ბირთვი და პერიფერიული სახელმწიფოების გეოეკონომიკური შედარება კანადა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

კანადის და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკი გეოეკონომიკები
კანადის და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკი გეოეკონომიკები

შესავალი

    შესავალში მსურს ვისაუბრო ჩემი თემის აქტუალობაზე და იმაზე, თუ რატომ გავაკეთე არჩევანი ამ საკითხზე. მოგვეხსენება, რომ თანამედროვე მსოფლიო განაგრძობს პოსტბიპოლარულ სამყაროში პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა გლობალური ურთიერთობებით თანაარსებობას. დღესდღეობით უფრო და უფრო იზრდება ინდივიდის როლი გლობალიზაციის პროცესში, თუმცა სახელმწიფოები კვლავ მთავარ მოქმედ აქტორებად რჩებიან. სახელმწიფოების არსებობასთან ერთად ხდება შესაბამისად მათი სხვადასხვა სახით კლასიფიცირება. დღეს სასიცოცხლო ყურადღება განვითარებას ექცევა და შესაბამისად ქვეყნის გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ მდგომარეობას. ეს უკანასკნელი კი ბევრი მეცნიერის აზრით გეოპოლიტიკის ეკონომიზაციის მოდერნისტული პროცესია, „სადაც ეკონომიკურად ძლიერი სტრუქტურები, ეკონომიკური მეთოდებით ცდილობენ მათთვის საინტერესო, სხვადასხვა მასშტაბის ტერიტორებზე, ეკონომიკური და პოლიტიკური კონტროლის დამყარებას ან/და ლიდერობის მოპოვება“.[1]

   დღევანდელ მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში, რომელიც ერთიან მსოფლიო ბაზარს წარმოადგენს და სადაც სახელმწიფოები ქმნიან ინტეგრირებულ შრეობრივ სისტემას, იმანუელ ვალენშტაინი სახელმწიფოებს სამ ტიპად აჯგუფებს, ესენია: ბირთვი-სახელმწიფოები, ნახევრადპერიფერიული ქვეყნები და პერიფერიული მხარეები. პირველ მათგანში შედიან სახელმწიფოები, რომლებიც ეფუძნებიან თანამედროვე ცოდნას და უახლეს ტექნოლოგიებს, გააჩნიათ ძლიერი პოლიტიკური ინსტიტუტები და მძლავრი სამხედრო პოტენციალი. ისინი ორიენტირებულნი არიან პროდუქციის ექსპორტზე და კერძო ბიზნესის ტრანსნაციონალიზაციაზე. მათ დიდი წვლილი მიუძღვით მსოფლიო შემოსავლების ფორმირებასა და შესაბამისად განაწილებაში. ამ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება ჩრდ-დას. ევროპის ქვეყნები, აშშ, იაპონია და კანადა, რომელზეც ვისაუბრებ ქვემოთ ასეთი ქვეყნების სახით. ნახევრადპერიფერიული ქვეყნები ნაკლებად არიან დამოკიდებულნი ბირთვ სახელმწიფოებზე და სტაბილური სახელმწიფოებრივი სტრუქტურა გააჩნიათ. ისინი ფლობენ მზარდ ეკონომიკურ პოტენციალს. ასეთ სახელმწიფოებს მიეკუთვნება: ცენტრ. და დას. ევროპის ქვეყნები, ხმელთაშუა ზღვისპირეთი, მექსიკა, სამხ. კორეა, მალაიზია, ტაივანი, სინგაპური, ჰონკონგი. რაც შეეხება პერიფერიულ მხარეებს, ისინი ხასიათდებიან ცოდნის დაბალი დონით. დამოკიდებულნი არიან ბირთვ სახელმწიფოებზე. მათი შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს გადასახადები იმპორტზე, ბუნებრივი რესურსებისა და ნედლეული მასალების ექსპორტი. მათი სახელისუფლებო სტრუქტურები და სამხედრო პოტენციალი სუსტია. მათ რიცხვს მიეკუთვნება: აზიის უმეტესი ნაწილი, ლათინური ამერიკა, პოსტსაბჭოთა ქვეყნების უმეტესობა და აფრიკა.

ი. ვალენშტაინის მსოფლიო სისტემის თეორია, http://en.wikipedia.org/wiki/File:World_trade_map.PNG

     ნათელია ამ საკითხის აქტუალობა. რაც შეეხება კვლევის ობიექტს, როგორც ავღნიშნე ზემოთ ეს იქნება კანადა, როგორც ბირთვი სახელმწიფოების ღირსეული მაგალითი და პერიფერიული მხარეებიდან ეს იქნება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც სამწუხაროდ ერთ-ერთი არ შემდგარი ქვეყანა, სამწუხაროდ იმიტომ, რომ რთულია არშემდგარი ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრება და მძიმეა ქვეყანაში არსებული გარემო. მინდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ აფრიკის პოსტკოლონიური საქმეების კვლევით დაიწყო ვალენშტაინმა თავისი ექსპერტობა.[2] ჩემი მიზანი არაა რომელიმე ქვეყნის ან ეკონომიკის ან პოლიტიკური ფორმის კრიტიკა/მიმხრობა, უბრალოდ მსურს ვაჩვენო რეალური სხვაობა, გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროცესი, რომლებიც მსგავს ქვეყნებში მიმდინარეობს და არსებული პრობლემების გამოვლენით, სამომავლოდ გამოსასწორებელი გზების ძიების კვლევა. ყველა სახელმწიფოს და მათ მცხოვრებლებს გააჩნიათ გარკვეული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური სურვილები, მაგრამ თანამედროვე მსოფლიოში არსებული ვითარება გარკვეულ წილად ცდილობს დაარეგულიროს სახელმწიფოთა ინტერესები და ჩაანაცვლოს ის საერთაშორისო ინტერესებით, ასეთ დროს აქტიურია დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების არსებობა, რის განსაზღვრასაც შევეცდები ჩემს თემაში.

 

კანადა, ქვეყნის ზოგადი მიმოხილვა

    კანადა ჩრდილო ამერიკული ქვეყანაა, რომელიც 10 პროვინციისა და 3 ტერიტორიისაგან შედგება. მისი დედაქალაქია ოტავა, მისი ფართობი 9,98 მლნ კმ2-ია. ის ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და სამ ოკეანეს შორისაა მოქცეული. ფართობის მიხედვით ის მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მისი სახმელეთო საზღვრები აშშ-სთან მსოფლიოში უდიდესია. დღევანდელი კანადა ათასწლეულის წინათ დასახლდა აბორიგენი ხალხებით. მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული ბრიტანულმა და ფრანგულმა კოლონიურმა ექსპედიციებმა შეისწავლეს მისი ტერიტორიები და შემდგომ დასახლდნენ რეგიონის ატლანტიკის ოკეანის მხარეში. საფრანგეთმა გადასცა თითქმის ყველა კოლონია გაერთიანებულ სამეფოს 1763 წელს საფრანგეთ-ინდიელთა ომის დროს 7 წლიან ომში.  1867 წელს კანადა 4 პროვინციის შეკვრით ჩამოყალიბდა როგორც ბრიტანეთის ფედერალური დომინიონი. დაიწყო კანადის ტერიტორიული ევოლუცია და ავტონომიურობის ზრდა, რამაც კულმინაციას 1982 წლის კანადის კონსტიტუციის აქტის სახით მიაღწია.

კანადა ფედერაციული სახელმწიფოა საპარლამენტო მოწყობით და კონსტიტუციური მონარქიით (სახელმწიფოს მეთაური დედოფალი ელიზაბეთ მეორე). სახელმწიფო ორენოვანია ოფიციალურად და მრავალკულტურული ფედერაციის დონეზე. მოსახლეობა 2013 წლის შეფასებით 35 მილიონ კაცამდეა. ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია და ძირითადად ეფუძნება: ბუნებრივ რესურსებს, კარგად განვითარებულ სავაჭრო ქსელებს, განსაკუთრებით აშშ-თან, რომელთანაც გრძელი და კომპლექსური ურთიერთობა გააჩნია.

კანადა მაღალ განვითარებული ქვეყანაა, მშპ-ს ერთ სულ შემოსავალაზე მაჩვენებლით იგი მსოფლიოში მეცხრე ადგილზეა, ხოლო მეთერთმეტეზეა ჰუმანური განვითარების ინდექსით. შედეგებით კანადა ლიდერობს ბევრ საერთაშორისო მაჩვნებლებში, თავისი განათლების დონით, მთავრობის გახსნილობით, სამოქალაქო თავისუფლებით, ცხოვრების ხარისხითა და ეკონომიკური თავისუფლებით. კანადა აღიარებულია, როგორც საშუალო სიძლიერის ქვეყანა და არის წევრი მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტებისა, მათ შორის: დიდი შვიდეული, დიდი რვიანი, დიდი ოცეული, ნატო, ჩრდ. ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების – NAFTA, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია, ერთა თანამეგობრობა, ფრანკოფონია, ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაცია, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა და გაერო[3].

კანადის ეკონომიკის ზოგადი მიმოხილვა

ზოგადი ეკონომიკური მონაცემები:

2012 წლის მონაცემებით მშპ – 1,4 ტრილიონს შეადგენს, ზრდის ტემპი კი 1,9%-ია. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 41,5 ათასი დოლარია. მშპ სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება: სოფლის მეურნეობა 1,8%; მრეწველობა – 28,6%; მომსახურების სფერო – 69,6%. ქვეყნის სამუშაო ძალა 18,85 მლნ-ს შეადგენს, რითაც მსოფლიოში 32 ადგილს იკავებს. აქედან 2% სოფლის მეურნეობაში, წარმოება – 13%, მშენებლობა -6%, მომსახურება 76%, სხვა 3% (2006წ). უმუშევრობა 7,6%. სიღარიბის ქვემოთ მოსახლეობის 9,4% ცხოვრობს. ინვესტიცია მშპ-ს 23,7%-ს შეადგენს. ბიუჯეტი: შემოსავლები – 679,3 მილიარდი, ხარჯები 746,8 მილიარდი; დეფიციტია -3,8%. სახელმწიფოს ვალი არის მშპ-ს 84,1 %. ინფლაცია 1,8%.

სოფლის მეურნეობის პროდუქტებია: ხორბალი, ქერი, ზეთოვანი მცენარეები, თამბაქო, ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები, თევზი, ტყის პროდუქტები.

მრეწველობა: სატრანსპორტო აღჭურვილობები, ქიმიკატები, დამუშვებული და დაუმუშავებელი მინერალები, საკვები პროდუქტები, ხე-ტყე და ქაღალდი, თევზის პროდუქტები, ნავთობი და ბუნებრივი აირი.

ექსპორტი: ექსპორტის მთლიანი მოცულობა 481,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. საექსპორტო მოხმარების პროდუქტებია: ავტომობილები და მათი ნაწილები, სამრეწველო მოწყობილობები, თვითმფრინავები, სატელეკომუნიკაციო საშუალებები, ქიმიკატები, პლასტმასი, სასუქები, მერქანი, დაუმუშავებლი ნავთობი, ბუნებრივი აირი, ელექტრო ენერგია, ალუმინი.

ძირითადი საექსპორტო პარტნიორებია: აშშ 73,7% და დიდი ბრიტანეთი 4,2%.

რაც შეეხება იმპორტს მისი მოცულობა 480,9 მილიარდია (2012 წ). იმპორტში კანადის მთავარი პარტნიორებია აშშ 49,5%, ჩინეთი 10,8%, მექსიკა 5,5%.

მთავარ იმპორტულ პროდუქციას წარმოადგენს: მანქანები და მოწყობილობები, ავტომობილები და მათი ნაწილები, ნედლი ნავთობი, ქიმიური ნივთიერებები, ელექტროენერგია, ხანგრძლივი მოხმარების საქონელი.

ქვეყნის საგარეო ვალი 1,181 ტრილიონს შეადგენს. უცხოური ინვესტიციების წილი ქვეყნის შიგნით 625,5 მილიარდია, ხოლო საზღვარგარეთ განხორციელებული ინვესტიცია 703 მილიარდი[4].

კანადა მშპ-ს მიხედვით მეთერთმეტე ადგილზეა მსოფლიოში, 2012 წელს მისი მშპ 1,82 ტრილიონ ამერიკულ დოლარად შეფასდა. ის არის წევრი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის და დიდი რვიანისა. კანადა მსოფლიოს 10 უდიდეს სავაჭრო ქვეყანაში შედის, თავისი მაღალ გლობალიზებული ეკონომიკით. კანადა შერეული ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც აშშ-სა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას უსწრებს მსოფლიო მემკვიდრეობის ფონდის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით. შემოსავლების შეუსაბამობაში დაბალ დონეს განიცდის. 2008 წელს კანადამ განახორციელა 442,9 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის იმპორტი, აქედან 280,8 მილიარდი აშშ-დან, 11,7 იაპონიიდან და 11,3 გაერთიანებული სამეფოდან. 2009 წელს ქვეყნის სავაჭრო დეფიციტი 4,8 მილიარდი იყო.

მეოცე საუკუნის დასაწყისიდან კანადის ეკონომიკა, საწარმოო, მოპოვებითი და მომსახურებითი სექტორიდან გადაიქცა სასოფლოდან უფრო ურბანულ ეკონომიკად, ინდუსტრიულად. სხვა პირველი სამყაროს ქვეყნების მსგავსად აქაც წამყვანი ადგილი მოსახურების სფეროს უჭირავს, სადაც დასაქმებულია მოსახლეობის 3/4. თუმცა, კანადაში სხვა განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანია პირველი სექტორის როლი, სადაც აღსანიშნავია ხე-ტყისა და ნავთობის ინდუსტრია. კანადა იმ განვითარებული ქვეყმების ქსელს მიეკუთვნება, რომლებიც ენერგიის ექსპორტს ეწევიან. ქვეყნის ატლანტიკური ოკეანის შელფი შეიცავს დიდი რაოდენობით ბუნებრივ აირს. ალბერტას მხარეშიც დიდია ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები. ატაბასკას ნავთობის შემცველი ქვიშებისა და სხვა აქტივობების მეშვეობით კანადა მსოფლიო ნავთობის 13%-ის მფლობელია (მას უსწრებენ ვენესუელა და საუდის არაბეთი). კანადა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი უდიდესი მიმწოდებელია. ქვეყნის პრერიები უდიდესი მწარმოებლები არიან: ხორბლის, კანოლასი და სხვა მარცვლეული კულტურებისა. კანადა ასევე მთავარი მწარმოებელია თუთიისა და ურანის, ასევე წამყვანე ექსპორტიორია მინერალების: ოქრო, ნიკელი, ალუმინი, ტყვია. ჩრდ. კანადის ბევრი ქალაქი, სადაც რთულია სოფლის მეურნეობის განვითარება, მდგრადობას არსებული საბადოების ან ხე-ტყის მეშვეობით ინარჩუნებენ. კანადაში ასევე მნიშვნელოვანია სამრეწველო სექტორი, რომლის ცენტრებს ონტარიოსა და კვებეკის სამხრეთი რაიონები წარმოადგენენ. აქ განვითარებულია სამანქანო და საჰაერო წარმოება.

ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაცია აშშ-სთან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გაიზარდა. კანადა-აშშ-ს 1965 წლის საავტომობილო შეთანხმებით გაიხსნა კანადის საზღვრები საავტომობილო მრეწველობისათვის. 1970 წელს, ენერგიის თვითუკმარისობითა და მრეწველობის სექტორის უცხოელების მიერ ფლობისგან შეშფოთებული პრემიერ-მინისტრის პიერ ტრიუდოს კარნახით ლიბერალმა მთავრობამ დაადგინა ეროვნული ენერგეტიკული პროგრამა და შექმნა უცხოური ინვესტიციების შემსწავლელი სააგენტო. 1980 წელს პრემიერ-მისნიტრის ბრაიან მალრუნის პროგრესიულმა კონსერვატორებმა შეცვალეს ენერგეტიკული პროგრამა და უცხოური ინვესტიციების შემსწავლელი სააგენტო გადააკეთეს „კანადის ინვესტიციად“ უცხოური ინვესტიციების წასახალისებლად. 1988 წლის კანადა-აშშ-ს შორის დადებულმა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ აღმოფხვრა ამ ორ ქვეყანას შორის არსებული ტარიფები. 1994 წელს ამ ხელშეკრულების ზონას მექსიკაც შეუერთდა.

2008 წლის ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია უმუშევრობის ზრდა. 2009 წლის ოქტომბრისთვის უმუშევრობის დონემ ქვეყანაში  8,6%-ს მიაღწია, პროვინციების დონეზე კი ეს მონაცემები ასე მერყეობდა: მანიტობა 5,8-ყველაზე დაბალი, ხოლო ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორში 17%-ყველაზე მაღალი. 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ოქტომბრამდე კანადის შრომითმა ბაზარმა დაკარგა 164 000 სრულგანაკვეთიანი სამუშაო და 224 000 ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო. კანადის ფედერალური ვალი შეფასდა 566,7 მილიარდ დოლარად 2010-11 საბიუჯეტო წელში, ხოლო 2008-2009წ – 463,7 მილიარდი. კანადის არასაგარეო ვალი 2010 წლის პირველ მეოთხედში 41 მილიარდი დოლარიდან 194 მილიარდამდე გაიზარდა. კანადამ საბანკო სექტორის დარეგულირება მოახერხა (რომელიც დიდი რვიანის წევრებს შორის ყველაზე კონსერვატიულია). მთავრობის კრიზისამდელი ბიუჯეტის სიჭარბემ და მის მიერმა ქვეყნის ვალების შემცირების გრძელვადიანმა პოლიტიკამ დიდი რვიანის სხვა ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკას ნაკლები ზიანი მიაყენა. კანადის ეკონომიკა ძირითადად დასტაბილიზირდა 2013 წლისათვის, თუმცა ჯერ ისევ შეინიშნება ზრდის ნელი ტემპები, რაც გარკვეულწილად დაკავშირებულია ევროზონის კრიზისთან და უმუშევრობის უჩვეულო მაღალ დონესთან. 2011 წელს სახელმწიფო და კერძო მრეწველობებმა დაიწყეს განვითარებად აზიურ ბაზრებთან ვაჭრობის გაფართოება. აშშ-ს შემდეგ აზია მეორე უდიდესი საექსპორტო ბაზარია კანადისათვის. ქვეყანა აპირებს გაზარდოს კანადური ნავთობის ექსპორტი ჩინეთში[5].

ტრანსნაციონლური საკითხები: საერთაშორისო დავები: საზღვაო საზღვრების მართვის პრობლემა აშშ-სთან, ისეთ ადგილებში როგორებიცაა: დიქსონის შესასვლელი, ბოფორტის ზღვა, ხუან დე ფუკას ყურე, და მეინის ყურე. აგრეთვე სადავო ტერიტორიებია: მაჩიას სილის კუნძული და ნორს როქი. კანადა და აშშ დავობენ ბოფორტის ზღვის გაყოფაზე და ჩრდილო-დასავლეთ გასასვლელის სტატუსზე, მაგრამ ამავდროულად განაგრძობენ ერთობლივ თანამშრომლობას არქტიკული კონტინეტის შელფის შესწავლაში. აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს კანადასთან კანონიერი და უკანონო ადამიანთა, ტრანსპორტისა და სავაჭრო გადაადგილების მონიტორინგისათვის საერთაშორისო საზღვრებში. კანადას აქვს სადაო კუნძული კ. ჰანსი დანიასთან კენედის არხში კ. ელსმერსა და გრენლანდიას შორის.

უკანონო ნარკოტიკები: კანადაში ხდება კანაფის უკანონო წარმოება და მოხმარება როგორც შიდა ბაზარზე ასევე აშშ-ში გატანა. ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით ხდება დიდი რაოდენობითა და მაღალი ხარისხის მარიხუანის წარმოება შენობებში. გაზრდილია ექსტაზის წარმოებაც, რომელთა ნაწილი აშშ-ს ბაზრისთვისაა გათვალისწინებული[6].

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ქვეყნის ზოგადი მიმოხილვა

     კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა მდებარეობს ცენტრალურ აფრიკაში. მისი დედაქალაქია კინშასა. ფარტობია 2,34 მლნ კმ2. ის აფრიკაში სიდიდით მეორე ქვეყანაა (პირველია ალჟირი)  და მსოფლიოში მე-11-ე. მისი მოსახლეობა 75,507,308 მლნ კაცს შეადგენს (მსოფლიოში მე-19-ე, აფრიკაში მეოთხე, ხოლო ფრანგულენოვან მსოფლიოში პირველი). მას ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და სამხრეთ სუდანი. აღმოსავლეთიდან უგანდა, რუანდა და ბურუნდი. სამხრეთიდან ზამბია და ანგოლა. დასავლეთიდან კონგოს რესპუბლიკა, ანგოლის ექსკლავი კაბინდა და ატლანტის ოკეანე. ტანზანიისგან მას გამოყოფს ტანგანიკის ტბა. ქვეყანას აქვს ოკეანეზე გასასვლელი 40 კმ სიგრძის სანაპირო ხაზი, რომელიც ძირითადად ქალაქ მუანდაზე მოდის და ასევე მდინარე კონგოზე, რომელიც გვინეის ყურეში ჩაედინება. ქვეყანა ქრისტიანი მოსახლეობის სიდიდით აფრიკაში მეორე ადგილზე იმყოფება.
სამწუხაროდ ქვეყანა ცნობილია თავისი ომებით. კონგოს მეორე ომი 1998 წელს დაიწყო, რომელმაც ქვეყანა გააჩანაგა. ომს ხანდახან „აფრიკის მსოფლიო ომად“ მოიხსენიებენ, რადგან მან ჩაითრია აფრიკის 9 ხალხი და 20 შეიარაღებული დაჯგუფება. 2003 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების მიუხედავად, ბრძოლები 2007 წლამდე გაგრძელდა ქვეყნის აღმოსავლეთში. დიდი იყო გაუპატიურებისა და სხვა ძალადობების შემთხვევები, რაც მსგავსი ფაქტებიდან ყველაზე საშინლად ითვლება მსოფლიოში. მეორე მსოფლიო ომის დროს ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი, რომელსაც 1998 წლიდან 5,4 მლნ ადამიანი ემსხვერპლა. 90%-ზე მეტი არ დაღუპულა ბრძოლების შედეგად, არამედ გაჩენილი დაავადებების შედეგად, რომლებიც შეჩერებადი და განკურნებადი იყო (მალარია, დიარეა, პნევმონია და საკვების უკმარისობა). ვითარება გააუარესა მოსახლეობის ცუდმა განსახლებამ, არასანიტარულ და ხალხმრავალ პირობებში ცხოვრებამ, თავშესაფრების, წყლის, საკვებისა და მედიკამენტების სიმცირემ. გარდაცვლილთა 47% 5-წლამდე ასაკის ბავშვი იყო. დაუსრულებელი კონფლიქტი აკნინებს ქვეყნის სამეურნეო პოტენციალს. ეს ერთ-ერთი მიზეზია სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლისა და საკვების უკმარისობისა.
ამ ძალადობრივი, საშინელი სურათის უკან არის კონფლიქტი მინერალური სიმდიდრის კონტროლისათვის.

კონგოს ქრონოლოგია ასე გამოიყურება: კონგოს თავისუფალი სახელმწიფო, ბელგიური კონგო, კონგოს რესპუბლიკა, ზაირი და 1997 წლიდან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ის ეკუთვნის ცენტრალური აფრიკის სუბრეგიონს გაეროს დაყოფის მიხედვით. ქვეყანა ეკონომიკურად და რეგიონალურად მიეთებულია სამხრეთ აფრიკის რეგიონს, როგორც სამხრეთ აფრიკული განვითარების საზოგადოების წევრი ქვეყანა. [7]

 

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკის ზოგადი მიმოხილვა

ზოგადი ეკონომიკური მონაცემები:

2012 წელს ქვეყნის მშპ 27,53 მილიარდი დოლარი იყო. ამავე წლისათვის მშპ-ს ზრდა 7,1% იყო. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 400$, რითაც მსოფლიოში 229 ადგილს იკავებს. სექტორების მიხედვით მშპ განაწილებულია: სოფლის მეურნეობა – 38,4%; მრეწველობა – 25,9%;  მომსახურების სფერო – 35,7%. სამუშაო ძალა 35,92 მლნ კაცია. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა 71% (2006).
ბიუჯეტი: შემოსავალი – 3,383 მილიარდი, ხოლო ხარჯები – 4,057 მილიარდი. გადასახადები და სხვა შემოსავლები მშპ-ს 19,1%-ს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს -3,8%-ს შეადგენს.
ინფლაციის მაჩვენებელი 10,5%-ია.
სოფლის მეურნეობის პროდუქციაა: ყავა, შაქარი, პალმის ზეთი, რეზინა, ჩაი, ბამბა, კაკაო, ქინაქინა, მანიოკი, ბანანი, არაქისი, სიმინდი, ხილი და ხის-ტყის პროდუქტები.

მრეწველობის პროდუქცია: მოპოვებითი რესურსები: სპილენძი, კობალტი, ოქრო, ალმასი, კოლტანი, თუთია, კალა, ბოლფრამი. სამომხმარებლო პროდუქცია: ქსოვილები, პლასტმასი, ფეხსაცმელი, სიგარეტი. რკინის პროდუქტები, დამუშვებული საკვები და სასმელი, ხის მასალა, ცემენტი, სავაჭრო გემების შეკეთება.

2012 წელს ექსპორტმა 11,38 მილიარდი დოლარი შეადგინა. საექსპორტო პროდუქციაა: ალმასი, სპილენძი, ოქრო, კობალტი, ხის პროდუქცია, ნედლი ნავთობი, ყავა. საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი 48,1%; ზამბია 21,3%; აშშ 9,5%; ბელგია 5,4% (2011).
იმავე წელს იმპორტმა 9,237 მილიარდი შეადგინა. იმპორტული პროდუქციაა: საკვები, სამთო და სხვა მოწყობილობები, სატრანსპორტო აღჭურვილობა, საწვავი. საიმპორტე პარტნიორებია: სამხრეთ აფრიკა 21,7%’ ჩინეთი 16,2%; ბელგია 8,5%; ზამბია 7,1%; ზიმბაბვე 5,7%; კენია 4,8%; საფრანგეთი 4,7% (2011).

საგარეო ვალი 7,644 მილიარდი დოლარია (2012წ).
ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ერთ-ერთ ბოლო ადგილს 171 ადგილს იკავებს.

კონგოს ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია კონგოური ფრანკის მხარდაჭერასა და განვითარებაში, რომელიც კონგოს ფულის ერთეულს წარმოადგენს. 2007 წელს მსოფლიო ბანკმა გადაწყვიტა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის გამოეყო 1,3 მილიარდი დოლარი 3 წლის განმავლობაში. ქვეყანა OHADA-ში (Organization for the Harmonization of Business Law in Africa- ორგანიზაცია აფრიკაში ბიზნესის კანონთა ჰარმონიზაციისათვის) გაწევრიანების პროცესშია. ქვეყანა კორუფციის აღქმის ინდექსში ბოლო ოცეულში შედის.

ქვეყნის მოქალაქეები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბნი არიან. მშპ ერთ სულ მოსახლეზე 368$-ია რითაც ქვეყანა ბოლოდან მეორე ადგილზეა. თავისი ბუნებრივი რესურსების ფონზე ქვეყანას თავისუფლად შეუძლია მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყანად გადაქცევა. აუთვისებელი ნედლეული სასარგებლო წიაღისეული შეფასებულია, როგორც სულ მცირე 24 ტრილიონი აშშ დოლარად. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა ფლობს მსოფლიო ალმასების რეზერვების 30%-ს და კოლტანის (კოლუმბიტ-ტალტანიტი, columbite–tantalite)  70%-ს. 1980-იანი წლების შუა რიცხვებისათვის რესურსების მნიშვნელობა დაეცა. ქვეყანის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების 70% მინერალური რესურსების გაყიდვიდან მოდიოდა 1970-1980 წლებში, ეკონომიკა დაზარალდა მას შემდეგ, რაც რესურსებზე ფასები დაეცა ამ პერიოდში. 2005 წლისათვის კონგოს შემოსავლების 90% მოდიოდა უკვე მის მინერალურ რესურსებზე.
1960 წელს ქვეყანა რიგით მეორე ინდუსტრიული სახელმწიფო იყო აფრიკაში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პირველი იყო). მისი მოპოვებითი და სოფლის მეურნეობის სექტორი გაცილებით პროდუქტიული იყო. ორმა უახლოესმა კონფლიქტმა (პირველი და მეორე სამოქალაქო ომები), რომლებიც 1996 წლიდან გაჩაღდა, მკვეთრად შეამცირა ქვეყნის წარმოება და შემოსავლები, გაზარდა საგარეო ვალი. შედეგად 5,4 მლნ-ზე მეტი გარდაცვლილი ადამიანი, რაც ასოცირდება შიმშილობასთან და დაავადებებთან. საკვების უკმარისობით ქვეყნის მოსახლეობის 2/3 იტანჯებოდა. უცხოურმა კომპანიებმა შეამცირეს თავიანთი ოპერირებები მიმდინარე კონფლიქტის შედეგების,  გაურესებული ინფრასტრუქტურის და შექმნილი რთული გარემოს გამო. ომმა გააძლიერა ისეთი ბაზისური პრობლემები, როგორებიცაა: კორუფცია, ინფლაცია და მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ფინანსური ოპერაციების გახსნილობის სიმცირე.

ვითარება გაუმჯობესდა 2002 წელს ქვეყანაში დიდი რაოდენობით უცხოური ჯარების შესვლის შედეგად. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის უამრავი მისია შეხვდა ქვეყნის მთავრობას თანმიმდევრული ეკონომიკური გეგმის განვითარებაში დასახმარებლად. პრეზიდენტმა ჯოზეფ კაბილამ დაიწყო რეფორმების გატარება. ეკონომიკური აქტიურობა მშპ-ზე ნაკლებად ზემოქმედებს. გაეროს ჰუმანური განვითარების ინდექსის მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანას ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგები აქვს. 2011 წლის მონაცემებით ჰუმანური განვითარების ინდექსში 187 ქვეყანას შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ბოლო ადგილზე იყო, მიუხედავად სხვადასხვა გაუმჯობესებებისა 2010 წელს.

აფრიკაში სიდიდით მეორე ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად მინერალური რესურსების მოპოვებაზეა. თუმცა, პატარა მასშტაბის ეკონომიკური აქტივობები ხდება არაფორმალურ სექტორში, რომლებიც მშპ-ზე არ აისახება. დიდი საბადოებია შაბას პროვინციაში, სამხრეთით. ქვეყანა მსოფლიოში კობალტის მადნის უდიდესი მწარმოებელია. აღსანიშნავია სპილენძისა და სამრეწველო ალმასის მოპოვება კასაის პროვინციაში, დასავლეთით.

   2004 წლის სექტემბერში სახელმწიფო კომპანია Gécamines-მა ხელი მოაწერა Global Enterprises Corporate (GEC)-თან ხელშეკრულებას, კანაგასა და ტილვეზემბეს მაღაროების რეაბილიტაციასა და ოპერირებასთან დაკავშირებით. ხელშეკრულების რატიფიცირება მოხდა პრეზიდენტის თანხმობით. 2007 წლის მსოფლიო ბანკის მოხსენებაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბადოების 3 უდიდესი კონტრაქტი, მათ შორის Global Enterprises Company-თან გამჭირვალეობის ნაკლებობით გამოირჩეოდა. ამ კომპანიის ერთ-ერთი მმართველმა დენ გეთლერმა, კომპანიის ნაწილი ჩადო კომპანია Nikanor Mining-ში, რომელიც მენის კუნძულზე იყო რეგისტრირებული. ამ უკანასკნელის 14%-ს გეთლერი ფლობდა, ხოლო 22%-ს გეთლერის ოჯახის რწმუნებული. 2006 წლიდან Dan Gertler International-მა დაიწყო  ქვეყნის საბადოებზე გავლენის გაძლიერება, მან შეიძინა კომპანია Tremalt-ი, აგრეთვე გაზარდა წილი კათანგასა და მუკონდოს საბადოებზე.

   ქვეყანაში ასევე არსებობს შვეიცარიული კომპანია, რომელიც ფლობს ლუილუს მეტალურგიულ ქარხანას, რომლის წარმოება წელიწადში 175 000 ტონა სპილენძი და  8 000 ტონა კობალტია, კობალტის წარმოებით მსოფლიოში უდიდესი ქარხანაა.

   2013 წლის აპრილში ანტიკორუფციულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადასახადების შესწავლისას  88 მლნ $ მოპოვებითი სექტორიდან დაკარგულად გამოაცხადეს, მიუხედავად წარმეობის ბუმისა. 2010 წლიდან არის დაკარგული თანხა რომელიც ცენტრალურ ბანკში უნდა იქნეს გადახდილი.

   კოლტანი არის ტანტალუმის მთავარი წყარო, რომელიც გამოიყენება კომპიუტერის ელექტრონული ნაწილებისა და მობილურის წარმოებაში. 2002  წელს ქვეყნის აღმოსავლეთით კალა აღმოაჩინეს, მაგრამ მოპოვება მცირე მასშტაბით ხდებოდა. კონფლიქტურ მინერალებზე არსებულმა კონტრაბანდამ ხელი შეუწყო აღმოსავლეთ კონგოში ომის გაღვივებას.

   ტრანსპორტი: სახმელეთო ტრანსპორტის განვითარება ქვეყანაში ყოველთვის სირთულით ხასიათდებოდა, გამომდინარე რელიეფისა და კლიმატისა, რაც ხელს უშლიდა სამანქანო და სარკინიგზო ინფრასტურქუტის განვითარებას. გარდა ამისა, ეკონომიკურმა გაუამრთაობამ და შიდა კონფლიქტებმა განაპირობეს ინვესტიციების სიმცირე წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ ქვეყანას, გააჩნია ათასობით კილომეტრი საწყალოსნო ტრანსპორტის მიმოსვლისათვის და ქვეყნის 2/3-ში გადაადგილებისათვის ტრადიციულად ტრანსპორტირების ეს ტიპი გამოიყენებოდა. ქვეყანაში სერთიფიცირებული ყველა საჰაერო გადაყვანა აიკრძალა ევროკავშირის აეროპორტებიდან, ევროკომისიის მიერ უსაფრთხოების სტანდარტების დაუკმაყოფილებლობის გამო.

    ენერგია: ქვეყნაში მოიპოვება, როგორც ქვანახშირი, ასევე ნავთობი, რომელთა დიდი ნაწილი შიდა მოხმარებისთვის გამოიყენეს 2008 წელს. ქვეყანას აქვს ინფრასტრუქტურა ჰიდრო-ელექტრო ენერგიის წარმეობისათვის მდინარე კონგოზე, ინგას კაშხლები. ქვეყანა აფრიკის ტყეების დაახლეობით 50%-ს ფლობს. მდინარის სისტემები, რომლებზეც მთელს კონტინენტზე შესაძლებელია ჰიდრო-ელექტრო ენერგიის წარმოება, გაეროს მოხსენების თანახმად ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და შეუძლია ეკონომიკური ძალაუფლების როლის თამაში ცენტრალური აფრიკის რეგიონში.[8]

ტრანსნაციონალური საკითხები: საერთაშორისო დავები: დიდი ტბების მეთაურებმა და გაერომ 2004 წელს აიღეს ვადებულება ქვეყანას დახმარებოდნენ შეიარაღებული ძალების გაძლიერებაში ტომობრივ და მეამბოხე ძალათა შემცირების მიზნით. ბევრი ლტოლვილია ქვეყნის ეროვნულ პარკ „გარამბაში“ და საერთაშორისო ძალები ადგილობრივებთან ერთად ეძებენ მათ. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სამშვიდობო მოლაპარაკებები აქვს უგანდასთან და ცდილობს საზღვრის დადგენას ამ ქვეყანასთან. ძირითადი საკამათო საზღვარი ალბერტას ტბაში არსებული კუნძული ლუკვანზია და ჰიდროგრაფიული პოტენციალის მქონე მდინარე სემლიკი. ქვეყანას ზამბიასა და ანგოლასთანაც აქვს სასაზღვრო პრობლემები.

ლტოლვილები და იძულებით გადადგილებული პირები:  ლტოლვილები: ანგოლადან -71,815 ათასი, რუანდა 52,443; ბურუნდი 9,376; ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა – 29,000. იძულებით გადადგილებული პირების რაოდენობა 2,665,021 მილიონი ადამიანია, რომლებიც შედეგია 1990 წლიდან მოყოლებული სამთავრობო და მეამბოხე ძალებს შორის ბრძოლის შედეგია. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ პროვინციებში იმყოფებიან.

ტრეფიკინგი: არსებული სიტუაცია: კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენს ადამიანებით ვაჭრობის კარგ რესურსა და დესტინაციას. გაყიდული ადამიანები გამოიყენებიან ფიზიკური შრომისთვის და პროსტიტუციისათვის. ტრეფიკინგის დიდი ნაწილი შიდაა, რომელთა დიდი ნაწილი მზადდება უკანონო და ყოფილი სამთავრობო უკონტროლო ძალების მიერ, ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ არასტაბილურ რაიონებში. კონგოელ ქალებსა დაბავშვებს იძულებით იყენებენ პროსტიტუციისათვის, მოსამსახურეებად და სასოფლო საქმიანობისათვის ანგოლაში, სარ-ში, კონგოში, აგრეთვე აღმოსავლეთ აზიაში, შუა აღმოსავლეთსა და ევროპის ქვეყნებშიც კი. ქვეყნის მთავრობა მინიმუმ ძალისხმევასაც კი არ იჩენს ტრეფიკინგთან საბრძოლველად. მთავრობა არ აჩვენებს თუ როგორ ებრძვის და სჯის ამ სფეროში არსებულ დამნაშავეებს, თავისი სამხედრო პირების ჩათვლით. არც რაიმე წინსვლა შეიმჩნევა ტრეფიკინგისგან დასაცავად, ან დაზარალებულების დასახმარებლად (2010).

უკანონო ნარკოტიკები: ქვეყანა აფრიკაში კანაფის უდიდესი მწარმოებელია, მაგრამ ძირითადად საშინაო მოხმარებისათვის. მოვაჭრეებს სუსტი სასაზღვრო კონტროლის გამო სხვადასხვა ნივთიერებები დედაქალაქის გავლით გააქვთ. უკონტროლო საბანკო სისტემისა და კორუფციის გამო ქვეყნიდან ხდება ფულის გადინება (2008).[9]

 

შედარება

 

ქვეყანა კანადა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
დედაქალაქი ოტავა კინშასა
მოსახლეობა 34,6 მლნ 75,5 მლნ
სახელმწიფო ენა ინგლისური, ფრანგული ფრანგული
ფართობი 9,98 მლნ კმ2 2,34 მლნ კმ2
მმართველობის ფორმა საპარლამენტო, კონსტიტიცური მონარქია ნახევრად საპრეზიდენტო
ტერიტორიული მოწყობა ფედერაცია უნიტარული
რელიგია კათოლიკე 42,6%; პროტესტანტი 23,3% კათოლიკე 50%, პროტესტანტი 20%
მშპ 1,446 ტრილიონი 27,53 მილიარდი
ურბანიზაცია 81% 35%
სიცოცხლის ხანგრძლივობა 81,5 წელი 56 წელი

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის [10] მიხედვით კანადა მეექვსე ადგილზეა (2013), ინდექსში შედის ისეთი კრიტერიუმები, როგორებიცაა:

  • ბიზნესისთავისუფლება
  • ვაჭრობის თავისუფლება
  • საგადასახადო თავისუფლება
  • მთავრობის ჩაურევლობა ეკონომიკაში
  • ფინანსური თავისუფლება
  • საკუთრების უფლებების დაცვა
  • კორუფციისგან თავისუფლება
  • შრომითი ურთიერთობების თავისუფლება
  • საინვესტიციო თავისუფლება
  • მონეტარული თავისუფლება
5 შვეიცარია 81.0 -0.1 170 ეკვატორული გვინეა 42.3 -0.5
6 კანადა 79.4 -0.5 171 კონგოს დ. რ. 39.6 -1.5
7 ჩილე 79.0 0.7 172 ბირმა 39.2 +0.5

რაც შეეხება არშემდგარ სახელმწიფოთა ინდექსს,[11] 2012 წელს კანადა ამ რეიტინგში 169 ადგილზეა, ხოლო კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა 2 აგილს იკავებს.

სომალი 114,9 ავსტრია 27,5
კონგოს დ. რ. 111,2 კანადა 26,8
სუდანი 109,4 ირლანდია 26,5

ამ ინდექსის კირტერიუმები შემდეგნაირად განისაზღვრება:

  • მოსახლეობის სიმჭიდროვე და არსებული დაპირისპირები ეთნიკურ ჯგუფებს შორის)
  • ემიგრაციის დონე
  • ეკონომიკური უთანაბრობის დონე
  • ეკონომიკური ვითარება
  • სახელმწიფოს კრიმინალიზაციის მასშტაბები
  • უთანხმოება ძალოვან სტრუქტურებსა და პოლიტიკურ ელიტებში
  • დევნილთა გადაადგილება ქვეყნის შიგნით
  • რევანშისტული განწყობების ზრდის მასშტაბები
  • სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული მომსახურების მოცულობა

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის კრიტერიუმებია:

  • ინსტიტუტების ხარისხი
  • ინფრასტრუქტურა
  • მაკროეკონომიკური გარემო
  • ჯანმრთელობა და დაწყებითი განათლება
  • უმაღლესი განათლება და პროფესიული მომზადება
  • საქონლისა და მომსახურების ბაზრის ეფექტიანობა
  • შრომის ბაზრის ეფექტიანობა
  • ფინანსური ბაზრის განვითარების დონე
  • ტექნოლოგიური განვითარების დონე
  • ადგილობრივი ბაზრის მასშტაბები
  • კომპანიების კონკურენტუნარიანობა
  • ინოვაციური პოტენციალი

2012-2013 წლის მონაცემებით კანადა მე-14-ე ადგილზეა.

გეოეკონომიკურ-გეოპოლიტიკური გავლენები

 როგორც ვნახეთ ბირთვულ და პერიფერიულ სახელმწიფოებს შორის ბევრი არსებითი განსხვავებაა. საინტერესოა იმ ფაქტორების გამოვლინება რამაც ამ ქვეყნების განვითარება ისტირიულად დღემდე ასე წარმართა. ორივე სახელმწიფო გამოირჩევა თავისი ბუნებრივი რესურსებით, ისტორიულ-კულტურული და ლანდშაფტური სფეციფიკით. ბევრი საერთო მახასიათებელიც შეიძლება მოვნახოთ, მაგალითად კოლონიური წარსული. თუმცა მათ განვითარებას და დღევანდელ გეოპოლიტიკურ თუ გეოეკონომიკურ მდგომარეობას, განაპირობებს ერთის მხრივ ისეთი შიდა ფაქტორები, როგორებიცაა, განათლება, ეკონომიკური მდგომარეობა, დემოკრატია, ეთნიკური-კულტურული ფაქტორი და ა.შ, ხოლო მეორეს მხრივ ქვეყნის სამეზობლო წრე, საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის ხარისხი. ქვეყნის ეკონომიკური ღიაობა და კავშირები სხვა ქვეყნებთან და ა.შ.

სამწუხაროდ კანადისგან განსხვავებით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვერ იყენებს სათანადოდ თავის რესურსებს და დიდწილად საზღვარგარეთის მოწყალებაზეა დამოკიდებული. მისი მეზობლებიც არ არიან მაღალგანვითარებული ქვეყნები და გარკვეულ საკითხებშიც კი კონფლიქტში მოდიან კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. ქვეყანას ზღვაზე მცირე გასასვლელი აქვს, მაგრამ არსებულსაც ვერ იყენებს, რადგან კვლავინდებურად ფარული ზოგიერთ შემთხვევაში კი აშკარა კრიზისი და ქაოსი ბატონობს კონგოს დ.რ.-ში, ამას ადასტურებს საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემები და ქვეყანაში არსებული უკონტროლო სიტუაცია ტრეფიკინგის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, მინერალური რესურსებისა და შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კონფლიკტების გარშემო. მოიკოჭლებენ სამთავრობო ინსტიტუტები, დიდი ალბათობაა კვლავინდებურად კორუფციის არსებობისა, ამ და სხვა მიზეზების გამო ქვეყანა არშემდგარ სახელმწიფოთა რიგს მიეკუთვნება. სამწუხაროა რადგან ამ ყველაფრით ყველაზე მეტად ქვეყნის მაცხოვრებლები ზარალდებიან. შესაბამისად ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა მთლიანად მისი რესურსების გარშემოა კონცენტრირებული, იგი ვერ ასრულებს მნისვნელოვანი აქტორის როლს რეგიონში.

     გეოეკონომიკური სისუსტე თავლშისაცემია, გამომდიანრე იქიდან რომ ქვეყნის ეკონომიკას თითქმის მთლიანად უცხოური ძალები დაეპატრონენ. მზარდია ჩინეთის როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ეკონომიკური პოლუსის როლიც. სამწუხაროა, რომ ამხელა ქვეყანა უსამართლო ქაოსმა მოიცვა. ვითარების გამოსასწორებლად საერთაშორისო ძალების როლის გაზრდაა ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გაზრდისათვის და შემდგარ სახელმწიფოდ გადაქცევისათვის დახმარება, რაც შიდა საქმეებში ჩარევასაც გულისხმობს. ქვეყანამ უნდა შეძლოს იმ ეტაპამდე გაძლიერება, რომ მოქალაქეებმა თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, ანუ სახელმწიფო გადაიქცეს ხალხისს სახელმწიფოდ და არა პირიქით. ამის შემდგომ კონგოს დ. რ. უკვე შეძლებს რეფორმების სახით უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმას და გადაიქცევა მნიშვნელოვან მოქმედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ აქტორად რეგიონალურ დონეზე მაინც. ამ ქვეყანაში მომხდარი ტრაგიკული მოვლენები არ არის მხოლოდ ქვეყნისათვის მიყენებული დარტყმა, ეს მთელი აფრიკის ტკივილია და განვითარებული სამყაროს სირცხვილი, რადგან ადამიანები თითქმის არაფრის გამო იღუპებიან, ნადგურდება მსოფლიოსათვის უმნიშვნელოვანესი ბიომრავალფეროვნებაც.

 რაც შეეხება კანადას მას  ძალზედ კარგი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდგომარეობა გააჩნია, რაც მოწომობს მის ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოდ ყოფნაზე. ქვეყანა წევრია თითქმის ყველა წამყვანი საერთაშორისო თუ რეგიონალური ორგანზიაციისა, რაც მთავარია NAFTA, ნატო და ერთა თანამეგობრობა. მას ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ყავს პარტნიორებად. მისი ეკონომიკა მჭიდრო კავშირშია აშშ-ს ეკონომიკასთან და ამ ორ ქვეყანას ბევრი საერთო ინტერესი გააჩნია. ამიტომ კანადის გავლენა და მისი გეოეკონომიკური სტრატეგიები მნიშვნელოვანია საერთაშორისო ასპარეზზე.  ასეთი ქვეყნების დახმარებას საჭიროებენ კონგოს  დემოკრატიული რესპუბლიკის მსგავსი ქვეყენები, რადგან საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება. ამიტომ განვითარებულმა სახელმწიფოებმა სუსტი ქვეყნები მხოლოდ თავიანთ გეოპოლიტიკურ ან გეოეკონომიკურ ინტერესებს არ უნდა მოარგონ, რადგან ამითი თვითონაც დაზარალდებიან. მათ სამართლიანი, დემოკრატიული, ჰუმანური გზებით უნდა დააყენონ ფეხზე მძიმე ვითარებაში მყოფი ქვეყნები. თანამშრომლობით ყველა მხარე უფრო დიდ მოგებას ნახავს, ვიდრე თავისი გეოეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული დროებითი ეკონომიკური მოგებებით.

დასკვნა

     შევეცადე ჩემი თემის დასაწყისში დასმული ამოცანის შესრულებას და ბირთვი და პერიფერიული სახელმწიფოების როლისა და მათში არსებული ვითარების წარმოჩენას კანადისა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მაგალითზე. ჩემი მიზანი არ ყოფილა კონრეტულად რომელიმე ქვეყნის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემის განსჯა, უბრალოდ მსურდა არსებული რეალობის ობიექტურად წარმოჩენა და გამოკვეთილი პრობლემების გამოაშკარავება. სამწუხაროდ გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, რომლებიც გარემოსა და ბიომრავალფეროვნებას ანადგურებს და დღეს აღიარებულ მსოფლიოს მდგრადი განვითარების მნიშვნელობას ძირს უთხრის. უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე, რომელიც როგორც თემაში დავრწმუნდით ხშირად კერძო, უაზრო, ბოროტულ ინტერესებს ეწირება. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროში პოსტბიპოლარული სიტუაციაა, მაინც რჩება ორი პოლუსი, ესენია სიკეთისა და ბოროტების. ბოროტების შედეგები ნათლად დავინახეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის „აფრიკის მსოფლიო ომისა“ და ტრეფიკინგის მაგალითზე.

    არც ერთი სახელმწიფოს გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ინტერესებს არ უნდა ეწირებოდნენ სხვა სახელმწიფოები და რაც მთავარია ადამიანები. დღეს დედამიწის მდგრად განვითარებაში ხედავს მომავლის არსს. ამისათვის კი ერთადერთი გამოსავალი თანამშრომლობაა მშვიდობისა და მომავალი თანაარსებობის მიზნით. ამაში კი წამყვანი როლი შეგნებულმა ადამიანებმა და განვითარებულმა ქვეყნებმა უნდა ითამაშონ. მშვიდობა და ჰუმანიზმი მსოფლიოს!

 

ავტორი: დავით სიდამონიძე

 

[1] გიორგი კვინიკაძე, „გეოეკონომიკის საფუძვლები“, მეორე გამოცემა 2013წ.

[2] http://en.wikipedia.org/wiki/Immanuel_Wallerstein

[3] http://en.wikipedia.org/wiki/Canada

[4] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ca.html

[5] http://en.wikipedia.org/wiki/Canada

[6] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ca.html

[7] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/cg.html

[8] http://en.wikipedia.org/wiki/Democratic_Republic_of_the_Congo#Economy_and_infrastructure

[9] https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/cg.html

[10] http://www.heritage.org/index/

[11] http://ffp.statesindex.org/rankings-2012-sortable

 

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *