ევროსკეპტიციზმის მიზეზები და გამოწვევები

ევროსკეპტიციზმი
ევროსკეპტიციზმი

         ევროპულ სახელმწიფოთა ინტეგრაციის ისტორია მრავალ ათწლეულს ითვლის.  უშუალოდ პოლიტიკური ინტეგრაცია ევროპაში 1950 წლის 9 მაისს გამოცემული “შუმანის დეკლარაციით” დაიწყო, რომელმაც ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების იდეა წამოჭრა. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებას ეკონომიკური ხასიათი ჰქონდა, მისი უმთავრესი მიზანი მაინც პოლიტიკური იყო. ინტეგრაციის პირველივე მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა და შემდგომ ათწლეულებში დამატებითი ევროპული ინტეგრაციაც გამოიწვია, რომელიც 1992 წელს, ეტაპობრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად, ევროპული კავშირის დაბადებით დაგვირგვინდა. დღესდღეობით ევროპის ინტეგრაციის საკითხი კითხვითი ნიშნის ქვეშ დგას. ევროკავშირი დიდი ხანია შესულია დეზორგანიზაციის სტადიაში, რის ერთ-ერთ მაგალითსაც გაერთიანებული სამეფოს მიერ ევროკავშირის დატოვება, იგივე Brexit-ი წარმოადგენს. ამას ემატება მიგრანტებთან დაკავშირებული გამოწვევები, საერთო საფინანსო–ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური პრობლემები, კორუფცია და სხვა მრავალი გამოწვევა, რომელიც ევროკავშირის   გამაერთიანებელ იდეას თანდათანობით აფერმკრთალებს.

                ამგვარ ვითარებაში, ევროპაში დიდი ხანია ძალებს იკრებენ ევროსკეპტიკოსი პარტიები. აღნიშნული ტენდეციის არსებობა ევროპაში ბევრისთვის საკმაოდ გასაკვირი გახდა. საკითხი აქტუალურია, ვინაიდან ცალკეული პოპულისტი და ევროსკეპტიკოსი პარტიები თანდათან უფრო მეტ მხარდაჭერას იძენენ როგორც საერთოევროპულ, ასევე ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე, რაც საფრთხეს უქმნის ევროპული ინტეგრაციის პროცესის ლეგიტიმურობას და საეჭვოს ხდის მის მომავალ განვითარებას.

ევროსკეპტიციზმის არსი

          ტერმინი ევროსკეპტიციზმი პირველად ჟურნალმა Times-მა გამოიყენა 1985 წელს. დღესდღეობით ტერმინები – ევროპესიმიზმი, ევროევრორეალიზმი, ფაქტობრივად იგივე სულისკვეთების მატარებელია, რაც ტერმინი ევროსკეპტიციზმი. სასექსის უნივერსიტეტის პროფესორები, პოლ ტაგერტი და ალეკს სჩერბიაკი თავიანთ სტატიაში „ევროსკეპტიციზმის პარტიული პოლიტიკა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ სახელმწიფოებში“ (Taggart & Szczerbiak, 2002), ევროსკეპტიციზმის ორნაირ გაგებას გვთავაზობენ; ავტორების მიხედვით, უკიდურესი ევროსკეპტიციზმი ევროპული იდეის სრულ უგულებელყოფას გამოხატავს, შედარებით მარტივ ფორმებში ევროსკეპტიციზმი კი მხოლოდ ევროპულ პოლიტიკისა და ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებს აკრიტიკებს. ბრიტანიკის ენციკლოპედიის განმარტებით, ევროსკეპტიციზმი ეს არის:  „ევროპული პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირისგან გათავისუფლებას. ევროსკეპტიკოსი პოლიტიკური პარტიები, ძირითადად, პოპულისტური ხასიათის არიან და ზოგადად მხარს უჭერენ მკაცრ საიმიგრაციო კონტროლს, ევროკავშირის ბიუროკრატიული სტრუქტურის დემონტაჟსა და გამარტივებას.” (Euroskepticism, Encyclopaedia Britannica)

ევროსკეპტიციზმის გამომწვევი მიზეზები

         ევროსკეპტიციზმი ევროკავშირის სხვადასხვა წევრ ქვეყნებში შეიძლება ძალზედ განსახვავებული მიზეზების გამო იყოს გამოწვეული. ამრიგად, საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. თუმცა, ევროსკეპტიციზმზე საუბრისას, ცალკეული ავტორები მაინც ახდენენ იმ ფაქტორების ზოგად ფორმულირებას, რომლებიც პირდაპირ იწვევენ ევროსკეპტიციზმის გამწვავებას. ჯულიეტ ალიბერტი თავის ნაშრომში „ევროსკეპტიციზმის საფუძვლები და მისი მოგვარების გზები“ (Alibert, 2016) ევროსკეპტიციზმის გამომწვევ 2 ძირითად ფაქტორს გამოჰყოფს, ესენია: სტრუქტურული და მოკლევადიანი ფაქტორები.

          სტრუქტურულ ფაქტორში მოიაზრება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული სპეციფიკა და საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობები ევროკავშირის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ევროსკეპტიციზმს, სტრუქტურული ფაქტორიდან გამომდინარე, ასევე შეიძლება იწვევდეს ევროკავშირის უუნარობა, საზოგადოებაში მოიპოვოს და შეინარჩუნოს მასიური მხარდაჭერა. ამასთან, ევროკავშირი ნაკლებად ცდილობს ხოლმე, პრო–ევროპული გრძნობების გაღვიძებას თავის მოსახლეობაში. მისი ინსტიტუტების საქმიანობა კი ხშირად აძლევს ევროსკეპტიკოსს პარტიებს იმის საბაბს, გააკრიტიკონ კავშირის საქმიანობა. ევროსკეპტიკოსების არგუმენტებს ხშირად ამყარებს ევროკავშირის რთული ბიუროკრატიული სისტემა. პოპულისტი პარტიების მხრიდან ხშირად ისმის აპერლირება ევროკავშირში დემოკრატიის დეფიციტზე, მოქალაქეებისადმი კომუნიკაციის ნაკლებობასა და ევროკავშირის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარვეზებზე. (Alibert, 2016)

          ევროსკეპტიციზმის გამომწვევ მოკლევადიან ფაქტორებში ალიბერტი მოიაზრებს ცალკეულ ეკონომიკურ კრიზისებს, რომლებიც თავის მხვრივ პოპულისტური პარტიების ზრდას უწყობს ხელს. (Alibert, 2016) ევროპაში აღინიშნება ტენდენცია, რომ ეკონომიკური კრიზისების დროს, ევროკავშირის მოქალაქეები კრიზისში ბრალს სწორედ ევროკავშირს სდებენ ხოლმე. კრიზისის შემდგომ კი, ხშირია ევროკავშირის მხარდაჭერის კლება მოსახლეობაში.

           მოკლევადიან ფაქტორებში ასე შეიძლება განვიხილოთ მედია სისტემა და პოლიტიკური დისკურსები, რომლებიც ხელს უწყობენ ევროსკეპტიციზმის გამწვავებას, თუმცა აღნიშნული ფაქტორი ძალიან ინდივინდუალურია თითოეული წევრი ქვეყნის მაგალითზე. ავტორს მოჰყავს საფრანგეთის მაგალითი, სადაც ევროპული ინტეგრაციის პროცესი არ არის საფრანგეთის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი და ძალიან ცოტა პოლიტიკოსი ამახვილებს ყურადღებას თავის გამოსვლებში აღნიშნულ პროცესზე. (Alibert, 2016) რაც შეეხება მედიას, მედიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში არსებული განწყობების ფსიქოლოგიური ანალიზის დროს. უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები იღებენ გონივრულ გადაწყვეტილებებს, ინფორმაციის არქონის მიუხედავად.

           ევროსკეპტიციზმის მიზეზად ასევე შეიძლება დავასახელოთ ის, რომ ცენტრალური ევროპა საკმაოდ მოწყვლადია პოპულიზმის მიმართ. “ძველი ევროპისგან” განსხვავებით, ევროსკეპტიციზმი კვლავ პოპულარულია “ვიშეგრადის ოთხეულში” – ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი. თუმცა ამ სახელმწიფოთა ევროსკეპტიციზმს რეგიონისთვის სპეციფიკური პოლიტიკური და ეკონომიკური ახსნა გააჩნია. (Gegelia, 2016) ის, რომ დღესდღეობით ევროსკეპტიციზმი საკმაოდ გავრცელებულია ცენტრალურ ევროპაში, საერთოდ არ არის გასაკვირი. თუ ისეთ დიდ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია, არ ძალუძთ თავი დაიცვან პოპულისტური ზეგავლენებისგან, საერთოდ არ არის გასაკვირი რომ ამას ვერ ახერხებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სლოვაკეთი ან თუნდაც ჩეხეთი.

ბრექსიტის გავლენა ევროსკეპტიციზმზე

        ისტორიული რეფერენდუმიდან სამ წელიწად-ნახევრის შემდეგ, 2020 წლის 31 იანვარს, გრინვიჩის დროით საღამოს 11 საათზე დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა. ისტორიული მომენტი Brexit-ის მომხრეებმა ლონდონში, პარლამენტთან აღნიშნეს. მოვლენამ ბრიტანეთის დედაქალაქის მოსახლეობის განწყობები კვლავ ორად გაყო. Brexit-ის მომხრეების პარალელურად, Brexit-ის მოწინააღმდეგეებიც შეიკრიბნენ ევროკავშირის დროშებით და ქუჩაში სანთლები დაანთეს. (BBC News, 2020)

          პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პირობა დადო, რომ იგი ქვეყანას გააერთიანებს და წინ წაიყვანს. ტვიტერის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ჯონსონი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანისთვის ეს არის იმედის წუთი და “წუთი, რომელიც ეგონათ, რომ არასოდეს დადგებოდა”. დიდი ბრიტანეთის დროშა უკვე ჩამოხსნეს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს შენობებიდან. ამის შემდეგ იწყება 11-თვიანი გარდამავალი, იგივე ტრანზიტული პერიოდი, რა დროსაც ბრიტანეთი გააგრძელებს ევროკავშირის ბიუჯეტში ფულის შეტანას და ვალდებულებების შესრულებას. (BBC News, 2020)

         ძალიან ბევრს მიაჩნდა, რომ Brexit-ს ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებზე ერთგვარი დომინოს ეფექტი ექნებოდა და ევროკავშირიდან გასვლის სურვილს სხვა ქვეყნებიც გამოხატავდნენ. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, ევროკავშირის დაშლისა და საერთოევროპულ კრიზისამდე მივიდოდა. Brexit-ის  რეალური განხორციელება ბევრისთვის აღიქმებოდა როგორც ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი.  თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ნეგატიური მოლოდინები ბოლომდე არ გამართლებულა. ამას ადასტურებს ევროპის მასშტაბით ჩატარებული არაერთი სოციოლოგიური გამოკითხვა. ევროკავშირიდან გამოყოფის სურვილის გაძლიერების ნაცვლად, Brexit-ის შემდეგ ევროპაში ბევრის გასაკვირად ევროკავშირის მხარდამჭერი ენერგია გაძლიერდა.

         მეტი თვალსაჩინოებისთვის ყურადღებას გავამახვილებთ 2 სოციოლოგიურ გამოკითხვაზე. 2016 წლის 7 ივნისს, ბრექსიტის რეფერენდუმამდე რამდენიმე კვირით ადრე, Pew Research Centre-მა გამოაქვეყნა ევროპის მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევა ევროკავშირის მიმართ. 10 ქვეყნიდან გამოკითხულთა 51% დადებითი შეხედულების იყო ევროკავშირის მიმართ. ამ გამოკითხული 10 ქვეყნის მოსახლეობის 42% -ს სურდა, რომ მეტი ძალაუფლება დაუბრუნდეს საკუთარ დედაქალაქებს, მხოლოდ 19%–მა დაუჭირა მხარი ბრიუსელის უფრო მეტ ძალაუფლებას, ხოლო გამოკითხულთა 27% კი მხარს უჭერს სტატუს კვოს. (Pew Research Centre, 2016)

          ანალოგიური კვლევა გამოაქვეყნა იგივე ცენტრმა 2017 წლის 15 ივნისს, ბრიტანეთის ისტორიული რეფერენდუმიდან ზუსტად ერთ წელში. გამოიკითხა ევროკავშირის 10 წევრი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი. მათმა უმრავლესობამ, მათ შორის 74% პოლონეთში, 68% გერმანიაში, 67% უნგრეთში და 65% შვედეთში, კვლავ დააფიქსირა დადებითი განწყობა ევროკავშირის მიმართ. რეფერენდუმიდან ერთ წელში კი, ევროკავშირის მიმართ გაწნყობების ცვლა შემდეგნაირად გამოიყურება: პოზიტიური მაჩვენებლის 18%–იანი ზრდა დაფიქსირდა გერმანიასა და საფრანგეთში, ესპანეთში 15%–იანი ზრდა, ნიდერლანდებში 13%–იანი ზრდა და დიდ ბრიტანეთში – 10%–იანი ზრდა. (Pew Research Centre, 2017)

         დამატებით შეიძლება ითქვას, რომ გამოკითხული 10 ქვეყნის მოსახლეობის 70% ფიქრობს, რომ Brexit-ი ევროკავშირისთვის ცუდი შედეგების მომტანი იქნება. ეს მოიცავს შვედების 86%, ჰოლანდიელთა 80% და გერმანელთა 74%. აღსანიშნავია, რომ ფრანგების 36% და იტალიელთა 26% ამბობს, რომ გაერთიანებული სამეფოს დატოვება კარგი იქნება კავშირისთვის. ბრიტანელები, თავის მხრივ, კვლავ იყოფიან: 44% თვლის, რომ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა ქვეყნისთვის კარგი იქნება; 48% კი აფიქსირებს აზრს, რომ ეს ცუდი იდეაა. (Pew Research Centre, 2017)

           Brexit-ი, როგორც ისტორიული მოვლენა, შეიძლება ჩაითვალოს ევროსკეპტიციზმის იდეის წარმატებად. თუმცა, როგორც ზემოთ აღნიშნულმა ორმა კვლევამ ძალიან მკაფიოდ აჩვენა, Brexit-ს  არ ჰქონია ისეთი აპოკალიფსური შედეგები, როგორც ამას ბევრი ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირიდან გამოსვლით ბრიტანეთმა ოფიციალურად განუცხადა უარი ევროპულ ინტეგრაციას, ნიშანდობლივია, რომ ქვეყანა კვლავაც რჩება დასავლური ფასეულობებისა და იდეების ერთგულად, რომელსაც იგი ევროკავშირში გაწევრიანებამდეც მრავალი წელი იზიარებდა.

დასკვნა

          ევროსკეპტიციზმი საკმაოდ კომპლექსური საკითხია. მას ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში შეიძლება ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავებული მიზეზები იწვევდეს. ევროსკეპტიციზმის პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს როგორც ეკონომიკურმა კრიზისებმა, ასევე პოლიტიკურმა დისკურსებმა და  ევროკავშირის უუნარობამ, საზოგადოებაში მოიპოვოს და შეინარჩუნოს მასიური მხარდაჭერა.

          ეჭვგარეშეა, რომ დღესდღეობით ევროკავშირს თავისი ისტორიის განმავლობაში ერთ–ერთი ყველაზე რთული პერიოდი აქვს და მომავალში მნიშვნელოვანი გამოწვევები ელის. ფაქტობრივად, ევროკავშირს გამოცდის ეპოქა დაუდგა. კერძოდ, მას ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის დაძლევა მოუწევს: ერთის მხვრივ, აუცილებელია შიდა სტაბილურობის შენარჩუნება, ეკონომიკური წესრიგის უზრუნველყოფა, ხოლო მეორეს მხვრივ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია ბრძოლა ისეთ საფრთხეებთან, როგორიცაა შრომითი მიგრაციები ევროპაში, ეკონომიკური დაღმავლობა, საგარეო კონფლიქტები და ამასთან, ევროსკეპტიციზმის ზრდა. ამ ყოველივეს ძალზედ ართულებს ის ფაქტი, რომ საგარეო და საშინაო პრობლემები ხშირ შემთხვევაში ძალზედ გადაჯაჭვულია ხოლმე ერთმანეთთან.

          ბრიტანეთის ისტორიული რეფერენდუმი და საბოლოო ჯამში Brexit-ი დიდი წარმატებაა ევროსკეპტიკოსი პარტიებისა და ზოგადად, ევროსკეპტიციზმის იდეისთვის. ამასთანავე, ალბათობა ცალკეულ ქვეყნებში, მსგავსი რეფერენდუმის, მსგავსი შედეგებით ჩატარებისა, კვლავ საკმაოდ მაღალია. თუმცა, ბრიტანეთის ისტორიულ რეფერენდუმს ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით არ ჰქონია დომინოს ეფექტი ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებზე, და  ევროკავშირიდან გამოყოფის სურვილის გაძლიერების ნაცვლად, Brexit-ის შემდეგ ევროპაში, ბევრის გასაკვირად, ევროკავშირის მხარდამჭერი ენერგია გაძლიერდა. შესაბამისად, Brexit-ის შედეგები ევროპისთვის აპოკალიფსური ნამდვილად არ ყოფილა.

        საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ევროკავშირი მოზღვავებულ ევროსკეპტიციზმის ტალღას, თავის სასარგებლო ახალ შესაძლებლობად გადააქცევს, შესაძლებელია Brexit-ით გამოწვეული კრიზისი მომავალში არა მის დასასრულის დასაწყისად, არამედ გადამრჩენელ მოვლენად აქციოს.

 

ავტორი: მარიამ სირაბიძე

 

ბიბლიოგრაფია

 

  1. Alibert, J. (2016). Euroscepticism: the root causes and how to address them. Heinrich-Böll-Stiftung European Union.
  2. BBC News. (31 January 2020). Brexit: The UK has officially left the EU – what happens next?
  3. Ge. (1 February 2020). დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა.
  4. Gegelia, D. (10 August 2016). Forbes Georgia. “დასავლეთის დასასრული”? Retrieved 18 May 2020, from: https://forbes.ge/news/1561/dasavleTis-dasasruli-დან
  5. Pew Research Centre. (6 June 2016). Euroskepticism Beyond Brexit. Retrieved 5 May 2020 from https://www.pewresearch.org/global/2016/06/07/euroskepticism-beyond-brexit/
  6. Pew Research Centre. (15 June 2017). Post-Brexit, Europeans More Favorable Toward EU. Retrieved 5 May 2020 from https://www.pewresearch.org/global/2017/06/15/post-brexit-europeans-more-favorable-toward-eu/
  7. Ray, M. (Encyclopaedia Britannica). Retrieved 10 May 2020 from Encyclopaedia Britannica: https://www.britannica.com/topic/Euroskepticism#accordion-article-history
  8. Taggart, P., & Szczerbiak, A. (2002). The Party Politics of Euroscepticism in EU Member and Candidate States. European Consortium for Political Research .

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *