ევროკავშირის ერთიანი სასოფლო პოლიტიკა და ფერმერები ევროკავშირში

ფერმერები ევროკავშირში
ფერმერები ევროკავშირში

ავტორი: ნინო აროშიძე

 

     ყველასათვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარება ქვეყნების ეკონომიკური ზრდისათვის. თავად სექტორიც მსოფლიოს განვითარებასთან ერთად  მუდმივად განიცდის ცვლილებებს, ვითარდება, იხვეწება და კიდევ უფრო პერსპექტიული ხდება ამა თუ იმ სახელმწიფოსათვის. ამას გარდა, სოფლის მეურნეობა და მასთან დაკავშირებული საქმიანობები გამოირჩევადიდი რაოდენობისა და  მრავალფეროვანი  სამუშაო ადგილების შექმნით.   ეს პროცესი ერთგვარი ჯაჭვია და მისი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირები არიან ფერმერები. მათ  უდიდესი როლი აქვთ სოფლის მეურნეობის განვითარებაში, გარემოს დაცვით საკითხებში, ბიო-მრავალფეროვნების შენარჩუნება-შექმნაში,  სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციაში და ასე შემდეგ. ამ ყოველივეს შესაბამისად, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილესი ბაზრის, ევროკავშირის, ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო  გახლავთ, სწორედ, სოფლის მეურნეობა და მასში მომუშავე ფერმერები.  ევროკავშირს შემუშავებული აქვს საკუთარი,საერთო   პოლიტიკა ამ სფეროს მიმართ, რომელიც მრავალ წელიწადს ითვლის. ამას გარდა, არც ისე პატარაა ევროკავშირში მცხოვრები საზოგადოების  აქტიური ჩართულობა სოფლის მეურნეობაში ამიტომ ლოგიკურია ევროკავშირის მხრიდან ამგვარი ინტერესი. მაგალითად,  2015 წელს ეროვნული ანგარიშების მიხედვით 10 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული სასოფლო-სამეურნეო სექტორში ევროკავშირში, რაც შედგენდა 4,4 %-ს  დასაქმების მთლიანი მაჩვენებლის. რაც შეეხება მასშტაბებს, 2016 წელს ევროკავშირის ტერიტორიაზე 10,5 მილიონი ფერმა(მეურნეობა) იყო და 173 მილიონი ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყო გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის, რაც ევროკავშირის მიწის ფართობის 39 %- ს შეადგენდა.  [1]

         რეფერატის მიზანია, დავადგინოთ თუ როგორია ევროკავშირის საერთო ინტეგრაციული პოლიტიკა სოფლის მეურნეობის  მიმართ და ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია ამ სფეროში მომუშავე ადამიანებზე; თუ როგორია  მათი ყოველდღიური ჩართულობა სოფლის ეკონომიკაში, რა სოციალური მახასიათებლებით გამოირჩევიან ისინი, რა ტენდენციები და გამოწვევები შეიმჩნევა თავად დარგში და ასე შემდეგ.

ევროკავშირის ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა

           ევროკავშირის არსებული პოლიტიკებიდან, მისი ექსკლუზიური და პრიორიტეტული სფეროებიდან, ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობის პოლიტიკა. ერთიანი  სოფლის მეურნეობის პოლიტიკა საფუძვლიანად რეფორმირდა  ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში. ეს  მოდერნიზება კი გამოიხატა იმაში, რომ იგი  გახდა უფრო ბაზარზე ორიენტირებული, ვიდრე იყო წარსულში. მან განიცადა  საბიუჯეტო, ეკონომიკური, ეკოლოგიური და ტერიტორიული ცვლილელები. თუმცა   ისეთ გამოწვევებზე როგორიცაა, სურსათის უვნებლობა, კლიმატური ცვლილებები,სოფლის მეურნეობის წილის ზრდა, სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნა და სხვ. კვლავ გამოწვევებად რჩება ევროკავშირისთვის და საჭიროებს ინტენსიურ რეაგირებასა და მიზნობრივ მუშაობას.

         ევროკავშირის ერთიანი  სოფლის მეურნეობის პოლიტიკა (CAP)  დაარსდა 1962 წელს და მასში მოიაზრება პარტნიორობა სოფლის მეურნეობასა და საზოგადოებას შორის, ევროკავშირსა და მის ფერმერებს შორის. იგი არის საერთო და აუცილებელი ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოსათვის, მისი გაკონტროლება, მართვა და დაფინანსება ხდება  ევროკავშირის დონეზე და მისი ბიუჯეტიდანვე გამოიყოფა საჭირო ფინანსური რესურსი.

          სოფლის მეურნეობა ერთი მხრივ ძალზე ღირებული და მნიშვნელოვანი  ბიზნესია, თუმცა მეორე მხრივ იგი მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება. სპეციფიკური განსხვავებები შეიმჩნევა მასსა და სხვა  ტიპის  ბიზნესებს შორის. მაგალითისათვის,  ყველა თანხმდება იმაზე, რომ სურსათის წარმოება და მეურნეობა ძალზე მომგებიანი და მიმზიდველია,  თუმცა ფერმერთა შემოსავალი დაახლოებით 40 % – ით ნაკლებია ვიდრე არასასოფლო ბიზნესების შემოსავლები[2].ამას გარდა, ამ სფეროს დინამიკას აფერხებს ის ფაქტი, რომ  სოფლის მეურნეობა შედარებით მეტად არის  დამოკიდებული  ამინდზე და კლიმატზე, ვიდრე სხვა ბიზნეს სექტორები. ამ სფეროში ცვალებადი მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთობის დარეგულირება ბევრად უფრო კომპლექსურია  და დიდი ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. ამაში იგულისხმება, რომ რაღაც კონკრეტულ პერიოდში გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება, იქნება ეს პირობითად   ხორბალზე თუ რაიმე სხვა საკვებ პროდუქტზე, შეიძლება ფერმერს იმწამსვე გაუჭირდეს. მას  სჭირდება გარკვეული დრო ,გონივრულად მოახერხოს მიწოდება და დააკმაყოფილოს მოთხოვნა. ფერმერებისთვის ასევე  უდიდესი გამოწვევაა ეკოლოგიურად სუფთა და მდგრად გარემოში მუშაობა,ასევე ჯანსაღი  ნიადაგისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. ამიტომ ამ ყველაფრის არ გათვალისწინება და არასწორად მოქმედება შეიძლება მომავალში ძვირად დაუჯდეს მას.

 

ევროკავშირის ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიზნები

 

       ევროკავშირის ერთიანი  სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მთავარი  მიზნებია : ხელი შეუწყოს ფერმერებს  ყოველმხრივ  და გააუმჯობესოს სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა; უზრუნველყოს საჭირო  პროდუქტის სტაბილური მიწოდება; ხელი შეუწყოს ფერმერთა ღირსეულ ცხოვრებას; კლიმატის ცვლილებისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად მართვის საკითხებში დახმარების გაწევა;ევროკავშირის მასშტაბით მთავარი სასოფლო  ლანდშაფტების შენარჩუნება; სოფლის მეურნეობისა და სოფლის მრეწველობასთან დაკავშირებულ სექტორებში სამუშაო ადგილების პოპულარიზება; ზემოთჩამოთვლილი მიზნები, ფაქტობრივად, არის ევროკავშირის პოლიტიკური ამ სფეროს პოლიტიკურ-ეკონომიკური ასპექტები, რომელსაც ეროვნულ დონეებზე ავალდებულებს წევრს სახელმწიფოებს.

ფერმერები ევროკავშირში

        ევროკავშირის მოსახლეობა, შეიძლება ითქვას, რომ აქტიურად არის ჩართული სოფლის მეურნეობაში. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი  იყო დასაქმებული ამ სფეროში ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან 2016 წლის მონაცემებით. ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, თანამედროვე პერიოდში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შემდგომ შეიცვლებოდა, თუმცა უნდა გამოვყოთ რომ 2015 წლის მონაცემებით 72,8 %  დასაქმებული მუშახელიდან  კონცენტრირებული იყო ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა : იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, გერმანია, რუმინეთი, პოლონეთი. [3]ჩემი აზრით, ეს ქვეყნები გამოირჩევიან  და დაწინაურებულები არიან ამ სფეროში იმ მიზეზით, რომ გარდა იმისა, რომ ბუნებრივად უმრავლესობას ახასიათებს  მიწების  და ნიადაგის სიუხვე,  სოფლის ინფრასტრუქტურის გამართულობა  და განვითარება,რეალურად მათ ევროკავშირში გაწევრიანების შემდგომ ძალზე აქტიურად შეიმუშავეს და განახორციელეს რეფორმები. ვფიქრობ,რომ მათ მოახერხეს ამ ჰარმონიზებული  პოლიტიკის  დარგობრივი განვითარება, დადეს ინოვაციური და ტექნოლოგიური პროგრესი,  მიზნად დაისახეს მიწის რეფორმის დანერგვას და ფეხი აუწყვეს საერთო ბაზრის ლიბერალიზაციას.

 

ევროკავშირში დასაქმებულ ფერმერთა სოციალური მახასიათებლები

         ევროკავშირში სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებზე საუბრისას საყურადღეობა მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ჩართულობა ამ სექტორში. ამ მხრივ კვლევები ადასტურებს , რომ 2016 წლის მონაცემებით  სოფლის მეურნეობაში მომუშავე ქალების  წილი ბევრად ნაკლები იყო ვიდრე მთლიანი სამუშაო მოსახლეობის წილი (35,1% 45,9% -თან შედარებით ) შესაბამისად, უნდა მოხდეს ამ გამოწვევის დაძლევა,რადგანაც ევროკავშირისათვის ასეთი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის საკითხი.  მათი მოწოდებაა, რომ მაქსიმალურად თანაბრად იყოს გადანაწილებული ორივე სქესის წარმომადგენელთა ძალები თითქმის ყველა სფეროში, რათა არ მოხდეს დისკრიმინაცია და რომელიმე სქესის დომინანტი სამუშაო ძალის გამოყოფა საზოგადოებაში. ამას ხაზს უსვამს ის ფაქტიც, რომ ფერმის მენეჯერებიც, რომლებიც მთავარი გადაწყვეტილებების და ფერმერობის პროცესის წამმართავი პიროვნებები არიან , ძირითადად არიან დიდი ასაკის მამაკაცები . 2016 წლის  სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ფერმის მენეჯერების ყოველი ათიდან შვიდი (71,5 %)  იყო მამაკაცი და უმრავლესობა  55 წელს გადაცილებული[4]. მიმაჩნია, რომ საჭიროა ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან ქალთა სურვილისა და ინტერესის გაძლიერება ამ სფეროს მიმართ.ეს, სავარაუდოდ, უნდა მოხდეს საინტერესო და მრავალფუქნციური ტრენინგებისა და სწავლების საფუძველზე. უნდა მოხერხდეს  მათი მოზიდვა ინოვაციური და სარგებლიანი პროექტების ხარჯზე. აუცილებელია ადგილი ჰქონდეს  მათი სრულფასოვნად ინფორმირებას კონკრეტული დარგებისა და საქმიანობების შესახებ.  შედეგად უნდა გამოჩნდეს  მათი ჭეშმარიტი დაინტერესება და დასაქმების გულწრფელი სურვილი. რა თქმა უნდა, სამუშაო გარემო, საქმის სპეციფიკა და ანაზღაურება უნდა იყოს მათთვის ადაპტირებული და მისაღები.

რაც შეეხება ფერმერთა საშუალო განათლების დონის მაჩვენებლებს, 2016 წლის ანალიზით სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანების ნახევარი აღწევს განათლების საშუალო დონეს.  სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანების განათლების დონე მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა მთლიანად დასაქმებული  მოსახლეობის ერთიანი მაჩვენებლისგან.   მაშინ როცა 17,9 % -ს დასაქმებული მოსახლეობისა ჰქონდა მიღებული დაბალი დონის განათლება, სოფლის მეურნეობაში მომუშავე ადამიანებისათვის პროპორცია იყო 40,7 %. . მათი წილი ვინც მიიღო საშუალო განათლება  ორივე მაჩვენებელში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებში  და ზოგადად დასაქმებულთა ერთიან მაჩვენებელში,  იყო თითქმის ერთნაირი. ( 48 %;

50,2 %)  ხოლო მთლიანად მომუშავე მოსახლეობის 33,9 %- მა დაამთავრა უმაღლესი სასწავლებლები და მიიღო მაღალი დონის განათლება, როცა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულების 8,9 %- მა შეძლო ეს. [5]

დასკვნა

       საბოლოოდ, სოფლის ეკონომიკა ეს არის შესაძლებლობების ზღვა და კაპიტალის დაგროვების საშუალება ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. სამუშაო ადგილების არსებობა-შექმნა, რომელიც სასიცოცხლოა ქვეყნების ეკონომიკისათვის პირდაპირ კავშირშია სოფლის მეურნეობის განვითარებასთან. რადგან ახალი ტექნოლოგიები, ინოვაციები, მრავალფეროვანი პროდუქტები, ამ პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა, კონკურენცია, ასეთი გლობალიზაციის პირობებში სწრაფი კავშირი მსოფლიოსთან და სხვადსხვა ეფექტური სასწავლო პროგრამების არსებობს,ეს ყოველივე უნდა მოვიაზროთ,როგორც ეფექტური ბერკეტი სამუშაო ადგილების ზრდისათვის და მისი შენარჩუნების გარანტიისთვის.

        ევროკავშირს ეს ყველაფერი დეტალურად აქვს შესწავლილი და ამიტომაც ანიჭებს ამხელა მნიშვნელობას ამ სფეროს. ამავდროულად, ეს არის სფერო , რომელიც მუდმივად ხასიათდება მრავალგვარი გამოწვევით. გამოწვევათა  რიცხვს მიეკუთვნება კონკურენციის გამწვავებები, ბაზრების არმდგრადობა, ფასთა არასტაბილურობა,  მიწოდებისა და მოხმარების განსხვავებული ტენდენციები, კლიმატური ცვლილებები, ბუნებრივი რესურსები, ეკოლოგია, მუშახელის პროფესიონალიზმი და ამგვარი უამრავი ფაქტორი.

       მიუხედავად ყველაფრისა, ევროკავშირს აქვს პრეტენზია შეინარჩუნოს უპირობო ლიდერობა რეგიონში, კონტინენტზე სოფლის მეურნეობის ბიზნესში. იგი თავისი კონკურენტუნარიანი და მასშტაბური ბაზრის შესაბამისად, მუდმივად მოქმედებს. ის სტაბილურად ავითარებს პოლიტიკური გზამკვლევს და ქმნის  ერთგვარ ჩარჩოს ,რომელიც ხორცს შეასხამს ამ ამბიციას და სურვილებს.

         ევროკავშირისთვის პრიორიტეტულია სოფლის სოციალურ-ეკონომიკური ფონის მუდმივი ანალიზი და კონტროლი. მას ეს  ყოველივე უღირს, რათა შექმნას კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციული, ჰარმონიზებული, ლიბერალური სოფლის მეურნეობის სექტორი. ამიტომაცაა , რომ იგი არ იშურებს პრაქტიკაში განახორციელოს მრავალგანზომილებიანი სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები, რომლისთვისაც საკუთარი ბიუჯეტიდანაც არ ზოგავს მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხებს.  იგი მოუწოდებს წევრ ქვეყნებსაც , ფოკუსირდნენ ყველა იმ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ასპექტებზე , რომელიც პირდაპირ გვლენს ახდენს სოფლის მეურნეობაზე. განსაკუთრებით კი,  მის ისეთ სფეროებზე როგორიცაა, სოფლის მეურნეობის ყველა სპეციალიზირებული დარგი, გარემოს დაცვა, საკვები პროდუქტები, სურსათის უვნებლობა, გარემო, ვაჭრობა, ფასების ფიქსაცია და სხვა მრავალი.

       ერთიანი სასოფლო პოლიტიკის შემუშავებით კი , იგი თავს უყრის ყოველივეს ზემოთ ხსენებულს და ,ჩემი აზრით ,ქმნის ერთ-ერთ ყველაზე სამაგალითო და შედეგის მომცემ ჩარჩოს.ჩარჩორს,რომელიც ორგანიზებულად და რაციონალურად მართავს სექტორში მიმდინარე მოვლენებს, რომელიც დიდი მასშტაბურობითა და ტემპებით გამოირჩევა, რადგან უმსხვილესია თავად ბაზარი ევროკავშირში.  შესაბამისად, მის მიერ გაწეული სამუშაო არასოდეს უსვამს საბოოლოო წერტილს მიმდინარე პროცესებს და მუდმივად ცოცხლად  რეაგირებას.  მიუხედავად უამრავი პრობლემისა, მიმაჩნია რომ ,ევროკავშირი როგორც მძლავრი ინსტიტუციური, ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაცია უფროსს ხშირად არ უშინდება გამოწვევებს და ხანგრძლივი დროით არ ჩერდება.

 

[1] file:///C:/Users/MYCOMPUTER/Downloads/11907_5.Agriculture,%20forestry%20and%20fishery%20statistics.pdf

[2] https://ec.europa.eu/info/food-farming-fisheries/key-policies/common-agricultural-policy/cap-glance

[3] file:///C:/Users/MYCOMPUTER/Downloads/11907_5.Agriculture,%20forestry%20and%20fishery%20statistics.pdf

[4] file:///C:/Users/MYCOMPUTER/Downloads/11907_5.Agriculture,%20forestry%20and%20fishery%20statistics.pdf

[5] file:///C:/Users/MYCOMPUTER/Downloads/11907_5.Agriculture,%20forestry%20and%20fishery%20statistics.pdf

 

ბიბლიოგრაფია

(n.d.). Retrieved from https://www.farm-europe.eu/

commission, e. (2013, july ). How many people work in agriculture in the European Union?

eurostat. (2017 , december ). Agriculture, forestry and fishery statistics. luxembourg.

eurostat. (2018 , november ). Farmers and the agricultural labour force -statistics.

Farmers and the agricultural labour force – statistics. (2018, november). Retrieved from eurostat: https://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php/Farmers_and_the_agricultural_labour_force_-_statistics

The common agricultural policy at a glance. (n.d.). Retrieved from european commission: https://ec.europa.eu/info/food-farming-fisheries/key-policies/common-agricultural-policy/cap-glance

 

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *