ერი პრიმირდიალური ფენომენია, თუ თანამედროვე (მოდერნული) მოვლენა?

ერების მშენებლობა
ერების მშენებლობა

       ჩემი სუბიექტური აზრით მინდა დავამტკიცო, რომ ერი თანამედროვე (მოდერნული) მოვლენაა და არა პრიმორდიალური (უძველესი) ფენომენი. ამის დასასაბუთებლად ესეში მთელს მსჯელობას ენტონი დაგლას სმიტისეულ ერის კრიტერიუმებზე ავაგებ. ზოგადად ძალზედ რთულია ისეთი საკითხების დასაბუთება, რაც წარსულს ეხება და სადაც, არსებული ფაქტები უკვე ისტორიაა.

       თეზისის დამტკიცებამდე, ჯერ გავიაზროთ ისეთი საკითხები, როგორიცაა: ერი, ეთნოსი, პრიმორდიალიზმი და მოდერნიზმი. ენტონი სმიტი ერსა და ეთნოსს შორის განსხვავებას თითოეულისადმი დამახასიათებელი ნიშნებით წარმოგვიდგენს. ეთნოსის მახასიათებელია: ეთნონიმი, საერთო მითები წინაპრებზე, საერთო მეხსიერება, კულტურული თვითმყოფადობა, გარკვეულ ტერიტორიასთან კავშირი და ელიტის სოლიდარობა. რაც შეეხება ერს – ეთნონიმი, საერთო მითები, საერთო ისტორია, საერთო მასობრივი (საზოგადოებრივი) კულტურა, გარკვეული ტერიტორიის ფლობა, საერთო უფლებები და მოვალეობები და საერთო ეკონომიკა. პრიმორდიალიზმი ნაციონალიზმის უძველესი პარადიგმაა. მისი ჩამოყალიბება და განვითარება უკავშირდება ფრანგი მოაზროვნეების რუსოსა და სიიესის სახელებს. აქ გამოკვეთილია ორი მნიშვნელოვანი დებულება: 1) ერი სათავეს უხსოვარი დროიდან იღებს და 2) ეთნიკური კუთვნილება ადამიანის ბუნებრივი მოცემულობაა. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეროვნული კულტურა, ტრადიციები მემკვიდრეობითი ხასიათისანი არიან. მოდერნიზმი – ერები და ნაციონალიზმი თანამედროვე მოვლენაა. ბევრი მოდერნისტი ნაციონალიზმისა და ერის საკითხებს რაციონალიზმის თეორიას უკავშირებს, რომელიც საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად განვითარდა. რაციონალიზმა ჩამოაყალიბა შემდეგი იდეები: მოქალაქეობის შესახებ; ერთიანი კანონმდებლობის შექმნის შესახებ; კანონის წინაშე ადამიანის თანასწორობის შესახებ; ერის მიმართ მოქალაქის ერთგულების (ლოიალურობის) შესახებ; და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს არსებობის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ის უნდა ემსახურებოდეს მის მოქალაქეებს და არა პირიქით.

        ერის მოდერნისტულ ხედვას აძლიერებს მრავალი არგუმენტი და პრიმორდიალისტური ხედვის გარკვეული კრიტიკა. ასეთი მაგალითებია:

           „გერმანელმა სოციოლოგმა ფერდინანდ ტიონისემ მეცნიერებაში შემოიტანა თემის (გერმ. gemeinschaft) და საზოგადოების (გერმ. Gesellschaft) ცნებების განახლებული განმარტება. მისი აზრით თემი ტრადიციული საზოგადოებაა, ხოლო საზოგადოება ინდუსტრიული (კაპიტალისტური) ეპოქის პირმშოა. ტიონისესეული Gesellschaft-ი დღევანდელი სამოქალაქო (პოლიტიკური) ერია. საზოგადოების შექმნის საფუძვლად, ვებერი მიიჩნევს ადამიანთა თავისუფალ ნებას, რომლის საფუძველზეც ისინი კონკრეტული ინტერესების გარშემო ერთიანდებიან“. [1, გვ 56]. ორივე მეცნიერის მსჯელობა ემთხვევა მოდერნისტულ ხედვას, რადგან სამოქალაქო ერის ფორმირებას და ადამიანთა თავისუფალი ნების გამოხატვას ხელი დიდწილად საფრანგეთის რევოლუციამ და მაშინდელმა რაციონალისტურმა ხედვებმა შეუწყეს.

     „ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის მიხაკო წერეთლის აზრით: ხალხი ინდივიდების უბრალო გაერთიანებაა ანუ ის წარმოადგენს მასალას ერის ფორმირებისთვის. მაგ., საქართველოს ისტორიის იმ პერიოდებს, როდესაც ქვეყანა დაქუცმაცებული იყო სამთავროებად ან სამეფოებად არ შეიძლება ეწოდოს ქართველი ერის ისტორია. ქართველი მეცნიერის მტკიცებით ამ პერიოდში საქმე გვაქვს ქართველი ხალხის და არა ქართველი ერის ისტორიასთან. ერის ჩამოყალიბებისათვის აუცილებელია ერთიანი სივრცის შექმნა, სადაც სახეზეა კარგად ორგანიზებული სოციალური ურთიერთობები, რომელიც მხოლოდ სახელმწიფოს არსებობის პირობებშია შესაძლებელი. ამასთან წერეთელი ხაზს უსვამდა იმას, რომ სახელმწიფოს შექმნა ჯერ კიდევ არ ნიშნავდა ერად ჩამოყალიბებას, თუნდაც მის მოსახლეობას გააჩნდეს ერთიანი სოციალური და პოლიტიკური ღირებულებები. მისი აზრით ერი არის მხოლოდ ის სოციალური ჰიპერ-ორგანიზმი, რომლის წევრებს გააჩნიათ საერთო კულტურული ღირებულებები“. [1, გვ 19] მიმაჩნია, რომ წერეთლის მსჯელობიდან აშკარაა ერის ფორმირებაზე ისტორიული გავლენის დიდი ზემოქმედება, მაგრამ მხოლოდ წარსული გამოცდილება არ კმარა. სოციალურ ურთიერთობების გაძლიერებაში, საზოგადოების გაერთიანებაში დიდი როლი კი მოდერნიზმის სათავეს, საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციას მიუძღვის. ამაში ქვემოთ მოყვანილი საფრანგეთის მაგალითებიც დაგვარწმუნებს.

     მოდერნისტული ხედვის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს თავად საფრანგეთის მაგალითები. „ადამიანების გაერთიანების ავტონომიურობა დაკავშირებულია ტერიტორიასთან და საზოგადოების წევრებს შორის (სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული) სოლიდარობის არსებობასთან. პირველად ეს იდეა საფრანგეთის რევოლუციის დროს გაჟღერდა: „რესპუბლიკა ერთიანი და განუყოფელი“, რასაც მოყვა ქვეყნის შიგნით რეგიონული მასშტაბის საკონტროლო და საბაჟო პუნქტების, სხვა უწყებების გაუქმება და ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფო ინსტიტუტების, ეკონომიკური და კულტურული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. საფრანგეთის რეზიდენტებმა რესპუბლიკის მოქალაქის სტატუსი მიიღეს“. [1, გვ 11]

      „იუჯინ ვებერი თავის ნაშრომში „გლეხობიდან ფრანგობამდე“ აღნიშნავს, რომ საფრანგეთის ბურჟუაზიულ რევოლუციამდე სოფლებში და პატარა ქალაქებში მცხოვრები ადამიანების დიდმა უმრავლესობამ არც კი იცოდა, რომ ფრანგი იყო. ამგვარი მდგომარეობა პირველ მსოფლიო ომამდე გრძელდებოდა“. [1, გვ 19]. ეს ორი მაგალითი ცხადყოფს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული სმიტისეული ერის კრიტერიუმები იწყებენ აშკარად შევსებას.

       მოდერნისტი თეორიტიკოსები ხშირად ხაზს უსვამენ საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელიც მათი აზრით მოდერნისტულ საზოგადოებებში უფრო მეტადაა შესაძლებელი, რადგან ტრადიციული საზოგადოებები ნაკლებ შეკრულნი არიან, გაყოფილი ძალაუფლებისა და სხვადასხვა ენების არსებობის გამო. [3]

         ემილ დურკემი ტრადიციულ და თანამედროვე საზოგადოებებზე საუბრისას გამოყოფს „მექანიკურ სოლიდარობას“ და „ორგანულ სოლიდარობას“. პირველს განაპირობებენ ჩვევები და წესები, ხოლო მეორეს დურკემის აზრით თანამედროვე საზოგადოება, სადაც შრომითი დანაწილებაა და სოციალური დაყოფა იწვევს თანამშრომლობას. [3]

         პრიმორდიალიზმის კრიტიკა ნაციონალიზმის გაღვიძებასთან დაკავშირებით – რუანდის გენოციდის მაგალითი: პრიმორდიალიზმი ეთნოსების არსებობას განსაკუთრებით უკავშირებს ბილოგიურ და ტერიტორიულ ფაქტორებს. რუანდაში 1994 წელს მომხდარი გენოციდის დროს 3 თვის განმავლობაში დაახლოებით 800 ათასი ადამიანი დაიღუპა. რუანდაში წამყვანმა ეთნიკურმა ჯგუფმა გადაწყვიტა გაენადგურებინა მეზობელი ეთნიკური უმცირესობა ტუტსი, ეთნიკური განსხვავებულობის ნიადაგზე. ისტორიკოსი სანდრა ჯოირმენი(Sandra Joirman) ამტკიცებს, რომ გენოციდის ეს ტიპი, რომელიც ორ ჯგუფს შორის ნათესაურ და რელიგიურ განსხვავებულობის ნიადაგზე მოხდა პრიმორდიალისტური ხედვაა.[2]  ვფიქრობ ზოგჯერ თეორიებს ადამიანთა ნაწილი რადიკალურად იგებს და მათ თავისებურ ინტერპრეტაციას აძლევს და ამით ზოგჯერ თავის გამართლებასაც კი ახდენს. ამის მაგალითია ჰუტუს ეთნიკური ჯგუფის საქციელიც. როგორც ვხედავთ პრიმორდიალიზმს გავლენის მოხდენა შეუძლია ეთნოსის შეფასებაზე. ასეთი მაგალითები ცხადყოფს, რომ მსგავს შემთხვევაში ერს პრიმორდიალურ მოვლენად ვერ აღვიქვამთ. დღეს ყველასათვის წარმოუდგენელი იქნება მსგავსი რამ, რომ იმავე პერიოდში ჩაედინათ მაგ., ფლამანდიელებს ვალონების მიმართ ბელგიაში. შესაბამისად ვრწმუნდებით იმაში, რომ ერების ფორმირებას მიუხედავად მათი წარსული ფესვებისა მნიშვნელოვნად მოდერნიზმა და მისმა რაციონალისტურმა ხედვებმა შეუწყვეს ხელი.

       ჩემი აზრით ერის თანამედროვე მახასიათებლებიდან გამომდინარე რთულია იმის დაბეჯითებით მტკიცება, რომ ერები უხსოვარი დროიდან არსებობენ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად: ქართველები, ჩინელები, ებრაელები და სხვები არ არიან ძველი ხალხები, რომელთაც ერის მახასიათებლების დიდი ნაწილი უხსოვარი დროიდან მოსდევთ, მაგრამ არა ყველა მახასიათებელი რადგან ამ ნიშნების გამოვლინება არ მომხდარა ერთობლივად მთელი ისტორიის მანძილზე. მაგ., სმიტის კრიტერიუმებით სხვაობა ეთნოსსა და ერს შორის წარმოდგენილია: საერთო მასობრივი (საზოგადოებრივი) კულტურით, საერთო უფლებებითა და მოვალეობებით (ე.ი. საერთო კანონმდებლობა), ერთიანი ეკონომიკათა (ე.ი. ეკონომიკური ინფრასტრუქტურა) და გარკვეული ტერიტორიის ფლობით (ე.ი. სუვერენიტეტი). [1, გვ 8]. ხალხების გამორკვევაში დიდი წვლილი კი 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციას მიუძღვის.

       მოდერნისტულ ხედვას ერების ჩამოყალიბებაში ნაციონალიზმის მოდერნისტული პარადიგმები აძლიერებენ. 1)ნაციონალიზმა შექმნა თანამედროვე ერები და სახელმწიფოები. 2)ერი, ისევე როგორც ნაციონალიზმი ახალი ფენომენია, ორივე უკეთეს შემთხვევაში XIX ს-ში ჩამოყალიბდა. (Smith, 2001:102).

        დასკვნის სახით ავღნიშნავ, რომ მე არ ვასაბუთებ რომელიმე თეორიის ჭეშმარიტებას, უბრალოდ სუბიექტური კუთხით ვეცადე კონკრეტული თეორიის არგუმენტებით გამყარებას და ჩემი ესეს თემის დამტკიცებას.

        ვემხრობი იმ პრიმორდიალურ აზრს, რომელიც ეთნოსების სოციალურ-ბიოლოგიურ წარმოშობას ხაზს უსვამს, მაგრამ ამავდროულად მინდა ავღნიშნო, რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებული სახელმწიფოების ნაწილი სწორედ ეთნოსთა ნაზავს წარმოადგენს და შესაძლებელია ენტონი სმიტის ერისადმი დამახასიათებელი ნიშნებისათვის მორგება, გარკვეული მოდიფიცირების შემდეგ. ასეთი სახელმწიფოს კარგ მაგალითს წარმოადგენს აშშ. ეთნოგენეზისი კი ეწინააღმდეგება ამას გარკვეულწილად. აშშ-ს მოქალაქეებს, სხვა ბევრი თანამედროვე სახელმწიფოს მოქალაქეების მსგავსად შეუძლიათ დააკმაყოფილონ ბევრი მეცნიერის მოდერნისტული ხედვის კრიტერიუმები, მაგ.: სმიტისეული საერთო უფლებები და მოვალეობები, საერთო ეკონომიკა, ისტორია, ანდა ვებერისეული თავისუფალი ნება, ტიონისესეული პოლიტიკური ერის შეგნება ან წერეთლისეული სოციალური ჰიპერ-ორგანიზმი, საერთო კულტურული ღირებულებები, რომლებიც რაციონალიზმის გავლენით სწორედ თანამედროვე ეპოქაში ჩამოყალიბდნენ ან აგრძელებენ ჩამოყალიბებას, რადგან საფრანგეთის რევოლუციამ ამ ყველაფერს ორ საუკუნეზე მეტია ბიძგი მისცა.

           ესეში მოყვანილ მეცნიერთა მსჯელობას მივყავართ რაციონალურ აზროვნებამდე და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებამდე, რითაც დღეს განვითარებული ქვეყნების უმეტესობა ამაყობს. ჩემი აზრით თანამედროვე მსოფლიოში ამ და სხვა დემოკრატიული, ლიბერალური ღირებულებების არ ქონის გარეშე ეთნოსები, სახელმწიფოს მოქალაქები ერებად ვერ ჩაითვლებიან. ანუ, თანამედროვე გაგებით ერები, მოდერნისტული წარმოშობის არიან.

 

ავტორი: დავით სიდამონიძე

 

გამოყენებული ლიტერატურა:

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *