევაში მკვეთრად გამოხატული იყო სახლში წასვლის დაუძლეველი სურვილი.

,,მოვამზადებდი და ვეტყოდი, რომ აი ახლა სასეირნოდ უნდა წავიდეთთქო, ასე ამბობდა, დედიკო კლინიკაში არ მივდივართ ხო? ექიმთან არ მივდივართ ხო? რაღაც პერიოდი ასე იყო აზუსტებდა ხოლმე კლინიკაში ხომ არ მივდიოდით’’ 2 წლის სანის დედა

,,სხვათაშორის კლინიკასაც სადღაც 1 წლის შემდეც ცნობდა, იცოდა რა შენობა იყო და უკვე წინასწარ ემზადებოდა სატირლად’’

4 წლის სანის დედა

დამოკიდებულება უცხო გარემოს მიმართ: ბავშვებს განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ უცხო გარემოს მიმართ. მშობელთა გადმოცემით, ზოგიერთ ბავშვს უცხო გარემოსთან ადაპტაციის პრობლემა არ ჰქონია, ხოლო ზოგიერთს პირიქით განსაკუთრებული სირთულეები ჰქონდა ამ საკითხში. ერთერთი რესპოდენტის შვილს, რომელსაც კლინიკაში ძალადობრივად, მისი სურვილისგან საწინააღმდეგოდ ჩაუტარდა სამედიცინო პროცედურები გაუჩნდა შიშისა და შფოთვის განცდა უცხო გარემოში მოხვედრის დროს, დაკარგა ნდობა მშობლის მიმართ, ბავშვისთვის ძალიან დიდ სირთულესა და შიშის წყაროს წარმოადგენდა სახლის გარემოს დატოვებაც კი.

,,ის ნახევარი წელი, როდესაც ჩვენ შეშინებულები ვიყავით, ფაქტობრივად არ გამოვდიოდით სახლიდან, არ ჩერდებოდა, ძალიან დიდ პროტესტს გამოხატავდა და სულ უნდოდა სახლში დაბრუნება…დაბადების დღეზე რომ წავიყვანეთ ბავშვი მანქანიდან არ გამოდიოდა, ისე ყვიროდა ბავშვი, არ მინდაო, იძახდა მატყუებთო, ნდობის ფაქტორი არ ჰქონდა საერთოდ, ეგონა, რომ წავიყვანდით კლინიკაში.’’ 6 წლის მატეოს დედა

ცვლილებების მიუღებლობა: ასევე მშობლები ასახელებდნენ მათი შვილების ფიქრებსა და წუხილს იმის შესახებ, რომ აქვთ დიდი ზომის ჭრილობები, ხშირად რცხვენიათ ამის გამო, ცდილობენ მის დამალვას, არ მოსწონდათ, როდესაც მის შესახებ რაიმე კითხვებს უსვამდენ ან განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავდნენ. ასევე უჩნდებათ კითხვები თუ რატომ აქვთ აღნიშნული პრობლემა მაინც და მაინც მათ და არა სხვებს, რაც გაურკვევლობასა და გაუცნობიერებელ უსამართლობის განცდას უკავშირდება.

,,არავის არ ესაუბრება, ამაზე, რომ ეკითებიან ხოლმე აქ რა გაქვსო, მეუბნება მოდი დედიკო ეს დავმალოთო. მეთქი რატომ უნდა დავმალოთთქო და სხვებმა, რომ რამე არ მკითხონო.’’

7 წლის სანდროს დედა

,,მეკითება დედიკო ეს მარტო მე მაქვსოო? მეთქი არა, ვისაც სჭირდება იმათ აქვთთქო, მერე რატომ არ აქვს რუსკას, რატომ არ აქვს ანასო (საუბარია დებზე), ეს აინტერესებს ხოლმე სულ.’’

7 წლის სანდროს დედა

საქართველოს სხვადასხვა კლინიკების პაციენტების გამოცდილება

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია ის თუ როგორი დამოკიდებულება და მიდგომები აქვთ საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში მომსახურე პერსონალს – ექიმებს, ექთნებს, სანიტარს თუ სამედიცინო გუნდის ნებისმიერ წევრს და შესაბამისად როგორია ბავშვების გამოცდილება საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში ჰოსპიტალიზებისას. ასევე რა არის ის ძირითადი შეცდომები, რომლებსაც ბავშვის მკურნალობის პროცესში კლინიკის გარემოში უშვებენ, როგორც მომსახურე პერსონალი, ისე ბავშვების მშობლები.

 

კლინიკების სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულება ბავშვების (პაციენტების) და მათი მშობლების მიმართ

    წინასწარი მომზადების გარეშე ჩატარებული პროცედურები: ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მშობლებთან ინტერვიუების დროს გამოიკვეთა არის კლინიკაში ვიზიტის დროს ბავშვის და მშობლის მოუმზადებლად სამედიცინო პროცედურების ჩატარება და მომსახურე პერსონალის მხრიდან კომუნიკაციის ნაკლებობა, ხშირ შემთხვევაში არ არსებობაც კი. უფრო კონკრეტულად, როდესაც ბავშვს უნდა ჩატარებოდა სამედიცინო პროცედურები, არ ხდებოდა ბავშვის წინასწარი შემზადება ამასთან დაკავშირებით, ექიმი/ექთანი ბავშვს წინასწარ არ უხსნიდა სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებულ დეტალებს. ასევე მშობელიც არ იყვნენ წინასწარ ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით, რაც როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის ტრავმულ გამოცდილებას წარმოადგენდა.

    ბავშვისა და მშობლის განშორება: ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით ამას დაერთო ისიც, რომ ბავშვი და მშობელი ერთმანეთს დააშორეს და მშობელს არ მისცეს ბავშვის გვერდით ყოფნის საშუალება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მშობლის ემოციური მხარდაჭერა. აღნიშნულ შემთხვევაში მშობელს არა ერთი მცდელობა დასჭირდა შვილთან შესასვლელად, ბოლოს კი მხოლოდ და მხოლოდ ნაცნობების ჩარევის საშუალებით მოახერხა პროცედურაზე დასწრება.

     ,,კათეტერი, როცა უნდა ჩაედგათ გამომგლიჯეს, პირდაპირი მნიშვნელობით გამომგლიჯეს, არც მე არ მითხრეს, ანუ ხო შეიძლება, რომ ელემენტარული ზედაპირული კომუნიკაცია მაინც შედგეს, რომ ბავშვს ახლა ეს უნდა ჩაუტარდეს, ის უნდა ჩაუტარდეს, შემდეგ ეს იქნება, ანუ არაფერი საერთოდ, ასე ოფიციალურად გამომგლიჯეს და აი რაღაც არაამქვეყნიური ტირილი დაიწყო, დღემდე გული მიჩუყდება მაგაზე, რომ ვფიქრობ…’’

     ,,მაქსიმალურად ვფიქრობ ხოლმე, რომ ეგ მომენტები დავბლოკო გონებაში და არ გავიხსენო, იმიტომ, რომ მერე უცებ ბურთი მეჩხირება ხოლმე ყელში. სულ ვამბობ ხოლმე, რომ მაშინ ალბათ სიცოცხლის ძაან ბევრი წელი მომაკლდა გიოს ეგ ხმა, რომ მესმოდა’’

5 წლის გიოს დედა

    ძალადობრივი პროცედურები: ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვს პროცედურები უტარდებოდა ძალადობრივად, წინასწარი შემზადების გარეშე, ბავშვის ნების საწიმააღმდეგოდ, რაც შემდგომში ბავშვს უარყოფითად ამახსოვრდებოდა, ცუდ ასოციაციებს უჩენდა კლინიკის გარემოსა თუ ექიმების/ექთნების მიმართ, ასევე ბავშვს უჩნდებოდა შიშები და შფოთვები სამედიცინო პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებით.

,,ექიმის დანახვაზე უკვე ცუდი შეგრძნებები ჰქონდა, ძირითადად ის იყო, რომ როცა ამ ასაკში უჭირს ბავშვს ნემსის გაკეთება ხელით აკავებენ ხოლმე, რადგან რიგია და სხვებიც ელოდებიან ცდილობენ, რომ დროულად ჩატარდეს ხოლმე პროცედურები…’’

,,უხეში ექიმები შეგვხვდნენ, არ მინდა, რომ ძალა გამოვიყენო, მაგრამ ნაწილობრივ ისე მოხდა, რომ ბავშვი გააკავეს, დაუჭირეს ხელი და ეს არ მოეწონა, რომ ასე გაუკეთეს.’’

4 წლის სანის დედა

,,ძაან უხეში პერსონალი შეგვხდა, რომლისგანაც ცუდი შთაბეჭდილებებით წამოვიდა და მაგის მერე უკვე შიში აქვს ხოლმე და კათეტერის ჩადგმის მომენტშიც ეშინია ხოლმე’’

  • წლის ნიკოლოზის და 1 წლის მაშოს დედა

   ექიმების ორიენტირება მხოლოდ პროცედურის ჩატარებაზე: სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტების დროს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახსენები საკითხი იყო ექიმებისა და ექთნების ორიენტირება მხოლოდ და მხოლოდ პროცედურების ჩატარებაზე. მათთვის უფრო მეტად პრიორიტეტული იყო ბავშვისთვის ჩაეტარებინათ საჭირო სამედიცინო პროცედურა, რათა შემდგომი პაციენტი მალევე მიეღოთ და დაესრულებინათ თავიანთი საქმე, რა დროსაც ნაკლებად ზრუნავდნენ ბავშვის ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე, როგორიც არის წინასწარი მზაობა, ინფორმირება, მშობლის გვერდზე ყოფნის მნიშნელობა თუ ბავშვის სხვა ინდივიდუალური საჭიროებები. სამედიცინო პროცედურების ჩატარების დროს, ვინაიდან მათი მთავარი მიზანი იყო პროცედურის დაწყება და მისი მალევე დასრულება, როგორც უკვე აღინიშნა, ძალადობრივ გზასაც კი მიმართავდნენ. მშობლები განსაკუთრებით წუხდნენ იმაზე, რომ ხშირად უფრო მარტივად გვარდებოდა სამედიცინო პრობლემები, მაგრამ აღნიშნული პროცედურების შემდგომ მიღებული ტრავმები, შიშები, შფოთვები და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვებს უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიყვებოდათ და ეს მდგომარეობა რთული გამოსასწორებელი იყო.

,,ორიენტირებული არიან იმაზე, რომ თავისი საქმე დაასრულონ, გააკეთონ და მერე გავარდნენ სხვა საქმეზე’’

  • წლის გიოს დედა

,,ამ შემთხვევაში უბრალოდ თავისი საქმე უნდა გაეკეთებინათ ეს იყო მათი დამოკიდებულება, წეღან, რომ ვთქვი ძალა გაუწიათქო, ქირურგიც ჩვეულებრივად ძალით იჭერდა და აკავებდა ბავშვს’’

4 წლის სანის დედა

,,უნდა იყოს უფრო მეტად ბავშვზე ორიენტირებული გარემო, უნდა იფიქრონ მენტალურ ჯანმრთელობაზეც, იმიტომ, რომ ფიზიოლოგიურად შეიძლება რაღაც უფრო მარტივად მოგვარდეს, როგორც იოანესს შემთხვევაში, ანუ დასრულდა ის, ოპერაცია გაუკეთდა და ბრმანაწლავი აღარ აქვს, მაგრამ ეს გამოცდილებები მაინც ცუდად ახსოვს… იმ კლინიკაში არ იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე ფიქრობდა’’

10 წლის იოანეს დედა

არაკორექტული დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან: იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მშობლები ასახელებდნენ სამედიცინო პერსონალის მხრიდან არაკორექტულ დამოკიდებულებას ბავშვების ან თავად მშობლების მიმართ, რაც იწვევდა მშობლის შეურაცხყოფის განცდას. ასევე ხშირად იყო გაჟღერებული სტერეოტიპული, ირონიული და დამამცირებელი ფრაზები ექთნების მხრიდან, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენდა ბავშვის თვითშეფასებასა და განწყობაზე.

,,ხო შეიძლება, რომ 3 წლამდე ბავშვთან სხვა კომუნიკაცია იყოს, რომ გააფრთხილო, ეთამაშო ან რაღაც, მაგრამ მსგავსი არაფერი არ ყოფილა, აი როგორც ძაღლი მიგყავს ვეტერინართან, ძაან ცუდ შედარებას ვაკეთებ, მაგრამ მართლა მასე იყო, ძაღლიც მყავს და ვეტერინართან, რომ მიმყავს ვეტერინარი ძაღლს თავზე ხელს მაინც გადაუსვამს ხოლმე, მოეფერება და აი გიოსთან არც ერთხელ მსგავსი შემხვევა, რამდენჯერაც ვიყავით იმდენჯერ ისე ცუდად მოიქცა ექიმი და ექთანი.’’

5 წლის გიოს დედა

,,ექთნების მხრიდან იცი როგორი ტექსტები იყო გოგო ხო არ ხარ, რა განერვიულებს, ეს ბიჭები რანაირად იქცევიან, ეს მეგრელები ძაან წუწუნები ხართ და აი შოკში ვიყავი. მერე იოანე რაღაცაზე ეუბნებოდა მეტკინაო და ძაან ცუდი ფაქტი იყო, მეტკინა და ცოტა ნელა გამიკეთეო და ექთანი ეუბნება თორე რაა მამას მომიყვანო? იოანე ეუბნება, რომ მამა არ მყავსო და მერე შეცბა ის ქალიც, ცოტა ძაან დაბალი დონე იყო ექთნებში.’’

10 წლის იოანეს დედა

გამონაკლისი შემთხვევები: გარდა აღნიშნული უარყოფითი გამოცდილებებისა, სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტის დროს იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ექიმებსა თუ ექთნებს თბილი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჰქონდათ პაციენტებისა თუ მათი მშობლების მიმართ, ექიმის ოთახში ჰქონდათ რამდენიმე სათამაშო, სტიკერები და ბავშვის გასართობი საშუალებები, თუმცა ამგვარი მიდგომა და ექიმების მიერ დადებითი მოპყრობა დამოკიდებული იყო ექიმების/ექთნების პიროვნულ თვისებებზე და ეს დამოკიდებულება ან სწორი ფსიქოლოგიური მიდგომები არ ყოფილა სისტემური მიდგომის ნაწილი, რომელიც გაზიარებული იქნებოდა სამედიცინო გუნდის ყველა თანამშრომლის მიერ.

,,თვითონ ექიმებსაც გააჩნიათ ხოლმე, ზოგიერთი მხოლოდ პროცედურის ჩატარებაზე იყო ორიენტირებული და ზოგი კიდევ ყურადღების გადატანას ცდილობს ხოლმე, რომ არ დაიძაბოს ბავშვი.’’

4 წლის ნიკოლოზის და 1 წლის მაშოს დედა

,,იყო შემთხვევა, რომ ლაბორატორიაში გვყავდა მიყვანილი, იქ კარგი გარემო იყო, საბავშვო ნახატებით, სტიკერებით, მერე უკვე, რომ გაიკეთა თვითონ აარჩევინეს როგორი სტიკერი უნდოდა, თან რომ დამშვიდებულიყო და უფრო ცდილობდნენ, რომ გამოეჩინათ ყურადღება.’’

4 წლის სანის დედა

შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ როგორი იქნება სამედიცინო გუნდის დამოკიდებულება პაციენტისა და მისი ოჯახის მიმართ, ამაზე თავად მშობლებიც საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ ბავშვზე ორიენტირებული მიდგომები უფრო მეტად ამარტივებდა ბავშვის ჰოსპიტალიზების გამოცდილებას.

,,ექთნების დამოკიდებულა, რომ იყოს უფრო სხვანაირი, ცდილობდნენ, რომ იმ მომენტში მხოლოდ პროცედურაზე არ ფიქრობდნენ და მხოლოდ თავის საქმეს არ აკეთებდნენ და ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზეც ფიქრობდნენ, რომ არ ჰქონდეს ბავშვს ის სტრესი. ყოფილა შემთხვევა ანალიზზე, რომ საერთოდ  არ უტირია, იმიტომ, რომ სხვანაირად მიუდგნენ და ყურადღების გადატანაც ხდებოდა და როცა მხოლოდ იმაზე არიან, რომ ვენა იპოვონ ან რამე მსგავსი ამ მომენტშიბავშვის ისტრესება.’’

4 წლის ნიკოლოზის და 1 წლის მაშოს დედა

 

კლინიკის გარემოში დაშვებული შეცდომები

   კიდევ ერთი მნიშნელოვანი თემა, რომელიც კვლევის პროცესში გამოიკვეთა არის კლინიკაში არსებული არასწორი მიდგომების და მშობლის ინფორმაციისა და გამოცდილების ნაკლებობიდან გამომდინარე დაშვებული შეცდომები, რომლებმაც  უარყოფითი გავლენა მოახდინა ბავშვზე.

     ინფორმაციის ნაკლებობა და ტყუილი: სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტებისას, ბავშვების უმეტესობა სრულიად არ იყო ინფორმირებული თუ რა სამედიცინო პრობლემა ჰქონდა, რა მიზნით მიდიოდნენ ექიმთან, რა პროცედურა უნდა ჩატარებოდა, შემდგომში კი მოულოდნელი სამედიცინო პროცედურები უარყოფითად ისახებოდა ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. გარდა ინფორმაციის ნაკლებობისა იყო ისეთი სიტუაციებიც, როდესაც ექიმთან ვიზიტის დროს მშობელმა ბავშვს სიმართლე დაუმალა, რამაც ბავშვის მშობლის მიმართ უნდობლობა გამოიწვია.

,,იცის, რომ გმირია, იმიტომ, რომ მაგარი ოპერაცია გადაიტანა და მაგარი ბიჭია, მაგრამ ასე დაწვრილებით არაფერი არ გვითქვამს მისთვის…’’

,,რაღაც პერიოდი ჩემ მიმართაც ჰქონდა დაკარგული ნდობა, რომ ვეუბნებოდი ახლა ექიმთან შევალთ და იქ ისეთს არაფერს არ გაგიკეთებსთქო და მერე სხვანაირად ხდებოდა, უნდობლობა ეწყებოდა ჩემ მიმართ’’

6 წლის ანდრიას დედა

ტელეფონზე დამოკიდებულება: აღსანიშნავია ისიც, რომ რესპოდენტების დიდმა ნაწილმა განსაკუთრებულ პრობელმად დაასახელა ტელეფონის გამოყენება და მასზე დამოკიდებულება. გამომდინარე იქიდან, რომ კლინიკების უმეტესობაში არ იყო მოწყობილი საბავშვო სივრცე, არ იყვნენ ფსიქოლოგები და არ არსებობდა ბავშვზე მორგებული გარემო, ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ბავშვის გართობა და მისთვის რაიმე გზით ყურადღების გადატანა, ამ შემთხვევაში მშობლები საკმაოდ ხშირად იყენებდნენ ტელეფონს, რაც შემდგომში კლინიკის დატოვების შემდეგაც კი ბავშვს მასზე დამოკიდებულს ხდიდა.

,,შიშს გამოხატავდნენ, უფროსი ტიროდა კიდეც, ამ შემთხვევაში ტელეფონით ვცდილობდი ყურადღების გადატანას, ყველაზე კარგი მიმჯაჭველი ამ მომენტში ზუსტად ეგ არის და ზოგადად ხშირად არ ვიყენებთ ხოლმე ტელეფონს, მაგრამ ის რომ კლინიკის სტრესი გადამელახინებინა მათთვის იყო ეს მომენტი, რომ შეიძლება 1 საათიც ჰქონოდა ბავშვს ხელში ტელეფონი.’’

,,პროცესი სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ვთანხმდებოდით ხოლმე, რომ აი სამაგიეროდ ტელეფონს ვუყურებთ. ექიმი, რომ შემოვა რომელი მულტფილმი ჩავრთოთ, რომ ყურადღება იმაზე გადაეტანათ, მსგავსი ფორმით ვახერხებდით პროცედურების ჩატარებას.’’

5 წლის ნინის და 4 წლის თამარის დედა

,,ის რომ ბავშვმა რაღაცაზე ითამაშოს, გული გადააყოლოს, სტრესული გარემო არ იყოს მისთვის, ცისფერი კედლები და თეთრი კედლები არ იყოს ეს ასე არ არის ხოლმე და ეს მაინც მოქმედებს ბავშვზე, გინდა არ გინდა 4-5 დღე, რომ წევხარ გიწევს ტელეფონი ჩაურთო და მულტფილმებს აყურებინო, რაღაც მომენტში დამოკიდებულებას იწვევდა ხოლმე ეს ყველაფერი და მერე სახლშიც მთხოვდა ხოლმე და ცალკე მერე მთელი ენერგია უნდა ჩაგედო, რომ ყოველიბავშვის გამოწერის შემდეგ ამ ტელეფონზე დამოკიდებულება მოგვეშორებინა და გადაჩვევისთვის უნდა დაგვეთმო გარკვეული დრო.’’

5 წლის გიოს დედა

მშობლის ორიენტირება ფიზიკურ ჯანმრთელობაზე: როგორც უკვე აღინიშნა, სამედიცინო პერსონალისთვის უფრო მეტად პრიორიტეტული იყო ფიზიკური ჯანმრთელობა, ვიდრე მენტალური ჯანმრთელობა, სწორედ მსგავს პრიორიტეტებს ვხვდებით ზოგიერთი მშობლის შემთხვევაშიც. იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვს იმდენად რთული სამედიცინო მდგომარეობა ჰქონდა, რომ მშობელი ნაკლებ აქცენტს აკეთებდა სწორი მიდგომების მქონე კლინიკისა და სამედიცინო პერსონალის შერჩევაზე.

,,საკმაოდ სერიოზული დიაგნოზით მოვხდვით კლინიკაში, არ გვქონდა დიდი ფუფუნება იმის არჩევის სტრესული ყოფილიყო თუ არ ყოფილიყო ეს გარემო…’’

 

,,ის რაც სწორი მიდგომაა და რაც ბავშვს ფსიქოლოგიურ სტრესს გაუადვილებდა იმ მომენტში მასე არ ყოფილა, იმ მომენტში არავის არ გვქონდა ამის თავი და ნერვები.’’ 5 წლის ნინის და 4 წლის თამარის დედა

 

კლინიკის გარემო

საბავშვო სივრცის არარსებობა: რაც შეეხება უშუალოდ სხვადასხვა კლინიკების შიდა სივრცესა და მის მოწყობას, კლინიკების უმრავლესობაში არ იყო მოწყობილი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვი დროის სასიამოვნოდ გატარებას, მტანჯველი ლოდინის თავიდან არიდებასა და ყურადღების გადატანას შეძლებდა.

,,ის რომ ბავშვმა რაღაცაზე ითამაშოს, გული გადააყოლოს, სტრესული გარემო არ იყოს მისთვის, ცისფერი კედლები და თეთრი კედლები არ იყოს ეს ასე არ არის ხოლმე და ეს მაინც მოქმედებს ბავშვზე.’’

,,რადგან სივრცე არ იყო და თან პლიუს მთლად სისუფთავეც არ იყო, რომ ძირს დასვა, არც მაგიდა არ იყო, რომ სათამაშოები დაგედო და ეთამაშა, იძულებული ვიყავი, რომ ტელეფონზე ეყურებინა და ის დღეები ძირითადად მაგით იყო ხოლმე დაკავებული.’’

5 წლის გიოს დედა

რეანიმაციის გარემო: მშობლების გადმოცემით, ბავშვებისთვის განსაკუთრებით სტრესული იყო რეანიმაციის გარემო, ვინაიდან ზოგ ადგილას ყველა პაციენტი ერთ სივრცეში იყო მოთავსებული, ზოგან კი ძალიან თხელი კედლები იყო, შესაბამისად ბავშვების ტირილის ხმა ისმოდა, რაც უარყოფით გავლენას ახდენდა სხვა პაციენტებზეც, რადგან გარდა პირადი პრობლემებისა ისინი სხვა ბავშვების მდგომარეობაზეც დარდობნენ და წინასწარ ჰქონდათ იმის მტანჯველი მოლოდინი, რომ საშიში სამედიცინო პროცედურების რიგში თავადაც იყვნენ.

,,რეანიმაციაში ყოფნის გამოცდილება კიდევ სხვა არის, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე ვიყავით, იქ არ არის სქელი კედლები და ძალიან ბევრი ბავშვის ტირილი ისმის, 24 საათის განმავლობაში, ერთი ჩერდება და მეორე იწყებს, რადგან  მორიგეობით შედიან ბავშებთან პროცედურებზე, ეს იმდენად ამძიმებს მდგომარეობას, ბავშვი ხომ პირველ რიგში სხვისი ემოციისგან იღებს ენერგიას, თვითონ ძალიან განიცდიდა იმათ მაგივრადაც, შეიძლება ჩვენ ვხატავდით ვთამაშობდით, მაგრამ უცებ ვიღაცის გამყინავი ტირილი, რომ ესმოდა, სტკივაა, ნემსი გაუკეთეეს, ძალიან ეტკინაა, სულ ამას კითხულობდა ხოლმე, სხვის მაგივრადაც იწყებდა დარდს, ალბათ ის ბავშვებიც ასე ისე იყვნენ, როცამარიტა ტიროდა, ჯაჭვური რეაქცია იყო.’’

  • წლის მარიტას დედა

კლინიკის გარემოს მოწყობასთან დაკავშირებით თავად მშობლებიც განსაკუთრებით დარდობნენ და თვითონაც დიდ რესურს დებდნენ აღნიშნული პირობების გამოსწორებაში, რათა უფრო მეტად ბავშვზე მორგებული გარემო შეექმნათ, თუმცა მშობლის ძალისხმევა ამ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი და მნიშვნელოვანია, რომ თავად კლინიკა ზრუნავდეს იქ არსებული პირობების გამოსწორებაზე.

 

,,ასევე ყველა კლინიკას ინფრასტრუქტურა უნდა ჰქონდეს სხვანაირი და უნდა იყოს საბავშვო სივრცეები, სადაც თამაშის შესაძლებლობა ექნება. ის სივრცეც სხვანაირი უნდა იყოს, სადაც წევს ბავშვი, პალატაში, საშინელი თეთრი კედლები და იატაკი არ უნდა იყოს მარტო.’’

  • წლის გიოს დედა

 

ბავშვის მდგომარეობა სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების დროს

     ზემოაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების დროს ბავშვებს სხვადასხვა სახის პრობლემები ექმნებოდათ, რაზეც ისინი განსხვავებულად რეაგირებდნენ, მაგალითად გამოხატავდნენ აგრესიას მოუმზადებელი პროცედურების დროს, იყვნენ ფრუსტრირებულნი, შეშინებულები, ჰქონდათ შფოთვები, სტრესი, ტრავმები თუ სხვა. ამათგან ყველაზე მწვავე და მშობლების მიერ ხშირად ნახსნები იყო უარყოფითი რეაქცია მოულოდნელობაზე, როდესაც ბავშვი წინასწარ არ იყო შემზადებული სამედიცინო პროცედურისთვის. ინფორმაციის ნაკლებობა, მათი სამედიცინო მდგომარეობის, ოპერაციის ან სამედიცინო პროცედურების შესახებ ასევე სტრესის წყარო იყო ბავშვებისთვის.

     ,,როცა არ გამიფრთხილებია, ყოფილა მომენტი, რომ უცებ შემოვიდნენ, უცებ დასჭირდათ ანალიზის აღება, მეც არ ვიცოდი და ვერ მოვახერხე მისი გაფრთხილება და შემზადება რამდენიმე წუთით ადრე, მაშინ უფრო მკვეთრი რეაქციები ჰქონდა ხოლმე, უფრო მეტს ტიროდა, ანუ იჭიმებოდა, იმდენს ნერვიულობდა და ისე ჭიმავდა სხეულს, რომ ვერ უკეთებდნენ ნემს, წყდებოდა ვენები და ეს კიდევ უფრო მეტ კვილის იწვევდა, მერე კიდევ დამატებითი ჩხვლეტები უწევდა.’’

4 წლის მარიტას დედა

,,უბრალოდ ოპერაცია სიტყვამ დასტრესა, ვერ წარმოიდგენდა მაინც რა იყო და ამიტომ იყო დასტრესილი ოპერაციის წინ.’’

6 წლის დათის დედა

პროცედურების დროს გამოხატული აგრესია: როგორც მშობლებთან ინტერვიუებიდან ირკვევა ოპერაციამდე რამდენიმე წუთით ადრე საოპერაციო ოთახის, სრულიად უცხო გარემოს, ინსტრუმენტების, თეთრხალათიანი ადამიანების მოულოდნელი ნახვა, კიდევ ერთ დამატებით სტრესორს წარმოადგენს ბავშვისთვის, რაზეც ერთ-ერთი რესპოდენტის შვილს განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია ჰქონდა, გამოხატა აგრესია და ყველანაირი გზით ცდილობდა იქაურობიდან თავის დაღწევას.

,,რომ დაინახა სულ სხვანაირ გარემოში შევიდა, ბევრი ექიმი, ხალათები, ინტრუმენტები, ქირურგს და მის ასისტენს აი არ ვიცი მთელი ძალით წინააღმდეგობას უწევდა, იშორებდა, აწვებოდა და ჩემსკენ მოდიოდა, ეს იყო ყველაზე ცუდი მომენტი ჩემთვისაც, ცოტახანს ასე გაგრძელდა და მერე უკვე გაითიშა.’’

4 წლის სანის დედა

რეაქცია მოულოდნელობაზე: იგივე მძაფრ რეაქციას ვხვდებით უშუალოდ ოპერაციის შემდგომ, როდესაც ბავშვი ანესთეზიის შემდეგ იღვიძებს, დამაგრებული აქვს მისთვის უცხო მოწყობილებები, აწუხებს ტკივილი სხვადასხვა არეში და ამის შესახებ წინასწარ არ იყო ინფორმირებული.

 

,,სანი, რომ გამოიყვანეს და გავიდა ანესთეზია, დაინახა ხელში კათეტერი, დაიწყო ტირილი, კათეტერი მოიგლიჯა, სისხლი წამოუვიდა, მორთო ტირილი, ყელი მტკივაო.’’

4 წლის სანის დედა

 

,,ყვიროდა, რომ ვერ ვსუნთქავო, ცხვირში ტამპონები ჩაუდეს და ეს მომაშორეთო, ხელი მიჰქონდა, რომ ესენი გამოეგლიჯა. ვერ ვაჩერებდით და ბოლოს ექიმმა დავაბამო და მეთქი ერთი წუთით მაცადეთ დაველაპარაკები მე თვითონთქო, არც ჩერდებოდა, ამ ტირილის დროს უნდოდა რომ გამოეცალა ეს ტამპონები.’’

6 წლის ანდრიას დედა

 

წინასწარი შემზადების მნიშნელობა: ნაცვლად ინფორმაციის ნაკლებობისა და მოულოდნელობისა მაშინ, როდესაც ბავშვს წინასწარ აქვს ინფორმაცია ჩასატარებელი პროცედურების შესახებ, იცის რას გაუკეთებენ, რომელი ხელსაწყოებით, როგორ და რისთვის არის ეს ყველაფერი საჭირო, ამ დროს ბევრად უფრო მეტ მიმღებლობას იჩენს ბავშვი და სამედიცინო პროცედურაც ნაკლები სტრესის, დაძაბულობისა და გართულებების გარეშე ტარდება.

 

,,შეიძლება რაღაც ისე მოხდეს როგორც მას არ მოსწონს, მაგრამ როცა გაფრთხილებული მყავს და იცის, რომ ეს შეიძლება მოხდეს და დედამ უთხრა, როცა ფაქტის წინაშე დღება ამ ყველაფერს ადეკვატურად იღებს.’’

4 წლის მარიტას დედა

 

ხმაურის/ტირილის უარყოფითი გავლენა: ცალკე აღსანიშნია რეანიმაციის უარყოფითი გავლენა ბავშვებზე, როგორც მშობლებთან ინტერვიუებში ირკვევა ბავშვებისთვის განსაკუთრებით სტრესული იყო, ვინაიდან გამუდმებით ბავშვების ტირილის, სხვადასხვა მოწყობილობების ხმა ისმოდა და ამას ერთვოდა ის, რომ რეანიამციაში ძილითადად მშობლის გარეშე იმყოფებოდნენ. ყველაფერი ეს ტრავმად ილექებოდა მათ მეხსიერებაში და შემდგომში ბავშვის ტირილის გაგონებაზე უარყოფითი ემოციები უჩნდებოდათ.

 

,,რეანიმაციაში ძალიან რთულად იყვნენ, ბავშვი მეუბნებოდა, რომ ექიმები ფსიქოლოგიურად რა გამძლეები არიან, რომ ამას უძლებენ ხოლმეო. რეანიმაციაში შემეძლო მარტო 1 საათი შესვლა და იმ ერთს საათსაც ძაან ცუდი ზეგავლენა ჰქონდა ჩემზე და ბავშვზე რა იქნებოდა, დღესაც მყავდა იოანე ექიმთან მიყვანილი და იქაც ბავშვების ტირილი, რომ ისმოდა დედა ცოტა ხანი გამიყვანე არ შემიძლია ის მახსენდებაო… სულ ტირილი ისმოდა ამ ბავშვების და ეს ხმები, წყაპ, წყაპ, წკაპ, სხვადასხვა დანადგარების, აპარატის ხმები და ძალიან გაუჭირდა, ასე ამბობს ხოლმე, რომ ეგ სამი დღე სამი საუკუნე მეგონაო…’’

 

,,სექტემბერში გაიკეთა ოპერაცია, იმის მერე 7 თვეზე მეტია გასული და დღესაც ბავშვების ტირილის ხმა, რომ გაიგო ძაან ცუდად იგრძნო თავი და ის ყველაფერი გაახსენდა.’’

10 წლის იოანეს დედა

 

სხვა ბავშვების გამოცდილების უარყოფითი გავლენა: კლინიკაში ყოფნის განმავლობაში ბავშვებზე უარყოფითი გავლენა ჰქონდა სხვა ბავშვების გამოცდილების ნახვასაც, ვინაიდან, როდესაც ბავშვი ხედავდა, თუ როგორ ცუდად იყო სხვა ბავშვი, რომელსაც იგივე პროცედურა ან ოპერაცია ჩაუტარდა, ეს მასზეც მოქმედებდა და გავლენას ახდენდა მის წინასაპროცედურო მზაობაზე.

 

,,პალატაში მოგვიწია სამ პაციენტს ერთად ყოფნა… ძალიან ცუდი იყო, მესამე იყო ჩემი შვილი და გლანდების ოპერაციით შემოიყვანეს პირველი ბავშვი და სისხლს, რომ იღებდა ამ ყველაფერს უყურა ჩემმა შვილმა, მერე მეორეზეც იგივენაირად, სისხლი მოსდიოდა მასაც და ამ ყველაფრის გამო ჩემი შვილიც დაიძაბა, ასე ხმამაღლა არ გამოუხატავს, მაგრამ მე ვამშიდებდი მაინც.’’

6 წლის დათის დედა

 

თავის არიდება სამედიცინო თამაშებზე: რაც შეეხება სამედიცინო თემატიკის თამაშებს, როგორც გაირკვა ბავშვების ნაწილს ერჩივნა საერთოდ თავი აერიდებინა სამედიცინო თემატიკის თამაშებისთვის, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი გამოცდილების თამაშში, მაგალითად თოჯინაზე გადატანა თერაპიული ყოფილიყო მათთვის.

 

,,ინტ – სახლში წამოსვლის შემდეგ ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ სამედიცინო თემატიკის თამაშებით ინტერესდებოდა?

რესპ – ალბათ გიოსთვის ისეთი სტრესული იყო ყველა შემთხვევა ექიმებთან მიმართებაში, რომ მაგიტომ არასდროს არ გადმოუღია და არასდროს არ უთამაშია.’’ 5 წლის გიოს დედა

 

კლინიკის შემდგომი ტრავმები

 

კლინიკის გარემოში მიღებული უარყოფითი გამოცდილებიდან გამომდინარე ბევრ პაციენტს დარჩა ტრავმები, რომლებიც თვეების განმავლობაში თავს იჩენდა ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

დაწოლის შიში: ბავშვმა კლინიკაში მიღებული ტრავმული გამოცდილება განაზოგადა ნებისმიერ სხვა, თუნდაც სახლის გარემოზე და თვეების განმავლობაში ეშინოდა დაწოლის.

 

,,ძაან ბევრი სტრესი აიკიდა გიომ, იმიტომ, რომ როცა გამოვიყვანეთ 2-3 თვე ლოგინზე არ წვებოდა საერთოდ, მაშინ ძალით დააწვინეს კათეტერის ჩასადგმელად და მაგის მერე იყო ასე…’’

 

,,არ წვებოდა, იჯდა ან ხელში უნდა ყოფილიყო, საწოლზე არ უნდა დაგეწვინა საერთოდ, ნებისმიერ პოზაში, ნებისმიერ სიტუაციაში დაწოლის ეშინოდა, იქ ძალით დაააწვინეს გააკავეს.’’

  • წლის გიოს დედა

 

მშფოთვარე ძილი: კლინიკის გამოცდილების შემდეგ აღენიშნებოდათ მშფოთვარე ძილი და დარდი იმის შესახებ, რომ ისევ არ აღმოჩენილიყვნენ კლინიკის გარემოში.    რუმინაცია: ახასიათებდათ კლინიკის გამოცდილებაზე გამუდმებული ფიქრები და რუმინაცია.

 

,,ღამე იღვიძებდა კივილით, აი ყვიროდა ჩვეულებრივად, კიოდა ყვიროდა, იმ მომენტში არც იღვიძებდა, ყვირილს, რომ იწყებდა იმ მომენტში ვაწყნარებდით ხოლმე, ვამშვიდებდით და ესენი ძალიან დიდხანს.’’

  • წლის ანდრიას დედა

 

,,სამი დღე, ძილშიც კი იღვიძებდა და გვეკითხებოდა ტირილით, რომ ხომ არ წავიყვანდით კლინიკაში, ექიმებთან ხომ არ წავიყვანდით და მერე გვარწმუნებდა, რომ მე კარგად ვარ, არაფერი არ მტკივა და ხომ არ წამიყვანო, არ უნდოდა წასვლა.’’

 

,,კლინიკის მერე წავედით გურიაში და იქ რაც კი იყო გასართობი და სანახაობრივი ყველაფერზე წავიყვანეთ, ყველგან ვართობდით, რომ გადაეტანა გონება და სხვა რაღაცაზე ეფიქრა, მაგრამ იქაც დენდროლოგიურ პარკშიც კი, ფლამინგოებს ვუყურებდით და იქაც იმას ფიქრობდა ფლამინგოს ფეხი ხომ არ ეტკინა, ნემსი ხომ არ უნდა გაუკეთონ, ფლამინგოს ეტკინებაა, ექიმთან უნდა წაიყვანოონ, ჩვენ აღარ ვიცოდით რა გვექნა რომ ეს ყველაფერი აღარ ეხსენებინა, მუდმივად ამ ამბით იყო მოცული.’’

  • წლის მარიტას დედა

 

დაცულობის გამძაფრებული მოთხოვნილება: მშობლები ამბობენ, რომ კლინიკის მსგავსი გამოცდილებების მიღების შემდგომ ბავშვებს ჰქონდათ დაცულობის გამძაფრებული მოთხოვნილება, რომელიც გამოიხატებოდა მშობელთან მიჯაჭვულობაში და მათთან მუდმივად, განსაკუთრებით ღამით, ახლოს ყოფნის სურვილში.

 

,,უბრალოდ იმ პერიოდში გიოს ცალკე ეძინა ხოლმე და იმის მერე ცალკე აღარ ძინავს და აუცილებლად ჩემთან ან ვინემსთან ერთად უნდა ეძინოს, ეს დღემდე ასეა, ან ჩემთან ერთად სძინავს ან დედაჩემთან ერთად, მარტო არ იძინებს.’’

  • წლის გიოს დედა

 

ასევე კლინიკის გამოცდილების მიღების შემდგომ ერთ-ერთი რესპოდენტის შვილი ხშირად თამაშობდა სამედიცინო თემატიკის თამაშებს თერაპიული მიზნით, რათა ამ გზით განთავისუფლებულიყო იქ მიღებული უარყოფითი ემოციებისგან.

 

,,მერე შევამჩნიე, რომ მუდმივად თამაშობდა ექიმობანას, მუდმივად, სხვა თამაში ფაქტობრივად არ არსებობდა მისთვის, სულ უნდოდა, რომ შპრიცი ჰქონოდა ხელში ან რომელიმე სამედიცინო ინსტრუმენტი და ამ შემთხვევაში უკვე თვითონ იყო ექიმი. აბსოლუტურად გადმოღებული ჰქონდა ყველაფერი, პლანშეტსაც იღებდა ხოლმე და პაციენტებს ინიშნავდა, ყველაფერს ერთი ერთში აკეთებდა, რაც მას გაუკეთეს, მაგრამ მაინც ამატებდა ხოლმე, რომ თვითონ არ უნდოდა ექიმთან წასვლა.’’

4 წლის მარიტას დედა

 

მშობლის მხარდაჭერის მნიშვნელობა

 

იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკათა უმრავლესობაში არ არის მოწყობილი ბავშვისთვის შესაბამისი გარემო, ექიმები და ექთნები ხშირ შემთხვევაში გარდა ფიზიკური საჭიროებებისა, არ არიან მორგებული ბავშვის ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე, კლინიკაში არსებობს უამრავი სტრესული და მატრავმირებელი ფაქტორი და ამასთან ერთად თითოეულ ბავშვს ესაჭიროება ინდივიდუალური მიდგომა მისი ხასიათიდან, თვისებებიდან თუ გამოცდილებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მშობლის ჩართულობას კლინიკაში ყოფნის განმავლობაში, რადგან სწორედ მშობელია ის ადამიანი, რომელიც უნდა ცდილობდეს ან ცდილობს კლინიკაში ყოფნის  განმავლობაში უარყოფითი გამოცდილების შემსუბუქებას.

დაცულობის შეგრძნება: როგორც ინტერვიუებიდან იკვეთება, ბავშვები თავს დაცულად გრძნობენ, როდესაც მშობლის სიახლოვეში იმყოფებიან, ამაზე მოწმობს ისეთი ფიზიოლოგიური ნიშნებიც კი, როგორიც არის გულისცემის სიხშირე, ტირილის ხანგრძლივობა და სიმშვიდის განცდა. ამას თავად ბავშვებიც კი აღნიშნავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ ამსუბუქებს მდგომარეობას დედის გვერდზე ყოფნა და მისი მხარდაჭერა.

 

,,მერე გიოს ჰქონდა აპარატი, რომელიც პულსაციას უზომავდა და როგორც კი ხელში დავიჭირე, ნორმაში ჩაუდგა გულისცემა და როცა დავაწვენდი ნორმაზე მაღლა გადადიოდა და რაღაც სიგნალს აგზავნიდა. მერე მე თვითონ მივხვდი, რომ რაც უფრო ახლოს იყო ჩემთან უფრო მშვიდად გრძნობდა თავს და გულისცემაც ნორმაში ჰქონდა.’’

5 წლის გიოს დედა

 

,,რეანიმაციაში სანამ იყო ის დრო ძაან გაიწელაო და მერე დედა, რომ მოვიდა წუთები გახდა ის დღეებიო.’’

10 წლის იოანეს დედა

 

გამბედაობა და მოტივაცია: მშობელთან ერთად დაცულობის განცდას თან ერთვის მეტი გამბედაობა, როდესაც დედა ბავშვის გვერდით იმყოფება. ასევე მშობლები ბავშვებისთვის წარმოადგენენ მოტივატორებს, რომლებიც მუდმივად ამხნევებენ, თავს განსაკუთრებულად აგრძნობინებენ და ზრუნავენ მათი ძლიერი თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე.

 

,,უკვე შესვლის დრო მოვიდა მაშინ ექიმის ასისტენს არ გაყვა, მითხრა, რომ შენ გამომყევიო და მაგ დროს ტირილიც დააპირა.’’

4 წლის სანის დედა

 

,,იცის, რომ გმირია, იმიტომ, რომ მაგარი ოპერაცია გადაიტანა და მაგარი ბიჭია’’ 6 წლის ანდრიას დედა

 

მშობელი, როგორც ინფორმატორი: გარდა მშობლის მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერისა, ისეთ გარემოში, სადაც სამედიცინო პროცედურები ბავშვის წინასწარი შემზადების გარეშე ტარდებოდა, ბავშვისთვის მშობელი იყო ერთადერთი ფიგურა, რომელიც ბავშვის წინასწარ ინფორმირებასა და მის მზაობაზე ზრუნავდა, თუმცა ესეც მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი გამოცდილების მიღების შემდგომ მშობლის მიერ ათვისებულ ადაპტურ მიდგომას წარმოადგენდა.

 

,,მე ვესაუბრები ხოლმე წინასწარ მაგაზეც, გიო ვერ სუნთქავდა საერთოდ და თვითონაც ძალიან უჭირდა, მერე გამართული საუბარიც უჭირდა ხოლმე, თვითონვე ჰქონდა დისკომფორტი და მე თვითონ ავუხსენი, რომ ეს ყველაფერი რომ გამოსწორებულიყო მაგიტომ უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია. სანამ უშუალოდ ოპერაციის დღე იქნებოდა იქამდე მივიყვანე კლინიკაში.’’

4 წლის გიოს დედა

 

ორივე მშობლის მაგივრობის გაწევა: იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვს ჰყავდა მხოლოდ ერთი მშობელი, მშობლები გაშორებულები იყვნენ, მამა ქვეყანაში არ იმყოფებოდა ან რაიმე მსგავსი მიზეზით ორივე მშობელი არ იყი ბავშვის გვერდით. ამ შემთხვევაში დედა იყო ის პიროვნება, რომელიც ორივე მშობლის მაგივრობას წევდა.

 

,,იქიდან გამომდინარე, რომ მეუღლეს გაშორებული ვარ და დედაც და მამაც მე ვარ ანდრიასთვის, მისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩემი მის გვერდზე ყოფნა’’ 6 წლის ანდრიას დედა

 

კლინიკის ნაკლოვანებების კომპენსირება მშობლის მიერ

იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რომ კლინიკაში არა ერთი ფაქტორი არსებობდა, რომელიც უარყოფითად ზემოქმედებდა ბავშვზე, ყველა აღნიშნულის კომპენსირება და შემსუბუქება მშობლის ძირითადი საზრუნავი იყო.

გარემოს ნორმალიზება და გართობაზე ზრუნვა: რადგან ექიმები და ექთნები წინასწარ არ ამზადებდნენ ბავშვებს, ამას აკეთებდნენ მშობლები, ისინი ახდენდნენ კლინიკის გარემოს ნორმალიზებას, სახლური გარემოს მოწყობის გზით, თავად ცდილობდნენ თავიანთი შვილების გართობას, მათ უზრუნვეყლოფას სათამაშოებისა თუ სხვა გასართობი საშუალებებით.

,,ისევ იგივე კლინიკაში უბრალოდ წინასწარ მე ავუხსენი გიოს ყველაფერი, არ მინდოდა, რომ მომეტყუებინა, თვითონ მეკითხებოდა ხოლმე რა უნდა გამიკეთონო და ვუთხარი, რომ ყველა ვარიანტში მოუწევდა ნემსის გაკეთება, წინასწარ შევამზადე, ოდნავადაც ეტკინებოდა, მაგრამ ეს ისეთი კატასტროფა არაფერი არ იქნებოდა. რითიც შემეძლო იმ სიტყვებით გავამხნევე, ისიც ვცადე, რომ არ მომეტყუებინა, ანუ რეალური რაღაცები, რაც ნამდვილად ვიცოდი, რომ მოუწევდა და უნდა აეტანა ეგ ვუთხარი, შევამზადე მაგისთვის. ფაქტის წინაზე, რომ დავდექით და ყველა პროცედურა, რომ უნდა ჩაეტარებინა ერთი ცრემლიც არ ჩამოუგდია ბავშვს.’’

5 წლის გიოს დედა

,,ჩვენ ყველაფრის შეტანა შეგვეძლო, სათამაშოების და შევქმენით იქაც მაქსიმალურად სახლური სივრცე, სათამაშოები წავიღეთ, თავისი თეთრეული, ბალიში, რომელიც  მას უყვარს…’’

,,ძირითადად თამაშით ვიყავით მოცული მთლიანად, იმიტომ, რომ სახლიდან წაღებული ნივთები მისთვის სიმშვიდის ასოციაციას იწვევდა.’’

  • წლის მარიტას დედა

გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკის გარემოში არ იყო გასართობი სივრცე, ერთ-ერთი ბავშვთან იყო შემთხვევა, რომ დედა და ბავშვი კლინიკასთან ახლოს მყოფ მეგობართან წავიდნენ სტუმრად, დროის გასაყვანად და გასართობად.

,,იქ ისეთი სიტუაცია არ იყო, რომ კლინიკაში პალატაში რამე ეთამაშა, ჩემი მეგობარი ცხოვრობს იმ კლინიკასთან ახლოს და ვიპარებოდით ხოლმე.’’

  • წლის გიოს დედა

რეანიმაციის გარემოს გაუმჯობესება: ასევე ერთ-ერთი მშობლის დახმარებით მოხერხდა ბავშვისთვის რეანიმაციის პირობების შემსუბუქება, კერძოდ, ბავშვმა რეანიმაციაში არსებული ხმაურის დახშობა მშობლის მიერ მიწოდებული ყურსასმენების დახმარებით მოახერხა.

,,მერე მოვიფიქრე და მივუტანე ნაოშნიკები, რომელსაც ყურის დამხშობი ჰქონდა და აიპადი, უკვე ხელების მოძრაობა როცა შეეძლო და უკეთესად იყო, მერე ამბობდა ამან ძაან გადამატანინა ის დღეებიო, იქიდან გვეკონტაქტებოდა, ვაიბერშიც გვწერდა რაღაცებს, ყურებიც დახშობილი ჰქონდა და ცოტა მაგან უშველა, თორე ძაან ცუდად იყო.’’

10 წლის იოანეს დედა

 

მშობლის ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა

იმის ფონზე, რომ კლინიკაში ყოფნის განმავლობაში მშობელს ამხელა როლი აქვს შვილის ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაში, თავად მშობელიც არა ერთი პრობლემის წინაშე დგება, რომელიც ეხება, როგორც პირადად მის ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ მდგომარეობას, ისე გავლენას ახდენს ბავშვის მდგომარეობაზეც, რადგან ხშირ შემთხვევაში მშობლის ემოციური ფონი, მისი გამკლავების სტრატეგიები, სტრესი, დაძაბულობა, ემოციების კონტროლი თუ სხვა, დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის მდგომარეობაზეც.

ემოციები და მისი კონტროლი: უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, მშობლის ემოციები და ამ ემოციების კონტროლი. მშობლისთვისაც განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა, როდესაც მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, იტარებს სამედიცინო პროცედურებს, ოპერაციებს, თვითონ კი ამ ყველაფრის შემსწრეა, ნერვიულობს, შფოთავს, დარდობს, ეშინია, ამ დროს კი გვერდზე ჰყავს შვილი, რომელსაც ყველაზე მეტად მაშინ სჭირდება მისი დახმარება. იყო შემთხვევები, როდესაც მშობლები ამ ემოციებს ყვებოდნენ და თვითონაც შოკურ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, თუმცა ძირითად შემთხვევებში ახერხებდნენ ემოციების კონტროლს და იმას, რომ მათი ეს მდგომარეობა ბავშვისთვის დამატებითი სტრესის წყარო არ გამხდარიყო.

,,იმდენად შოკი მქონდა ამ ინფორმაციისგან (იგულისხმება ბავშვის დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის გაგება), რომ წამეშალა გონებიდან ყველაფერი, მერე ექიმი მიხვდა თვითონ, რომ შოკი აქვსო და დავანებებ თავსო, ეს ყველაფერიც  ასე სრულად არ მახსოვს, ნაწილ-ნაწილს მახსოვს ეს ყველაფერი.’’

5 წლის ნინის და 4 წლის თამარის დედა

,,რამდენადაც შემეძლო და შესაძლებელი იყო ადამიანის მხრიდან, ეს ყველაფერი მასთან საერთოდ არ მჟღავნდებოდა. იმიტომ, რომ როცა მას ეძინა მაშინ ვიყავი ჩაფიქრებული და ემოციური, როცა თვითონ იღვიძებდა მეც გამოვფხიზლდებოდი ხოლმე და მონდომებული ვიყავი, თამაში მინდოდა, რაღაცების მომზადება, ენთუზიაზმით ვიყავი და თვითონაც, რომ ხედავდა მე კარგ ხასიათზე ვიყავი და არაფერზე ვნერვულობდი, მერე თვითონაც ჩვეულებრივად აღიქვამდა ამ ყველაფერს.’’

  • წლის მარიტას დედა

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, ის შენი ემოცია არ გადადო ბავშვს, გიო, რომ მიყურებს მე ვნერვიულობ, მერე მისი ნერვიულობაც ათჯერ იმატებს. ამიტომ ძაან გაწონასწორებულად ვცდილობდი რომ ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რაღაცების წინაშე ვიდექით, ამას იმიტომ ვაკეტებდი, რომ გიოსთვის არ მეგრძნობინებინა ვაიმე დედა ნერვიულობს და ესეიგი რთულ დღეში ვარო. ჩემი აზრით ეგ ყველაფერი, რომ არ ვაგრძნობინე გიოს და პირიქით ერთად დავდექით ამ სტრესის და განსაცდელის წინაშე, მანაც იგრძნო, რომ ძლიერი ზურგი აქვს ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.’’

  • წლის გიოს დედა

პირადი საჭიროებების უგულებელყოფა: ასევე მშობლის რთული ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა გამოიხატებოდა პირადი ყოველდღიური და სასიცოცხლო საჭიროებების უარყოფით, მუდმივი დაჭიმულობისა და დაძაბულობის შეგრძნებით. ერთ-ერთი მშობელი კი იმდენად იყო ნანახით დასტრესილი, რომ აღნიშნული გამოცდილების არაცნობიერში განდევნას ცდილობდა.

,,რეანიმაციაში ყოფნის განმავლობაში სამი დღე და ღამე სულ იქ ვიჯექი და თვალი არ მომიხუჭავს, მაშინ ვერ ვგრძნობდი, რომ უნდა მეჭამა, წყალი დამელია, ჩემი საჭიროება თუ მქონდა რამე ამას ვერ აღვიქვამდი, იმიტომ, რომ ბეწვის ხიდზე გავდიოდით…’’

,,მერე მიხვდა ჩემი ტვინი, რომ საშიშროებამ ჩაიარა და მერე შეგრძნება მქონდა, რომ ვერ ვმოძრაობდი, ხელ-ფეხი არ მომყვებოდა. ამ მუდმივი დაჭიმულობის და დაძაბულობის შემდეგ, ამ ყველაფერმა, რომ გაიარა მერე მივხვდი.’’

  • წლის მარიტას დედა

,,მაქსიმალურად ვფიქრობ ხოლმე, რომ ეგ მომენტები დავბლოკო გონებაში და არ გავიხსენო, იმიტომ, რომ მერე უცებ ბურთი მეჩხირება ხოლმე ყელში. სულ ვამბობ ხოლმე, რომ მაშინ ალბათ სიცოცხლის ძაან ბევრი წელი მომაკლდა გიოს ეგ ხმა, რომ მესმოდა.’’

  • წლის გიოს დედა

კომპეტენტური პირის ჩართულობის მნიშნელობა: მშობლის სწორედ ამ რთული ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხშირად იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მშობლებს არ რჩებოდათ რესურსი თავად ეზრუნათ შვილის ყველა საჭიროებაზე და გაეთვალისწინათ ყველა ის ფაქტორი, რომელიც უარყოფითად თუ დადებითად იმოქმედებდა ბავშვის მდგომარეობაზე. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რატომაც აუცილებელია კომპეტენტური პირის ჩართულობა და მხარდაჭერა, როგორც ბავშვთან, ისე მშობელთან მიმართებაში.

 

,,მე ვერ მოვახერხე მაგის ახსნა, სანამ ჩაიძინებდა რატომღაც არ მითქვამს და რომ გაიღვიძა მერე უკვე სანამ შეიყვანდნენ საოპერაციოში მეც ალბათ ნერვიულობის ფონზე ვეღარ მოვიფიქრე მაგდენი. უბრალოდ ვუთხარი, რომ დაგაძინებენ არ შეგეშინდეს, ამაში წამალს შეუშვებენ, რაც ხელზე გიკეთია ანუ ის ვუთხარი, რაც იმ წამს აზრად მომივიდა, ტამპონებზე არ მითქვამს არაფერი, მე თვითონ არ გამახსენდა თორემ ალბათ ვეტყოდი.’’

  • წლის ანდრიას დედა

სხვადასხვა კლინიკების პაციენტების მშობლების რეკომენდაციები კლინიკის გარემოსთან დაკავშირებით

რესპოდენტების უმრავლესობამ აღნიშნა ისიც თუ რა გარემოებები და როგორი მიდგომები გააუმჯობესებდა, როგორც ბავშვის, ისე მშობლის გამოცდილებას კლინიკაში ყოფნის განმავლობაში. ყველაზე ხშირად დასახელებული იყო, ექიმებისა და ექთნების თბილი დამოკიდებულება და ბავშვისა და კლინიკის გარემოს შესაბამისი მიდგომების გამოყენება, რომელიც, მშობელთა აზრით, სამედიცინო გუნდის დატრენინგების ხარჯზე მიღწევადი მიზანია. ასევე მათი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს შესაბამისი მოწყობა, სათამაშო ოთახის არსებობდა და ბავშვზე მაქსიმალურად მორგებული პირობების შექმნა, სადაც ბავშვის მიერ მიღებული სტრესი მაქსიმალურად იქნება შემცირებული. ბოლოს კი, მათი აზრით, მნიშვნელოვანია კომპეტენტური პირის ჩართულობა, რომელიც ბავშვსაც და მშობელსაც შეუმსუბუქებს იქ ყოფნის რთულ დღეებს, გამოუცხადებს მხარდაჭერას და ასწავლის სწორ მიდგომებს, რომლითაც გამოსწორდება ის უარყოფითი გამოცდილება, რომელსაც ბავშვები კლინიკაში ყოფნის განმავლობაში იღებენ.

,,თავიანთი პროფესიის გარდა უნდა იცოდნენ ფსიქოლოგიის ეს ნაწილიც, რომ თავიანთი საქმის გარდა მოამზადონ ბავშვი და სხვანაირად მიუდგნენ, ბავშვისთვის ეს ყველაფერი ნაკლებად სტრესული იქნება.’’

  • წლის გიოს დედა

,,ექიმების მხრიდანაც ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ის, რაც შეიძლება ექიმმა იცოდეს, უფროსწორედ იცის, შეიძლება მე ან ნებისმიერმა სხვა მშობელმა არ ვიცოდეთ და ესეც უნდა გაიაზროს ექიმმა და ბევრი არ უნდა მოითხოვოს არც მშობლისგან არც ბავშვისგან, რომ აი ხო იცოდი ეს ასე უნდა გაგეკეთებინა.’’

  • წლის ანდრიას დედა

,,პირველ რიგში, ექიმების დამოკიდებულება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის მომენტი, რომ ბავშვურად მიუდგები, აუხსნი, კი მესმის მორიგეობენ და გადაღლილები არიან, მაგრამ ბავშვთან მიმართებაში უნდა იყვნენ მაქსიმალურად მომთმენი, ისე, როგორც მშობელს მოეთხოვება მაქსიმალური მოთმენა, ბევრი საუბარი, ახსნა დეტალურად რა ელოდება. ზოგ ბავშვზე არ ვიცი, შეიძლება სხვისთვის პირიქით ჯობია არ აუხსნა, მაგრამ ანდრიას შემთხვევაში მისთვის საჭიროა, რომ წინასწარ იცოდეს ყველაფერი, მერე თვითონ მოგყვება ყველაფერზე, ძალდატანება აღარ გჭირდება უკვე, თვითონვე დაჯდება დადებს ხელს და რაც იქნება გააკეთებს, მთავარია მზად იყოს იმისთვის, რაც მას ელოდება. მერე მეორე არის მშობელი, რომელიც ძალიან ბევრს წყვიტავს და მანაც სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რთულია ამის თქმა, როცა ბავშვი ცუდად არის მშობელი ყოველთვის ნერვიულობს. კიდევ ვიზუალური მხარეც, რომ შედის საავადმყოფოში და ხედავს სათამაშოებს, გასართობებს, მაინც მოსწონს ეს ყველაფერი, თავს ირთობს და მგონია, რომ ეს კარგად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე, თავის გარფემოში გრძნობს თავს და იმ სათამაშოებთან ერთად გადააქვს ყურადღებას, ყველაფრის სიმძაფრეს იმდენად ვეღარ აღიქვამს…’’

6 წლის ანდრიას დედა

ჯო ენის პაციენტების გამოცდილება სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების დროს

 

როგორც უკვე აღინიშნა სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტის დროს საკმაოდ უარყოფითი გამოცდილების გადატანა მოუწიათ ბავშვებსა და მათ მშობლებს. გამონაკლისი არც ჯო ენის ახლანდელი პაციენტები არიან, მათ იქამდე და მას შემდეგაც, რაც ჯო ენის კლინიკაში მოხვდნენ არა ერთ სხვა კლინიკაში ვიზიტის გამოცდილება ჰქონდათ, რომელთა უმეტესობაც უკვე აღნიშნულის მსგავსად სულაც არ იყო დადებითი სახის. ამ მიმართულებით რესპოდენტების მიერ დასახელებული მნიშნელოვანი საკითხები ერთმანეთთან თანხვედრაშია, თუმცა სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა თავად ჯო ენის კლინიკაში, სადაც სამედიცინო გუნდთთან ერთად ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები მუშაობენ.

 

სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტის დროს ექიმებისა და ექთნების მიერ გამოყენებული შეუსაბამო მიდგომები

 

ძალადობრივი პროცედურები: აღნიშნულ შემთხვევაშიც ერთ-ერთი პირველია უხეში და ძალადობრივი სამედიცინო პროცედურების ჩატარება ექიმებისა და ექთნების მხრიდან, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვზე, უჩენს პროცედურების მიმართ შიშს, შფოთვასა და ტრავმებს. ამას ემატება ბავშვის ნდობის სათავისოდ გამოყენება, პროცედურების სწრაფად ჩასატარებლად.

,,ბავშვი მოდუნებული იყო, არაფერზე არ ნერვიულობდა, ყველა ვფიქრობდით, რომ იქაც თამაშით დახვდებოდნენ, მაგრამ პირიქით მოხდა, ხელი ძალით გადაუწიეს, ნემსი გაუკეთეს, რა თქმა უნდა აქ უკვე შეშინებული იყო. მერე კარდიოგრამაზე, რომ გადავედით იქაც ძალიან უხეში ქალი დაგვხვდა და ბავშვი იმ დროს უკვე ძალიან ტიროდა, შეშინებული იყო’’

6 წლის მატეოს დედა

წინასწარი შემზადების გარეშე ჩატარებული სამედიცინო პროცედურები: გარდა უხეში სამედიცინო პროცედურებისა, ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა ბავშვის წინასწარი შემზადება პროცედურების ჩატარებამდე, ამ შემთხვევაშიც ექიმები/ექთნები სამედიცინო პროცედურის ჩატარებაზე და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე იყვნენ ორიენტირებულნი.

,,აი პირდაპირ, რომ მივლენ ხოლმე ყველანაირი ახსნის გარეშე და არ ეუბნებიან რა უნდა გაუკეთონ, ერთხელ სისხლის ანალიზი დაგვჭირდა და მე კი ავუხსენი ყველაერი წინასწარ, მაგრამ ექთანიც, რომ ცოტა სხვანაირად დალაპარაკებოდა და შეემზადებინა უკეთესი იქნებოდა. იყო ისეთი შემთხვევაც როცა პირდაპირ მოვიდა ექთანი ჩაარჭო ნემსი და ვსო, ამაზე ძალიან იტირა და ძალიან გაბრაზდა.’’

2 წლის სანის დედა

არაკორექტული დამოკიდებულება სამედიცინო პერსონალის მხრიდან: ასევე მშობლები აღნიშნავდნენ, რომ ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც მასსა და

სამედიცინო პერსონალს შორის შედგა უსიამოვნო, არაკორექტული კომუნიკაცია რომელიც ასევე მატრავმირებელი და დამთრგუნველი იყო მშობლისთვის, რომელიც საკუთარი შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის. სწორედ ამას უკავშირდება სამედიცინო გუნდის ფსიქოგანათლებისა და დატრენინგების საჭიროება.

,,მე თვითონაც მქონია ასეთი შემთხვევა ექიმს მისი დიაგნოზი, რომ წაუკითახვს ასე მითხრა ეს ბავშვი საერთოდ როგორ ცოცხლობსო. ეს იყო ჩემთვის ძალიან ცუდი მოსასმენი, მაშინვე ვუთხარი თქვენ ხართ პედიატრი და მედიცინის მუშაკი და მშობელს როგორ უნდა უთხრათ, რომ თქვენი შვილი აქამდე როგორ ცოცხლობსო.’’ 7 წლის სანდროს დედა

 

ოჯახის წევრებისა და მშობლების მიერ გამოყენებული შეუსაბამო მიდგომები

 

წინასწარი მზაობისა და ინფორმაციის ნაკლებობა: გარდა იმისა, რომ სამედიცინო გუნდმა არა ერთი შეცდომა დაუშვა ბავშვთან მიდგომებთან დაკავშირებით, იყო შემთხვევები, როდესაც ინფორმაციისა და გამოცდილების ნაკლებობიდან გამომდინარე მშობლებიც უშვებდნენ შეცდომებს. ასეთი იყო წინასწარი მზაობისა და ინფორმაციის ნაკლებობა, რომლის შედეგადაც ბავშვი თვეობით სახლში ჩაიკეტა და დაეკარგა ნდობა მშობლების მიმართ.

,,ჩემი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მე არ მოვამზადე ბავშვი არ ვუთხარი, რომ მას ნემსს გაუკეთებდნენ, კარდიოგრამას გადაუღებდნენ.’’

6 წლის მატეოს დედა

კლინიკის გამოცდილების გამოყენება ბავშვის შესაშინებლად: ასევე მშობლები თავადვე უარყოფით კონტექსტში, ბავშვის შესაშინებლად იყენებდნენ კლინიკის გარემოს, სანაცვლოდ კი ბავშვისგან სასურველი ქევის მოლოდინი ჰქონდათ. ამგვარი მიდგომით, მიაღწიეს სასურველ შედეგს, ბავშვი შეაშინეს კლინიკაში წასვლით, ბავშვს კი დააწყებინეს ჭამა, თუმცა ამ გზით კიდევ უფრო უარყოფითი დამოკიდებულება გაუჩინეს კლინიკის მიმართ და კლინიკა ერთგვარ სასჯელ დაწესებულებად გამოიყვანეს, ნაცვლად იმისა, რომ პირიქით დადებით გამოცდილებასთან დაეკავშირებინათ.

,,მერე ეს ისე გამოვიყვანეთ, რომ წაგიყვანთ და დაგაწვენთ კლინიკაში თუ არ შეჭამ საჭმელსთქო და იმდენად არ უნდოდა საავადმყოფოში ყოფნა, რომ დათანხმა ეჭამა საჭმელი.’’

6 წლის ალექსის დედა

ტელეფონზე დამოკიდებულება: კიდევ ერთ მნიშნელოვან პრობლემად იყო დასახელებული კლინიკაში ვიზიტის დროს ტელეფონის გამოყენება, რომელმაც ერთ-ერთი რესპოდენტის შვილის შემთხვევაში მეტყველების განვითარების დაგვიანებაც კი გამოიწვია.

,,ჩვენ ასე გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო ტელეფონის ბრალი. როცა კლინიკაში მოვდიოდით ხოლმე და სხვადასხვა პროცედურები უტარდებოდა ამ დროს გვიწევდა, რომ ტელეფონი მიგვეცა მისთვის ძალიან ხშირად, რომ გაგვეჩერებინა პალატაში.’’

6 წლის ალექსის დედა

მშობლის სირცხვილის განცდა: ამას ერთვის მშობლის სირცხვილის განცდა არასათანადოდ ჩატარებული სამედიცინო პროცედურების შემდეგ ბავშვის უარყოფით რეაქციაზე, როგორიც არის აგრესია, ტირილი, პროტესტი და ასე შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ მშობლებმა მხარი დაუჭირონ თავიანთ შვილებს დაეხმარონ დამშიდებაში და მიღებული სტრესის გადატანაში, ისინი თავს შერცხვენილად გრძნობენ, ერიდებათ გარშემომყოფების და არ აქვთ მიმღებლობა ბავშვის რთული მდგომარეობის მიმართ.

,,ძალიან მაგარი ფრაზა იყო, რომ მშობლებს ბავშვები ისე ექცევიან, რომ მშობლებს ერიდებათ, ცხვენიათ და ცდილობენ, რომ მათი (იგულისხმება ბავშვის აგრესია პროცედურების დროს) გადაზედმეტებული აგრესიული მდგომარეობა, რეალურად ამ დროს ბავშვი ხომ განიცდის და ყველანაირად შეიძლება მოიქცეს, შენ როგორც მშობელს მაინც გინდა რომ შენი შვილი ზრდილობიანი იყოს და როცა თავიანთი შვილი ასე იქცევა, მშობლებს ამის რცხვენიათ და ერიდებათ, მერე შენიშვნას აძლევენ ბავშვებს და ასე შემდეგ.’’

6 წლის მატეოს დედა

სინანულის განცდა: თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მშობლები პირიქით ნანობდნენ თავიანთ შეცდომებს და საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ვერ შეძლეს კლინიკაში ვიზიტთან დაკავშირებული დეტალების გათვალისწინება და თავიანთი შვილისთვის სტრესის თავიდან არიდება.

,,მე ძალიან ვადანაშაულებ ჩემ თავს, ვფიქრობ ხოლმე, რომ სად ვიყავი აქამდე, იმდენად სენსიტიურები არიან ბავშვები, არ ვიცი როგორ გამომეპარა ეს, რომ შემემზადებინა ბავშვი, სხვანაირი მიდგომა გამომეყენებინა, ალბათ არ ექნებოდა ასეთი შიშის გრძნობა და იმ პერიოდს მარტივად გადავლახავდით.’’

6 წლის მატეოს დედა

 

სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების დროს მიღებული უარყოფითი გამოცდილებები

გულგრილი დამოკიდებულება და დაუდევრობა: აღნიშნულ შემთხვევაშიც პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ძალადობრივი პროცედურების ჩატარება, ექიმების გულგრილი დამოკიდებულება პაციენტების მიმართ, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტებს ცალკე ინდივიდუალური დრო არ ეთმობოდათ ან ეს დრო პაციენტის გარდა სხვა საქმიანობებსაც ხმარდებოდა. ამ ყველაფერს თან ერთვის დაუდევრობა, რომლის გამოც ექიმებს ერთ-ერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემაც კი გამორჩათ.

,,2 სხვადასხვა კლინიკაში, სხვადასხვა პედიატრთან ასეთი შემთხვევები იყო, ექიმი თან პარალელურად ტელეფონზე ლაპარაკობდა, თან ბავშვს სინჯავდა, თან ვიღაცების მესიჯს პასუხობდა ტელეფონზე, ამ დროს ვიღაც კარს შემოაღებდა რაღაცას კითხავდა და ეს პასუხს გასცემდა და ბავშვს გულისყურით ვერ უსმენდა, მაგის გამო იყო ზუსტად, რომ ორი წლის ისე გახდა ბავშვი, რომ ამ კონკრეტულმა პედიატრმა ვერ გაიგო, რომ ბავშვს რაღაც პრობლემა ჰქონდა.’’

2 წლის სანის დედა

უყურადღებობდა და გადაჭარბებული აქცენტირება: მშობლები ხშირად უჩიოდნენ უყურადღებობასა და ინდიფერენტულ დამოკიდებულებას, ხოლო ამის საპირისპიროდ იყო შემთხვევები, როდესაც პირიქით პროფესიული ინტერესიდან გამომდინარე გამოხატავდნენ გადაჭარბებულ, ბავშვისა და მშობლისთვის შემაწუხებელ ყურადღებასაც კი. ამაზე საუბრობს 7 წლის გაბოს დედა.

,,იქ კლინიკაში, რომ მიდიხარ იმხელა ყურადღებას არ გაქცევენ, როგორც საჭიროა, ვუთხარი, რომ გაბოს აქვს გულის მანკი და მაგის მერე მაშინვე შეეცვალათ დამოკიდებულება, თითქოს მუზეუმში ვიყავით და ყველა ჩვენ გვათვალიერებდა ყველა შემოდიოდა და გვიყურებდა, სანამ ვუხსენებდი გულის პრობლემას, მანამდე დიდად არ მოუქცევიათ ყურადღება, კი გავუკეთებთ, მაგრამ რათ გინდათ და მოკლედ აი ასე…’’

,,დახმარებას ვითხოვდი, იქნებ ვინმემ წყალი მომაწოდოთთქო, მაგრამ კაცისშვილმა არ მომაქცია ყურადღება, რაღაცნაირი აგდებული დამოკიდებულება ვიგრძენი მათგან, თითქოს ეს ყველაფერი უმნიშვნელო იყო. მერე როცა შევედით ანალიზებზე, იქაც რაღაცებზე მეწინააღმდეგებოდნენ და მერე ვუთხარი გულის მანკი აქვს და არ მინდა, რომ რამე ცუდად გავაკეთოთქო და ეს როგორც კი ვუთხარი მაშინვე გვერდითა ოთახიდან ერთი გამოვარდა, მეორე გამოვარდა, მესამე, მერე აბა ახლა დაწექით, აი ასე გაიკეთეთ, ისე გაიკეთეთ, აქ უნდა მოთავსდეთ, რაღაც საოცრებები მოიფიქრეს იმ მომენტში, ამის მერე დაიწყეს ჩვენთვის ყურადღების მოქცევა, მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ყურადღებას იცით როგორ გვაქცევდნენ აი თან სხვებს ეუბნებოდნენ რომ აი ნახეთ ამას რა სჭირს, ამ ბავშვს მანკი აქვს, ერთი მოვიდა, მეორე მოვიდა მართლა მანკი ააქვს, მეთქი ქალბატონო ნაოპერაციებია ბავშვითქო, მოკლედ ძაან გამაღიზიანებელი იყო ეს ყველაფერი. რაღაც თავი ის ვიგრძენი თითქოს ცირკში მივდიოდი და მაიმუნებს ვუყურებდი, ბოლოს ძალიან გავღიზიანდი და მერე ვთქვი აღარავინ შემოვიდესთქო, იმდენად ბევრი ადამიანი შემოვიდა პალატაში ძალიან გავღიზიანდი, ზოგადად არ ვარ ფეთქებადი ადამიანი, მაგრამ ნახევარ საათში 30-40 ადამიანი რომ შემოდის და გეკითება შენ ნამდვილად გულის მანკი გააქვს? აბა გვაჩვენეთ აბა რა გაიკეთეთ და ძაან გამაღიზიანებელი იყო. თან ისე აკეთებენ ამას რომ არც არაფერი, ანუ ის კიარა ცოტა მორიდებით, მართლა გაიკეთეთ? ან რამე მსგავსი, ან შეიძლება რომ ბავშვს გავესაუბროო, ესეთი კითხვა არავის დაუსვამს, საერთოდ არ უფიქრიათ რომ აი ბავშვს უნდა რომ გვესაუბროს ამ საკითხზე? არც მშობელი ჩაუგდიათ არაფრად და არც ბავშვი, რაღაც გამოგვცადეს, საცდელი კურდღლები ვიყავით თითქოს, აგდებული დამოკიდებულება იყოს ეს მეტი არაფერი. ბავშვას ის აინტერესებდა დედა ამდენი ადამიანი რატომ შემოვიდაო, აშკარად მასაც არ მოეწონა ამდენი ადამიანი რომ შემოვიდა, ეს ყველაფერი შესამჩნევი და უარყოფითი იყო მისთვისაც.’’

 

,,მე ისე ვიგრძენი თავი თითქოს გალიაში ვყავდით ჩაკეტილი ვიღაცას მოდიოდნენ და გვათვალიერებდნენ.’’

7 წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

 

პირადი სივრცის დარღვევა: როგორც ამ შემთხვევიდან იკვეთება, სამედიცინო პერსონალი თავდაპირველად დიდ ყურადღებას არ იჩენდა ბავშვის მდგომარეობის მიმართ, ხოლო მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ბავშვს ჰქონდა გულის მანკი და მათთვის ეს საინტერესო შემთხვევა იყო, ყველა დაინტერესდა მისი გამოცდილებითა და სამედიცინო ისტორიით, შედეგად დაარღვიეს ბავშვისა და მშობლის უფლებები და მათი პირადი სივრცე, დაუკითხავად ძალიან ბევრი ადამიანი შევიდა პალატაში ბავშვის სანახავად, რამაც დათრგუნა, როგორც მშობელი, ისე ბავშვი. ნაცვლად ბავშვის მდგომარეობის ნორმალიზებაზე ზრუნვისა, მათ ბავშვს გაუჩინეს ის განცდა, რომ მის თავს რაღაც განსაკუთრებული, განსხვავებული და საშიში ხდებოდა.

კონფლიქტური სიტუაცია: გარდა ამისა იყო შემთხვევები, როდესაც მშობელსა და სამედიცინო პერსონალს შორის მოხდა კონფლიქტი, სამედიცინო პერსონალი მშობელს მოუწოდებდა ბავშვის დამშვიდებისკენ, ამ ყველაფერს არ თვილა თავის ერთ-ერთ მოვალეობად და პირიქით ისედაც განერვიულებულ და დაბნეულ მშობელზე დამატებით ზეწოლას ახორციელებდა. ამგვარი კონფლიქტური გარემო კი, რა თქმა უნდა, ბავშვზეც მოქმედებს და მასაც მეტად ანერვიულებს. კიდევ უფრო რთულ მდგომარეობას ვხვდებით, ნინცას შემთხვევაში, რომელსაც წინასწარი შემზადების გარეშე, მშობლის გაუფრთხილებლად და მისგან დამოუკიდებლად, ძალადობრივად ჩაუტარდა პროცედურები, ბავშვი გააკავეს, დააზიანეს, მიაყენეს ტკივილი და სტრესი, შემდგომ კი მშობელთან შევიდნენ კონფლიქტში და თავადვე

 

აღიარეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო და მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ბავშვისა და მშობლის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება.

 

,,მე ვეუბნებოდი, თუ შეიძლება სანამ რამეს გავუკეთებთ იქნებ ვაჩვენოთ, რომ ეს არ არის მტკივნეული, მერე ამაზე მთელი ამბავი იყო, აქეთ გადმოვიდნენ შეტევაზე, მეკამათებოდნენ, რომ ასე ვერაფერს ვერ ვაჩვენებთ და თქვენ უნდა დაამშვიდოთო.’’

6 წლის მატეოს დედა

,,მერე მითხრა საღამომდე არ იქნება ოპერაციაო, შეგიძლია ბაზარში წახვიდე რაღაცები მოიმარაგო და მერე შევიყვან საოპერაციოდო, მერე ექთანს ვუთხარი ერთი 10 წუთი ჩავალ მაღაზიაშითქო და ჩემ გარეშე ბავშვს არ მოკიდოთ ხელითქო და რომ ამოვედი ბავშვი ვერ ვნახე, ბავშვი ბღაოდა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ბღაოდა, ოთხ მამაკაცს ეჭირა ბავშვი, გაკავებული ჰყავდა და სულ დასისხლიანებული იყო, ელემენტარული ვენის კათეტერი ვერ ჩაუდგეს, აი მაშინ მიიღო საშინელი სტრესი. მაგ დროისთვის 4 წლის იყო, გლანდების ოპერაციას სანამ გაუკეთებდნენ იქამდე, იმ დღესვე. ხოდა მერე ვიჩხუბე, ექთანს ვუთხარი მშობლის გარეშე, პატარა ბავშვი, რომ მიგყავთ, კათეტერს, რომ უდგამთ, თან ბავშვი ბღავის, ხელები ჩალურჯებული და დასისხლიანებული აქვსთქო, გულზე რამე, რომ მოსვლოდა ბავშვს ამდენი ტირილისგანთქო და ამაზე მიპასუხა ქალბატონო ეს პირველი ხომ არ არისო, ამას, რომ ვაკეტებთო და აქეთ მაწვებოდა და შენიშნვას მაძლევდა. ეს იყო ძალიან ცუდი შემთხვევა.’’

9 წლის ნინცას დედა

არაორგანიზებული გარემო: ამას ერთვის მშობლების წუხილი რიგების, ქაოტური და არაორგანიზებული გარემოს შესახებ, სადაც არ არის გამოყოფილი სათამაშო სივრცე ბავშვებისთვის და შესაბამისად შეუძლებელია ბავშვი რაიმე სხვა აქტივობით დაკავდეს, ყურადღება გადაიტანოს, დრო გაიყვანოს და თავი დააღწიოს მტანჯველ ლოდინს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მის ხასიათზე, განწყობაზე და პროცედურებისთვის მზაობაზე.

,,მეორე შემთხვევა იყო ერთ კლინიკაში, რომ მივიყვანე პედიატრთან რამდენიმე პაციენტი შეყავდა ერთდროულად, ვითომ რიგი, რომ მალე გაეყვანათ ზოგი ჯანმრთელი იყო ზოგს რაღაც სჭირდა, ძალიან ქაოსური და არაორგანიზებული სიტუაცია იყო.’’

,,შედარებაც კი არ შეიძლება ჯო ენის კლინიკის სხვა კლინიკებთან იმიტომ, რომ ჯერ ყველგან არის დაუსრულებელი რიგები, იმდენხანს გიწევს ლოდინი გეგმიურ ვიზიტზეც კი, რომ იქვე შეიძლება ბავშვს რაღაც დაემართოს. ჩაწერილი რომც იყო მაინც გიწევს რომ 1 საათი პედიატრს დაელოდო, ამ მხრივ ჯო ენში მოწესრიგებულები არიან, მერე ეს ბავშვზეც მოქმედებს, ნახევარი საათი, რომ გავა უკვე ვეღარ ისვენებს, ღიზიანდება, ისეთი მზაობა აღარ აქვს როგორიც მანამდე ჰქონდა, მერე აღარც მშობელს უსმენს, აღარც ექიმთან შესვლა, მოკლედ ძალიან უარყოფითად ისახება ბავშვის გუნება-განწყობაზე.’’

2 წლის სანის დედა

მშობლის დამატებითი საზრუნავები: აღსანიშნავია, ისიც, რომ მშობელს გარდა იმისა, რომ საკუთარი შვილისთვის უნდა მიექცია ყურადღება იყო შემთხვევები, როცა დამატებითი საზრუნავებიც ჰქონდა, როგორიც არის ანტისანიტარია და პალატაში სისუფთავეზე ზრუნვა, რის გამოც ხშირად გამოუვალი სიტუაციები იქმნებოდა.

,,აი მაგალითად პალატაში ნაგავი, რომ დაგროვდებოდა უნდა გაეტანა პაციენტს, სად უნდა გამეტანა, როცა პატარა ბავშვთან ერთად ვიყავი იქ.’’

6 წლის თამთას დედა

 

ჯო ენის პაციენტების გამოცდილება

 

ის რაც აქამდე ითქვა, წარმოადგენდა საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში ბავშვებისა და მათი მშობლების ვიზიტების გამოცდილებას. აღნიშნული გამოცდილება ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა კლინიკებს (წარმოდგენილი იყო, როგორც მხოლოდ სხვადასხვა კლინიკის პაციენტების, ისე ჯო ენის პაციენტების სხვა კლინიკებში ვიზიტების გამოცდილებები) და არა ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მიღებულ გამოცდილებას, რადგან აღნიშნულ კლინიკაში სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ თავიანთი პაციენტების, მათი მშობლებისა და ოჯახის წევრების მიმართ,  ასევე პაციენტთან მიდგომებთან, კლინიკის გარემოს მოწყობასთან თუ სხვა ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ჯო ენის კლინიკაში პაციენტებთან და მათ მშობლებთან აქტიურად მუშაობენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები/ფსიქოლოგები და ყოველდღიურად ცდილობენ კლინიკის გარემოში მიღებული გამოცდილების დადებითისკენ შეცვლას.

ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ პროცედურებამდე/ოპერაციამდე ბავშვის მომზადების პროცესი

იმისგან განსხვავებით, რაც აქამდე იყო ნახსენები, ჯო ენის კლინიკაში, სადაც ექიმებთან და ექთნებთან ერთად პაციენტებთან ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებიც მუშაობენ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, ამ შემთხვევაში აღარ ვხვდებით დიქოტომიას ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის, რადგან აღნიშნულ კლინიკაში თანაბარი ყურადღება ექცევა, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას. სამედიცინო გუნდი ორინტირებულია იმაზე, რომ იზრუნოს ბავშვის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მართონ დაავადება და ამასთან ერთად იშველიებენ ფსიქოლოგებს, რომლებიც ბავშვებთან მიმართებაში იყენებენ სწორ ფსიქოლოგიურ მიდგომებს, ეს მიდგომები კი გაზიარებულია მთლიანი გუნდის მიერ, იქნება ეს ექიმი, ექთანი, სანიტარი თუ ნებისმიერი სხვა თანამშრომელი.

წინასწარი შემზადება: პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ფსიქოლოგები აკეთებენ, არის ბავშვის წინასწარი მომზადება პროცედურების ან ოპერაციის ჩატარებამდე. წინასწარ მომზადებაში იგულისხმება კლინიკის გარემოს, საპროცედურო ოთახის, სამედიცინო ინსტრუმენტების, სამედიცინო გუნდის გაცნობა, ბავშვის ინფორმირება საკუთარი დიაგნოზის შესახებ, ისინი ბავშვს დეტალურ ინფორმაციას აწვდიან თავისი მდგომარეობის შესახებ და მისი ასაკის და განვითარების დონის შესაბამის ენაზე უხსნიან ყველაფერს.

,,გარემო ისეთი დახვდა, რომ სანამ უშუალოდ საპროცედურო ოთახში შევიდოდით ცოტახანი გაერთო, გარემო დაათვალიერა და პირველ რიგში შევედით ექიმთან კონსულტაციაზე, პირველად იქ, რომ შევედით ცოტა აფორიაქდა, გაუცხოების მომენტი ჰქონდა და ექიმის ასისტენტმა დასვა ბავშვი ანახა ის აპარატი, რითაც უნდა გაესინჯა, თვითონაც დააჭერინა ხელში, ათამაშა, აუხსნა რისთვის იყო საჭირო, რამდენჯერმე გააკეთებინა იგივე, რაც ექიმს უნდა გაეკეთებინა მისთვის და შეამზადა პროცესისთვის ისე, რომ ყველაფერს უმტკივნეულოდ ჩაევლო, შემდეგ თვითონ ექიმიც მოვიდა, მოუტანა ლოლიპოპი ფერადი, რომ ბავშვის კეთილგანწყობა დამესახურებინა და საბოლოო ჯამში ბავშვს არ გაუპროტესტებია არაფერი, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, იმდენად კარგად შეამზადეს წინასაწრ პროცედურისთვის.’’

  • წლის თამთას დედა

 

,,სანამ კბილებზე ოპერაციას გაიკეთებდა, მანამდე გოგოებმა მოუტანეს პატარა წიგნები, სადაც დეტალურად იყო ახსნილი რატომ ვიკეთებდით კბილებს, იმიტომ, რომ იქ კარიესები ჰქონდა და ეს კარიესები არ შეიძლებოდა მისი გულისთვის, ბაქტერიები მისთვის იყო საზიანო, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი.’’

  • წლის სანდროს დედა

 

შესაბამისად ამგვარად ხდებოდა ბავშვის ინფორმირება და წინასწარი შემზადება ოპერაციამდე, ბავშვს ჰქონდა დეტალური ინფორმაცია ოპერაციის მიზნის და ჩასატარებელი პროცედურის შესახებ, ასევე წინასწარ ამზადებდნენ იმისთვისაც, რაც დახვდებოდა ოპერაციის შემდეგ გაღვიძებისას, რომ მოულოდნელობას ბავშვი არ შეეშინებინა და გაეღიზიანებინა.

 

,,შედარებით რთული თემა იყო ხოლმე ოპერაციის შემდეგ ბავშვები, რომ გაიღვიძებნენ სად იქნებოდნენ და ამასაც თამაშ-თამაშით დეტალურად უხსნიდნენ, სად იქნებოდნენ, სად გაირვიძებდნენ, რა სიტუაცია იქნებოდა რეანიმაციაში, იმასაც ეუბნებოდნენ, რომ იქ დედიკო არ იქნებოდა, მაგრამ დედიკო აქ ქვემოთ დაელოდებოდა, მერე ისინიც რას ეუბნებოდნენ მეც იგივეს ვუმეორებდი ხოლმე, რომ ქვემოთ დაველოდებოდი. მერე უხსნიდნენ ხანდახან მოვა ხოლმე გნახავსო და მერე ისევ წავაო, მაგრამ მთელი დღე იქ ყოფნა არ შეუძლია დედიკოსო.’’

6 წლის თამთას დედა

 

არის შემთხვევები, როდესაც ამგვარი წინასწარი მზაობის და დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ თავად მშობლებს, თუმცა პირადი გამოცდილებითვე ხვდებიან თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის საკუთარი დიაგნოზის და ჩატარებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის ცოდნა და როგორ სიმშვიდეს გვრის ბავშვს ამგვარი ინფორმირებულობა.

,,ფსიქოლოგი პირიქით, სულ სხვანაირად მოიქცა, დაისვა ბავშვი და დეტალურად აუხსნა რა გაუკეთეს, უთხრა რომ აი გაგიკეთეს ოპერაცია, მე ცოტა შეშინებული ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ აი რათ გინდა ამ ყველაფერს რომ უხსნი ასე დეტალურადთთქო, თან პარალელურად იქ ვისხედით და რაღაცას ვთამაშობდით, ეთმანეთს ასე თვალებში არც ვუყურებდით, ფსიქოლოგი თან ეთამაშებოდა თან ესაუბრებოდა და მე რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ტყუილად აკეთებდა ამ ყველაფერს, ვფიქრობდი არ გინდათთქო, მაგრამ ამ დროს ეს ფსიქოლოგი მიტრიალდა მეორე მხარეს რაღაც სათამაშოსკენ და მატეოც მაშინვე მოტრიალდა, ანუ როგორც კი შეჩერდა საუბარი ამასაც რეაქცია ჰქონდა და აი მანდ მივხვდი, რომ ბავშვი აბსოლუტურად ყველაფერს უსმენდა, აინტერესებდა, ძალიან ყურადღებით უსმენდა და აი ახლაც ყოველდღე ძილის წინ მეკთება ხოლმე რომ აი დედა აქ რა გამიკეთეს, აქ ოპერაცია გამიკეთეს? აქედან გლანდები ამომიღეს? გლანდები აქ მაქვს თუ აქ მაქვს? როგორ ამომიღეს? ორი ცალი იყო? ანუ ზუსტად იმას მეუბნება და აზუსტებს ხელახლა რასაც ფსიქოლოგი უხსნიდა მას. ახლაც აქვს შემორჩენილი ეს მომენტი. იმდეან მშვიდად არის, რომ აი ამ ყველაფრის ახნსა აშკარად საჭირო იყო.’’

  • წლის მატეოს დედა

შემდგომში ბავშვიც სწორედ ამგვარ მიდგომას ეჩვევა და მშობლებისგანაც აქვს იმის მოლოდინი, რომ ის ყოველთვის ეტყვის სიმართლეს, არ მოატყუებს და წინასწარ გააფრთხილებს თუ რა პროცედურა ჩაუტარდება, რომელი ინსტრუმენტებით, ეტკინება თუ არ ეტკინება, ცივი იქნება თუ ცხელი და ასე შემდეგ.

 

,,ფსიქოლოგები მეც ყოველთვის მეუბნებიან ხოლმე, რომ სანდროს არასდროს არაფერი არ მოატყუო, უთხარი ყველაფერი ის, რაც მართლა მოხდება და რაც უნდა გაუკეთდეს, რომ შემდეგ მას არ შეეშინდეს. სანდროც ასეა მიჩვეული, თვითონაც ყოველთვის ამას მეუბნება – დედიკო, არ მომატყუო, ყოველთვის მითხარი ის, რაც უნდა გამიკეთონ.’’

  • წლის სანდროს დედა

 

რეაქცია მოულოდნელობაზე: იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვს არ აქვს წინასწარი მზაობა და წინასწარ არ არის გაფრთხილებული იმის შესახებ თუ რა უნდა ჩაუტარდეს, იწყებენ ტირილს, ეშინიათ, შფოთავენ და ეს ყველაფერი სტრესული გამოცდილებაა მათთვის.

 

,,მითხრეს ვენიდან უნდა ავიღოთ სისხლიო, მეთქი კარგი ოღონდ ცოტახანს გავიყვან სანდროს და მერე შემოვალთთქო, რატომო და მეთქი სანდროს წინასწარ უნდა ავუხსნა რა უნდა გაუკეთოთქო, რომ გავიყვანე და სანდროს ავუხსენი, მითხრა კიო, მე არ მეშინიაო, მაგრამ ასე პირდაპირ, რომ მივიყვანო და ისეთი რაღაც გაუკეთონ რის შესახებაც წინასწარ არ ეცოდინება, მაგ შემთხვევაში ეშინია, ტირილს იწყებს და მერე მეჩხუბება ხოლმე, მსაყვედურობს, მეუბნება შენ მე მომატყე და არ მითხარი, ის რაც უნდა გაეკეთებინათ.’’

 

,,ალბათ იქ რომ ფსიქოლოგები არ ყოფილიყვნენ სანდრო არასდროს არ მკითხავდა იმას წინასწარ რომ მითხარი იქ რომ მივალთ მე რა უნდა გამიკეთონ, ეს ყველაფერიც ჩვენ ამ ფსიქოლოგებისგან ვისწავლეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარი მზაობა.’’

7 წლის სანდროს დედა

 

სწორედ ამგვარი წინასწარი შემზადებაა იმის გარანტია, რომ ბავშვი უშფოთველად, შესაბამისი ფსიქოლოგიური მზაობით ჩაიტარებს სამედიცინო პროცედურას თუ ოპერაციას, ეს ყველაფერი კი მისთვის არ იქნება მატრავმირებელი გამოცდილება, რომელიც სხვა დროსაც უარყოფითად შეახსენებს თავს.

 

,,საოპერაციოდ ჩვენ შევიყვანეთ სიცილით და ხარხარით. ანუ ისეთი გაღინებული დავაწვინეთ, ისეთი შემართებით შევიდა.’’

6 წლის მატეოს დედა

 

ბავშვთან სწორი ფსიქოლოგიური მიდგომების გამოყენების მნიშვნელობა; შეუსაბამო მიდგომებიდან გამომდინარე უარყოფითი შედეგები

 

ტყუილის მიუღებლობა: ფსიქოლოგების მრიდან ამგვარი მიდგომების გამოყენების შემდეგ, თავად ბავშვი და მისი მშობელიც ეჩვევა იგივე დამოკიდებულებას და შესაბამისად ბავშვებს მიუღებლობა უჩნდებათ განსხვავებული დამოკიდებულების მიმართ, ისინი აღარ იღებენ ტყუილს და პროტესტს გამოთქვამენ, როდესაც მათ სიმართლეს არ ეუბნებიან, განსაკუთრებით მძაფრი რეაქცია აქვთ ტყუილის მიმართ.

 

,,მერე სანდრო ეკითხებოდა დამანახე როგორი ნემსია დიდია თუ პატარა არისო, ექთანი ეუბნებოდა არ გეტკინებაო და სანდრომ შეუსწორა არ მეტკინება არა ცოტათი მეტკინებაო.’’

 

,,სანდრომ რომ გაიღვიძა მეუბნებოდა შენ მითხარი, რომ ჩვენ სახლში მივდიოდით და სახლში რატომ არ მივდივართ, შენ მე მომატყუეო… ბოლოს კიდევ ერთხელ, რომ დაგვჭირდა ოპერაცია ამას მე თვითონაც არ ველოდი, სანდრო ძალიან გაბრაზდა, ძალიან ინერვიულა, მეუბნებოდა რატომო, შენ ხო მითხარი, რომ მეტი არ დაგვჭირდებაო, შენ ხო მითხარი, რომ ჩვენ უკვე სახლში მივდივართო, რატომ მომატყუეო.’’

7 წლის სანდროს დედა

 

უნდობლობა მშობლის მიმართ: იყო შემთხვევები, როდესაც ტყუილის და ინფორმაციის დამალვის გამო ბავშვებს მშობლის მიმართ უნდობლობა გაუჩნდათ, ერთ-ერთი ბავშვის შემთხვევაში კი, როდესაც მას ჩაუტარდა მტკივნეული სამედიცინო პროცედურები წინასწარი შემზადებისა და ინფორმირებულობის გარეშე, ის თავის თავში ჩაიკეტა, თვეების განმავლობაში სახლიდან არ გადიოდა, ურთიერთობა არ ჰქონდა სხვა ბავშვებთან, აღარ ენდობოდა მშობლებს, რომ მიჰყავდათ სხვაგან და არა გასართობ სივრცეში, თუმცა ამგვარი მდგომარეობა მალევე გამოსწორდა, რაც ჯო ენში მოხვდნენ და ბავშვთან მიმართებაში სწორი მიდგომები გამოიყენეს, წინასწარი შემზადებისა და ინფრომირების სახით.

 

,,მერე უკვე ნარკოზი, რომ გაკეთდა და გაიღვიძა, მერე სხვანაირი განცდები ჰქონდა ყველაფერი სტკიოდა, მერე ჰქონდა ჩემ მიმართ პროტესტი, რომ შენ ხო მითხარი რომ არ მეტკინებაო, მაგრამ მეტკინაო, მერე ძაან დიდი ხანი ჩემ მიმართ ჰქონდა პროტესტი, შენ მე მომატყუეო და მერე ითხოვდა, რომ მამასთან ყოფილიყო, იმიტომ, რომ მამა არ მომატყუებსო. მე რომ შემყავდა მაშინ ვუთხარი, რომ გეტკინება, მაგრამ უმნიშვნელოდთქო, მერე რომ გაიღვიძა აწუხებდა ეს ყველაფერი, დაჭიმული ჰქონდა გულ-მკერდი და ჭრილობა, მილები ჰქონდა, დრენაჟი ჰქონდა…’’

7 წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

 

,,ჩვენ ვიფიქრეთ, რომ გამოვიდა ამ მდგომარეობიდან, დაუბრუნდა ნდობა ჩემ მიმართ, ისევ აქტიური, კონტაქტური გახდა, მანამდე კიდევ ჩაკეტილი იყო, ხალხთან ურთიერთობა არ უნდოდა საერთოდ, ბავშვებთანაც არ უნდოდა თამაში, არ მიჯერებდა, რომ სადღაც კარგ ადგილას მიდიოდა, მაინც იმის მოლოდინში იყო, რომ ისევ ექიმთან შევიყვანდით.’’

  • წლის მატეოს დედა

 

შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე სწორი მიდგომები იყოს გამოყენებული ბავშვთან მიმართებაში, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვის კლინიკის გამოცდილება ბევრად უფრო პოზიტიური და ტრავმებისგან დაცლილია. სწორედ ასეთი შემთხვევაა ერთ-ერთი რესპოდენტის შვილის შემთხვევაში, რომელიც ძალიან პატარაობიდანვე ჯო ენის პაციენტია. მშობლის გადმოცემით, მას არასდროს არ ჰქონია შიში თეთრხალათიანი ადამიანების მიმართ და მისთვის კლინიკა დადებით და პოზიტიურ გარემოსთან ასოცირდება.

 

,,შიში არასდროს არ ჰქონია მანდ მოსვლის, ფსიქოლოგები შემოდიოდნენ, მასთან სათამაშოები მოჰქონდათ ხოლმე, კი იცოდნენ, რომ ძალიან პატარა იყო, მაგრამ მაინც უხაროდა ის ხმა, ფერადი რაღაცებიც მოსწონდა. მერე უკვე კონსულტაციაზე რომ დავდიოდით, გაბო უკვე მიჩვეული იყო და არ ჰქონია ის პროტესტი, რომ რაღაცას ვერ შევეგუები, მეშინია, პირიქით როცა უკვე აზრზე მოვიდა და იცოდა რომ მივდიოდით ჯო ენში ძალიან უხაროდა ხოლმე, იმიტომ, რომ იცოდა იქ დახვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მასზე იზრუნებდნენ, ისეთ გარემოცვაში როცა მიდიხარ სადაც შენზე ზრუნავენ ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, მანდ ნამდვილად მასე იყო, მასზე ყოველთვის ზრუნავდნენ…’’

 

,,ექიმები უყვარს ძალიან და ეს იმიტომ ხდება, რომ მაქაური გავლენაა მასზე, რადგან მანდ, რომ მოდის უხარია, იმედიანად არის როცა ექიმთან მოდის, აი ბავშვებს რომ აქვთ ხოლმე ექიმების შიში, თეთრი ხალათის შიში გაბოს მასე არ აქვს.’’

  • წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

ტექნიკები და მიდგომები, რომლებსაც დადებითი ეფექტი აქვს პროცედურების ჩატარების დროს

 

კეთილგანწყობის მოპოვება: იმისათვის, რომ ბავშვისთვის კლინიკის გამოცდილება არ იყოს ასოცირებული უარყოფითთან და ბავშვმა მარტივად გადალახოს ცხოვრების ეს ეტაპი, გარსემომყოფების მხრიდან, იქნება ეს ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, მშობელი თუ ნებისმიერი სხვა, მნიშვნელოვანია გამოყენებული იყოს სწორი მიდგომები და ტექნიკები. როგორიც არის მაგალითად ბავშვის კეთილგანწყობის მოპოვება, ბავშვისთვის განსაკუთრებით რთულია გარემო და ის ადამიანები, რომლებიც მას ტკივილს აყენებენ აღიქვან პოზიტიურ ჭრილში და ნდობის ფაქტორი გაუჩნდეთ მათ მიმართ, ამიტომ მნიშვნელოვანია მანამ სანამ უშუალოდ პროცედურის ჩატარებაზე გადავლენ გარკვეული პიროვნული ურთიერთობა დაამყარონ ბავშვთან და მოიპოვონ მისი ნდობა და კეთილგანწყობა.

 

,,ანესთეზიოლოგიც, რომ შემოვიდა, შემოვიდა სადღაც 5-ჯერ. პირველ ჯერზე უბრალოდ შემოვიდა, გაგვაცნო თავი, რაღაცა გაეხუმრა გავიდა, მეორედაც შემოვიდა გაეხუმრა, გაგვაცინა გავიდა, ანუ რამოდენიმეჯერ შემოვიდა და ბავშვი უკვე მშვიდად იყო, დაძაბულობა მოეხსნა, ნერვიულობა მოეხსნა.’’

  • წლის მატეოს დედა

 

ბავშვის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში: ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავად ბავშვიც იყოს ჩართული. მშობელი ან ნებისმიერი სხვა პირი თვითონ ბავშვს ეკითხებოდეს თუ მას რა როგორ ურჩევნია. არჩევანის თავისუფლება და ბავშვისთვის აზრის კითხვა მეტ მიმღებლობას სძენს ნებისმიერი პროცედურის მიმართ.

,,მხოლოდ ანალიზების გაკეთება არ უყვარს, აქვს ხოლმე დისკომფორტი, წინასწარ მეკითხება ხოლმე ეტკინეა თუ არ ეტკინება, თუ გავუკეთებთ პეპლით იცის, რომ ეს არ ეტკინება, თუ გაიკეთებს ნემსით იცის, რომ ეტკინება, ამიტომ წინასწარ ერთად ვთანხმდებით ხოლმე ექიმთან, რომ გაუკეტოს პეპელათი.’’

  • წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

 

ბავშვის დაინტერესება: ასევე ფსიქოლოგები ბავშვს თავისუფალ არჩევანს აძლევენ თამაშის პროცესში ჩართვასთან დაკავშირებითაც, ბავშვზე არ ხდება ძალდატანება, რომ გააკეთოს ის, რა მიზანიც თავად აქვთ, არამედ პირიქით, ბავშვის დაინტერესება ხდება იმგვარად, რომ თავად მას მოუნდეს ჩაერთოს თამაშის პროცესში. გარდა ამისა, დაცულია ბავშვის პირადი სივრცე, ფსიქოლიგები ზრუნავენ ბავშვის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე და მორგებული არიან ბავშვის პირად საჭიროებებზე. ამგვარ მიდგომას კი მშობელსაც ასწავლიან.

 

,,პირველი, რაც მომეწონა იყო ის, რომ პირდაპირ ბავშვთან არ დაიწყეს კომუნიკაცია, უბრალოდ ფსიქოლოგი გვერდზე დაჯდა სათამაშოებით და თავისთვის დაიწყო თამაში, ამ გზით მიიქცია ყურადღება და ეს უკვე მომეწონა. იმ დროს ბავშვი იყო კაპიშონით და მე ვნერვიულობდი იმაზე, რომ გაოფლიანდებოდა და ვცდილობდი რომ ეს კაპიშონი მომეხსნა, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, რომ ეს მისთვის არის დაცვლა, ჯობია იყოსო.’’

6 წლის მატეოს დედა

 

ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება: ბავშვთან კომუნიკაცია ხდება ბავშვის ასაკის, მისი განვითარების დონის, დიაგნოზის და გამოცდილების შესაბამისად, რასაც ფსიქოლოგების დახმარებით მშობლებიც აკეთებენ.

მოდელირებით დასწავლა: გარდა ამისა, გამბედაობის მოსამატებლად და ქცევის დასასწავლად იყენებენ მოდელირებას, იყენებენ სპეციალურად კონკრეტული სამედიცინო პრობლებისთვის შექმნილ წიგნებს, სადაც მოყოლილია ისტორია ბავშვის შესახებ, რომელსაც იგივე პრობლემა აქვს და ამ ყველაფერს ,,გმირულად’’ უმკლავდება. თამაშ-თამაშით, სუპერგმირებთან იდენტიფიცირებაც აქტიურად გამოიყენება ბავშვისთვის გამბედაობის მოსამატებლად და პროცედურების გასახალისებლად.

 

,,ყველაფერს ვეუბნები, მისთვის გასაგებ ენაზე ვცდილობ, რომ ავუხსნა, კლინიკაში როცა ვიყავი ძალიან დამეხმარნენ ფსიქოლოგები, მომცეს წიგნი, თავიანთი შექმნილია რამდენადაც ვიცი ,,ტასო გულის კლინიკაში’’, აქ ეწერა დაახლოებით რა როგორ უნდა ამეხსნა, მეც ჩემი მხრიდან შევეცადე, რომ ჩემი შვილისთვის მარტივად გასაგებ ენაზე ამეხსნა, ვუთხარი, რომ შენი გული გატეხილია პატარაზე და ექიმები მას უნდა დაეხმარონ, ამოავსონ, ამოაშენონ და მერე ოპერაციების შემდეგ თვითონაც მაგას ამბობდა, რომ ჩემი გული გატეხილი იყო და ექიმმა გაამთელაო, იცოდა რეალურად რისთვის იკეთებდა ოპერაციას.’’

 

,,იქაც შესაბამისად მომზადებულები დახვდნენ ექიმები, უთხრეს, რომ შენ ახლა სპაიდერმენი უნდა გახდე და ქსელები უნდა გავაბათ, კარდიოგრამას რომ უღებენ გულზე რაღაცებს აკრავენ ხოლმე და ვითომ ესენი იყო სპაიდერმენის ქსელები და ძალიან მშვიდად ჩაიარა ამ პროცედურამაც, შემდეგ ეს სტიკერები, რაც დაკრული ჰქონდა სახლშიც გამოატანეს და ესეც ძალიან გაუხარდა.’’

2 წლის სანის დედა

 

მოდელირების გზით დასწავლა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი მიდგომაა, რომლის დროსაც, როგორც უკვე აღინიშნა, გამოიყენება მულტფილმის გმირები და წიგნები, ისე პირადი გამოცდილებებიც კი.

სხვისი გამოცდილების პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენა: განსხვავებით სხვა კლინიკებისგან, ჯო ენის კლინიკაში სხვა ბავშვების სამედიცინო გამოცდილება პოზიტიურ ჭრილში გამოიყენება, რათა ბავშვმა სხვის მაგალითზე ნახოს თუ როგორ მარტივად და კარგად უმკლავდება ოპერაციას.

 

,,მერე ჩემ მაგალითზეც ვუთხარი, სამი წლის წინ მეც ოპერაცია გავიკეთე და ეგ ვუთხარი, რომ აი თამთა მეც ხომ დამჭირდა ხერხემლის შეკეთებათქო, ნახე იმას არ დასჭირდა, ზოგს არ სჭირდებათ ხოლმე, ზოგს სჭირდებათქო.’’

 

,,აი ამ ბავშვმა გაიკეთა ოპერაცია, აი როგორ აქვს შეხვეული, როგორ თამაშობს, მერე შენც მასსავით ითამაშებ ოპერაციის შემდეგ, ეგ კარგად მოქმედებდა, რომ გაიგებდა სხვამ გაიკეთა ოპერაცია და უკვე კარგად არის, თამაშობს დარბის, ეს მოსწონდა ხოლმე, კარგად მოქმდებდა მასზეც.’’

6 წლის თამთას დედა

 

მოდელირების გზით დასწავლა გამოიყენებოდა სათამაშოების საშუალებითაც, იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვს უჭირდა წამლის დალევა და მას შემდეგ, რაც სათამაშოზე გაიმეორეს იგივე პროცედურა, ბავშვმაც შეძლო წამლის მიღება. მშობელი კი გაოცებული იყო თუ როგორ ვერ მოიფიქრა თავად მსგავსი გზა, სწორედ ეს ფაქტი ხაზს უსვამს კომპეტენტური პირის ჩართულობის მნიშნელობასა და საჭიროებას.

 

,,კიდევ ჰყავდა ნემო, თოჯინა, რომელსაც უჭირდა ძალიან წამლის დალევა, თვითონაც ამ დროს რაღაც წამლები ჰქონდა დასალევი, ვაძლევდით დოზას, დაფხვნილი იყო, ქაღალდში ვდებდით და ისე უნდა მიგვეწოდებინა, მერე გოგოებმა ეს ყველაფერი, წამლის დალევის მომენტი და ისიც, რომ უჭირდა დალევა, გადმოიტანეს ნემოზე, კირას სათამაშოზე და ისე გაუადვილდა დალევა, ჯერ ნემოს ასმევდა ამ წამლებს, მერე თვითონ დალევდა. მოკლედ ისე ადვილად შეეგუა მერე, სულ ვფიქრობდი ნეტავ მე რატომ ვერ ვიფიქრე აქამდე, რომ ეს თოჯინაზე გამეკეთებინათქო, ძალიან გაგვიადვილდა ამის შემდეგ წამლის დალევის პროცესი.’’

4 წლის კირას დედა

 

ყურადღების გადატანის ტექნიკა: გარდა მოდელირებისა, ხშირად გამოყენებადი ტექნიკა არის ყურადღების გადატანა. ჯო ენის კლინიკაში ცალკე არის მოწყობილი ,,სათამაშო ოთახი’’, როგორც ამას მშობლების გადმოცემით ბავშვები უწოდებენ, სადაც ფსიქოლოგები იმყოფებიან და ბავშვებს მაქსიმალურად კომფორტულ და მშვიდ გარემოს უქმნიან. სწორედ ამ ადგილის და იქ არსებული სათამაშოების დახმარებით ხდება ბავშვის ყურადღების გადატანა სასიამოვნო სტიმულზე, ამის ხარჯზე კი ბავშვისთვის აქტუალური აღარ არის უსიამოვნო გამოცდილება. ყურადღების გადატანის ტექნიკა განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენებოდა ერთი კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში, რომელსაც მშობლის გადმოცემით სავარაუდო აუტისტური სპექტრის დიაგნოზი ჰქონდა და მასთან საუბრისა და წინასწარი შემზადების ტექნიკა ნაკლებად ეფექტური იყო, შესაბამისად ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე ეს მიდგომა უფრო ადაპტური იყო.

 

,,როცა ექიმები ვერ ახერხებდნენ ბავშვის გაჩერებას, ფსიქოლოგებს ეძახსნენ ხოლმე და ისინი ეხმარებიდნენ, ათამაშებდნენ და მერე უცებ მოულოდნელად გაუკეთებდნენ რაც საჭირო იყო.’’

 

,,მანდ რომ მოვდიოდით ექიმების და თეთრი ხალათის არ ეშინოდა, მაგრამ სხვა კლინიკებში ეშინოდა ხოლმე. იქ იმდენად ერთობოდა ხოლმე რომ ზოგჯერ ავიწყდებოდა რისთვის მივდიოდით იქ და რა უნდა გაეკეთებინათ ექიმებს.’’

  • წლის ალექსის დედა

 

პოზიტიურზე კონცენტრირება: ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს კონცენტრირება პოზიტიურზე, ყველანაირი გამოცდილება წარმოჩენილი იყოს პოზიტიურ კონტექსტში, ნაცვლად ნეგატიურისა. ბავშვების ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ აი ახლა ჩაიტარებს მისთვის უსიამოვნო პროცედურას, თუმცა ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ის მალე კარგად იყოს, ასევე მისი გული იმიტომ არის განსხვავებული და მას იმიტომ სჭირდება დახმარება, რომ ის განსაკუთრებულია. ბავშვებს კი მოსწონთ ეს განსაკუთრებულობის შეგრძნება. ერთ-ერთი ბავშვის შემთხვევაში კი, სწორედ ნეგატიურის პოზიტიურით ჩანაცვლებისა და განსაკუთრებულობის განცდის ჩანერგვით მას დააძლევინეს სიკვდილის შიში და ფიქრები სავარაუდო სიკვდილის შესახებ.

 

,,კიდევ ეხმარება ის, რომ ამდენი რაღაცის გადატანის შემდეგ ფიქრობს ხოლმე, რომ – აი მე მერე კარგად ვიქნები – მერე მეც მეუბნება ხოლმე თავი როცა მტკივა ხოლმე, რომ არაუშავს აი წამალს, რომ დალევ მერე გაგივლის და არც გაგახსენდება, რომ მწარე წამალი დალიეო.’’

  • წლის სანდროს დედა

 

,,შემდეგ ამაზე ჩვენც ბევრი ვესაუბრებთ, ფსიქოლოგები და სულ ვუხსნიდით, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, ვეუბნებოდით, რომ იყო იქ რაღაც პრობლემა და ექიმებმა ეს უკვე გამოასწორეს, შეარემონტეს, მერე რაღაც პერიდოის მერე დაიავიწყა ეს ყველაფერი, აღარ უთქვამს და ახლა პირიქით, ამაყობს, ყველას აჩვენებს და ეუბნება, იცით მე განსაკუთრებული ვარ, მაშინ კიდევ სულ ასე იძახდა მე მოვკვდები, მე გული გამიჩერდება და მოვკვდები სულ ასე ამბობდა…’’

,,ვუთხარით, რონ ის განსაკუთრებულია და მისი გული განსაკუთრებულად მუშაობს.’’

4 წლის კირას დედა

 

ემოციების გამოხატვის საშუალება: ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია დამოკიდებულება ბავშვის ემოციების გამოხატვასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგები და მშობლები უამრავ ტექნიკას იყენებდნენ კლინიკის გამოცდილების შესამსუბუქებლად, არც ფსიქოლოგებს და არც მშობლებს არ ჰქონდათ და არ უნდა ჰქონოდათ იმის მოლოდინი, რომ ბავშვი ყველა პროცედურას მიიღებდა ყველანაირი უარყოფითი ემოციის გამოხატვის გარეშე, რადგან მიუხედავად შემზადებისა, ინფორმირებულობისა თუ გვერდში დგომისა, ბავშვისთვის მაინც აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ გამოხატოს და საკუთარ თავში არ დამალოს ის ემოციები, რომლებსაც მტკივნეული სამედიცინო პროცედურების დროს განიცდის.

,,რაც შეეხება რჩევებს, ემოციების გამოხატვასთან დაკავშირებით, ერთადერთი შემთვევა იყო, რომ ძაფები ჰქონდა და მერე ერთ-ერთი დაუჩირქდა და მაგაზე გვყავდა მიყვანილი, რომ ეს ძაფები ამოეღოთ და პანიკაში ჩავარდა, იქ რომ დავაწვინეთ, მერე ფსიქოლოგებმა მითხრეს, რომ იმის მოთოვნა, რომ თამთა დამშვიდდი, თამთა გაჩერდი, ეს თითქოს ზედმეტი იყოო, ყველაფერს ისე ვერ მოთხოვ, რომ ყველაფერი იდეალურად გააკეთოსო, ზედმეტი მომივიდა ბავშვის დამშვიდება მოკლედ, არ ვიცი როგორ ავხსენი…’’

6 წლის თამთას დედა

 

გარემოს ნორმალიზება: სწორი მიდგომებიდან კი ასევე აღსანიშნავია გარემოს ნორმალიზება, რომელიც გამოიხატება კლინიკის გარემოს სახლურ გარემოდ ქცევაში. ამ დროს ბავშვს არ აქვს იმის განცდა, რომ იმყოფება თეთრ და მოსაწყენ კედლებიან კლინიკაში, სადაც მას მხოლოდ უსიამოვნო პროცედურები უტარდება. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვი ჩართული იყოს ისეთ აქტივობებში, რასაც სახლის გარემოში აკეთებს და გარემო, რომელშიც ის იმყოფება მისთვის სახალისო და სასიამოვნო იყოს.

ბავშვის მდგომარეობისა და დიაგნოზის ნორმალიზება: გარდა გარემოს ნორმალიზებისა, როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ბავშვის მდგომარეობისა და მისი დიაგნოზის ნორმალიზება და მათ არ ჰქონდეთ იმის განცდა თითქოს ერთადერთები არიან, ვისაც მსაგვსი პრობლემა აქვთ და ამ ყველაფრით იტანჯებიან. ამის საპირისპიროდ, ფსიქოლოგები ყოველთვის ზრუნავენ, რომ პაციენტებს არ აგრძნობინონ რთული და გამოუვალი სიტუაცია და ყოველთვის ესაუბრებიან იმაზე, რომ ისინი პირველები არ არიან, ვისაც ეს პრობლემა ჰქონდათ და ამის დაძლევა მოახერხეს, ეს მათთვის არის იმედი, რომლის დახმარებითაც კიდევ უფრო ემატებათ მოტივაცია და ძალა იმისა, რომ იბრძოლონ სიცოცხლისთვის.

 

,,მერე მაგ დროს ახალი წელი დაემთხვა და იქაურობა, პალატა, მოგვირთეს გოგოებმა ნათურებით, მერე ნაძვის ხეც აგვაწყობინეს და ეს ყველაფერი ძაან უხაროდა.’’

6 წლის თამთას დედა

 

,,იქ ჯო ენში კიდევ სულ ეუბნებიან ბავშვებსაც და მშობლებსაც, რომ შენ პირველი არ ხარ, ძალიან ბევრი იყო ასეთი შემთხვევა და ყველა არა მაგრამ უმეტესობა გამოძვრა და უკვე სრულყოფილად გრძნობენ თავს, ჯანმრთელები არიან და ცხოვრობენ, ანუ აი ასეთი იმედის ნაპერწკალი აუცილებელია ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც.’’

4 წლის კირას დედა

 

თამაშით ინტერვენცია, როგორც ჰოსპიტალიზებასთან გამკლავების გზა

 

გარდა ზემოთ აღნიშნული მიდგომებისა, რომლებსაც ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები იყენებენ, მათი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომა არის თამაშით ინტერვენციის გამოყენება, როგორც წინასწარი შემზადების, ინფორმაციის მიწოდების, თერაპიისა და გარემოს ნორმალიზების საშუალება. მათ კლინიკის სივრცეში მოწყობილი აქვთ თავიანთი ოთახი, რომელიც სავსეა სათამაშოებითა და ბავშვისთვის საინტერესო ნივთებით, ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც ბავშვი ყველაზე დაცულად გრძნობს თავს კლინიკის გარემოში და სასიამოვნოდ ატარებს დროს.

რაც შეეხება უშუალოდ მიდგომებს, როგორც უკვე აღინიშნა, სათამაშოების დახმარებით ხდება მოდელირება, როდესაც ბავშვს არ გამოსდის ან არ სურს რაიმე პროცედურის ჩატარება, მაგალითად ნემსის გაკეთება, რენტგენის გადაღება, წამლის მიღება თუ სხვა, ყოველივე ამას აკეთებენ თამაშ-თამაშით ბავშვის საყვარელ სათამაშოზე, რითაც ბავშვი იდენტიფიცირდება სათამაშოსთან, წინასწარ ნახულობს თუ როგორ მიმდინარეობს პროცედურა და შესაბამისად  მისთვისაც შედარებით მარტივი ხდება პროცედურის ჩატარება.

სამედიცინო თამაში: სამედიცინო თამაშს აუცილებლად იყენებდნენ ოპერაციის ჩატარებამდე, თვითონ ბავშვს მოარგებდნენ ექიმის როლს და თავად მას გააკეთებინებდნენ იმ პროცედურას, რაც ცოტა ხანში მას უნდა ჩაუტარდეს. ამგვარი მიდგომა ზრდის ბავშვის ინფორმირებას, ამ პროცესში ის იგებს პროცედურების თანმიმდევრობას, გამოსაყენებელი ინსტრუმენტების დანიშნულებას, ოპერაციის ჩატარების მიზეზსა და მის საჭიროებას, შესაბამისად ის ფსიქოლოგიურად მზად არის აღნიშნული პროცედურის ჩასატარებლად და მისთვის ეს პროცესი არათუ დამთრგუნველი, არამედ სახალისოც კი არის.

ასევე ექიმის ხალათის მორგებითა და თოჯინის დახმარების შემდეგ იძლევა შიში თეთრხალათიანი ექიმების მიმართ და პირიქით დადებითი დამოკიდებულება უჩნდებათ მათ მიმართ, როგორც ადამიანების, რომლებიც ზრუნავენ სხვისი სიცოცხლის გადარჩენასა და დახმარებაზე. იყო შემთხვევები, როდესაც ამის გამო ბავშვებს თავიანთ პროფესიად ექიმობაც კი უნდოდათ.

 

,,წინასწარ ყოველთვის ამზადებდნენ ხოლმე ყველა ბავშვს, თოჯინები ჰქონდათ ხოლმე და სამედიცინო ინსტრუმენტები, დააწვენდნენ ხოლმე ამ თოჯინებს და ვითომ ოპერაციებს უკეთებდნენ, მერე თვითონ ბავშვებსაც ჩააცმევდნენ ხოლმე ხალათებს, ქუდები ეხურათ, პირბადეები, ვითომ ექიმები იყვნენ და მეც ამ თამაშის დროს დავიმახსოვრე ის ფრაზა, რომ გულს შეკეთება სჭირდება და მოდი ახლა შევაკეთოთ. მერე ვითომ ამ თოჯინებს ოპერაციას გაუკეთებდდნენ, მერე დააკრავდნენ ლეიკოებს, ჭრილობას შეუხვევდნენ ბინტით. შედარებით რთული თემა იყო ხოლმე ოპერაციის შემდეგ ბავშვები, რომ გაიღვიძებნენ სად იქნებოდნენ და ამასაც თამაშ-თამაშით დეტალურად უხსნიდნენ, სად იქნებოდნენ, სად გაირვიძებდნენ, რა სიტუაცია იქნებოდა რეანიმაციაში.’’

  • წლის თამთას დედა

 

,,არა ნერვიულობით არ ნერვიულობა, იცოდა, რომ უნდა შესულიყო და მზაობაც ჰქონდა. თოჯინაზეც ხო ნახა რა როგორ იქნებოდა და თავისი ოპერაციისთვისაც მზად იყო.’’

  • წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

 

,,როცა რაიმე პროცედურა არის ჩასატარებელი ან კათეტერიზაცია ან სისხლის ანალიზი, ამ შემთხვევაში შესაბამისი სათამაშოები მოაქვთ ხოლმე, თავისი ინიციატივით, რომ ბავშვი დააინტერესონ და მშობელთან ერთად უხსნიან ხოლმე რა როგორ ხდება.’’

2 წლის სანის დედა

 

,,ვეკითები ხოლმე, შენ რომ დიდი ბიჭი გაიზრდები გინდა, რომ ექიმი გამოხვიდეთქო და არაო, იქ ბევრი ბავშვები, რომ იტირებენ მე ისინი შემეცოდებიანო, ამიტომ არასდროს არ იცვამდა ხოლმე ექიმის ფორმას, მაგრამ მერე ეს გოგოებმა გადაალახინეს და მერე ჩაიცვა რამდენჯერმე, მერე ექთნებს ეთამაშებოდა ვითომ თვითონ იყო ექიმი და აკრავდა ლეიკოებს.’’

7 წლის სანდროს დედა

 

ასევე როგორც უკვე აღინიშნა, თამაშის პროცესში არ ხდებოდა ძალდატანება, ბავშვი თავისი სურვილით ერთვებოდა თამაშის პროცესში, ეს კი განსაკუთრებით ხდებოდა სამედიცინო თამაშთან დაკავშირებით, რადგან ბავშვებისთვის ეს თემა განსაკუთრებით სენსიტიური იყო, რადგან ზოგიერთ მათგანს ექიმის ხალათის უბრალოდ მოცმაზეც კი უარყოფითი რეაქცია ჰქონდა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშნელოვანია ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება, რომელიც კონკრეტულ ბავშვზე იქნება მორგებული და მისი საჭიროებები იქნება გათვალისწინებული.

 

,,ფსიქოლოგების ჩართულობა ხდებოდა ფონურად, არ აძალებდნენ, რომ მათთვის ეყურებინათ, რომ აი ნახე ამ თოჯინას ნემსს ვუკეთებთ, ამ ყველაფერს ისე აკეთებდნენ, რომ ბავშვი თვითონ დაინტერესებულიყო, თვითონ იწყებდა დაკვირვებას.’’

6 წლის მატეოს დედა

 

,,ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა სახატავი რაღაცები მისცეს და რომ არ დასვრილიყო ალექსი რაღაც მოვაფაროთო და თეთრ ხალათს აფარებდნენ და დაიწყო წუწუნი, არ უნდოდა, უარი განაადა და აპროტესტებდა, არ უნდოდა რომ ჩაეცვა.’’

  • წლის ალექსის დედა

 

შესაბამისად ჯო ენის პაციენტების მშობლებიდან ყველა მათგანი ამბობდა, რომ სამედიცინო თამაშებისა და მსგავსი მიდგომების შემდეგ ბავშვები ბევრად უფრო მომზადებულები იყვნენ ოპერაციისთვის და ეს მათთვის არ წარმოადგენდა უარყოფით და საშიშ გამოცდილებას.

 

,,5 წლის როცა იყო უკვე მაშინ ფსიქოლოგებმა გაბოს დეტალურად აუხსნეს ყველაფერი, თუ რა როგორ უნდა გაკეთებულიყო, თოჯინებზე ამის იმიტაციაც კი გაკეთდა, თუ რა უნდა გაკეთებული ოპერაციის განმავლობაში, გაბო ამ დროს თითქოს მომზადებული შევიდა საოპერაციაში არ ჰქონია შიშები და პირიქით იცოდა, რომ მე დღეს რომ შევალ მალევე გამოვალ და უკვე უკეთესი გული მექნებაო.’’

  • წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

 

,,მერე შეგვიყვანეს ფსიქოლოგთან ოთახში, იქ დაგვხვდნენ გოგოები, ყველაფერი აუხსნეს თოჯინით როგორი იქნებოდა ოპერაცია, რას ჩაუდგამდნენ, სად უნდა გაეჭრათ, როგორი იქნებოდა ვენის კათეტერი, როდის შეჭამდა, ყველაფერი აუხსნეს და ბავშვიც მშვიდად იყო ძალიან, ისე იყო, რომ საოპერაციოდ რომ მიმყავდა თითქოს საერთოდ არ ფიქრობდა მაგაზე.’’

9 წლის ნინცას დედა

 

,,ოპერაციამდე ცოტახნით ადრე თვითონ ჩაუტარა ოპერაცია თოჯინას, ფსიქოლოგის დახმარებით, ყველაფერი დეტალურად გააკეთეს, ჟანგბადიც დაადეს პირზე, მერე გაუკეთეს წითელი ხაზი ბეტადინით, რომ აი აქ უნდა გაჭრილიყო და სულ ცოტათი ეტკინებოდა, დრენაჟი რო კეთდებოდა, მაშინ თვითონაც კმაყოფილი იყო ხალათით იყო, პიბადით, ხელთათმანებით და ეს რომ დაასრულა მერე აბსოლიტურად ყველას მოუყვა თუ როგორი ოპერაცია ჩაატარა.’’

7 წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

 

თერაპიული თამაში: გარდა სამედიცინო თამაშისა, თამაშით ინტერვენციის ნაწილი იყო თერაპიული თამაში, რომელიც ძირითადად პროცედურებისა და ოპერაციების შემდგომ აქტიურად მიმდინარეობდა, ამ შემთხვევაში ფსიქოლოგები უფრო მეტად მორგებულნი იყვნენ ბავშვზებზე და თავად ბავშვები წარმართავდნენ თამაშის მიმდინარეობას, რათა სწორი, მისაღები და უმტკივნეულო გზით გამოეხატათ ის უარყოფითი ემოციები, რომლებიც პროცედურების დროს მიიღეს, განსხვავებით სამედიცინო თამაშისა, რომლის დროსაც თამაშის პროცესს უფრო მეტად წარმართავს ფსიქოლოგი და ის აწვდის საჭირო ინფორმაციას.

 

,,შემდეგ უკვე რეაბილიტაციის დროს, ოპერაციის შემდეგ უფრო ბავშვზე ორიენტირებული იყვნენ, მას რაც უნდოდა იმას ეთამაშებოდნენ რა სათამაშოსაც ითხოვდა იმას აძლევდნენ.’’

2 წლის სანის დედა

 

სახლში გამოწერის შემდეგაც ბავშვები აქტიურად თამაშობდნენ თერაპიულ თამაშს და ამ გზით თავისუფლდებოდნენ მიღებული სტრესისგან.

 

,,ძირითადად თამაშობდა ექიმობანას, აბა გავიკეთოთ გადასხმა, მოვუსმინოთ გულს, ყველანაირი პროცედურა, რაც მას გადატანილი ჰქონდა, ყველაფერი გადაჰქონდა თოჯინაზე, ყველა პროცედურას უტარებდა თოჯინას, რაშიც ის ერკვეოდა და იცოდა.’’

4 წლის კირას დედა

 

,,სახლში ყოფნის დროს იღებდა ტელეფონს და მეგობრებისთვის იღებდა ვლოგს, უხსნიდა თავისი ოპერაციის შესახებ. რომ ვეკითხები ხოლმე რას აკეთებთქო მე ნიკოლოზს ვუხსნი რატომ არ გამოვდივარ გარეთო, იქ ხომ რეალურად ნიკოლოზი არ არის, თავისთვის იღებს ვიდეოებს და ხსნის ხოლმე, რომ მე ხომ კარგად ვერ ვსუნთქავდი, მერე ნემსი გამიკეთეს, ოპერაცია გამიკეთეს და ამას ყვება ყველა ვიდეოში ყოველ დღე.’’

  • წლის მატეოს დედა

 

ნორმატიული თამაში: თამაშით ინერვენციის მესამე ფორმა კი არის ნორმატიული თამაში, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი სახის აქტივობასა და თამაშს, რომელსაც ბავშვები სახლში, ეზოში თუ მათთვის ჩვეულ ადგილას თამაშობენ. კლინიკის შემთხვევაში ასეთი თამაშები იყო, სამაგიდო თამაშები, სახლობანა, მზარეულობანა, ფეხბურთი, დედა-შვილობანა და ასე შემდეგ. ამ თამაშების დახმარებით ხდება კლინიკის გარემოს ნორმალიზება და ბავშვის ტიპური განვითარების ხელშეწყობა.

 

,,მაშინვე მიდიოდნენ მათთან, ხატავდნენ, ძერწავდნენ, სამზარეულოში თამაშობდნენ, გაბო რობოტებით თამაშობდა, მანქანებით.’’

  • წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

 

,,ჩემი შვილი საჭმელს ამზადებს ხოლმე ან საღებავებით ხატავს ხოლმე. უფრო დიდ ბავშვებთან ერთად ფაზლებს აწყობდნენ, სამაგიდო თამაშებს თამაშობდნენ და ამაში ფსიქოლოგებიც ერთვებოდნენ ხოლმე.’’

2 წლის სანის დედა

 

ბავშვების დამოკიდებულება სათამაშო ოთახის მიმართ

სიმშვიდის განცდა: სწორედ აქედან გამომდინარე არის ის, რომ ბავშვების უმეტესობისთვის ,,სათამაშო ოთახი’’ არის ის ადგილი, სადაც თავს ყველაზე მშვიდად, უშფოთველად და ბედნიერად გრძნობენ და ამავდროულად დროს სასიამოვნოდ ატარებენ. ბავშვების უმეტესობას დღის განმავლობაში აღნიშნული ოთახის დატოვება არც კი სურდათ და იმის შესაძლებლობაც კი ჰქონდათ, რომ ფსიქოლოგების წასვლის შემდეგ დარჩენილიყვნენ ოთახში, ეთამაშათ სათამაშოებით და ამგვარად გაეყვანათ კლინიკაში ყოფნის დღეები.

,,როცა იმ ოთახში შევდიოდით ხოლმე ვატყობდი, რომ იქ არაფრის არ ეშინოდა, უფრო მშვიდად გრძნობდა თავს, არც არაფერზე შფოთავდა, თავის სტიქიაში იყო. სულ იქ უნდოდა შესვლა, იქ, რომ შევდიოდით სულ კარგ ხასიათზე იყო და მშვიდად იყო, აღარ ნერვიულობდა არაფერზე, პალატაშიც თუ ვიყავით იქ მთხოვდა ხოლმე გაყვანას.’’

  • წლის თამთას დედა

,,სულ იმას მეუბნებოდა გოგოების ოთახში წავიდეთ, იქ სიმშვიდეა და არ მეშინიაო.’’

  • წლის ანდრიას დედა

,,იმ ოთახში, რომ შედიოდნენ საერთოდ არ ჰქონდათ შეგრძნება, რომ იყვნენ კლინიკაში, ჰქონდათ შეგრძნება რომ იყვნენ სახლში და გემრიელად თამაშობდნენ, პალატაში თითქმის არ ვიყავით ხოლმე. საღამოს პალატაში რომ მივდიოდით ხოლმე მოჰქონდათ სათამაშოები, რომ მშვიდად ეთამაშათ და დრო კარგად გაეტარებინათ საღამოსაც.’’

7 წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

ამის გამო ხდებოდა ის, რომ ბავშვები  კლინიკის გამოცდილებას პოზიტიურად იმახსოვრებდნენ და იქაური გარემო ასოცირდებოდა არა ტკივილთან და უარყოფით ემოციებთან, არამედ გართობასთან, თამაშთან, დროის ხალისიანად გატარებასთან და სასიამოვნო მოგონებებთან.

,,ჯო ენს, რომ ვახსენებ ახსენდება არა ექიმები და ოპერაციები, არამედ სათამაშო ოთახი, სადაც უნდა შევიდეს ითამაშოს, გაერთოს.’’

4 წლის კირას დედა

სოციალიზაციის საშუალება: გარდა იმისა, რომ ბავშვები აღნიშნულ ოთახში თავს მშვიდად გრძნობდნენ და დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ, ეს მათთვის იყოს სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საშუალება და გზა იმისა, რომ შეევსოთ სოციალური ურთიერთობების, ბაღისა და სკოლის დანაკლისი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც კლინიკაში ქრონიკული დაავადებების გამო იმყოფებიან და შესაბამისად თვეების განმავლობაში უწევთ კლინიკაში ყოფნა.

,,რამდენიმე ბავშვი იყო კიდევ 6 წლის და 7 წლის და მათთან ერთად თამაშობდა, შემიძლია შედარება გავაკეთო, რომ როგორც ბაღში გრძნობდა თავს კარგად, ისევე იყო იქაც, თითქმის იგივენაირად იყო, ბაღის დანაკლისი არ ჰქონდა კლინიკაში ყოფნის დროს, მაგრამ ახლა სახლში, რომ მარტო დარჩა სულ უნდა, რომ ვიღაცას ეთამაშოს, ბაღიც ენატრება ხოლმე და ის ოთახიც.’’

2 წლის სანის დედა

ასევე სხვა კლინიკებში ვიზიტების დროს, როგორც ბავშვები ისე, მშობლემი წუხილს გამოხატავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ იქ არ ხვდებოდათ მსგავსი სივრცე.

,,სხვაგან რატომ არ არის ასეთი ოთახი როგორ მინდოდა რომ იქაც ყოფილიყოო, ზუგდიდიში რომ ვიყავით იქაც თქვა რატომ არ არის ასეთიო.’’

9 წლის ნინცას დედა

 

ბავშვის მიერ კლინიკის გარემოს აღქმა

 

აღნიშნული მიდგომები და ბავშვზე მორგებული გარემო იყო იმის მიზეზი, რომ ბავშვებს ჯო ენის კლინიკაში ყოფნის განმავლობაში ჰქონათ იმის განცდა, რომ სახლში იმყოფებოდნენ, თავს კომფორტულად გრძნობდნენ და მათთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა კლინიკაში ვიზიტი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვის გვერდზე მშობელიც იმყოფებოდა.

,,სახლში მინდაო ეგ არასდროს არ უთქვამს, მითუმეტეს მაშინ, როცა მე უკვე მის გვერდით ვიყავი, პირიქით გამოწერის დღეს, რომ ვუთხარი სახლში უნდა წავსულიყავით, არ უნდოდა სახლში წამოსვლა, აქ მინდაო ამბობდა…’’

,,მე თუ ვარ მასთან ერთად, მაშინ ფაქტობრივად მეორე სახლივით არის მისთვის კლინიკის გარემო.’’

2 წლის სანის დედა

შესაბამისად ბავშვებისთვის კლინიკაში ვიზიტი იყო ჩვეულებრივი აქტივობა, ზოგიერთ შემთხვევაში კი პირიქით სასურველი ადგილიც კი, რადგან ერთ-ერთი მშობლის თქმით მისი შვილები კლინიკას გასართობ ცენტრად და სასტუმროდ აღიქვამდნენ.

,,ზოგჯერ თვითონვე მახსენებენ ხოლმე დე დღეს ხომ არ მივდივართ ანალიზზე? ლილუმ წინა დღეს მითხრა რამდენიხანია ექიმთან არ ვყოფილვართო, როდის მივდივართო. ანუ ძალიან კარგი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდათ ექიმების მიმართ, არ ეშინიათ საერთოდ. შიში რომელიც დღევანდელ ბავშვებს აქვთ ექიმების მიმართ, ჩემ შვილებს საერთოდ არ აქვთ…’’

,,ჯო ენი მათთვის ასოცირდებოდა დიდ გასართობ ცენტრად, სადაც ბევრს თამაშობენ, ბავშვებზე ზრუნავენ, აი გასართობი ცენტრი, რომ გიყვარს იქ რომ მიდიხარ, დაბადების დღე, რომ გაქვს, ბედნიერი ხარ, ყველას უყვარხარ, შენზე ზრუნავს, ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ ბავშვებს.’’

,,სასტუმროს ეძახდნენ ჯო ენს, არ მიაჩნდათ, რომ იყო კლინიკა და მანდ კეთდებოდა ოპერაციები.’’

7 წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

ცხრილში შეჯამების სახით წარმოდგენილია ინფორმაცია სხვადასხვა კლინიკებისა და ჯო ენის კლინიკის გარემოს შესახებ, რომელიც, როგორც ვხედავთ ძალიან დიდ დადებით ან უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვების კლინიკაში ყოფნის გამოდილებაზე (იხ. ცხრილი #2 ).

 

ცხრილი #2: სხვადასხვა კლინიკებისა და ჯო ენის კლინიკის გარემო.

სხვადასხვა კლინიკის

გარემო

ჯო ენის კლინიკის გარემო
საბავშვო სივრცე/სათამაშო

ოთახი

რამდენიმეგან არის არის
მოსაწყენი გარემო გამოიკვეთა არ გამოიკვეთა
ანტისანიტარია გამოიკვეთა არ გამოიკვეთა
სხვა ბავშვების გამოცდილების გავლენა უარყოფითად დადებითად
ხმების გავლენა უარყოფითად არ გამოიკვეთა
ლოდინის გავლენა უარყოფითად არ გამოიკვეთა
მოუწესრიგებელი პირობები გამოიკვეთა არ გამოიკვეთა
მშობლის დამატებითი საზრუნავები გამოიკვეთა არ გამოიკვეთა
რიგები გამოიკვეთა ნაკლებად გამოიკვეთა
ქაოტური/არაორგანიზებული

გარემო

გამოიკვეთა არ გამოიკვეთა
დარღვეული პირადი სივრცე გამოიკვეთა არ გამოიკვეთა

 

 

მულტიდისციპლინური გუნდი

 

ის რაც აქამდე ითქვა, არის იმის დასტური თუ რამდენად მნიშვნელოვანია მულტიდიციპლინური გუნდის არსებობა, რომელშიც შედიან არა მხოლოდ სამედიცინო გუნდის წევრები, არამედ ფსიქოლოგები და თითოეული მათგანის ღირებულებები, მიდგომების, დამოკიდებულებები გაზიარებული და გაშინაგნებულია. ამგვარად მიიღება კმაყოფილი მშობელი და ბედნიერი ბავშვი, რომლებმაც უარყოფითის ნაცვლად დადებითი გამოცდილება მიიღეს კლინიკაში ყოფნის განმავლობაში. ამასთან ერთად, ამგვარი მიდგომა თავად კლინიკის თანამშრომლებისთვისაც ამარტივებს მუშაობის პროცესს, რადგან ერთმანეთის დახმარებით მართავენ და არეგულირებენ რთულ სიტუაციას.

,,ამასთან ექიმებისა და ექთნებისთვისაც ეს ძალიან დიდი ძალაა, როცა ისეთი შემთხვევაა, რომ ბავშვი ვერ ჩერდება ტირის, ზუსტად ფსიქოლოგები არიან ისინი, ვინც ამ სიტუაციის დარეგულირებაში ეხმარებიან, ისე, რომ მათთვისაც გამარტივდეს პროცესი და ბავშვისთვისაც არ იყო ტრავმული ეს ყველაფერი.’’

7 წლის ანდრიას დედა

,,იქ მარტო ფსიქოლოგები კი არა თვითონ ექთნები და ელემენტარულად, რომ ვთქვათ დამლაგებელიც კი ისე თბილად გვექცეოდნენ, რომ აი არ ვიცი, ზოგიერთ ადგილას შეიძლება ზედაც არ შემოგხედოს არავინ.’’

,,მთელი კოლექტივის დამოკიდებულება იყო ძალიან თბილი, დაცვაც კი ისე თბილად გვხვდებოდა ხოლმე უკვე იცოდნენ სად მივდიოდით, სისხლის ბანკის ექიმიც ისე თბილად დაგვხვდა, ბავშვსაც სულ ამშვიდებდნენ ხოლმე.’’

9 წლის ნინცას დედა

ცხრილში შეჯამებულია ინფორმაცია თუ როგორია სხვადასხვა კლინიკისა და ჯო ენის პაციენტების მდგომარეობა კლინიკის გამოცდილების მიღების შემდგომ (იხ. ცხრილი #3).

 

ცხრილი #3 : კლინიკის გამოცდილების შემდგომ ბავშვის მდგომარეობა

სხვადასხვა კლინიკის პაციენტები ჯო ენის კლინიკის პაციენტები
ძალადობრივი პროცედურების შემდგომი სტრესი წინასწარი მზაობის საჭიროება
კლინიკის ტრავმული გამოცდილების განზოგადება სხვა გარემოზე სიცრუის მიუღებლობა

 

დაცულობის შეგრძნების გამძაფრებული მოთხოვნილება ინფორმირებულობა
მშობელზე მიჯაჭვულობა ადეკვატური თვითშეფასება
უნდობლობა მშობლის მიმართ
უცხო გარემოსთან ადაპტაციის

პრობლემები

ტელეფონზე დამოკიდებულების

ჩამოყალიბება

 

 

დედა, როგორც კლინიკის გარემოს მუდმივი თანამგზავრი

 

გარდა იმისა, რომ კლინიკის გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც აუცილებლად იქნებიან ფსიქოლოგებიც, რათა ბავშვის კლინიკაში ყოფნის გამოცდილება არ იყოს სტრესული, ასევე უმთავრესი და უპირველესია მშობლების ჩართულობა და მათი მხარდაჭერა თავიანთი შვილების მიმართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვანებს, რომელთაც მყარი მიჯაჭვულობა აქვთ ჩამოყალიბებული მშობლის მიმართ და მათ გარეშე დამოუკიდებლად ფაქტობრივად არ გაუტარებიათ დიდი დრო. სწორედ აქედან გამომდინარე, ჯო ენის კლინიკაში აქვთ მიდგომა, რომ მშობელი ყოველთვის იმყოფება ბავშვის გვერდზე, მაშინ როდესაც მას უტარდება ბავშვისთვის საშიში ან მტკივნეული პროცედურა, როცა ის იმყოფება საპროცედურო ოთახში, პალატაში, სათამაშო ოთახში ან ნებისმიერ სხვა სივრცეში მშობელს აქვს უფლება, რომ ყოველთვის ბავშვის გვერდით იყოს, ნაცვლად სხვა კლინიკებისა, სადაც ხდებოდა ბავშვისა და მშობლის განშორება, რაზეც ძალიან მძიმე რეაქცია ჰქონდათ ბავშვებსაც და მშობლებსაც. დედის გვერდზე ყოფნის შემთხვევაში კი ბავშვებს დაცულობისა და სახლში ყოფნის შეგრძნება ჰქონდათ.

,,არ უნდა დატოვო შენი შვილი, მაგ დროს ბავშვიც იმედიანად შედის, როცა მშობელი მის გვერდზეა, იცის რომ იქ დედა ეყოლება, იმედი ხარ მისთვის.’’

7 წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

გარემოში მიმდინარე მოვლენების განმსაზღვრელი: ერთ-ერთი რესპოდენტის თქმით, ბავშვისთვის დედა და მისი ემოციები არის გარემოში მიმდინარე მოვლენების საზომი და სწორედ მისი რეაქციებიდან გამომდინარე ხვდება თუ როგორი სიტუაციაა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ავტორიტეტი: გარდა ამისა ბავშვისთვის დედა იქცევა ავტორიტეტულ ფიგურად, რომლის აზრი, რჩევა და დამოკიდებულება მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბავშვი დედის ნათქვამისა და დარიგებების შესაბამისად იწყებს ზრუნვას თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

,,აპარატს თვითონ აკვირდება და ნახულობს ხოლმე იმდენი რიცხვი აწერია (ანუ ნორმა რაც არის) თუ აწეული ან დაწეულია, მერე თუ ნახავს, რომ აცდა ნორმას, მე მაკვირდება ხოლმე რეაქციაზე, მეკითხება ხოლმე დედიკო როგორი ანალიზი მაქვსო და ამ ყველაფერს ჩემ სახეზე აღიქვამს, ჩემი რეაქციების მიხედვით.’’

,,ყველა ჩემს ემოციას გრძნობს ხოლმე, ყველაფერს მე როგორც ვიზამ და როგორც ვიტყვი ისე აკეთებს, აი მამაისიც სანამ რამეს გააკეთებინებს, სულ ამბობს მოდი ჯერ დედას ვკითხოთ. მამამისმა მაინც, რომ უთხრა ეს შეიძლება, არა მაინც დედას ვკითხოთო და ყველაფერზე მე მეკითხება დედა ეს შეიძლება ავიღო?’’

7 წლის სანდროს დედა

 

მამის როლი

რაც შეეხება მამის როლს, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის მნიშნელოვანია ორივე მშობლის ჩართულობა, თუმცა როგორც ინტერვიუების უმრავლესობიდან ირკვევა, ძირითად შემთხვევებში დედები უფრო მეტად იყვნენ ჩართული ბავშვის კლინიკის გამოცდილებაში, ვიდრე მამები. ასევე დედები უფრო მეტ მოთმინებას, გამბედაობასა და გამძლეობას იჩენდნენ, განსხვავებით მამებისგან. უფრო კონკრეტულად, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი რესპოდენტის მამა ვერ ესწრებოდა შვილზე ჩატარებულ პროცედურებს, რადგან ეს მისთვის განსაკუთრებით სტრესული იყო.

,,აი როცა ვთქვათ ნაკერების დამუშავება გვიწევს ხოლმე, მამამისი ოთახში არასდროს არ ჩერდება, ან როცა კლინიკაში ვიყავით ხოლმე, მამამისი სულ მეუბნებოდა მე ამას ვერ გავუძლებო, მე კიდევ აქეთ ვეუბნებოდი, რომ მასე არ არის, ვერ გაუძლებ არა, მეც ძალიან მიჭირს, მაგრამ მე ვარ დედა და მე ჩემ შვილთან ერთად უნდა გავუძლო ყველაფერს. მაგრამ მამამისი მაინც არასდროს არ ჩერდებოდა ხოლმე აი კათეტერიც, რომ უნდა შეეცვალათ ხოლმე ის არასდროს არ ჩერდებოდა, მითუმეტეს ჯარისკაცია, ომშიც არის ნამყოფი, ავღანეთში, ერაყშიც, ძალიან ბევრი რამე უნახავს, მაგრამ კი მტკენია, ძალიან ბევრი მინახავსო დაჭრილი, მაგრამ როდესაც საკუთარ შვილს ასეთ დღეში ვხედავ მე ეს არ შემიძლიაო. მეც ვეუბნები ხოლმე, რომ მეც არ შემიძლია, მაგრამ იმისთვის, რომ ჩემი შვილი კარგად იყოს, მე ეს მას არ უნდა დავანახო და მეც უნდა ვიყო ძლიერი.’’

7 წლის ანდრიას დედა

ასევე განსხვავება იყო მამების მიერ გამოყენებულ მიდგომებთან მიმართებაშიც, რადგან ისინიც დედებისგან სწავლობდნენ თუ რა მიდგომები გამოეყენებინათ და რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო. ამის სავარაუდო მიზეზი არის ის, რომ ბავშვებთან კლინიკაში უფრო ხშირად დედები იყვნენ ხოლმე, ვიდრე მამები და უფრო მეტი გამძლეობა ჰქონდათ, თუნდაც ბავშვზე ჩატარებული პროცედურების მიმართ და მეტად ინფორმირებულები იყვნენ სწორ მიდგომებთან დაკავშირებით.

,,ისედაც აი ფსიქოლოგიურად უფრო მე ვცდილობდი ხოლმე, რაღაც მიდგომებს ვიყენებდი, სულ ველაპარაკებოდი, თამთას მამასაც მე ვეუბნებოდი როდის რა უნდა გვეთქვა ხოლმე მისთვის, თამთას მამა თვითონ ამას ვერ ახერხებდა ხოლმე, რომ შესაბამისად მიდგომოდა, მე უნდა მივუთითო ხოლმე რაღაცები.’’

6 წლის თამთას დედა

თუმცა, რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ბევრად უკეთესია, როდესაც ორივე მშობელი თანაბრად არის ჩართული ამ პროცესში და თანაბარ დროს ატარებენ ბავშვთან, რადგან თავად ბავშვებსაც ჰქონდათ ხოლმე მსგავსი მოთხოვნები, როცა მხოლოდ დედას დაინახავდნენ კითხულობდნენ მამას. ასევე კლინიკაში ყოფნის განმავლობაში ენატრებოდათ მამა და თავს ბევრად უფრო მშვიდად და ბედნიერად გრძნობდნენ, როდესაც ორივე მშობელი მათ გვერდზე იმყოფებოდა.

,,მარტო მე რომ დამინახა ბავშვმა მაშინ მამაც მოითხოვა, ამიტომ მამის მის გვერდზე ყოფნასაც ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი ზეგავლენა ჰქონდა, ვთქვათ საერთოდ არაფერი რომ არ ეთქვა მისთის, უკვე მისი იქ ყოფნაც კი ბავშვისთვის ძალიან მნიშნელოვანი იყო და ბავშვისთვის ეს სიმშვიდის გარანტია იყო…’’

,,ორივე მშობელი იქ ჰყავდა, რაც ბავშვისთვის ძალიან დიდი სიმშვიდის გარანტია იყო, მაგრამ უშუალოდ ბავშისთვის ინფორმაციის მიმწოდებელი მე ვიყავი.’’ 2 წლის სანის დედა

 

მშობლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა

 

გარდა იმისა, რომ კლინიკაში ყოფნის გამოცდილება მრავალ სირთულესთან ასოცირდება და დიდი გამოწვევაა ბავშვებისთვის, ეს ყველაფერი არც ისე მარტივია მათი მშობლებისთვისაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშობელი წლების განმავლობაში ამ ყველაფრის თანამონაწილეა და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის ჯანმრთელობის პრობლემასთან ბრძოლაში.

მშობლის სტრესი: განსაკუთრებით აღსანიშნავია მშობლის სტრესი კლინიკაში ყოფნის განმავლობაში, რომელიც, როგორც ირკვევა, მრავალი სახის არის. მშობლისთვის სტრესის წყაროა მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მასზე ჩატარებული პროცედურები, ოპერაციები, წინასწარი სამზადისი, რეაბილიტაციის პროცესი, ბავშვის კლინიკის ცხოვრებასთან ადაპტირება, საკუთარი შვილის ემოციურ მდგომარეობაში ხილვა თუ სხვა მრავალი ფაქტორი. ერთ-ერთი მშობელი განსაკუთრებით ტრავმირებული იყო სხვა ბავშვების უარყოფითი გამოცდილებით, კერძოდ, ხშირი გარდაცვალების შემთხვევებით, რომელიც ცუდ მოლოდინებს უჩენდა თავის შვილთან მიმართებაში. ასევე მშობლებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა ბავშვის მომზადება ოპერაციისთვის და უშუალოდ ოპერაციის დღე.

 

,,იქ იმდენი ბავშვი გავაცილე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ისეთი დღეები გავიარე, რეანიმაციაში ცარიელ საწოლს ვნახავდი, ვიკითხავდი უი გაწერეეს, რა მაგარია და მეუბნებოდნენ არა გარდაიცვალა, ეს იყო საშინელება.’’

 

,,მაშინ ერთი ბავშვი გაწერეს სახლში და ყელი ჩაჭრილი, რომ ჰქონდა თურმე ძილის დროს საბანი დაეფარა და გაიგუდა ეს ბავშვი, ეს ამბავი, რომ გავიგე მეც ისე მეშინოდა, რომ სულ სუნთქვას ვდარაჯობდი სამი თვე, სამი თვე მე არ მიძინია, ოღონდ მართლა აი არ მეძინა. ‘’

4 წლის კირას დედა

 

,,ჩემთვის ემოციურად ძალიან რთული იყო როცა დავტოვე იქაურობა და გამოვედი. ემოციურად რთული იყო როცა ჟანგბადს ვუკეთებდი და მეჩხუბებოდა, ეს ძაან რთული იყო…მე მივუტანე პირთან და ამაზე მეჩხუბებოდნენ, ლილუმ დამარტყა კიდეც.’’

7 წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

 

სხვისი გამოცდილების უარყოფითი გავლენა: ერთ-ერთი რესპოდენტის გადმოცემით კი, მისთვის ძალიან დამთრგუნველი იყო სხვა მშობელთან წარმართული დიალოგი, რომლის დროსაც მისთვის პირველად გახდა ცნობილი, რომ შეასძლოა გულის მანკის გამო თვეობითა და წლობით დასჭირვებოდა მის შვილს კლინიკაში ყოფნა და სხვადასხვა პროცედურების ჩატარება. აღნიშნული მდგომარეობა ხშირად მშობლებში დეპრესიულ ფონს ქმნის, რის გამოც ანტიდეპრესანტების მიღებაც კი უწევდათ. იყო შემთხვევები, როდესაც მშობლებს ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნათ.

 

,,მე თვითონაც რამდენიმე ხნის წინ, ავად ვიყავი, დეპრესიული პერიოდი მქონდა და დანიშნული მქონდა, ანტიდეპრესანტები…’’

 

,,მე თვითონაც ისეთი ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე ამ ყველაფრის გამო, რომ მე თვითონაც ასე ყველაფერი არც მახსოვს…სანამ მე ვიქნებოდი იქამდე მამა იყო იქ და ისიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში. მერე ეს ძალიან ცუდად აისახა კირას მამაზე, ამ ნერვიულობაზე მან ინსულტი მიიღო.’’

4 წლის კირას დედა

 

ემოციური მდგომარეობა და მისი კონტროლი: აღსანიშნავია მშობლის რთული ემოციური მდგომარეობაც, რომელიც, რა თქმა უნდა, ყოველთვის ბავშვზეც მოქმედებს, შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა შეძლოს თავისი ემოციების კონტროლი და მისი გამოვლენა მისაღები გზით, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბავშვი მის გვერდზე იმყოფება, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა ბავშვებისთვის მშობლის რეაქციები და ემოციები არის გარემოში მიმდინარე მოვლენების საზომი და განმსაზღვრელი.

 

,,ყველა ჩემი ემოცია გადადის, რაღაცაზე როცა ტირილს ვიწყებ ხოლმე სულ მეკითხება, დედიკო ცრემლები რატომ მოგდის? მე ვეუბნები ხოლმე აი შენ რომ რამე გტკივა, მე ხომ შენი დედიკო ვარ, შეიძლება მე ის არ მტკივა, რაც შენ გტკივა, მაგრამ მე ამას განვიცდი.’’

7 წლის სანდროს დედა

 

,,მშობელი თუ მშვიდად გრძნობს თავს, შესაბამისად ეს სიმშვიდე ბავშვზეც გადადის და ვცდილობდი, რომ განსაკუთრებით ოპერაციის წინ მშვიდად ვყოფილიყავი, რომ ბავშვზე არ გადასულიყო ეს ჩემი ნერვიულობა.’’

2 წლის სანის დედა

 

მშობლის მზაობა: შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მზაობა მშობლების მხრიდან, ბავშვის მდგომარეობის მისი ემოციებისა თუ სხვადასხვა გამოხატულებების მიმღებლობა და თავიანთი შვილებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა. მშობლების დამოკიდებულება ძირითადად იყო ის, რომ ყველაფერს შეძლებდნენ თავიანთი შვილებისთვის და დედობა მათთვის იყო მთავარი მოტივაცია. სწორედ ამგვარი მიდგომის გამო მშობელთა უმეტესობა საოპერაციო ოთახში მიყვებოდა საკუთარ შვილს და თავისივე ხელით აძინებდა, რათა ბავშვს უფრო მშვიდად და იმედიანად ეგრძნო თავი.

 

,,პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიყოთ მომზადებული ყველაფრისთვის, რომ ბავშვმა იგრძნოს თავი მშვიდად.’’

  • წლის მატეოს დედა

 

,,ზოგიერთი მეუბნება რომ რა სისულელეა, რატომ შეხვედი, როგორ გაბედე, ბევრ ზედმეტ კითხვას მისვამდნენ და მე ვეუბნებოდი თუ ჩემი შვილი შედის ისეთ რაღაცაზე მე როგორ ვერ უნდა შევიდე, ანუ ვერა, მეც უნდა შევიდე, აუცილებლად უნდა შევიდე იმ გარემოში სადაც ჩემი შვილი იქნება.’’

  • წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

 

ცხრილში შეჯამების სახით წარმოდგენილია ინფორმაცია სხვადასხვა კლინიკებისა და ჯო ენის კლინიკის მშობლების მიერ როგორ ხდებოდა მხარდაჭერა თავიანთი შვილების მიმართ, რა მიდგომები გამოიყენებოდა და როგორი იყო ბავშვების მშობლების ფსიქოლოგიური და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მათი სტრესული ფონიდან გამომდინარე (იხ. ცხრილი #4).

 

ცხრილი #4: სხვადასხვა კლინიკების პაციენტებისა და ჯო ენის კლინიკის პაციენტების მშობლების დამოკიდებულება თავიანთი შვილების მიმართ და მშობლების ფსიქოლოგიური/ფიზიკური მდგომარეობა

სხვადასხვა კლინიკის პაციენტების მშობლები ჯო ენის კლინიკის პაციენტების მშობლები
ბავშვის ინფორმირება არ ხორციელდებოდა ხორციელდებოდა
წინასწარი შემზადება არ ხორციელდებოდა ხორციელდებოდა
ბავშვის გართობაზე ზრუნვა ხორციელდებოდა ნაწილობრივ ხორციელდებოდა
სახლური გარემოს შექმნა ხორციელდებოდა ნაწილობრივ ხორციელდებოდა
ბავშვის ნდობის სათავისოდ გამოყენება ხორციელდებოდა არ ხორციელდებოდა
სინანულის განცდა აღინიშნებოდა არ აღინიშნებოდა
სირცხვილის განცდა აღინიშნებოდა არ აღინიშნებოდა
მხარდაჭერა ხორციელდებოდა ხორციელდებოდა
მშობლის რთული ემოციური მდგომარეობა აღინიშნებოდა აღინიშნებოდა
მშობლის სტრესი აღინიშნებოდა აღინიშნებოდა
მშობლის

ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები

 

აღინიშნებოდა

 

აღინიშნებოდა

 

 

ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებისა და მშობლების ურთიერთდამოკიდებულება

 

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკის გამოცდილება უარყოფითად ისახება მშობელზე და მშობლის რთული ფსიქოლოგიური მდგომარეობა მის შვილზეც ახდენს გავლენას, მნიშვნელოვანია, რომ მშობელთან აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ ფსიქოლოგები და აღნიშნულ საქმეში კომპეტენტური პირები. ამგვარი მიდგომა აქვთ ჯო ენის კლინიკაში, სადაც მშობლის მხარდაჭერაზე, მათ მზაობაზე, ინფორმირებაზე თუ სხვა ნებისმიერ საჭიროებაზე ფსიქოლოგები ზრუნავენ.

მშობლის თავდაპირველი უნდობლობა: თუმცა, როგორც ინტერვიუებიდან ირკვევა თავდაპირველად ყველა მშობელი სულაც არ არის ნდობით განმსჭვალული ფსიქოლოგების მიმართ, მაგრამ შემდგომი გამოცდილება აჩვენებს თუ რამდენად მნიშნელოვანია მათი ჩართულობა.

 

,,მერე მახსენდება ხოლმე პირველად რომ შევხვდი მათ და საწოვარაზე, რომ უხსნიდნენ რითი უნდა ეჭამა, მაშინ სულ თვეების იყო და ვფიქორბდი მეთქი ახლა სანდრომ რა უნდა გაიგოსთქო, ასეთი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება, მაგრამ თურმე ამას ძალიან დიდი მნიშნელობა ჰქონია და მე ამას ვერ ვხდებოდი.’’

7 წლის სანდროს დედა

 

სწორი მიდგომების სწავლება: ასევე მშობლები სწორედ, ფსიქოლოგების დახმარებით სწავლობენ თუ რა მიდგომები გამოიყენონ ბავშვებთან მიმართებაში, როგორ შეამზადონ ისინი, რაზე ესაუბრონ, როგორ მიაწოდონ ინფორმაცია ბავშვის დიაგნოზთან დაკავშირებით, საუბრის დროს რაზე გაუმახვილონ ყურადღება და ასე შემდეგ. მათგან იციან პროცედურებამდე რამდენი დღით ადრე უნდა შეამზადონ, რომ ბავშვმა ბევრად უფრო ადრე, წინასწარ არ დაიწყოს შფოთვა სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით.

 

,,მომცეს პირვლეად ის წიგნი, მე არ მქონდა წინასწარ ნალაპარაკები ბავშვთან, რომ ოპერაცია უნდა გაეკეთებინა და რისთვის კეთდებოდა ეს ყველაფერი, ოპერაცია საერთოდ არ მქონდა მასთან ნახსენები, იმიტომ, რომ ვერ შევარჩიე შესაბამისი სიტყვები როგორ შეიძლებოდა, რომ ამეხსნა.’’

2 წლის სანის დედა

 

კომპეტენტური პირისგან მიღებული რჩევები: მშობლები თავადაც აღნიშნავენ ფსიქოლოგების განსაკუთრებულ როლს, რადგან ფიქრობენ, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია კომპეტენტურ ადამიანთან საუბარი და მათგან რჩევების მიღება. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თავად მშობლებსაც ჰქონდეთ მიმღებლობა ფსიქოლოგების რჩევებისა და მათი მიდგომების მიმართ, რადგან იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მშობლები ან ერთ-ერთი მშობელი არ იზიარებდა მათ მიდგომებს და ამის გამო სირთულეები ექმნებოდათ, როგროც ბავშვთან მიმართებაში ისე მშობლების ურთიერთდამოკიდებულებაში.

 

,,ყველას ვურჩევ, როგორც არ უნდა იფიქროს მშობელმა, რომ არის მომზადებული, მე პირადად ბევრი რაღაც წავიკითხე, ვაანალიზებდი რომ შეცდომა დავუშვი, მაგრამ მაინც პირადი საუბარი, კომპეტენტური ადამიანის რჩევები, წერტილოვანი მიმართულებები ფსიქოლოგისგან მე ძალიან დამეხმარა, მაინც არის ბევრი რამ რაც შეიძლება გამოგეპაროს.’’

6 წლის მატეოს დედა

 

ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მხარდაჭერა მშობლების მიმართ: გარდა მშობლის ინფორმირებისა და საჭირო მიდგომების სწავლისა, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები მხარდაჭერას გამოხატავდნენ მშობლების მიმართ და ეხმარებოდნენ ემოციური პრობლემების, სტრესის, რთული სიტუაციების დაძლევაში, ეს კი განსაკუთრებით ოპერაციის მომენტში ხდებოდა, როდესაც მშობელი ყველაზე მეტად განერვიულებული და ემოციურად არასტაბილურ მდგომარეობაში იყო. ასევე ფსიქოლოგების ჩართულობა მშობლისთვის ერთგვარ იმედს წარმოადგენდა, კერძოდ, მათ იცოდნენ, რომ თუკი თავად რაიმე შეეშლებოდათ ფსიქოლოგები ამ პრობლემას აღმოაჩენდნენ და მის მოგვარებაზეც იზრუნებდნენ.

 

,,საოპერაციოშიც, რომ შეყავდათ, ერთი ფსიქოლოგი გამომყვა და ძალიან მხარში მედგნენ, რომ შეიყვანეს და მერე მე ფსიქოლოგთან ერთად გამოვედი, ძალიან ვნერვიულობდი და შემეძლო, რომ ეს ყველაფერი არ გამომეხატა, იმიტომ, რომ თუ დავიწყებდი მერე ძალიან ავყვებოდი ემოციებს და უარესი იქნებოდა, დავიწყებდი ტირილს, ფსიქოლოგიც მამხნევებდა.’’

6 წლის თამთას დედა

 

,,მეც ძალიან ვნერვიულობდი, ვტიროდი სანამ იქიდან გამოიყვანდნენ, სანამ დამირეკავდნენ რომ ყველაფერი კარგად არის ოპერაცია კარგად ჩამთავრდაო, ის ფსიქოლოგები ამ პერიოდის განმავლობაში იმდეჯერ შემოვიდნენ, იმდენჯერ დამამშვიდეს, ყველაფერი კარგად იქნებაო, მალე დამთავრდებაო.’’

9 წლის ნინცას დედა

 

 

,,მერე მეც ძალიან იმედიანად ვიყავი, ვიცოდი, რომ თუ მეც რამეს არასწორად გავაკეთებდი, თუ რაღაც შემეშლებოდა უკან მქონდა ძალიან დიდი ზურგი ფსიქოლოგების სახით.’’

  • წლის მატეოს დედა

 

გარდა იმედისა, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები მშობლებისთვის იყვნენ მოტივატორები, რომელთა დახმარებით ახერხებდნენ და ბედავდნენ იმას, რის გაკეთებასაც დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ, იგულისხმება ბავშვისთვის შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა, მაგალითად საოპერაციო ოთახში შეყოლის სახით.

 

,,მე ვფიქრობ, მანდ რომ ამიხსნეს ყველაფერი, მანდ მასთან ერთად, რომ უნდა ვყოფილიყავი მეც უნდა შემეგრძნო ის ყველაფერი, რასაც თვითონ გრძნობდა, თვითონ ფსიქოლოგები გვესაუბრებოდნენ, რომ უნდა შევსულიყავით საოპერაციოში, სულ პატარა, რომ იყო თავიდან მეც ვერ შევძელი შესვლა, მაგრამ შემდეგ უკვე როცა დიდი იყო მასთან ერთად მეც შევედი, ორივეჯერ, რომ არა მაქაური გარემო გეფიცებით ვერ შევიდოდი, აი მართლა.’’

  • წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

 

,,ოპერაციებს, რომ მოვრჩით ბოლოს, 4 წლის, რომ იყო მაშინ, მერე მომწერეს გოგოებმა, ფსიქოლოგებმა დიიდი მესიჯი, მოსწონდათ ჩემი დამოკიდებულება, მაქებდნენ, ასეთი ხარ ისეთი ხარო და ეგ მესიჯი მაქვს დასქრინული და შენახული და ვკითხულობ ხოლმე ხანდახან და მამხნევებს ეგ ყველაფერი, ძალიან მიყვარს ეგ გოგოები.’’

  • წლის თამთას დედა

 

საინტერესო იყო ისიც, რომ თამაშით ინტერვენციას დადებითი გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ ბავშვის, არამედ მშობლის მზაობაზეც კი. ამას ადასტურებს ერთერთი მშობლის სიტყვები.

 

,,რადგანაც გაბომ ეს ყველაფერი გააკეთა თოჯინასთან, ფსიქოლოგიც იქ იყო და უხსნიდა, მეც იქ ვიყავი და ვუსმენდი, მეც ვიცოდი თუ რა უნდა გაკეთებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე დეტალურად ამიხსნა ქირურგმა და ვიცოდი ეს ყველაფერი, რომ არა ის თამაშთამაშიც და რომ არა ის ცოდნა, შეიძლება მეც ვერ შევსულიყავი, ანუ ფსიქლოგიური გავლენა იყო ძალიან დიდი.’’

  • წლის გაბოს და 6 წლის ლილუს დედა

 

ინტერვიუებიდან ციტირებული მონაკვეთებიც მოწყობს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მხარდაჭერა ბავშვებისა და მათი მშობლებისადმი.

 

,,რომ არა ჯო ენის კლინიკა, რომ არა ფსიქოლოგები და ესეთი ექიმები მე თვითონაც არ მექნებოდა იმის ძალა, რომ ფსიქოლოგიურად მომზადებული შევხვედროდი ამ ყველაფერს და ბავშვისთვისაც შესაბამისი დახმარება გამეწია.’’

6 წლის თამთას დედა

 

,,იმ ფსიქოლოგების გვერდში დგომა, თითოეული მათი სიტყვა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემ ოჯახში ვიყავი, თითქოს ჩემი დები იყვნენ, ან შეიძლება იმ მომენტში ჩემი დისთვის ან ჩემი მეურლისთვის არც გამიზიარებია ჩემი გულისტკივილი რამდენიც ფსიქოლოგებს გავუზიარე, მათთან ლაპარაკი, საუბარი, მათი გვერდში დგომა. იმ მომენტში იქ რომ არ ყოფილიყვნენ ძნელი იქნებოდა იქ ყოფნა და ამის გადატანა.’’

9 წლის ნინცას დედა

 

,,ის გოგოები ისე გვიდგანან გვერდში თითქოს ჩვენი დები არიან. ყველა ჩვეგანის ტკივილი გულთან ახლოს მიჰქონდათ და გვეხმარებოდნენ ყველანაირად.’’

6 წლის ალექსის დედა

 

,,ნინცასთვისაც ძალიან რთული იქნებოდა, ერთი დღე არ ყოფილა დედის გარეშე და უცებ რეანიმაციაში აღმოჩნდა მარტო, ამდენ აპარატურაში, ამდენი ექიმები, მოწყობილობები, წევხარ და რომ გეშინია, იმიტომ, რომ პატარა ხარ და ამ დროს რომ მოდის შენთან ვიღაც გამშვიდებს და გეუბნება რომ მალე დედიკო მოვა, მალე კარგად იქნები, ეს სიტყვები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ძალის მიმცემი იყო.’’ 9 წლის ნინცას დედა  ცხრილში შეჯამების სახით წარმოდგენილია თუ რა როლი აქვთ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებს ბავშვებისა და მათი მშობლების კლინიკის გამოცდილების განმავლობაში, როგორ უჭერენ მხარს და რა მიდგომებსა და ტექნიკებს იყენებენ (იხ. ცხრილი #5).

 

ცხრილი #5: ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების როლი ბავშვთან და მშობელთან მიმართებაში.

ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების როლი
ბავშვთან მიმართებაში მშობელთან მიმართებაში
ბავშვის ინფორმირება დიაგნოზის შესახებ მშობლის ინფორმირება
პროცედურებამდე წინასწარი შემზადება სწორი მიდგომებისა და სტრატეგიების სწავლება
თამაშით ინტერვენცია ემოციური მხარდაჭერა
ყურადღების გადატანა ემოციების კონტროლის სწავლება
პოზიტიურზე აქცენტირება პოზიტიურზე აქცენტირება
კლინიკის გარემოს გაცნობა მოტივაციის მიცემა
მოდელირების გამოყენება საუბარი, როგორც თერაპია
კომუნიკაცია ბავშვის ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად  

რჩევები და რეკომენდაციები

ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება თამაშის დადებითი ეფექტი
თვითშეფასებაზე ზრუნვა იმედი ჩანერგვა
მოტივირება
მდგომარეობის ნორმალიზება
გარემოს ნორმალიზება

 

 

ჯო ენის სამედიცინო გუნდის დამოკიდებულება პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ

 

როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ირკვევა, ჯო ენის კლინიკაში მთლიან სამედიცინო გუნდსა და კოლექტივს სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რაც ქმნის სანდო, კეთილგანწყობილ და მშვიდ გარემოს, რომელშიც თავს კომფორტულად და ბედნიერად გრძნობს, როგორც ბავშვი, ისე მშობელი. ყოველივე ეს კი არის შედეგი იმისა, რომ ჯო ენში დანერგილია მულტიდისციპლინური მიდგომა, სადაც ერთად მუშაობს სამედიცინო გუნდი და ფსიქოლოგების გუნდი. ისინი საერთო ღირებულებებით მოქმედებენ და გუნდის თითოეული წევრი ზრუნავს ბავშვის ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე.

 

,,ჯო ენში ისეთი დამოკიდებულება არის ბავშვის მიმართ, აი მაგალითად ჩვენი ექიმი კიარა სულ სხვა ექიმი იყო ერთი და შემოდიოდა ხოლმე თამთასთან და ელაპარაკებოდა, ეთამაშებოდა, სულ არ იყო თამთას ექიმი, კარდიოლოგი იყო, სხვა კლინიკებში ასეთი რაღაც არსად არ ხდება, მე არსად არ მინახავს.’’

 

,,შემოვიდოდა ნიკა ექიმი ეთამაშებოდა, ელაპარაკებოდა, მერე შეეკითხებოდა აბა კიდევ არ მიყურებ? კიდევ არ მელაპარაკები? მერე თვითონ ექიმმა ხელში აიყვანა თამთა და ნაძვის ხე ისე მოართვევინა.’’

6 წლის თამთას დედა

 

ექიმის მიერ გამოყენებული კომუნიკაციის სწორი ფორმა, მისი დამოკიდებულება ბავშვის/მშობლის მიმართ, განწყობა და კომპეტენცია კი მშობელზე დადებითად მოქმედებს და ნდობით განაწყობს გარემოსა და ადამიანების მიმართ.

 

,,მერე სანდრო კბილებზე, რომ მივიყვანე ექიმმა ისტორია, რომ წაიკითხა ასე მითხრა როგორი ძლიერი ბიჭი ყოფილაო, ანუ პირიქით, მან მე არ მაგრძნობინა არაფერი ცუდი. სულ ვამბობ ხოლმე, რომ როცა ექიმთან მივდივარ და ექიმს შიშს და უიმედობას ვერ ვამჩნევ, მერე მეც უფრო მეტად ვძლიერდები, აღარ მეშინია რომ რაღაც ცუდად ჩატარდება. როცა ექიმს დაბნეულობას შევამჩნევ მერე მეც ძალიან მეშინია და მას ვეღარ ვენდობი ხოლმე…’’

 

,,ახლაც პედიატრი შევიცვალეთ და ფილტვებს, რომ მოუსმინა მაშინვე მიხვდა ხელოვნური სარქველი აქვსო და მერე ისიც მითხრა როგორი ძლიერი ბიჭი ყოფილაო და მის მერე დამყავს იმ ექიმთან, იმიტომ, რომ მან მე შიში არ მაგრძობინა, როცა შევატყობ რომ ექიმს ეშინია სულ ვცდილობ რომ იქ აღარ მივიყვანო მეორედ.’’ 7 წლის სანდროს დედა

 

,,საერთოდ არ მქონდა იმის განცდა, რომ ვიყავი კლინიკაში, ოღონდ მართლა, ისეთი ოჯახური გარემოა და ისეთი დამოკიდებულება.’’

4 წლის კირას დედა

 

ცხრილში შეჯამების სახით წარმოდგენილია ინფორმაცია სხვადასხვა კლინიკისა და ჯო ენის კლინიკის სამედიცინო გუნდის დამოკიდებულება პაციენტებისა და მათი მშობლების მიმართ (იხ. ცხრილი #6).

 

ცხრილი #6: სხვადასხვა კლინიკისა და ჯო ენის კლინიკის სამედიცინო

პერსონალის დამოკიდებულება პაციენტებისა და მათი მშობლების მიმართ.

 

 

სხვადასხვა კლინიკის პაციენტები

 

ჯო ენის პაციენტები

 

სხვა კლინიკაში ვიზიტის დროს ჯო ენში ვიზიტის დროს
მოუმზადებელი

პროცედურები

გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
ძალადობრივი პროცედურები გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
ინფორმაციის

ნაკლებობა

გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
კომუნიკაციის

ნაკლებობა

გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
მშობელთან განშორება გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
ორიენტირება მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
არაკორექტული დამოკიდებულება გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
კონფლიქტი გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
კეთილგანწყობა იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა გამოვლინდა

 

სხვადასხვა კლინიკებისა და ჯო ენის პაციენტების გამოცდილების განხილვის შემდეგ, ცხრილი #7-ში შეჯამების სახით წარმოდგენილია აღნიშნულ კლინიკებში მიღებული გამოცდილების შემდგომ პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა კლინიკაში ყოფნის განმავლობაში (იხ. ცხრილი #7).

 

 

ცხრილი #7: სხვადასხვა კლინიკებისა და ჯო ენის პაციენტების ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

 

სხვადასხვა კლინიკის პაციენტები

 

ჯო ენის პაციენტები

 

სხვა კლინიკაში ვიზიტის დროს ჯო ენში ვიზიტის დროს
თეთრხალათიანების

შიში

გამოვლინდა გამოვლინდა იშვიათ შემთვევებში გამოვლინდა
შფოთვა სახლიდან გასვლამდე გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
პროცედურების დროს

გამოხატული აგრესია

გამოვლინდა გამოვლინდა იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა
უცხო გარემოს შიში გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
ტირილი კლინიკის დანახვაზე გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
პალატაში უცხოს შემოსვლის შიში/შფოთვა გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
დედის გარეშე

დაუცველობის შეგრძნება

გამოვლინდა გამოვლინდა იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა
ძილში ბოდვა და შფოთვები გამოვლინდა გამოვლინდა არ გამოვლინდა
სახლში წასვლის

გაძლიერებული სურვილი

გამოვლინდა გამოვლინდა იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა

 

 

შედეგების განხილვა

მშობლებთან ინტერვიუების შედეგად დადგინა და გამოიკვეთა არა ერთი მნიშნელოვანი თემა, რომელიც კლინიკაში მყოფი ბავშვის გამოცდილებას უკავშირდება. აღნიშნული თემები თანხვედრაშია უკვე აქამდე ჩატარებულ კვლევებთან.  როგორც აღმოჩნდა, კლინიკაში ყოფნის განმავლობაში ბავშვის დადებით თუ უარყოფით გამოცდილებას არა ერთი ფაქტორი განსაზღვრავს, რომელთა ნაწილი პირდაპირ შემხებლობაშია ბავშვთან, ნაწილი კი ირიბად უკავშირდება მას. აღნიშნული მდგომარეობა კარგად იხსნება ური ბროფენბრენერის ადამიანის განვითარების ბიოეკოლოგიური მოდელის მიხედვით, რომლის თანახმადაც ყოველი ბავშვი თუ პიროვნება იზრდება და ვითარდება მიკროსისტემაში (რომელიც აერთიანსებს – ოჯახს, მეგობრებს, ბაღს, სკოლას, მასწავლებლებს…), რომელიც მეზოსისტემის ნაწილია (ურთიერთქმედება მიკროსისტემის ნაწილებს შორის), შემდეგ ორივე მათგანი ეგზოსისტემაში ერთიანდება (ბავშვზე/პიროვნებაზე მოქმედი სოციალური გარემო), ბოლოს კი ყველა ერთად მაკროსისტემას ქმნის (სოციუმი, წესებით, ტრადიციებით, ფასეულობებით, კავშირებით თუ სხვა) (Woolfolk, 2007). თუკი აღნიშნული მიდგომის მიხედვით ვიხელმძრვანელებთ, ბავშვის განვითარებასა თუ მის ცხოვრებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, კლინიკაში მყოფი ბავშვების შემთხვევაში კი ესენი არიან მშობლები, ოჯახის წევრები, ექიმები, ექთნები, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები, აღნიშნულ ინდივიდებს შორის ურთიერთქმედებაც არაპირდაპირი გზით გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა თუ მის გამოცდილებაზე, ასევე გარემო, რომელშიც ბავშვი იმყოფება,  კლინიკაში არსებული პოლიტიკა, მიდგომები, დამოკიდებულებები, ფასეულობები თუ სხვა მრავალი. შესაბამისად ბიოეკოლოგიური მოდელიც ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვის სწორი განვითარებისთვის მოწესრიგებული იყოს ის სოციუმი და გარემო, რომელშიც ბავშვი იმყოფება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ბავშვის მიმართ მშობლების, ოჯახის წევრების დამოკიდებულება, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების, ექიმების, ექთნების დამოკიდებულება, აღნიშნული პირების ერთმანეთთან ურთიერთქმედება, თავად კლინიკა თუ სხვა მრავალი ფაქტორი, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბ შემხებლობაში იმყოფებიან ბავშვთან და განსაზღვრავენ, როგორც ზოგად, ისე ბავშვის კლინიკის გამოცდილებას.

როგორც კვლევის შედეგებიდან ირკვევა, სხვადასხვა კლინიკებისა და ჯო ენის კლინიკის პაციენტების გამოცდილება ხშირ შემთხვევაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, აღნიშნული განსხვავებები კი მრავალ საკითხთან მიმართებაში იკვეთება.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც კვლევის პროცესში გამოიკვეთა არის, ბავშვის შიშები, შფოთვები და სხვადასხვა სახის ფიქრები კლინიკასთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, აღინიშნებოდა სხვადასხვა კლინიკების პაციენტებშიც, ჯო ენის პაციენტების სხვა კლინიკაში ვიზიტის დროს და თავად ჯო ენშიც აქტუალური იყო მსგავსი პრობლემები. თუმცა ჯო ენის ფსიქოლოგების მიერ გამოყენებული მიდგომები, სწორედ ამ ყველაფრის მართვაზე იყო მიმართული. თეთრხალათიანების შიში, პროცედურების დროს აგრესიის გამოხატვა, დედის გარეშე დაუცველობის შეგრძნება და სახლში წასვლის გაძლიერებული სურვილი გამოვლინდა სხვადასხვა კლინიკების პაციენტებში, ხოლო ჯო ენის პაციენტებში იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა, რადგან ბავშვების შიშები თუ შფოთვები ძირითადად მომდინარეობდა წინარე გამოცდილებიდან, რომელიც არ იყო ჯო ენში მიღებული გამოცდილება. ჯო ენში ყოფნის დროს ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები კი  აქტიურად მუშაობდნენ სწორედ აღნიშნული შიშებისა და შფოთვების დაძლევაზე. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბავშვებს ჩვილობიდანვე ჯო ენში ვიზიტის აქტიური გამოცდილება ჰქონდათ საერთოდ არ აღენიშნებოდათ თეთრხალათიანების შიში, ნაკლებად გამოხატავდნენ აგრესიას პროცედურების ჩატარების დროს, შეეძლოთ დედის გარეშე კლინიკის გარემოში ყოფნა (განსაკუთრებით ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებთან) და მათში ნაკლებად გამოხატული იყო სახლში წასვლის გაძლიერებული სურვილი. აღნიშნულ

შედეგებს ეხმიანება ერთ-ერთი კვლევა, რომლის მიხედვითაც ბავშვებს, რომლებიც იღებდნენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მხარდაჭერას კლინიკაში ჰოსპიტალიზების დროს აღენიშნებოდათ ნაკლები შფოთვა, ვიდრე ბავშვებს, რომლებიც მსგავს სერვისს არ იღებდნენ  (Claridge, et al., 2020).

რაც შეეხება შფოთვას სახლიდან გასვლამდე, უცხო გარემოს მიმართ შიშს, კლინიკის დანახვაზე ტირილს, პალატაში უცხოს შემოსვისას შფოთვას, ძილში ბოდვასა და შფოთვებს, ისინი ძირითადად სხვადასხვა კლინიკების პაციენტის მშობლების მიერ დასახელებული პრობლემები იყო და არა ჯო ენის პაციენტების მშობლების. მიღებული შედეგი შეიძლება აიხსნას იმით, რომ ჯო ენის კლინიკაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიდგომებია, პროცედურებამდე წინასწარი შემზადება, ბავშვის ინფორმირება და კლინიკის გარემოს ნორმალიზება, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვებს სახლიდან გასვლამდე არ აქვთ იმის მოლოდინი, რომ ისინი წავლენ ისეთ ადგილას, რაზეც მათ წინასწარ არ ექნებათ ინფორმაცია. ასევე იციან, რომ პალატაში ყოფნის დროს თუკი ვინმე შემოვა პროცედურის ჩასატარებლად მას ამის შესახებ წინასწარ ექნება ინფორმაცია, გარდა ამისა კლინიკის გარემო მათთვის არ ასოცირდება უარყოფით მოგონებებთან და ტკივილთან, შესაბამისად კლინიკის დანახვაზე არ აქვთ ტირილის რეაქცია, კლინიკაში ყოფნის განმავლობაში მაქსიმალურად მინიმალიზებული სტრესი კი ბავშვებს შედარებით მშვიდი ძილის საშუალებას აძლევს. ამგვარი შედეგები უკავშირდება კვლევებს, რომელთა მიხედვითაც ბავშვების უმეტესობას კლინიკაში ყოფნის განმავლობაში აღენიშნებათ ისეთი შიშები, როგორებიც არის ექიმის მიმართ შიში, დაზიანების შიში, ტკივილის შიში, აღნიშნულ შიშებზე ბავშვების რეაქციები კი არის გაქცევა, ტირილი, აგრესია, თანამშრომლობის ნაკლებობა თუ სხვა (Favara-Scacco, et al., 2001). ასევე კვლევების მიხედვით სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვებში გავრცელებული შიშებია – მშობლებისგან განშორება, ტკივილის, დასახიჩრებისა და სიკვდილის შიში, მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მტკივნეული პროცედურები არის სასჯელი იმისა, რომ მათ რაღაც არასწორად გააკეთეს (Gaynard, et al., 1998). შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ჰქონდეთ განვითარების შესაბამისი ზუსტი ინფორმაცია კლინიკის გამოცდილების შესახებ და გამოიყენებოდეს შესაბამისი მიდგომები, რომლებიც მათ შიშებს, შფოთვებსა და არასწორ წარმოდგენებს დააძლევინებს.

ასევე განსხვავებული მდგომარეობაა სხვადასხვა კლინიკისა და ჯო ენის კლინიკის სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულების მხრივ პაციენტებისა და მათი მშობლების მიმართ. როგორც სხვადასხვა კლინიკის პაციენტები, ისე ჯო ენის პაციენტები სხვა კლინიკების გამოცდილებით აღნიშნავდნენ, რომ პროცედურები ტარდებოდა წინასწარი მომზადების გარეშე, პროცედურათა უმეტესობა ტარდებოდა ძალადობრივად, ბავშვებს არ ჰქონდათ ინფორმაცია საკუთარი დიაგნოზის, პროცედურებისა თუ გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ, სამედიცინო პერსონალი ნაკლებ ყურადღებას იჩენდა ბავშვებისა და მათი მშობლების მიმართ, ნაკლებად შედიოდა მათთან კომუნიკაციაში, ხშირად პროცედურების ჩატარების დროს მშობლები ბავშვებთან არ იმყოფებოდნენ, სამედიცინო პერსონალი უფრო მეტად ორიენტირებული იყო ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობა კი უარყოფილი იყო მათი მხრიდან, ასევე ხშირად არაკორექტული დამოკიდებულება ჰქონდათ მშობლებისა და პაციენტების მიმართ, რაც გადაიზრდებოდა ხოლმე კონფლიქტურ სიტუაციებში. აღნიშნული მდგომარეობა გამოიკვეთა იქ, სადაც არ იყო დანერგილი ფსიქოსოციალური პროგრამა, რომელშიც ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები არიან ჩართული, რადგან მათი ჩართულობის შემთხვევაში სრულიად განსხვავებული მდგომარეობა გამოიკვეთა და ზემოაღნიშნული დამოკიდებულებებიდან არც ერთი მათგანი არ იყო გამოხატული. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ექთნებისა და ექიმების მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება გამოწვეულია სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესის, პროფესიული გადაწყვისა და გადატვირთულობიდან გამომდინარე, რაც განაპირობებს იმას, რომ მათ არ ჰყოფნით იმის რესურსი იზრუნონ ბავშვისა და მისი ოჯახის წევრების ყველანაირ საჭიროებაზე და ამის გამო პრიორიტეტს ანიჭებენ მხოლოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას (Drake, et al., 2012).

ამას ერთვის სხვადასხვა კლინიკებისა და ჯო ენის კლინიკის გარემოს მოწყობა და იქ არსებული სიტუაცია, რომელიც ასევე გავლენას ახდენს ბავშვის კლინიკის გამოცდილებაზე. სხვადასხვა კლინიკის პაციენტების მშობლები აღნიშნავდნენ, რომ კლინიკათა უმეტესობაში არ იყო მოწყობილი საბავშვო სივრცე, იყო მოსაწყენი გარემო, ანტისანიტარია, სხვა ბავშვების გამოცდილება უარყოფით გავლენას ახდენდა მათ შვილებზე, ასევე უარყოფითად მოქმედებდა ლოდინი, კლინიკაში არსებული ხმები, რიგები, ქაოტური და არაორგანიზებული გარემო, მშობლის დამატებითი საზრუნავები და სხვა მრავალი ფაქტორი. ჯო ენის კლინიკაში კი ყოველივე ეს გათვალისწინებული და აღმოფხვრილი იყო, პირიქითაც კი, მაგალითად სხვა ბავშვების გამოცდილება ამ შემთხვევაში პოზიტიურ ჭრილში იყო გამოყვანილი, ნაცვლად ნეგატიურისა, ხოლო რიგების შემთხვევაში, ბავშვს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ლოდინის პერიოდი სათამაშო ოთახში გაეტარებინა და ეს დრო მისთვის დამთრგუნველი და პროცედურების მზაობისთვის ხელისშემშლელი არ ყოფილიყო. კლინიკის გარემოს შესაბამისად მოწყობის მნიშვნელობას ადასტურებს უკვე ჩატარებული კვლევებიც, რომელთა მიხედვითაც ბავშებისა და მშობლების მიერ ლოდინის რეალური დროის აღქმაზე გავლენას ახდენს ის თუ რა გარემო პირობებში უწევთ ლოდინი. კერძოდ, მოსაცდელ ადგილებში ფიზიკური გარემოს მიმზიდველობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ნაკლებ შფოთვასთან, დროის სასიამოვნოდ გატარებასთან და პაციენტებისა და მათი მშობლების კმაყოფილების განცდასთან. ასევე ბავშვზე მორგებული გარემო, საბავშვო სივრცე და ყურადღების გადატანის შესაძლებლობა დაკავშირებულია ბავშის უფრო მშვიდ ქცევასთან, ნაკლებ გაღიზიანებადობასა და პროცედურებისთვის მეტ მზაობასთან (Pati & Nanda, 2011).

გარდა ამისა, ბავშვის კლინიკის გამოცდილებაზე გავლენას ახდენს მშობლის ჩართულობის დონე და მისი ხარისხი, კვლევების თანახმად, ბავშვის ჰოსპიტალიზებისას მშობლის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მშობლები ბავშვებისთვის არიან ძირითადი ინფორმატორები, მათი თანხლება უზრუნველყოფს ბავშვის სიმშვიდის და დაცულობის განცდას, ასევე მშობლების ჩართულობა მკურნალობის პროცესში ამცირებს სიმპტომების სიმძიმებს (Le Grange, et al., 2007). კიდევ ერთი კვლევის თანახმად, ჰოსპიტალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში ბავშვები თავს უფრო დაცულად გრძნობენ, როდესაც მშობლები და ოჯახის სხვა მნიშვნელოვანი წევრები მათ გვერდზე იმყოფებიან (Farias, et al., 2017). სწორედ მსგავსი შედეგები მივიღეთ აღნიშნულ კვლევაშიც, დადგინა, რომ როგორც სხვადასხვა კლინიკებში ყოფნის განმავლობაში, ისე ჯო ენის კლინიკაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მშობლის ჩართულობა ბავშვის მკურნალობის პროცესში. თუმცა მათი ჩართულობის დონე და ხარისხი განსხვავებული იყო. მაგალითად სხვადასხვა კლინიკის პაციენტების მშობლები საჭიროდ არ თვლიდნენ, რომ ბავშვისთვის წინასწარ მიეწოდებინათ ინფორმაცია სამედიცინო პროცედურების თუ კლინიკის გამოცდილების ნებისმიერი ელემენტის შესახებ, არ ახდენდნენ ბავშვების წინასწარ შემზადებას, იყო შემთხვევები, როდესაც ბავშვის ნდობა სათავისოდ გამოიყენეს, ხშირად მშობლებს სირცხვილის განცდა და დანაშაულის გრძნობა ჰქონდათ სამედიცინო პროცედურების ჩატარების დროს ან მის შემდგომ. მშობლების ამგვარი არასათანადო მიდგომებისა და დამოკიდებულებების სავარაუდო მიზეზი არის ინფორმაციისა და გამოცდილების ნაკლებობა, რაც სხვა კვლევებითაც არის დადასტურებული, რომელთა მიხედვითაც, მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს აქვთ სურვილი თავიანთ შვილებს მხარდაჭერა გამოუცხადონ, მათ უმეტესობას არ აქვს სწორი ინფორმაცია თუ როგორი სახის მიდგომები უნდა გამოიყენოს კლინიკაში მყოფ ბავშვებთან მიმართებაში (Claridge, et al., 2020). ასევე ჩვენი კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გარკვეული სამედიცინო გამოცდილების მიღების შემდეგ, რომელიც ძირითადად უარყოფით სახის იყო, თავად მშობლებიც ხვდებოდნენ თავიანთ მიერ დაშვებულ შეცდომებს და შემდგომში თვითონვე შეიმუშავებდნენ ხოლმე ბავშვებზე მორგებულ მიდგომებს, თუმცა ბავშვების წინარე უარყოფითი გამოცდილება არსად ქრებოდა. ასევე სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტების დროს სწორედ მშობლებს უწევდათ კლინიკის გარემოს ნორმალიზება, ბავშვის გართობაზე ზრუნვა და კლინიკის ნაკლოვანებების კომპენსირება. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იყო ჯო ენის კლინიკაში. ვინაიდან ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები უზრუნველყოფნდნენ მშობლების ინფორმირებას სწორ მიდგომებათან თუ დამოკიდებულებებთან დაკავშირებით, რასაც მშობლები მიყავდათ იმ შედეგებამდე, რომ ისინი წინასწარ ახდენდნენ ბავშვების მომზადებასა და ინფორმირებას, სათავისოდ არ იყენებდნენ ბავშვის ნდობასა და მის მდგომარეობას, თავიანთ შვილებს უცხადებდნენ მხარდაჭერას, ჰქონდათ მიმღებლობა მათი რთული ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობის მიმართ, შესაბამისად არ ჰქონდათ სირცხვილისა და დანაშაულის განცდა. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ ჯო ენის კლინიკაში ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები აქტიურად ზრუნავენ ბავშვის გართობაზე, წინასწარ შემზადებაზე, ინფორმირებასა და გარემოს ნორმალიზებაზე, მშობლების ჩართულობა ამ მხრივ ნაკლები იყო, სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტებთან შედარებით.

რაც შეეხება უშუალოდ მშობლის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას, ამ მხრივ მსგავსი შედეგები იყო, როგორც სხვადასხვა კლინიკებში, ისე ჯო ენის კლინიკაში. სხვა კვლევებიც მოწმობს, რომ ბავშვებთან ერთად მშობლებიც არანაკლებ სტრეს, შიშებსა და შფოთვებს განიცდიან თავიანთი შვილის ჰოსპიტალიზების განმავლობაში და შესაბამისად ისინიც საჭიროებენ ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას (Claridge, et al., 2020). ასეთი არის მაგალითად მშობლის რთული ემოციური მდგომარეობა, ემოციების კონტროლის სირთულე, პირადი ფიზიკური საჭიროებების უგულებელყოფა, სტრესი კლინიკაში ყოფნის განმავლობაში თუ სხვა, რომლებიც აღნიშნული კვლევის შემთხვევაში გამოიკვეთა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ჩართულობის დახმარებით მშობლები თავისუფლდებოდნენ კლინიკის გარემოში არსებული სტრესისგან (Simons, & Roberson, 2002), თუმცა არსებობს ისეთი კვლევებიც, რომლებშიც აღმოჩნდა, რომ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ჩართულობის მიუხედავად კლინიკაში ყოფნის დროს მშობლებს მაინც აღენიშნებოდათ სტრესი (Claridge, et al., 2020), ხოლო ბავშვებსა და მშობლებს ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ჩართულობის შემთხვევაში და მის გარეშეც პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება ჰქონდათ ბავშვის ჰოსპიტალიზების განმავლობაში (Pinquart, 2013). ამ კვლევის მსგავსად, ჩვენ კვლევაში პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება ბავშვებსა და მშობლებს შორის ნებისმიერ კლინიკაში ჰოსპიტალიზების დროს გამოიკვეთა, ასევე ნებისმიერ კლინიკაში ჰოსპიტალიზებისას მშობლებს მაინც აღენიშნებოდა სტრესი, თუმცა როგორც გაირკვა, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ჩართულობის შემთხვევაში მშობლები აღნიშნული სტრესის დაძლევასა და მასთან გამკლავებას ბევრად უფრო მარტივად ახერხებდნენ, იმედიანად იყვნენ, რადგან იცოდნენ თუკი თავად დაუშვებდნენ შეცდომებს ამას ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები შეამჩნევდნენ და იზრუნებდნენ მის გამოსწორებაზე.

სამედიცინო პერსონალის დამოკიდებულებებიდან, კლინიკის გარემოდან, მშობლის პირადი სტრესისგან, რომელიც ასევე ბავშვზეც მოქმედებს, მშობლის მიერ გამოყენებული შეუსაბამო მიდგომებიდან თუ სხვა უკვე ნახსენები ფაქტორებიდან გამომდინარე, სხვადასხვა კლინიკის გამოცდილების მიღების შემდგომ ბავშვებს სხვადასხვა სახის პრობლემები ექმნებოდათ, როგორიც არის ძალადობრივი პროცედურების შემდგომი სტრესი, კლინიკის ტრავმული გამოცდილების განზოგადება სხვა გარემოზე, დაცულობის შეგრძნების გამძაფრებული მოთხოვნილება, მშობელზე მიჯაჭვულობა, უნდობლობა მშობლის მიმართ, უცხო გარემოსთან ადაპტაციის პრობლემები, ტელეფონზე დამოკიდებულების ჩამოყალიბება და ასე შემდეგ. რაც გამომდინარეობდა სამედიცინო გუნდის დამოკიდებულების, კლინიკის გარემოს ნაკლოვანებებისა და მშობლის მხრიდან გამოყენებული შეუსაბამო მიდგომებიდან. ყოველივე ეს კი მეტყველებს კლინიკის გარემოში ფსიქოლოგების ჩართვისა და მულტიდისციპლინური გუნდის არსებობის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე, რადგან ფსიქოლოგების ჩართულობა გავლენას ახდენს ექიმების, ექთნებისა თუ მთლიანი სამედიცინო გუნდის მუშაობის სპეციფიკაზე და დადებითისკენ ცვლის ბავშვის კლინიკის გამოცდილებას. როგორც აღინიშნა, ბავშვის გამოცდილებაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდუალური ფაქტორები, არამედ გარემო პირობები და სოციალური ფაქტორებიც. არა ერთი კვლევა ადასტურებს იმას, რომ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლინიკის გარემოში, რადგან ისინი აფასებენ ბავშვის ინდივიდუალურ, ოჯახურ, სოციალურ ცვლადებს, ხოლო მათ შესაბამისად გეგმავენ და ახორციელებენ სხვადასხვა სახის ინტერვენციებს, როგორებიც არის თამაში, წინასწარი შემზადება, დაძლევის სტრატეგიების სწავლება, ფსიქოგანათლება თუ სხვა (Humphreys & LeBlanc, 2016).

ასევე კვლევის შედეგად გამოიკვეთა თუ რა როლი აქვთ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებს ბავშვებთან და მშობლებთან მიმართებაში ჰოსპიტალიზების განმავლობაში. პირველი და ყველაზე მთავარი არის ბავშვის ინფორმირება საკუთარი დიაგნოზისა და სამედიცინო პროცედურების შესახებ, ასევე მისი წინასწარი შემზადება სამედიცინო პროცედურების ჩატარებამდე, რომელიც უზრუნველყოფდა ბავშვების სტრესის შემცირებას, შფოთვებისა და შიშების აღმოფხვრას. სწორედ ამგვარ შედეგს ვხვდებით არა ერთი კვლევის შემთხვევაში, რომლის მიხედვითაც ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ განხორციელებული ინტერვენციები გავლენას ახდენდა ბავშვების შფოთვისა და დისტრესის შემცირებაზე, ეს ინტერვენციები კი არის სწორედ წინასწარი შემზადება, ინფორმაციის მიწოდება, სამედიცინო გუნდის წევრების განცობა, გარემოს დათვალიერება და სხვა, ასეთი მომზადება ბავშვს ინფორმირებულს ხდის და ზრდის ცოდნას მომავალი პროცედურის შესახებ, ამცირებს შიშს და შფოთვას (Hatava, et al., 2000).

ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ გამოყენებული მიდგომებიდან ერთ-ერთი უმთავრესი არის თამაშით ინტერვენცია, რომლის მნიშვნელობაზეც აღნიშნული კვლევის მსგავსად სხვა მრავალი კვლევაც მეტყველებს, აღმოჩნდა, რომ თამაშის პროცესი ხელს უწყობს სტრესის დაძლევას, ამცირებს ტკივილს შეგრძნებას და აუმჯობესებს ბავშვის განწყობას (Kaminski, Pellino, & Wish, 2002, ციტირებულია წყაროში Burns-Nader & Hernandez-Reif, 2015). ხოლო სტრესორთან დაკავშირებულ ნივთთან თამაშს შეუძლია შეამციროს შფოთვა და გაზარდოს სტრესის დაძლევის შესაძლებლობა (Nabors, et al., 2013).

CBT თეორიის მიხედვით (Hofmann, et al., 2012) შეგვიძლია ავხსნათ თამაშის პროცესი როგორ ახდენს გავლენას ბავშვის მიერ სტრესის დაძლევასა და პროცედურების დროს შესაბამისი ქცევის განმტკიცებაზე. თამაშების დროს ბავშვები იყებენ განვითარების შესაბამის ცოდნას სამედიცინო აღჭურვილობების, პროცედურების, დიაგნოზისა თუ ნებისმიერი სამედიცინო თემატიკის შესახებ, სწორად ამოიცნობენ თავიანთ ემოციებს და ახდენენ მათ რეგულირებას, მოდელირებისა და სისტემური დესენსიტიზაციის მეშვეობით კი განიმტკიცებენ პროცედურების დროს შესაბამის ქცევას. აღნიშნულ კვლევაშიც მსგავსი გზით ხდებოდა ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, სხვა ბავშვების, საკუთარი მშობლების, სათამაშოების მოდელირებისა და როლური თამაშების გზით კი ხდებოდა შესაბამისი ქცევით ინტერნალიზება და მათთვის ნაკლებად სტრესული ხდებოდა კლინიკის გამოცდილება.

კვლევის შედეგად დადგინა, რომ სამედიცინო გარემოში გამოყენებული თამაშის ერთ-ერთი ტიპი, ნორმატიული თამაში, უზრუნვეყოფს კლინიკის გარემოს ნორმალიზებას, აღნიშნული გარემოს აღქმას სახლის გარემოდ, ლოდინის დროის სასიამოვნოდ გაყვანას, სოციალური ურთიერთობების კომპენსირებას, ბავშვისა და ჩაილდ ლაიფ სპეციალისტის ურთიერთობის გაღრმავებას და ბავშვის ტიპური განვითარების ხელშეწყობას. მიღებული შედეგი თანხვედრაშია უკვე არსებულ კვლევებთან, რომლის თანახამადაც, ნორმატიული თამაში უზრუნვეყოფს ბავშვის განვითარების პროცესის გაგრძელებას კლინიკაში ყოფნის განმავლობაში (Haiait, Bar-Mor, & Schobat, 2003), ახდენს გარემოს ნორმალიზებას, ხელს უწყობს ბავშვისა და ჩაილდ ლაიფ სპეციალისტის ურთიერთობის წამოწყებასა და გაღრმავებას და ბავშვს ეხმარება კლინიკაში ყოფნის განმავლობაში დროის გაყვანაში  (Burns-Nader & Hernandez-Reif,  2014).

რაც შეეხება, სამედიცინო თამაშს, შედეგების თანახმად, ის უზრუნვეყლოფს ბავშვის ინფორმირების გაზრდასა და პროცედურებისთვის მზაობას, გავლენას ახდენს ბავშვის შიშების, შფოთვისა და სტრესის შემცირებაზე, ამასთან ერთად აღნიშნული თამაში ბავშვისთვის გასართობი აქტივობაა და არ  წარმოადგენს მისთვის დამატებით სტრესის წყაროს თუკი ის სწორი ფორმით, ძალდატანების გარეშე იქნება მიწოდებული. აღნიშნულ შედეგებს ვხვდებით სხვა კვლევების შემთხვევაშიც, რომლის მიხედვითაც სამედიცინო თამაშის სარგებელი არის შიშებისა და შფოთვის გამოხატვა და მისი დაძლევა, მცდარი წარმოდგენების განხილვა, ინფორმირებულობისა და მზაობის გაზრდა (Brown, 2012).

კვლევების თანახმად, სამედიცინო თამაში გავლენას ახდენს ბავშვის მიერ კონტროლის მოპოვებასა და თავდაჯერებულობის შეძენაზე, შედეგად ბავშვები უფრო თამამად უზიარებენ თავიანთ წარმოდგენებს ჩაილ ლაიფ სპეციალისტებს, რაც მათ აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოიძიონ ინფორმაცია ბავშვების წარმოდგენების და შიშების შესახებ და შემდეგ აღნიშნულ საკითხებზე იმუშაონ.  ასევე კვლევებით დადასტურებულია, რომ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ხელმძღვანელობით წარმართული სამედიცინო თამაშის შემდეგ ბავშვები ნაკლებ შფოთვას განიცდიან, როდესაც პროცედურების დროს იგივე ინსტრუმენტებს იყენებენ და იგივე გამოცდილებას ცდიან საკუთარ თავზე. შესაბამისად სამედიცინო თამაში უბზრუნველყოფს ინფორმირების გაზრდას, ემოციების, შიშების, შფოთვების გამოხატვას, ემოციების კონტროლის გზების სწავლებას და განწყობის ცვლილებას უარყოფითიდან დადებითისკენ (Burns-Nader & Hernandez- Reif,  2014).

ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების მიერ გამოყენებული თამაშით ინტერვენციის მესამე ფორმა არის თერაპიული თამაში, რომელიც რესპოდენტების გადმოცემით პროცედურების/ოპერაციების შემდეგ მიღებული სტრესის დაძლევაში ეხმარებოდა ბავშვებს, უფრო მეტად იყო ბავშვზე ორიენტირებული აქტივობა, სადაც მათ შეეძლოთ თავიანთი განცდების, ემოციების, შიშები, შფოთვებისა და ტრავმების წარმოჩენა და მათგან განთავისუფლება. უკვე არსებული კვლევების თანახმად, თერაპიული თამაშის მთავარი მიზანი სწორედ უარყოფითი ემოციების მისაღები ფორმით გამოხატვაა, რომლის შედეგადაც ბავშვი თავისუფლდება აღნიშნული ემოციებისგან. კვლევებში, სადაც ბავშვებთან გამოიყენებოდა თერაპიული თამაშები, ბავშვების მხრიდან აღინიშნებოდა მეტი თანამშრომლობა სტრესული პროცედურების დროს და უფრო მეტი მზაობა ჰქონდათ შემდგომი ვიზიტებისა და ჰოსპიტალიზებისთვის (Wikstrom, 2005).

გარდა იმისა, რომ თამაშით ინტერვენცია მნიშვნელოვნად ეხმარებოდა ბავშვებს კლინიკაში ყოფნის განმავლობაში დადებითი გამოცდილების მიღებაში. ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები სხვა მრავალ მიდგომებსაც იყენებდნენ, როგორიც არის მაგალითად ყურადღების გადატანის ტექნიკა, აღნიშნულ ტექნიკას სხვა კვლევებშიც დადებითი ეფექტი აქვს ბავშვზე, ის ამცირებს ბავშვების ტკივილს, შიშს და შფოთვას (McMurtry, et. al., 2010). ასევე ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები ორიენტირებული იყვნენ, რომ აქცენტირება გაეკეთებინათ პოზიტიურზე, ზრუნავდნენ ბავშვისთვის ადეკვატური თვიშეფასების ჩამოყალიბებაზე, მოტივაციის მიცემაზე, მდგომარეობისა და გარემოს ნორმალიზებაზე, ბოლოს კი განსაკუთრებით მნიშნელოვანია კომუნიკაციის წარმართვა ბავშვის ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად და მათი მხრიდან ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება.

რაც შეეხება ჩაილს ლაიფ სპეციალისტებისა და მშობლების ურთიერთდამოკიდებულებას, როგორც უკვე აღინიშნა, კლინიკაში ყოფნის განმავლობაში მშობლებთანაც იყო გამოხატული სტრესი მათი შვილების ჰოსპიტალიზების გამო, რაც კვლევების თანახმად, გამომდინარეობს შვილების რთული ჯანმრთელობის მდომარეობიდან, გარეგნულად შესამჩნევი ცვლილებებიდან, საშიში პროცედურებისგან, საკუთარ თავზე აღებული მაღალი პასუხისმგებლობიდან, ფინანსური ტვირთიდან და მხარდაჭერის ნაკლებობიდან (Nabors, et al., 2018). მშობლების ამგვარი მდგომარეობა, კვლევის შედეგების მსაგვსად სხვა კვლევის შედეგებშიც, გავლენას ახდენს მის ფუნქციონირებაზე, აღენიშნებათ ძილის პრობლემები, წონის კლება, დეპრესია და შფოთვები (VardarYagli et al., 2017), რაც გავლენას ახდენს შვილის გამოცდილებაზეც. როგორც უკვე აღინიშნა, ერთ-ერთი კვლევის (Claridge, et al., 2020) საპირისპიროდ, ჯო ენის კლინიკაში ვიზიტის დროს მშობლებს იგივენაირად აღენიშნებოდათ სტრესი, შფოთვები და შიშები თავიანთი შვილის ჰოსპიტალიზების განმავლობაში, როგორც სხვა კლინიკების შემთხვევაში, თუმცა აღნიშნული სტრესის, შიშებისა და შფოთვების დაძლევა ხდებოდა შედარებით უკეთესად ჩაილდ ლაოფ სპეციალისტების ჩართულობის დახმარებით, რადგან სწორედ ისინი ახდენდნენ მშობლების ინფორმირებას, ასწავლიდნენ ემოციების კონტროლის გზებს, სწორ მიდგომებსა და სტრატეგიებს, უცხადებდნენ ემოციურ მხარდაჭერას, მათ შემთხვევაშიც აქცენტს აკეთებდნენ პოზიტიურზე, აძლევდნენ მოტივაციას, რჩევებს, რეკომენდაციებს და უნერგავდნენ იმედს.

 

დასკვნა

თვისებრივი კვლევის შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში, მათ შორის ჯო ენის კლინიკაში, მყოფი ბავშვების გამოცდილება საკმაოდ მრავალფეროვანი და უმეტეს შემთხვევაში უარყოფითი სახის არის. ამის მიზეზია სხვადასხვა კლინიკებში მყოფი სამედიცინო გუნდის შეუსაბამო დამოკიდებულებები პაციენტებისა და მათი მშობლების მიმართ, კლინიკის გარემო, რომელიც უმეტესწილად არ არის მორგებული ბავშვის საჭიროებზბე, მულტიდისციპლინური გუნდის არ არსებობა და სხვა ფაქტორები, რომლებიც უარყოფითად ისახება ბავშვზე, მათში იწვევს შიშებს, შფოთვებს, არასწორ წარმოდეგნებს, დამოკიდებულებებსა და სტრესს. ამას ერთვის ბავშვის გამოჯანმრთელების პროცესში მშობლის ჩართულობის მნიშვნელობა, რომელიც კლინიკათა უმეტესობაში არ არის გათვალისიწნებული და დაშვებული, ასევე აღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე მშობლის რთული ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა, რომელიც ბავშვისთვის კიდევ ერთ დამატებით სტრესის წყაროს წარმოადგენს.

რაც შეეხება ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში არსებულ სიტუაციას, სადაც სამედიცინო გუნდთან ერთად ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებიც მუშაობენ ბევრად უფრო გაუმჯობესებული მდგომარეობაა, რადგან სწორედ აღნიშნული სპეციალისტები უზრუნველყოფენ ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას, სწორი მიდგომების გამოყენებას, როგორებიც არის ინფორმირება, წინასწარი შემზადება, ყურადღების გადატანის ტექნიკები თუ სხვა მრავალი, ამასთან ერთად ისინი თამაშით ინტერვენციის გზით ეხმარებიან ბავშვებს კლინიკის გამოცდილების გაუმჯობესებაში. ხოლო მშობლებს, რომელთა ჩართულობაც, როგორც უკვე ვნახეთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის გამოჯანმრთელების პროცესში, შესაბამის მხარდაჭერას უცხადებენ, ასწავლიან სწორ მიდგომებსა და ტექნიკებს, აწვდიან სამედიცინო გარემოსთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციებს, აძლევენ რჩევებსა და რეკომენდაციებს და ეხმარებიან გაუმკლავდნენ მათი შვილების ჰოსპიტალიზების გამოცდილებას, რომელიც არანაკლებ სტრესულია თავად მშობლებისთვისაც.

შესაბამისად, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკის გარემოში განსაკუთრებით მნიშნელოვანია ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ჩართულობა, რადგან მათი დახმარებით ბევრად უფრო პროდექტიულია სამედიცინო გუნდის მუშაობა, ხოლო თავად ბავშვებისა და მათი მშობლების გამოცდილება იცვლება დადებითისკენ და კლინიკაში ჩატარებული პროცედურები, ოპერაციები თუ იქ გატარებული დრო ნაკლებად სტრესული და მატრავმირებელია მათთვის.

 

კვლევის შეზრუდვები და სამომავლო რეკომენდაციები

ისევე, როგორც ყველა კვლევას აღნიშნულ კვლევასაც აქვს გარკვეული შეზღუდვები. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს შერჩევის ზომა, რომელიც შეადგენს 16 რესპოდენტსა და მათ 19 შვილს, აღნიშნული რაოდენობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიღებული კვლევის შედეგები განვაზოგადოთ ფართო საზოგადოებაზე, საქართველოზე ან თუნდაც სხვა ქვეყნებზე. შერჩევის ზომიდან გამომდინარე რთულია გამოიყოს რესპოდენტებისა და მათი შვილების ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა: სქესი, ასაკი, სოციალური სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი, განათლების დონე თუ სხვა, რომელთაც შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ კვლევის შედეგებზე.

ასევე რესპოდენტები დაყოფილი იყვნენ ორ ჯგუფად, პირველი ნაწილის შვილებს ჰქონდათ ისეთ კლინიკაში ჰოსპიტალიზების გამოცდილება, სადაც ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებიც მუშაობდნენ, მათ უმეტესობას ჰქონდა ქრონიკული დაავადება გულის მანკი, რომელიც მოიაზრებს ბავშვის ჰოსპიტალიზების ხანგრძლივ გამოცდილებას, უმეტეს შემთხვევაში დაბადებიდან რამდენიმე დღეში და შემდგომი მთელი ცხოვრების განმავლობაში პერიოდულ ჰოზპიტალიზებას, ოპერაციებსა და კლინიკაში ვიზიტებს. ხოლო მეორე ნაწილის შვილებს ჰქონდათ სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტის გამოცდილება, სადაც არ იყვნენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები, მათი ჰოსპიტალიზების გმაოცდილება, მათი მიზნებიდან გამომდინარე, შედარებით ხანმოკლე იყო და მოიცავდა ექიმებთან პერიოდულ ვიზიტებს, სხვადასხვა სახის ოპერაციებისა და პროცედურების ჩატარებას. აღნიშნულ განსხვავებას შესაძლოა გავლენა მოეხდინა კვლევის შედეგებზე, შესაბამისად სამომავლო კვლევებისთვის უმჯობესი იქნება თუკი აღმოიფხვრება მსგავსი განსხვავება შერჩევის მონაწილეებთან დაკავშირებით.

კიდევ ერთ დამატებით შეზღუდვას წარმოადგენს პირველი ჯგუფის რესპოდენტების შერჩევა, რომელიც განხორციელდა მიზნობრივი შერჩევის გზით, მათ საკონტაქტო ინფორმაციაზე წვდომა მოვიპოვეთ ჯო ენის კლინიკის თანამშრომლების დახმარებით, შესაბამისად, შესაძლოა კვლევაში მონაწილეობაზე სწორედ ის რესპოდენტები თანხმდებოდნენ, რომელთაც ჯო ენის კლინიკასთან მიმართებაში დადებითი გამოცდილება ჰქონდათ. აღნიშნული მდგომარეობა წარმოადგენს კვლევის შეზღუდვას, თუმცა ის სრულებით არ უსვამს ხაზს მიღებული კვლევის შედეგების ღირებულებასა და მის სანდოობას.

რაც შეეხება, სამომავლო კვლევების მიზანსა და რეკომენდაციებს, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოში საკმაოდ მწირია კვლევები აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, თუმცა რეალურად, მეცნიერული თვალსაზრისით, საკმაოდ დატვირთული, მრავალმხრივი და მნიშვნელოვანი საკითხია, რომლის ჩაღრმავება და პრაქტიკაში გამოყენება მრავალი ბავშვისა და მათი მშობლების კლინიკის გამოცდილებას გააუმჯობესებს. ამ დროისთვის საქართველოს მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, რომ არსებობს კლინიკა, სადაც მსგავსი ფსიქოლო-სოციალური პროგრამა არსებობს, შესაბამისად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვლევათა დიდი რაოდენობის ჩატარება აღნიშნული მიმართულებით, რომლის მიზანიც იქნება სერვისის მნიშვნელობის დადასტურება ბავშვისა და მშობლის ჰოსპიტალიზების გამოცდილების განმავლობაში, ასევე კლინიკებში ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების დასახმებისა და საბავშვო სივრცის მოწყობის მნიშვნელობის ხელშეწყობა.

სამომავლო კვლევების ჩატარება შესაძლებელია, არა მხოლოდ ბავშვების მშობლების ინტერვიუირების გზით, არამედ უშუალოდ ბავშვებზე დაკვირვების, მათი ექთნების, ექიმების, სამედიცინო გუნდის, ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების ინტერვიუირების, დაკვირვებისა თუ რაოდენობრივი მონაცემების შეგროვების გზით, რომელიც უფრო მრავალმხრივ ცოდნას მოგვაწვდის აღნიშნულ თემასთან მიმართებაში, შესაძლებელი იქნება უკვე არსებული კვლევის შეზღუდვების აღმოფხვდა და მისი განზოგადება ფართომასშტაბიან პოპულაციაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

დოლიძე, ხ. (2014). ჰოსპიტალიზებული ბავშვების საჭიროებები და ფსიქოსოციალური, ჩაილდ ლაიფ ინტერვენცია. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ჯანდაცვის დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური პროგრამის – ჩაილდ ლაიფის – განვითარების გაიდლაინი. (2014). არბაითერ-სამარითერ ბუნდი, აქციონ მენში, საქართველოს სამარიტელთა კავშირი, საქართველოს ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის ასოციაცია (4-ე გამოცემა).

Alcock, D., Goodman, J., Feldman, W., McGrath, P., Park, M., & Cappeli , M. (1985). Environment and waiting behaviors in emergency waiting areas. Children’s Health Care, 13(4), 174-180.

Bloch, Y. H., & Toker, A. (2008). Doctor, is my teddy bear okay? The “Teddy Bear Hospital” as a method to reduce children’s fear of hospitalization. The Israel Medical Association journal : IMAJ, 10(8-9), 597–599.

Burns-Nader, Sh., & Hernandez-Reif, M, (2014). Facilitating Play for Hospitalized Children Through Child Life Services. Children’s Health Care.

Burnstein, S. & Meichenbaum, D. (1979). The work of worrying in children undergoing surgery. Journal of Abnormal Child Psychology, 7(2), 121-132.

Braun, V., & Clarke, V. (2006). Using thematic analysis in psychology. Qualitative Research in Psychology, 3(2), 77–101.

Broekhuizen, M. L., Slot, P. L., van Aken, M. A., & Dubas, J. S. (2017). Teachers’ emotional and behavioral support and preschoolers’ self-regulation: Relations with social and emotional skills during play. Early Education and Development, 28(2), 135–153.

Brown, J. (2012). Effects of group medical play on reducing stress, fear, and anxiety in children (Master’s thesis, The University of Alabama).

Casby, M. W. (2003). The development of play in infants, toddlers, and young children.

Communication Disorders Quarterly, 24(4), 163–174.

Chld Life Council. (2006). Guidelines for the Development of Child Life Programs in Health Care Settings (4th Ed.).

Claridge, A. Hajec, L. Montgomery, L. & Knapp, B. (2020, March). Child and Parent Psychosocial Experiences of Hospitalization: An Examination of the Role of Child Life Specialists. Central washington university.

Drake, J., Johnson, N., Stoneck, A. V., Martinez, D. M., & Massey, M. (2012). Evaluation of a coping kit for children with challenging behaviors in a pediatric hospital. Pediatric Nursing, 38(4), 215-221.

Farias, D., Gabatz, R., Terra, A., Couto, G., Milbrath, V., Schwartz, E. et al. (2017). Hospitalization in the child´s perspective: an integrative review. Journal for Nursing, 703-711.

Favara-Scacco, C., Smirne, G., Schiliro, G., & Cataldo, A. (2001). Art therapy as support for children with leukemia during painful procedures. Medical and Pediatric Oncology, 36(4), 474-480.

Gabatz, R., & Ritter, N, (2006). Children with Cystic Fibrosis: perceptions about multiple hospital admissions. PESQUISA Brazilian Nursing Journal REBEN, 60(1):37-41.

Gaynard, L, Wolfer J., Foldberger, J., Thompson R., & Redburn, L. (1998). Psychosocial care of children in hospitals: a clinical practice manual from the ACCH child life research project. Rockville, MD: Child Life Council, Inc.

Ginsburg, K. (2006). The importance of play in promoting healthy child development and maintaining strong parent-child relationships. American Academy of Pediatrics.

Haiait, H., Bar-Mor, G., & Schobat, M. (2003). The world of the child: A world of play even in the hospital. Journal of Pediatric Nursing, 18(3), 209-214.

Hatava, P., Olsson, G., & Lagerkranser, M. (2000). Preoperative psychological preparation for children undergoing ENT operations:  A comparison of two methods. Pediatric Anesthesia, 10(5), 477-486.

Hofmann, S.G., Asnaani, A., Vonk, I.J.J. et al, (2012) The Efficacy of Cognitive Behavioral Therapy: A Review of Meta-analyses. Cogn Ther Res 36, 427–440.

Humphreys, C., & LeBlanc, C.K. (2016). Promoting Resilience in Paediatric Health Care: The Role of the Child Life Specialist. In: DeMichelis, C., Ferrari, M. (eds) Child and Adolescent Resilience Within Medical Contexts. Springer, Cham.

Ispa, J., Barrett, B., & Kim, Y. (1988). Effects of supervised play in a hospital waiting room.

Children’s Health Care, 16(3), 195-200.

Kain, Z., Caramico, L., Mayes, L., Genevro, J., Bornstein, M., & Hofstadter, M. (1988). Preoperative preparation programs in children: A comparative examination.

Anesthesia and Analgesia, 87(6), 2149-1255.

Koller, D. (2008). Child Life Council Evidence-Based Practice Statement: Therapeutic Play in Pediatric Health Care: The Essence of Child Life Practice, Retrieved (Citings from Wikstrom and Rae).

Le Grange D, Crosby RD, Rathouz PJ, & Leventhal BL, (2007). A randomized controlled comparison of family-based treatment and supportive psychotherapy for adolescent bulimia nervosa. Archives of General Psychiatry. 64(9):1049–1056.

Li, H. (2007). The effect of pre-operative therapeutic play on post-operative outcomes of Hong Kong Chinese children and their parents having surgery in a day surgery unit.

Dissertation Abstracts International: Section B. Sciences and Engineering, 67(11), 6309.

Mahanjan, L., Wylei, R., Steffen, R., Kay, M., Kitaoka, G., Dettore, J., Samra, S. &McCue, K. (1998). The effects of a psychological preparation program on anxiety in children and adolescents undergoing gastrointestinal endoscopy. Journal of Pediatric Gastroenterology and Nutrition, 27(2), 161-16.

McMurtry, M., Chambers, C., McGrath, P., & Asp, E. (2010). When “don’t worry” communicates fear: Children’s perceptions of parental reassurance and distraction during a painful medical procedure. Pain, 150(1), 52-58

Nabors, L., Bartz, J., Kichler, J, Sievers, R., Elkins, R., & Pangallo, J. (2013). Play as a mechanism for working through medical trauma for children with medical illnesses and their siblings. Issues in Comprehensive Pediatric Nursing, 36(3), 212-224.

Nabors, L., Cunningham, J. F., Lang, M., Wood, K., Southwick, S., & Stough, C. O. (2018). Family coping during hospitalization of children with chronic illnesses. Journal of Child and Family Studies, 27(5), 1482-1491.

Pati, D., & Nanda, U. (2011). Influence of Positive Distractions on Children in Two Clinic Waiting Areas. HERD: Health Environments Research & Design Journal, 4(3):124140.

Pinquart, M. (2013). Do parent-child relationships and parenting behaviors differ between families with a child with and without chronic illness? A meta-analysis. Journal of Pediatric Psychology, 38(7), 708–721.

Salmela, M., Salantera, S., Ruotsalainen, T., & Aronen, E. (2010). Coping strategies for hospital-related fears in pre-school-aged children. Journal of Pediatrics and Child

Health, 46(3), 108-114

Simons, J., & Roberson, E. (2002). Poor communication and knowledge deficits: Obstacles to effective management of children’s postoperative pain. Journal of Advanced Nursing, 40(1), 78-86.

Smith, P. K. (2017). Children’s play: Research developments and practical applications.

London, UK: Routledge.

Trawick-Smith, J. (2020). Young Children’s Play Development, Disabilities, and Diversity.

UNICEF.

Yun-ping, L., Zhen-hua, H., Finley, G.A., Yun-xia, Z. (2012). Effects of the combination of mask preconditioning with idazolam pretreatment on anxiety and mask acceptance during pediatric inhalational induction and postoperative. Chinese Medical Journal, 125(11), 1908-1914.

Vardar-Yagli, N., Saglam, M., Inal-Ince, D., Calik-Kutukcu, E., Arikan, H., Savci, S., Ozcelik, U., & Kiper, N. (2017). Hospitalization of children with cystic fibrosis adversely affects mothers’ physical activity, sleep quality, and psychological status. Journal of Child and Family Studies, 26(3), 800-809.

Wikstrom, B.M.(2005). Communicating via expressive arts: The natural medium of self- expression for hospitalized children. Pediatric Nursing, 31(6), 480-485.

Woolfolk, A. (2007). Educational psychology (10th ed.). Pearson Education, Inc.

 

დანართი #1

ინტერვიუს კითხვები, ისეთი მშობლებისთვის, რომელთა შვილებსაც ჰქონდათ ჯო ენის კლინიკაში ჰოსპიტალიზებისა და ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებთან ურთიერთობის გამოცდილება

1) საკვლევი კითხვა           –           როგორია       ჰოსპიტალიზებული           ბავშვების გამოცდილება?

 

შეგიძლიათ მომიყვეთ თქვენი შვილის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე?

მიამბეთ, როგორ და როდის გაიგეთ ბავშვის დიაგნოზის შესახებ?

 

თემა – დასაწყისი

 

  • რა იცის საკუთარი დიაგნოზის შესახებ?
  • ვისგან ან როგორი ფორმით გაიგო საკუთარი დიაგნოზის შესახებ?
  • როგორ მიიღო საკუთარი დიაგნოზი?
  • თავდაპირველად როგორ დამოკიდებულებას ავლენდა ექიმებთან და სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით?
  • რა კითხვები უჩნდებოდა ან როგორ ემოციებს/განცდებს გამოხატავდა უშუალოდ ექიმთან ყოფნის დროს ან შემდგომში?
  • როგორი წინასწარი მოლოდინები და წარმოდგენები ჰქონდა სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით?
  • მასზე როგორ გავლენას ახდენდა სახლისგან/ოჯახის წევრებისგან ან მისთვის ჩვეული გარემოსგან განცალკევება? (სახლი, ბაღი, სკოლა)

თემა – მიმდინარეობა

 

როგორ შეაფასებდით მის თავდაპირველ და ამჟამინდელ მდგომარეობას საკუთარ დიაგნოზთან/კლინიკის ცხოვრებასთან ადაპტირების კუთხით?

 

  • საკვლევი კითხვა: რა როლს თამაშობენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები ბავშვის ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაში?
  • თქვენი აზრით ვის/რას მიუძღვის მნიშნელოვანი როლი ბავშვისთვის საკუთარ დიაგნოზთან და კლინიკის გარემოსთან ადაპტირებაში?
  • როდის და როგორი ფორმით ჩაერთნენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები თქვენი შვილის ცხოვრებაში?

 

თემა – თავდაპირველი დამოკიდებულება

 

  • თქვენი გადმოსახედიდან, ბავშვი თავიდანვე როგორ თანამშრომლობდა მათთან?
  • როგორ შეიცვალა მათი ურთიერთობა ჰოსპიტალიზების პირველი დღიდან ამ დრომდე?
  • როგორ ხდება ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებულ უარყოფით განცდებთან გამკლავება ჩაილდ ლაიფ სპეციალისტების დახმარებით?

 

  • საკვლევი კითხვა: როგორ ხდება შფოთვისა და სტრესის დაძლევა (ჰოსპიტალიზებასთან გამკლავება) თამაშით ინტერვენციის (ჩარევის) დახმარებით?
  • როგორ შეაფასებდით კლინიკაში ყოფნის განმავლობაში თამაშის როლს თქვენი შვილის შფოთვისა და სტრესის დაძლევასა და ჰოსპიტალთან ადაპტაციაში? (ნორმატიული თამაში)

ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები როგორ ამზადებდნენ თქვენ შვილს მომავალი სამედიცინო პროცედურებისთვის ან ოპერაციისთვის?

როგორ გავლენას ახდენდა ბავშვის პროცედურებამდელ/წინასაოპერაციო მზაობაზე (იგულისხმება შფოთვისა და სტრესის დაძლევა)? (სამედიცინო თამაში)

  • როგორ გავლენას ახდენდა ბავშვის პროცედურების/ოპერაციის შემდგომ სტრესის დაძლევაზე? (თერაპიული თამაში)

შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელიმე სამედიცინო პროცედურა/ოპერაცია უფრო დეტალურად?

 

  • როგორი განცდები/ემოციები ჰქონდა თქვენ შვილს?
  • როგორ ეხმარებოდნენ ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები ამ განცდებთან/ემოციებთან გამკალვებაში?
  • როგორ დაეხმარნენ პროცედურისგან/ოპერაციისგან მიღებული დისტრესის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაძლევაში ჩაილდ ლაიფ სპეციალისტები?

 

4) საკვლევი კითხვა: რა როლს თამაშობს მშობლის ჩართულობა ბავშვების ჰოსპიტალიზებასა და მასთან დაკავშირებულ შფოთვასთან/სტრესთან გამკლავებაში?

 

  • როგორ შეაფასებდით თქვენს, როგორც მშობლის, როლს თქვენი შვილის ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაში?
  • როგორ იყავით ჩართული დიაგნოზის გაგების პირველივე დღიდან თქვენი შვილის დიაგნოზთან და ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაში? თქვენთვისროგორი გამოცდილებაა ის, რასაც თქვენ შვილთან ერთად გადიხართ?

როგორ უჭერთ მხარს თქვენ შვილს სტრესის, შფოთვისა და ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პრობლემების დაძლევაში?

  • ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებთან ერთად როგორ ხართ ჩართული ბავშვთან ურთიერთობის/თამაშის პროცესში?
  • როგორ ფიქრობთ რა მნიშვნელობა აქვს თქვენ ჩართულობას თქვენი შვილისთვის?

როგორ ფიქრობთ, რომ არა ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებისა და თქვენი ჩართულობა ბავშვის ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაში, როგორი იქნებოდა თქვენი შვილის გამოცდილება ამ პერიოდის განმავლობაში?

 დანართი #2

ინტერვიუს კითხვები, ისეთი მშობლებისთვის, რომელთა შვილებსაც სხვადასხვა კლინიკაში ყოფნის გამოცდილება ჰქონდათ და არ ჰქონიათ არანაირი შეხება ჩაილდ ლაიფ სპეციალისტებთან

1) საკვლევი კითხვა           –           როგორია       ჰოსპიტალიზებული           ბავშვების გამოცდილება?

 

თემა – დასაწყისი

  • შეგიძლიათ მომიყვეთ თქვენი შვილის ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე?
  • რა პრობლემა ჰქონდა და რის გამო მოხვდით კლინიკაში? გაიხსენეთკლინიკაში თქვენი პირველი ვიზიტი, როგორი გამოცდილება იყო ეს ბავშვისთვის?

მანამდე თუ ჰქონია ექიმთან ვიზიტის გამოცდილება?

  • თავდაპირველად ბავშვი როგორ დამოკიდებულებას ავლენდა ექიმებთან და სხვადასხვა სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით?
  • როგორ მოქმედებდა მასზე კლინიკის გარემო და პროცედურები, რომელსაც მას უტარებდნენ? (ჰქონდა თუ არა შფოთვა, შიშები, სტრესი)
  • რა კითხვები უჩნდებოდა უშუალოდ ექიმთან ყოფნის დროს ან შემდგომში?
  • როგორ ემოციებს/განცდებს გამოხატავდა უშუალოდ ექიმთან ყოფნის დროს ან შემდგომში?
  • როგორი წინასწარი მოლოდინები და წარმოდგენები ჰქონდა სამედიცინო პროცედურებთან დაკავშირებით?
  • რა ინფორმაცია ჰქონდა კლინიკაში ვიზიტებთან დაკავშირებით? ვინ მიაწოდა აღნიშნული ინფორმაცია და როგორ მიიღო ბავშვმა?
  • მასზე როგორ გავლენას ახდენდა სახლისგან/ოჯახის წევრებისგან ან მისთვის ჩვეული გარემოსგან განცალკევება? (სახლი, ბაღი, სკოლა)

 

თემა – კლინიკის გარემო

 

 

  • როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ თვითონ ექიმებს, ექთნებსა და იქ მომსახურე პერსონალს ბავშვისა და მისი მდგომარეობის მიმართ?
  • პროცედურების/ოპერაციის ჩატარებამდე როგორ ხდებოდა ბავშვის წინასწარი მომზადება?

 

კლინიკაშიიყო თუ არა მოწყობილი საბავშვო სივრცე?

  • როგორ ფიქრობთ მსგავსი სივრცე, რომ ყოფილიყო როგორ გაუმარტივდებოდა თქვენ შვილს კლინიკის გარემოში ყოფნას?
  • კლინიკაში ყოფნის განმავლობაში როგორი აქტივობებით იყო დაკავებული ბავშვი, იყო თუ არა ჩართული თამაშში და ეს თამაშის პროცესი როგორ გავლენას ახდენდა მასზე შფოთვის, შიშების, სტრესის დაძლევისა და კლინიკასთან ადაპტირების კუთხით?
  • თქვენი აზრით ვის/რას მიუძღვის მნიშნელოვანი როლი ბავშვისთვის საკუთარ მდგომარეობასთან და კლინიკის გარემოსთან ადაპტირების კუთხით?

შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელიმე სამედიცინო პროცედურა/ოპერაცია უფრო დეტალურად?

  • გაიხსენეთ რომელიმე ერთი პროცედურა/ოპერაცია, რომელიც ბავშვს ჩაუტარდა, როგორი გამოცდილება იყო ეს მისთვის?
  • როგორი მზაობა ჰქონდა აღნიშნული პროცედურისთვის? რა კითხვებს სვამდა, რაზე დარდობდა?
  • პროცედურის/ოპერაციის ჩატარების შემდეგ როგორ ემოციებს გამოხატავდა და რაზე საუბრობდა?
  • შემდგომ პერიოდში სხვებთან რამდენად აზიარებდა ინფორმაციას საკუთარი გამოცდილების შესახებ?
  • ამ გამოცდილების შემდგომ ხომ არ თამაშობდა სამედიცინო თემატიკის თამაშებს? (იმის მსგავსს, რაც თავად გადახდა)
  • კლინიკაში როგორი შემხებლობა ჰქონდა იქ მყოფ სხვა ბავშვებთან?

ჰქონდა თუარა ბაღის/სკოლის, მისთვის ჩვეული გარემოს დანაკლისი?

 

2) საკვლევი კითხვა: რა როლს თამაშობს მშობლის ჩართულობა ბავშვების ჰოსპიტალიზებასა და მასთან დაკავშირებულ შფოთვასთან/სტრესთან გამკლავებაში?

 

  • როგორ შეაფასებდით თქვენს, როგორც მშობლის, როლს თქვენი შვილის ჰოსპიტალიზებასთან გამკლავებაში?
  • თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, როგორი გამოცდილება იყო თქვენი შვილის ჰოსპიტალიზება?
  • თქვენი ემოციები, განცდები და დამოკიდებულებები როგორ გავლენას ახდენდა ბავშვზე?
  • როგორ უჭერდით მხარს თქვენ შვილს სტრესის, შფოთვისა და ჰოსპიტალიზებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის პრობლემების დაძლევაში?
  • ამ პერიოდის განმავლობაში როგორ ფიქრობთ რა მნიშვნელობა ჰქონდა თქვენ ჩართულობას თქვენი შვილისთვის?
  • როგორ ფიქრობთ, როგორი გარემოებები გაუმარტივებდა კლინიკის გარემოსთან ადაპტირებას, იქ არსებული, სტრესის, შფოთვისა და შიშების დაძლევას?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *