ზნეობის რამდენიმე ასპექტისათვის ლიტერატურაში

ზნეობის რამდენიმე ასპექტისათვის ლიტერატურაში
ზნეობის რამდენიმე ასპექტისათვის ლიტერატურაში

ავტორი: მარიამ კვერღელიძე

<< ნაშრომი შეფასებულია უმაღლესი ქულით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს წყაროდ >>

 

ანოტაცია

          მოცემული კულტურულოგიური ნაშრომი  ლიტერატურაში ზნეობის საკითხის შესწავლის ცდას წარმოადგენს. მოტანილია მაგალითები, როგორც ქართული , ისე მსოფლიო ლიტერატურიდან. განსხვავებულ ავტორთა და ეპოქათა თვალსაჩინო ნიმუშები საშუალებას გვაძლევენ კულტუროლოგიურ  პროცესში დავინახოთ ზნეობის საკითხის მდგომარეობა,მისი ნიშნები სხვადასხვა პერიოდში, დავაკვირდეთ ცვლილებებს, მუდმივობებს და დღევანდელობისთვის გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ…

           ნაშრომის აქტუალურობაზე მეტყველებს ის მოვლენები, რომლებიც დღეს საზოგადოებაში მიმდინარეობს და რასაც ღირებულებათა გადაფასების ტენდენცია ჰქვია.

              აქ წამოჭრილია მწერლისა და მისი გმირის, საზოგადოების, მორალური პასუხისმგებლობის საკითხი.

          ნაშრომი ცდილობს ხაზი გაუსვას ზნეობრივს, გამოყოს ის  და თანამედროვე ადამიანებს მისი ცხოვრებასა თუ ლიტერატურაში განხორციელება შთაგვაგონოს.

         მორალზე მსჯელობისას ჩვენ მაგალითებს მოვიხმობთ ქართული ლიტერატურიდან: იოანე საბანისძის თხზულება „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი“,ილია მართლის (ჭავჭავაძის)  „ მეფე დიმიტრი თავდადებული“, ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძელი“, ნოდარ დუმბაძის – „მე ვხედავ მზეს“. ხოლო უცხოენოვანი ტექსტებიდან: პროსპერ მერიმეს „მატეო ფალკონე“ და ჯერომ სელინჯერის მცირე რომანი „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში…“

 

 

„ბევრი დიდი საქმის გაკეთება შეუძლია ქართველ კაცს… საჭიროა ერთსულოვნება.
იბრძოლეთ თქვენი გმირი წინაპრების მსგავსად, რათა საკუთარ თავში და ჩვენს გარშემო დაიცვათ თქვენი წილი საქართველო.
დღეს ეგ ომია თქვენი დიდგორი და თქვენი ბასიანი.“ (ილია II )

 

„პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი

იყო სიტუაჲ იგი“( იოანე 1.1).

 

მას შემდეგ არსებობს ლიტერატურაც, კულტურაც… საუკუნეებია იცვლება  ავტორების  თემები, მიზნები, თუმცა არსებობს მარადიული, რაც მუდამ თან სდევს შემოქმედებას და მის ღირებულებას განაპირობებს.

ერთი ასეთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ადამიანის გაკეთილშობილება და ზნეობრივ პიროვნებად ჩამოყალიბება. თუკი რამე ჭეშმარიტად ფასეული შექმნილა კაცობრიობის ისტორიაში, ის ყოველთვის უკეთესი ადამიანის ფორმირებას ცდილობდა.  ამისთვისკი ყველა ტიპის ლიტერატურა თუ ცალკეული ავტორი სხვადასხვა ხერხს იყენებს –  ზოგი პირდაპირ მოწოდებებს სთავაზობს მკითხველს, ზოგი მინიშნებებს აკეთებს. ერთია მიზნის დასახვა, მეორე იმგვარი ნაწარმოების შექმნა, რომელსაც ადამიანები დაუჯერებენ, გულთან მიიტანენ და გაითავისებენ…

და მაინც რა არის ზნეობა ?! მისი განმარტება არც თუ ისე ადვილი საქმეა, რამდენადაც ზნეობის რაობა ყველას სხვადასხვაგვარად ესმის,  იქიდან გამომდინარე თუ რა კუთხით უყურებს მას. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ზნეობას თავისი სახე არ გააჩნია.

სულხან-საბა თავის „სიტყვის კონაში“ ზნეობას „ზნეებს“ უწოდებს, ხოლო „ზნეს“ იქვე განმარტავს როგორც – „ჩუჱულებით რაჲც საქმე სჭირდეს კეთილი თუ ბოროტი ზნე იგი არს“ (ორბელიანი 1993 : 148). ამგვარად ზნეობა კარგ თუ ცუდ ჩვეულებათა არსებობაა ადამიანშიო, – გვეუბნება ლექსიკოგრაფი.

ფილოსოფიის ლექსიკონში მორალს განმარტავენ, როგორც  ადამიანის ცხოვრებისეული მხარეების ერთიანობას, რომელიც ეყრდნობა კეთილისა და ბოროტის, სამართლიანობისა და უსამართლობის, სწორისა და არასწორის, კეთილის-მოქმედისა და ბოროტმოქმედის გაგებებს. მორალი ესაა შემოსაზღვრა ადამიანისა შინაგანი პასუხისმგებლობებით,ესაა სწორი მოქმედება. (3.1)სინონიმებია: მორალი, ეთიკა.[1] (3.2)

ზნეობის ერთ არსებით ნიშნად მიიჩნევენ მას რომ ის ადამიანის სულიერი თვისებაცაა. (3.5)

ქრისტიანული ( მართლამდიდებლური) ზნეობის ხედვა ეფუძნება სიყვარულს. „შეიყვარე ღმერთი ყოვლითა გულითა, გონებითა და ყოვლითა სულითა შენითა. შეიყვარე მოყვასი შენი ვითარცა თავი თვისი”, – ბრძანებს უფალი. აი, ამ ორ მცნებაზეა დაფუძნებული ქრისტიანული ზნეობისა და აზროვნების მთავარი არსი“. ( ილია მეორე) (3.6)

მაშასადამე ზნეობას განაპირობებს ღვთისა და ადამიანის სიყვარული. ზნეობრივი ცხოვრება ესაა ჯვარსახოვანი ცხოვრება, სადაც გადაჯაჭვულია უფლისა და მოყვასის სიყვარული. და რამდენადაც სიყვარული განაპირობებს ზნეობას, იმდენად ზნეობას შეუძლია მიგვიყვანოს სიყვარულამდე, ღმერთამდე…

მრავალი მართლმადიდებელი მოღვაწის ნაშრომი მიეძღვნა ამ საკითხს, მრავალი თვალსაზრისი გამოითქვა, მოვიტანთ რამდენიმეს:

„ვისაც არა აქვს სარწმუნოება ცხოველი, მას არცა წმიდა ზნეობა ექნება“

( ეპისკოპოსი გაბრიელი ( ქიქოძე) ) (3.7).

„ის მოქალაქე იდგამს მარადიულ ძეგლს თავის მამულში, ვინც თესავს მასში ერთადერთ მარადიულს – ზნეობრივ სიკეთეს“ (სულიერი მდელო) (3.8) .

„ქრისტიანს არა მხოლოდ აღმსარებლობა, არამედ რწმენა და რწმენის შესაფერისი ზნეობა აქცევს ჭეშმარიტ ქრისტიანად“( წმ. ტიხონ ზადონელი ) ( 3.9).

ზნეობის ზოგადი განმარტებებიდან ჩანს, რომ ის გარკვეული შინაგანი და გარეგნულადაც გამოხატული მრწამსია, რომელიც შეიძლება სხვაობდეს ადამიანისა და საზოგადოების ხედვიდან გამომდინარე. ქრისტიანიული ზნეობაა სხვაა, მუსულმანური სხვა, თუმცა არსებობს ზოგადი ზნეობაც, რომელიც ქრისტიანისთვისაც, მუსულმანისთვისაც და ყველა ადამიანისთვის საერთოა, ესაა ზოგადადამიანურ ღირებულებათა სისტემა (მაგალითად ადამიანის არ მოკვლა). რელიგიური, რწმენითი  და ზოგადკაცობრიული მორალის გარდა შეგვიძლია გამოვყოთ მესამე ტიპის ზნეობაც – ესაა გარდამავალი საფეხური ადამიანური ზნეობიდან ღვთაებრივზე, ესაა მომენტი, როცა პიროვნება მაღლდება საზოგადოებრივ ზნეობაზე და უფრო მაღალ იდეალს ქმნის. ასეთია მაგალითად, ანტიგონე სოფოკლეს ტრაგედიიდან, დონ კიხოტი სერვანტესის უკვდავი რომანიდან, ალუდა ქეთელაური ვაჟა-ფშაველას პოემიდან. ეს გმირები  ისწრაფვიან ღვთაებრივისკენ და  ამგვარი სწრაფვა უკვე გამორჩეულებს ხდის მათ.

ლიტერატურაში უფრო ხშირია სწორედ ასეთი გარდამავალი ზნეობის მქონე მთავარი პერსონაჟები, თუმცა ეს არ გამორიცხვას მაღალი (მაგალითად ჰაგიოგრაფიის) თუ მდაბალი ზნეობის გმირთა არსებობას.  რამდენადაც ნებით თუ უნებლიეთ ყველა ლიტერატურული ტექსტი ქადაგებს ზნეობას – კარგს თუ ცუდს. ეს კი ავტორებს პასუხისმგებლობას უზრდის და გეზს აძლევს…

ჩემი მიზანი დღეს სწორედ ზნეობის ზემოთ ჩამოთვლილ ასპექტთა წარმოჩენაა ლიტერატურაში. აზრის საილუსტრაციოდ გამოვიყენებ რამდენიმე გამორჩეულ ავტორსა და ნაწარმოებს, განსხვავებულ ეპოქებს, რათა თვალი გავადევნოთ, როგორ იცვლებოდა ან არ იცვლებოდა ზნეობრივი ფასეულობები ლიტერატურაში და შესაბამისად საზოგადოებაში, როგორია ის დღეს. როგორი იყო ადამიანის ზნეობა და რა ცვლილებები განიცადა მან, რა შეინარჩუნა.  ძირითადი მაგალითები მოტანილია ქართული ლიტერატურიდან, რომელიც განსაკუთრებულად საინტერესოდ ეხება არსებობის მანძილზე ამ საკითხს და მნიშვნელოვან შეხედულებას სთავაზობს, როგორც ევროპულ აზროვნებას ისე მსოფლიოს. მოხმობილია  მაგალითები უცხოელი ავტორების ნაწარმოებებიდანაც.

რა თქმა უნდა, ნაშრომს სრულყოფილი კვლევის პრეტენზია არ აქვს, თუმცა  არსებობს მასზე სამომავლო მუშაობის პერსპექტივა.

ჩვენ ვახასიათებთ ნაწარმოების მთავარ გმირებს, საზოგადოებას, ავტორს, პირველ რიგში ზნეობის კუთხით. გვანტერესებს როგორია მათი ზნეობა ავტორის შეხედულებით, თვითონ გმირების თვალსაზრისით, ქრისტიანული ხედვით…

ზნეობის საკითხის აქტუალურობაზე კარგად მეტყველებს  ის პროცესები,რომელიც  დღეს საზოგადოებაში, კულტურასა და მასთან ერთად ლიტერატურაში მიმდინარეობს, ჯერ კიდევ  XX საუკუნის დასაწყისიდან. ხდება ზნეობის როგორც ცნების გაუფასურება და პაგანიზირება. ნაშრომზე მუშაობისას შთაგვაგონებდა უწმიდესის სიტყვები: „უნდათ გააქრონ მორალი და მასთან ერთად სინდისის ქენჯნაც. იერიში მიტანილი აქვთ ზნეობაზე, რაც დღეს უკვე გულისხმობს ბრძოლას არა მარტო რელიგიურ მცნებებთან, არამედ საყოველთაო, ზოგადადამიანურ ღირებულებებთანაც… ადრე დევნიდნენ და აწამებდნენ მორწმუნეებს, ანგრევდნენ ტაძრებს, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეთ, მაგრამ ზნეობაზე სიტყვით მაინც უარს არ ამბობდნენ“ (ილია მეორე  2014: 6;) არადა კულტურული პროცესები, საზოგადოებრივი ურთიერთობა ვერ იარსებებს რაიმე საერთო, ქაოსიდან დამცავი ჩარჩოს გარეშე. ეს პრინციპი კი არის ზნეობრივი ღირებულებები…

 

 

 

  1. იოანე საბანისძის წმიდა აბო თბილელის წამება

1.1  ჰაგიოგრაფიის პრინციპები

წმიდა ბასილი სელევკიელის საოცარი სიტყვები – „ ადამიანი არის მხატვრული ნაწარმოები, ბრძნულად და სიყვარულით გამოკვეთილი შემოქმედისგან“, გვაფიქრებს  იმაზე, თუ რა არის ნამდვილი ადამიანობა, როგორი უნდა იყოს ღვთის ქმნილება, როგორ უნდა იცხოვროს მან, ე.ი. როგორია ადამიანის ზნეობრივი სახე.

როგორც სასულიერო, ისე საერო ლიტერატურამ მოგვცა ამ შეკითხვაზე პასუხები… რამდენადაც, ზოგადად ლიტერატურა თავდაპირველად სწორედ რწმენის საფუძველზე შეიქმნა ( ამის დასტურია პირველი იეროგლიფები, რომლებიც სარწმუნოებრივ რიტუალებს აღნიშნავდა), საკითხის განხილვას სწორედ ქრისტიანული სასულიერო ლიტერატურიდან დავიწყებ, რომელმაც უდიდესი მისია შეასრულა დღევანდელი ადამიანის ზნეობრივ ფორმირებაში;  მან შეცვალა, უფრო ზუსტად, გარდაქმნა კაცობრიობის მთელი აზროვნება…

სასულიერო შემოქმედების ერთი ნაწილია ჰაგიოგრაფია, რომელიც ორ ძირითად მიმართულებად იყოფა: ,,წამებანი“ და „ცხორებნი“. პირველი მარტვილთა ღვაწლს ეხება, მეორე კი მამათა თუ დედათა მსახურებას, როგორც ერში, ისე ბერმონაზვნობაში.

ჰაგიოგრაფია ჩვეულებრივი ლიტერატურისგან იმით განსხვავდება, რომ ის რეალობას ასახავს, მასში არაა გამონაგონი, თუმცა შეიძლება დაუჯერებლადაც კი ჟღერდეს ის სასწაულებრივი ფაქტები, რაც ამგვარ ნაწარმოებებშია აღწერილი. მაგალითად, წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ცხოვრებაში წერია, რომ ის ჩვილობაში ოთხშაბათსა და პარასკევს რძეს მხოლოდ ერთხელ იღებდა, ისიც მაშინ, როცა მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ; ამ დროს კი უკვე საეკლესიო ტიპიკონით მეორე დღე იდგა (3.10). ან გავიხსენოთ წმიდა ნინოს ცხოვრებიდან ფაქტი, როდესაც მისი ლოცვით არმაზის მთაზე კერპები შეიმუსრა : „ და მეყსეულად მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი, მწარედ სასტიკი, და მოიღო სეტყუა ლიტრისა სწორი ადგილსა მას ოდენ ზედა, საყოფელსა კერპთასა. და დააწულილნა კერპნი იგი და დამუსრნა, დაარღვივნა ზღუდენი ქარმან სასტიკმან და შთააბნივნა კლდეთა ნაპრალსა. ხოლო წმიდა ნინო დარჩა მშჳდობით ადგილსა მას, სადა პირველ შესრულ იყო“(ლეონტი მროველი 1955: 91).

კიდევ უამრავი ამ სახის მაგალითის მოხმობა შეგვიძლია წმიდათა ცხოვრებებიდან. ეს სასწაულები, რა თქმა უნდა, ქრისტეს სახის ანარეკლია, უფალიც ხომ ამ ქვეყნად მრავალ უჩვეულო ქმედებას აღასრულებდა: წყალზე დადიოდა, მკვდრებს აღადგენდა, სნეულებს კურნავდა და ა.შ.

მაშასადამე, იკვეთება ჰაგიოგრაფიის მეორე პრინციპი – ქრისტესთან დაკავშირება წმიდანისა. ყველა მოღვაწე თუ მოწამე გარკვეული სახით მაცხოვარს მიემართება, მის გზას გადის –  „უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ“(იოანე 15.20). ასევე უნდა განიცდიდეს თეოზისს, განღმრთობას ყველა ქრისტიანი.

მესამე რამ, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჰაგიოგრაფიისთვის, ეს სამაგალითო ზნეობრივი გმირის სახის ჩვენებაა მკითხველისათვის. ჰაგიოგრაფიამ  ცხონების ერთი გზა უნდა დაანახოს დაინტერესებულ ადამიანს, აღუძრას წადილი ღმერთთან მისვლისა, შექმნას „წმიდანის „ცოცხალი სინამდვილის შთაბეჭდილება“ და ატმოსფერო (ფარულავა 2009ა: 22).

ჩვენს, ქართულ, სინამდვილეში ჰაგიოგრაფიის მიზანი ეროვნულიც იყო,რამდენადაც საქართველოში ერთმანეთს ეჯაჭვებოდა რელიგიურ-ეროვნული, აკი წერს  კიდეც გიორგი მერჩულე – „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების…“ ( გიორგი მერჩულე 2007:304) მარტვილის და მონაზვნის ღვაწლი რომ ემსახურება რელიგიური და ეროვნული სულის გაძლიერებას ამტკიცებენ ქართველი მეცნიერებიც : გრ. ფარულავა, გ. იმედაშვილი.

ჰაგიოგრაფიის დანიშნულება უკარნახებდა ავტორს კეთილსინდისიერებასა და სათქმელის რაც შეიძლება მშვენივრად და საინტერესოდ გამოხატვას, რათა მსმენელთა თუ მკითხველთა სულის სიმები შერხეულიყო… ჰაგიოგრაფი გრძნობდა პასუხისმგებლობას ღვთის, წმიდანისა და ერის წინაშე. ის იყო მნიშვნელოვანი შუამავალი უფალსა და ხალხს შორის, მას უნდა მიეტანა ძვირფასი, მაცხოვნებელი  ტექსტი ადამიანებამდე ( გავიხსენოთ მოსესთვის ათი მცნების გადაცემა უფლისგან სინას მთაზე), ხოლო ადამიანებისგან აღევლინა დიდება უფლისადმი, მისი წმიდანებისადმი…

დღეს ფიქრობენ, რომ ჰაგიოგრაფია შუა საუკუნეების საზოგადოების ქრისტიანებისთვისაა განკუთვნილი. რა თქმა უნდა, ყველა ნაწარმოები პირველ რიგში, თავისი ეპოქისთვის იქმნება, მაგრამ ჭეშმარიტად ღირებული თხზულებები მარად ცოცხლობენ და ყველა დროის ადამიანთა გულებში პოულობენ ადგილს. ასეთივეა ჰაგიოგრაფიული შედევრებიც, რომლებიც დღევანდელი ადამიანის რწმენისა და ზნეობის საზრდოცაა, თუ ეს ადამიანი მივა მასთან და გულისყურს მიაპყრობს…

ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის თანამედროვეობაზე მეტყველებს მისი თემატიკაც – სიყვარული; როგორც აღნიშნავს გრივერ ფარულავა – ,,ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა მონოთემატიკურია. ეს ერთადერთი თემა სიყვარულია… ეს არის ტრფობა უზენაესისადმი“ (ფარულავა 2009ა : 24; ).

ჩვენ განვსაზღვრეთ ჰაგიოგრაფიის მახასიათებლები, რომლებიც ისწაფვიან ქრისტიანული ზნეობრივი ადამიანის ჩამოყალიბებისკენ. ახლა „აბოს წამების“ მაგალითზე, რომელიც ერთი შესანიშნავი და მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ქართული და მსოფლიო ჰაგიოგრაფიისა ვნახავთ როგორ ხორციელდება ეს ყოველივე…

 

1.2 სამოელ კათალიკოსისა და იოანე საბანისძის მიზნები

VII საუკუნის 20-იან წლებში არაბებში ქადაგებას იწყებს მუჰამედი. მისი რელიგია აერთიანებს  ხალხს და ყალიბდება სახალიფო, რომელიც იწყებს ბრძოლას, როგორც ირანის, ისე ბიზანტიის წინააღმდეგ.

642-643 წ.წ არაბები ქართლშიც გამოჩნდნენ. მათი პირველი ლაშქრობა უშედეგო იყო, მეორედ კი, უკვე რამდენიმე წლის შემდეგ, ისინი იმარჯვებენ მასლამას მეთაურობით.

80-იან წლებში ქართლი აუჯანყდება არაბებს, მაგრამ მაინც ვერ გადაიგდებს მათ უღელს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ეგრისს, მას  ბიზანტიის პატრიკიოსები მართავენ. თუმცა 697 წლის ბიზანტიელთა წინააღმდეგ აჯანყებისას ეგრისი დროებით არაბებს ემორჩილებოდა.

VIII საუკუნეში ქართულ მიწაზე ხდება მურვან ყრუს გამანადგურებელი ლაშქრობა, რომელიც ხაზართა წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ არც ქართლის აოხრებას გამორიცხავდა. მურვანმა დაიმორჩილა აღმოსავლეთ საქართველო და დასავლეთში მისდია ქართლის ერისმთავარსა და მის შვილებს. გზად მან აწამა დავით და კონსტანტინე არგვეთის მთავრები. მიუხედავად მურვანის სიძლიერისა დასავლეთ საქართველოში ის მაინც  მარცხდება.

ამდენად VIII  საუკუნეში, როცა იოანე საბანისძე ,,აბოს წამებას“ ქმნის ქართლი არაბთა ბატონობის ქვეშაა. მას გამოვლილი აქვს ბრძოლები დამპყრობთა წინააღმდეგ, თუმცა მოცემულ მომენტში თბილისში ამირა ზის, ქართლის ერისმთავარს კი მსაჯულზე შეზღუდული შესაძლებლობები აქვს.

მძიმე ისტორიული ვითარება კარგად ჩანს  იოანე საბანისძის პოლიჟანრული თხზულებიდანაც „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი“, რომელიც 786-790 წლებში უნდა დაწერილიყო, თუმცა ჩვენამდე IX-X საუკუნეების ხელნაწერებითაა მოღწეული (რ.სირაძე).

,,მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს რომელიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელიმე მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქვეშე მათსა გვემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი, შიშთა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, არამედ ქრისტჱს სიყვარულითა და შიშითა, ჩვეულებისამებრ მამულისა სვილისა, ჭირთა მოთმინებითა. არა განეშორებიან მხოლოდ-შობილსა ძესა ღმრთისასა“(იოანე საბანისძე 1960: 46).

მიუხედავად იმისა რომ ქრისტიანთა ნაწილმა უარყო უფალი, ბევრი მაინც მისი ერთგული დარჩა, მაგრამ  დიდი გასაჭირი კი ადგათ, მტკიცე რწმენა არ აქვთ, დამპყრობელთა და სიკვდილის შიშს შეუპყრია მათი გულები. სწორედ ამ განსაცდელის ჟამს ქართლში გამოჩნდება ,,ახალ მოწამე“ აბო, რომელიც არაბია, რჯულით მაჰმადიანია თუმცა ზნეობრივი ადამიანი. ის ეძებს და იპოვნის კიდეც ჭეშმარიტებას- ქრისტეს, გახდება მისი ერთგული და მოწამეც.

ამგვარი საქციელი უცხოტომელისგან მაშინ, როცა თვით ქართველნიც, როგორც იოანე ამბობს ხუთასი  და მეტი წლის ქრისტიანები გაუბედაობით იყვნენ აღვსილნი, ნამდვილად ღირსსახსოვარი და მნიშნელოვანი იყო. მას მორწმუნეთა განმტკიცება, ხოლო ურწმუნოთა თუ მოქცევა არა, დაფიქრება მაინც შეეძლო.

სწორედ ფაქტის ღირსების გამო, სამოელ ქართლის კათალიკოსმა, როგორც ერის ბედზე მზრუნველმა მამამ (ნ.  ნაკუდაშვილი) ლოცვა-კურთხევა მისცა იოანე საბანისძეს, ზნეობრივ ადამიანს, ღვთის- მსახურს, საღმრთო წიგნთა მცოდენსა  და კეთილის კეთებაში გულმოდგინეს (,,უწყით წადიერებაჲ შენი ღმრთის-მსახურებისათჳს და ღმრთივ-მომდალებული შენი მეცნიერებაჲ საღმრთოთა წიგნთაჲ და გულს-მოდგინებაჲ შენი კეთილთა საქმეთა მოღვაწებისათჳს“(იოანე საბანისძე 1960: 43)) აღეწერა მოწამის ცხოვრება და მარტვილობა.

არის კიდევ ერთი მიზეზი, იოანე საბანისძე, როგორც ჩანს პირადად იცნობდა აბოს და საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. აკი მიმართავს კიდეც წმიდა მოწამეს- ,,ქრისტჱს-მიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე, ვიდრე იყავღა სოფელსა ამას შინა ჩუენსა“ (იოანე საბანისძე 1960:66). ამიტომ ის, როგორც მოვლენათა მცოდნე კარგად შეასრულებდა კურთხევას.

კათალიკოსი ენდობა იოანეს, მაგრამ შეახსენებს ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს პოსტულატს, ჭეშმარიტების თხრობის აუცილებლობას.

იოანეს პიროვნება კარგად ჩანს მის საპასუხო წერილში კათალიკოსისადმი. საბანისძის მიზანია აღწეროს აბოს ღვაწლი და ამით სულის საზრდო შექმნას, როგორც თავისთვის, ისე სხვათათვის. მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობს მის ძალას აღემატება აბოს სათნოებანი,  არ სურს დუმილით დააყენოს მოწამის ქება.

ამ რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობის თავსდებისას მას გაამხნევებს ღვთივდადგენილი კათალიკოსის მორჩილების სათნოება და სოლომონ ბრძენის სიტყვები- მიჰბაძოს ჭიანჭველას, რომელიც ,,უდიდჱსსა მარცუალსა მას იფქლისასა შებმა-უყვის გულს-მოდგინედ, ვიდრემდის აღიღის და წარიღის საზრდელად თჳსა“ (იოანე საბანისძე 1960: 44).

მორჩილებითა და თავმდაბლობით, იოანე მიემსგავსება სხვა ჰაგიოგრაფებს; კიდევ ერთი რამ, რაც მას სასულიერო მოღვაწეებთან აკავშირებს, ეს თხოვნაა მისი მოხსენიებისა.

რწმენით განმტკიცებული, უფლის მადლობელი, უაღრესად თავმდაბალი, ღვთისა და ერის მოყვარული ადამიანი იწყებს თხრობას; ის პირველ რიგში მიმართავს თავის ობიექტს მსმენელს/მკითხველს: ,, საყუარელნო მამისანო და მეგობარნო და მონანო ქრისტჱს, ძისა ღმრთისანო, და სამკჳდრებელნო სულისა წმიდისანო !“(იოანე საბანისძე 1960: 45)

ალბათ ძალიან ცოტა ავტორი თუ დაიკვეხნის თავისი პუბლიკის ამგვარი სიყვარულითა და ხედვით. თან იოანე არაერთხელ იმეორებს ამ მიმართვებს -,,რომელნი ხართ ქრისტჱს-მოყუარენი და მარტჳლთ-მოყუარენი…“(იოანე საბანისძე 1960: 56),  ,,აწ მოვედით, ქრისტჱს-მორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ ჴსენებასა ახლისა ამის წმიდისა მოწამისასა…“ (იოანე საბანისძე 1960: 65).

საბანისძე ხაზგასმით მოუწოდებს მსმენელებს, რადგან მისი სათქმელი მნიშვნელოვანია, ეხება რა ქრისტეს და მის მოწამეს. მსმენელთა გულებში უფლის დამკვიდრება იოანეს ისევ ღვთის ნებად მიაჩნია, რამდენადაც პავლე მოციქულის სიტყვებით-ყველა ადამიანი ღვთის ტაძარია, ჭურჭელია…

მეორე მიზეზი, რის გამოც იოანე ასე ხშირად მოუხმობს მსმენელს თუ მკითხველს[2]             ეს სურვილია, ისინი თანაზიარი გახადოს თავისი შრომისა- ,,ნუ გეწყინებინ სმენად სიტყუათა ამათ, რაჲთა არა ცუდად დავშურეთ : მე სიტყვითა და თქუენ სმენითა, – რაჲთა ერთობით მოგუცეს ჩუენ უფალმან სასყიდელი შრომათა ჩუენთაჲ“ (იოანე საბანისძე 1960: 46).

აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ როცა ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს, კერძოდ კი, ,,წმიდა აბოს წამებას“ ვკითხულობთ, ვგრძნობთ, რომ მხოლოდ ავტორი იოანე საბანისძე კი არ ქმნის ნაწარმოებს, რამდენადაც ის სინამდვილეს აღწერს ზედმიწევნით, არამედ აბოც შემოქმედია, თავის ცხოვრებას წერს (ფლორენსკი ) ( ფარულავა 2009ა: 39), შესაბამისად აქ მესამე ელემენტია მკითხველი, რომელიც  მწერალთან და მოწამესთან ერთად იღწვის, აღიქვამს , განიცდის  იმ ყველაფერს, რაც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გმირს,  აბოს, თავს გადახდა.

მესამე მიზეზი ხშირი მიმართვებისა, მკითხველის მუდამ დაკვირვებულ, გულფხიზელ მდგომარეობაშ ყოფნის სურვილია. აქცენტირება იმისა, რომ მსმენელი მისთვის, როგორც ავტორისთვის, მნიშნელოვანია, მკითხველს/მსმენელს პასუხისმგებლობით აღავსებს და ცდილობს დაუფქირდეს, თუ რაში მდგომარეობს მისი პირადი ამოცანა.

გამორჩეული დამოკიდებულება აქვს იოანეს წმიდა აბოსადმი – მას უყვარს თავისი გმირი და ამით  განსაკუთრებული  ავტორია. მწერალი და აბო თანამოაზრეები არიან, მათი მიზანი ცათა სასუფევლის დამკვიდრებაა. ამისთვის კი ისინი ცდილობენ თავიანთი ცხოვრება სასარგებლო გახადონ მოყვასთათვის… აქ უნებლიეთ გვახსენდება ცნობილი სიტყვები –  აქილევსი იმით გახდა დიდი, რომ ჰომეროსმა აღწერაო, დიდსა მიემთხვია მაქებარსაო, ,,აბოს წამებაც’’ რომ არ აღეწერა იოანეს, ჩვენთვის ვინ იცის სამუდამოდ უცნობი დარჩენილიყო იგი…

მკითხველის თუ მსმენელის შემოკრების შემდეგ იოანე გვიჩვენებს მძიმე ვითარებას, მოწამეობის მნიშვნელობასაც  განმარტავს, შემდეგ კი ვრცლად ეხება უფლის აღმნიშვნელ სიმბოლოებს. მაგალითად, ქრისტეს ,,ყუავილ ეწოდა, რამეთუ ძირისაგან იესჱსისა ყუავილად აღმოცენდა ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა მარიამისაგან ჴორციელად, ხოლო სულნელებითა მათ ღმრთეებისაჲთა სული იგი მადლისაჲ  მოჰფინა ჩუენ ზედა “ ( იოანე საბანისძე 1960: 49).  ე.ი. ყვავილად იწოდა ქრისტე, რადგან ის იესეს შტოში, ქალწულ მარიამისაგან იშვა და თავისი ღვთაებრივი სწავლანი, საქმეები, როგორც ყვავილმა სურნელება ისე მოგვაფრქვია. ყვავილს ადარებს იოანე ბოლოს აბოსაც – „ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან, გამოგარჩია…“( იოანე საბანისძე 1960:68) რითაც ხაზი ესმება მოწამის მსგავსებას უფალთან. ამგვარად შესავალში მოყვანილი ქრისტეს სიმბოლოების ნაწილი, აბოსგან ღვაწლის მოღვაწების შემდეგ მასაც მიესადაგება… როგორც ჩანს, იოანე თავშივე აკეთებს აქცენტს, რომ ჰაგიოგრაფიული გმირის მთავარი იდეალი უფალი და მისი ცხოვრებისეული გზაა, „წმინდანები, მაცხოვრის სათნოებით „მოწყლულნი“, ამ ქვეყნად სათნოების დამკვიდრებისათვის იღწვიან…“(ფარულავა 2009ა: 37)

მართლაც, აბო სიკვდილის დღეს პირდაპირ უკავშირებს თავის თავს უფალს. საქმე ისაა, რომ აბოს წამება უფლის ნათლისღებას და თან პარასკევს მოხდა, ამიტომაც მოწამე პარალელს ავლებს იმ დღეებსა და თავის დღეს შორის. მას განშიშვლებული  უფლის წყალში ჩასვლისა და ნათლისღების მსგავსად სურს განიძარცვოს შიში და ნათელიღოს სისხლით… ხოლო თუკი პარასკევს მაცხოვარმა ჯვარცმით ადამის მოდგმის მტერი დაამარცხა, აბოსაც სურს დაამარცხოს ქრისტიანთა მტერი თავისი მოწამეობით…

გარდა ამ ადგილისა აბო სხვა მომენტებშიც უკავშირებს თავის პიროვნებას წმიდა წერილს. მაგალითად, აღსასრულის წინ, იხსენებს რა თავის ძველ საქმიანობას- მენელსაცხებლეობას, დასძენს, რომ ხორციელი მენელსაცხებლეობა  მან შეცვალა სულიერით და ქრისტეს ნელსაცხებლის სურნელებისაკენ ისწრაფა – „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი“ ქრისტე“ ( იოანე საბანისძე 1960:60).

უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიური, სახარებისეული ალუზიები ხშირია „აბოს წამებაში“, რამდენადაც ჰაგიოგრაფიის საფუძველი ბიბლიაა, ბიბლიური ცოდნაა ( ისევე როგორც ლიტერატურის). მაგალითად იოანე ადარებს მარტვილს აბრაამს, პავლე მოციქულს, მეთერთმეტე ჟამის მუშაკს…

შესავალში იოანე კიდევ ერთ საკითხს წამოწევს, რომელიც წამების დაწერის ერთ-ერთი მიზეზია – ესაა ქართლის მკვიდრთა სარწმუნოებისა და ქართლის, როგორც მოწამეთა მშობლის საკითხი, ქართული ეკლესიის ღირსების წარმოჩენა.

იოანე ხარობს, რომ „არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაჲ  ესე ღმრთისა მიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკჳდრთა“ (იოანე საბანისძე 1960: 51). მეტიც, ქართლს აქვს გამორჩეული უნარი, ღვთისგან მომადლებული – აქ მოსული ადამიანები თუ ადგილობრივები მოწამეებად გამოირჩევიან ხოლმე და ამიტომაც ეს ქვეყანა წოდებულია „დედად წმიდათა“(იოანე საბანისძე 1960: 51) . მაგალითი თვითონ აბო თბილელია (გავიხსენოთ „ათთა ბევრთა ათასთა“  წამება თბილისში ხვარაზმელთაგად).

რევაზ სირაძე იოანე საბანისძის ამ სიტყვებში არგუმენტებს ხედავს, რომელთა ძალითაც ჩვენი ქვეყანა კვლავ წელში უნდა გაიმართოს და სრულუფლებიან ერად იგრძნოს თავი ( ალიბეგაშვილი… 2007: 72), რამდენადაც „მარტვილის აღსასრული არასდროს არ არის ცალკეული მოვლენის ფარგლებში ჩაკეტილი, მას ყოველთვის საზოგადოებრივი ღირებულება აქვს – იგი თითქმის ყოველთვის დაკავშირებულია ეროვნული ცნობიერების განახლებასთან“ ( ალიბეგაშვილი… 2007:78).

ამდენად, დასაწყისიდანვე გამოიკვეთა იოანეს მიზანი უჩვენოს საზოგადოებას, ხალხს ჭეშმარიტი ქრისტიანი, ზნეობრივი პიროვნება და მისაბაძად დაუსახოს მისი სათნოებანი.

 

  • წმიდა მოწამე აბო – ქრისტიანი ზნეობრივი გმირი

„სულნელებასა ნელსაცხებელთა  შენთასა ვრბიოდი“ ქრისტე…“

რა არის აბოს მიზანი ?! ამაზე პასუხი გვეძლევა წამების მეორე და მესამე თავებში, სადაც უშუალოდ წმიდა ჭაბუკის ცხოვრება და აღსასრულია აღწერილი.

ვინ არის აბო ?! თხრობის (ერთი თავის) მანძილზე ჩვენ ვხედავთ აბოს პიროვნების ჭეშმარიტად ქრისტიან და ზნეობრივ გმირად ჩამოყალიბებას. ზნეობრივი წინსვლა, აქ უთანაბრდება ქრისტიანულ სარწმუნოებაში აღმასვლას. თუმცა თავდაპირველი აბოს ზნეობრიობა იყო, რაც კარგად ჩანს მაშინ, როცა აბო ქართლში ჩამოდის და დამპყრობელ არაბს, უცხოტომელს, ყველა შეიყვარებს თავისი სათნოებების გამო.

აბო ღირსეული წარმომავლობისაცაა, აბრაამის შთამომავალია. ამგვარად ,მისი პიროვნული ღირსეულობა ეთავსება მის წარმომავლობით რჩეულობას;  ამ ყველაფერს კი ემატება ქრისტიანობა.

აბო ვერ დაკმაყოფილდა მხოლოდ თავისი ზნეობრივი ცხოვრებით და დაიწყო ძიება… არაბმა ჭაბუკმა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი რამ დაინახა ნერსე ერისთავში, მის გარემოცვაში, რომ სრულიად ახალგაზრდამ, 17-18 წლისამ დატოვა მშობლიური მხარე, ოჯახი და უცხო ადგილას გამოჰყვა ნერსეს ( ნერსე, თავის მხრივ, სამაგალითო ადამიანი უნდა იყოს…).

ქართლში ის პოულობს სარწმუნოებას, რომლის ღმერთიც შვილს სწირავს ქმნილთათვის, ცხოვრობს როგორც  ადამიანი და უცოდველია, მასაც სტკივა, მასაც შია და სწყურია, აკეთებს სიკეთეს, კურნავს ავადმყოფებს, აღადგენს მკვდრებს და მაინც თავმდაბალია, არაფრის მქონეა… და აბომაც შეიყვარა ქრისტე, შეისწავლა ქრისტიანული რჯული, ქართული ენა, როგორც სალოცავი, ბოლოს კი  მოინათლა…

მართალია, აბო უკვე ქართლში გახდა გულით ქრისტიანი, მაგრამ ძალა მოწამეობისა მას მხოლოდ ხაზარეთში (უსაფრთხო ადგილას)  ნათლობის შემდეგ, სულიწმიდის გადმოსვლის შედეგად მიეცა. სულიწმიდის მადლის გაზრდას, რა თქმა უნდა, თვითონ ნეტარმა ჭაბუკმაც შეუწყო ხელი, როცა სრულიად ახალგაზრდამ, აფხაზეთში კეთილმოღვაწეთა ხილვით გახარებულმა და საღვთო შურით აღვსილმა მძიმე მარხვის, მდუმარებისა და უწყვეტი ლოცვის ღვაწლი იტვირთა.

აბო ჯერ კიდევ ამ დროს მიემსგავსა მაცხოვარს, როცა თავისი სიძლიერე უარყო და თავი დაიმდაბლა – სარკინოზი  ქრისტიანი გახდა, ქრისტეს შეეწირა, ქრისტეს ერთგული დაჩაგრული  ხალხის შემწე შეიქნა. ამიტომაც  უფალმა აღამაღლა იგი და გააბრწყინა.

მარტვილი მიემსგავსა ვაჭარს, რომელიც მარგალიტს პოულობს და ყველაფერს ყიდის, რათა ის ძვირფასი ქვა იყიდოს. მან თავისი ახალგაზრდობა, თვისტომთა სიძლიერე, ოჯახი, მამა-პაპათა სარწმუნოება დაუტევა, როცა იპოვნა ის, რასაც ეძებდა ,,გზა და ჭეშმარიტება…“ („ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ“(იოანე 14.6))

ასე გადის დრო და აფხაზეთიდან წამოსვლის ჟამიც ახლოვდება. აბო არჩევანის წინაშეა, შეუძლია დარჩეს აფხაზეთში და „მშვიდად“ იმოღვაწეოს ( აქაც ის სასარგებლო იქნება) ან წავიდეს ქართლში, სადაც მოსალოდნელია დევნა და თვით სიკვდილიც.

და აი აქ ჩვენ წინაშეა ახალი აბო, აბო რომელიც მოწამედ მოგვევლინება. მან კარგად იცის რა სურს, რა არის მისი მიზანი: „რაჲ მადლ არს ყოფაჲ ჩემი აქა, სადა არა არს შიში, არცა სიკუდილი ქრისტჱსთჳს? აწ გევედრები, განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტეანობაჲ  ჩემი ქრისტჱს-მოძულეთა მათ, რამეთუ მესმა მე წმიდისა სახარებისაგან თქმული იგი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ, ვითარმედ „ არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმრსა, არამედ სასანთლესა გადაგიან, რაჲთა ენთებოდის ყოველთა; ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა“( იოანე საბანისძე 1960: 55-56).

ჰაბოს არ უნდა მიღებული მადლის დაფარვა, სწადია ყველას გაუნაწილოს ქრისტეს სიყვარული, დაანახოს სადაა ჭეშმარიტება… მან იცის რომ ჯაბანნი, მშიშრები, ვერ დაიმკიდრებენ ცათა სასუფეველს და ამიერიდან ქრისტესთვის არც სიკვდილის ეშინია…

ამგვარად მოდის აბო მეორედ ქართლში, სამ წელიწადს დაჰყოფს იქ და კიდევ უფრო გამტკიცდება ქრისტეს სიყვარულში…

სამის წლის შემდეგ აბოს ამირასთან დააბეზღებენ.  ქრისტიანები ერთხელ შეძლებენ მის გამოხსნას, თუმცა ყმაწვილს მეორედაც შეიპრობენ და ამირას მიჰგვრიან.

მსაჯული ცდილობს აბოს გულის მოლბობას და ახსენებს, რომ მის მამა-პაპათა რჯული სხვაა, რომ მისი საქციელი ღალატია… მაგრამ  მისი სიტყვები ვერ დაასუსტებენ აბოს. არაბებს ის კი არ აწუხებთ, რომ აბომ „ჭეშმარიტი“ რჯული უარყო, უფრო ის აღელვებთ, რომ აბოს საქციელს შესაძლოა მიმბაძველები გამოუჩდნენ და  ძალაუფლება დაკარგონ…

იგი არც ამირას მეორე წინადადებას ისმენს – „უკეთუ ნაკლულევანებისა შენისათჳს შედგომილ ხარ ქრისტეანეთა, მე უფროჲსღა ნიჭი და პატივი აწვე მიგცე შენ“(იოანე საბანისძე 1960:58).

ცდები, მსაჯულო! ადამიანურ პატივს არ ეძიებს აბო. ამქვეყნიურს რომ ეძებდეს, დარჩებოდა ბაღდადში მენელსაცხებლედ ან აფხაზეთში კეთილმსახურებთან. არა მას საუკუნო დიდება სწყურია ზეცაში… მაგრამ ამის მიხვედრა ამირასთვის შეუძლებელია, აკი მიიღო კიდეც პასუხი შეკითხვაზე – რა სიტკბოება გაქვს ქრისტესიო… მიიღო, მაგრამ ვერ დაიტია… ასევე გაუგებარი რჩება სხვებისთვისაც აბოს ღვაწლი, თუ მათ არ იციან ქრისტე, არ უგრძვნიათ იგი. მხსენდება მერაბ მამარდაშვილის სიტყვები – „იესო ქრისტე შეიძლება ათასჯერ დაბადებულიყო ბეთლემში, მაგრამ თუ ის ერთ დღეს შენში არ მოგევლინა შენ დაიღუპებოდი…“(3.11)

საინტერესოა როგორ ატარებს სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს არაბი ჭაბუკი…

მისგან შერცხვენილები გამოდიან გადარწმუნების მსურველნი, რადგან აბომ ჭეშმარიტების გამო ყველაფერზე უარი თქვა, „ტომობრივი და სარწმუნოებრივი ბორკილები დაამსხვრია…“ (ფარულავა 2009ბ: 69 )

საპყრობილეში მარტვილი ლოცვისა და მარხვის გარდა ქველმოქმედებას ეწევა. აღსასრულის ბოლო წუთებშიც კი უფალივით ზრუნავს მათზე, ვინც მისთვის წუხს და ანუგეშებს  – რომ ის მაცხოვართან  მიდის. „სარწმუნოების სიმტკიცემ მასში სრულად ჩაკლა შიშის გრძნობა…“(ალიბეგაშვილი… 2007:83) სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე ის ერთდროულად ნეტარებასაც გრძნობს და თან ცოდვილობას განიცდის, ამიტომაა, რომ ერთად ამბობს ფსალმუნი სიტყვებს – „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა“ და ავაზაკის ამოძახილს – „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“(იოანე საბანისძე 1960:61).

ავაზაკის ამ სიტყვებს აბოს სახესთან მიმართებით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან როცა იოანე განადიდებს მას, ადარებს რა  ავაზაკს ქრისტესთან ჯვარცმულს, ქრისტეს მაღიარებელს,  საპირისპიროდ  ახსენებს აბოსთან ერთად პყრობილს, რომელმაც მარცხნივ ჯვარცმული ავაზაკივით უარყო ქრისტე. ამგვარად ნაწარმოებში ჩანს მოწამის საპირისპირო პიროვნება, რომლის საქციელის ფონზეც აბოს თავდადება უფრო თვალშისაცემია…

აბო მოაკვდინეს, მაგრამ ღმერთმა კიდევ უფრო მეტად განადიდა იგი – ხალხი ისწრაფვის მისი მადლის მისაღებად, „აბოს სიკვდილი ქართველებისათვის, ქრისტიანებისათვის, ზნეობრივ მაგალითად იქცა. ახალი მოწამის მიერ კვლავ განახლდა მინავლებული ქრისტიანული გრძნობა და მაშინ აზვავდა და აღზევდა ქართლის მკვიდრთა  ეროვნული და სარწმუნოებრივი სული, დიდი ექსპრესიითა და დინამიზმით აღწერს იოანე საბანისძე ხალხის მიერ შიშის უკუგდების… მშვენიერ სურათს“(ალიბეგაშვილი… 2007:86): „მაშინ იწყო სიმრავლემან ქალაქისამან ქრისტეანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთაჲ მათ და განვიდოდეს ყოველნივე ადგილსა მას, სადაცა დაწუნეს ჴორცნი იგი წმიდისა მოწამისანი. მოხუცებულნი მირბიოდეს კუერთხებითა თჳსითა, მკელობელნი ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი სრბით, ყრმანი ჴდომით ურთიერთას, დედანი მსგავს იყვნეს წმიდათა მათ მენელსაცხებელთა…“(იოანე საბანისძე 1960: 64)

მრავალი განიკურნა იმ დღეს… ცაზე ბრწყინავდა ვარსკვლავი, წყალმა გამოაშუქა სინათლე… ბუნებამაც – ღვთის ქმნილებამაც განადიდა უფლის წმიდა მოწამე…

იოანეც უერთდება მოზეიმეებს,  „გიხაროდენს“ აღავლენს მარტვილისადმი და მეოხებას სთხოვს ღვთის წინაშე…

ჰაბოს მოწამეობრივმა აღსასრულმა და მისმა აღწერამ შეასრულა თავისი მისია… აი რას წერს იოანე საბანისძე – „შენ გამო, წმიდაო მოწამეო, სიყვარული იგი ქრისტჱსი ჩუენდამი და სარწმუნოებაჲ  ჩუენი მისა მიმართ კუალად განახლდა…სახელისა შენისა მითხრობად ყოველთა ქადაგ ვიქმნენით! “(იოანე საბანისძე 1960: 67,69) იოანეს ეს სიტყვები სხვა პერიოდის ადამიანებზეც ვრცელდება, გავიხსენოთ უცნობი ავტორის „ქებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი“:

„მაშინ აღიწურვოდეს ურჩულონი იგი წყობად ზედა წმიდისა მოწამისა ქრისტეჲსისა ჰაბოჲსა,

ხოლო მან სიხარულით მოუდრიკნა ქედი თვისი,

რამეთუ სუროდა მისვლად უფლისა თვისისა და ისწრაფდა შესვლად სასუფეველსა მისსა.

მოვედით, მორწმუნენო, ვადიდებდეთ სახსენებელსა მისსა

და უგალობდეთ ქრისტესა, რომელმან ღირსად გვირგვინოსან ყო იგი!“ (უცნობი ავტორი 1987:474)

საუკუნეებია აბო თბილელი გზას უნათებს ზნეობის, პირველ რიგში ქრისტიანული ზნეობის მაძიებელთ და მქონეთ. მისი სახით მოგვეცა ზნეობრივი, სარწმუნოებრივი და ეროვნული გმირი. მან ადიდა უფალი, ადიდა მოამაგე ხალხი, ადიდა საკუთარი თავი. აბო ლამპრად იქცა ქრისტეს გზისა…

აღსრულდა უფლის ნება, რომლის „წამის-ყოფითა“ შთაეგონა აბოს ქართლში წამოსვლა და კათალიკოსს კი მისი ცხოვრების აღწერა…

აღსრულდა კათალიკოსის ნება – საუკუნეებია ეკლესიაში არსებობს აბოს წამების ტექსტი. განსრულდა იოანე საბანისძის წადილი – აბო იქცა სარწმუნოებრივ და ზნეობრივ ეტალონად. და როგორც წერს გრივერ ფარულავა შესრულდა ჰაგიოგრაფიის მიზანიც – „იმ „ძარღვისა“ და „სადენის“ ჩვენება, რომლითაც სისხლი და სინათლე მოედინება ზეციდან მიწაზე“(ფარულავა 2009ა:44).

თავის გაწირვა ფასეულობისათვის დღესაც დასაფასებელი და მისაბაძია. აკაკი ბაქრაძე, აღნიშნავს რა  ჩვენი ისტორიის საბედისწერო პერიოდებში საქართველოს ზნეობრივი გმირი პარტონობდაო, იმოწმებს აბო თბილელის მაგალითს ( ბაქრაძე 2004:303).

ჩვენთვის, დღევანდელი ადამიანებისთავის სამაგალითოა თვითონ იოანეც, რომელიც კეთილსინდისიერი მწერლის და ზოგადად მამულიშვილი ადამიანის სახეა. იგი ხალხის ჭეშმარიტ განათლებასა და სულიერ წინსვლას  ცდილობს.

მნიშვნელოვანია ჰაგიოგრაფიის პრინციპები დღეს, როცა ლიტერატურამ თითქოს დაკარგა ზნეობრივი იდეალების აღწერის სურვილი, ზნეობაზე მსჯელობა კი არამომგებიანად იქცა…

 

 

 

  1. ილია მართალი და მისი „მეფე დემეტრე თავდადებული“
    • ილია – „თავდადებული“

ჰაგიოგრაფი ავტორების უშუალო მემკვიდრეებად შეიძლება მივიჩნიოთ XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ჯგუფი, მათგან განსაკუთრებით კი ილია მართალი (ჭავჭავაძე).

მან ჰაგიოგრაფთა მსგავსად მიზნად დაისახა ერის ზნეობრივი გაჯანსაღება, ამ  მიზანს შეალია მთელი ცხოვრება და ბოლოს სიცოცხლეც…ამაზე მოწმობს იაკობ გოგებაშვილის სიტყვებიც : „იქნებ არც ერთს მსოფლიო გენიოსს არ ჰქონდეს იმოდენა მნიშვნელობა თავისი ერისათვის, რამოდენაც აქვს ილია ჭავჭავაძეს საქართველოსთვის“( გოგებაშვილი 1908: N11).

ჰაგიოგრაფებივით ილია ესაუბრებოდა ღმერთს – ,,ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა…“(ჭავჭავაძე 1987:103), მაგრამ არ გაურბოდა ავტორობას-არა სიამაყის გამო, მისი სიტყვებია : „ჩემო კალამო, ჩემო კარგო, რად გვინდა ტაში…“(ჭავჭავაძე 1987: 120),  არამედ პირველ რიგში პასუხისმგებლობის გრძნობიდან გამომდინარე.

სასულიერო მწერალთა მსგავსად  ილიამ შექმნა მისაბაძი ადამიანების პორტრეტები    (მღვდელი („გლახის ნაამბობი“), ოთარაანთ ქვრივი, გიორგი, სოსია მეწისქვილე („ოთარაანთ ქვრივი“ … ), მათგან განსხვავებით კი დაგვიხატა არამისაბაძი პერსონაჟებიც, მაგალითად, ლუარსაბი და მისი მეუღლე დარეჯანი (,,კაცია-ადამიანი?!“).

თუმცა მიზანი ორივე ტიპის ნაწარმოებებს ერთი აქვთ – ზნეობრივ გაკეთილშობილებას შეუწყონ ხელი. ,,დიდი სიფრთხილე მართებს მწერალს, – წერდა გრიგოლ კიკნაძე, – როდესაც იგი სწვდება ზნეობის არსს და ამ მხრივ იწყებს ადამიანის განქიქებას. აშკარა დაპირისპირება კვეთს მორალიზების ეფექტსა და მისი წარმატების შესაძლებლობას. დიდი ხელოვნება არის საჭირო ისე იქადაგო მორალი, რომ ეს ქადაგება მკითხველმა არც შეურაცხყოფად მიიღოს და არც მოსაბეზრებლად მიიჩნიოს… ნამდვილი მორალისტი არ შეიძლება არ იყოს ოპტიმისტი, რადგან თვით მორალიზების ფაქტი გულისხმობს ადამიანთა გარდაქმნის შესაძლებლობას. ილია ჭავჭავაძე რჩევას იძლეოდა, გზას უნათებდა ადამიანებს და ამითაც გამოირჩეოდა მათგან, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ეჭვით უცქერენ ადამიანთა მოდგმას, ილია უყვარდა ადამიანი…“(კიკნაძე 2009: 152,153) მართლაც, მწერალი ხან პირში უძრახებდა მოყვარეს, ხან დაუყვავებდა, სამაგალითოს, საამაყოს წარმოუჩენდა თავის თავში და ირგვლივ…

ი. ჭავჭავაძე  არა მხოლოდ კალმით იბრძოდა, არამედ აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. მიიჩნევენ და სამართლიანადაც, რომ მან გარკვეულწილად მსხვერპლად შესწირა თავისი შემოქმედება საზოგადოებრივ საქმეს (გრ. კიკნაძე)  „ილიას ლექსებში ხაზგასმულია, რომ ხელოვანი, პოეტი, უბრალო მოკვდავი არაა, თუ გინდა პოეტი იყო, ერისკაცობა უნდა იკისრო“(მინაშვილი 199).ილია მართალი ხელს არ კიდებდა ისეთ რამეს, რაც სასარგებლო არ იქნებოდა ერისთვის, ამიტომ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ გააკრიტიკა თავადი ერისთავი თავის „ორიოდე სიტყვაში“ კაზლოვის „შეშლილის“ თარგმანის გამო, რომელსაც არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეეძლო – „რა საჭიროა ეხლა ან ჩვენი ლიტერატურისათვის, ან ხალხისათვის სენტიმენტალური სხოლის მწერლების გაცნობა?… თუ კაცს რუსულიდგან თარგმნა უნდა რისამე, პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი როგორ უნდა დაავიწყდეს…“- წერდა ილია (ჭავჭავაძე 1991:16).

პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტობის შემდეგ (1857-1861წ.წ.) ილია საქართველოში ჩამოსვლისთანავე აარსებს „საქართველოს მოამბეს“, რომელმაც მართალია მხოლოდ ერთი წელი იარსება, მაგრამ თავისი საინტერესო როლი შეასრულა საზოგადოების ცხოვრებაში, რამდენადაც მისი მიზანი იყო ცხოვრების კანონის გაგება და წარმოჩენა, მომავლისთვის ბრძოლა, ხალხის სამსახური. „ხამს მოყვასი მოყვასისთვის…“ -ეს დევიზი დაუდო ილიამ ჟურნალს შექმნისთანავე.

მალე მას სახელმწიფო სამსახურის თავსდება უწევს, თუმცა იქაც საზოგადო მოღვაწეა; ამას მოწმობს მისი მოსამართლეობის ამსახველი ისტორიები და თუნდაც ის ფაქტი, რომ დუშეთში მოსამართლედ მყოფი ილია წლები აგროვებდა ფოლკლორულ მასალებს და ქმნიდა ზნეობის კუთხით მნიშვნელოვან ნაწარმოებებს. ამ დროს გადამუშავდა „აჩრდილი“, დასრულდა „მგზავრის წერილები“ და „გლახის ნაამბობი“. დაიწერა „ბედნიერი ერი“, „ჩემო კარგო ქვეყანავ“. გაჩაღდა პოლემიკა – „გამოცანებით“, „კიდევ გამოცანებითა“ და „პასუხის პასუხით“ ( ჭავჭავაძე 1987:17,18).

მალე თანამედროვეები ხვდებიან ილიას ფასს და მას თბილისში აბრუნებენ. 1875 წელს ირჩევენ საადგილმამულო ბანკის პრეზიდენტად. ამ ბანკს უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა ჰქონდა, ის ქართულ მიწებს ქართველთა ხელში ინარჩუნებდა, აფინანსებდა ქართულ თეატრს და წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

ილიას აბრალებდნენ „ბანკირობას“, ამასთან დაკავშირებით გავიხსენებ ერთ მოგონებას ყაჩაღისას: ილია მასთან ფულისთვის მისულ სოციალისტსა და მთხრობელს უხსნის, რომ მთელი შემოსავლები ბანკისა საქველმოქმედო და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იხარჯება. თვითონ ილიას კი თავისი მამულებისგან იმდენი შემოსავალი აქვს რომ მან და მისმა მეუღლემ თავი გაიტანონ. მაგრამ იგი ხელცარიელებს მაინც არ უშვებს მისულთ… მთხრობელს სინდისის-ქეჯნა იპყრობს და გამორთმეული თანხით ( თავისი წილით) ყიდულობს მელანს, კალმებს, ფანქრებს, საწერ ქაღალდს და ურმით აგზავნის საგურამოში, ილიასთან ( ილიაობა 2008: 42).

1877 წელს ილია „ივერიას“ აარსებს, რომელმაც  30 წელი, უკვე მის სიკვდილამდე იარსება. ივერიის პირველი ნომრის მოწინავე სტატიაში (3.12) ის მკითხველს ულოცავს გაზეთის გამოსვლას, თუმცა იქვე აღნიშნავს ქვეყანაში ერთადერთი გაზეთის მძიმე ხვედრს – ის ჭრელი საზოგადოებისთვის უნდა იყოს გათვლილი და ყველა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავდეს. ილია გაზეთის დანიშნულებას ლიტერატურის დანიშნულებას უთანასწორებს და მის ფუნქციად მიაჩნია ადამიანის ღირსების დაცვა, ვინაიდან „ჭეშმარიტი ლიტერატურა ყოველგან და ყოველს შემთხვევაში მართებულობს… ადამიანის ღირსებისა ფარიც არის და ხმალიცა…“(3.12) ილიას ღრმა რწმენით კაცობრიობის ღვაწლი მიმართულია ღირსებისა და ზნეობის ამაღლებისთვის ადამიანსა და ერში ; შესაბამისად, თვითონაც სურს თავისი გაზეთი ამ საქმეში ჩართოს…

1881 წელს ილია აარსებს დრამატულ საზოგადოებას, რომლის მიზნადაც მას ასევე ქვეყნის სამსახური აქვს დასახული.

1885 წელს იგი უკვე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარეა

( დიმიტრი ყიფიანის შემდეგ).

1905 წელს ილია ავტონომიის მოთხოვნას აყენებს, 1906 წელს მას სახელმწიფო საბჭოს წევრად ირჩევენ, ის ქართველი ხალხის ინტერესების დაცვას აპირებდა, მაგრამ 1907 წლის 30 აგვისტოს ვერაგულად მოკლეს, არ დაინდეს მისი ჭაღარა…

„წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი“- დაწერს მერე გალაკტიონი…

და მართლაც, როგორც ხედავთ, უბრალო ფაქტების ჩამოთვლითაც კი ჩვენ თვალწინ იშლება საოცრად ენერგიული და ბრძოლით აღსავსე ცხოვრება ერთი ადამიანისა… და რამდენი ტანჯვა-წვალება იმალება ამ მშრალი თარიღების მიღმა, რამდენი სიხარული გამარჯვებით გამოწვეული… მან საქმით შეასრულა ის ყველაფერი რასაც ქადაგებდა, სალბუნად დაედო ერისთვის მზრუნველთა  გულებს… და განა მას არ სურდა მამულისთვის „ღვიძლი“ სიტყვა ეთქვა, გულისტკივილი მოერჩინა, უნუგეშოსთვის ნუგეში ეცა და მტირალისთვის ცრემლი მოეწმინდა ?!  ნაპერწკლები ქართველთა გულებში მიმოფანტული, ერთ ცეცხლად ექცია და ქვეყნის გაციებული გული გაეთბო ?! (ჭავჭავაძე 1988: 14)

და  იქცა ილია მაგალითად, სალბუნად, „მუფარახად“ ქვეყნისა, მამულიშვილებისა… სანაცვლოდ ხალხმა და ეკლესიამ მას, მის ცხოვრებას მართალი უწოდა…

ცხოვრები გზაზე საგზლად წამძღვარებული ზნეობრივი მაგალითები ბავშვობიდანვე კვებავდა ილიას სულსა და გონებას ( გავისხენოთ მამის ნაამბობი საგმირო ამბები და ერთ-ერთი – „ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი“). შემდეგშიც, მან კი არ დაივიწყა ეს ყველაფერი, არამედ კიდევ უფრო ღრმად ჩაუფიქრდა და ახლა თვითონ მისცა თავს ნაწარმოებთა სახით მაგალითი საზოგადოებას.

სწორედ ბავშვობის მოგონებებიდან ვიტყობთ ჩვენი ნაშრომისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ამბავს  მთავარ დიაკვანზე, ილიას აღმზრდელზე,  რომელიც თურმე ბავშვებს უყვებოდა წარსულის ზნეობრივ გმირთა ამბებს… ამ ისტორიებიდან ერთი ილიას მთელი ცხოვრება გაჰყვა და პოემადაც „ექცა“, საუბარია „მეფე დიმიტრი თავდადებულზე“… (3.15)

მეფე დემეტრეს ცხოვრების წარმოჩენით მკითხველის წინაშე, ილიამ საკუთარი თავი წარმოადგინა. მეფის მსგავსად მანაც საკუთარი სურვილები ქვეყანას შესწირა და თავი დასდო მამულისათვის…

მაშინ ერთი წმინდანი იყო, მეორე-არა, დღეს კი ეს ორივე ქვეყნისთვის თავგანწირული ადამიანი ზეციურ საქართველოშია და სამშობლოს ავედრებს უფალს…

 

2.2  წმ. მეფე დემეტრე

 ,, იყო დიმიტრი ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა , თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ, თუალითა გრემან, ბეჭ-ბრტყელ და შეწყობილ სამჴედროთა წესითა, სრული ცხენოსანი და მშჳლდოსანი რჩეული, უხჳ, მოწყალე და მდაბალი, გლახაკთა, ქურივთა და დავრდომილთა მოწყალე, რომელ არა სმენილ იყო ნათესავი მეფეთა გინა სხვათა კაცთა, რამეთუ აქუნდა ჩუეულება, აღიღის საფასე და აღდგის ღამე, და მოვლლის ქალაქი და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თჳსითა ჴელითა მოსცემდის… ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუჴლთა – ყრა ფრიადი, რამეთუ ათას ხუთასი მუჴლი მოადგის მდაბლად მიწასა ზედა…“ (ჟამთააღმწერელი 1959: 271-272 )

მოგვიანებით მეფე ცოდვებში ჩაეფლობა ( ურჯულოებზე გაათხოვებს დასა და ქალიშვილს, სამ ცოლს მოიყვანს…)  და არ ისმენს არც წმიდა ადამიანების გაფრთხილებას… თუმცა კრიტიკულ მომენტში, როცა სასწორზე საკუთარი და ხალხის სიცოცხლე დაიდება, იგი თავგანწირვას არჩევს, არ დაინდობს თავის ახალგაზრდობას…

„აწ განრისხებულ არს ყაენი… თუ არა წარვიდე ურდოსა. და წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა, და დავიცვა თავი ჩემი, და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავედნი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოჴრდებიან, ხატნი და ჯვარნი დაიმუსრვიან…“ – ბრძანებს ის (ჟამთააღმწერელი 1959:287)

ილია ისტორიიდან გამოიხმობს დემეტრე მეფეს, რათა ახალი სიცოცხლე შესძინოს[3]; მასთან მეფე დემეტრე თავისებურ, ისტორიულისგან რამდენადმე განსხვავებულ სახეს ატარებს.  აქ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი მომენტი მეფის ცხოვრებისა, თუმცა კი ამ მომენტმა  გადამწყვეტი როლი შეასრულა მისი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებასა და წარმოჩენაში. ამგვარი მეფე დემეტრე დარჩა ხალხის წარმოდგენაში… ილიაც ამ არსებითი მონაკვეთით გვიხატავს გვირგვინოსანს, ამიტომაც  პოემაში მეფე გარკვეულ წილად ჰეროიზებული და მხოლოდ დადებითი თვისებების მატარებელი პიროვნებაა.

პოემის მიზანი კარგად ჩანს დასაწყისში, როცა ახალგაზრდა მოხუც მეფანდურეს ისეთი სიმღერის შესრულებას სთხოვს, რომელსაც გულის ჟანგის მოცილება შეუძლია… მეფანდურე ასეთად მიიჩნევს დროს, როცა მამულიშვილობა უპირველესი იყო და მასზე დამღერს კიდეც…

ამ გადაწყვეტილებით ნაწარმოების შექმნისას ილია კვლავ მიემსგავსება ჰაგიოგრაფებს, რომლებიც ხაზს უსვამენ გმირების პოზიტიურ თვისებებს და საქციელებს, უარყოფითებზე კი ძალიან ცოტას საუბრობენ. ამის მიზეზი კი, ისევ და ისევ, სამაგალითო ზნეობრივი გმირის შეთავაზებაა მკითხველისათვის. აი რას წერს გ. ასათიანი: „ „მეფე დიმიტრი თავდადებული“, თავისი შინაარსით, ქართული ლიტერატურის გარკვეული ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენს. მხედველობაში გვაქვს ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა…“ (3.14 ა) ქართული პოეტური

დემეტრე მეფის დახასიათებაში ილია თითქმის ზედმიწევნით მიჰყვება ჟამთააღმწერელს: „ კაცი იყო, მეფე-კაცი,
თვალად, ტანად მშვენიერი,
გარეთრისხვით მტრისა მსრველი,
შინ მოწყალე, ღვთისნიერი.
ღამით თურმე ჩაიცვამდა

უბრალოკაბა-ჯუბასა,
წავა და ინახულებდა
საწყალის ხალხის უბანსა “ ( ჭავჭავაძე 1987:231).

თუმცა, სამწუხაროდ, ირღვევა ეს ჰარმონია, რადგან წუთისოფელის წესი ამგვარია და დემეტრეც არჩევანის წინაშე დგება – ეახლოს ყაენს, რომელიც მასზე განრისხებულია და ქვეყნის აოხრებით იმუქრება, თუ უარი თქვას და მტერს შეებრძოლოს, რომელიც მასზე მეტი და შესაბამისად ძლიერია…

„რა ჰქმნას? თითონ მამაცია,
მამაციც ჰყავს ჯარი, ერი,
მაგრამ ერთს რომ ასი გცემდეს,
კლდეც რომ იყო,  გაგტეხს მტერი“ (ჭავჭავაძე 1987:232).

საგონებელში ჩავარდნილმა მეფემ კრება მოიწვია, რომელსაც მისთვის რჩევა უნდა მიეცა. დიდებულები, სპასალარი (ჯარის სახელით) დემეტრეს სთხოვენ არ წავიდეს ურდოში, არ შეარცხვინოს ერი, რომ მეფე ვერ დაიცვეს. მათ იმედი აქვთ, რომ შეძლებენ ღირსეულ ბრძოლას და თუ დამარცხდებიან სახელს მაინც მოიმკიან…

ახლა მეფის სიტყვის დრო დგება, ის იმ საშინელ სურათს ხატავს, რომელიც ქართველ ხალხს ელის თუ ყაენს არ ეახლება : დამარცხებული, გაწყვეტილი ჯარი, ვეღარ დაიცავს მოსახელობას და მტრის ლაშქარი გადაბუგავს ტაძრებს, შეაგინებს სალოცავებსა და მიცვალებულებს, შებილწავს ქალებს, უსუსრ ბავშვებს დახოცავს… (ჭავჭავაძე 1987: 236)  მეფეს კი არ სურს დამაქცევრად იქცეს, მას უნდა კეთილი მწყემსი იყოს, რომელიც მგელს არ მიუგდებს თავის ცხვარს: „მრავალმღელვარე არს საწუთრო ესე, დაუდგრომელ და წარმავალ, დღენი ჩუენნი სიზმრებ და აჩრდილებ წარვლენ… რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს… აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმრთისა…“ (ჟამთააღმწერელი 1959: 287-288)

მეფის აზრს იზიარებს მღვდელმთავარი. ის თავდადებისკენ მოუწოდებს მას და ეუბნება – „უკვდავება არ დაჰკარგო

წუთის- სოფლის გულისათვის…“

საბოლოოდ გაჭრის დემეტრესა და კათალიკოსის თათბირი… გადაწყდება მეფის ყაენთან წასვლა, მაგრამ ილიას აქ უკვე შემოჰყავს უბრალო ხალხი, რომელიც ისტორიაში არ ჩანს და რომელიც ილიას აზრით ყოველთვის თავის სიტყვას ამბობს ქვეყნის ცხოვრებაში.

„საქართველოს გმირული ისტორია აქ დანახულია ხალხის თვალით“ (3.14 ა).ქართული  ერის წარმომადგენელი ბერიკაცი სთხოვს მეფეს არ დატოვოს თავისი შვილები არ დააობლოს და ამისთვის ის თვითონ, პირადად, მზადაა თავისი ორი შვილი ქვეყნის სამსახურს შესწიროს…

დემეტრე მაინც არ ტყდება, ის მომავალში იყურება –

„ჩვენის ქვეყნის შავი ბედი
როგორც ტაროსი იცვლება,
დრო მოვა და თქვენი თავი
უფრო მეტად დასჭირდება“(ჭავჭავაძე 1987:245).

აქ ამქვეყნიური მეუფე იხსენებს ზეციურ მეუფეს, რომელმაც ადამიანებისთვის გაწირა თავი. ამგვარად  დემეტრე კვლავ ჰაგიოგრაფიულ გმირს გვაგონებს, რომელიც თავის გზას ქრისტეს უკავშირებს და მასთან აახლოებს.

მეფის სიტყვებში იკვეთება კიდევ ერთი პრინციპი – ქვეყნისთვის, სახელისთვის სიკვდილი მას მარადიულ სიცოცხლედ მიაჩნია. „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“ გაგვახსენდება უნებურად…

დემეტრეს გადაწყვეტილებას უკავშირდება ილიას მრწამსი: თავდადება ხალხისათვის, საქმით დამტკიცება სიყვარულისა – „შენმა ქვეყანამ საქმე რომ მოგთხოვოს…“ (ჭავჭავაძე 1988:14)

გამართლდა წინათგრძნობა, ყაენი დაატყვევებს დემეტრეს. საპყრობილეში ჩაგდებული ნაწამები მეფე ღმერთს ევედრება შეიწიროს მისი ტანჯვა და გადაარჩინოს მისი ერი ის აქ კვლავ უკავშირებს თავს მაცხოვარს –

,, ღმერთო, ღმერთო ! თვალწინ მიდგა

დიდტანჯული მე ძე შენი …

ვით ძით ყველა, ისეც ჩემით

ერი ჩემი დაიხსენი “( ჭავჭავაძე 1987: 251).

დემეტრე არ თანხმდება გაპარვას და არც ხორციელ ვნებას შეუშინდება … წამიერია სისუსტე , რომელსაც ის სასჯელის აღსრულების წინ იჩენს, როცა ახსენდება თავისიანები…

მერე კი ვაჟკაცურად მოითხოვს განაჩენის აღსრულებას …

დემეტრე მეფის თავდადების ჩვენებით ილიამ გვითხრა, რომ ზნეობის უდიდესი გამოხატულება თავგანწირვაა და რომ ის ხშირად აუცილებელია…

მეფე დემეტრე ნიმუშად იქცა ერთდროულად უბრალო ადამიანთათვის და ერის წინამძღოლთათვის.

მეფე დემეტრე იყო მაგალითი ილიასთვის, რომელიც თვითონაც გახდა თავდადებული – ცხოვრებითა და აღსასრულით…

როგორც ვხედავთ, XIX საუკუნეშიც , ჩვენში კვლავ გამორჩეული ადგილი უჭრავს  ზნეობასა და მამულიშვილობას, საუკუნეების წინათ დაწყებული ხაზი გრძელდება და იეს ორი ცნება ერთად მოიზრება …ამ ყველაფრის მასაზრდოებელი კი უფალია – „ ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა

ვერ შემუსრეს იგი…“(ჭავჭავაძე 2006:49)

  1. ვაჟა-ფშაველა და „სტუმარ-მასპინძელი“

3.1 ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა თავის უნიკალურ სამყაროს ქმნის, მასთან თავისებურია მთაც, ყვავილიც, წყაროც, ცხოველიც და ადამიანიც, მისი ზნეობა…  „გარემო სინამდვილესთან ის მივიდა როგორც დიდი ხელოვანი, რომელიც არა მარტო მისდევდა, არამედ თვითონაც ქმნიდა სინამდვილეს… “ (კიკნაძე 2009:  327)

დაიბადა 1861 წელს, ჩარგალში, მღვდლის ოჯახში. საინტერესოა მისი დაუსრულებელი ავტობიოგრაფიის დასაწყისი „ჩემი წუთისოფელი“, სადაც იხსენებს მამის საუბრებს გამოჩენილ ისტორიულ პირებზე :„საგმირო ამბებს დიდ აღტაცებაში მოვყავდი და სწორედ ის ხანა დაედვა საძირკვლად, ლიბოდ, ჩემს შემოქმედობას“

(3.13 ). ლუკას განსაკუთრებით მოსწონდა თურმე დავითისა და გოლიათის,  სამსონ ძლიერის ისტორიები ძველი აღთქმიდან.

1883 წელს პეტერბურგში მიდის სასწავლებლად,მაგრამ მალევე უკან ბრუნდება, უსახსრობის გამო.

1886 წელს ეკატერინე (კეკე) ნებიერიძეზე იქორწინებს, რომელიც სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვლება…  მშობლებსაც ადრე, 1890 წელს დაკარგავს… დარჩება ძმები, შვილები…

1888 წლიდან მკვიდრდება ჩარგალში… სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე… 1915 წლამდე…

იქ იყო მისი შემოქმედების სახელოსნო, იქ ქმნიდა დაუვიწყარ სახეებს, იქიდან წერდა წერილებს საჭირბოროტო საკითხებზე…იყო უსამართლობის აუტანელი და მის წინააღმდეგ მებრძოლი, ხან მეტისმეტად ფიცხიც… უპირველეს ყოვლისა, თვითონ ცდილობდა ყოფილიყო სამაგალითო; ზნეობისა და მამულიშვილობის სამსხვერპლოზე მიიტანა თავისი ცხოვრება; „თუ რომ ზოგებმა არ დავსთმეთ ქვეყნის ბედნიერება, მაშინ სოფელსა ბნელი დაჰფარავს და არსებობა გაუჭირდება“-წერდა ერთგან ( ევგენიძე: 465).  ყველაფერი ისე ვერ განახორციელა, როგორც უნდოდა, მაგრამ მას შეეძლო ეთქვა :

„ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,

ბეჩავთაც გავუზიარებ.

სიკეთისათვის სიკეთეს

არავის დავუგვიანებ….

ხარს ვგევარ ნაიალაღარს,

რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ:

ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე!-

მძინარიც იმას ვდუდუნებ…“ ( ვაჟა- ფშაველა 1987:38)

ვაჟა-ფშაველას შემოქმედება გაჯერებულია ზნეობის ჩვენებითა და ძებნით, მისი

„ „არ დაღუპვის“, ადამიანის მაღალ სულიერ შესაძლებლობათა გადარჩენის წყურვილით“  (ევგენიძე: 475). მისი პერსონაჟები თუ ლირიკული გმირები მებრძოლი ადამიანები და არსებები არიან. არა-სრულყოფილნი, თუმცა არა- ჩვეულებრივნი. ისინი შეცდომებს უშვებენ, მაგრამ იცავენ ყველაზე მნიშვნელოვანს – ზნეობას.   ეს აღაფრთოვანებს კიდეც მკითხველს…

ვაჟა-ფშაველამ დაგვიხატა ერთი დიდი ზნეობრივი სამყარო, სადაც ადამიანის ღირსების შეგრძნება უმაღლეს საფეხურზეა აყვანილი –

„კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს…

სიცხეში სიოდ დაჰბეროს, დაათბოს როცა ჰყინავდეს…

სხვისა იუბნოს სახელი, თავის გარჯასა ჰმალავდეს…“ ( ვაჟა- ფშაველა 1987: 66 )

ალბათ სწორედ ესაა დიდი  მწერლობა, როცა შექმნი ისეთ სამყაროს, როგორიც გინდა რომ იყოს… ადამიანს კი მიანიჭებ იმგვარ ზნეობას, როგორიც მას უნდა ჰქონდეს…

 

პოეტის მრწამსი ნაწარმოებთა გარდა კარგად ჩანს  წერილებში, სადაც საუბრობს მწერლის დანიშნულებაზე: „ვინ არის ნიჭიერი მწერალი? ვისაც დიდად უყვარს ადამიანი, დიდად მოწადინებულია გააბედნიეროს იგი, ვისაც დიდად უყვარს ცხოვრება და ენიაზება მისი გაუკეთესება. ამისთვის საჭიროა დიდი გრძნობა, დიდი ცოდნა ადამიანის სულისა და მის ცხოვრებისა “(ვაჟა-ფშაველა 1964: 298). სხვაგან წერს: „ნურც ეს გაგიკვირდებათ, რომ „კაი კაცი“ და „კაი საქმე“ გამხდომოდეს ყოველდღიურ ფიქრად, რადგან ჩვენი ერის და ქვეყნის ფიქრი დღეს ესევეა და მეც, როგორც ერთს, მრავალთა შორის, ესევე მეფიქრება და მენატრება…“( ვაჟა- ფშაველა 1987: 674)

წერილებში ეხება ვაჟა ზნეობის საკითხებს, განსაზღვრავს კარგი კაცობის რაობას, თავისუფლების არსს… („ყოველდღიური ფიქრები“, „რა არის თავისუფლება“…).

 

3.2 „სტუმარ-მასპინძელის“  ზნეობრივი გმირები

ვაჟა- ფშაველას  მემკვიდრეობიდან ჩვენი საკითხის  საილუსტრაციოდ შევეხებით მხოლოდ „სტუმარ- მასპინძელს“, რამდენადაც აქ მრავალფეროვნად და საინტერესოდაა წარმოდგენილი ზნეობის ასპექტები.

პირველივე სურათით ვაჟა საკმაოდ პირქუშ გარემოს გვიხატავს:

„ ღამის წყვდიადში ჩაფლული,

გამტკნარებულის სახითა,

მოსჩანს ქისტეთის მიდამო

სალის კლდეების ტახტითა.

ბნელს ხევზე მოჰყეფს მდინარე,

გულამღვრეული ჯავრითა…“ (ვაჟა-ფშაველა 1987: 173)   მძიმეა აქ მყოფი ადამიანის შინაგანი მდგომარეობაც, რამდენადაც ავტორი ამ პიროვნებას გვაცნობს  მისი საწუხარით, რომელიც, როგორც ჩანს, ამჟამად სრულიად მოიცავს მას –

,,ძმის მკვლელის სისხლი სწყურია,

კაცი რომ მოდის გზაზედა…“(ვაჟა-ფშაველა 1987:173)

და აი მოულოდნელად ნაწარმოებში შემოდის მეორე ადამიანი…  თავდაპირველ უნდობლობას დამწუხრებული მგზავრის მხრიდან, ცვლის ადამიანის ნახვით გამოწვეული სიხარული, რაც კარგად შეგვიძლია დავინახოთ მიმართვაში ,,ძმობილო“ და  გასაჭირის გაზიარებაში:

„…სულ დავიარე ჭიუხი,

არა ვსტოვებდი ხევებსა.

ზედ შავი ნისლი ჩამოწვა,

ნიავი მოსცა ძლიერი

ხევებით შემომღმუოდა,

როგორაც მგელი მშიერი…“(ვაჟა-ფშაველა 1987: 175)

შემოხვედრილი მონადირეც ნდობით ეკიდება მგზავრს, მთის ტრადიციის თანახმად თავისი ნანადირევის გაყოფას სთავაზობს და სახლშიც იწვევს უცნობს. უცხო მგზავრი თანხმდება მიპატიჟებას…

საინტერესო და ტრაგიკულია ეს ეპიზოდი; ზვიადაური, რომელსაც უამრავი ქისტი ჰყავს მოკლული, დაუფიქრებლად მიჰყვება ჯოყოლა ალხასტაისძეს… ჯოყოლა, რომელიც ძმის სისხლს ეძებს, დაუფიქრებლად პატიჟებს ხევსურს სახლში… რამ გამოიწვია მათი ამგვარი საქციელი? გ. ასათიანი შეცდომას უწოდებს ზვიადაურის მოქმედებას (3.14 ა), ასეთივედ შეიძლება მივიჩნიოთ ჯოყოლას საქციელიც,ზვიადაურს უნდა ეფიქრა რომ შეიძლება სოფელში ეცნოთ და მასპინძელი მძიმე მდგომარეობაში ჩაეყენებინა, არ უნდა ეცრუა…  მაგრამ ნუთუ შეცდომაა კარგი ვაჟკაცის დანახვა ? ან ხეტიალით გატანჯული ადამიანის დახმარება? ან თუნდაც ნდობა ადამიანისა?  შეცდომაა საზოგადოების წინააღმდეგაც კი წახვიდე ერთი ადამიანის გამო? … არასწორს ამ ყველაფერს ვერ ვუწოდებთ…  ისიც არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ შეხვედრა მოულოდნელი იყო, გადაწყვეტილება ჯოყოლასიც და ზვიადაურისაც იმპულსური, ნაკარნახევი კეთილი გრძნობითა და მოყვასის სიყვარულით, რაც უკან წევს იმ საკითხს რაზეც ზემოთ ვმსჯელობდით…

შინ მისულ ჯოყოლას მშვენიერი მეუღლე ეგებება, ცოლ-ქმარი ღვთის წყალობად იღებს სტუმარს ( „ – აი, სტუმარი მოგგვარე,-

ღვთის წყალობაა ჩვენზედა…“) ( ვაჟა-ფშაველა 1987: 178)

მაგრამ სახლში შესულ ზვიადაურს იქ მყოფი ხნიერი ქისტი იცნობს და სოფელს აცნობებს მტრის ჯოყოლასთან ყოფნას. სოფელი მზვერავის საშუალებით იგებს სად დაიძინებს ზვიადაური და ჯოყოლას უკითხავად შეიპყრობს მას. არადა ჯოყოლა მეორე დღეს დაძმობილებას აპირებდა თავის მოწონებულ სტუმართან…

წარმოვიდგინოთ ჯოყოლას მდგომარეობა – შუაღამეა, მისი სტუმარი შეუბორკავთ… თავდაპირველად იგი  ბრაზდება თემზე, რომელმაც მისი  ღირსება, მისი ოჯახი შეურაცხყო, რადგან მათ საუფლო ადათს   სტუმრის ხელშეუხებლობისას გადავიდა. თუმცა მოულოდნელად ჯოყოლა თემისგან ისმენს არგუმენტებს, რომ ზვიადაური მათი დაუძინებელი მტერია, რომ მან არაერთხელ აიკლო ქისტები, რომ სწორედ  ისაა ჯოყოლას ძმის მკვლელი… სოფელი ამ ყველაფერს ერთბაშად ეუბნება ალხასტაისძეს: „მთელის ქისტეთის  ამომგდე

სტუმრად რადა გყავ სახლშია?

… ეს იყო მუდამ, ჭკვათხელო,

ჩვენის გაჟლეტის ცდაშია…

თვით ამან მოკლა შენი ძმა

არყიანებში თოფითა… “ (ვაჟა-ფშაველა 1987: 182)

ჯოყოლა ჩაფიქრდება, დანაღვლიანდება, ერთ მხარესაა მტრობა, სიძულვილი, თემის ნება, მეორე მხარეს – ადამიანი,სტუმარი, რომელიც მას ძალიან მოეწონა, მისი მასპინძლური ღირსება…

გრიგოლ კიკნაძე თვლის რომ აქ იწყება ადათების ბრძოლა: სტუმარმასპინძლობისა და მტრობის ადათი უპირისპირდება ერთმანეთს, გიორგი არაბული კი მიიჩნევს, რომ აქ იმგვარი სიტუაციაა, რომლის დროსაც მოქცევის წესიც საზოგადოებას არ შეუქმნია და შესაბამისად გადაწყვეტილება ჯოყოლამ თავად უნდა მიიღოს (არაბული 1999:42). ვფიქრობ, უფრო მართებულია მეორე  თვალსაზრისი.  მართალია აქ ადათები ეჯახება, მაგრამ ზნეობრივი ბრძოლა მიდის პიროვნების შიგნით, დაუჭიროს მხარი უმრავლესობის არავაჟკაცურ საქციელს თუ…  და გაისმის  პასუხიც, რომელიც სიცოცხლედ დაუჯდება ჯოყოლასაც, მის მეუღლესაც :

„ – ეგ მართალია, იქნება…

რა უნდა მითხრათ მაგითა,

მითც ვერ მიაბამთ ჩემს გულსა

თქვენს გულისთქმასთან ძაფითა

დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა…“ (ვაჟა-ფშაველა 1987:183)

ჯოყოლა სთხოვს ხალხს ამჯერად ზვიადაური  უვნებელი გაუშვან, დაიცვან სტუმარმასპინძლობის ადათი და  მერე კი მტერი მტერი იქნება და მოყვარე კი მოყვარე… იგი კიდევ ერთ რამეზე ამახვილებს ყურადღებას – ზვიადაური უიარაღოა, ის ენდო მასპინძელს და სანაცვლოდ რა მიიღო. ჯოყოლას ამგვარი საქციელი არავაჟკაცურად მიაჩნია – „უიარაღოს აწვალებთ,

გული რასა ჰგრძნობს თავადა? “(ვაჟა-ფშაველა 1987: 183) მაშასადამე, ჯოყოლა უარს არ ამბობს მტრობაზე, იგი უარს ამბობს მუხანათურად მოკვლაზე, თუნდაც მტრისა…

თემი შეუვალია, ის ჯოყოლას აზრს ვერ სწვდება, მას  თემის პირის გამტეხად მიაჩია ალხასტაისძე, რომელსაც მიაჩია, რომ დუშმანი თუ ის ბოროტად არ გექცევა და შენი სტუმარია არ შეიძლება გათელო…

ჯოყოლა არ ემორჩილება სოფელს და რადგან თავის აზრს საუბრით ვერ აგებინებს ხალხს შეტევაზე გადადის, თავსაც არ ინდობს. მტრის ვაჟკაცობის შემცნობსა და თავისი ღირსების მოყვარულს სხვანაირად არ შეუძლია :

„ალლახსა ვფიცავ, გაგმუსრავთ,

მანამ ამკაფავთ ხმლებითა,

გრისხავდეთ ცა-ქვეყნის მადლი,

უსამართლობას ჰშვრებითა! “ (ვაჟა-ფშაველა 1987: 184)

აქ ჩანს  ავტორის მრწამსი, რომელმაც როგორც აღნიშნავს ი. ევგენიძე – „მხოლოდ ზნეობრივად ღირებული სიცოცხლის შინაარსი აღიარა ფასეულად  (ევგენიძე 474).

მაგრამ თემი  ძალაა, ის კოჭავს ალხასტაისძეს და მკვდრისათვის  შესაწირად მიჰყავს ზვიადაური…

„მოჰყავდა ზვიადაური

ხელშეკონილი გროვასა,

ყველას უხარის მის მოკვლა,

ან ვინ დაიწყებს გლოვასა?!“ ( ვაჟა-ფშაველა 1987: 186) ნაწარმოებში  დანანებით გაისმის ვაჟას სიტყვები :

„სიკვდილი ყველას გვაშინებს,

სხვას თუ ჰკვლენ, ცქერა გვწადიან;

კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა,

როგორ დიდს ცოდვას სჩადიან…“(ვაჟა-ფშაველა 1987: 186) აი ზნეობრივი  ხედვა, საკუთარი თავის მოყვასთან გაიგივებაა საჭირო, რომ მივხვდეთ ჩვენს შეცდომებს და ბოროტება არ გავუკეთოთ სხვებსო,-  გვეუბნება ავტორი. გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი თვისი, გვახსენდება მაცხოვრის სიტყვები და მცნება, რომელიც მან ყველა ადამიანს დაუტოვა ამქვეყნად…

თუმცა ქისტების გული სავსეა შურისძიებით, თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ, – ფიქრობს თემი. მათ ზვიადაურის მოკვლა სამართლიანობად მიაჩნიათ… რა თქმა უნდა, მტრის მოკვლა მოვალეობაა, როცა ის შენს ოჯახზე და მამულზე მოდის, მაგრამ არათანაბარ პირობებში, მშვიდობით მოსული მტრის მოკვლა განა სამართლიანობაა?! ამას ამბობდა ჯოყოლაც…

ალბათ ისიც არ უნდა დაგვავიწდეს, რომ ამგვარი აზროვნება საკმაო დაფიქრებასა და პიროვნულ სიმაღლეს მოითხოვს, ერთბაშად ძნელია თემისთვის ამის მიხვედრა. თუმცა ზვიადაურის ვაჟკაცური სიკვდილი, გაუტეხელობა აფიქრებს ქისტებს:

,,ქისტების საქციელში ჯერ გაბოროტება სჭარბობს, უფრო გვიან მათი აღშფოთება თავისებურ აღტაცებაში და სინანულში გადადის, მაგრამ ბოლოს მაინც ტრადიციული შეგნება იმარჯვებს…“ – წერს გურამ ასათიანი (3.14 ა).

„ცოდვაა! – ყველა ჰფიქრობდა.

ხალხის გული და გონება

სასინანულოდ მიჰქროდა…“

ამბობდნენ :  „ხომ მაგას არ მოვუკლავდით

მტრებს, ავს რომ არ სჩადიოდნენ?“ (ვაჟა-ფშაველა 1987:188)

და იქნებ რომ არ მოეკლათ დასრულებულიყო მტრობა? ვინ იცის… ფაქტი ერთია, სამი ადამიანი ეწირება ქიშპობას, რომელიც იმდენად გამჯდარია რომ აბრმავებს ყველას და სწორი განსჯის უნარს უკარგავს. ზვიადაური რომ გაეშვათ, ერთ დღეს შეიძლება ჯოყოლას ხელითაც მომკვდაიყო…

როგორც ვხედავთ, პიროვნული არჩევანი ადვილად ვერ ცვლის გარემოს  და პიროვნება მხოლოდ თავის თავზე აგებს პასუხს; თუმცა დროთა განმავლობაში, ამგვარი პიროვნებების ძალით და მაგალითით შეიძლება გარდაიქმნას საზოგადოებაც…  ა. ბაქრაძე ზნეობრივ გმირზე მსჯელობისას წერდა: საზოგადოება ხშირად მტრობს ზნეობრივ გმირს, ,,მერე წლები სჭირდება ზნეობრივი გმირის სისპეტაკის გამოვლენას… როცა ბოლოს და ბოლოს ფარდა აიხდება და ეს რჩეული სული გამოვლინდება, საზოგადოება კეთილშობილდება…“ (ბაქრაძე 2004: 309)

მოკლულ ზვიადაურს უფლის ნებით  ბუნება გლოვობს :

„ზვიადაურსა გლოვობდა

შფოთვა და ბორგვნა წყლისაო,

ნიავად ჩამონადენი

ოხვრა მაღლისა მთისაო.

ცრემლი ნისლების ჯარისა

ნაბრძანებია ღვთისაო…“ (ვაჟა-ფშაველა 1987:  189)

ბუნების გლოვას გ.ასათიანი ხალხური შემოქმედებიდან მომდინარე მოტივად მიიჩნევს, თუმცა იგი გამდიდრებულია ვაჟასეული სახეებით, რაც მას განუმეორებლობის ეფექტს ანიჭებს(3.14 ა).

ხევსურ გმირს ქისტის ლამაზი ქალი, ჯოყოლას მეუღლე აღაზაც გლოვობს… თუმცა თუ ბუნება ერთსულოვანია თავის გლოვაში, აღაზას გული წუხს ზვიადაურის სიკვდილს, ხოლო გონება თითქოს შეცდომას უწოდებს მის ამ საქციელს. ქალს ერთი მხრივ თემისა და ღვთის ხათრი და შიში აქვს, მეორე მხრივ „კაცის კაცურად სიკვდილი“ (ვაჟა-ფშაველა 1987: 190) აღაფრთოვანებს. მწუხარებას იმდენად შეუპყრია აღაზა, რომ  ჯოყოლას მდგომარეობაც დაავიწყდა… „მკვდარსა მუხლ-მოყრით დაეყრდნო,

ქვითინებს გულამოსკვნითა…“ (ვაჟა-ფშაველა 1987:  191).

მოულოდნელად საფლავებიდან მოისმის მკვდრების წყრომა, წყევლა… აღაზა გარბის, უკან მკვდრები მისდევენ… ქალს საყვედურობს მკვდარი ძმა ებარიც… ბუნებაც თუ წეღან ზვიადაურის სიკვდილს გლოვობდა ახლა აღაზას კიცხავს :

„უნამუსოვო!“ მისძახდენ

ტან დაწკებილნი დეკანი,

ბალახნი, ქვანი, ქვიშანი,

იმ არე-მარეს მდებარნი “(ვაჟა-ფშაველა 1987: 191 ).

გვახსენდება ვაჟას ლექსიდან სიტყვები, სადაც ის სწორედ ბუნების ამგვარ ორმაგობაზე საუბრობს: „ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, ზოგჯერ მქნელია ავისა…“(ვაჟა-ფშაველა 1987:  30)[4]

მირბის აღაზა, მთელი სამყარო, თვით მისი თავიც კი ( ,,სამდურავს  ეუბნებიან აღაზას გიშრის თმანიცა“ (ვაჟა-ფშაველა 1987:  192). ) ქისტი ქალის წინააღმდეგაა, აი სახლიც გამოჩნდა, სამშვიდობოს მისული აღაზა უკვე სრულიად კარგავს ძალას და ზღურბლზე გადაიქცევა…

ჯოყოლა შეშფოთებულია, ელის ცოლის პასუხს და თან ათას ეჭვს მისცემია…ქმარს აღაზას პასუხი  არ აკმაყოფილებს, მის მახვილ თვალსა და მოსიყვარულე გულს არ რჩება  ცოლის ,,სადარდო“…

მაშინ აღაზა ბედავს და მეუღლეს უმხელს, რომ მისი მეგობრისთვის იტირა, რომელიც წარბშეუხრელად ეგებებოდა  უცხოობაში, ვინმესგან  შეუბრალებლად, სიკვდილს…

ჯოყოლა აქაც საოცარ პასუხს სცემს მეუღლეს :

„იტირე?! მადლი გიქნია,

მე რა გამგე ვარ მაგისა?

დიაცს მუდამაც უხდება

გლოვა ვაჟკაცის კარგისა “ (ვაჟა-ფშაველა 1987: 195).

აქ ჩანს როგორ ენდობა ალხასტაისძე  მეუღლეს და იმ გრძნობას, რაც მათ აკავშირებთ… თუმცა კი პირდაპირ არსადაა ნათქვამი რას ნიშნავენ ეს ადამიანები ერთმანეთისთვის, მაგრამ მოქმედებებში და ცალკეულ მონაკვეთებში კარგად ჩანს ის სიყვარული და ურთიერთპატივისცემა რაც აღაზასა და ჯოყოლას ოჯახში სუფევს…

ბისოში კი უკვე მეხად  მივიდა ამბავი ზვიადაურის სიკვდილისა… ხევსურები სისხლის ასაღებად და მოკლულის სხეულის წამოსაღებად ემზადებიან… აქ ისევ ისმის პოეტის ხმა : ,,ეს ხომ ახალი არ არის, სისხლმა იდინოს მილითა…“ (ვაჟა-ფშაველა 1987:  197).

აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვებში, ქისტებისგან ზვიადაურის დანანებასა  და ადამიანებისგან სხვისი სიკვდილის წადილშიც ვაჟამ გვიჩვენა ომების უზარობა. მისი აზრით, ამ ყველაფერს საუკეთესო ადამიანები ეწირებიან და ამ ადამიანებთან ერთად ეწირება სიყვარული…ვაჟას სურს ამ ქვეყნად ჰარმონია დამყარდეს, თუმცა  არ ივიწყებს, რომ კომფლიქტების გარეშე ეს სამყარო არ არსებობს და მხოლოდ იმ ქვეყნად თუა შესაძლებელი ჰარმონიულობის დამყარება.  პიროვნულად შესაძლებელია მტრის სიყვარულიც, მაგრამ არა საზოგადოებრივ დონეზე… და თუ გადაწყვეტ ასე მოიქცე საზოგადოებისგან მოძულებული იქნები… ვაჟა გვეუბნება, რომ სრულყოფილების ამქვეყნად მიუღწეველობა მისკენ სწრაფვას არ უნდა გვიშლიდეს, რამდენადაც ვისაც სულის უკვდავება სწამს,მისთვის აქ არაა დასასრული და შესაბამისად მას  ჰარმონია შეუძლია ზესთა სოფელში მოიპოვონს…ასე ხდება სტუმარ-მასპინძელშიც: საიქიოში ხვედებიან ერთმანეთს ალხასტაისძე, აღაზა და მათი სტუმარი…

იწყება შურისძიება და ჯოყოლა ხევსურებს შეაკლავს თავს ბრძოლაში, აღაზა ყველასგან მიტოვებული სისუსტეს იჩენს და თავს იკლავს… ამქვეყნად  ტრაგიკულად სრულდება  მათი ცხოვრება, მაგრამ  ის, რისთვისაც მათ თავი გაწირეს  მარად ცოცხლობს და სხვებისთვის თვალსაჩინო ხდება:

„იმ კლდის თავს, საცა ჯოყოლა

მოჰკლეს ხევსურთა ბრძოლაში,

ღამ-ღამ ჰხედავენ სურათსა

ზვავისგან ნაგალს გორაში“ (ვაჟა-ფშაველა 1987: 203) – ალხასტაისძესა და ზვიადაურს აღაზა მასპინძლობს, ისინი კი :

„ვაჟკაცობისას ამბობენ,

ერთ-ურთის დანდობისასა,

სტუმარ-მასპინძლის წესზედა

ცნობის და და-ძმობისასა…“ (ვაჟა-ფშაველა 1987:  203-204)

ავტორი გვეუბნება, რომ ზნეობრივი, სიყვარულზე დაფუძნებული ურთიერთობანია მარადიული… მაგრამ როგორც ქვე-სოფელში მიუღწეველს, ამ სასიამოვნო სანახაობასაც „ჯანღი“ ფარავს… თუმცა  სიკეთისა  და უკეთესი მომავლის  ნიშნად ცისარტყელასავით რჩება უფსკრულს დამაცქერალი პირიმზე…

 

 

 

  1. ნოდარ დუმბაძე – ,, მე ვხედავ მზეს“

„ყველაზე დიდი ხელოვნება ადამიანური      ურთიერთობებია…“ (ეგზიუპერი)

„და მაშინ ხატია იტყვის ხმამაღლა: ეს მე ვარ, ხატია, ხალხო, მე გხედავთ თქვენ…“(394) ასეთი სურათით, უკეთესი მომავლის იმედით, ასრულებს ნოდარ დუმბაძე თავის ერთ შესანიშნავ რომანს „მე ვხედავ მზეს“. თუმცა მანამდე სანამ ამ მომავლის იმედიან  სიტყვებს მოვისმენთ ხატიასგან, არის ცხოვრება, რომელსაც ავტორი აღგვიწერს დიდი უშუალობითა და სიყვარულით…

ნაწარმოებში  პირველ პირში გვესაუბრება  ბიჭი, გურიის ერთი სოფლიდან და ისეთი შეგრძნება გვიჩნდება, რომ ეს თვითონ ავტორი გვიყვება თავის თავგადასავლას. საერთოდ დუმბაძის შემოქმედებაში ავტობიოგრაფიულობის  განცდა მუდამ თან გვსდევს და გმირებს ავტორის პიროვნებასთან ვაიგივებთ. ეს გარკვეულწილად სწორი შთაბეჭდილებაა, თუმცა ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზუსტი ანალოგია მწერლის ცხოვრებასა და ნაწარმოებებს შორის შეუძლებელია იყოს… ავტობიოგრაფიულობის განცდას კიდევ ერთი მომენტი გვიმძაფრებს – „ნოდარ დუმბაძე, მიუხედავად იმის, რომ დაუშრეტელია მისი ფანტაზია, მხოლოდ იმაზე წერს, რაც საკუთარი თვალით უნახავს, რაც თავად განუცდია“ (გვერწითელი 1988: 27).

„მე ვხედავ მზე“ ოცი თავისგან შედგება.  თითოეული მათგანი დასათაურებულია და მცირე ზომის მოთხრობადაც შეიძლება მოგვეჩვენოს. ყოველ თავში რაღაც ამბავი იწყება და მთავრდება, მაგალითად ერთში, რომელსაც „ზღვის უკუქცევა“ ეწოდება ჩანს, როგორ აცილებს მთელი სოფელი ახალდაწყებულ ომში წამსვლელ ახალგაზრდებს. პირველი წინადადებით ჩვენ შევდივართ და თან შორიდანაც ვუმზერთ ხალხს: „რაიონული კლუბის ეზოში უამრავი ხალხი ირევა. იცინიან, მღერიან, ტირიან, ქვითინებენ. რაღაცას სთხოვენ და პირდებიან ერთმანეთს. მერე ეხვევიან, ჰკოცნიან, აბარებენ, უბარებენ, არიგებენ, ემუქრებიან, ეალერსებიან, ისევ პირდებიან, ისევ ჰკოცნიან ერთმანეთს და ასე გაუთავებლად“ (დუმბაძე 1988:224). ზოგი შვილს ეთხოვება, ზოგი მეუღლეს, ზოგი მეზობელს… ყველა დამწუხრებულია თავისებურად, თუმცა იუმორი მაინც არ ღალატობთ, „როგორც კი დაატყობს, რომ მკითხველს თვალები ახლა მწარე ცრემლით ევსება, მწერალი ცვლის ვითარებას და კვლავ იუმორით აზავებს მოზღვავებულ განცდებს“ (გვერწითელი 1988: 25): „ – ნუ გეშინია, ბაბა, ჰიტლერის თავს ჩამოგიტან, თუ ვყოფილვარ ბიჭი! – იღიმება ვაჟი.

შენი თავი ჩამომიტანე , ბაბა, მე იგი მირჩევნია! – ამბობს ასალო“ (დუმბაძე 1988:225).

მაგრამ მალე იუმორს კვლავ ტრაგიზმი ცვლის, მას ამძაფრებს ერთი ეპიზოდი  -რაიონის სასულე ორკესტრის ყველა წევრი ომში მიდის და მარტო ტოვებენ მოხუც მასწავლებელს :  „კოინდარზე უპატრონოდ დარჩენილ საკრავებს შორის იდგა სახეზე ხელებაფარებული მოხუცი მაესტრო და მხრები უცახცახებდა “( დუმბაძე 1988:228).

მოცემული ერთი თავის ფარგლებში ჩვენ განვიცადეთ რაღაც კონკრეტული, რომელიც ცალკეც ღირებულია და რომანის ერთ მნიშვნელოვან ნაწილსაც წარმოადგენს.

რომანის ოც თავში შეგვიძლია გამოვყოთ ისეთი თავები, რომლებიც პიროვნებების ხასიათების გახსნას ემსახურება და გარკვეულწილად ნოველის ტიპისაა – გვიჩვენებენ რა გმირებს საგანგებო, განსაკუთრებულ სიტუაციაში. ასეთებია: „მამიდა“, „ხატია“, „ბეგლარას წისქვილი“ და სხვა.

თავში, რომელიც მამიდას ეძღვნება საუბარია მის თავგანწირულ სიყვარულზე ობოლი ძმიშვილისადმი, რაც მთელი რომანის, განსაკუთრებით კი ამ თავის განმავლობაში მჟღავნდება, თუმცა ყველაზე უკეთ სოსოიას სიზმარში: „მესიზმრება: მამიდაჩემი დგას სოფლის ეკლესიის წინ, თეთრ საქორწინო კაბაში გამოწყობილი, თეთრი, მაღალი, ღვთისმშობელივით ლამაზი. მის წინ დამხობილია მთელი სოფლის კაცები, ვეხვეწები, ნუ გათხოვდები-მეთქი, და იგი არავის არ მიყვება, იხდის საქორწინო კაბას, მოდის ჩემთან, მკიდებს ხელს და ერთად მივდივართ შინ“( დუმბაძე 1988: 220).

თავში „ხატია“ სოსო ჯერ „ჩვეულებრივად“ ახასიათებს ხატიას: „ხატია ჩემი ტოლი იყო, ერთად დავდიოდით სკოლაში. ერთად ვისხედით მეექვსე კლასის უკანა მერხზე, ერთად ვუცქეროდით შავ დაფაზე ცარცით გამოყვანილ რთულ განტოლებებს. მაგრამ ხატია არასოდეს არაფერს არ იწერდა, ხატიამ ყველაფერი ზეპირად იცოდა, იგი დაბადებიდან ბრმა იყო და მაინც ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი ჩვენს ჯგუფში“ (დუმბაძე 1988), თუმცა შემდეგ ყვება  ეპიზოდს, რომელიც ხატიას ხასიათს უსვამს ხაზს: ხატია დეზერტირად გასულ დათიკო ბრიგადირს ნახავს, რომელიც მამაიდასთვის ძვირფასია და ეტყვის „ქეთო მასწავლებელს“, ეს ამბავი საშინლად იმოქმედებს ქალზე. სოსოია ამის შესახებ უყვება ხატიას და ისიც იტყუება, მეტიც, თავს სატანჯველად იმეტებს იმისთვის , რომ ადამიანს ცხოვრების ხალისი დაუბრუნოს, გადაარჩინოს: „- მართალს ამბობ, ხატია? – ჩაეკითხა მამიდა და ფეხზე წამოდგა. პირდაღებული შევყურებდი ხატიას. – ახლა კი ვამბობ მართალს, მაგრამ მაშინ მომეყურა. ბევრი ვიფიქრე იმ ღამით და მივხვდი, ნამდვილად მომეყურა.

– დაიფიცე, ხატია!

ხატია გაჩუმდა, ერთხანს ასე იჯდა. ღიმილი გაუქრა სახეზე. მოლოდინად ქცეულ მამიდას სუნთქვა შეეკრა. ხატია ნელ-ნელა წამოდგა და გაიმართა მამიდას წინ.

– რა დავიფიცო, ქეთო მასწავლებელო? – ჰკითხა მან უცებ.

– დედა დაიფიცე, ხატია!

-დედის საფლავს ვფიცავარ, ქეთო მასწავლებელო! – თქვა მან დიდი ხნის დუმილის შემდეგ.

– ხომ, ხატია? მოგეყურა ხომ, ხატია?.. შენ რაგითხრა, გოგო, შენ! – მოეხვია მამიდა, სახე დაუკოცნა. უცებ ხელები სახეზე აიფარა დაატირდა პატარა ბავშვივით. მერე შეტრიალდა და ოთახში შევარდა.

ხატია კი იდგა გაუნძრევლად შუა ეზოში და იღიმებოდა. იღიმებოდა ხატია, მაგრამ ამდენი ტანჯვა მის სახეზე ადრე არასოდეს მინახავს“( დუმბაძე 1988: 235).

ამ ეპიზოდის მსგავსად ცალკეული მოვლენები  ბიჭის ცხოვრებიდან ქმნიან გარკვეულ ზნეობრივ გარემოს, რომლის წიაღშიც არსებობს და სწავლობს ცხოვრებას სოსოია, სწავლობს ადამიანების სიყვარულს, და უზიარებს მათ მკითხველს. ნაწარმოების  ყველა გმირი უბრალო ადამიანია, მაგრამ თითოეული  გამორჩეული და ინდივიდუალურია. ამ პიროვნებათა ორიგინალურობას განაპირობებს მათგან გამომავალი ულევი  სიყვარული, სიკეთე , რომელიც მზესავით ანათებს და ასხივოსნებს წუთისოფელს, ადამიანებს: სოსოიასა და ხატიას, მკითხველს… პერსონაჟთა და ზოგადად ადამიანთა შორის  სიყვარულისა და სიკეთის არსებობასა და მათ უძლეველობაზე მეტყველებს ნაწარმოების სახელიც – „მე ვხედავ მზეს“, ფრაზა რომელსაც გამუდმებით იმეორებს უსინათლო ხატია.

მზე უფლის, ქრისტეს სიმბოლოა; ხოლო ის, რომ ხატია მხოლოდ მზეს, უფლის სიმბოლოსა და ძვირფას ადამიანს, ადამიანს ღვთის ხატს – სოსოს ხედავს, თავის მხრივ სიმბოლურია. ასევე არაა ალბათ შემთხვევითი სახელი ხატია…

გოგონა ხედავს მზეს და სოსოიას, ორივე სინათლისა  და სამყაროს აღქმის წყაროა მისთვის…თავის მხრივ ხატიაც ამგვარი წყაროა მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისადმი. ხატია გასცემს სიყვარულს და თვითონაც იღებს, ასევეა სოსოია, მამიდა, ბეჟანა, ანატოლი…

სიყვარული უბიძგებს მათ ზნეობრივი საქციელებისაკენ, თავგანწირვისაკენ. მოვიტანთ რამდენიმე მაგალითს: „გადარეული“ ბეჟანა, რომელიც „ერთი ინჯრა ლობიოსთვის და ერთი ჭიქა ღვინისათვის დილიდან საღამომდე ეხმარება ყველას, ვინც კი დაუძახებს“(დუმბაძე 1988: 250) და რომელიც ბედნიერებას ბავშვებთან თამაში პოულობს დაჭრილ ადამიანს, გადაარჩენს მას და საბოლოოდ თავსაც კი შეაკლავს მისთვის დათიკოს: „- დათიკო, კაცო, რას შვრები, აგი სიმწრით გადარჩენილი და ნაპარავი თხის რძით მობრუნებული კაცი მართლა არ მომიკლა, თორემ გადავირევი, ახლა, – თქვა ბეჟანამ და ანატოლის წინ დაუდგა…“(დუმბაძე 1988: 293) საოცარია მისი დიდსულოვნება, როცა მომაკვდავი კვლავ იბრალებს მკვლელს -„ შენ გგონია, იმას უნდოდა ჩემი მოკვლა? შიშმა აქნევია…“(დუმბაძე 1988: 296) ბეჟანას მაგალითზე ვრწმუნდებით, რომ სიყვარულსა და თავგანწირვას  საზღვრები არ აქვს და არც ჭკუა-გონების საქმეა…

საინტერესოა თვითონ დათიკოს სახეც, რომელიც დეზერტირი ხდება, ადამიანიც შემოაკვდება და მთელი ნაწარმოების განმავლობაში მთხრობელისგან უარყოფითად შემკული პიროვნებაა, ბოლოს კი, მოულოდნელად ტრანსფორმირებული სახით წარმოგვიდგება, თითქოს ავტორმა „გამოსავალი დაუტოვა, ნუგეშის წყალი არ გადაუწურა“

( ასათიანი 2002:369): „ – ხატიააა! – ვთქვი და დავჯექი. მერე აღარ მახსოვს, როგორ გავჩნდი ბიჭებთან. მახსოვს მხოლოდ, როგორ მაკავებდნენ ნოდარა და ნაპირზე მოცვენილი ხალხი, როგორ მიათრევდა ხატიას სუფსა და როგორ ვერ ბედავდა ამ უცილო სიკვდილში ფეხის შედგმას ვერავინ. მერე ყველამ დავინახეთ, როგორ გამოვარდა მეორე ნაპირიდან ვიღაც, როგორ გადაეშვა სუფსაში ტანგაუხდელი. ხან მალავდა ტალღა, ხან ისევ გამოაჩენდა, იგი ძლიერი მხარულით მისდევდა ხატიას. ბოლოს, როგორც იქნა, დაეწია და მხარზე შეიგდო. სკოლამდე ათრია ხატია და ის კაცი სუფსამ. სკოლასთან იმ კაცმა აჯობა მდინარეს, ფორთხვით ამოვიდა ნაპირზე და სილაზე გულაღმა დასვენებულ ხატიას გულზე ყური დაადო, მერე ხელში აიყვანა პატარა ბავშვივით, ბარბაცით შეიყვანა სკოლის ეზოში და მოლზე დაასვენა. მთელი სოფელი გარს შემოეხვია ხატიას და მის გადამრჩენელს. იგი ცალ მუხლზე დაჩოქილი ხელოვნურად ასუნთქებდა ხატიას, მის გვერდით დავიჩოქე. მან ირიბად გამომხედა, ჩემს წინ დათიკო ბრიგადირი იყო…“(დუმბაძე 1988: 388) დათიკო ბრიგადირი, რომელიც თითქოს უკანასკნელი ადამიანი იყო, სიცოცხლის ფასად ცდილობს გადაარჩინოს ადამიანი, ადამიანი რომელიც ხედავს მზეს, ადამიანი რომელიც სიკეთესა და სიყვარულს იტევს… და დათიკო თავსაც გადაირჩენს ამით, გადაირჩენს თავის ადამიანობას…

ზნეობის  საინტერესო მხარეს, სხვისი ტკივილის გათავისების უნარს და განცდას გვიჩვენებს ნოდარ დუმბაძე კოწია ფოსტალიონის სახის გაშლისას. კოწია, უწყინარი ადამიანი, საშინლად იტანჯება, რადგან იძულებულია  შვილების, ძვირფასი ადამიანების, დაღუპვის ცნობები მოიტანოს სოფელში; „- რად მინდა მე თქვენი ცრემლის ყურება? რად მინდა მე სიპიტოს მყრალი არაყი? რად მინდა ცხოვრება, მეზობელს თუ ჩემი დანახვის ეშინია? არ მინდა ფოსტალიონობა, არ მინდა… გეყურებათ თქვენ ?! ღმერთი არ გწამს, ქიშვარდია? ჩემი ალმასხანიც ომშია, არ გეცოდებით, ხალხო? ღმერთო, შენ მაინც არ გეცოდები? ჩამოდი ფეხად და შენ თვითონ დაურიგე ამ ხალხს აგი ცნობები, შენ ღმერთი ხარ და ყველაფერს გაუძლებ… მე კაცი ვარ, კაცი, მეტი აღარ შემიძლია…“ (დუმბაძე 1988) -ეუბნება ის ხალხს.

ზნეობრივი , სიყვარულით აღვსილი ადამიანები არიან სამხედროს მასწავლებელი, ხატიას სიბრმავის გამო რომ ატირდება, მეზობელი მინა, ედემიკა, აკვირინე ბებია, ბიძია გერასიმე და ლუკა, ანატოლი – გადარჩენილი რუსი ჯარისკაცი, ყველას რომ ეხმარება ახალგაზრდა მამაკაცების გარეშე დარჩენილ სოფელში, მეწისქვილე ბეგლარა – ღირსების გამო რომ გააფუჭებს საკუთარი ხელით წისქვილს, ხატიასგან დაიმედებული – თქვენი ტყუპი ბიჭები ცოცხლები იქნებიანო, – ბაბილო ბიძია და კაკანო დეიდა სავაჭროდ მისულ სოსოიასა და ხატიას დასაჩუქრებულებს რომ გამოუშვებენ…

აქაა სამყარო, რომელიც ტკივილითაა სავსე, მაგრამ ამავე დროს დიდი სიყვარულით, დიდი სითბოთი, დიდი იმედით: „- ნუ გეშინია, ხატია, გაისად ხომ აგიხელს თვალს? – ვუთხარი ხატიას და საფეთქლებზე ხელი გადავუსვი.

ხატიას თვალები ნუშივით დაუწვრილდა და ასე ღვთისმშობელზე ლამაზი გახდა.

– გაისადო, სოსოია! – თქვა ხატიამ.

– ნუ გეშინია, ხატია!

– არ მეშინია, სოსო!

– იმან თუ არ აგიხილა, მე აგიხელ, ხატია, დედას გეფიცები, აგიხელ.

– ვიცი, სოსოია.

– თუ გინდა არ აგიხილოს, რა მოხდა მერე, მე ხომ მხედავ?

– შენ კი გხედავ, სოსოია.

– აბა, მეტი რა გინდა, ხატია?

– მეტი არაფერი…“(დუმბაძე 1988: 393)

აქ, ისევე როგორც მთელს რომანში შესანიშნავია სოსოიას სახე, რომელიც მთხრობელიცაა და მონაწილეც ამბებისა; ის უდედმამო ბიჭია, რომელიც მიუხედავად ამისა უღრმეს სიყვარულსა და სითბოს ატარებს და არიგებს… ამით კი ის, ისევ და ისევ ავტორს მიემსგავსება – „მან [დუმბაძემ] ცხოვრებიდანაც და წიგნებიდანაც მხოლოდ სიყვარული მიიღო და იწამა. მიუხედავად იმისა, რომ ბოროტებასაც და უკეთურებასაც მრავალს გადაეყარა, მაინც სიკეთის გაკვეთილი იყო მისთვის მთავარი…”- წერს გ. გვერწითელი. (გვერწითელი 1988: 14-15)

„მე ვხედავ მზეს“  და საერთოდ ნოდარ  დუმბაძის ნაწარმოებების წაკითხვის შემდეგ ჩვენ ვხდებით იმაზე უფრო კარგები, ვიდრე ვიყავით, გულში ისადგურებს ჩუმი, ნაღველნარევი სიხარული, თვალებზე  ცრემლი… ეპოქაში, როცა ადამიანთ შორის სიცივემ და გაუცხოებამ დაისადგურა, როცა ზნეობამ რყევები განიცადა, როცა ღვთის არსებობა ეჭვქვეშ დააყენს  ნ. დუმბაძემ შექმნა გმირები, რომელთათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისა ის ფასეულობები, რაც ღვთისგან გვებოძა და რასაც სითბო და ზნეობრივი გარემო სჭირდება.

აი რას გვეუბნება დუმბაძის შემოქმედებასა და თვით ავტორზე გ. ასათიანი – „რამდენ ადამიანს მოეფერა ის თავისი სიტყვით, რამდენთა გულის გათბობა მოასწრო, რამდენი ხელჩაქნეული შემოაბრუნა… დარწმუნა რომ ცხოვრება ღირს, რომ სიცოცხლე, მიუხედავად უამრავი უკეთურებისა, მაინც მადლია, მაინც სიკეთეა…და შენც ამ სიკეთეს უნდა მოუარო… ააღორძინო.  მე მინახავს ნოდარ დუმბაძეზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც მას პირადად არ იცნობენ…“ ( ასათიანი 2002: 368)

ნოდარ დუმბაძემ გული შეწირა თავის შემოქმედებას და უარი არ თქვა უხვად მიეღო ტკივილები, რათა ის შემდეგ გარდაექმნა და მკითხველისთვის სიყვარულის ნიმუშად მიერთმია… და  მიიღო კიდეც მკითხველის სიყვარული.

დუმბაძის გმირები არ არიან იდეალურნი, არც მისი აღწერილი ცხოვრებაა უნაკლო, უბრალოდ ისინი ცდილობენ, ისწრაფვიან ჩვეულებრივზე მეტისკენ; ისინი მარგალიტები არიან ცხოვრების ორომტრიალში…ისინი ხედავენ მზეს…

 

  1. ზნეობის საკითხი უცხოელ ავტორებთან

ზნეობის საკითხი, რა თქმა უნდა, მსოფლიო ლიტერატურის გაუნელებელი ინტერესის საგანია. უცხოელ ავტორებთან გვაქვს როგორც  განსხვავებული, ისე  ქართველი მწერლების მსგავსი შეხედულებანი ამ თემასთან დაკავშირებით. ერთი რამ უცილობლად საერთოა, იქაც და ჩვენშიც, ჭეშმარიტი ლიტერატურა ყოველთვის ზნეობის სადარაჯოზე იდგა და ზნეობრივი ცხოვრებისაკენ მოუწოდებდა ადამიანებს.

გრძელია სია ავტორებისა და ნაწარმოებებისა, რომელთა მაგალითად მოტანაც შეგვიძლია,მაგრამ ჩვენ შევეხებით ორ მათგანს, რომლებიც თავის მხრივ გამორჩეულნი  არიან და ზნეობის თემას ორიგინალურ ჭრილში წარმოგვიდგენენ. ორივე ავტორმა დიდი გავლენა მოახდინა თავისი და შემდგომი დროის საზოგადოებაზე და ლიტერატურაზე… პირველი ავტორია პროსპერ მერიმე, მეორე – ჯერომ სელინჯერი. ერთი მეცხრამეტე საუკუნის ფრანგი მწერალია, მეორე მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის წარმომადგენელი. განსხვავებულად უდგებიან ისინი მორალსაც, თუმცა ორივესთვის მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება…

 

5.1 პ. მერიმე –  „მატეო ფალკონე“

მერიმე თავის პატარა მოთხრობაში „მატეო ფალკონე“ შემაძრწუნებელ ამბავს მოგვითხრობს – მატეო, რომელიც „ ისევე ნაღდ მეგობრად ითვლებოდა, როგორც საშიშ მტრად, მაგრამ რადგან სულგრძელი და ხელგაშლილი იყო, ყველასთან მშვიდობიანად ცხოვრობდა“( მერიმე 1986: 256), კლავს ერთადერთ ვაჟს, რადგან მან მამის სახელი, მისი გვარის ღირსება და საკუთარი თავიც შეურაცხჰყო, გასცა რა შეფარებული ადამიანი…

პატარა ფორტუნატო თავიდან დევნილის თანხას დახარბდა და ვოლტიჟერებისგან ლტოლვილი ფირალი შეიფარა, შემდეგ ათისთავისგან შემოთავაზებულმა ძვირფასმა ნივთმა აცდუნა და ჯიანეტო გასცა… ბავშვი, თითქოს საკმაოდ გაცნობიერებულად მოქმედებს, იცის რომ არასწორად იქცევა, მაგრამ  თავს ვერ ერევა, მაგრამ არც ის შეიძლება დავივიწყოთ, რომ ის ბავშვია და მისთვის ეს ყველაფერი თამაშივითაა… არის ერთი მომენტიც, მამის სახე, რომელიც ფორტუნატოს თვალწინ ხშირად უკრთება და რომელიც მას სწორი გადაწყვეტილებების მიღებისკენ უბიძგებს, თუმცა, საბოლოოდ, ბიჭს მაინც წადილი ძლევს.

მატეო გაოგნებული და შეურაცხყოფილია. მისთვის გამანადგურებელია შეპყრობილი ჯიანეტოს სიტყვები : – გამცემლის სახლი!“( მერიმე 1986: 265) . ჯარისკაცების წასვლის შემდეგ ის საშინელ გადაწყვეტილებას იღებს – მოკლას პირველი გამცემელი მის გვარში და ამით აღუდგინოს ღირსება გვარს, თავსაც და ფორტუნატოსაც… მეუღლე ცდილობს მატეოს შეჩერებას, მაგრამ ვერ ახერხებს… მის სასოწარკვეთილ შეკითხვაზე : – რა ჩაიდინე? მატეო ამგვარად პასუხობს:

– მართლმსაჯულება შევასრულე დამნაშავის მიმართ…(მერიმე 1986: 268)

საოცარია ამ კორსიკელი ადამიანის ღირსების შეგრძნება. ის ყველაზე ძვირფასს თმობს ზნეობისთვის. აკი აღნიშნავს კიდეც ავტორი, რომ ნაბოლარა ფორტუნატო ფალკონესთვის ერთადერთი გვარის გამგრძელებელი და იმედი იყო. მატეო იმპულსურად მოქმედებს, ავიწყდება რომ ფორტუნატო ჯერ სრულიად ბავშვია და კიდევ შეიძლება მისი შეცვლა, მისთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა იაროს გამცემლის სახელით თვითონ და მისმა ვაჟმაც…

თუმცა ალბათ მატეოს  საკუთარი დანაშაულიც უნდა დაენახა შვილის საქციელში, შეურაცხყოფა, ხალხის აზრი უკან გადაეწია  და ბავშვთან ერთად ხელახალი ცხოვრება დაეწყო ( თუნდაც სხვაგან), მიეცა შვილისთვის შანსი საქციელის გამოსწორებისა…

მერიმეს მიზანია მძაფრად წარმოგვიდგიონს ზნეობის მნიშვნელოვნება ადამიანის ცხოვრებაში. გვიჩვენოს როგორ ანადგურებს უზნეო საქციელი თვით ადამიანს და მის ირგვლივ მყოფთაც. ხანაში, როცა პროტექციონიზმი ფართოდ იყო გავრცელებული, მერიმემ დახატა მამა, რომელიც შვილს კლავს არასწორი საქციელისთვის… მწერალს ამგვარი, თითქმის დაუჯერებელი, ამბის მოხმობა დასჭირდა დეგრადირებული საზოგადოების გამოსაცოცხლებად… მისი  მატეო ზნეობისთვის  უკომპრომისოდ მებრძოლი ადამიანია და თუნდაც შეცდომა იყოს მისი საქციელი, ის მორალის დაცვის სახელით მოქმედებს.

ამ თემას ქართულ ლიტერატურაშიც მიეძღვნა  შესანიშნავი ნაწარმოებები. მხედველობაში გვაქვს – ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“, აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ [5].

ყაზბეგის დახატულმა მამამ, რომელიც ხალხის მამაც იყო, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა შვილს სისუსტის გამო, თუმცა ვერ აიტანა თავისივე ჩადენილი მკვლელობა და შეიშალა. აკაკის გამზრდელმა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, რამდენადაც თავის დანაშაულად მიიჩნია აღზრდილის უწესო საქციელი.

როგორც ვხედავთ სამივე ავტორისთვის სისხლით ჩამოირეცხება უზნეო საქციელი; თუმცა თუ პირველ ორ შემთხვევაში მამა კლავს შვილს, აკაკის ნაწარმოებში გამზრდელი გამოუტანს თავს სასიკვდილო განაჩენს. ფიქრობენ, რომ მატეომაც და ხევისბერმაც შვილების მკვლელობით ღირსება აღუდგინეს მათ (ვასაძე 2006:173;). რაც შეეხება ჰაჯი უსუბის საქციელს, მან მისი ღირსების აღდგენა საფარს მიანდო, თვითონ კი პასუხისმგებლობით აღვსილმა თავი დაისაჯა.

თუმცა, როგორც მატეოს შემთხვევეაში, ისე ამ ნაწარმოებებში მკვლელობა თუ თვითმკვლელობა გამოსავალი ნაკლებადაა და უფრო ემოციურ ფონზე ჩადენილი საქციელებია…

რა თქმა უნდა, ავტორებს მიზნად არ ჰქონდათ ყველა უზნეობის ჩამდენი ან მათი გამზრდელი ადამიანებისთვის სიკვდილის განაჩენის გამოტანა ექადაგათ. უბრალოდ ისინი ცდილობენ გვიჩვენონ ზნეობის მნიშვნელობა და მისთვის მსხვერპლის გაღების აუცილებლობაც. მათი გმირებისთვის ადამიანის სიცოცხლე, მხოლოდ მაშინაა ღირებული თუ ის მორალურია….

მყარი პრინციპების შეთავაზება არც  დღევანდელი საზოგადოებისთვის იქნებოდა ურიგო, რამდენადაც ღირებულებები დღეს არანაკლებ (თუ მეტს არა) დამცრობას განიცდიან, გასულ საუკუნეებთან შედარებით…

 

5.2 ჯ. სელინჯერი –  „დამჭერი ჭვავის ყანაში“

       ჯერომ სელინჯერი არც ტრაგიკულ ფინალს და არც პირდაპირ ზნეობრივ ფორმულებს გვთავაზობს თავის ნაწარმოებში „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში…“ (სხვა თარგმანით „თამაში ჭვავის ყანაში“, ”THE CATCHER IN THE RYE”). მისი გმირი ჰოლდენი – ერთი ამერიკელი, ნიუ-იორკელი ბიჭია, რომლისთვისაც მიუღებელია ცხოვრების ის სტილი, რასაც მის ირგვლივ მყოფი ადამიანების უმეტესობა ეწევა  და გამოხატავს კიდეც პროტესტს – ოთხ სკოლას ტოვებს და ისეთ ადგილას უნდა წასვლა სადაც ბუნებრიობაა („შეგვიძლია სადმე წყაროს პირას დავსახლდეთ – ზამთრობით კიდე შეშას დავჩეხავ ხოლმე და საერთოდ მაგარ დროს გავატარებთ…“ ( სელინჯერი 2006: 184 )).

ჰოლდენს არ მოსწონს სკოლა, რომელიც „გაიძვერებით“ და „მატყუარებით“ (სელინჯერი 2006: 231) არის სავსე და ერთი ორი კარგი მასწავლებელიც კი დამცირებულია… სკოლა, სადაც ჯეიმს კასლის თავს აკვლევინებენ და დამნაშავეებს კი მხოლოდ რიცხავენ…

მისთვის წარმოუდგენელია როგორ გიჟდება ხალხი მანქანებზე  და მათ გარდა არაფერი ახსოვთ ქვეყანაზე…არც ის ესმის ბიჭები, რომ მხოლოდ გოგოებზე და სასმელზე ლაპარაკობენ…

არც ისეთი ცხოვრებაა კოლფილდისთვის საინტერესო, როცა ლიფტით უნდა იარო სასტუმროებში და მერე ყველას ღია ბარათები უგზავნო ყველა ადგილიდან, იმუშაო სადღაც ოფისში, ფული აკეთო, იცხოვრო ჩვეულებრივად, ძალიან ჩვეულებრივად და გამოგეპაროს, ის რისთვისაც სიცოცხლე მოგეცა… ( „სულ სხვანაირი ვიღაცეები გავხდებით მაშინ. ლიფტით ავალთ-ჩავალთ სასტუმროებში, ათასი ჩემოდნით და ჩანთით…მე კიდე სადღაც ოფისში ვიმუშავებ, ფულს გავაკეთებ… შაბათობით ბრიჯს ვითამაშებთ ვინმე ჩვენისთანებთან, ან რაღაც სულელურ კინოებზე ვივლით ერთად…“ ( სელინჯერი 2006: 185)

„შენ საერთოდ არაფერი არ მოგწონს“ (სელინჯერი 2006: 233), – გაისმის უცებ დაიკო ფიბის სიტყვები… და დის სიტყვების არამართებულობის მტკიცებისას ჰოლდენი ხვდება, რომ  ბევრი რამ ეგულება  ისეთი, რაც ძალიან მოსწონს:  კეთილი, უბრალო მონაზვნები, შესაწირავს რომ აგროვებდნენ, განსაკუთრებით სათვალეებიანი, ინგლისურის მასწავლებელი რომ იყო; ჯეიმს კასლი და მისი პრინციპულობა; ძამიკო ელი და ფიბისთან საუბარი… კიდევ „დამჭერის“ საქმიანობა კლდის პირზე, ჭვავის ყანაში, სადაც ბავშვები თამაშობენ და არავინ უფროსთაგან არაა იქ მათი გადამრჩენელი – „წარმოვიდგენდი ხოლმე რო ათასობით ბავშვი თამაშობს ჭვავის ყანაში, ერთმანეთს დასდევენ და არცერთი უფროსი ვინმე მათთან არაა, მარტო მე ვარ იქ და ყანის მიჯნაზე, ზედ კლდის პირას ვდგავარ. იქით კიდე უფსკრულია. მთელი ჩემ საქმეც ეგ არი – რომელიმე ბავშვი რო იქით გაიქცევა, უფსკრულისაკენ, დროზე უნდა ჩავავლო ხელი და არ გავუშვა. ეგაა მთელი ჩემი საქმე – დამჭერად ვმუშაობ ჭვავის ყანაში…“( სელინჯერი 2006: 238)

სელინჯერის, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფრით უკმაყოფილო გმირი, თხრობისას თანდათან წარმოგვიდგება კეთილშობილ არაჩვეულებრივ ადამიანად… არაჩვეულებრივია მისეული სამყაროს აღქმა – თითქოს უმნიშვნელო, უბრალო  მომენტებში ჭვრეტა  მთავარისა: გავიხსენოთ ძამიკო ელის ხელთათმანის ისტორია, რომელიც ასე მნიშვნელოვანია კოლფილდისთვის; გავიხსენოთ ჯეინთან მისი დამოკიდებულება; გავიხსენოთ ის სიბრალული, რაც ბიჭს ეუფლება მეძავი გოგოსადმი… და ბოლოს, დავინახოთ ნამდვილი ჰოლდენი ფიბისთან ურთიერთობისას. ჩვენს თვალწინაა მოსიყვარულე, გულკეთილი და გულჩვილი ბიჭი, რომლისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს მეორე ადამიანი…

თავის მხრივ, საოცარია, პატარა ფიბის სახე. ეს პაწია გოგონა იმას წვდება, რასაც გამოცდილი ადამიანებიც ვერ ხვდებიან , ალბათ იმიტომ, რომ სიყვარულით, გულწრფელად მოქმედებს. ამიტომაც ახერხებს ჰოლდენის „გადარჩენას“ და  „მობრუნებას“:

„მეგონა უკვე აღარ მოხვიდოდი,“- ვეუბნები. – ეგ რაღად გინდოდა?  არაფერი არ მჭირდება,  ასევე მივდივარ, საკვოიაჟებიც კი არ გამომაქვს, აქ ვტოვებ. რეები ჩაგიყრია შიგ?“

ჩემოდანი ძირს დაუშვა. „ჩემი ტანსაცმელია.“- მეუბნება. – შენთან ერთად მოვდივარ. ხო წამიყვან?“

„რა-ა?!“- ტვინი გადამეკეტა. ახლა ნაღდად გავაფრენ-მეთქი, ვიფიქრე…“ (სელინჯერი 2006: 281)

სელინჯერის დახატული ჰოლდენი და ფიბი, მონაზვნები და კასლი… პრინციპული და გარკვეული ღირებულებებისთვის მებრძოლი ადამიანები არიან, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად. მათ ზნეობრივ სახეს უპირველეს ყოვლისა  სიყვარული ქმინს – კოლფილდს უყვარს ისინი ვინც მოსწონს და ისინიც ვინც არ მოსწონს – „უცნაური რამე მემართება – თითქოს ვისაკლისებ ხოლმე იმ ხალხს, ვისზეც მოგიყევით. თუნდაც სტრადლეიტერსა და ეკლის…“- გამოგვიტყდება ბოლოს ის (სელინჯერი 2006: 289-290); მონაზვნები გულისხმიერები არიან უცნობი ყმაწვილის მიმართ; ფიბი თავის ინტერესებზე

( საშობაო საჩუქრების ყიდვა, კონცერტში მონაწილეობა) ამბობს უარს ძმის გამო, კასლი სიტყვას არ გადადის, ხოლო ჯეინი იმდენად კარგია, რომ ნათელ წერტილად მოსჩანს მისი პიროვნება ჰოლდენისთვის სირთულეების ჟამს…

სელინჯერმა ახალგაზრდების და ახალგაზრდა ზნეობრივი გმირი დაგვიხატა. მას უნდოდა ისეთი მწერალი ყოფილიყო, რომელთანაც მეგობრობას მოინდომებდნენ მკითხველები… ( „წიგნი ისეთი უნდა იყოს, რო ჩაათავებ, გინდა რო მაგის დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს…(სელინჯერი 2006: 30) მან შეძლო იმ პრინციპებით ეცხოვრა, რაც ამ ლამის ავტობიოგრაფიულ რომანში გვიჩვენა… ამიტომაც ჰგავდა ის განდეგილს თითქმის ნახევარი საუკუნე…

მისი აღწერილი ისტორია ბიჭზე გვიჩვენებს, რომ ადამიანთა ბედნიერებითვის თავგანწირვაა საჭირო,  კლდის პირზე დგომა და იმგვარი არსებობა, როცა ცუდი გულწრფელად გაწუხებს, კარგი კი გულწრფელად გიხარია, ჰოლდენივით – „მაგრა დავსველდი… მაგრამ…ისეთი ბედნიერი ვიყავი, ფიბი რო წრეებს არტყამდა კარუსელზე,არ ვიცი რატო…“(სელინჯერი 2006: 288)

 

 

 

დასკვანა

ნაშრომში წარმოდგენილი მსჯელობის საფუძველზე ვრწმუნდებით:

  1. ქართულ კულტურულ (ლიტერატურულ) შედევრებს ზოგადსაკაცობრიო და ამავე დროს უნიკალური ღირებულებანი გააჩნია. ქართულ ლიტერატურაში გვაქვს ძეგლები, რომლებიც ზნეობის კუთხით უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს წარმოადგენენ. დღეს, როდესაც ასე გააქტიურებულია ევროპაში ინტეგრაციის პროცესები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობას თავის წვლილის შეტანა შეუძლია ზოგად ევროპულ კულტურასთან დაახლოებისა და მისი განვითარების საქმეში…
  2. ქართული ლიტერატურა წარმოადგენს მძივს, მისი რგოლები ერთმანეთთან განუყოფელად არიან შეკავშირებულნი. სიყვარულს, ზნეობრიობას ქადაგებს (სიტყვით და საქმითაც) როგორც ადრეული შუა საუკუნეების ქართველი ავტორი, ისე მეცხრამეტე- მეოცე საუკუნის ქართველი მწერალი (საერთოდაც, წარმოუდგენელად მიაჩნდათ ნამდვილი მწერლობა ჩვენში ზნეობის გარეშე).
  3. ზნეობის საკითხი აერთიანებთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს; ისინი მორალის დაცვის აუცილებლობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
  4. იკვეთება ერთი არსებითი მომენტიც – თავგანწირვის გარეშე შეუძლებელია ზნეობის შენარჩუნება. შესაბამისად, გმირები ხშირად დგებიან არჩევანის წინაშე, ზნეობასა თუ უზნეობას შორის…
  5. უმნიშვნელოვანესია ავტორისა და ტექსტის პასუხისმგებლობის საკითხი მკითხველის, საზოგადოების, წინაშე.
  6. ჩვენ შეგნებულად არ შევეხეთ თანამედროვე ავტორებს; ისინი ჯერ კიდევ ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესში არიან, ამიტომაც ძნელია რაიმე შეფასების მიცემა ზნეობის კუთხით. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ თანამედროვენიც ღირსეული გამგრძელებლები იქნებიან, ქართული და მსოფლიო ლიტერატურისა…

ვიდრე საბოლოო წერტილს დავსვამდე, მინდა გ. ასათიანის სიტყვები გავიხსენო, რომელიც მოცემულ ნაშრომზეც ვრცელდება  – „მთელ ამ „ცდაში“ ისეთ საგანს ვუტრიალებდი, რომელიც, რაც უფრო დიდხანს უვლი გარშემო, მით უფრო მეტჯერ შემოვლის სურვილს აღგიძრავს. ყოველი ახალი ნაბიჯი ახალ წახნაგს წარმოაჩენს და, ასე- გაუთავებლად…“ (3.14ბ)

და კიდევ, საკითხზე მუშაობისას ისე, როგორც არასდროს, ვიგრძენი ლიტერატურისა და ადამიანის, მისი ადამიანურობის, მჭიდრო კავშირი და ურთიერთგანსაზღვრულობა… სიტყვის ძალა და მადლი…

[1]მორალი თავის მხრივ განიმარტება როგორც „ქცევის ნორმები, რომელსაც ადამიანი ემორჩილება საკუთარი შეგნებით, თავისუფალი ნებით და არა იძულებით“.  (3.3)   რაც შეეხება ეთიკას ის ბერძნული სიტყვაა და  ზნე-ჩვეულებას ნიშნავს. იგია  ასევე მეცნიერება ზნეობის შესახებ. (3.4)

[2]  ამ ტიპის დაყოფა გვჭირდება, რადგან რეალურად ეს ტექსტი თავდაპირველად იკითხებოდა ხმამაღლა მრევლისთვის, რამდენადაც ყველას არ ჰქონდა საშუალება, ხელნაწერიდან ამოეკითხა წამება

[3] საინტერესოა, რომ ილიამ პოემა მეგობარს, თანამშრომელსა და ნაწარმოების შთამაგონებელ პეტრე ნაკაშიძეს მიუძღვნა. ამით ხაზი გაესვა ნაწარმოების თანამედროვეობას.

[4]  რა თქმა უნდა, ადამიანი, ვაჟა აღიქვამს ბუნების მოვლენებს აზრიანად და მათ ცოცხალივით გაცნობიერებული მოქმედების უნარს აჭების და არა ბუნება მოქმედებს თავისთავად ასე…

 

[5] რუსი ავტორის ნიკოლაი გოგოლის „ტარას ბულბაც“ ამ საკითხს ეძღვნება, აქ კაზაკების ატამანი მამა კლავს შვილს მტრის მხარზე გადასვლისთვის, რაც ახალგაზრდაში გაღვიძებულმა გრძნობამ გამოიწვია მტრის ასულისადმი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ალიბეგაშვილი…2007 – გ.ალიბეგაშვილი, გ. მურღულია, ვ. მაღლაფერიძე, იოანე საბანისძე- „წმ. აბოს წამება“ , საუბრები ძველ ქართულ ლიტერატურაზე, „დია“, თბ., 2007წ.
  2. არაბული 1999 – ვაჟა-ფშაველას სამი პოემა, „მეცნიერება“, თბ., 1999წ.
  3. ასათიანი: გ. ასათიანი, ნოდარ დუმბაძე ( მზიური ნიჭი), თანამდევი სულები; ტ.III, გამომც. „ნეოსტუდია“, თბ., 2002წ.
  4. ბაქრაძე 2004 – ა. ბაქრაძე, ზნეობრივი გმირისათვის, აკაკი ბაქრაძე- სკოლას, შემდგ.- რედ. : ა. გომართელი, ლ. ბრეგაძე, „უნივერსალი“, თბ., 2004წ.
  5. გვერწითელი 1988- გ. გვერწითელი, მზიანი გული, ნოდარ დუმბაძის თხზულებანი ოთხ წიგნად, წიგნი I, „მერანი“, თბ., 1988.
  6. გოგებაშვილი 1908 – ი. გოგებაშვილი, „მეუნარგიას ჭორები ილიას შესახებ“. „საქართველო“, N 11, 1908წ.
  7. გიორგი მერჩულე 2007 – გიორგი მერჩული, შრომაჲ და მოღუაწებაჲ გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებლისაჲ , მწიგნობრობა ქართული (სასულიერო მწერლობა), ტ. II, „ციცინათელა“, თბ., 2007წ.
  8. ევგენიძე – იუზა ევგენიძე, ვაჟა-ფშაველა, ქართული ლიტერატურა, ტ. II, XIX ს., ი. ევგენიძე, ლ. მინაშვილი, „საქართველოს მაცნე“.
  9. ვაჟა-ფშაველა 1964 – თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, ტ. IX, პუბლიცისტურ-ეთროგრაფიული წერილები, 1964წ.
  10. ვასაძე 2006 – თ. ვასაძე, პარალელები, ქართული ლიტერატურა 10, მოსწავლის წიგნი, გამომც. „დიოგენე“, 2006წ.
  11. ილია მეორე 2014 – ილია მეორე, სააღდგომოეპისტოლე, თბ.,  2014წ.
  12. ილიაობა 2008: ილიაობა, (ყაჩაღის აღსარება), ჟურნალი „კარიბჭე“, 2008, N 15.
  13. კიკნაძე 2009 – გრ. კიკნაძე, ქართული ენა და ლიტერატურა, XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ტ. IV, სერია: მასწავლებლის ბიბლიოთეკა, გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბ., 2009წ.
  14. ლეონტი მროველი 1955 – ლეონტი მროველი, მოქცევა მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ, ქართლის ცხოვრება, ტ.I, რედ. ს. ყაუხჩიშვილი, გამომც. „სახელგამი“, თბ., 1955წ.
  15. მინაშვილი – ლ. მინაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ქართული ლიტერატურა, ტ. II, XIX ს., ი. ევგენიძე, ლ. მინაშვილი, „საქართველოს მაცნე“.
  16. ორბელიანი 1993 – ორბელიანი სულხან- საბა, სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი, თბ., 1993წ.
  17. ჟამთააღმწერელი 1959 – ჟამთააღმწერელი, მესამეოცდასამე მეფე ქართლისა დიმიტრი…, ქართლის ცხოვრება, ტ. II, რედ. ს. ყაუხჩიშვილი, „საბჭოთა საქართველო“,თბ., 1959წ.
  18. ფარულავა 2009ა – ფარულავა გრივერი, ქართული ჰაგიოგრაფია (მსოფლგაგება, ლიტერატურული ბუნება, ძირითადი ტენდენციები), ქართული ენა და ლიტერატურა ( ძველი ქართული ლიტერატურა), ტ. III, გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბ., 2009წ.
  19. ფარულავა 2009ბ – გრივერ ფარულავა, ეროვნული ჰაგიოგრაფიის გმირი, ქართული ენა და ლიტერატურა ( ძველი ქართული ლიტერატურა), ტ. III, გამოცდების ეროვნული ცენტრი, თბ., 2009წ.
  20. ჭავჭავაძე 1991- ი. ჭავჭავაძე, თხზულებანი, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. V, კრიტიკა, „მეცნიერება“, 1991წ.
  21. ჭავჭავაძე 2006 – ი. ჭავჭავაძე, რა გითხრათ? რით გაგახაროთ, ქართული ლიტერატურა 10, მოსწავლის წიგნი, შემდგ. თ. ვასაძე, „დიოგენე“, 2006წ.

 

წყაროები:

  1. დუმბაძე 1988- თხზულებანი ოთხ წიგნად, წიგნი I, „მერანი“, თბ., 1988.
  2. ვაჟა-ფშაველა 1987- ვაჟა-ფშაველა, თხზულებანი, „საბჭოთა საქართველო“, თბ.,1987წ.
  3. იოანე საბანისძე 1960 – იოანე საბანისძე, წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, ჩვენი საუნჯე, ძველი მწერლობა, ტ. I, „ნაკადული“, თბ., 1960წ.
  4. მერიმე 1986 – პ. მერიმე , მატეო ფალკონე, შარლ მეცხრის მეფობის ქრონიკა, ნოველები; გამომც. „საბჭოთ საქართველო“, თბ., 1986წ.
  5. სელინჯერი 2006 – ჯ. სელინჯერი, კლდის პირზე, ჭვავის ყანაში…, გამომც. „დიოგენე“, 2006წ.
  6. უცნობი ავტორი 1987: უცნობი ავტორი, ქებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი, ქართული მწერლობა ოცდაათ ტომად, ტ.I, გამომც. „ნაკადული“, თბ., 1987წ.
  7. ჭავჭავაძე 1987 – ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. I, პოეზია, „მეცნიერება“, „საბჭოთა საქართველო“, 1987წ.
  8. ჭავჭავაძე 1988 – ილია ჭავჭავაძე, თხზულებანი,თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. II, მოთხრობები, პიესები,  „მეცნიერება“, „საბჭოთა საქართველო“, 1988წ.

 

 

ინტერტნეტ- რესურსები :

3.1 – http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_philosophy/760/МОРАЛЬ)

3.2 –  http://ena.ge/explanatory-online

3.3 – http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=5294

3.4 –  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=912

3.5 – http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=23122

3.6 – http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=17187

3.7 – http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=3888

3.8 – http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=14539

3.9 – http://sibrdzne.ge/index.php?swavleba_id=11866

3.10 – http://www.orthodoxy.ge/tveni/dekemberi/06-nikoloz.htm

3.11 – https://burusi.wordpress.com/2010/05/04/merab-mamardashvili-10/

3.12 – http://ilia.bl.ee/iveriis-winasityvaoba-2/#more-1407

3.13 –http://lib.ge/book.php?author=1436&book=1894

3.14 – http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4394 – ა

(გ. ასათიანი – „ქართული პოეტური აზროვნების ევოლუცია XIX საუკუნეში“)

3.14 –  http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/4394 – ბ

(გ. ასათიანი – „სათავეებთან“)

3.15 – http://darkabali.blogspot.com/2010/05/blog-post_3052.html

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *