ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წარმატების მიზეზები
კონსერვატიული პარტია ბრიტანეთის უძველესი და ყველაზე წარმატებული პოლიტიკური პარტიაა. ისტორიის მანძილზე, კონსერვატიული პარტია, ერთდროულად იყო როგორც, პატარა ინგლისის, ამასთანავე იმპერიის პარტიაც, პროტექციონიზმის და თავისუფალი ბაზრის პარტია; პარტია რომელმაც დაუჭირა მხარი ერთსქესიანთა ქორწინებას; და ბოლოს, იგი იყო ერთიანი ევროპის პარტია და ასევე პარტია, რომელმაც დაუშვა Brexit-ი. უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში, ბრიტანეთში დემოკრატიის ჩამოყალიბების პარალელურად, კონსერვატორები ქვეყნის სათავეში ყოველთვის მოდიოდენ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე კოალიციური მთავრობის გზითაც. ამის მისაღწევად მათ ყოველთვის უწევდათ მუშათა კლასის ამომრჩევლების მხრიდან მხარდაჭერის მოპოვება, რასაც ყოველთვის საკმაოდ კარგად ართმევდნენ თავს. უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში კონსერვატიულ პარტიას მარცხიც განუცდია, თუმცა ისინი ყოველთვის ბრუნდებოდნენ. ამასთან, 2016 წლის ისტორიული რეფერენდუმიდან დღემდე პრემიერ-მინისტრობაში ერთმანეთს ენაცვლებიან კონსერვატიული პარტიის ლიდერები. კონსერვატიული პარტიის მსგავსი წარმატება ხშირად საგონებელში აგდებდა ოპონენტებს და მუდმივად ტოვებდა კითხვას, თუ როგორ ახერხებს კონსერვატიული პარტია სხვა მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების არსებობის პარალელურად, მოიპოვოს გამარჯვება არჩევნებში, ან რა ანიჭებს მათ უპირატესობას და პრივილეგიებს სხვა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტიებზე? მოცემულ ნაშრომში წარმოდგენილია მცდელობა პასუხი გაეცეს ამ კითხვებს.
კონსერვატიული პარტიის ისტორიის მოკლე მიმოხილვა
კონსერვატიული პარტია (ოფიციალური სახელია „კონსერვატიული და იუნიონისტური პარტია) არის მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია. კონსერვატორები თავიანთი პარტიის დაარსების თარიღად ხშირად ასახელებენ 1834 წელს, როდესაც სერ რობერტ პილმა „ტორების“ პარალელურად თავისი პარტიის სახელად პირველად გამოიყენა სიტყვა „კონსერვატიული“ (conservative). (Gachechiladze, 2016) რეალურად კი პარტია, როგორც ასეთი, ოფიციალურად გაფორმდა 1870 წელს და მას შერჩა ტორების მეტსახელი.
კონსერვატიული პარტიის იდეოლოგიის თანახმად, უნდა შენარჩუნდეს მეფის ინსტიტუტი და ბრიტანეთის კონსტიტუცია; უნდა წახალისდეს პირადი პასუხისმგებლობა და კერძო საკუთრების უფრო ფართო გავრცელება; საჭიროა დახმარება მათთვისაც, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს; უზრუნველყოფილი უნდა იქნეს წესრიგი და კანონის პატივისცემა; ასაწევია განათლების დონე და მშობლებს უნდა ჰქონდეთ არჩევანი – მისცენ თავიანთ შვილებს ისეთი განათლება, რომელიც მათ საჭიროდ მიაჩნიათ; გასაძლიერებელია ბრიტანეთის თავდაცვისუნაარიანობა, უნდა შენარჩუნდეს მისი ინტერესები საზღვარგარეთ და გაიზარდოს იქ ბრიტანული გავლენა. (Gachechiladze, 2016)
ბევრი წარმატების მიუხედავად, კონსერვატიულ პარტიასაც ჰქონდა ჩავარდნები. 1997 წლის 1 მაისის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატიულმა პარტიამ თავისი ოფიციალური დაარსების დღიდან უმძიმესი მარცხი განიცადა; მან სულ 165 წევრი გაიყვანა თემთა პალატაში, როდესაც ლეიბორისტებმა – 418. შოტლანდიისა და უელსის საარჩევნო ოლქებში კონსერვატორებმა კანდიდატი საერთოდ ვერ გაიყვანეს. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ ის, რაც კონსერვატორებისთვის უდიდესი მარცხი იყო, ლეიბორისტებისთვის უდიდესი გამარჯვება აღმოჩნდა: მათ არასოდეს ჰყოლიათ პარლამენტში 418 წევრი. (Gachechiladze, 2016) 1997 წლის 1 მაისის არჩევნები მნიშვნელოვანია რადგან წინა 18 წლის განმავლობაში, 1979 წლიდან ბრიტანეთს სტაბილურად კონსერვატორები მართავდნენ. 1997 წლის არჩევნები კი ნათელი სურათი იყო იმისა, რომ ხალხი ერთი და იგივე პოლიტიკური სახეებით დაიღალა და ცვლილებას დაუჭირა მხარი.
კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2005-2016 წლებში იყო დევიდ კამერონი, რომელიც საკმაოდ კარგი ორატორი იყო, თუმცა ნაკლებად წინდახედული ლიდერი. სწორედ კემერონმა დანიშნა 2016 წლის 23 ივნისს ისტორიული რეფერენდუმი ევროკავშირში გაერთიანებული სამეფოს დარჩენის შესახებ და საბოლოო ჯამში, თავისი სურვილის საწინააღმდეგო შედეგი მიიღო და თანამდებობიდან გადადგა. კემერონის გადადგომის შემდეგ პარტიის ლიდერად და შემდგომ პრემიერ-მინისტრად ტერეზა მეი დაინიშნა. მეი კი ბორის ჯონსონმა ჩაანაცვლა, რომელიც დღემდე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია.
ბრიტანეთის კონსერვატორი პრემიერ-მინისტრები 2016 წლიდან დღემდე
როგორი წარმატებისთვისაც არ უნდა მიეღწა დევიდ კამერონს თავისი პრემიერ-მინისტრობის 6 წლის განმავლობაში, ის ისტორიაში მუდამ დარჩება როგორც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოიყვანა. კამერონის მმართველობის პერიოდი მნიშვნელოვანია იმით, რომ მან ათწლიანი პაუზის შემდეგ, „კონსერვატიული პარტია” მთავრობაში დააბრუნა და პარტიას თითქმის 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. უახლეს ისტორიაში მხოლოდ გრაფ სტენლი ბოლდუინს, ლედი თეტჩერსა და სერ უინსტონ ჩერჩილს ეკავათ ეს თანამდებობა მასზე დიდი ხნის განმავლობაში. (ევროპის მოამბე, 2019)
კამერონის მოღვაწეობის დროს პარტიაში ევროკავშირში წევრობის საკითხზე პოლიტიკური დაპირისპირებების ატმოსფერო არ ყოფილა. ძველი ლიდერების დროს კი პარტია განხეთქილების პირას ხშირად მისულა. პირიქით, დევიდ კემერონის დროს პარტიაში დამყარებული იყო პოზიტიური, ოპტიმისტური ხედვა ბრიტანეთზე. კემერონს სურდა, „კონსერვატორები” სახელმწიფო სისტემაზე მზრუნველ და ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებად ექცია. ძალზედ პრაგმატიკოსი კამერონი, ყველა იდეოლოგიის მიმართ ეჭვით იყო გამსჭვალული და ყოველთვის მზად იყო თავისი პოზიცია დროის ცვალებადობისთვის მოერგო. (Liberali, 2016)
ბრიტანეთში ევროსკეპტიციზმმა იმატა, ამიტომ კამერონმა გადაწყვიტა, რეფერენდუმი გაემართა. რეფერენდუმის გამართვამდე კამერონი იძულებული გახდა, დიპლომატიურად ემოქმედა და დროულად მიეღწია ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებისთვის, რაც საშუალებას მისცემდა ბრიტანეთს, დარჩენილიყო ევროკავშირის შემადგენლობაში. (BBC News, 2016) ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა დაახლოებით 52% ხმა მისცა ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან. ეს რეფერენდუმი აღმოჩნდა კამერონის 6-წლიანი პრემიერობის დასასრული.
კამერონის შემდეგ კონსერვატიული პარტიის ლიდერი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა ტერეზა მეი. მეი ბრიტანეთის ისტორიაში მეორე ქალი პრემიერი და დღემდე ერთადერთი ქალია, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ოთხი დიდი თანამდებობიდან ორი ეკავა. 2016 წელს პრემიერ-მინისტრად არჩევამდე, იგი ექვსი წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, რაც ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი დროა. თუმცა, ორივე შემთხვევაში ტერეზა მეის საქმიანობა მუდმივი უთანხმოებისა და დაპირისპირების საგანს წარმოადგენდა. (Civil.Ge, 2019) შინაგან საქმეთა მინისტრობისას ტერეზა მეიმ უმნიშვნელოვანესი რეფორმები გაატარა, რომელიც მუდმივი კრიტიკის სამიზნე იყო. რეფერენდუმში გამოხატული ნების თანახმად, 2017 წლის მარტში ბრიტანეთმა ევროკავშირის ხელშეკრულების 50-ე მუხლის გამოყენებით, ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გამოსვლის პროცესი დაიწყო. მეის პრემიერ-მინისტრობის დროს ეს პროცესი ჩიხში იყო შესული.
ბრიუსელთან შეთანხმებული გეგმა, რომელიც ტერეზა მეიმ ინგლისის პარლამენტს რამდენჯერმე წარუდგინა, 2019 წლის იანვარში ისტორიულად ყველაზე დიდი უმრავლესობით იქნა უკუგდებული. მეი დამარცხებას არ შეეპუა და გეგმაში ცვლილებების განხორციელების შემდეგ კიდევ ერთხელ დააყენა იგი კენჭისყრაზე, მაგრამ ისევ დამარცხდა. ტერეზა მეიმ ვერ მოახერხა, ერთი მხრივ, ბრექსიტის თემაზე მრავალ ნაწილად გახლეჩილი ბრიტანული საზოგადოების გაერთიანება, მეორე მხრივ კი – ბრიუსელთან მოლაპარაკების მომგებიანად დასრულება. ეს ყოველივე მისი პრემიერობის შეწყვეტას მოასწავებდა. (The Guardian, 2019)
დაპირებები იმის შესახებ, რომ იგი შემდეგ არჩევნებამდე გადადგებოდა, ან რომ გადადგებოდა, თუ ევროკავშირთან ბრექსიტის შესახებ მისეულ შეთანხმებას პარლამენტში მხარს დაუჭერდნენ, მეის პრემიერობის ვადას ახანგრძლივებდა. ტერეზა მეის პრემიერობას თან არაერთი მნიშვნელოვანი, გეოპოლიტიკური და საშინაო მოვლენა ახლდა. (Civil.Ge, 2019) თუმცა, თუ ბრექსიტის დასაწყისი კემერონთან იყო ასოცირებული, მისი დასასრულის ფასსაც ახალი ლიდერი მოიმკის, ტერეზა მეის პრემიერობა კი ამ ორ მოვლენას შორის ჩაიკარგება.
ტერეზა მეის ფიასკო განგაშის ზარი აღმოჩნდა კონსერვატიული პარტიისათვის. მმართველობის სადავეების მქონე „ტორებმა’’ გადაწყვიტეს ხელისუფლების შესანარჩუნებლად ზომიერება რადიკალიზმით ჩაენაცვლებინათ და უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობა ბორის ჯონსონს უბოძეს. პოლიტიკაში მოსვლამდე ჯონსონი ჟურნალისტად მუშაობდა. მან თავისი კარიერა გამოცემა The Times-ში დაიწყო, საიდანაც ახალგაზრდა ავტორი მალევე დაითოხვეს. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ბორის ჯონსონმა მის მიერვე გამოგონილი ციტატა მიაკუთვნა ოქსფორდის ისტორიის პროფესორს, რომელიც ამავდროულად მისი ნათლიაც იყო. (Imedi News, 2019) რამდენიმე წლის შემდეგ ბორის ჯონსონი გახდა The Daily Telegraph-ის კორესპონდენტი ბრიუსელში. სწორედ ამ დროს გაითქვა მან სახელი როგორც მგზნებარე ევროსკეპტიკოსმა. ლონდონში დანრუნების შემდეგ კი ჯონსონმა კომენტატორობაც მოასწრო. მას ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში. ჯონსონი გამოსცემდა კონსერვატიულ გაზეთ The Spectator-ს. ბევრს ეპარებოდა ეჭვი, რომ ჯონსონი დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეძლებდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ პერიოდისთვის ჯონსონი ცნობილი იყო თავისი არაკორექტული გამოსვლებით, რომლებშიც მან ბევრი ადამიანი შეურაცხყო. ბორის ჯონსონმა კრიტიკის ქარ-ცეცხლი არაერთხელ დაატეხა თავს ვროკავშირსა და მის ხელმძღვანელებს. ჯონსონის გაპრემიერების პარალელურად, გაიზარდა კონსერვატიული პარტიის რეიტინგი. (NewStatesman, 2020) მიუხედავად იმისა, რომ გაპრემიერებიდან ძალიან მალევე ჯონსონმა მოახერხა და ეჩხუბა პარლამენტს და სასამართლოს, გეხვია პრობლემებში დედოფალთან და დიდი პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ამის მიუხედავად, ჯონსონმა ამომრჩევლების გული მოიგო.
არანაკლებ საინტერესოა ევროსკეპტიკოსი ჯონსონის დამოკიდებულებები ბრიტანეთის მომავალთან დაკავშირებით. ბრიტანეთისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერი პირობას დებს, რომ ერთიანი ეკონომიკური ზონისა და საბაჟო კავშირის დატოვების შემდეგ, გაერთიანებული სამეფო საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების, შრომითი უფლებებისა და პროდუქციის სტანდარტების ერთგული დარჩება. (Liberali, 2019) ბორის ჯონსონის აზრით, ამ ყველაფრის მისაღწევად, სავარაუდოდ, ბრიტანელები ახალ ლეგალურ ჩარჩოებს შექმნიან, განსხვავებულს ევროკავშირის რეგულაციებისგან, რაც სამომავლოდ ბრიტანული დემოკრატიის ცენტრალური გამოწვევა იქნება და წარმოადგენს კიდეც ევროკავშირის დატოვების მიზეზს.
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წარმატების მიზეზები
კონსერვატიზმის, როგორც იდეოლოგიის და ბრიტანული კონსერვატიული პარტიის პრემიერ-მინისტრებს საქმიანობის მიმოხილვის შემდეგ, შეგვიძლია ვისაუბროთ ამ პარტიის წარმატების მიზეზებზე. დევიდ კამერონმა რეფერენდუმზე თავისი სურვილის საწინააღმდეგო შედეგი მიიღო, ტერეზა მეის არ აღმოაჩნდა საკმარისი დიპლომატიური უნარი მიეღწია შეთანხმებებს როგორც ბრიუსელთან, ასევე საკუთარ პარტიაში. ბორის ჯონსონი კი კონსერვატიული პარტიის ისტორიაში, ალბათ სკანდალებით ყველაზე გამორჩეული პრემიერ-მინისტრია. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კონსერვატიული პარტიის რეიტინგი არ დაცემულა.
საქმე იმაში მდგომარეობს, რომ კონსერვატიულ პარტიას გააჩნია უნარი, ყოველ წარუმატებლობაზე საკუთარი თავი გარდაქმნას. შესაძლოა, პარტიის წარმატების გასაღებიც სწორედ ეს იყოს. კონსერვატორები არასოდეს აძლევენ საკუთარ თავს უფლებას დარჩნენ იმ წარუმატებელ მდგომარეობაში, სადაც უეცრად აღმოჩნდნენ. ნაცვლად ამისა, ისინი ყოველთვის მიმართავენ პრაგმატულ და მოქნილ პოლიტიკას. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ ეს უფრო მეტად ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი სურვილია და არა ზოგადი კონსერვატიული იდეოლოგია, რომელსაც კონსერვატორები უპირატესობას ანიჭებენ. (Bale, 2019)
ტორებს ნამდვილად გააჩნიათ ძირითადი პრინციპები, მაგალითად კერძო საკუთრების და პირადი თავისუფლების დაცვა სახელმწიფოსგან. კონსერვატორები თვლიან, რომ არჩევნების პერიოდში უმჯობესია კომპრომისზე წასვლა იმისათვის, რათა ძალაუფლება შეინარჩუნონ ან მოიპოვონ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შეიძლება ოპონენტების პოლიტიკაც კი მოირგონ წინასაარჩევნო პერიოდში.
კონსერვატორები ხშირად აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, გარდაიქმნან მოვლენების საპასუხოდ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოითხოვს მათთვის ძვირფას ფასეულობებზე და იდეოლოგიაზე უარის თქმას, რომელიც, მათ, პრინციპში თავიდან ბოლომდე განსაზღვრავს. თუმცა პარტიის მსგავსი პრაგმატიზმი ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ იგი სრულიად თავისუფლდება იდეოლოგიური შეზღუდვებისგან. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, 1960-იან წლებში ბრიტანეთის ევროპის ეკონომიკურ გაერთიანებაში გაწევრიანება. იდეები, რომლებსაც კონსერვატორები დროის გარკვეულ მონაკვეთში დაჟინებით იცავენ, საბოლოო ჯამში ყოველთვის ცვალებად ხასიათს ატარებენ. სწორედ ამაში მდგომარეობს კონსერვატიული პარტიის პრაგმატიზმი.
დასკვნა
ბრიტანეთის უძველესი და ყველაზე წარმატებული პოლიტიკური პარტიის, კონსერვატიული პარტიის წარმატება ყოველთვის საგონებელში აგდებდა ოპონენტებს. უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში, ბრიტანეთში დემოკრატიის ჩამოყალიბების პარალელურად, კონსერვატორები ქვეყნის სათავეში ყოველთვის მოდიოდენ, როგორც დამოუკიდებლად, ასევე კოალიციური მთავრობის გზითაც. ამასთან, 2016 წლის ისტორიული რეფერენდუმიდან დღემდე პრემიერ-მინისტრობაში ერთმანეთს ენაცვლებიან კონსერვატიული პარტიის ლიდერები.
დევიდ კამერონმა რეფერენდუმზე თავისი სურვილის საწინააღმდეგო შედეგი მიიღო, ტერეზა მეის არ აღმოაჩნდა საკმარისი დიპლომატიური უნარი მიეღწია შეთანხმებებს როგორც ბრიუსელთან, ასევე საკუთარ პარტიაში. ბორის ჯონსონი კი კონსერვატიული პარტიის ისტორიაში, ალბათ სკანდალებით ყველაზე გამორჩეული პრემიერ-მინისტრია. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კონსერვატიული პარტიის რეიტინგი არ დაცემულა.
ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ კონსერვატიულ პარტიას გააჩნია უნარი, ყოველ წარუმატებლობაზე საკუთარი თავი გარდაქმნას. ნაცვლად ამისა, ისინი ყოველთვის მიმართავენ პრაგმატულ და მოქნილ პოლიტიკას. კონსერვატორები ყოველთვის მოვლენების საპასუხოდ გარდაიქმნებიან ხოლმე, ბევრი მიიჩნევს რომ ეს მათი ძალაუფლების შენარჩუნებისკენ სწრაფვით არის განპირობებულ და არა პრაგმატული პოლიტიკით. თუმცა ცხადია, რომ კონსერვატორები არასოდეს აძლევენ საკუთარ თავს უფლებას დარჩნენ იმ წარუმატებელ მდგომარეობაში, სადაც უეცრად აღმოჩნდნენ. შესაძლოა, პარტიის წარმატების მიზეზიც სწორედ ამაში მდგომარეობდეს.
ავტორი: მარიამ სირაბიძე
ბიბლიოგრაფია
- Bale, T. (2019). Why the U.K. Conservatives are so good at winning. Japan Times. Retrieved May 24, 2020, from https://www.japantimes.co.jp/opinion/2019/11/19/commentary/world-commentary/u-k-conservatives-good-winning/#.XsqVXmgzbIW
- BBC News. (2016, July 13). BBC News. Retrieved May 22, 2020, from How will history judge David Cameron?: https://www.bbc.com/news/uk-politics-36775103
- BBC News. (2016, September 12). BBC News. Retrieved May 22, 2020, from The David Cameron Story: https://www.bbc.com/news/uk-politics-eu-referendum-36540101
- Ge. (2019, May 25). ევროპის მოამბე. Retrieved May 22, 2020, from ტერეზა მეის უღიმღამო დასასრული: https://civil.ge/ka/archives/306687
- Gachechiladze, R. (2016). გაერთიანებული სამეფო: სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა. Tbilisi: Tbilisi State University Publishing.
- Imedi News. (2019, July 24). Imedi News. Retrieved May 23, 2020, from ვინ არის დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი? ისტორია: https://imedinews.ge/ge/theme/447/vin-aris-didi-britanetis-akhali-premierministri-boris-jonsoni-istoria
- (2016, June 28). Liberali News. Retrieved May 22, 2020, from დევიდ კამერონი – პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოიყვანა: http://liberali.ge/news/view/23434/devid-kameroni–premierministri-romelmats-britaneti-evrokavshiridan-gamoiyvana
- (2019, October 9). Liberali News. Retrieved May 23, 2020, from რა სურს ბორის ჯონსონს?: http://liberali.ge/articles/view/46352/ra-surs-boris-jonsons
- (2020, April 2). NewStatesman. Retrieved May 23, 2020, from Boris Johnson’s popularity is surging – and all it took was the apocalypse: https://www.newstatesman.com/politics/uk/2020/04/boris-johnsons-popularity-surging-and-all-it-took-was-apocalypse
- The Guardian. (2019, May 24). The Guardian. Retrieved May 22, 2020, from Feel no pity for Theresa May. She has been the worst prime minister in modern times: https://www.theguardian.com/commentisfree/2019/may/24/theresa-may-worst-prime-minister-brexit-windrush