ესპანეთის ტურიზმი

ტურიზმი ესპანეთში
ტურიზმი ესპანეთში
შესავალი
ჩემი რეფერატი შეეხება ესპანეთის ტურიზმს. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო თემაა, ვინაიდან, ესპანეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი, ულამაზესი და უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაა. ის არის ველასკესის, კოლუმბის, გოიას, დალის, პიკასოს და ლორკას სამშობლო. ესპანეთში ნახავთ როგორც უძველეს შენობებს, ასევე თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს, ხოლო ფლამენკო, კორიდა და სერენადები შეიძლება ითქვას რომ ქვეყნის სავიზიტო ბარათებია. ეს ყოველივე მსოფლიოს ხალხებში დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომ ყოველწლიურად ესპანეთს მილიონობით ტურისტი სტუმრობს. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანა მოწინავე პოზიციებზეა ტურისტების რაოდენობისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.
რეფერატი რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. დასაწყისში მიმოვიხილავ ზოგად ინფორმაციას ესპანეთის შესახებ, კერძოდ: მდებარეობას, საზღვრებს, პოლიტიკურ წყობას, ბუნებრივ პირობებს და ა.შ ასევე მოკლედ განვიხილავ ქვეყნის ეკონომიკას და განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ ტურიზმის როლს ეკონომიკის განვითარებაში.
რეფერატში ცალკე თავს დავუთმობ ესპანეთის ადგილს მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში და მის ტურისტულ პოტენციალს.
რაც მთავარია, ნაშრომში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ ესპანეთის კულტურას, ტურისტულ ინდუსტრიას. ასევე შევეცდები განვიხილო თუ ქვეყნის რომელ რეგიონში ტურიზმის რა სახეობაა განვითარებული. ბოლოს მიმოვიხილავ ქვეყნის მთავარ ღირსშესანიშნაობებს, რომლებიც ყველაზე მეტ მნახველს იზიდავენ.
ბოლოს, დასკვნის სახით შევაჯამებ მთლიან ნაშრომს.
ესპანეთის სამეფოს ზოგადი მიმოხილვა
ესპანეთი, ან ესპანეთის სამეფო, მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ ევროპაში, პირინეის ნ/კ-ზე და უკავია მისი ტერიტორიის 84%. მას 4 სახმელეთო მეზობელი ჰყავს: სამხრეთით ესაზღვრება გიბრალტარი (გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორია) და ხმელთაშუა ზღვა, აღმოსავლეთით ასევე ხმელთაშუა ზღვა, ჩრდილოეთით საფრანგეთი, ანდორა და ბისკაის ყურე, დასავლეთით პორტუგალია და ატლანტის ოკეანე. ესპანეთს ეკუთვნის პიტიუზისა და ბალეარის კუნძულები ხმელთაშუა ზღვაში, კანარის კუნძულები ატლანტის ოკეანეში აფრიკის სანაპიროსთან, ასევე ორი ავტონომიური ქალაქი ჩრდ. აფრიკაში – მელილია და სეუტა და მათთან მდებარე ტერიტორიები. ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი ესპანეთს აქვს პორტუგალიასთან 1214 კმ. ყველაზე მოკლე კი გიბრალტართან 1,2 კმ. ესპანეთის დედაქალაქია მადრიდი.
ესპანეთი მთაგორიანი ქვეყანაა. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის პლატოები და მთები. ქვეყნის ცენტრალური ნაწილი, მთელი ტერიტორიის 2/3 უკავია პლატოს (მესეტას), რომელიც ორ ნაწილად იყოფა კასტილიის მთებით. პლატოს სამხრეთით საზღვრავს სიერა-მორენა, ჩრდილოეთით კანტაბრის, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით იბერიის მთები. ასევე აღნიშვნის ღირსია ტოლედოს მთები და პენიბეტიკოს მთათა სისტემა, რომლის უმაღლესი მწვერვალიც – მულასენი (სიერა ნევადაში) არის იბერიის ნ/კ-ის უმაღლესი წერტილი. ხოლო თავად ესპანეთის უმაღლესი მწვერვალია კანარის კუნძულებზე მდებარე მთა ტეიდე, იგივე ტენერიფე (3718მ.).
  ესპანეთი მდებარეობს სუბტროპიკულ სარტყელში. ქვეყანაში გამოიყოფა სამი მთავარი კლიმატური ზონა:
 ხმელთაშუაზღვიური კლიმატი – მისთვის დამახასიათებელია მშრალი და  თბილი ზაფხული. სწორედ ეს კლიმატი დომინირებს ნ/კ-ზე თავისი 2 სახესხვა-ობით: 1)ტიპური ხმელთაშუაზღვიური კლიმატი (რუკაზე ყვითლადაა მონიშნული), რომელიც ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიას მოიცავს; 2) გალისიური ვარიანტი (გალისიასა და ჩრდ. კასტილიაში), რომლისთვისაც დამახასიათებელია ნაკლებად ცხელი ზაფხული. (რუკაზე სტაფილოსფრადაა მონიშნული).
 სემიარიდული კლიმატი – მოიცავს ქვეყნის სამხრ.-აღმ. ნაწილს, კონკრეტულად კი მურსიის რეგიონსა და ებროს ველს. ზაფხულის გარდა ყველა
სეზონი სიმშრალით ხასიათდება. (რუკაზე წითლადაა აღნიშნული).
 ოკეანური კლიმატი – ზაფხულისა და ზამთრის ტემპერატურაზე  გავლენას
ახდენს ოკეანე, ამიტომ არ ახასიათებს სეზონური გვალვები. ბასკების ქვეყნის, ასტურიის სანაპირო ზოლისა და ზოგიერთი მაღლობისათვის დამახასიათებელია “სამხრეთული” ცხელი ზაფხულები. (რუკაზე მწვანედაა მონიშნული).
მზიანი დღეების რაოდენობის მხრივ ესპანეთი მოწინავე პოზიციებზეა ევროპაში საბერძნეთთან და იტალიასთან ერთად.
ესპანეთი ჰიდროგრაფიული ქსელით საკმაოდ მდიდარია. ქვეყნის მდინარეების უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება ატლანტის ოკეანის აუზს, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია დუერო (780კმ), ტახო (1010კმ), გვადიანა (820კმ), გვადალკვივირი 9680კმ), მინო (340კმ). ხოლო ხმელთაშუა ზღვის აუზს მიეკუთვნება: ებრო, რომელიც ესპანეთის უგრძესი მდინარეა (928კმ), ხუკარი (498კმ0, სეგურა (341კმ) და ა.შ. სანაპირო ქედებიდან ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით მიედინებიან მოკლე, მაგრამ წყალუხვი მთის მდინარეები.
საკმაოდ მრავალფეროვანია ესპანეთის ფლორა (ყველაზე მდიდარი ევროპაში) და ფაუნა. თუ არ ჩავთვლით კანარის კუნძულებს, ესპანეთში ითვლიან დაახლოებით 8000 ჯიშის მცენარეს. ცხოველებიდან ესპანეთში გავრცელებულია ირემი, შველი, ტახი, მურა დათვი, მგელი, მელა. ესპანეთი ევროპაში ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლება ფრინველთა ჯიშის რაოდენობით. ზაფხულში შესაძლებელია 25 სახეობის მტაცებელი ფრინველის ნახვა (ქორი, არწივი, შავარდენი), ბევრია წყალმცურავი სახეობები (იხვი, ბატი, ფლამინგო, წერო) და ა.შ. ტყეებს უკავია ქვეყნის ტერიტორიის 10%, ხოლო დაცული ტერიტორიები
შეადგენენ მთელი ქვეყნის ტერიტორიის 5%-ს.
2010 წლის მონაცემებით, ესპანეთის მოსახლეობა დაახლოებით 46 მილიონი
ადამიანია, ხოლო სიმჭიდროვე შეადგენს 93 ადამიანს ერთ კვადრატულ კილომეტრზე. მოსახლეობის 80% ცხოვრობს ქალაქებში. უდიდესი ქალაქებია: მადრიდი, ბარსელონა, ვალენსია, სევილია, სარაგოსა, მალაგა, მურსია, ლას-პალმასი, ბილბაო და ა.შ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კათოლიკეა და საუბრობს კასტილიურ ესპანურზე, რომელიც ქვეყნის სახელმწიფო ენაა.
1978 წელს მიღებული კონსტიტუციით, ქვეყნის მმართვე-ლობის ფორმად აღიარებულია კონსტიტუციური მონარქია. სახელ-მწიფოს მეთაურია მონარქი.  სამეფო ტახტი გადაიცემა მემკვიდრეობით. ამჟამად მეფობს ხუან-კარლოს პირველი. მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი. არსებობს პირვე-ლი, მეორე და მესამე ვიცე-პრეზიდენტების თანამდებობებიც. საკანონმდებლო ორგანოა პარლამენტი – გენერალური კორტესები, რომელიც  ორპალატიანია და შედგება სენატისა (256 წევრი) და დეპუტატთა კონგრესისაგან (350 წევრი). ესპანეთი იყოფა 17 ავტონომიურ რეგიონად: ანდალუსია, არაგონი, ასტურია, ბალეარის კ-ები, ბასკეთი, გალისია, ესტრემადურა, ვალენსია, კანარის კ-ები, კანტაბრია, კასტილია – ლა მანჩა, კასტილია და ლეონი, კატალონია, ლა რიოხა, მადრიდი, მურსია, ნავარა. თითოეული მათგანი ფლობს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ავტონომიას, ჰყავს საკუთარი პარლამენტი და რეგიონული მთავრობა. ავტონომიურ ერთეულებს შორის განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობენ ბასკეთი, კატალონია, გალისია და ანდალუსია, მათ საკუთარი რეგიონული პრეზიდენტის არჩევის უფლებაც კი აქვთ.
 ესპანეთის ეკონომიკა და ტურიზმის როლი ეკონომიკის განვითარებაში
ესპანეთის კაპიტალისტური შერეული ეკონომიკა სიდიდით მე-12 ადგილზეა მსოფლიოში და მე-5-ზე –ევროკავშირში. ქვეყანა ასევე მსოფლიოს მესამე უდიდესი ინვესტორია. ესპანეთის მშპ არის 1,364 ტრილიონი აშშ დოლარი, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს 29 651  აშშ დოლარს (2010წ.). ეკონომიკაში წამყვანია მომსახურების სფერო და მრეწველობის (ავტომობილთმშენებლობა, გემთმშენებლობა, ელექტრონია და ა.შ) დარგები. მრავალფეროვნებით გამოირჩევა აგრობიზნესი. მოსახლეობის 62% დასაქმებულია მომსახურების სფეროში, 31%- მრეწველობაში, ხოლო 7% – სოფლის მეურნეობაში. მომსახურების სფეროს ლიდერი დარგია ტურიზმი, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო სპეციალიზაციის დარგიცაა. ლანდშაპტების მრავალფეროვნება, საუკეთესო კლიმატური პირობები და პლაჟები, ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლების სიუხვე და მომსახურების მაღალი დონე მილიონობით ტურისტს იზიდავს. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს ქვეყნის მშპ-ს 11%-ს. ქვეყნის ეკონომიკაში ასევე მნიშვნელოვანია აგრობიზნესის როლი. ესპანეთი ზეთისხილისა და მეციტრუსეობის კლასიკური ქვეყანაა. ზეთისხილის მოყვანით ის პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ზეთისხილის ნარგავებს უკავია დამუშავებული მიწების 10%. ქვეყანა ასევე ეწევა ციტრუსების ექსპორტს. 2009 წლის მონაცემებით ესპანეთის ექსპორტი შეადგენდა 341,6 მილიარდი აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი კი – 371,1 მილიარდ აშშ დოლარს. ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან: საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ. ესპანეთის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა 2008-2009 წლების ფინანსურმა კრიზისმა. უმუშევრობა 7.6%-დან (2006წ.) გაიზარდა 20.4%-მდე (2011წ), ხოლო მშპ-ს 2.3%-იანი ზრდა (2008წ.) შემცირდა 0.1%-მდე (2010წ.).   ქვეყნის ეროვნული ვალუტაა ევრო, რომელმაც 2002 წელს ჩაანაცვლა ესპანური პესეტა.
ესპანეთის ტურისტული ინდუსტრია
ესპანეთში მაღალ დონეზეა განვითარებული ტურისტული ინდუსტრია. ქვეყანაში ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ტურისტებმა იქ არაჩვეულებრივი დრო გაატარონ. ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ტრანსპორტი, სასტუმრო-ებისა და რესტორნების ქსელი.
ესპანეთის სატრანსპორტო სისტემა ხასიათდება საავტომობილო, სარგინიგზო, საჰაერო და საზღვაო ქსელების მაღალი სიხშირით. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ესპანეთი საზღვაო გზებით უკავშირდება როგორც ევროპასა და აფრიკას, ასევე დანარჩენ მსოფლიოსაც. ესპანეთის სატრანსპორტო ცენტრია დედაქალაქი მადრიდი, საიდანაც სატრანსპორტო ქსელები მიდის ყველა ავტონომიურ გაერთიანებამდე. ესპანეთში არის მაღალი დონის კეთილმოწყობილი გზატკეცილები. სარკინიგზო ქსელს რაც შეეხება: ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მეტროს სადგურები, ხოლო მეზობელ სახელმწიფოებთან დაკავშირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სწრაფმა-ვალი რკინიგზა, რომლის სიჩქარეც არის 300 კმ/სთ. 2003 წელს ესპანეთი და მაროკო შეთანხმდნენ წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე. ქვეყანაში არის როგორც საერთაშორისო, ასვე რეგიონული აეროპორტები, რომელთა შორის უდიდესია ბარახას საერთაშორისო აეროპორტი – მადრიდში. ის 2008 წელს მოემსახურა 50,8 მილიონ მგზავრს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო იმავე წელს ბარსელონას აეროპორტი მოემსახურა 30 მილიონ მგზავრს. ესპანეთში განვითარებულია საზღვაო ტრანსპორტიც. ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პორტებია: ალხესირასი, ბარსელონა, ვალენსია და ბილბაო. ესპანეთში ტურისტებს მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ სასტუმროების მხრივ. ქვეყანაში არის როგორც საერთო საცხოვრებლები, ასევე ე.წ. “სტუმრის სახლები” და პანსიონატები სადაც ღამის გათევა ძალიან იაფი ჯდება, თუმცა , რა თქმა უნდა, იქ კომფორტი და მომსახურება დაბალი ხარისხისაა. სასტუმროებს რაც შეეხება: ქვეყანაში არის როგორც ერთი, ასევე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები. ვარსკვლავების რაოდენობასთან ერთად კომფორტისა და მომსახურების ხარისხი ცხადია იზრდება. ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამვარსკვლავიანი სასტუმროები, რომლებიც ქვეყნის ყველა კუთხეშია. ესპანეთში მრავალი უცნაური და გამორჩეული სასტუმროა რომელთა შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია “პარადორის” სასტუმროების ქსელი. ის სახელმწიფოს საკუთრებაშია. ამ სასტუმროების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი განთავსებულნი არიან ისტორიულ შენობებში, მონასტრებში, ციხე-დარბაზებში, ან თანამედროვე სტილის შენობებში. ქვეყანაში არის მსოფლიოში ყველა ცნობილი სასტუმროს ფილიალი.   ტურისტებს რესტორნების მხრივაც მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. ქვეყანაში სხვადსხვა რესტორანი სტუმრებს სთავაზობს მსოფლიოს ყველა ქვეყნის სამზარეულოს, თუმცა ტურისტები უპირატესობას ანიჭებენ ესპანურ კერძებს. ესპანური კერძებიდან აღსანიშნავია ანდალუზიური “გასპაჩო”, “გამბოა”, საქვეყნოდ ცნობილი “პაეია”, რომელიც, გემოვნების მიხედვით, ზღვის პროდუქტით, ქათმით ან კურდღლის ხორცით მზადდება. დიდი პოპულარობით სარგებლობს ღვინით დამზადებული სასმელი “სანგრიასი” და ზეთისხილის სალათა. ესპანეთის საუკეთესო ესპანური რესტორნებია: “ლა დორადა” – მადრიდში, რომელიც თევზისაგან დამზადებული საჭმელებით არის ცნობილი; “ლას რეხასი” – მდებარეობს პატარა სოფელ – კუენკაში. როგორც ამბობენ, ამ რესტორანში შესაძლებელია უგემრიელესი ტრადიციული ესპანური კერძების დაგემოვნება, რომლებიც ადგილობრივი ინგრედიენტებისგანაა დამზადებული; “რეადსი” მალიორკაში – ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესტორანია. “კასა ხუანი” ტენერიფეში, საფირმო კერძი აქვთ სახლში შებოლილი თევზი; “ალ-ზარაქი”- კი  მთელს ესპანეთში საუკეთესო არაბული რესტორანია.
ესპანეთის ადგილი მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში და მისი ტურისტული პოტენციალი
        ესპანეთში ტურიზმი განვითარდა ფრანცისკო ფრანკოს მმართველობის ბოლო წლებში (1970-იან წლებში). იმ პერიოდში ქვეყანა იყო საზაფხულო არდადეგების გატარებისათვის ყველაზე მიმზიდველი ადგილი ინგლისელი, ფრანგი, გერმანელი და სკანდინავიელი ტურისტებისათვის. მომდევნო წლებში კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი გახდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ჩამოდიოდნენ ტურისტები. მართალია ესპანეთი ძალიან მდიდარი კულტურის მქონდე ქვეყანაა და ეს ტურისტებს იზიდავს, თუმცა ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებამაც. გარდა ამისა, ემოციური, მგრძნობიარე, პირდაპირი და გულღია ესპანელები ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მასპინძლებად ითვლებიან. ამგვარად, ესპანეთში ტურისტებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ მათ უმაღლეს დონეზე დაისვენონ. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ესპანეთი თავიდანვე შედიოდა მსოფლიოს 20 ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის, ხოლო უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე კი ესპანეთი მუდამ პირველ ხუთეულში შედის როგორც საერთაშორისო ტურისტების რაოდენობით, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებითაც. გთავაზობთ ცხრილს, რომელშიც ასახულია 2005-2009 წლებში ქვეყნების პირველი ხუთეული როგორც საერთაშორისო ტურისტების ოდენობის, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.
საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა მილიონებში
ქვეყანა: 2005წ 2006წ 2007წ 2008წ. 2009წ.
საფრანგეთი 75,9 79,1 80,9 79,2 74,2
ესპანეთი 55,9 58,5 58,7 57,2 52,2
აშშ 49,2 51,1 56,0 57,9 54,9
ჩინეთი 46,8 49,6 54,7 53,0 50,9
იტალია 36,5 41,1 43,7 42,7 43,2
შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან მილიარდებში
ქვეყანა: 2005წ 2006წ 2007წ 2008წ 2009წ
აშშ 81,8 85,7 97,1 110,0 93,9
ესპანეთი 48,0 51,1 57,6 61,6 53,2
საფრანგეთი 42,3 42,9 54,3 56,6 49,4
იტალია 35,4 38,1 42,7 45,7 40,2
ჩინეთი 29,3 33,9 37,2 40,8 39,7
როგორც ცხრილებიდან ჩანს, 2005-2007 წლებში, ესპანეთს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის მიხედვით სტაბილურად ეკავა მეორე ადგილი და მას მხოლოდ საფრანგეთი უსწრებდა. თუმცა სიტუაცია შეიცვალა 2008 წლიდან და ესპანეთს საერთაშორისო ტურისტების ჩასვლით აშშ-მაც გაუსწრო.
ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს რაც შეეხება: ამ მხრივ ცვლილება არ მომხდარა და 2005-2009 წლებში ქვეყანა სტაბილურად მეორე ადგილზე იყო აშშ-ს შემდეგ.
ორივე ცხრილს თუ დავაკვირდებით დავინახავთ, რომ თუ 2008 წლამდე ხუთივე ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა იზრდებოდა, 2008 წლიდან შეინიშნა კლება, რაც, ცხადია 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისით იყო გამოწვეული. ხოლო ტურიზმიდან შემოსავლების “ბუმი” იყო 2008 წელი, მომდევნო წლიდან კი შემოსავლების ოდენობამ მკვეთრად იკლო ზემოხსენებული მიზეზის გამო.
ვითარება საოკმაოდ შეიცვალა 2010 წლისათვის, კერძოდ, ესპანეთს საერთაშორისო ტურისტების ჩასვლებით უკვე ჩინეთმაც გადაუსწრო. გთავაზობთ ცხრილს:
საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა მილიონებში
ქვეყანა: 2010წ.
საფრანგეთი 78,95
აშშ 60,88
ჩინეთი 55,98
ესპანეთი 53,00
როგორც ვხედავთ, ტურისტების რაოდენობის ზრდა წინა წელთან
შედარებით შეინიშნა თითოეულ ქვეყანაში, თუმცა ეს ზრდა ესპანეთში შედარებით დაბალი იყო, ვიდრე დანარჩენ ქვეყნებში, რამაც გამოიწვია მისი გადანაცვლება მეოთხე ადგილზე.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისათვის საერთაშორისო ტურისტების ჩასვლის მიხედვით ქვეყნების პირველი ოთხეული იქინება: 1) ჩინეთი (130 მილიონი), 2) საფრანგეთი (106,1 მილიონი), 3) აშშ (102,4 მილიონი), 4) ესპანეთი (73,9 მილიონი).   როგორც ვხედავთ, ეს ვარაუდი თუ გამართლდა ესპანეთში ჩასული ტურისტების რაოდენობა მკვეთრად ნაკლები იქნება პირველი სამეულის ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით.
აქვე დავამატებ, რომ ესპანეთში ტურისტები ძირითადად ჩადიან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო შიდა ტურიზმის აქტიური განვითარება. ესპანელები ძიღითადად ტურისტებად მიდიან მეზობელ სახელმწიფოებში, მაგალითად პორტუგალიაში ყოველწლიურად 5 მილიონამდე ესპანელი ჩადის, საფრანგეთში – 3 მილიონამდე. შედარებით სწრაფად იზრდება იმ ტურისტების რიცხვი, რომლებიც სტუმრობენ შედარებით “იაფ” ქვეყნებს, როგორებიცაა საბერძნეთი, თურქეთი, ტუნისი, მაროკო. ხოლო უფრო “ძვირ” ქვეყნებში (აშშ, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი) წამსვლელი ტურისტების რაოდენობა შედარებით უფრო ნელი ტემპით იზრდება.
ესპანეთის კულტურა
       ესპანეთი არის ძალიან მდიდარი კულტურის მქონდე ქვეყანა. მისი კულტურის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია როგორც ისტორიამ, ასვე მისმა მდებარეობამ. კერძოდ: საუკუნეების განმავლობაში, ესპანეთში ერთმანეთს ენაცვლებოდა რომაელების, არაბების, კელტების მმართველობა, რომლებმაც თავისი კვალი დატოვეს ქვეყნის კულტურაში. ესპანეთის კულტურაზე გავლენა იქონიეს მეზობელმა ქვეყნებმაც, ეს კვალი განსაკუთრებით კარგად ჩანს თუ ქვეყნის არქიტექტურას თვალს გადავავლებთ ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთ ესპანეთში განსაკუთრებით შეინიშნება ჩრდ. აფრიკის ქვეყნების კულტურის გავლენა. ესპანეთის კულტურის უნიკალური ელემენტებია: ფლამენკო, კორიდა, ესპანური გასტრონომია, არქიტექტურა, ლიტერატურა, მხატვრობა და ა.შ. ფლამენკო – არის მუსიკისა და ცეკვის ერთგვარი ნაზავი, რომელიც ტიპურია სამხრეთ ესპანეთისათვის. ფლამენკოს “სამშობლო” არის ანდალუსია. ფლამენკო ეს არის ცეკვა გიტარის, ტაშისა და თითების ტკაცუნის თანხლებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მოცეკვავეების ჩაცმულობა – ქალებს აცვიათ გრძელი, ფერადი კაბები, ხოლო მამაკაცებს – შავი პერანგი. მამაკაცების ცეკვა სრულდება ფეხების ძლიერი რიტუალური მოძრაობით, ქალის ცეკვა კი გამოირჩევა ხელების და ტანის გრაციოზული მოძრაობით. ფლამენკოს მუსიკაზე აშკარად იგრძნობა არაბული და ებრაული მუსიკის გავლენა. კორიდა – ეს არის უნიკალური სანახაობა: სპეციალურად ზრდიან განსაკუთრებული ჯიშის ხარებს, რომლებსაც შემდეგ მატადორი კლავს კორიდის მოედანზე. კორიდა ესპანელებისათვის არის სიმამაცის, ვაჟკაცობის სიმბოლო. ძალზედ ხშირად ეს სანახაობა მსხვერპლით მთავრდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ის მაინც უამრავ ტურისტს იზიდავს. ესპანეთის გასტრონომიას რაც შეეხება: მასზე ზემოთ უკვე მქონდა საუბარი. აქ უბრაოდ დავამატებ, რომ მთელს მსოფლიოში ცნობილი ესპანური ღვინოებია: “ლა რიოხა”, “ხერესი” (ალუბლის ღვინო), “რიბერა დელ დუერო” და ა.შ. ესპანურ კერძებს რაც შეეხება, როგორც ამბობენ, ესპანური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია მთელს მსოფლიოში. თითოეული რეგიონისათვის დამახასიათებელია თავისი ტიპური კერძები: თევზეული, ხორცეული, ზღვის პროდუქტები და ა.შ. საქვეყნოდ ცნობილი კერძებია: “პაეია” – რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე და “ტორტილია” – კარტოფილისა და ხახვის ომლეტი, რომელსაც სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარად ამზადებენ.   ესპანეთის არქიტექტურას, ლიტერატურასა და მხატვრობას რაც შეეხება: მსოფლიო მასშტაბებითაა ცნობილი მრავალი ესპანელი, რომელმაც თავისი უკვდავი სიტყვა თქვა კაცობრიობის განვითარების საქმეში. მათ შორის აღსანიშნავია: სერვანტესი და ლორკა (ლიტერატურა), გაუდი და მონეო (არქიტექტურა), ველასკესი, დალი, პიკასო, გოია (სახვითი ხელოვნება) და ა. შ ქვეყანა მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით. აქ ნახავთ, როგორც უძველეს შენობებს, ასევე თანამედროვე სტილის ნაგებობებს. ესპანეთში არის უამრავი მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ხელოვნების უნიკალურ ნიმუშებს. მათ შორის საქვეყნოდ ცნობილ მუზეუმებს ქვემოთ განვიხილავ.
ესპანეთის რეგიონების დახასიათება ტურისტული პოტენციალის მიხედვით
ესპანეთის რეგიონები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ტურისტული პოტენციალით. თითოეულ რეგიონში ტურიზმის კონკრეტული სახეობის განვითარებისათვის არის ხელსაყრელი პირობები. ასე მაგალითად: შეიძლება გამოვყოთ “მწვანე ესპანეთი”, სადაც შედის გალისიის, ასტურიის, კანტაბრისა და ბასკების რეგიონი, ანუ ჩრდილო ესპანეთი, რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნებრივი ლანდშაპტებით. ტურიზმისათვის უფრო განვითარებულ რეგიონებად ითვლება ვალენსია, ანდალუსია, კატალონია, – სადაც უმაღლეს დონეზეა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. შიდა ესპანეთის რეგიონები – არაგონი, კასტილია და ლეონი, კასტილია – ლა მანჩა და ესტრემადურა , – ტურისტებს იზიდავს თავისი ისტორიული ქალაქებით, მხატვრული და არქიტექტურული ძეგლებით, ულამაზესი პეიზაჟებით. ღირსშესანიშნავი ადგილების სიუხვით გამოირჩევა ლა რიოხა, მადრიდი, მურსია და ნავარა. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია კუნძულოვანი ესპანეთი – ბალეარისა და კანარის კუნძულები რომლებიც უსაყვარლესი საზაფხულო კურორტებია არა მარტო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობისათვის, არამედ თავად ესპანელებისთვისაც. ესპანეთში ძირითადად გავრცელებულია ტურიზმის შემდეგი სახეობები:
საზაფხულო ტურიზმი – ზაფხულის კურორტები და პლიაჟები გვხვდება ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, ასევე ბალეარისა და კანარის კ-ებზე. კონტინენტური ესპანეთის ყველაზე პოპულარული პლიაჟებია: კატალონიაში – “კოსტა ბრავა”, “კოსტა დაურადა”, “კოსტა დელ მარესმე”; ვალენსიაში – “კოსტა დელ აზაარი”, “კოსტა დე ვალენსია”, “კოსტა ბლანკა” – ყველაზე საყვარელი პლიაჟია გერმანელი და ბრიტანელი ტურისტებისათვის; მურსიაში – “კოსტა კალიდა”; ანდალუსიაში – “კოსტა დელ ალმერია”, “კოსტა ტროპიკალ”, “კოსტა დელ სოლ” და “კოსტა დე ლა ლუზ”.
        კულტურული ტურიზმი და ბიზნეს ტურიზმი – კულტურული ტურიზმისათვის ყველაზე პოპულარული ქალაქებია: სევილია, გრანადა, კორდობა და ტოლედო. იუნესკომ მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად გამოაცხადა ესპანეთის 13 ქალაქი: ალკალა დე ენარესი, ავილა, კასერესი, კორდობა, კუენკა, იბიცა, სალამანკა, სან კრისტობალ დე ლა ლაგუნა, სანტიაგო დე კომპოსტელა, სეგოვია, ტარრაგონა და ტოლედო. ასევე, ესპანეთის მნიშვნელოვანი კულტურული ადგილებია: კორუნია და ვიგო გალისიაში, სანტანდერი – კანტაბრიაში, ობიედო და ხიხონი – ასტურიაში, ბილბაო და სან სებასტიანი – ბასკეთში. მადრიდი და ბარსელონა არის ბიზნეს და კონგრეს ტურიზმისათვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქები მთელს ევროპაში.
     რელიგიური ტურიზმი – ესპანეთში არის როგორც ქრისტიანებისათვის, ასევე ისლამისა და იუდაიზმის მიმდევართათვის მნიშვნელოვანი რელიგიური ძეგლები. მათ შორის აღსანიშნავია: ქალაქი სანტიაგო დე კომპოსტელა – გალისიაში, რომელიც მსოფლიოში მესამე წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და ვატიკანის შემდეგ, – აქ მდებარეობს წმინდა იაკობის საფლავი. პილიგრიმებს ასევე იზიდავს სანტო ტორიბიო დე ლიებანა – კანტაბრიაში, კარაბაკა დე ლა კრუზი – მურსიაში,  წმ. ტერეზას მონასტერი ავილაში და ა.შ.
საფესტივალო ტურიზმი – ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ესპანეთის დღესასწაულები, რომლებიც ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში იმართება. მათ შორის ყველაზე პოპულარულებია: “წმინდა (მხურვალე) კვირა” –სევილიაში, რომელიც რელიგიური დღესასწაულია; “ბაზრობა”- ასევე სევილიაში იმართება, მის დროს ქალაქში იმართება სხვადასხვა ფოლკლორული კონცერტები და იყიდება ხელნაკეთი ნივთები; “როსიო” – ალმონტში, რომელიც იმართება ღვთისმშობლის საპატივსაცემოდ; “ქრისტეს კორპუსი” – ასევე რელიგიური დღესასწაულია; “წმ. ხუანის ღამე”; “სან ფერმინი” – იმართება ივნისში, დღესასწაულის მსვლელობისას ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს ხარების გარეკვა; კულტურულ დღესასწაულებს რაც შეეხება: კანარის კუნძულებზე იმართება ყოველწლიური კარნავალები, ხოლო სან სებასტიანსა და მალაგაში კი – კინოფესტივალები. ზამთრის ტურიზმი – ესპანეთში საკმაოდ ბევრი ზამთრის კურორტია, რომლებიც ძირითადად გვხვდება პირინეის მთებში, ცენტრალურ მთათა სისტემაში, იბერიის მთათა სისტემასა და სიერა ნევადაში. ესპანეთის უდიდესი სათხილამურო კურორტია ფორმიგალი – დას. პირინეებში. ესპანეთის მდიდარ ატრაქციებად ითვლება ქვეყნის ეროვნული პარკები, რომლებიც უამრავ მნახველს იზიდავენ: ტეიდე, ტიმანფაია, კარახონაი და კალდერა დე ტაბურიენტე – კანარის კ-ებზე; ტაბლას დე დაიმიელი – კასტილია – ლა მანჩაში; სიერრა-ნევადა – ანდალუსიაში; ევროპის პიკები – ასტურიაში, კასტილია ლეონსა და კანტაბრიაში; ორდესა და მონტე პერდიდო არაგონში; მონფრაგუე – ესტრემადურაში; ატლანტიკის კ-ები – გალისიაში; დონიანა- ანდალუსიაში; კაბანიეროსი – კასტილია – ლა მანჩაში; კაბრერას არქიპელაგი – ბალეარის კ-ებზე და ა.შ.  ესპანეთში ასევე არის თერმული წყლებით მდიდარი დაახლოებით ასი კურორტი, ქვეყანაში ასევე განვითარებულია სასოფლო ტურიზმი და ზოგადად ტურიზმის თითქმის ყველა სახეობა.
ესპანეთის მთავარი ღირსშესანიშნაობები
        მადრიდი – ესპანეთის დედაქალაქია 1562 წლიდან. ის ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. Qმადრიდის არქიტექტურულ პროფილში გამოიყოფა ორი ნაწილი: ისტორიული ცენტრი (მზის ჭიშკარი) და ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი რომელზეც წარმოდგენილია თანამედროვე სტილის შენობები. ძველი და ახალი მადრიდის დამაკავშირებელი ერთგვარი “ხიდია” ალკალას გამზირი. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური არქიტექტურული  ღირსშესანიშნაობაა მთავარი მოედანი – “პლაზა მაიორი”, რომელიც დახურულია ტრანსპორტისათვის და იქ მხოლოდ ფეხით მოსიარულეებს შეუძლიათ გავლა. მოედნის ირგვლივ თავმოყრილია ძირითადი ქრისტიანული ტაძრები – მთავარი საკათედრო ტაძარი, ბაზილიკა სან-ფრანცისკო, მოხეტიალე ბერების მონასტერი; აქვეა გოთური საათის კოშკი, სამეფო სასახლე, რომლის ბაღებიც გახსნილია ტურისტებისათვის; ქალაქის ცენტრში არის “პუერტა დელ სოლ”-ის მოედანი (მზის კარიბჭე), საიდანაც გადის ცენტრალური მაგისტრალები მთელი ქვეყნის რეგიონების მიმართულებით. მადრიდშია ასევე მსოფლიოში ცნობილი ხელოვნების 3 მუზეუმი: პრადო, დედოფალ სოფიას ხელოვნების ცენტრი და ვალიაერმოსის სასახლეში განთავსებული “სიუზენ ბორნემისზას მუზეუმი”. ასევე აღსანიშნავია სამეფო თეატრი, მადრიდის ბოტანიკური ბაღი, ლათინოამერიკული კულტურის მადრიდის ცენტრი, სამხედრო მუზეუმი, ზღვის მუზეუმი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, 1712 წელს აშენებული ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა და ა.შ.
        პრადო – წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ მუზეუმს, რომელიც შეიქმნა 1819 წელს მეფე ფერდინანდ VII-ს მეუღლის- იზაბელას ინიციატივით და რომლის კოლექციაშიც თავდაპირველად 311 ხელოვნების ნიმუში იყო. მუზეუმი განთავსებულია არქიტექტორ ხუან დე ვილიანუევის მიერ ნეოკლასიკურ სტილში აგებულ შენობაში. მუზეუმის 130 დარბაზში გამოფენილია 2300-ზე მეტი ხელოვნების უნიკალური ნიმუში (საერთოდ პრადოს კოლექცია მოიცავს  8000-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს).
ბარსელონა – ესპანეთის სიდიდით მეორე ქალაქია (კატალონიის დედაქალაქი). აქ ნახავთ რომანულ, გოთურ, რენესანსისა და თანამედროვე სტილის შენობებს. ბარსელონას ცენტრალური ქუჩაა “ლა რამბლა”, რომელიც დახურულია ტრანსპორტისათვის. ქალაქში არქიტექტორ გაუდის მიერ აშენებული უამრავი შენობაა. აქვეა გაუდის მუზეუმი, ქალაქის ისტორიული მუზეუმი და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ტურისტების მიერ ყველაზე მონახულებადი ადგილებია ასევე: საგრადა ფამილიას საკათედრო ტაძარი, ბარსელონას აკვარიუმი, პიკასოს მუზეუმი, ბარსელონას ზოოპარკი, ქრისტეფორე კოლუმბის მონუმენტი და ა.შ. ქალაქი დამსვენებლებს იზიდავს თავისი არაჩვეულებრივი ქვიშის პლიაჟებით. ბარსელონა რეალთან ერთად შედის მსოფლიოს 15 ყველაზე მონახულებად ქალაქების სიაში.
        ვალენსია – ესპანეთის სიდიდით მესამე ქალაქია, ის ცნობილია თავისი ქვიშიანი პლიაჯებით და ასევე იმითაც რომ არის ესპანეთის ნაციონალური კერძის – “პაეიას” სამშობლო. ვალენსიაში მთელი წლის განმავლობაში იმართება უამრავი ფესტივალი, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია “პამიდვრის ფესტივალი”. ვალენსიაში საკმაოდ ბევრი მუზეუმია, მათ შორის აღსანიშნავია ადგილობრივი ისტორიული მუზეუმი, კერამიკის მუზეუმი, პალეონტოლოგიური მუზეუმი და ა.შ. ეს ყოველივე მილიონობით ტურისტს იზიდავს.
იბიცა – არის ერთ-ერთი ბალეარის კუნძულთაგანი. მას ხშირად „თეთრ“ კუნძულსაც ეძახიან, ვინაიდან  შენობები აქ ძირითადად თეთრი ფერისაა. იბიცა
ესპანეთის ცნობილი საზღვაო კურორტია, რომელიც განთქმულია თავისი პლიაჟებით. აქ 400-ზე მეტი ღამის კლუბია. ქალაქ იბიცაში არის სხვადასხვა ტიპის მუზეუმი, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია არქეოლოგიური მუზეუმი.
         კორდობა (ანდალუსიაში) – არის ერთ-ერთი იმ მცირე ქალაქთაგანი, სადაც საუკუნეების განმავლობაში მუსლიმები, ებრაელები და ქრისტიანები მშვიდად ცხოვრობდნენ ერთად. კორდობა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქალაქების რიცხვში. ქალაქი ცნობილია თავისი მეჩეთით, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოში სიდიდით მეორე იყო.
გრანადა (ანდალუსიაში) – საუკუნეების განმავლობაში იყო მუსლიმური ესპანეთის დედაქალაქი. მაშინდელმა მმართველებმა იქ ააგეს სასახლეთა კომპლექსი „ალამბრა“ რომლის მსგავსიც მანამდე მსოფლიოს არ ენახა. სასახლე სიერა-ნევადას მთების ძირშია აშენებული. სიტყვა „ალამბრა“ არაბულად წითელს ნიშნავს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ეს სახელი მიუთითებს აგურის ფერზე, რომლითაც სასახლის გალავანია აშენებული, ხოლო მეცნიერების მეორე ნაწილი კი თვლის, რომ არაბები სასახლეს აშენებდნენ ღამით, ჩირაღდნების შუქზე, რომელთა ნათებაც კედლებს წითელ ფერს სძენდა და სწორედ ამის გამო უწოდეს ამ სასახლეს ალამბრა. სასახლეში მოსახვედრად უნდა გაიაროთ უზარმაზარი შესასვლელი თაღი, რომელსაც “სიმართლის კარიბჭეს” უწოდებენ. ალამბრას შიდა ეზოებიდან ყველაზე ცნობილია ე.წ. „ლომების ეზო“. ეზოს ცენტრში, 12 ლომის მარმარილოს ქანდაკებას უკავია შადრევანი. ალამბრას ყოველწლიურად 3 მილიონი ტურისტი სტუმრობს.
        ალამბრასთან ახლოს მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაღი „გენერალიფე“. სახელი წარმოსდგება არაბული სიტყვიდან „ჯენეტ-ალ-არიფ“, რაც მაღალ მთებს ნიშნავს, თუმცა ისტორიკოსთა აზრით ეს ტერმინი არქიტექტორის ბაღს უნდა აღნიშნავდეს. ადრე გენერალიფე ხიდით უკავშირდებოდა ალამბრას.
სევილია – ანდალუსიის დედაქალაქია. ქალაქი გაშენებულია მდინარე გვადალკვივირის ნაპირებზე. სევილია საქვეყნოდაა ცნობილი თავისი კულტურით, არქიტექტურული ძეგლებით, ტრადიციებით. სევილია არის ფლამენკოს სამშობლო. ქალაქის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია კათედრალი (საკათედრო ტაძარი), რომელიც სიდიდით მესამეა მსოფლიოში, ხირალდას კოშკი, სანტა კრუსის უბანი თავისი ვიწრო ქუჩებით.
            მალაგა (ანდალუსიაში) – განთქმულია თავისი პლიაჟებით, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია „კოსტა დელ სოლი“. მალაგა იმითაცაა ცნობილი, რომ ის პაბლო პიკასოს მშობლიური ქალაქია.
          სალამანკა (კასტილია და ლეონში) – ცნობილია თავისი უნივერსიტეტით, რომელიც დაარსდა 1218 წელს და ევროპაში სიძველით მესამეა. ქალაქი თავისი არქიტექტურითა და კულტურით უამრავ ტურისტს იზიდავს.
სანტანდერი (კანტაბრიაში) – თავისი ულამაზესი ბუნებითა და პლიაჟებით  იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან და ასევე თავად ესპანეთიდან. სანტანდერი იმითაცაა ცნობილი, რომ მის სიახლოვეს არის ცნობილი ალტამირას გამოქვაბული.
            ტენერიფე (კანარის კ-ებზე) – კუნძული მნახველებს იზიდავს თავისი ბუნებითა და ისტორიით. კუნძულის ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია ტეიდეს ეროვნული პარკი, რომელიც 1954 წლიდან ფუნქციონირებს. აქ არის ესპანეთის უმაღლესი მწვერვალი – ვულკანი ტეიდე. ტენერიფე ცნობილია “გუიმარის პირამიდებით” – დღეს 6 პირამიდის ნანგრევია შემორჩენილი, მათი წარმომავლობა კი დღესაც უცნობია არქეოლოგებისათვის. თუმცა, ნორვეგიელი ანთროპოლოგისტი ტურ ჰეიერდალი, რომელიც ცხოვრობდა გუიმარში, ამტკიცებდა, რომ ეს პირამიდები აგებული იყო იმავე პრინციპით, როგორითაც არის აგებული პირამიდები მექსიკაში, პერუსა და მესოპოტამიაში.
ვალიადოლიდი (კასტილია და ლეონის ადმინისტრაციული დედაქალაქი) – ცნობილია თავისი არქიტექტურითა და ისტორიით. აქ ცხოვრობდა დონ კიხოტის ავტორი მიგელ დე სერვანტესი, აქ დაიღუპა ქრისტეფორე კოლუმბი. ვალიადოლიდში არის ღვინის მუზეუმი, რომელიც განთავსებულია მე-11 საუკუნის პენიაფიელის კოშკში. მუზეუმში თქვენ შეიტყობთ ღვინის ისტორიას, მის დამზადების კულტურასა და შეძლებთ ღვინის დაგემოვნებასაც. ვალიადოლიდის ახლოს არის ქალაქი ტორდესილასი, სადაც 1494 წელს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ესპანეთმა და პორტუგალიამ მთელი მსოფლიო გაიყვეს გავლენის სფეროებად.
ტოლედო – 1560 წლამდე იყო ესპანეთის დედაქალაქი. ქალაქში არის შუა საუკუნეების დროინდელი ნაგებობები. მისთვის დამახასიათებელია მიხვეულ-მოხვეული ვიწრო ქუჩები. ტოლედოს ყველაზე ცნობილი ნაგებობაა ალკაზარის ციხესიმაგრე, რომელიც არაბებმა ააგეს მე-10 საუკუნეში. ტოლედო იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ქალაქების სიაშია შესული.
           კასტილია – ლა მანჩა – რეგიონს ეს სახელი (ლა-მანჩა) სპეციალურად დაუმატეს სერვანტესის ნაწარმოების საპატივსაცემოდ და ასევე ტურისტების მოსაზიდად. ლა მანჩაში ძალიან ბევრი ადგილი მოგაგონებთ სერვანტესის ნაწარმოებს. აქვეა ცნობილი ქარის წისქვილებიც.
ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი (ბასკეთში) – არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. ის ერთ-ერთი იმ მუზეუმთაგანია, რომელიც ეკუთვნის სოლომონ გუგენჰაიმის ფონდს. მუზეუმი მასპინძლობს როგორც ესპანეთის ასევე მთელი მსოფლიოს ხელოვანების ნამუშევრებს.
დასკვნა
         ამგვარად, ჩემი რეფერატი შეეხებოდა ესპანეთის ტურიზმს. დასაწყისში ზოგადად დავახასიათე ქვეყანა თავისი მდებარეობით, საზღვრებით, ბუნებრივი პირობებით, ეკონომიკური მდგომარეობით და ა.შ. შემდეგ ნიწილში განვიხილე ქვეყნის ეკონომიკა და ყურადღება გავამახვილე ტურიზმის როლზე ეკონომიკის განვითარებაში. როგორც ვნახეთ, ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით მე-12 ადგილზეა მსოფლიოში, ასევე ესპანეთი მსოფლიოს მესამე ინვესტორია, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები კი შეადგენს ქვეყნის მშპ-ს 11%-ს. ესპანეთის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა 2008-2009 წლების ფინანსურმა კრიზისმა, რაც უარყოფითად აისახა ტურიზმზეც.
რეფერატის მომდევნო ნაწილში განვიხილე ესპანეთის ადგილი მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში და ასევე მიმოვიხილე ქვეყნის ტურისტული პოტენციალიც. ესპანეთში ტურიზმი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში განვითარდა და ქვეყანა მალევე შევიდა მსოფლიოს ყველაზე მონახულებადი ქვეყნების 20-ეულში, ხოლო უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში კი ესპანეთი შედიოდა ქვეყნების პირველ ხუთეულში როგორც საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. რეფერატში ცხრილების სახით წამოვადგინე 2005-2009 წლებში მსოფლიოს ქვეყნების პირველი ხუთეული როგორც საერთაშორისო ტურისტების რაოდენობის, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობით ქვეყანა 2008 წლამდე მეორე ადგილს იკავებდა საფრანგეთის შემდეგ, თუმცა 2008 წლიდან მას აშშ-მაც გაუსწრო, ხოლო 2010 წელს – ჩინეთმაც. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს, ამ მხრივ ესპანეთი სტაბილურად მეორე ადგილზე იყო აშშ-ს შემდეგ. ესპანეთში ტურისტები ძირითადად ჩადიან მეზობელი სახელომწიფოებიდან.
           რეფერატის მომდევნო ნაწილში განვიხილე ესპანეთის კულტურა და ყურადღება გავამახვილე ქვეყნის კულტურის უნიკალურ ელემენტებზე – ფლამენკოზე, კორიდაზე, ესპანურ გასტრონომიაზე, არქიტექტურაზე, ლიტერატურასა და მხატვრობაზე. ასევე, რეფერატში ესპანეთის რეგიონები დავახასიათე ტურისტული პოტენციალის მიხედვით და განვიხილე თუ ტურიზმის რომელი სახეობა იყო განვითარებული თითოეულ მათგანში. ბოლოს, მოკლედ მიმოვიხილე ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ ტურისტებში.
ბიბლიოგრაფია

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *