აზერბაიჯანის ეკონომიკა

აზერბაიჯანის ეკონომიკა
აზერბაიჯანის ეკონომიკა

ქვეყნის დახასიათება

       აზერბაიჯანი,ოფიციალურად აზერბაიჯანის რესპუბლიკა,სამხრეთ კავკასიის უდიდესი ქვეყანა,მდებარეობს ამ რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და ემიჯნება კასპიის ზღვას. მისი საშუალებით,დაკავშირებულია თურქმენეთთან,ყაზახეთთან და ირანთან. ხმელეთზე ესაზღვრება საქართველოს,რუსეთის ფედერაციას,ირანს,სომხეთს და მასში შემავალი ნახიჩევანის რესპუბლიკის უკიდურეს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში – თურქეთს.აზერბაიჯანის გეოგრაფიული მდებარეობის დადებითი ნიშნები კარგად მჟღავნდება მისი ნავთობისა და გაზის საბადოების ექსპლუატაცია-გასაღებასა და ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ამოქმედებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანის ფართობი 86.6 ათასი კმ2-ია (ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის და მთიანი ყარაბაღის ჩათვლით) და ამ მაჩვენებლით ქვეყანა 113-ეა მსოფლიო მასშტაბით.ქვეყნის დედაქალაქი და ამავე დროს,უდიდესი ქალაქია ბაქო.  აზერბაიჯანის ტერიტორიის დიდი ნაწილი ძველად ცნობილი იყო ალბანეთის,მოგვიანებით კი,არანის სახელით,რომელიც სხვადასხვა დროს არაბების,თურქ-სელჩუკების,სპარსელებისა და სხვათა სამფლობელოს წარმოადგენდა.XVIII საუკუნეში,ირანის დასუსტების შემდეგ,იგი სახანოებად (ყარაბაღის,შაქის,შირვანის,ბაქოს,განჯის,ნახიჩევანის და სხვა) ჩამოყალიბდა, XIX საუკუნეში კი, რუსეთ-ირანის ომების შემდეგ, ბაქოს, ელიზავეტპოლის (განჯის) და ერევნის (ნახიჩევანის მაზრა) გუბერნიების სახით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.1918 წელს შეიქმნა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა,1920 წელს კი ქვეყანაში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება,რომელმაც 1991 წლის 28 აგვისტომდე,სახელმწიფო დეკლარაციის მიღების დღემდე იარსება.

         რაც შეეხება აზერბაიჯანის ბუნებრივ პირობებსა და რესურსებს,რელიეფი საკმაოდ მრავალფეროვანია.მნიშვნელოვანი ნაწილი კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ქედებს,აგრეთვე თალიშის მთებს უჭირავს.ქვეყნის უმაღლესი მწვერვალია ბაზარდუზუ (4466 მ). სამხრეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებისგან განსხვავებით,აზერბაიჯანში ჭარბობს ვაკე ზედაპირები,რომელთაგან აღსანიშნავია მტკვარ-არაქსის დაბლობი.ქვეყნის შემადგენლობაშია შირვანის,მილის,ყარაბაღის,მუღანისა და სალიანის ვაკეები. თალიშის მთების გასწვრივ კასპიის ზღვის სანაპირომდე გადაჭიმულია ლენქორანის დაბლობი. ქვეყნის ჰავა,ძირითადად,სუბტროპიკულია.იანვრის საშუალო ტემპერატურა დაბლობში 00-დან -30C-მდეა,მთაში -100-მდე.ივლისის საშუალო ტემპერატურა კი შესაბამისად 250-დან 50-მდე.წლიური ნალექები მერყეობს 200 მმ-დან (ვაკეებსა და მთისწინეთში) 1400 მმ-მდე (მთებსა და ლენქორანის დაბლობზე). შიდა წყლებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას,რომ ქვეყანა მცირეწყლიანია.თუმცა მთაში ბევრი პატარა მდინარე და მინერალური წყაროა.ტერიტორიას 900 კმ-ზე მეტ მანძილზე კვეთს უდიდესი მდინარე მტკვარი.სიგრძით მეორეა მისი მარჯვენა შენაკადი მდინარე არაზი (არექსი).მტკვრის რეგულირება მინგეჩურის წყალსაცავით ხდება (ფართობი 605 კმ2),რომელიც 1953-59 წლებში წარმოქმნა მინგეჩაურის კაშხალმა.მდინარე გამოიყენება მორწყვისა და მის ქვემო წელში წყალდიდობათა ლიკვიდაციის მიზნით,ასევე გამოიყენება 500 კმ-ზე სანაოსნოდ.

    სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვეყნის მთავარი სიმდიდრე-მაღალხარისხოვანი ნავთობი,რომლის საბადოები განლაგებულია აფშერონის ნახევარკუნძულზე,მტკვარ-არაქსის დაბლობის ზღვისპირა და ცენტრალურ ნაწილში და კასპიის ზღვის აკვატორიაში.ასევე აღსანიშნავია ბუნებრივი გაზი (უდიდესია ყარაბაღის საბადო).ბოლო პერიოდში,კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში ნავთობისა და გაზის 25 საბადო აღმოაჩინეს. ქვეყანაში არის რკინის მადნის (დსშქესანი),ალუმინის,ქვამარილის (ნახიჩევანი),მოლიბდენის,ქრომიტის,საშენი მასალების მნიშვნელოვანი მარაგი.ნეფტეჩალისა და აფშერონის ნაბურღი წყალი შეიცავს იოდისა და ბრომის სამრეწველო მარაგს.ასევე მნიშვნელოვანია სამკურნალო ტალახები და სამკურნალო ნავთობი,რომლის ბაზაზეც შეიქმნა კურორტი ნაფტალანი.

   აზერბაიჯანი განვითარებადი დემოკრატიული საპრეზიდეტო მმართველობის რესპუბლიკაა,რომელიც 66 ადმინისტრაციულ რაიონად არის დაყოფილი.ტერიტორიულად იზოლირებულია ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკა.ქვეყნის სათავეში 5 წლის ვადით არჩეული პრეზიდენტი დგას.მთავრობის უმაღლეს ორგანოს მინისტრთა კაბინეტი წარმოადგენს,რომელსაც პრემიერ-მინისტრი მეთაურობს.საკანონმდებლო ხელისუფლება – პარამენტი (მილიმეჯლისი) 125 დეპუტატისგან შედგება. 2003 წლის 31 ოქტომბრიდან აზერბაიჯანის პრეზიდენტია ილჰამ ალიევი.აზერბაიჯანს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს 158 ქვეყანასთან და გაწევრიანებულია 38 საერთაშორისო ორგანიზაციაში.ის არის სუამი-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი.1993 წლიდან არის დსთ-ს წევრი.

    რაც შეეხება მოსახლეობას,მისი რიცხოვნობისა და ბუნებრივი მატების მიხედვით,აზერბაიჯანი პირველი ქვეყანაა სამხრეთ კავკასიაში. 2011 წლის მონაცემებით,ქვეყნის მოსახლეობა 9.164.600-ია და ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი 89-ე ადგილზეა მსოფლიოში,ხოლო სიმჭიდროვე 105.8 კაცია კმ2-ზე (104-ე).ქვეყნის ეროვნულ სტრუქტურაში აზერბაიჯანული მოსახლეობა დომინირებს (91.6%).სხვა ეროვნული უმცირესობებიდან აღსანიშნავია ლეზგები (2.02%),სომხები (1.35%),რუსები (1.34%) და თალიშები (1.26%). ასევე ცხოვრობენ უკრაინელები,ებრაელები,თათრები,ავარები,თურქები,ქურთები და ქართველები,რომლებიც კახის,ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში კომპაქტურად არიან დასახლებული. აზერბაიჯანში მოსახლეობის დინამიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია მიგრაციულმა პროცესებმა და სამხედრო კონფლიქტმა მეზობელ სომხეთთან.

    აზერბაიჯანის სახელმწიფო ენა აზერბაიჯანულია და მასზე მოსახლეობის 90% საუბრობს.1929 წლამდე ქვეყანაში არაბული ანბანი გამოიყენებოდა,შემდეგ კი ლათინური.1939 წელს რუსული გრაფიკა შემოიღს,რომელმაც 1992 წლამდე იარსება.დღეს ისევ ლათინური დამწერლობა გამოიყენება.

აზერბაიჯანის მოსახლეობის დაახლოებით 95% მუსლიმია.აქედან,85%  შიიტია,15% კი სუნიტი.უნდა აღინიშნოს,რომ აზერბაიჯანი სეკულარული სახელმწიფოა და რელიგიის თავისუფლებას აღიარებს. აქ ცხოვრობენ მართლმადიდებლები,კათოლიკეები,ლუთერანები,ბაპტისტები,ებრაელები,კრიშნაიდები და იეჰოვას მოწმეები.

ეკონომიკა

 

        როგორც ვიცით,აზერბაიჯანი ინდუსტრიულ-აგრარული სახელმწიფოა,მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსებითა და სამრეწველო პოტენციალით.XIX საუკუნეში კაპიტალიზმამდელი ნახევრად მომთაბარე სოფლის მეურნეობის ფონზე,ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას საფუძველი ჩაუყარა მსხვილმა ნავთობის მრეწველობამ.აფშერონის ნახევარკუნძული მაშინ მსოფლიო ნავთობის ¼-ს იძლეოდა.აზერბაიჯანი ინდუსტრიულ-აგრარულ სახელმწიფოდ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩამოყალიბდა,სადაც წამყვან როლს თამაშობდა სათბობ-ენერგეტიკულ ბაზაზე აღმოცენებული სამრეწველო დარგები: მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, ნავთობქიმია, მსუბუქი და აგროსამრეწველო კომპლექსი. ამ პერიოდში,სამრეწველო თვალსაზრისით,აზერბაიჯანი ყოველთვის უფრო მეტად განვითარებული იყო,ვიდრე მისი მეზობელი სომხეთი და საქართველო.თუმცა,პრობლემას წარმოადგენდა ის,რომ ინვესტირება ძირითადად,მხოლოდ ნავთობის სფეროში ხდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,ეკონომიკური სისტემის მოშლამ და დაძაბულმა პოლიტიკურმა და სამხედრო ვითარებამ,ქვეყნის ეკონომიკას მრავალი სირთულე შეუქმნა. თუმცა,დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ,ქვეყანა დაადგა განვითარების საბაზრო ეკონომიკის გზას, მთლიანად შეიცვალა საკუთრების ფორმები, წინა პლანზე წამოიწია კერძო სექტორი, ქვეყანა გათავისუფლდა ე.წ გეგმიური ეკონომიკის მარწუხებისაგან. თანდათანობით შეიცვალა მისი სპეციალიზაციაც. აზერბაიჯანის მთავრობამ არაერთ სფეროში წამოიწყო მარეგულირებელი რეფორმების გატარება,მათ შორის,სავაჭრო პოლიტიკის უფრო მეტად გახსნილობასთან დაკავშირებით,თუმცა არაეფექტურმა სახელმწიფო მართვამ,რომელშიც კომერციული და მარეგულირებელი ინტერესები ერთმანეთში იყო არეული,შეზღუდა რეფორმების მოქმედება.მთავრობამ მნიშვნელოვანწილად დაასრულა სასოფლო-სამეურნეო მიწების,ასევე,პატარა და საშუალო ზომის საწარმოების პრივატიზაცია.2000 წლის აგვისტოში კი წამოიწყო პრივატიზაციის მეორე ეტაპი,რომელიც ბევრი დიდი სახელმწიფო საწარმოს პრივატიზაციას ისახავდა მიზნად.2001 წლიდან ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობას ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არეგულირებს.   რაც შეეხება,ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, აზერბაიჯანის საშუალო წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი  41.7%-მდე გაიზარდა 2007 წლის პირველ მეოთხედში,რაც მსოფლიოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო,თუმცა 2008 წელს 10.8%-მდე,ხოლო 2009 წელს 9.3%-მდე დაეცა.2011 წლის მონაცემებით,აზერბაიჯანის საშუალო წლიური მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი 0.1%-ია და ამ მაჩვენებლით ქვეყანა 196-ე ადგილზეა მსოფლიოში.ამავე წლის მონაცემებით,ქვეყნის მთლიანმა შიდა პროდუქტმა 93.2 მლრდ დოლარი შეადგინა.მშპ-ს განაწილება სექტორების მიხედვით,ასახულია დიაგრამაზე:

სურ 1

სურ 1                                                       

სურ 2

სურ 2

აზერბაიჯანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის,მსოფლიო ბანკის,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის,ისლამური განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წევრი ქვეყანაა.2008 წელს მსოფლიო ბანკმა აზერბაიჯანი რეფორმატორი ქვეყნების ათეულში შეიყვანა.გარდა ამისა,მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის მიხედვით,2010-2011 წლებში აზერბაიჯანი 57-ე ადგილს იკავებდა  მზარდი კონკურენტუნარიანობის მხრივ და ამ მაჩვენებლით უსწრებდა დსთ-ს ქვეყნებს.

        ქვეყნის შიდარესპუბლიკური ეკონომიკური ურთიერთობები ხასიათდება სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადანაწილებით ქალაქებსა და სოფლებს შორის და მათი მიწოდებით სამრეწველო საწარმოებისთვის,მოსახლეობისა და სხვა მომხმარებლებისთვის.ქალაქის მოსახლეობის საკვებით,ტანსაცმლითა და სამრეწველო ნედლეულით მოსამარაგებლად,სასოფლო-სამეურნეო და მოპოვებითი მრეწველობის პროდუქცია ქალაქებში იგზავნება,ხოლო იმ ადმინისტრაციულ რაიონებს,სადაც სოფლის მოსახლეობა დომინირებს,მიეწოდებათ სამრეწველო საქონელი და საკვები. იმპორტირებული პროდუქცია დიდ ქალაქებში,ძირითადად,ბაქოში იყრის თავს და აქედან ნაწილდება შესაბამის ადგილებში.შიდარესპუბლიკურ ეკონომიკურ ურთიერთობებში,იმპორტირებული პროდუქციის ტრანსპორტირებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

          რაც შეეხება საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს,მისი მოცულობა და სპექტრი განისაზღვრება აზერბაიჯანის პოზიციით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან

სურ 3

სურ 3

მიმართებაში.დღეისათვის აზერბაიჯანის სხვადასხვა ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს,კერძო კომპანიებს სავაჭრო ურთიერთობები აქვთ მსოფლიოს 82 ქვეყანასთან.უნდა აღინიშნოს,რომ ბოლო წლებში აზერბაიჯანის უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი შემცირდა.ასევე შემცირდა იმპორტი,სამაგიეროდ კი ექსპორტი გაიზარდა.ქვეყანა ექსპორტს ახორციელებს აშში,იტალიაში,საფრანგეთში,გერმანიაში,ჩეხეთში,რუსეთში.პროცენტული განაწილება იხილეთ დიაგრამაზე: (სურ. 2)

 

რაც შეეხება მთავარ იმპორტიორ ქვეყნებს,მათი პროცენტული განაწილებაც ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაზეა ნაჩვენები: (სურ. 3)
აზერბაიჯანის შრომითი რესურსები დაახლოებით  6.119 მილიონს უდრის და მისი 49.6% მომსახურების სფეროშია დასაქმებული,38.3% სოფლის მეურნეობაში,12.1% კი მრეწველობაში:(სურ. 4)

სურ 4

სურ 4

 

   ცალ-ცალკე განვიხილოთ ეკონომიკის თითოეული კომპონენტი:

მომსახურების სექტორი

   მომსახურების სექტორი აზერბაიჯანის ეკონომიკაში მოიცავს პროდუქციის გაყიდვასა და მიწოდებას,კერძო და საერთო მომსახურებას მოსახლეობისათვის.მასში გაერთიანებულია სხვადასხვა საქმიანობა,როგორიცაა ტრანსპორტირება,ფინანსები,ტელეკომუნიკაციები,საცალო და საბითუმო ვაჭრობა,ტურისტული მომსახურება,საჯარო ადმინისტრირება და სოციალური დაცვა (განათლება,ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება).   არსებული სტატისტიკა კარგად ასახავს მომსახურების სფეროს მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისათვის.შრომითი რესურსებიდან ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ სფეროშია დასაქმებული (49.6%). რაც შეეხება სფეროს განვითარებას,ამ მხრივ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნება.შენდება ახალი საავადმყოფოები,ჯანმრთელობის ცენტრები,სკოლები და სასტუმროები. განათლებისა და მეცნიერების განვითარება ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.ამასთან,აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი სამეცნიერო პოტენციალი გააჩნია.ბოლო პერიოდში იზრდება კერძო უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი.  მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ჯანდაცვის სფეროშიც.გაიხსნა ათობით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კერძო და საჯარო საავადმყოფო.მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ სახელმწიფო საავადმყოფოებში მკურნალობა უფასოა.

 მრეწველობა

  მრეწველობა აზერბაიჯანის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.მიუხედავად იმისა,რომ ქვეყანაში საკმარისი ბუნებრივი და კვალიფიციური შრომითი რესურსებია,ეს ყველაფერი ბოლომდე ეფექტურად მაინც არ არის გამოყენებული. ქვეყნის სამრეწველო არეალის ტერიტორიულ ორგანიზაციაში ბევრი სახესხვაობაა.სამრეწველო პროდუქციის 60% ქვეყანაში იწარმოება,ძირითადი პროდუქციის მარაგის 57% კი აბშერონის ეკონომიკურ რეგიონში მდებარეობს. ქვეყნის ეკონომიკური სექტორები,განსაკუთრებით,სამრეწველო საწარმოები,სხვადასხვა ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გავლენით,განსხვავებულ სამრეწველო კვანძებში მდებარეობს.ძირითად სამრეწველო ქსელს წარმოადგენს ბაქო-სუმგაითი,განჯა-დაშქესანი,შირვანი-სალიანი,მინგეჩაური-იევლახი,გეოკჩაი-ნახიჩევანი,ლენქორანი-შაკი და ხაჩმასი . აზერბაიჯანის მრეწველობის მთავარი დარგი სათბობ-ენერგეტიკული მრეწველობაა,რომელიც ნავთობისა და გაზის მოპოვებით და ელექტროენერგიის წარმოებითაა წარმოდგენილი.

 

ნავთობის მრეწველობა

  100 წელზე მეტია,რაც აზერბაიჯანში ნავთობი მოიპოვება და ამ მხრივ,საკმაოდ მდიდარი გამოცდილებაა დაგროვილი.ნავთობის პირველი საბადოები იყო: ბალახანი,საბუნჩუ,რამანა,სურახანი,ბიბი-ჰეიბატი,ბინაგადი და სხვა.მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში,აზერბაიჯანი საბჭოთა ნავთობის 75%-ს აწარმოებდა. 1949 წელს კასპიის ზღვაში გაჩნდა საბადო „ნავთობის კლდეები“, 70-იან წლებში კი მიემატა სანგაჩალი და დუვანი. 1998 წელს აზერბაიჯანში 11.4 მილიონი ტონა ნავთობი იქნა მოპოვებული. ნავთობის საბადოების მარაგის გამოლევის გამო ხმელეთზე და ნაწილობრივ კასპიის ზღვაშიც,მოპოვება მცირდება,მაგრამ ჭაბურღილების ტექნიკური აღჭურვილობის მოდერნიზაცია და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა „ამოწურული“ სიღრმისეული საბადოების დამუშავების საშუალებას იძლევა.ასევე გასათვალისწინებელია აზერბაიჯანული სექტორის შელფებში გამოვლენილი ნავთობისა და გაზის საბადოების სამრეწველო ექსპლუატაცია. სამრეწველო ჟრნალებისა და სამთავრობო წყაროების მიხედვით,დადასტურებულმა ნავთობის რეზერვმა 2004 წლისთვის 7-13 მილიარდი ბარელი შეადგინა.აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიამ (SOKAR) ოფშორული ზონების განვითარების მიზნით,არაერთი შეთანხმება გააფორმა მილსადენებთან დაკავშირებით.მაგალითად,კასპიის მილსადენის პროექტი,რომლის მეშვეობითაც,კასპიის ზღვიდან ნავთობი მიეწოდება რუსეთის შავი ზღვის პორტ ნოვოროსიისკის. აღსანიშნავია,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი,რომლის სიგრძეც 1768 კმ-ია და გიუნეშლის საბადოდან კასპიის ზღვის გავლით,ხმელთაშუა ზღვამდე გრძელდება.იგი ერთმანეთთან აკავშირებს ბაქოს,თბილისსა და ჯეიჰანს,ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე თურქეთის პორტს.ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადები სიგრძით მეორეა დრუჟბას ნავთობსადენის შემდეგ.მისი მშენებლობა 2003 წლის აპრილში დაიწყო და 2005 წელს დასრუკდა.პირველად ნავთობი ბაქოდან გაეშვა 2005 წლის 10 მაისს და ჯეიჰანში მიაღწია 2006 წლის 28 მაისს.

         მესამე მნიშვნელოვანი ნავთობსადენია ბაქო-სუფსა,რომლის მშენებლობისთვის მზადებაც 1994 წელს დაიწყო.1996 წლის 8 მარტლს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა და საქართველოს პრეზიდენტმა ედუარ შევარდნაძემ შეთანხმება დადეს ნავთობსადენის შექმნასთან დაკავშირებით.ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს მთავრობასა და SOKAR-ს შორის.მილსადენის მშენებლობა 1998 წელს დასრულდა.ნავთობსადენისა და ტერმინალის მშენებლობის საერთო ხარჯებმა 556 მილიონი დოლარი შეადგინა. 2006 წლის 21 ოქტომბერს შემოწმებისას გამოვლენილი დარვევების გამო ნავთობსადენი დაიხურა და მასშტაბული სარემონტო სამუშაოები განხორციელდა.ნავთობის მიწოდება კვლავ აღდგა 2008 წლის ივნისში.ამავე წლის 6 აგვისტოს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების გამო,ბაქო-სუფსის მილსადენი დამატებითი დატვირთვით მუშაობდა. 2011 წლის მონაცემებით,აზერბაიჯანი დღეში 987000 ბარელ ნედლ ნავთობს აწარმოებს.აქედან ექსპორტზე გააქვს 844.900 ბარელი.რაც შეეხება გაწმენდილ ნავთობს,მისი წარმოება 161.100 ბარელს შეადგენს დღეში და აქედან ექსპორტზე გადის 63.950 ბარელი.

გაზის მრეწველობა

 

        აზერბაიჯანში გაზის 90% კასპიის ზღვის ოფშორულ ზონაში მოიპოვება. უდიდესი სახმელეთო საბადოებია ყარადაღ-გობუსტანი და გურგან-ზირა.ხოლო კასპიის ზღვაში ბუნებრივი გაზის უდიდესი საბადოა შაჰ-დენიზი. 2012 წლის იანვრის მონაცემებით,ქვეყანაში გაზის მარაგი 849.5 მილიარდ მ3-ს შეადგენს.აზერბაიჯანში 16.68 მილიარდი მ3 გაზის წარმოება ხდება და აქედან ექსპორტზე გადის 6.755 მილიარდი მ3. ბოლო წლებში,განსაკუთრებით მას შემდეგ,რაც ქვეყანაში ნავთობის მარაგი შემცირდა,გაზის წარმოება უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდა.აღსანიშნავია,რომ უკრაინა და ირანი დაინტერესებული არიან,ბუნებრივი აირი აზერბაიჯანის გავლით მიეწოდოს აღმოსავლეთ ევროპას.

ელექტროენერგიის წარმოება

    აზერბაიჯანი ელექტროენერგიის წარმოების მხრივ,საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა.მთლიანად ქვეყნის ელექტროსადგურების სიმძლავრე 5.798 მილიონი კილოვატია.2009 წლის მონაცემებით,ქვეყანაში 17.85 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგია იწარმოება.ელექტროენერგიის 80% თბოელექტროსადგურების,ხოლო 20 % ჰიდროელექტროსადგურების მიერ იწარმოება.წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 3300 კილოვატი ელექტროენერგია წარმოებს. პირველი თბოელექტროსადგული ბაქოში აშენდა,ამას მოჰყვა 2 სადგული მშენებლობა სუმგაითში,მოგვიანებით კი,განჯასა და მინგეჩაურში. როგორც უკვე აღვნიშნე,გარდა თბოელექტროსადგურებისა,ქვეყანაში ჰიდროელექტროსადგურებიც ფუნქციონირებს.პირველი ჰესი გადაბეის რაიონში აშენდა.კასკადური ჰესი აშენდა მდინარე მტკვარზეც,მაგრამ ყველაზე მძლავრი ჰიდროელექტროსადგური (360000 კვტ) მინგეჩაურში მდებარეობს. აზერბაიჯანის ელექტროენერგიის ქსელი დაკავშირებულია რუსეთთან,საქართველოსთან,ირანთან და თურქეთთან.2009 წლის მონაცემებით,აზერბაიჯანი 380  მლნ კილოვატი ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს.

მანქანათმშენებლობა

 

   მიუხედავად იმისა,რომ მოთხოვნა არსებობდა მანქანათმშენებლობის ბევრ პროდუქციაზე,ბოლო წლებამდე აზერბაიჯანში თანამედროვე ინჟინერიის ბევრი სფერო ვერ განვითარდა. აზერბაიჯანის მანქანათმშენებლობა ძირითადად სპეციალიზებულია ნავთობისა და გაზის მრეწველობის მოწყობილობებზე.ამ მხრივ,ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა „ბაშნეფლკიმაშ იუნიონი“,რომელსაც თავისი პროდუქცია 40 ქვეყანაში გააქვს ექსპორტზე.ბოლო პერიოდში ნავთობის მრეწველობისთვის საჭირო მოწყობილობების გარდა განვითარდა ელექტროტექნიკის წარმოება.ბაქოში იწარმოება კონდიციონერები,მაცივრები,ტელევიზორები.აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილებისა და გემთმშენებელი ქარხნებიც ფუნქციონირებს.

 

ქიმიური მრეწველობა

        საწვავისა და ელექტროენერგიის წარმოების შემდეგ,აზერბაიჯანში 3-ე ადგილზეა ქიმიური მრეწველობა.პირველი ქიმიური ქარხანა ქვეყანაში 1879 წელს შენდა.აზერბაიჯანის უდიდეს ქიმიურ ცენტს სუმგაითი წარმოადგენს.აქ ხდება სითეტიკური კაუჩუკის,მანქანის საბურავების,ხელოვნური ბოჭკოს,მინერალური სასუქების,სოდის,ქლორის,საპნის,პლასტმასისა და სხვადასხვა მედიკამენტების წარმოება. ბაქო-სუმგაითის სამრეწველო კვანძში ხელსაყრელი პირობები არსებობს ნავთობქიმიური მრეწველობის განსავითარებლად. ქვეყნის უდიდესი ქიმიური ქარხნებია: „სუპერფოსფატი“,“საყოფაცხოვრებო ქიმია“,“ორგანული სინთეზი“,“პლასტმასი“ და სხვა.თუმცა,უნდა აღინიშნოს,რომ ეს ქარხნები გარემოს ძალიან აბინძურებენ.მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია,თუკი ქარხნების თანამედროვე აპარატებით აღჭურვა მოხდება და დამონტაჟდება გამწმენდი ტექნიკა.

მეტალურგია

        აზერბაიჯანის შავი მეტალურგია მოიცავს რკინის მადნის მოპოვებასა და დამუშავებას,რკინისა და ფოლადის გამოდნობას.შავი მეტალურგიის უმსხვილესი ცენტრებია სუმგაითი,ბაქო და დაშქესანი. დაშქესანში რკინის საბადოსთან ახლოს ფუნქციონირებს რკინის მადნის გამწმენდი ქარხანა,საიდანაც მადანი ეგზავნება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას,რადგან აზერბაიჯანში არ მოიპოვება კოქსის ქვანახიშირი,რომელიც რკინის გამოსადნობად არის საჭირო.მადანი ასევე იგზავნება სუმგაითის მილსაგლინავ ქარხანაში.თავად მილსაგლინავი წარმოების შექმნა ნავთობისა და გაზის მრეწველობის განვითარებასთან არის დაკავშირებული.

  რაც შეეხება ფერად მეტალურგიას,ქვეყანაში არსებული მოლიბდენის,ვერცხლისწყლისა და პოლიმეტალების საბადოები იძლევა მისი განვითარების საშუალებას.ამ მხრივ აღსანიშნავია სუმგაითისა და განჯის ალუმინის ქარხნები,ფერადი ლითონების გადამამუშავებელი ქარხანა ბაქოსა და განჯაში,სუმგაითის ალუმინის მილების მწარმოებელი ქარხანა.

აზერბაიჯანში მეტალურგიის განვითარებისთვის შემდეგი შესაძლებლობები აქვს:

  • მრავალფეროვანი სანედლეულო ბაზის ხელმისაწვდომობა
  • ადგილობრივი ენერგორესურსების ხელმისაწვდომობა
  • სამრეწველო და სამშენებლო სექტორებში მეტალზე მოთხოვნილების არსებობა
  • გამოცდილი პერსონალი და შრომითი რესურსები
  • არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საფუძველზე ახალი სფეროების შექმნის შესაძლებლობა

მიუხედავად ამ ყველაფრისა,აზერბაიჯანის შავი და ფერადი მეტალურგია არასახარბიელო მდგომარეობაშია,რაც გამოწვეულია იმით,რომ მათი პროდუქციის თვითღირებულება 2-3-ჯერ აღემატება მსოფლიო ფასებს.

ხე-ტყის მრეწველობა და ავეჯის წარმოება

    ხე-ტყის მრეწველობა ორ ნაწილად იყოფა:მექანიკური დამუშავება და ქიმიური დამუშავება. აზერბაიჯანში ხის მექანიკური დამუშავება ხდება და განვითარებულია ავეჯის წარმოება,თუმცა საჭირო ნედლეული რუსეთიდან შემოდის,რადგან აზერბაიჯანი ტყის მარაგით არ გამოირჩევა.ავეჯის ქარხნები სამომხმარებლო ტერიტორიებზეა განლაგებული.ძირითადად,ისეთ დიდ ქალაქებში,როგორიცაა:ბაქო,განჯა,სუმგაითი და ნახიჩევანი.

 

სამშენებლო მასალების წარმოება

აღნიშნული დარგი აზერბაიჯანში 3 მიმართულებით არის განვითარებული:

  • მინერალური სამშენებლო მასალები – ქვიშა,ხრეში,ქვა და მარმარილო
  • ქვის მასალები – ცემენტი,კირი და თაბაშირი
  • რკინა-ბეტონის სამშენებლო მასალები

    სამშენებლო მასალების წარმოება ყველაზე მეტად განვითარებულია აფშერონის ნახევარკუნძულზე.აქ ქვის,მინის,სამშენებლო ქვიშისა და კერამიკის დიდი მარაგია თავმოყრილი.გათლილი ქვის წარმოება ხდება გოძაკისა და შუვალანის კარიერებზე,ხოლო ყარადაღში ფუნქციონირებს ცემენტის ქარხანა. მეორე ადგილზეა განჯა-კაზახის ეკონომიკური რეგიონი. განჯაში მდებარეობს ბინათმშენებლობისა და სამრეწველო მშენებლობის ქარხნები,კაზახში – ცემენტის ქარხანა,ხოლო დაშქესანსა და ტოვუზში სხვადასხვა სამშენებლო ქარხნებია განლაგებული.მესამე ადგილზეა მინგეჩაური-შეკის რეგიონი,სადაც ცემენტის,აგურისა და თიხის წარმოება ხდება. მეოთხე ადგილზეა ყარაბაღის ეკონომიკური რეგიონი,სადაც ქვისა და რკინა-ბეტონის ქარხნებია განლაგებული. მეხუთე ადგილზე სამშენებლო მასალების წარმოების მხრივ არის ნახიჩევანი. აქ განვითარებულია მინის წარმოება.

მსუბუქი და კვების მრეწველობა

        აზერბაიჯანის მრეწველობაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი მსუბუქ და კვების მრეწველობას უჭირავს.წარმოებული საქონლის 80% საფეიქრო მრეწველობაზე მოდის.ქვეყანაში ძირითადად იწარმოება,ბამბა,მატყლი და აბრეშუმი. მატყლის წილი საფეიქრო მრეწველობაში 11%-ია.მას ძირითადად ხალიჩების მოსაქსოვად იყენებენ.  რაც შეეხება აბრეშუმს,ისევე როგორც მატყლი,ისიც ტრადიციულია აზერბაიჯანისთვის. ძირითად ნედლეულს ამ სფეროში აბრეშუმის ჭია წარმოადგენს.მეაბრეშუმეობის მხრივ გამოირჩევა შეკი,შამახი,ორდუბადი და ბასქალი. ქვეყანაში განვითარებულია ბამბის ტანსაცმლის წარმოება და ფუნქციონირებს ბამბის გადამამუშავებელი ქარხნები.ამ მხრივ გამორჩეულია განჯა და მინგეჩაური. ტანსაცმლის წარმოება ძირითადად დიდ ქალაქებშია განვითარებული.ბაქოსა და განჯაში ფეხსაცმლისა და ტყავის ქარხნებიც ფუნქციონირებს.   რაც შეეხება კვების მრეწველობას,იგი აზერბაიჯანის ინდუსტრიის 30%-ს იკავებს.ქვეყანაში განვითარებულია ღვინის წარმოება,ხილისა და ბოსტნეულის კონსერვირება,ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოება. ღვინის წარმოება კვების მრეწველობის ყველაზე მომგებიან სფეროდ ითვლება.ღვინის ჩამოსხმა ხდება ბაქოში,განჯაში,შამკირსა და ნახიჩევანში. საკონსერვო მრეწველობა ძირითადად იმ რეგიონებშია განლაგებული,სადაც ბოსტნეული მოჰყავთ და მებაღეობაა განვითარებული.ხილისა და ბოსტნეულის უმსხვილესი ქარხანაა ხასმასში.თუმცა,საკონსერვო ქარხნები ასევე მდებარეობს გუსარში,ხუდატში,ორდუბადსა და ლენქორანში. ზაქათალაში ფუნქციონირებს თხილის ქარხანა,ხოლო მაშტაგაში ზეთისხილის საკონსერვო ქარხანა. ხორცისა და რძის პროდუქტების მრეწველობა ძირითადად ქალაქის ირგვლივ არის განლაგებული.ხორცის ქარხნებია ბაქოში,განჯაში,შირვანსა და ნახიჩევანში. კასპიის ზღვისა და მდინარე მტკვრის ნაპირებზე განვითარებულია მეთევზეობა.მდინარე მტკვრის ნაპირზე მდებარეობს ბანკას უმსხვილესი თევზის ქარხანა.

 

სოფლის მეურნეობა

     სოფლის მეურნეობა აზერბაიჯანში განვითარებული დარგია.ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფართობი (შეადგენს მთელი ტერიტორიის ნახევარს) გაცილებით დიდია საქართველოსა და სომხეთთან შედარებით,მაგრამ მასი პროდუქტიულობა დიდწილად დამოკიდებულია მიწების მორწყვასა და საძოვრების გაწყლიანებაზე.მელიორაციას მოითხოვს აგრეთვე მტკვარ-არაქსის დამლაშებული ნიადაგები.აზერბაიჯანის ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე,შესაძლებელია წელიწადში მოსავლის ორჯერ აღება.სოფლის მეურნეობის 61% უჭირავს მიწათმოქმედებას,39% კი მესაქონლეობას. მემარცვლეობა აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია.მოყვანილი მარცვლეულის 20% აკმაყოფილებს ქვეყნის მოტხოვნილებას,დანარჩენი კი საექსპორტოდ გადის.საშუალო მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე 17 ცენტნერს შეადგენს.მემარცვლეობა ორ ნაწილად იყოფა: მორწყულად და მოურწყავად. მოურწყავი ხორბლის წარმოება ძირითადად მთიან რეგიონებში ხდება,მორწყულისა კი ბარში.მემარცვლეობით წამყვანი რეგიონებია: შეკი, შამახი,ჯალილაბადი,საბირადი და ბელაქანი.   მარცვლეულის შემდეგ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საკვები კულტურების მოყვანას.ეს სფერო ძირითადად მესაქონლეობაზეა ორიენტირებული და მოიცავს ქერის,სიმინდის,შაქრის ჭარხლისა და მზესუმზირის მოყვანას. ქერი მოჰყავთ შეკისა და ჯალილაბადში,სიმინდი – შეკიში,ზაქათალასა და შამახში,შაქრის ჭარხალი – ნახიჩევანში. აზერბაიჯანში ასევე მოჰყავთ ბამბა,რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია და ძირითადად,მტკვარ-არაქსის დაბლობზე იზრდება.

თამბაქო – შეკიში,ოღუზში,ზაქათალაში,ბელაქანსა და მთიან ყარაბაღში.

ჩაი (საქართველოს შემდეგ მეორე ადგილზეა კავკასიაში) – ლენქორანში,ასტალასა და ზაქათალას ნაწილში.

ინა – ნახიჩევანში,ზაქათალაში,კურდამირსა და სალიანში.

ბოსტნეული და ნესვი მოჰყავთ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.ბოსტნეულის მოყვანით გამოირჩევა გუბა-ხაშმაზისა და ლენქორანის რეგიონები.ხაშმაზში საგვიანო ბოსტნეული მოდის,ლენქორანში კი საადრეო.ნესვის მოყვანა ხდება საბირაბადში,კურდამირში,აფშერონის ნახევარკუნძულზე.

კარტოფილი მოჰყავთ აზერბაიჯანის დასავლეთ ნაწილში,ტოვუზში,დაშქესანსა და გუსარში.

  მევენახეობა აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მოწინავე დარგია,მაგრამ ამავე დროს ძალიან შრომატევადი.ყურძენი დარგულია როგორც მორწყულ (60%),ასევე მშრალ მიწებზეც (40%).გაშენებული ჯიშები (დაახლოებით 250) არის როგორც ტექნიკური (უმრავლესობა),ასევე სასუფრე და საქიშმიშე. ყურძნის წარმოებაში პირველი ადგილი უჭირავს განჯა-კაზახის რეგიონს,მეორე ადგილზეა მტკვარ-არაქსი,მესამეზე კი შამახი და ნახიჩევანი.

 აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სპეციალიზებული დარგია მებაღეობა.ვაშლი მოჰყავთ გუბა-კაშმაზისა და შეკი-ზაქათალას რეგიონებში,ასევე მთიან შირვანში.კაკალი,თხილი და წაბლი – შეკისა და ზაქათალაში,კურკოვანი(გარგარი,ატამი,ქლიავი)  და მშრალი სუბტროპიკული ხილი (ბროწეული,კომში) – მტკვარ-არაქსის დაბლობზე,ხოლო ციტრუსები – ლენქორანში.

   რაც შეეხება მეცხოველეობას,მისი პროდუქცია ადგილობრივად მოიხმარება და მთლიან მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს.

მესაქონლეობა,როგორც სახორცე,ასევე სარძევე,სოფლის მეურნეობაზეა დაფუძნებული. ადგილობრივ პირუტყვს უჭირავს ძირითადი ადგილი.პირუტყვი ქვეყნის ყველა რეგიონში ჰყავთ.შეკი-ზაქათალას რაიონში კამეჩების განაშენიანებაა განვითარებული.

მეცხვარეობა დამოკიდებულია ზამთარ-ზაფხულის საძოვრებსა და ბუნებრივ საკვებ ბაზაზე.მატყლი და ტყავი მსუბუქი მრეწველობისთვის საჭირო ნედლეულს წარმოადგენს.ცხვრის ძირითადი ჯიშებია: მთის მერინოსი,ყარაბაღი და გალა.

მეფრინველეობა ინდივიდუალურ მეურნეობებშია წარმოდგენილი ბაქოს,განჯისა და ნახიჩევანის განაპირა ტერიტორიებზე.

აბრეშუმის ჭიის მოშენება ხდება ბარისა და მთის იმ რეგიონებში,სადაც თუთის ხე ხარობს.

ქვეყანაში განვითარებულია მეფუტკრეობაც,ძირითადად მთისწინეთსა და მაღალმთიან რეგიონებში.

დასკვნა

    აზერბაიჯანის ეკონომიკის სექტორების დეტალური განხილვით გარკვეული სურათი შეიქმნა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.ვერ ვიტყვით,რომ აზერბაიჯანის ეკონომიკის ყველა სფერო ერთნაირი წარმატებით ვითარდება,თუმცა ქვეყანას ნამდვილად აქვს პოტენციალი,მთელი რიგი დარგების განვითარებისა,რაც რა თქმა უნდა,დადებით ასახვას ჰპოვებს არაერთ ასპექტში.

მიუხედავად ფინანსური ჩავარდნებისა და ინფლაციისა,რომელმაც 2008 წლიდან ქვეყნის მშპ-ს დიდი პროცენტით კლება გამოიწვია,ბოლო ერთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკაში მთლიანად განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მოცულობა 36.8%-ით გაიზარდა.2012 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 4.7 მილიარდი დოლარის უცხოური კაპიტალი ჩაიდო.

ამ პერიოდში უშუალოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 26.9%-ით არის გაზრდილი და 2.2 მილიარდ დოლარს შეადგენს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 85.5% ქვეყნის ყველაზე მიმზიდველ,ნავთობისა და გაზის სექტორში გახორციელდა.

 იმედი მაქვს,აზერბაიჯანის ეკონომიკის სხვა სექტორებშიც ასევე წარმატებით მოხდება ინვესტირება და ეკონომიკას უფრო მეტად განვითარების საშუალება მიეცემა. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს მეზობელ ქვეყანას.

ავტორი: ანნა ივანიშვილი 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მსოფლიოს სოციალურ–ეკონომიკური გეოგრაფია/ ვ. ნეიძე, ნ. კეკელია, მ. ბოკერია, ნ. გოგინაშვილი, ზ. დავითაშვილი/2004წ
  2. საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფია/ ა.გ არტემიევა, ვ.პ. მაქსაკოვსკი
  3. საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია/გეოგრაფია

www.cia.gov

www.wikipedia.com

www.nationsencyclopedia.com

www.azerbaijans.com

www.nplg.gov.ge

www.azembassy.org.uk

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *